გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/1920-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
6.03.2019 წ ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი: თამარ კობაიძე
მოსარჩელე ლ--–- ჭ-----–--ე
წარმომადგენელი ბელა ბერაძე
მოპასუხეები 1. ა----- მ--------ი
წარმომადგენელი ანდრონიკ სარიბეკოვი
2.ფ------ ჭ-----–--ე
მესამე პირი ა----- ი-----–---ი
დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე
წარმომადგენელი ანდრონიკ სარიბეკოვი
დავის საგანი ყადაღისაგან მოძრავი ნივთების გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ყადაღისაგან გათავისუფლდეს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 19 თებერვალს შედგენილ დაყადაღების აქტში მითითებული ნივთები ორ განყოფილებიანი მაცივარი ,,SAMSUNG’’ -ის ფირმის; ორ განყოფილებიანი მაცივარი ,,INDEZIT’’-ის ფირმის; ფერადი ტელევიზორი ,,TOL’’-ის ფირმის; სარეცხი მანქანა ,,INDEZIT’’-ის ფირმის; სამზარეულოსა და შემოსასვლელის ჩაშენებული კარადები; საძინებლის კომპლექტი. რბილი დივანი შავი ფერის
სარჩელის გარემოებები:
კრედიტორის ა----- მ--------ის მიმართ მის შვილს ფ------ ჭ-----–--ეს გააჩნია ფულადი ვალდებულება, რომლის გამოც მისი შვილის მიმართ მიმდინარეობს იძულებითი აღსრულება. აღმასრულებელმა დააყადაღა ბინა მდებარე გარდაბანი, თ---–---------------–-------------------------------- და ამ ბინაში განთავსებული ელექტროტექნიკის მოწყობილობები და საოჯახო ავეჯი. ბინა აუქციონზე გასხვისდა და იგი შეიძინა ანვარ ელჩიევმა. ბინის რეალიზაციით კრედიტორის მოთხოვნა სრულად არ დაკმაყოფილდა, გადასახდელია კიდევ 6310 ლარი, რის გამოც გრძელდება აღსრულება მოძრავი ნივთების რეალიზაციის მიზნით. ბინა შეძენილია ლ--–- ჭ-----–--ის მიერ და აჩუქა შვილს. მასში არსებული ყველა ნივთი შეძენილია შვილისათვის ბინის ჩუქებამდე და ისინი ფ------ ჭ-----–--ეს არ შეუძენია.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე ფ------ ჭ-----–--ემ წერილობითი შესაგებელში და სასამართლოს მთავარ სხდომაზე ცნო სარჩელი. მისი განმარტებით, იგი არ ცხოვრობს სადაო ბინაში რამდენიმე წელია, თუმცა დედასთან ხშირად არის სტუმრად. სადაო ნივთები მრავალი წელია ბინაშია და ყველაფერი შეიძინა დედამ ლ--–- ჭ-----–--ემ.
2.2. მოპასუხე ა----- მ--------მა წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადაო მოძრავი ნივთები არის ბინის სარგებლობისათვის აუცილებელი ნივთები, იგი არის საცხოვრებელი ბინის საკუთვნებელი. ბინა კი აუქციონზე შეიძინა ანვარ ელჩიევმა. ბინის შეძენის გამო მან ასევე საკუთრების უფლება მოიპოვა მასში დამონტაჟებულ მოძრავ ნივთებზეც, რის გამოც ამ ნივთების მესაკუთრედ ამჟამად ითვლება იმ პირი ვინც არის ბინის მესაკუთრე. ამჟამად ბინის მესაკუთრეა ა----- ი-----–---ი.
მესამე პირის პოზიცია
მესამე პირი არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ ბინა შეიძინა ანვარ ელჩიევისგან იქ არსებული ნივთებით, რის გამოც იგი ითვლება სადაო ნივთების მესაკუთრედ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაოა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ მოვალე ფ------ ჭ-----–--ისთვის დაკისრებული თანხის 15 150 ლარის იძულებით გადახდევინების მიზნით დაყადაღებულია საყოფაცხოვრებo დანიშნულების მოძრავი ნივთები, რომლებიც განთავსებულია მისამართზე გარდაბანი თ---–---------------–--------------------------------.
აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა დავით გოგინაშვილმა 2018 წლის 19 თებერვალს შეადგინა აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ, რომლის მიხედვით დაყადაღებულია უძრავი ქონება მდებარე გარდაბანი თ---–---------------–--------------------------------. ასევე დაყადაღებულია ამ ბინაში მდებარე შემდეგი ნივთები:
1. ორ განყოფილებიანი მაცივარი ,,SAMSUNG’’ -ის ფირმის;
2. ორ განყოფილებიანი მაცივარი ,,INDEZIT’’-ის ფირმის;
3. ფერადი ტელევიზორი ,,TOL’’-ის ფირმის;
4. სარეცხი მანქანა ,,INDEZIT’’-ის ფირმის;
5. სამზარეულოსა და შემოსასვლელის ჩაშენებული კარადები; საძინებლის კომპლექტი.
6. რბილი დივანი შავი ფერის
იძულებითი აღსრულება მიმდინარეობს კრედიტორის ა----- მ--------ის სასარგებლოდ, ხოლო მოვალეა ფ------ ჭ-----–--ე. აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 21 ნოემბერის წერილის თანახმად, იძულებითი აღსრულება მიმდინარეობს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომლის თანახმად ფ------ ჭ-----–--ეს ა----- მ--------ის სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ეკისრება 15 150 ლარის გადახდა, ხოლო აღსრულების საფასურთან ერთად ჯამურად 16 210.5 ლარის გადახდა. იძულებითი აღსრულების მიმდინარეობისას აუქციონზე გასხვისდა ფ------ ჭ-----–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. იგი შეფასებული იყო 18 000 ლარად, ხოლო განმეორებით აუქციონზე იგი გასხვისდა 9900 ლარად. ქონება შეიძინა ანვარ ელჩიევმა. აუქციონის შედეგად ამონაგები თანხა აღსრულების საფასურის გამოკლებით გადაერიცხა კრედიტორს. ფ------ ჭ-----–--ის დარჩენილი დავალიანებაა 6310.5 ლარი. ამ წერილში ასევე მითითებულია, რომ 2018 წლის 19 თებერვალს დაყადაღებულია მოძრავი ნივთები.
ამდენად, ფ------ ჭ-----–--ის ფულადი ვალდებულების იძულებითი გადახდევინების მიზნით აღმასრულებლის მიერ დაყადაღებულია მოვალის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება და მოძრავი ნივთები. მოძრავი ნივთები განთავსებულია იმ უძრავ ქონებაში, რომელიც გასხვისდა აუქციონზე, თუმცა მოძრავი ნივთების რეალიზაციის მიზნით იძულებითი აღსრულება გრძელდება, რაც დასტურდება აღმასრულებლის ზემოთაღნიშნული წერილით.
მოვალე ფ------ ჭ-----–--ეს მითითებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოეშვა 2016 წლის 26 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რის საფუძველზე იგი 2016 წლის 29 სექტემბრიდან საჯარო რეესტრში დარეგისტrირდა უძრავი ქონების მესაკუთრედ. მანამდე უძრავი ქონების მესაკუთრე იყო მისი დედა მოსარჩელე ლ--–- ჭ-----–--ე, რომლის მიერ ბინა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია იყო 2011 წლის 24 ოქტომბრიდან 2011 წლის 19 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
იძულებით აუქციონზე ფ------ ჭ-----–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გარდაბანი თ---–---------------–--------------------------------. კოდი 8------------------ შეიძინა ანვარ ელჩიევმა და საკუთრების უფლება დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში, ხოლო 2019 წლის 8 თებერვალს დადებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ეს ქონება გაასხვისა ა----- ი-----–---ზე. ამჟამად ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებულია ა----- ი-----–---ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- დაყადაღების აქტის ასლი (ს.ფ. 18-19. ტომი 1)
- საჯარო რეესტრიდან ამონაწერები (ს.ფ. 13-17, 171-172. ტომი 1)
- აღმასრულებლის წერილის ასლი (ს.ფ. 133-134. ტომი 1)
3.2.2. გარდაბანში თ---–---------------–---------------------------------ში განთავსებული მოძრავი ნივთები შეძენილია ლ--–- ჭ-----–--ის მიერ.
მოსარჩელის განმარტებით, სადაო ბინა მან შეიძინა, ბინაში არსებული ყველა ნივთი მისი შეძენილია საკუთარი სახსრებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლით განსაზღვრულია მტკიცებულებათა წრე, რომელთა მეშვეობით შეიძლება მხარის მიერ მითითებულ გარემოებათა დამტკიცება. ესენია, თვით მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამ ნორმის შესაბამისად მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის განაწილებულია თანაბრად, სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებების მტკიცების მოვალეობა ეკისრება მოსარჩელეს, ხოლო მოპასუხის ევალება სარჩელის საწინააღმდეგო გარემოებების დამტკიცება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულების ერთერთი სახეა მხარის ახსნა განმარტება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილია მტკიცებულებების შეფასების საპროცესო პრინციპი, ამ ნორმის თანახმად, 1. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. 2. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. 3. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
ამ ნორმის საფუძველზე არც ერთ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა არა აქვს და მისი შინაარსი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დადასტურების ან უარყოფისათვის მტკიცებითი მნიშვნელობისაა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. შესაბამისად, სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით უნდა გამოიტანოს დასკვნა იმის შესახებ, რომელი მტკიცებულებებით დასტურდება საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოება და რას ემყარება სასამართლოს მოსაზრება.
ამ შემთხვევაში სადაოა მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლება, დაყადაღებული მოძრავი ნივთები კი არის საოჯახო მოხმარებისათვის აუცილებელი საყოფაცხოვრებო დანიშნულების ელექტრომოწყობილობები და საოჯახო ავეჯი.
ეს ნივთები განთავსებულია საცხოვრებელ ბინაში, რომელიც 2011 წელს შეიძინა ლ--–- ჭ-----–--ემ, ხოლო ფ------ ჭ-----–--ეს საკუთრებაში გადასცა 2016 წელს.
მოწმეების ზინა ლაბაძის და ანჟელიკა ბადალოვას განმარტებით, ისინი არიან ლ--–- ჭ-----–--ის მეზობლები, ცხოვრობენ იმავე კოსპუსში, სადაც მდებარეობს სადაო ბინა. მათი განმარტებით, ბინაში არის ყველა საყოფაცხოვრებო პირობები, პერიოდულად ხდებოდა ნივთების შეძენა ლ--–- ჭ-----–--ის მიერ. ბინაში მუდმივად ცხოვრობს ლ--–- ჭ-----–--ე. მათი განმარტეს, რომ ხედავენ, რომ დედასთან ხშირად არის მისი შვილი ფ------ ჭ-----–--ე. ბინაში ასევე ცხოვრობდა ლ--–- ჭ-----–--ის დედა, რომელიც 2018 წლის დეკემბერში გარდაიცვალა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარის ახსნა-განმარტების და მოწმეთა ჩვენებების ერთობლივი განხილვის და შეფასების შედეგად დასტურდება ის გარემოება, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ნივთები შეძენილია ლ--–- ჭ-----–--ის მიერ იმ დროს, როცა ბინა მის საკუთრებაში იყო. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შვილისთვის ბინის გადაცემის შემდეგად ამ დრომდე იგი ცხოვრობს ბინაში და მისი მფლობელობა არ შეუწყვეტია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სარჩელი (ს.ფ. 3-.7 ტომი 1)
- შესაგებლები (ს.ფ. 52-57 ტომი 1)
- მოწმეთა ჩვენებები (6.03.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და დაყადაღების აქტიდან უნდა ამოირიცხოს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 186-ე, 151-ე, 324-ე, 170-ე, 172-ე მუხლები
”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17, 32-ე, 40-ე, 44-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
განსახილველ საქმეში დავის საგანია მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლება, ხოლო ნივთები წარმოადგენს იძულებითი აღსრულების საგანს და აღმასრულებლის მიერ დაყადაღებულია ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაკისრებული ფულადის ვალდებულების იძულებით აღსასრულებლად.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის ”ა.ა” ქვეპუნქტის თანახმად იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს გადახდევინება მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით.
”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის თანახმად ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).
სადაო ნივთები დაყადაღებულია ფ------ ჭ-----–--ის მიმართ დაწყებული იძულებითი აღსრულების მიმდინარეობისას, ხოლო იძულებითი აღსრულება დაწყებულია კრედიტორის ა----- მ--------ის სასარგებლოდ თანხის გადახდევინების მიზნით. ამდენად, სააღსრულებო წარმოებაში ფ------ ჭ-----–--ე არის მოვალე, შესაბამისად, იძულებითი აღსრულება შეიძლება მიექცეს მხოლოდ მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე.
”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მიხედვით თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი.
განსახილველი სარჩელი არის მესამე პირის სარჩელი სხვისი ვალების გამო აღწერილ მოძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ, რადგან მოსარჩელეები აცხადებენ პრეტენზიას დაყადაღებულ მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების შესახებ. შესაბამისად, უნდა შეფასდეს დაყადაღებული ნივთებზე საკუთრების უფლება ეკუთვნის თუ არა მოვალეს.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლით დაცულია იმ პირთა უფლებები, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს მის საკუთრებაში არსებული ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.
მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეძენის საფუძვლები დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე და 186-ე მუხლებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის თანახმად მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.
სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის მიხედვით მოძრავი ნივთის მფლობელის მიმართ არსებობს მის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია, რადგან ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი ამავე დროს არის მისი მესაკუთრე. მოძრავი ნივთის მფლობელის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია იცავს შემძენის ინტერესებს იმით, რომ მოძრავი ნივთის შეძენის დროს კანონი არ ავალდებულებს დოკუმენტალურად შეამოწმობის გასაყიდ ნივთზე გამყიდველის საკუთრების უფლება. ამ ნორმის მიხედვით, მოძრავი ნივთის მფლობელობა საკმარისია მფლობელის მესაკუთრედ აღიარებისათვის. მოძრავ ნივთზე პირის საკუთრების უფლების არსებობის პრეზუმფცია ვრცელდება იმ დრომდე, ვიდრე საწინააღმდეგო არ დამტკიცდება, ხოლო საწინააღმდეგოს დამტკიცება იმ პირის ვალდებულებაა, რომელიც აცხადებს ნივთზე საკუთრების უფლების პრეტენზიას.
აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული მოძრავი ნივთები არის ავეჯი და საოჯახო ელექტროტექნიკის მოწყობილობები, რომლებიც შეიძინა მოსარჩელემ და ვიდრე ბინას შვილს მოვალე ფ------ ჭ-----–--ეს აჩუქებდა, განთავსებული იყო მის საკუთრებაში არსებულ ბინაში.
მოპასუხე ა----- მ--------ი და მესამე პირი ა----- ი-----–---ი სარჩელის საწინააღმდეგოდ იმ გარემოებას მიუთითებენ, რომ დაყადაღებული ნივთები როგორც ბინის საკუთვნებელი ანარ ელჩიევმა შეიძინა ბინასთან ერთად და ამჟამად არის ბინის მესაკუთრის კუთვნილება.
უძრავი ქონება, სადაც ნივთები დააყადაღა აღმასრულებელმა, ფ------ ჭ-----–--ის ვლადებულების შესასრულებლად იძულებით გასხვისდა და იგი შეიძინა ანვარ ელჩიევმა, რომელმაც ბინა გაასხვისა და ამჟამად არის მესამე პირის ა----- ი-----–---ის საკუთრება.
დაყადაღებული ნივთები განთავსებული და დამონტაჟებულია ამ ბინის მისამართზე და განკუთვნილია ოჯახის საყოფაცხოვრებო მოხმარებისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის საფუძველზე ივარაუდება, რომ მოძრავი ნივთები ეკუთვნის იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს, სადაც ეს ნივთებია განთავსებული და დამონტაჟებული და გამოიყენება ამ უძრავ ქონებაში მცხოვრები პირების მიერ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის თანახმად, 1. საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. 2. ნივთი, რომელიც მიწასთან არის დაკავშირებული და რომლის მოცილებაც მიწიდან შესაძლებელია სასაქონლო ღირებულების დაკარგვის ან არსებითი დანაკლისის გარეშე, ასევე მიიჩნევა საკუთვნებლად. ამ ნორმის საფუძველზე უძრავი ნივთის საკუთვნებელს წარმოადგენს ამ უძრავ ქონებაში განთავსებული მოძრავი ნივთი, რომელიც განკუთვნილია მთავარი ნივთის - უძრავი ქონების სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებისათვის. ამ შემთხვევაში სადაო ნივთები განთავსებულია საცხოვრებელ ბინაში, რის გამოც მათი დანიშნულებაა საცხოვრებელი ბინის ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო დანიშნულებით სარგებლობაში მომსახურება, ბინაში მცხოვრებ პირთა ჩვეულებრივი, საყოფაცხოვრებო საჭიროებების მომსახურება.
სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლიდან გამომდინარეობს კანონისმიერი პრეზუმფცია, იმის შესახებ, რომ მოძრავი ნივთები ეკუთვნის იმ პირს, რომლის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში განთავსებულია ეს ნივთები და გამოიყენება სამეურნეო დანიშნულებით. ეს ვარაუდი არსებობს მანამ, ვიდრე პირი, რომლის წინააღმდეგაცაა იგი მიმართული დამაჯერებლად არ გააქარწყლებს ამ ვარაუდს.
სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის მიხედვით, სხვადასხვა ნივთის სამართლებრივი დამოუკიდებლობის მიუხედავად, მათ შორის შესაძლებელია არსებობდეს ეკონომიკური ერთიანობა, რაც სამართლებრივად ერთობლივ განსჯას აუცილებელს ხდის. საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომლის შეძენა მთავარი ნივთის, უძრავი ქონებისგან დამოუკიდებლად ხდება, თუმცა რადგან იგი მთავარი ნივთის სამსახურისთვის არის განკუთვნილი, საკუთვნებელი ეწოდება. საკუთვნებელი, როგორც დამოუკიდებელი ნივთი, შესაძლებელია იყოს ცალკე უფლების ობიექტი, თუმცა როცა იგი უძრავი ქონებასთან სივრცობრივ და სამეურნეო კავშირშია, მაშინ საკუთვნებლად ითვლება, რადგან მისი მიზანია უძრავი ქონების ჩვეულებრივი ფუნქციური დანიშნულების გაუმჯობესება. ამასთან
საკუთვნებელი შეიძლება იყოს მხოლოდ სამართლებრივად დამოუკიდებელი ნივთი, რომელიც არ არის მთავარი ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი.
151-ე მუხლი არ განსაზღვრავს საკუთვნებლის სამართლებრივ შედეგებს. როგორც წესი, საკუთვნებელი სამართლებრივად დამოუკიდებელი ნივთია და მასზე ვრცელდება მოძრავ ნივთებთან დაკავშირებული დებულებები. ვინაიდან მთავარი ნივთის სამართლებრივი ბედი საკუთვნებელზე არ ვრცელდება, შესაძლებელია, იგი იყოს სანივთო უფლებების ობიექტი. მაგალითად, როგორც განცალკევებული საგანი, საკუთრების უფლებით ეკუთვნოდეს სხვა პირს. მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, მთავარი ნივთის შესახებ გარიგებები შეეხება საკუთვნებელსაც. ამით კოდექსი იმ გარემოებას ანიჭებს მნიშვნელობას, რომ მოძრავი ნივთები თავისი სამეურნეო-ეკონომიკური დანიშნულებით და სივრცობრივი კავშირით განსაზღვრულ ეკონომიკურ ერთიანობას ქმნიან და კანონმდებელი ასეთი ერთიანობის შენარჩუნებას განსაზღვრულ ფარგლებში საჭიროდ თვლის. (სამოქალაქო კოდექსის კომენტარი 2018 წლის გამოცემა გვ. 19. ასევე www.civilcode.ge . 151-ე მუხლის კომენტარი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 324-ე მუხლის მიხედვით, თუ პირი იღებს ვალდებულებას, გაასხვისოს ან დატვირთოს თავისი ნივთი, ეს ვალდებულება ვრცელდება ნივთის საკუთვნებელზედაც, თუკი ხელშეკრულებაში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 324-ე მუხლი ადგენს ხელშეკრულების დადების ფარგლებს. იგი არ ადგენს საკუთვნებლის სამართლებრივ შედეგებს და ამ ნორმის დებულება საკუთნებელზე ძალაშია, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
511-ე მუხლი განსაზღვრავს გამოსყიდვის ხელშეკრულების შემთხვევაში მყიდველის ვალდებულებას, დააბრუნოს ნაყიდი ნივთი საკუთვნებელთან ერთად. ამ შემთხვევაშიც, მართალია, გამოსყიდვის ხელშეკრულების დებულებები არ არეგულირებს მთავარი ნივთის გაყიდვისას საკუთვნებლის ბედს, მაგრამ 324-ე მუხლიდან გამომდინარეობს, რომ გამოსყიდვის უფლება ვრცელდება საკუთვნებელზეც.
ამდენად, 324-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე საკუთვნებელი როგორც წესი იზიარებს მთავარი ნივთი ბედს, თუმცა ეს ნორმა შესაძლებლად მიიჩნევს მხარეთა სხვაგვარ შეთანხმებას. ამ შემთხვევაში უძრავი ქონება გასხვისდა აუქციონზე, მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებლად, ხოლო აღმასრულებლის მიერ ცალ-ცალკეა დაყადაღებული უძრავი ქონება და მასში მდებარე მოძრავი ნივთები. უძრავი ნივთის იძულებით გასხვისების შემდეგაც გრძელდება იძულებითი აღსრულება მასში განთავსებულ მოძრავ ნივთებზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ აუქციონზე ბინის შემძენის ანარ ახმედოვის და ამ ქონების ამჟამინდელი მესაკუთრისთვისაც ცნობილია ის გარემოება, რომ ბინაში არსებულ მოძრავი ნივთების რეალიზაციის მიზნით აღსრულება გრძელდება, თუმცა მათ აღმასრულებლის მიმართ არ განუცხადებია პრეტენზია იმის შესახებ, რომ ბინასთან ერთდ ნივთების მესაკუთრეეებც ისინი გახდნენ. მათ არც სასამართლოში აღუძრავს სარჩელი როგორც მესამე პირს ნივთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
ზემოთაღნიშნული გარემოებების გამო, სადაო მოძრავი ნივთები საცხოვრებელი ბინისგან განცალკევებით არის აღსრულების საგანი, ისინი ბინისგან დამოუკიდებლად არის დაყადაღებული. ამ გარემოებების გამო არ დასტურდება, ბინა მასში არსებულ სადაო მოძრავ ნივთებთან ერთად არის გასხვისებული, შესაბამისად, ისინი ცალკე უფლების ობიექტებად მიიჩნევა.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). ეს ნორმა ითვალისწინებს იმ პრეზუმფციას, რომ მოვალესთან აღმოჩენილი მოძრავი ნივთები არის მოვალის საკუთრება. თავის მხრივ ეს პრეზუმფცია გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლიდან, რომლის მიხედვით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ამდენად, ეს ნორმა სასამართლო აღმასრულებელს აძლევს უფლებას მოვალის საკუთრებად მიიჩნიოს მოვალის მფლობელობაში არსებული მოძრავი ნივთები და არ ავალდებულებს თითოეულ ნივთზე საკუთრების უფლება დოკუმენტურად შეამოწმოს.
ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების სარჩელის არსი სწორედ ამ პრეზუმფციის წინააღმდეგ არის მიმართული, რადგან მოსარჩელე საკუთრების უფლების პრეტენზიას აცხადებს დაყადაღებულ ნივთებზე. მოსარჩელის დასაბუთებული პრეტენზიის შემთხვევაში „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ 44-ე მუხლით გათვალისწინებული პრეზუმფცია გარწყლდება და დაყადაღებული ნივთი მოსარჩელეს უბრუნდება.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ნივთები შეძენილია მოსარჩელის მიერ, ეს ნივთები ბინასთან ერთად, როგორც ბინის საკუთვნებელი არ გასხვისებულა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია განახორციელოს მათძე მესაკუთრის ყველა უფლებამოსილება. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს ან სარგებლობდეს ქონებით (ნივთით). ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის საფუძველზე, მოძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობისათვის საკმარისია მესაკუთრის მიერ ნივთის შემძენის მფლობელობაში გადაცემა. ამ შემთხვევაში სახეზეა მოძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობისათვის 158-ე და 186-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა გარემოება, რაც სადაო ნივთებზე მოსარჩელეების საკუთრების უფლებას ადასტურებს.
”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად იძულებითი აღსრულება შეიძლება მიექცეს მოვალის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე. ასეთ გარემოებას ამ შემთხვევაში ადგილი არა აქვს, რადგან დაყადაღებული ნივთები არის მოსარჩელეების საკუთრება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელეები მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მათ საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოპასუხე ფ------ ჭ-----–--ემ წერილობით შესაგებელში და სასამართლოს სხდომაზე ცნო სარჩელი, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე იგი თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, მოსარჩელისათვის სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხე ა----- მ--------ს. მოპასუხეს უნდა დაეკისროს ასევე ამ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვისათვის საბანკო დაწესებულებაში გადახდილი ბანკის მომსახურების საკომისიოს ჯამურად 2 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. სარჩელის დაკმაყოფილების გამო ამ საქმეზე 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 256-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს ლ--–- ჭ-----–--ის სარჩელი;
1.1. გათავისუფლდეს ყადაღისაგან სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 19 თებერვალს შედგენილ დაყადაღების აქტში მითითებული ნივთები:
· ორ განყოფილებიანი მაცივარი ,,SAMSUNG’’ -ის ფირმის;
· ორ განყოფილებიანი მაცივარი ,,INDEZIT’’-ის ფირმის;
· ფერადი ტელევიზორი ,,TOL’’-ის ფირმის;
· სარეცხი მანქანა ,,INDEZIT’’-ის ფირმის;
· სამზარეულოსა და შემოსასვლელის ჩაშენებული კარადები; საძინებლის კომპლექტი.
· რბილი დივანი შავი ფერის
2. ა----- მ--------ს დაეკისროს ლ--–- ჭ-----–--ისათვის სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 102 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების მიხედვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი