გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.03.2019
საქმის ნომერი
221210018002571212
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
28.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №221210018002571212

№2-42/18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 მარტი, 2019 წელი დაბა ქედა

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს

ქედის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე დავით გელაშვილი

სხდომის მდივანი გურამ ლამპარაძე

მოსარჩელე - ლა–- ნი----–---–ი

წარმომადგენელი - თე--------- ნა------ა

მოპასუხე - შპს. „ს-----------------–----------–---“

დირექტორი - სუ-–--- ჯი------ე

დავის საგანი - მიუღებელი ხელფასისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხეს დაეკისროს ლა–- ნი----–---–ის სასარგებლოდ 2016 წლის მაისის თვის სახელფასო სარგოს - 1 000 ლარის ანაზღაურება.

 

1.2 მოპასუხეს დაეკისროს პირგასამტეხლო - ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

1.3 მოპასუხეს დაეკისროს სასამართლო და სასამრთლოს გარეშე ხარჯები - 528 ლარი (ადვოკატისთვის გაწეული ხარჯი - 200 ლარი, იურიდიული მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯი - 200 ლარი და ადვოკატის ავტოტრანსპორტით გადაადგილებისათვის გაწეული ხარჯი - 128 ლარი).

 

სარჩელის თანახმად:

 

მოსარჩელე ლა–- ნი----–---–სა და შპს. „ს-----------------–---------–---“ შორის 2016 წლის 01 თებერვალს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დამქირავებელმა იგი დანიშნა დაქირავებული ფეხბურთელის პოზიციაზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 4 თვე (2016 წლის 01 თებერვლიდან 2016 წლის 31 მაისამდე), ხოლო სახელფასო სარგო განისაზღვრა ხელზე ასაღები 1 000 ლარის ოდენობით. შპს. „ს-----------------–---------–---“ მოსარჩელისათვის არ გადაუხდია 2016 წლის მაისის თვის სახელფასო სარგო 1 000 ლარი. მოსარჩელემ დახმარებისათვის მიმართა საქართველოს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციას, რომელმაც თავის მხრივ შეტყობინება გაუგზავნა მოპასუხეს და მოთხოვა მოსარჩელისათვის გადაუხდელი ხელფასის ანაზღაურება. აღნიშნულ წერილს საფეხბურთო კლუბის მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს. „ს-----------------–---------–----“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელესა და შპს ,,ს-----------------–---------–---“ შორის 2018 წლის 01 მაისისთვის შრომითი ხელშეკრულება იყო შეწყვეტილი და ის არ იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში შპს ,,ს-----------------–---------–------“. მოსარჩელე არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და მასთან ცალმხრივად იქნა გაწყვეტილი შრომითი ხელშეკრულება საზოგადოების დირექტორის ბრძანების საფუძველზე.

 

სასამართლო სხდომაზე შპს. „ს-----------------–----------–---“-ს დირექტორმა სუ-–--- ჯი------ემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო. დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას მიუღებელი ხელფასის, სასამართლოს და სასამართლოს გარეშე ხარჯების დაკისრების ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში მოთხოვნას არ დაეთანხმა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ლა–- ნი----–---–სა და შპს. „ს-----------------–---------–---“ შორის 2016 წლის 01 თებერვალს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დამქირავებელმა იგი დანიშნა დაქირავებული ფეხბურთელის პოზიციაზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 4 თვე (2016 წლის 01 თებერვლიდან 2016 წლის 31 მაისამდე), ხოლო სახელფასო სარგო განისაზღვრა ხელზე ასაღები 1 000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 01.02.2016 წლის №13 შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ. 16-17).

- სარჩელი (ს.ფ. 2-13).

 

2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2016 წლის 31 აგვისტოს საქართველოს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ წერილობით აცნობა შპს. „ს-----------------–---------–---“, რომ მათ გააჩნდათ დავალიანება ფეხბურთელ ლა–- ნი----–---–ის მიმართ 2016 წლის მაისში გადაუხდელი ხელფასის სახით 1 000 ლარის ოდენობით და კლუბს მიეცა 10 დღის ვადა მოთხოვნის შესრულებისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საქართველოს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის 31.08.2016 წლის წერილი (ს.ფ. 18-19).

- სარჩელი (ს.ფ. 2-13).

 

3.2.2. მოპასუხის განმარტებით, 2016 წელს შპს. „ს-----------------–----------–---“ მოიხსნა საქართველოს ჩემპიონატის გათამაშებიდან ჩაწყობილი თამაშის გამო, კლუბს შეუწყდა დაფინანსება და მათ არ გააჩნდათ ვალდებულება ფეხბურთელებისათვის ხელფასის გადახდის თაობაზე. ამასთან ლა–- ნი----–---–ი სისტემატიურად არღვევდა ხელშეკრულებას და არ ცხადდებოდა თამაშებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ეს ფაქტები მიუთითა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მიუთითებს, რომ ლა–- ნი----–---–ი სისტემატიურად არღვევდა ხელშეკრულებას და არ ცხადდებოდა თამაშებზე, რის გამოც მასთან ცალმხრივად იქნა გაწყვეტილი შრომითი ხელშეკრულება საზოგადოების დირექტორის ბრძანების საფუძველზე, 2018 წლის 01 მაისისთვის შრომითი ხელშეკრულება იყო შეწყვეტილი და ის არ იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში შპს ,,ს-----------------–---------–------“, მაგრამ ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შესაგებელი

- ახსნა-განმარტებები (იხ. სხდომის ოქმი)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, სარჩელის მოტივების საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია.

საქართველოს შრომის კოდექსის 31-1, 34-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 624-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი ნაწილით - შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.

 

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის საფუძველზე, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული დამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთრი შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან თავიუფლად დათანხმდება ან განახორციელებენ სათანადო ღონისძიებებს ამ უფლების უზრუნველყოფისათვის.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ემუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.

 

ამ ნორმით დადგენილი სახელშეკრულებო ავტონომიის პრინციპის საფუძველზე სამართლის სუბიექტი თავისუფალია გადაწყვიტოს, რა შინაარსის გარიგება დადოს და ვისთან დადოს შეთანხმება.

 

6.3. საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით, ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.

 

შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილის მიხედვით, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.

 

შრომის კოდექსის 6.1. მუხლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ამდენად, იმისათვის, რომ დადებულად იქნეს მიჩნეული (ცნობილი) შრომითი ხელშეკრულება, საჭიროა არსებობდეს წერილობითი ან ზეპირი ფორმით დადებული შრომითი ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

 

ამდენად, შრომის ანაზღაურება არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული თანხის ოდენობა, რომელიც დამსაქმებელმა უნდა გადაუხადოს დასაქმებულს შრომითი მოვალეობების შესრულებისათვის.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

6.4. დადგენილია, რომ მოსარჩელე ლა–- ნი----–---–სა და შპს. „ს-----------------–---------–---“ შორის 2016 წლის 01 თებერვალს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დამქირავებელმა იგი დანიშნა დაქირავებული ფეხბურთელის პოზიციაზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 4 თვე (2016 წლის 01 თებერვლიდან 2016 წლის 31 მაისამდე), ხოლო სახელფასო სარგო განისაზღვრა ხელზე ასაღები 1 000 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა შეესრულებინათ დაკისრებული ფუნქცია და მიეღო შესაბამისი ანაზღაურება. მხარეები ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში იყვნენ. შესაბამისად მათ ერთმანეთის მიმართ გააჩნდათ ვალდებულებები.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

შრომითი ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ შრომის ანაზღაურების ფიქსირებულ დროებლივ სისტემაზე. კერძოდ, მოპასუხე ვალდებული იყო მოსარჩელისათვის მიეცა ხელფასი ყოველთვიურად - 1000 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელე მუშაობდა შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე და მიღებული არ აქვს შრომის ანაზღაურება - 2016 წლის მაისის თვის სახელფასო სარგო 1 000 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამდენად, დამსაქმებელს შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ერიცხება მოსარჩელის მიმართ დავალიანება 1 000 ლარის ოდენობით, რაც ამ დრომდე არ აქვს შესრულებული და მოსარჩელისათვის არ არის ანაზღაურებული.

 

6.5. სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ამავე კოდექსის 105. 2 მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველები მოცემულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლში. მოპასუხის განმარტებით მოსარჩელესა და შპს ,,ს-----------------–---------–---“ შორის 2018 წლის 01 მაისისთვის შრომითი ხელშეკრულება იყო შეწყვეტილი და ის არ იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში შპს ,,ს-----------------–---------–------“. მოსარჩელე არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და მასთან ცალმხრივად იქნა გაწყვეტილი შრომითი ხელშეკრულება საზოგადოების დირექტორის ბრძანების საფუძველზე.

 

მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო გარდა ახსნა-განმარტებისა სხვა მტკიცებულებებით დაედასტურებინა მის მიერ მითითებული გარემოებები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ემუხლის პირველი ნაწილის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე შპს. „ს-----------------–----------–---“-ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

7.3. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა სრულად შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნორმის მოთხოვნას და სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე შპს. „ს-----------------–----------–---“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სასამართლო და სასამრთლოს გარეშე ხარჯები - 528 ლარი (ადვოკატისთვის გაწეული ხარჯი - 200 ლარი, იურიდიული მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯი - 200 ლარი და ადვოკატის ავტოტრანსპორტით გადაადგილებისათვის გაწეული ხარჯი - 128 ლარი).

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

აღნიშნულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ლა–- ნი----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. მოპასუხე შპს. „ს-----------------–----------–---“-ს (ს/კ 4--------, იურიდიული მისამართი: დაბა ქედა, კო------- ქ. №2, ალტერნატიული მისამართი: დაბა ქედა, რუ-------–-ს ქ. №12) მოსარჩელე ლა–- ნი----–---–ის (პირადი №0----------, დაბადებულის 2--------- წელს, მცხოვრების ქ. თბილისი, ვა–----–----–-- გამზ. მე-2 კვარტალი, მე-4 კორპუსი, ბინა №17-ში) სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი სახელფასო სარგოს - 1 000 (ათასი) ლარის ანაზღაურება.

 

3. მოპასუხე შპს. „ს-----------------–----------–---“-ს (ს/კ 4--------) მოსარჩელე ლა–- ნი----–---–ის (პირადი №0----------) სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო - ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

4. მოპასუხე შპს. „ს-----------------–----------–---“-ს (ს/კ 4--------) მოსარჩელე ლა–- ნი----–---–ის (პირადი №0----------) სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლო და სასამრთლოს გარეშე ხარჯები - 528 ლარი (ადვოკატისთვის გაწეული ხარჯი - 200 ლარი, იურიდიული მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯი - 200 ლარი და ადვოკატის ავტოტრანსპორტით გადაადგილებისათვის გაწეული ხარჯი - 128 ლარი).

 

5. მოპასუხე შპს. „ს-----------------–----------–---“-ს (ს/კ 4--------) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი - 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს ქედის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (დაბა ქედა, ჭავჭავაძის ქ. №5).

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქედის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დავით გელაშვილი