გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/720-16
გადაწყვეტილება
დაუსწრებელი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15.03.2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი -გ------ი ესაძე
მოსარჩელე - სს „სა---------–--------ი“
წარმომადგენელი - გ------ი ც-----ა
მოპასუხე - რ-------ა ჯ----ა
წარმომადგენელი - ი--- გ------აძე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხე რ-------ა ჯ----აზე, სს „სა---------–--------ი“-ს სასარგებლოდ, 5562.34 ლარის გადასახდელად დაკისრება, საიდანაც: ძირითადი თანხაა - 2981.01 ლარი, სარგებელი 1350.84 ლარი, ჯარიმა - 1230.49 ლარი.
1.2 მოპასუხე რ-------ა ჯ----აზე, სს „სა---------–--------ი“-ს სასარგებლოდ, სს „სა---------–--------ი“-ს მიერ გამარტივებული წარმოების დასაწყებად გადახდილი საფასურის - 150.00 ლარის, სს „სა---------–--------ი“-ს მიერ სახ.ბაჟის სახით გადახდილი 166.87 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი 150.00 ლარის გადასახდელად დაკისრება.
დავის არსი
2----–-–----------ს განხორციელდა სს „სა---------–--------ი“-ს და სს „პრ----------“-ს შერწყმა და შესაბამისად სს „სა---------–--------ი“ წარმოადგენს სს „პრ----------“-ს უფლებამონაცვლეს.
2013 წლის 10 დეკემბერს სს „პ-----------სა“ და რ-------ა ჯ----ას შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება S------------------, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი, რომლის ლიმიტი შეადგენს 8000.00 ლარს / 5000.00 აშშ დოლარს, 12 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებლის 36 %-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის 1%-ს.
2016 წლის 19 აპრილის მდგომარეობით რ-------ა ჯ----ას ერიცხება დავალიანება 5562.34 ლარის ოდენობით, კერძოდ: ძირი - 2981.01 ლარი, სარგებელი - 1350.84 ლარი, ჯარიმა - 1230.49 ლარი.
სს „პრივატ ბანკი“-ს მიერ საბანკო საკრედიტო ხელშეკრუებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იქნა სრულად, მსესხებელზე გაიცა კრედიტი. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პიროებებით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების დარღვევა. აღნიშნულს ადასტურებს საბანკო მომსახურების ხელშეკრულება და ამონაწერი ანგარიშიდან. მოპასუხემ შეწყვიტა სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დაფარვა. მითითებული საკრედიტო დავალიანების დაფარვის მოთხოვნით მოპასუხეს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება და ვალდებულების შესასრულებლად მიეცა ორი კვირის ვადა. მიუხედავად აღნიშნულისა, ვალდებულება დღემდე არ შესრულებულა.
20---–-–-----------------ს სს „სა---------–--------ი“-ს მიერ რ-------ა ჯ----ას მიმართ, აღნიშნულ სესხზე მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეტანილი იქნა აპლიკაცია გამარტივებული წარმოების დასაწყებად, მხარეთა შორის შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, რაც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენს ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის საფუძველს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 მოპასუხემ მიერ წარმოდგენილი შესაგებლის მიხედვით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ რ-------ა ჯ----ას არანაირი სასესხო ვალდებულება სს ,,სა---------–--------ი“-ს მიმართ არ გააჩნია, არც სს „პრ----------სთვის“ მიუცია უფლება მის შესახებ რაიმე ფორმით სასესხო ინფორმაცია გაემჟღავნებინა, სს „პ-----------ს“, როგორც სამეწარმეო სუბიექტს არანაირი ცვლილება არ განუცდია და ჩვეულებრივად ფუნქციონირებს თავისივე ნიშნით. რაც შეეხება სასესხო ვალდებულებას სარჩელი არის ხანდაზმული და არასათანადო მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი.
მოპასუხის განმარტებით, წლიური 36% არის აშკარა შეუსაბამობა დღევანდელი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთთან და შესაბამისად არ უნდა დაეკისროს, ასევე ჯარიმის თანხაც აშკარად შეუსაბამოა.
2019 წლის 15 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე რ-------ა ჯ----ას წარმომადგენელი ი--- გ------აძე, რომელსაც 2019 წლის 15 მარტის სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა მოსამართლის თანაშემწის მიერ სატელეფონო შეტყობინებით. გამოცხადებულმა მოსარჩელის წარმომადგენელმა გ------ი ც-----ამ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-624-ე მუხლების თანახმად იურიდიულად ნაწილობრივ ამართლებენ მოსარჩელის მოთხოვნას. ამასთან არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები.
სასამართლოს მითითება ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლით იფარება (ისპობა) სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოებისათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. ხანდაზმულობის ვადის გასვლის მიუხედავად მოთხოვნა განხილული უნდა იქნეს და თუ გამოირკვა, რომ არ არსებობს ხანდაზმულობის ვადის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები, მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლით, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი ხანდაზმული არ არის, რადგან დადგენილია, რომ 2013 წლის 10 დეკემბერს სს „პ-----------სა“ და რ-------ა ჯ----ას შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება S------------------, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი, რომლის ლიმიტი შეადგენს 8000.00 ლარს 5000.00 აშშ დოლარს, 12 თვის ვადით. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დინება დაიწყო 2014 წლის 10 დეკემბრიდან და გრძელდება 2017 წლის 10 დეკემბრამდე, ხოლო სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 2016 წლის 20 აპრილს და ხანდაზმული არ არის.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება სესხის და სარგებელის მოთხოვნის ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.
სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული სესხის ხელშეკრულების დადებით მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხეების მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ საფუძვლიანია სარჩელი სესხის ძირი 2981.01 ლარის და სარგებელის 1350.84 ლარის მოთხოვნის ნაწილში, რადგან დადგენილია, რომ 2013 წლის 10 დეკემბერს სს „პ-----------სა“ და რ-------ა ჯ----ას შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება S------------------, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი, რომლის ლიმიტი შეადგენს 8000.00 ლარს / 5000.00 აშშ დოლარს, 12 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებლის 36 %-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის 1%-ს.
2016 წლის 19 აპრილის მდგომარეობით რ-------ა ჯ----ას ერიცხება დავალიანება 5562.34 ლარის ოდენობით, კერძოდ: ძირი - 2981.01 ლარი, სარგებელი - 1350.84 ლარი.
მხარეთა შორის სადავოა პირგასამტეხლო.
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ნაწილობრივ საფუძვლიანია სარჩელი სესხზე დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილში და იგი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული მხარეთა შორის საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში კრედიტის თანხის დაუბრუნებლობისათვის.
შესაბამისად, საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების და სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესების გათვალისწინებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ კრედიტის ძირითადი თანხის და პროცენტის გარდა მოპასუხეს აკისრია საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაც. მაგრამ სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ უნდა დადგინდეს, რა რაოდენობით უნდა დაეკისროს მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო მოსარჩელეს მოთხოვნილი აქვს 1230.49 ლარი. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ საბანკო პროდუქტზე დარიცხული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს - 500 ლარით (სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი), რადგან - საქართველოს საკასაციო სასამართლომ (საქმე ას-10-10-2017) განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას მხედველობაში მიიღება როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღება მხარის ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები, კერძოდ, ის, თუ როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
- „სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული უფლებაა. მისი უფლებრივი კომპონენტები იმ მოცულობით უნდა გამოიყენებოდეს, რაც ობიექტურად აუცილებელია კონკრეტული უფლების დაცვისათვის, როდესაც ამას ობიექტურად შეუძლია ზეგავლენის მოხდენა სასამართლო დაცვის ეფექტიანობაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2----–-–-------------------------- გადაწყვეტილება საქმეზე ა(ი)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 14
სასამართლო ეთანხმება მოსაზრებას, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად - აღნიშნულ საბანკო პროდუქტზე (საკრედიტო ხელშეკრულება) გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს - 500 ლარით სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე.
სასამართლო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ სახ. ბაჟის სახით გადაიხადა 166.87 ლარი. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე 150 ლარი, ხოლო გამარტივებული წარმოებისათვის - 50 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 4831.85 ლარი (ძირი, პროცენტი, პირგასამტეხლო) და ამ ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი - 144.96 ლარი, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად.
პირგასამტეხლოს შემცირებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა 730.49 ლარის ნაწილში და გადახდილი სახ. ბაჟი 21.91 ლარი უნდა ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სსს კოდქესის 199.1. მუხლის საფუძველზე უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 230-ე, 233-ე, 235-ე, 237-ე , 243-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს ,,სა---------–--------ი’’-ს სარჩელი;
2. მოპასუხე რ-------ა ჯ----ას სს „სა---------–--------ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს 4831.85 ლარის (ძირი - 2981.01; პროცენტი - 1350.84; პირგასამტეხლო - 500 ლარი) ლარის გადახდა;
3.მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი- 144.96 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი -150 ლარი და გამარტივებული წარმოებისათვის გადახდილი - 50 ლარი მოპასუხე რ-------ა ჯ----ას დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად.
4. სარჩელზე უარის ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი 21.91 ლარი ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
5. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.
6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.
7.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე