გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/5663-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ხაჟომია
სხდომის მდივანი გვანცა გერმანიშვილი
მოსარჩელე - ს------ ი-----–---ი
წარმომადგენელი - მ------- ხ----–---ი
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - მ------ კ------–--
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნაწილობივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 30 ივნისის N EL------ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის სახით სახდელის გამოყენების ნაწილში;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 აგვისტოს N2---- ბრძანება.
2. მოპასუხის პოზიცია
სსიპ შემოსავლების სამსახურმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილმა თანამშრომელმა 2018 წლის 30 ივნისს ს------ ი-----–---ის მიმართ შეადგინა NEL------ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც მითითებულია, რომ 2018 წლის 30 ივნისს, აზერბაიჯანის მხრიდან ს.გ.პ. ,,წითელი ხიდი“-ის კონტროლის ზონაში შემოვიდა ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით 5------, რომელსაც მართავდა აზერბაიჯანის მოქალაქე - ს------ ი-----–---ი (S----- I-------- პასპ. ნომ C--------). ს------ ი-----–---მა განაცხადა,რომ ჰქონდა აქციზური მარკით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონელი, კერძოდ სიგარეტი ,,M----------- ღერი. ავტომობილის დეტალური დათვალიერებისასა გამოვლინდა მძღოლისა და მგზავრის სავარძლების გადასაკრავის ქვეშ და მძღოლის ნოხის ქვეშ არადეკლარირებული, დამალული, აქციზურ მარკირებას დაქვემდებარებული სიგარეტი ,,------------ ღერი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, მას სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1--- ლარის ოდენობით, საქონლის და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 30 ივნისს NEL------ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 31-32).
3.2. ს------ ი-----–---ს ჩამოერთვა სიგარეტი და ავტომანქანა ვა-------, რაზედაც 2018 წლის 17 მარტს შედგა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი N6----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი NN6----------. (ს.ფ. 46-48).
3.3. ს------ ი-----–---მა საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 30 ივნისს NEL------ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობა სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის სახით სახდელის გამოყენების ნაწილში. საჩივრის ავტორი დაეთანხმა სამართალდარღვევის ფაქტს, თუმცა, მისი მოსაზრებით, გამოყენებული სანქცია არის შეუსაბამოდ მძიმე.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 აგვისტოს N2---- ბრძანებით ს------ ი-----–---ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ავტომანქანის ჩამორთმევის სახით სახდელის გამოყენებასთან დაკავშირებით ბრძანებაში ასახულია დასაბუთება, რომლის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის მოსაზრებით, არსებობს მნიშვნელოვანი ალბათობა იმისა, რომ ავტომობილი მომავალშიც იქნეს გამოყენებული არადეკლარირებული საქონლის მალულად გადასატანად. ამასთან, ჩადენილი სამართალდარღვევა მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის წინააღმდეგ, ბოლო პერიოდში საგრძნობლად იმატა ანალოგიურმა სამართალდარღვევებმა, რაც უკავშირდება აქციზის გადასახადის ზრდას. მისი აღკვეთის მიზნით შემოსავლების სამსახური მიმართავს უმკაცრეს ზომას, ვინაიდან უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია არის უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა და მხოლოდ საქონლის ჩამორთმევის და ჯარიმის გამოყენებით ვერ იქნება მიღწეული სამართალდარღვევის საქმეთა განხილვის და სამართალდარღვევის აღკვეთის მიზანი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 აგვისტოს N2---- ბრძანება (ს.ფ. 22-23).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის განხილვის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი სამართალდარღვევის ადგილზე განიხილავს საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევ პირს ადგილზევე უფარდებს საგადასახადო სანქციას. ამ შემთხვევაში პირს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, რომელიც ითვლება საგადასახადო მოთხოვნად.
ამავე კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო მოთხოვნა არის საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ამ კოდექსით დადგენილი წესით. 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ხოლო მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი/ბრძანება საჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 30 ივნისის NEL------ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 აგვისტოს N2---- ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი წარმოადგენს საგადასახადო მოთხოვნას და განიხილება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, თუმცა, იგი იმავდროულად საგადასახადო სამართალდარღვევის დადგენისა და დამრღვევისთვის სანქციის შეფარდების ახდენს, რის გამოც მისი კანონიერების შეფასების მიზნით უნდა შემოწმდეს ასევე სამართალდარღვევის დადგენისა და სახდელის დაკისრების ზოგად პრინციპებთან შესაბამისობა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სახდელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღება ის ზოგადი საწყისები, რომლებიც განაპირობებს სამართლიანი სახდელის დაკისრებას, პირის დასჯას მის მიერ ჩადენილი ქმედების თანაზომიერად. მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, რაც სანქციის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გატარების აუცილებელი პირობათაგანია (სუს 11/04/2012 Nბს-1655-1627(კ-11) გადაწყვეტილება).
6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილმა თანამშრომელმა ს------ ი-----–---ის მიმართ შეადგინა N EL------ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, საქონლის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მალულად შემოტანის გამო. მას საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის საფუძველზე შეეფარდა საგადასახადო სანქცია: ჯარიმა 1--- ლარის ოდენობით, საქონლის და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.
მოსარჩელე ითხოვს სანქციის შემსუბუქებას, კერძოდ დაკისრებულ სანქციათაგან - სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში გაუქმებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1--- ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას. მოცემული ნორმის გრამატიკული განმარტებიდან გამომდინარე, მისი შინაარსი გულისხმობს, რომ პირის მიერ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქონლის შემოტანის შემთხვევის გამოვლენისას სამართალდამრღვევს შეიძლება, შეეფარდოს სამი სახის სანქციათაგან ერთ-ერთი, ორი ან - სამივე ერთდროულად. სასამართლო განმარტავს, რომ კანონით გათვალისწინებული სამივე სანქციის გამოყენება გულისხმობს გამოვლენილი სამართალდარღვევისათვის ყველაზე უფრო მკაცრი ზომის გამოყენებას. ,,ნორმაში ალტერნატიული სანქციის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, უკეთუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (სუს 11/04/2012 Nბს-1655-1627(კ-11) გადაწყვეტილება).
მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ როგორც ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას, ისე - სასამართლო განხილვის ფარგლებში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების დასაბუთების მიზნით მიუთითა მის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაზე, რაც უფლებას ანიჭებდა მას, თავისუფლად შეერჩია რამდენიმე შესაძლო გადაწყვეტილებიდან ერთ-ერთი.
დისკრეციული უფლებამოსილების ცნება, მისი გამოყენების ფარგლები და წესი მოწესრიგებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, რომლის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ხოლო ამავე კოდექსის მე-6-7 მუხლების თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებასთან გვაქვს საქმე, როდესაც სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, მას რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში კანონი ერთ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს არ განსაზღვრავს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგები, იმდენად, რამდენადაც ორ ან რამდენიმე შესაძლო სამართლებრივ შედეგს ადგენს და აძლევს ორგანოს შესაძლებლობას, აირჩიოს ყველაზე მისაღები საშუალება. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულმა უფლებამოსილებამ შეიძლება მოიცვას ადმინისტრაციული ორგანოს არჩევანის შესაძლებლობა - კონკრეტულ შემთხვევაში განახორციელოს თუ არა რაიმე ღონისძიება ან მისაღები ღონისძიებებიდან რომელი გამოიყენოს. თუმცა, როდესაც საკითხი ეხება ადმინისტრაციული გადაცდომისთვის პასუხისმგებლობის დამდგენ სამართლებრივ ნორმებს, მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევებში დაწესებულია რამდენიმე ალტერნატიული სანქცია, მათ შორის - რამდენიმე სანქციის კუმულატიურად გამოყენების შესაძლებლობა, ამგვარი ალტერნატივის დაწესება გამოწვეულია ჩადენილი სამართალდარღვევის სიმძიმის, ასევე - კონკრეტული საქმის ობიექტური თუ სუბიექტური მახასიათებლების მრავალფეროვნებით. სახდელის სახეები ერთმანეთისგან განსხვავდება სიმძიმის მიხედვით და შეუძლებელია, კანონმდებელი აწესებდეს სხვადასხვა სიმძიმის სახდელთაგან ერთ-ერთის თვითნებურად შერჩევის შესაძლებლობას. ამდენად, რამდენიმე სახდელის ალტერნატივის დაწესებით კანონი მათი შერჩევის თავისუფლებას კი არ ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოს, არამედ - სახდელის შერჩევა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ჩადენილი ქმედების სიმძიმის და სხვა ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების ადეკვატურად. როდესაც ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას, იგი უნდა აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ მინიმალურ სტანდარტს, ხოლო კანონით შეთავაზებული არჩევანის გამოყენების მიზანშეწონილობას სასამართლო ვერ შეაფასებს. სახდელის შეფარდებისას კი ადმინისტრაციული ორგანო შეზღუდულია სახდელის შეფარდებისათვის დადგენილი ზოგადი პრინციპებით. პასუხისმგებლობის ზომის შერჩევა სწორედ კანონიერების მკაცრი დაცვის ფარგლებში უნდა განხორციელდეს და საქმის გარემოებათა მიხედვით ყოველთვის არის შესაძლებელი შერჩეული სანქციის შესაბამისობის შემოწმება.
საგადასახადო სანქციის ცნებას განმარტავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლიც მიხედვითაც, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოთვლის საგადასახადო სანქციის სხვადასხვა სახეებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება სიმძიმის მიხედვით. ეს მუხლი აწესებს ასევე საგადასახადო სანქციის დაკისრების ზოგად პრინციპებს, როგორიცაა ერთი და იმავე ქმედებისთვის ორჯერ დასჯის აკრძალვა, სახდელთა შეკრების პრინციპი, ასევე აწესრიგებს სხვა საკითხებს. დასახელებული საკანონმდებლო ნორმა არ შეიცავს პირდაპირ რეგულირებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მონაცემები უნდა მიიღოს მხედველობაში სახდელის შემფარდებელმა ორგანომ სახდელის შერჩევისას, თუმცა, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებული საყოველთაო თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმები უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ სხვადასხვა სიმძიმის სახდელების დაწესება, სულ მცირე, არ უნდა იწვევდეს ერთსა და იმავე პირობებში უთანასწორო მოპყრობას. შესაბამისად, სახდელის შეფარდებისას, სამართალდარღვევის ბუნებიდან გამომდინარე, გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი მახასიათებლები, როგორიცაა: ჩადენილი ქმედების ხასიათი, სიმძიმე და ქმედების სხვა ობიექტური ფაქტორები, დამრღვევის პიროვნება, ბრალის ხარისხი და სხვა სუბიექტური მახასიათებლები. სწორედ ამ მონაცემების მიხედვით ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს სანქციის კონკრეტული სახე.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო სანქციის სახე დაკავშირებულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლების შეზღუდვასთან, შესაბამისად, სანქციის ამ სახის გამოყენება სხვა სახის სახდელთან ერთად, რომელიც თავის მხრივ, ასევე საკუთრების უფლების ჩამორთმევას გულისხმობს, დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დარღვევების შემთხვევაში და მის გასამართლებლად არ არის საკმარისი მოპასუხეთა არგუმენტი მასშტაბურად გავრცელებული სამართალდარღვევის აღკვეთის მიზანთან დაკავშირებით. სამართალდარღვევის ჩადენის ინდივიდუალური თუ ზოგადი პრევენცია, თავისთავად, წარმოადგენს სანქციის ერთ-ერთ მიზანს, განსაკუთრებით კი - ისეთი სახის სამართალდარღვევის, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს, თუმცა, ყოველი კონკრეტული შემთხვევა საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას და დაუშვებელია, ერთი სახის სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა მიმართ განურჩევლად ერთგვაროვანი მიდგომა. გასათვალისწინებელია საქონლის ოდენობა, მისი შემდგომი რეალიზაციით გამოწვეული სავარაუდო ზიანის მოცულობა, დამრღვევის პიროვნება, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის შესაძლო გავლენა მის ქონებრივ მდგომარეობაზე და სხვა ფაქტორები. მოცემულ შემთხვევაში კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანომ არ მიიღო მხედველობაში ამგვარი ინდივიდუალური გარემოებები.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს------ ი-----–---ის მიერ ჩადენილი ქმედებისთვის საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 მუხლით გათვალისწინებული სანქციის სამივე სახის გამოყენება, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, წარმოადგენს ზედმეტად მკაცრ ღონისძიებას. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაკლებად მკაცრი სანქციის - 1--- ლარის ოდენობით ჯარიმის და ქონების ჩამორთმევის გამოყენება სრულად უზრუნველჰყოფს სანქციის მიზნების მიღწევას და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა შეუსაბამოდ ამძიმებს სანქციას.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 30 ივნისის N EL------ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სანქციის სახით სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 აგვისტოს N2---- ბრძანება, სანქციის სახით სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში გასაჩივრებული ოქმის ბათილად ცნობაზე უარის თქმის შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ს------ ი-----–---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:
1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 30 ივნისის NEL------ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სახდელის სახით სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის სახით სახდელის გამოყენების ნაწილში.
1.2 ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 აგვისტოს N2---- ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
2. მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს დაეკისროს ს------ ი-----–---ის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სააპელაციო საჩივრის წარმოდგენის გზით.
მოსამართლე თამარ ხაჟომია