გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.03.2019
საქმის ნომერი
090210018002721234
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
13.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № (2/1--- 18) 090-1001800-7212-4

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 მარტი 2019 წელი ამბროლაური

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გურამ გოცირიძე

სხდომის მდივანი ქეთევან არჩვაძე

მოსარჩელე - ე-–--------------–-------

მოპასუხეები – ე-–------ შ---–--ე , ლ-----–---–--ე, გ------- შ---–--ე, გ---------------

წარმომადგენელი – ნ------- შ---–--ე

დავის საგანი - უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, აუცილებელი გზით სარგებლობისათვის

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1მოითხოვს საერთო სარგებლობის გზის პირვანდელი მდგომარეობის და უკანონო ხელშეშლის აღკვეთით, აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების აღდგენას.

მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებს იმ გარემოებებზე მითითებით, რომ ა-------–--------------------------–---------–------–- საკუთრებაში აქვს სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – 945 კვმ, მიწის ნაკვეთს ესაზღვრება მომიჯნავედ, მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთები, ფაქტობრივად, მოსარჩელის ნაკვეთი შემოსაზღვრულია მეზობელი მიწის ნაკვეთებით, დღეისათვის აღმოჩნდა, რომ ნაკვეთი დარჩენილია მისასვლელი გზის გარეშე. საერთო სარგებლობაში არსებული გზა დღეისათვის, მოპასუხეთა საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე შეერთებულია, ვინაიდან მოპასუხეების ე-–------ შ---–--ის, გ------- შ---–--ის, ლ-----–---–--ისა და გ----------------- საკარმიდამო ნაკვეთებს ესაზღვრება. მათი ამგვარი ქმედებით, დაირღვა მისი უფლება, ვერ სარგებლობს სავალი გზით, რომელიც საერთო სარგებლობის მიზანს ემსახურებოდა, წაერთვა გადაადგილების საშუალება და ნაკვეთის ფუნქციური გამოყენება ფაქტობრივად შეუძლებელია, რაც არსებითი ზიანის მომტანია. მოსარჩელე ითხოვს საერთო სარგებლობის გზის პირვანდელი მდგომარეობის და უკანონო ხელშეშლის აღკვეთით, აუცილებელი გზით სარგებლობის აღდგენას, შემდეგი მოცულობით: სიგრძე – 150 მ და სიგანე – 4მ.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოსარჩელემ მოთხოვნას მხარი დაუჭირა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითთებით, რაც სარჩელშია მითითებული.

 

2.მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე ე-–------ შ---–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით, სარჩელი არ ცნო, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელემ აღნიშნული ქონება დაირეგისტრირა საკუთრებაში სამი წლის შემდეგ, მისი კუთვნილი ქონების რეგისტრაციიდან. მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მისი უფლების რეგისტრაცია და ის გარემოებაც, რომ მისი ქონების რეგისტრაცია იყო კანონიერი და არ ლახავდა მის უფლებას და ის, რომ ძველისძველი შემოღობილი იყო ეს ადგილი, აშკარად შესამჩნევია ღობის სიძველის მიხედვითაც. მოსარჩელეს თავისი ნაკვეთის ქვემოთა მხრიდან, შეუძლია მოაწყოს მისასვლელი გზა. მის კუთვნილ ტერიტორიაზე გასასვლელი გზა არასოდეს ყოფილა. მოსარჩელეს გაურკვეველი ფოტომასალა აქვს წარმოდგენილი, რომლითაც ვერ მოხდება ფაქტების დადასტურება. ასევე, სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს მიწის შეფასების შესახებ, დასკვნა. აღნიშნული ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ ჩვენ გადაუხდით მოსარჩელეს მიწის ოდენობის შესაბამის თანხას – 945 ლარს და შევისყიდით აღნიშნულ მიწას.

 

მოპასუხე გ------- შ---–--ე წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებობს სოფლის გზა, რომელიც უკავშირდება მთავარ გზას და მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ნაკვეთიდან, თავისუფლად შესაძლებელია გზასთან დაკავშირება. ასევე, აღნიშნული ნაკვეთი არის ღია და ის არაა შემოსაზღვრული სამეზობლო ღობით. მათი მხრიდან, არ განხორციელებულა სავალი გზის მიერთება და ღობით შემოისაზღვრა მხოლოდ ის ტერიტორია, რომელიც არის მოპასუხეების საკუთრება. მოსარჩელის ნაკვეთს არ ესაზღვრება მათი ნაკვეთები, მიწას, რომელზეც მისასვლელადაც აუცილებელ გზას ითხოვს მოსარჩელე, დაშორებულია სხვის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებით.

 

მოპასუხე გ--------------- წარმოდგენილი შესაგებლით, სარჩელი არ ცნო, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მიწის ნაკვეთი რომელზეც მოსარჩელე მხარე ითხოვს სავალდებულო გზის მიცემას, მოპასუხეებს რეგისტრირებული აქვს 1--- წლის მიღება – ჩაბარების აქტების საფუძველზე, რომელშიც აღნიშნიულია მიწის ფართობად, იმდენივე კვადრატული მეტრი, რამდენიც შემოსაზღვრული აქვთ ღობით, მათთვის გაურკვეველია, თუ რის საფუძველზე აცხადებს მოსარჩელე, რომ ,,მივისაკუთრე’’ გარკვეული სადავო ტერიტორია.

 

მოპასუხე ლ-----–---–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით, სარჩელი არ ცნო, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის სიცრუე, რომ იგი სარგებლობდა აღნიშნული მიწის ნაკვეთით, როგორც სავალი გზით, რადგან კოლმეურნეობის დაშლის შემდეგ, მოხდა მიწის ნაკვეთების მისაკუთრება და გადანაწილება. მოპასუხე ე-–------ შ---–--ემ შეღობა საკუთარი მიწის ნაკვეთი, მისი შემოღობვა მოხდა, საკუთრებაში გადაცემის მერე, რისი დამადასტურებელიცაა ღობის სიძველე. მოსარჩელეს, როგორც არ უნდა ნდომოდა, ფიზიკურად შეუძლებელი იყო გადაადგილება აღნიშნულ ნაკვეთზე მანქანით, რადგან რეალურად აღნიშნული ღობე არც მისცემდა საშუალებას ესარგებლა მას ავტოსატრანსპორტო საშუალებით. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ როგორც საკადასტრო რუკით, ასევე ადგილზე დათვალიერებით ნათლად ჩანს, რომ სავალი გზა მდებარეობდა და იყო ყოველთვის სხვა ტერიტორიაზე. ასევე ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ შეუძლებელია მის ნაკვეთთან მიახლოება არის სიცრუე, რადგან როგორც თავადვე აღნიშნავს, მას აქვს ალტერნატივა ,, მეზობლის – მ--------------–--------’’ ნაკვეთზე გავლით, მივიდეს საკუთარ ნაკვეთთან. ასევე, როგორც საკადასტრო რუკიდან ჩანს, სავალი გზა გადის სხვა ადგილას და არანაირად არ არის კავშირში და არ ეხება მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოპასუხე გ---------------მ სარჩელი არ ცნო, იმ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, რაც შესაგებელშია მითითებული.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოპასუხეების წარმომადგენელმა ნ------- შ---–--ემ სარჩელი არ ცნო იმ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, რაც შესაგებელშია მითითებული. იმავდროულად, აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, ,,ენ-------------’’ ოფიციალურად გადაწყვიტა საერთო სარგებლობის გზაზე ელექტრო სადენების გატარება, რაც დღეის მდგომარეობით არის გაკეთებული ბაღის ტერიტორიაზე და შემდგომ, ამ გზიდან დაუკავშირდებიან ნაკვეთის მეპატრონეები, თავიანთ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1 ა-------–-------------------------–---------–------–- მდებარე სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ 8-.1-.2-.1-- (დაზუსტებული ფართობი – 945 კვმ) წარმოადგენს ე-–--------------–-------- საკუთრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

–ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

3.1.2 ა-------–-------------------------–---------–------–- მდებარე სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ 8-.1-.2-.0-- (ნაკვეთის წინა ნომერი 8-.1-.0-.5--- დაზუსტებული ფართობი – 1980 კვმ, შენობა – ნაგებობის საერთო ფართი 75.29) წარმოადგენს ე-–------ შ---–--ის საკუთრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

–ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

3.1.3 ა-------–-------------------------–---------–------–- მდებარე სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ 8-.1-.2-.0-- (დაზუსტებული ფართობი – 1895 კვმ) წარმოადგენს ლ---- შ---–--ის საკუთრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

–ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

3.1.4 ა-------–-------------------------–---------–------–- მდებარე სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ 8-.1-.2-.0-- (დაზუსტებული ფართობი – 820 კვმ) წარმოადგენს გ---------------ს საკუთრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

–ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

3.1.5 ა-------–-------------------------–---------–------–- მდებარე სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ 8-.1-.2-.0-- (დაზუსტებული ფართობი – 2566 კვმ) წარმოადგენს გ---------------ს საკუთრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

–ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

დასადგენ სადავო გარემოებას წარმოადგენს, მოპასუხეების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს თუ არა ერთადერთ აუცილებელ გზას, მოსარჩელის მიწის ნაკვეთთან დასაკავშირებლად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას, სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად, ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. აუცილებელი გზის მოწყობა მოსარჩელის ინტერესში შედის, ამიტომ მან უნდა დაამტკიცოს, რომ ერთადერთი გზა, რომლითაც მოსარჩელე ისარგებლებს მიწის ნაკვეთში მისასვლელად, ესაა მხოლოდ მოპასუხეების კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული გზა. თავის მხრივ, მოპასუხეებმა უნდა დაამტკიცონ, რომ არსებობს სხვა გზა, რომლითაც მოსარჩელე ისარგებლებს მიწის ნაკვეთებზე მისასვლელად.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით, მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებების ანალიზით. მხარეები მტკიცებულებებით ერთმანეთს ეჯიბრებიან ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში. სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას, ამა თუ იმ ფაქტის არსებობისა. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიძლება გამოდგეს ამა თუ იმ ფაქტის დასადასტურებლად, ან არ გამოდგეს. საკითხი, თუ რამდენად ვარგისია მტკიცებულება ფაქტის დასადგენად, უნდა გადაწყდეს მტკიცებულების შეფასებით. წინამდებარე შემთხვევაში, უნდა შეფასდეს მხარეთა და მოწმეთა განმარტებების ობიექტურობა და სიმყარე. მხარეთა განმარტება მყარია მხოლოდ მაშინ, თუ მათი განმარტებები დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. სასამართლოს შინაგან რწმენას უყალიბებს სწორედ შეკრებილი მტკიცებულებები. მათი ანალიზი სასამართლოს უნდა უქმნიდეს ფაქტების არსებობის უმაღლესი ხარისხის ალბათობას, რაც გონივრული ეჭვის საფუძველზე, შემოწმებით დადასტურდება და უფრო მეტ დამაჯერებლობას შესძენს ფაქტობრივ გარემოებებს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც, მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის, ან არარსებობის შესახებ.

 

მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით, არ დასტურდება ის, რომ სარგებლობდა მოპასუხეების მფლობელობაში არსებული, შემავალი გზით და მოპასუხეებმა თვითნებურად აუკრძალეს ეს უფლება, რაც სარჩელში აქვს მითითებული. მას არანაირი მტკიცებულება ამის შესახებ არ წარმოუდგენია, შემოიფარგლა მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით. ამდენად, სახეზე არ არის მოპასუხეების მიწის ნაკვეთების აუცილებელი გზით დატვირთვის აუცილებლობა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად, მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის, უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც, უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას, სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების, ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება".

 

6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში, თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ, ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების, ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

აღნიშნული ნორმის მიხედვით, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური და იგი იზღუდება კანონით, ან ხელშეკრულებით, თუმცა ამგვარი შეზღუდვისათვის, უნდა არსებობდეს მართლზომიერი საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა, ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.

 

დასახელებული ნორმით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში, პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ, თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ, ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან. „ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელ კავშირში“ არ იგულისხმება ბილიკი, ან არასაავტომობილო გზა. აღნიშნული გულისხმობს, მიწის ნაკვეთთან ჯეროვან მისასვლელს, რომელიც, სულ მცირე, უზრუნველყოფს ნაკვეთის დანიშნულებისამებრ გამოყენებას, ასევე, გადაუდებელი დახმარების სამსახურების დანიშნულების ადგილამდე მიღწევას. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ ისეთ დანაწესს წარმოადგენს, როდესაც მხოლოდ აუცილებლობა, ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება, ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლების მხოლოდ ამგვარ შემთხვევებში დადგენა, განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, რომლის შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ აუცილებელი ბოჭვის ფარგლებში (იხ. სუსგ №ას-10--100-2011, 24 მაისი, 2011 წელი; №ას-70-68-2014, 6 აპრილი, 2015 წელი, სუსგ საქმე №ას-976-937-2014; 8 აპრილი, 2015 წელი).

 

გასათვალისწინებელია, რომ აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით, პროპორციული უნდა იყოს დასახულ მიზანთან. ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში, პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ, თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ აუცილებელი გზა იმდაგვარად უნდა დადგინდეს, რომ ორივე მხარის უფლებები უნდა იყოს დაცული და მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის შესაძლებლობა ყველაზე ნაკლებად შეიზღუდოს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ამასთან, აუცილებელი გზით მიწის ნაკვეთის დატვირთვისას, მესაკუთრეების უფლების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა გამოირიცხოს აუცილებელი გზით დატვირთული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ზედმეტად დავალდებულება და, ამავდროულად, სხვა მესაკუთრისათვის ნაკლებად ზიანის მომტანი გზის არსებობა.

 

კანონმა მესაკუთრეს მიანიჭა უფლება შეუზღუდავად ფლობდეს და სარგებლობდეს საკუთრებით, მაგრამ საკუთრების ფლობისა და სარგებლობის შეუზღუდავმა თავისუფლებამ, არ უნდა შელახოს მეზობლების, ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ასევე, ეს მოქმედება არ უნდა წარმოადგენდეს უფლების ბოროტად გამოყენებას. მიუხედავად იმისა, რომ მესაკუთრეს კანონმა მიანიჭა სრული ბატონობის უფლება, ამასთან ერთად, ამ ბატონობის გამოყენება დააკავშირა უფლების გამოყენების კეთისინდისიერებასთან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უფლება არის პირის უნარი მოითხოვოს რაიმე მოქმედების შესრულება, ან შესრულებისაგან თავის შეკავება, ანუ კანონი, მოთხოვნის უფლების მქონე პირებს ანიჭებს სრულ თავისუფლებას, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოითხოვონ მოქმედების შესრულება, ან თავის შეკავება, ან შეასრულონ რაიმე მოქმედება, ან თავი შეიკავონ ამ მოქმედების შესრულებისაგან. მოთხოვნის უფლების მქონე პირი უფლებით უნდა სარგებლობდეს კეთილსინდისიერად. მისი გამოყენება არაკეთილსინდისიერად, წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. უფლების ბოროტად გამოყენება არის მოქმედება, ან უმოქმედება, რომელიც მხოლოდ სხვებს აყენებს ზიანს ისე, რომ არ არის გამოკვეთილი ამ უფლებით მოსარგებლე პირის ინტერესების უპირატესობა. უფლების ბოროტად გამოყენებას კრძალავს საქ. სკ-ის 1-5-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, „სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.“ აღნიშნული ნორმა საერთო ჯამში ემსახურება საქ. სკ-ის მერვე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესს, რომლის მიხედვითაც, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს ეკისრებათ ვალდებულება კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მიხედვით, უფლება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას გარკვეული ფაქტისადმი. მას უნდა სწამდეს, რომ მისი ქმედება სამართლიანია, არაა კანონსაწინააღმდეგო. იგი გარკვეულ ფაქტებს უნდა აფასებდეს ისე, როგორც ამას შეაფასებდა გარკვეული ურთიერთობის გარეთ მდგომი მესამე პირი, რომლის ინტერესებიც არაა ამ ურთიერთობაში გამოკვეთილი და, რომელიც ობიექტურად აფასებს შექმნილ ვითარებას. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს აქვს უფლება საკუთარი სურვილისამებრ, აწარმოოს მიწის ნაკვეთის მართვა (შეღობოს, გათოხნოს, ნარგავები დარგოს, სახლი ააშენოს და ა. შ.) მაგრამ ეს არ უნდა ემსახურებოდეს სხვებისათვის ზიანის მიყენებას, მას უნდა ამოძრავებდეს საკუთარი ლეგიტიმური მიზნების მიღწევის სურვილი და კეთილსინდისიერად უნდა სწამდეს, რომ ამას არ აკეთებს სხვებისათვის, მარტოოდენ ზიანის მიყენებისათვის.

 

მოსარჩელე ე-–--------------–------- ამტკიცებს, რომ მის საკუთრებაში არსებულ სასოფლო –სამეურნეო მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზა დღეის მდგომარეობით, მიერთებული აქვს მოპასუხეებს ე-–------, გ-------, ლ-----–---–--ეებს და გ---------------ს თავის საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე. იმავდროულად აღნიშნავს, რომ მას დღეისათვის, ერთადერთი ალტერნატივა აქვს, მივიდეს მის ნაკვეთამდე მეზობლის – მ--------------–-------- ნაკვეთზე გავლით, რასაც ადასტურებენ მოპასუხეები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდქსის მე–3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, განცხადების ან სარჩელის შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას, სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.

 

იმავე კოდექსის 79–ე მუხლის თანახმად, სასამართლო საქმის განხილვას შეუდგება დაინტერესებული პირების განცხადებით. მხარეებად, სასამართლოში შეიძლება გამოვიდნენ ფიზიკური და იურიდიული პირები, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მხარეებად, შეიძლება იყვნენ ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს აქვს უფლება თვითონ განსაზღვროს როგორც დავის საგანი, ასევე, მოპასუხე მხარე.

 

თუმცა, ამავე კოდექსის 85–ე მუხლის მიხედვით, თუ საქმის განხილვისას, სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით, შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით, თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით, უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში კი, ასეთ გარემოებას ადგილი არა აქვს, მაგრამ მოპასუხეების ე-–------ შ---–--ის, ლ-----–---–--ის, გ------- შ---–--ის და გ---------------ს მიწის ნაკვეთების ნაწილის მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემის შედეგადაც კი, მისი მოთხოვნა – საკუთარ ნაკვეთთან მისასვლელი გზით დაკავშირების თაობაზე, ვერ აღსრულდება, ვინაიდან გარდა მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული ნაკვეთებისა, აგრეთვე არსებობს ე-–----–-------–---–-- ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს მოსარჩელისა და მოპასუხეთა ნაკვეთებს შორის და მოსარჩელეს კი მოპასუხედ, დასახელებული არა ჰყავს, რისი პრეროგატივაც მას გააჩნდა.

 

ამასთან, გასათვალისწინებულია ის ვითარებაც, რომ არსებობს მოსარჩელის ნაკვეთთან მისვლის ალტერნატიული ვარიანტი, მე-------------–-------- ნაკვეთის ხარჯზე, რაც შედარებით მცირე ზიანს გამოიწვევს, ვინაიდან მხოლოდ ერთი პირის მიმართ, მოუწევს მოთხოვნის დაყენება, ან მორიგება.

 

ამდენად, მოსარჩელე ე-–--------------–-------- ასარჩევია თუ ვის წინააღმდეგ განაცხადებს პრეტენზიას და სარჩელს შეიტანს სასამართლოში.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და სადავო არ არის, რომ ა-------–-------------------------–---------–------–- მდებარე მიწის ნაკვეთი, სკ 8-.1-.2-.1-- წარმოადგენს მოსარჩელე ე-–--------------–-------- საკუთრებას. მიწის ნაკვეთი, ს/კ 8-.1-.2-.0-- წარმოადგენს მოპასუხე ე-–------ შ---–--ის საკუთრებას. მიწის ნაკვეთი, 8-.1-.2-.0-- წარმოადგენს მოპასუხე ლ-----–---–--ის საკუთრებას. მიწის ნაკვეთი, 8-.1-.2-.0-- წარმოადგენს მოპასუხე გ------- შ---–--ის საკუთრებას და ასევე მიწის ნაკვეთი, 8-.1-.2-.0-- წარმოადგენს მოპასუხე გ---------------ს საკუთრებას.

 

მოსარჩელის მიერ სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით ვერ იქნა დადასტურებული ის ფაქტი, რომ ის წლების განმავლობაში, მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელად, სარგებლობდა სახელმწიფო საკუთრების გზით. ადგილზე დათვალიერების შედეგად, სასამართლოს მიერ, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ არ არსებობს მოპასუხეების ნაკვეთში გამავალი სახელმწიფო საკუთრების გზა, ასევე, ადგილზე დათვალიერებით არ დადასტურდა ამ გზის არსებობა ადრე, წლების წინ. ადგილზე დათვალიერებით, ასევე დადგენილი იქნა, რომ არსებობს მოსარჩელის მიწის ნაკვეთში სხვა მესაკუთრეთა მიწის ნაკვეთების გავლით, გზის მოწყობის შესაძლებლობა და მოპასუხეების მიწის ნაკვეთი ერთადერთს არ წარმოადგენს. სასამართლოს მიერ, ვერ იქნება გაზიარებული მოსარჩელის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხეებმა ე-–------ შ---–--ემ, ლ-----–---–--ემ, გ------- შ---–--ემ და გ----------------- უკანონოდ დაიკავა სახელმწიფო გზის მონაკვეთი და მას სადავო გზა გადაუკეტა და არ აძლევს ამ გზით სარგებლობის საშუალებას.

 

ასევე, წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად არ დგინდება, რომ მოპასუხეების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი არის საჯარო გზასთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა. ამასთანავე, მოპასუხეების მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზის დადგენის შემთხვევაში, აღნიშნული გამოიწვევს აუცილებელი გზით დატვირთული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ზედმეტად დავალდებულებას, მაშინ როდესაც იკვეთება სხვა მესაკუთრისათვის ნაკლებად ზიანის მომტანი გზის არსებობა. სადავო არ არის ის გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით, მოსარჩელეს მიწის ნაკვეთან მისასვლელი გზა არ აქვს, მაგრამ ეს არ აძლევს მას საფუძველს, აიძულოს მოპასუხეები ისარგებლოს მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებით და მოაწყოს მასზე აუცილებელი გზა, მაშინ როდესაც შესაძლებელია ასეთი გზის მოწყობა სხვა მხრიდანაც, რასაც მოსარჩელე არ მიმართავს.

 

6.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა”.

 

ამავე კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილით ,,რეესტრის მონაცემების მიმართ, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოიშობა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. უძრავი ქონების მესაკუთრე არის ის, ვინც ამ ქონების მესაკუთრედაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლება ითვლება ნამდვილად მანამ, სანამ არ დადგინდება მისი უზუსტობა. მტკიცებულებათა ანალიზით დადგენილი იქნა, რომ უძრავი ქონება მდებარე ა-------–--------------------------–---------–------–ი, რომლის გამოყენებითაც, სავალდებულო გზის უფლების რეალიზაციას ითხოვს მოსარჩელე, ე-–------ შ---–--ის, ლ-----–---–--ის, გ------- შ---–--ისა და გ---------------ს საკუთრებადაა რეგისტრირებული.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეების საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არ გადის მოსარჩელის საკარმიდამო მიწის ნაკვეთთან დამაკავშირებელი რაიმე სახის გზა. უფრო მეტიც, თუ კი მოხდებოდა მოპასუხეებისათვის მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე გავლით გზის მოწყობის ზედმეტად დავალდებულება, მაშინაც კი მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა არ არსებობს, რადგან გარდა მოპასუხეების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა, არსებობს სხვის საკუთრებაში არსებული სხვა მიწის ნაკვეთებიც მოსარჩელის ე-–--------------–-------- საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთამდე და შესაბამისად, სახეზე არ არის მოპასუხეების მიწის ნაკვეთების აუცილებელი გზით დატვირთვის აუცილებლობა.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების, ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. მე-3 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ ხდება უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფა, ან სხვაგვარი ხელშეშლა, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა.

 

სასამართლო განმარტავს შემდეგს, აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც, მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და, ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. საკუთრების ხელყოფის, ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის უფლება წარმოიშობა მაშინ, როცა სახეზეა შემდეგი საფუძვლები: ა) მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე; ბ) ნივთი მესაკუთრის მფლობელობაშია; გ) მოპასუხე ხელყოფს, ან სხვაგვარად ხელს უშლის მოსარჩელეს თავისი საკუთრებით სარგებლობაში. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის, ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ფაქტის არსებობა კი, როგორც წესი, დადასტურებული უნდა იქნას სათანადო მტკიცებულებებით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ე-–--------------–-------- ინტერესების დაცვა არ უნდა განხორციელდეს მოპასუხეების ე-–------ შ---–--ის, ლ-----–---–--ის, გ------- შ---–--ისა და გ----------------- არათანაზომიერი შეზღუდვის გზით. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეები ე-–------ შ---–--ე, ლ-----–---–--ე, გ------- შ---–--ე და გ----------------, როგორც მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები აღჭურვილნი არიან სამოქალაქო კოდექსის 170 –ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებით და ამ უფლების შეზღუდვის საფუძვლები არ არსებობს, ამისათვის, მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებები ვერ წარმოუდგინა სასამართლოს. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული თმენის ვალდებულება შეუზღუდავი არაა და არ გულისხმობს მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ინტერესების იგნორირებას.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით კანონი მესაკუთრის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების შეზღუდვას აწესებს მხოლოდ ნორმაში არსებული წინაპირობათა უტყუარად არსებობის შემთხვევაში. ამასთან, მატერიალური სამართლით გათვალისწინებული წინაპირობათა არსებობა კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით სარწმუნოდ უნდა იქნეს დადგენილი შესაბამისი მტკიცებულებებით, რაც განსახილველ შემთხვევაში არ მომხდარა.

 

6.7. გარდა ზემოთ აღნიშნულისა სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებათობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მხულის შესაბამისად დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით, ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105 -ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც, გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა, ან არარსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე, ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც, იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახლიველ საქმეზე მოსარჩელის მიერ, სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ ყოფილა, ვინაიდან იგი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

8. სასარჩელო უზრუნველყოფის ღონისძიება

 

მოცემულ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-ე , მე-8, 46-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ე-–---------------–-------- სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

2. მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ.N32), სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის: ამბროლაური, მ. კოსტავას ქუჩა N13), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან – 14 დღის ვადაში.

 

4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან, არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან – 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გურამ გოცირიძე