გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160210017001997936
№2/662-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06 თებერვალი, 2019 წელი ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - თეა ლეონიძე
სხდომის მდივნები: დიანა ქოჩორაშვილი, თამთა როყვა
მოსარჩელე - შპს ,,სოდაკო ფინანსი’’
წარმომადგენლები - ეკატერინე შუბითიძე, ქეთევან გაჩეჩილაძე
მოპასუხე - თ------ მ-----–----
დავის საგანი - ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე თ------ მ-----–----სათვის, მოსარჩელე შპს ,,სოდაკო ფაინენსის“ სასარგებლოდ 2016 წლის 11 იანვრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრება 1672.80 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხა შეადგენს 500 ლარს, სარგებელი -110 ლარს, პირგასამტეხლო - 1057.80 ლარს, საკომისიო - 5 ლარს.
1.2. მოპასუხე თ------ მ-----–----სათვის, მოსარჩელე შპს ,,სოდაკო ფაინენსის“ სასარგებლოდ ზიანის ანაზრაურების სახით 1 555.07 ლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (ს.ფ. 6-12):
2016 წლის 11 იანვარს, მხარეებს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება #25539, რომლის საფუძველზეც, მოპასუხეზე გაიცა სესხი 500 ლარის ოდენობით;ხელშეკრულების თანახმად, სესხის (500 ლარი) დაბრუნების ვადად განისაზღვრა 30 დღე, საპროცენტო განაკვეთი - 22% (110 ლარი), სესხის მომსახურების საკომისიო - 5 ლარი. ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის სარგებლობის მაქსიმალური ვადის (30 დღე) გასვლის შემდგომ, სესხის ძირითადი თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში, სესხს დაერიცხებოდა ყოველი ვადაგადაცილებული 30 კალენდარული დღისთვის გადასახდელი თანხის 22 %, სესხის თანხის ან სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში კი პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - დარჩენილი ძირითადი თანხის 0.4% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხე არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას;
შპს ,,სოდაკო ფაინენსმა“ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გაცემის მოთხოვნით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მის მიერ გადახდილი იქნა სააპლიკაციო საფასური 100 ლარის ოდენობით. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 17 მაისს მიღებული იქნა #16044700/270271 გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ.
სარჩელის აღძვრის დროისათვის მოპასუხის დავალიანება შეადგენს 3327.87 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 500 ლარი, სარგებელი - 110 ლარი, მომსახურების საკომისიო 5 ლარი, სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანი ყოველი 30 კალენდარული დღის გადაცილებისათვის - 1555.07 ლარი, პირგასამტეხლო - ნარჩენი ძირითადი თანხის დღიური 0.4% ხელშეკრულების დარღვევის მომდევნო დღიდან მოყოლებული ვადაგადაცილებულ დღეებზე - 1057.80 ლარი, აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი აპლიკაციის საფასური - 100 ლარი.
2. მოპასუხეთა პოზიცია:
წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხე თ------ მ-----–---მა სარჩელი არ ცნო. სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული პოზიციით მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის - 500 ლარის, დარიცხული სარგებლის - 110 ლარისა და საკომისიოს სახით 5 ლარის დაკისრების ნაწილში.
ხელშეკრულების პირობების დარღვევა არ ყოფილა მსესხებლის თვითმიზანი, ხელშეკრულების პირობები კაბალურია, ვინაიდან, მოსარჩელე იყენებს ბაზარზე დომინირებულ მდგომარეობას და ზოგადი, არასაბაზრო მოცემულობით და პრინციპებით ცდილობს მიიღოს გასესხებული თანხიდან შემოსავალი;
მოსარჩელეს მოთხოვნის თანახმად, საბოლოო დასაფარი თანხაა - 3327.87 ლარი, რაც გაცემულ თანხაზე 2828.87 ლარით მეტია, რაც თავის მხრივ, ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაა;
მოთხოვნილი პროცენტი და პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2016 წლის 11 იანვარს, მხარეებს შორის გაფორმდა სესხის #25539 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სესხის ოდენობა განისაზღვრა 500 ლარით, სესხის დაბრუნების ვადა - 30 დღით, საპროცენტო განაკვეთი - 22%-ით, სესხის მომსახურების საკომისიო-5 ლარით. ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის სარგებლობის მაქსიმალური ვადის (30 დღე) გასვლის შემდგომ, სესხის თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში ყოველი ვადაგადაცილებული 30 კალენდარული დღისთვის სესხს დაერიცხებოდა სარგებელი გადასახდელი თანხის 22 %-ის ოდენობით, ხოლო სესხით სარგებლობის მაქსიმალური ვადის გასვლის შემდგომ, სესხის ძირითადი თანხის, ან სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში სესხს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო - ნარჩენი ძირითადი თანხის 0.4%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება (ს.ფ. 21-24)
3.1.2. 2016 წლის 11 იანვრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელზე, თ------ მ-----–---ზე გაიცა სესხი 500 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი)
3.1.3. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ თ------ მ-----–---მა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სესხის, სარგებლისა და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს დაბრუნების ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი)
3.1.4. შპს ,,სოდაკო ფაინენსმა“ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გაცემის მოთხოვნით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მის მიერ გადახდილი იქნა სააპლიკაციო საფასური 100 ლარის ოდენობით. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 17 მაისს მიღებული იქნა #16044700/270271 გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ, მხარეთა შორის მორიგების მიუღწევლობის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N16044700/270271 გადაწყვეტილება , (ს.ფ. 26)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სარჩელის აღძვრის დროისათვის მოპასუხის დავალიანება შეადგენს 3327.87 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 500 ლარი, სარგებელი - 110 ლარი, მომსახურების საკომისიო 5 ლარი, სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანი - 1555.07 ლარი, პირგასამტეხლო - ნარჩენი ძირითადი თანხის დღიური 0.4% ხელშეკრულების დარღვევის დღიდან ვადაგადაცილებულ დღეებზე - 1057.80 ლარი, აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი აპლიკაციის საფასური - 100 ლარი.
სარგებლისა და პირგასამტეხლოს დარიცხვის ფაქტი თ------ მ-----–---ს სადავოდ არ გაუხდია. მოპასუხე მხარემ სადავოდ გახადა მხოლოდ დარიცხული პირგასამტეხლოსა და მოთხოვნილი ზიანის ოდენობები და მოითხოვა მათი შემცირება გონივრულ ოდენობამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 361-ე, მე-400, 50-ე, 54-ე, 325-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 394-ე, 408-ე, 394-ე, 403-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად კი, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის წარმოშობილია სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად. სასამართლო მიუთითებს, რომ ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებასაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსესხებლის - თ------ მ-----–----ს მიერ დარღვეულია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის განსაზღვრულ ვადაში დაბრუნების თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას. შესაბამისად, დასახელებული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების სრულ საფუძველს.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, მან სარჩელი ცნო 2016 წლის 11 იანვრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის 500 ლარის, სარგებლის სახით დარიცხული 110 ლარისა და საკომისიოს სახით დარიცხული 5 ლარის, სულ 615 ლარის დაკისრების ნაწილში.
მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, წარმოადგენს ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველს.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 11 იანვრის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, სესხის სარგებლობის მაქსიმალური ვადის (30 დღე) გასვლის შემდგომ, სესხის თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში ყოველი ვადაგადაცილებული 30 კალენდარული დღისთვის სესხს დაერიცხებოდა სარგებელი გადასახდელი თანხის 22 %-ის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი უთიერთობის წარმოშობის შეცვლის ან შეწყვეტისკენ.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლზე, რომლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
სასამართლო განმარტავს, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები’’ [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული ზიანის ანაზღაურებისათვის განსაზღვრული პროცენტი. მართალია, ამ შეთავაზებას მოპასუხე დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც მოსარჩელე მოქმედებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე’’.
სასამართლო მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და მოსარჩელე მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება (იხ. სუსგ №ას-663-629-2015, 28 ივლისი 2015 წელი). ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის სარგებლობის მაქსიმალური ვადის (30 დღე) გასვლის შემდგომ სესხის თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში ყოველი ვადაგადაცილებული 30 კალენდარული დღისთვის გადასახდელი თანხის 22%, და იმავდროულად პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - დარჩენილი ძირითადი თანხის 0.4% განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, მართლზომიერების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, რაც მან ვერ დაამტკიცა.
ამრიგად, მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების დებულება, რომლითაც მოსარჩელემ სესხისათვის შეუსაბამო პირობები განსაზღვრა, მაშინ როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას ამავე კოდექსის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე.
უცილოდ ბათილ გარიგებას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება. მის ასეთად აღიარებას არ სჭირდება არც მხარის შეცილება და არც მისი ბათილობის მოთხოვნა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხემ შეცილება გააკეთა და მიუთითა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის არაგონივრულობაზე.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სესხის სარგებელი ნაცვლად 1555,07 ლარისა უნდა განისაზღვროს მისი შემცირებული ოდენობით - 155 ლარით, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2016 წლის 11 იანვრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის გადახდა 155 ლარის ოდენობით.
6.4. მოპასუხის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმებით განსაზღვრულ იქნა პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლო მიიჩნევს, რომ 2016 წლის 11 იანვარს სესხის ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 1057.80 ლარის ოდენობით არის შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული და არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. დადგენილია, რომ 2016 წლის 11 იანვრის სესხის ხელშეკრულების თანახმად განისაზღვრა ვადაგადაცილების ჯარიმა - ნარჩენი ძირითადი თანხის 0.4%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მხარეთა შორის სადავო არ არის მოპასუხის მიერ სესხის ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი. დადგენილია, რომ ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ დაერიცხა პირგასამტეხლო - 1057.80 ლარის ოდენობით. მხარეთა შორის სადავოა დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა. სასამართლო იზიარებს მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებასთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda’’-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015). შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე №ას-1560-1463-2012). მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების „მნიშვნელოვანი’’ თუ „უმნიშვნელო’’ დარღვევა შეფასებითი კატეგორიებია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი შეფასება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. მითითებული გარემოება კი შეფასების საგანი შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობის კონტექსტში. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დანიშნულებისა და მისი განაკვეთის შემცირების წინაპირობების თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ. სუსგ №ას-170-165-2016, 14 ივნისი, 2016 წელი; სუსგ №ას-48-43-2015, 19 მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას-637-603-2015, 23 ოქტომბერი, 2015 წელი; სუსგ №ას-23-23-2014, 10 აპრილი, 2014 წელი; სუსგ №ას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ მოპასუხის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო არ არის გონივრული, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და მისი გადახდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების ვადის დარღვევის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მხარეთა ინტერესის, მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ამასთანავე იმ გარემოებაზე ყურადღების გამახვილებით, რომ მოსარჩელე რეალურად მის მიერ სესხად გაცემული თანხის გარდა ასევე იღებს მასზე დარიცხულ სარგებელს და ამასთან, მიღებული აქვს თანხა სესხის დაფარვის ვადის გადავადებისათვის, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, რაც შედგენს 1057.80 ლარს, შეუსაბამოდ მაღალია, იგი უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 105 ლარის ოდენობით. 6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. დადგენილია, რომ შპს ,,სოდაკო ფაინენსმა“ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გაცემის მოთხოვნით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მის მიერ გადახდილი იქნა სააპლიკაციო საფასური 100 ლარის ოდენობით. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 17 მაისს მიღებული იქნა #16044700/270271 გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ, მოპასუხე მხარის მიერ შეთანხმებაზე უარის თქმის გამო. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 100 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით (ს.ფ.14). მოპასუხემ ცნო სარჩელი ძირითადი თანხის გადახდის 615 ნაწილში, რაც სასარჩელო მოთხოვნის 18%-ია. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 18 ლარი. დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად კი მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 10 ლარის ანაზღაურება, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი კი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, მე-11, მე-14, 39-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,სოდაკო ფინანსის’’ სარჩელი, მოპასუხე თ------ მ-----–----ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე თ------ მ-----–---ს მოსარჩელე შპს ,,სოდაკო ფინანსის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 11 იანვრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 615 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 500 ლარი, სარგებელი - 110 ლარი და სესხის საკომისიო - 5 ლარი;
3. მოპასუხე თ------ მ-----–---ს მოსარჩელე შპს ,,სოდაკო ფინანსის’’ სასარგებლოდ დაეკისროს სახელშეკრულებო ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება 155 ლარის ოდენობით;
4. მოპასუხე თ------ მ-----–---ს მოსარჩელე შპს ,,სოდაკო ფინანსის’’ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 105 ლარის ოდენობით.
5. მოპასუხე თ------ მ-----–---ს შპს ,,სოდაკო ფინანსის’’ სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურების სახით 100 ლარის გადახდა.
6. მოსარჩელე შპს ,,სოდაკო ფინანსის’’დაუბრუნდეს მის მიერ, 2017 წლის 03 ივლისს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 18 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე - მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300 093 150, საგადახდო დავალება №183.
7. მოპასუხე თ------ მ-----–---ს, მოსარჩელე შპს ,,სოდაკო ფინანსის’’ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 10 ლარის ოდენობით; მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თეა ლეონიძე