გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.03.2019
საქმის ნომერი
330210018002520678
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
13.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/19707-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით 13 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამარ აკობია

მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) - შპს ,,გ----’’

წარმომადგენელი - გ------------–------–---–ი, ქ----------------–---–ი, ს--------------–---–ი

მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) - შპს ,,ვ----------ი’’

წარმომადგენელი - დ--–---–-----ე, მ-----------–---–ი, პ------------–--ე, ქ-------------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. მოთხოვნა სარჩელში:

1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 1 375 ლარის გადახდა;

2. მოთხოვნა შეგებებულ სარჩელში:

2.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულებიდან გასვლით მიყენებული ზიანის - 10 000 ლარის ანაზღაურება.

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (ს.ფ. 1-15):

1.1.1. მხარეებს შორის 2018 წლის 12 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება №1-------, რომლის საგანსაც წარმოადგენდა 2015 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 01 იანვრამდე პერიოდში მოპასუხის მიერ მისი ფინანსური ანგარიშგების აუდიტი და 2015 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 01 თებერვლამდე პერიოდის საგადასახადო აუდიტი და საკონსულტაციო მომსახურება;

1.1.2. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხის მიერ გასაწევი მომსახურების ღირებულება შეადგენდა 22 000 ლარს დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლით;

1.1.3. ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 დღეში მოპასუხისთვის გადახდილ იქნა 10 000 ლარი ავანსის სახით, ხოლო დარჩენილი 12 000 ლარი კი უნდა გადახდილიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების დასრულების შემდეგ;

1.1.4. ხელშეკრულების გაფორმების დღესვე - 2018 წლის 12 თებერვალს, მოპასუხის ანგარიშზე გადარიცხა ავანსის თანხა - 10 000 ლარი;

1.1.5. ხელშეკრულების გაფორმების დღესვე - 2018 წლის 12 თებერვლის საღამოს იგი დაუკავშირდა მოპასუხეს და აცნობა ხელშეკრულებიდან გასვლის სურვილის თაობაზე, რამდენადაც ხელშეკრულების გაფორმება მოხდა დაჩქარებული წესით და სიტუაციის, ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების გაანალიზების შემდეგ კი გადაწყდა, რომ მას არ სჭირდებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურებით სარგებლობა;

1.1.6. ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე მოპასუხეს ეცნობა ხელშეკრულების დადებიდან მეორე დღესვე - 2018 წლის 13 თებერვალს, იმ ელექტრონული მისამართის საშუალებით, რომლითაც მანამდე ხდებოდა მათ შორის მიმოწერა;

1.1.7. მოპასუხის უფლებამოსილი წარმომადგენელი (დირექტორი) სატელეფონო საუბრისას დაეთანხმა ხელშეკრულებიდან გასვლის ფაქტს;

1.1.8. 2018 წლის 19 თებერვალს მოპასუხის მიერ განხორციელდა თანხის ნაწილის - 4 000 ლარის დაბრუნება. დარჩენილის დაბრუნებისათვის კი მოპასუხემ ითხოვა გარკვეული ვადა;

1.1.9. 2018 წლის 21 მარტს მოპასუხეს გაეგზავნა წერილი დარჩენილი თანხის დაბრუნების მოთხოვნით;

1.1.10. 2018 წლის 28 მარტს მოპასუხის მიერ განხორციელდა თანხის ნაწილის - 4 625 ლარის დაბრუნება;

1.1.11. ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი თანხიდან მოპასუხეს დასაბრუნებელი დარჩა 1 375 ლარი;

1.1.12. მიუხედავად იმისა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებიდან გასვლაზე და მიღებულის უკან დაბრუნებაზე, რაც გამოიხატება მოპასუხის მიერ თანხის ნაწილის დაბრუნების ფაქტში, მოპასუხემ უარი განაცხადა დარჩენილი 1 375 ლარის დაბრუნებაზე;

1.1.13. ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად, მოპასუხე აუდიტს განახორციელებდა მხოლოდ შემოწმების პროცესში წარდგენილი დოკუმენტებისა და ინფორმაციის საფუძველზე. ხელშეკრულებიდან გასვლამდე მას მოპასუხისთვის გაგზავნილი ჰქონდა მხოლოდ მცირე დოკუმენტაცია მომსახურების ღირებულების განსაზღვრის მიზნით, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს ხელშეკრულებიდან გასვლამდე მოპასუხის მიერ რაიმე სახის შესრულების განხორციელებას, შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს დარჩენილი თანხის - 1 375 ლარის გადახდა.

 

შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (ს.ფ.103-118):

2.1.1. 2017 წლის აგვისტოში მოსარჩელე დაუკავშირდა და სთხოვა აუდიტორული შემოწმების ჩატარება;

2.1.2. ვინაიდან იმ პერიოდისათვის დროის უქონლობის გამო შპს ,,ვ----------ი’’ ვერ განახორციელებდა შპს ,,გ----ს’’ აუდიტორულ შემოწმებას, მხარეებმა ზეპირი შეთანხმებით აუდიტორული შემოწმების პერიოდად განსაზღვრეს ოქტომბრის თვე, რაზეც შპს ,,გ----ს’’ ერთი თვით ადრე უნდა ეცნობებინა, თუმცა ამის შემდეგ აღარ დაკავშირებია;

2.1.3. 2018 წლის 05 თებერვალს საჯაროს გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შპს ,,გ----ს’’ მიერ უხარისხოდ შესრულდა ბაგა-ბაღების მშენებლობა და შეუჩერდა სხვა მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები, რის გამოც იმავე დღეს მოსარჩელე დაუკავშირდა და უთხრა, რომ სასწრაფოდ სჭირდებოდა აუდიტორული მომსახურების გაწევა;

2.1.4. მხარეები ერთმანეთს შეხვდნენ 2018 წლის 08 თებერვალს. შესაბამისად, შპს ,,გ----ს’’ იმავე დღეს გაეწია კონსულტაცია. ფაქტობრივად ამავე დღეს შედგა მათ შორის სადავო ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მან დაიწყო სამუშაოების ჩატარება. შპს ,,გ----’’ მისგან ინტენსიურ მომსახურებას იღებდა სწორედ 2018 წლის 08 თებერვლიდან. ხელშეკრულების წერილობითი გაფორმება 2018 წლის 12 თებერვალს კი მოხდა ისევ შპს ,,გ----ს’’ ინიციატივით, რათა მაკონტროლებელი ორგანოს შემოწმებისას შპს ,,ვ----------ს’’ გაეწია მისთვის წარმომადგენლობითი მომსახურება;

2.1.5. გარდა კონსულტაციისა, შპს ,,გ----ს’’ ინტერესებიდან და გასაწევი სამუშაოდან გამომდინარე, მის მიერ განხორციელდა ,----------- გასაღებების განახლება. ორი გასაღები განახლდა მოპასუხის ბუღალტრის სახელით 2018 წლის 13 თებერვალს, ხოლო ერთი განახლდა მის მიერ 2018 წლის 14 თებერვალს. თითოეული გასაღების განახლების ფასია 293 ლარი;

2.1.6. შპს ,,გ----ს’’ 2018 წლის 10 თებერვლიდან უკვე მიწოდებული ჰქონდა მისთვის პაროლები და ინფორმაცია, როგორც ელექტრონული, ასევე ზეპირი ფორმით. მიუხედავად ხელშეკრულებაში მითითებული ვადისა, შპს ,,გ----’’ ამ დროიდან უკვე უწყვეტ რეჟიმში იღებდა ინფორმაციას რისკების თაობაზე, კერძოდ, მან ზეპირი და საბუღალტრო დოკუმენტების რევიზიისას შენიშვნების სახით მიიღო ყველა შესაძლო რისკებზე მისი გამოსწორებისათვის ყველა საჭირო ინფორმაცია და აუდიტის შედეგების სრული ანალიზი, რომლის საფუძველზეც უკვე თვითონ განახორციელა დაშვებული შეცდომების გასწორების პროცედურები;

2.1.7. 2018 წლის 12 თებერვლის ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე ელექტრონული შეტყობინება შპს ,,გ----ს’’ მიერ მას გაეგზავნა 2018 წლის 16 თებერვალს, რომელზეც დართული იყო 2018 წლის 13 თებერვლით დათარიღებული წერილი;

2.1.8. ცალმხრივად შეწყვეტილი სადავო ხელშეკრულების პირობებშიც კი ამავე ხელშეკრულების დათქმიდან გამომდინარე, დაბრუნებას ექვემდებარებოდა ავანსის სახით ჩარიცხული თანხა, რის გამოც მის მიერ შპს ,,გ----სთვის’’ დაბრუნებულ იქნა ავანსად ჩარიცხული 10 000 ლარიდან 8 625 ლარი, იმის მიუხედავად, რომ მან ავანსის მიღების დღესვე - 2018 წლის 12 თებერვალს ბიუჯეტში გადარიცხა დამატებითი ღირებულების გადასახადის სახით 3 000 ლარი, ასევე გასცა სამუშაოს შესრულებისათვის გასაცემი ხელფასები - 2 400 ლარი და 2018 წლის 14 თებერვალს გადაიხადა ,----------- გასაღების განახლების თანხა - 293 ლარი. შესაბამისად, მის მიერ ავანსის სახით მიღებული თანხიდან გახარჯულ იქნა 5 693 ლარი;

2.1.9. სასამართლო სხდომაზე შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე განმარტავდა, რომ არ გასულიყო ხელშეკრულებიდან მხარე, იგი მიიღებდა 10 000 ლარის ოდენობით შემოსავალს. მან თვითონ განსაზღვრა, რომ ეს იყო ზიანი, რაც გამოიწვია ხელშეკრულების შეწყვეტამ. 10 000 ლარი არის გაწეული მომსახურების ღირებულება, ამასთან, ამ პერიოდში გაცემული ხარჯები.

 

1.2. მოპასუხის პოზიცია

1.2. მოპასუხე შპს ,,ვ----------მა’’ წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი (შესაგებელი ს.ფ. 35-43)

შესაგებლის საფუძვლები:

1.2.1. ხელშეკრულების გაფორმებას წინ უძღოდა 2018 წლის 09 თებერვალს მხარეთა შეხვედრა, რომლის დროსაც შპს ,,გ----მ’’ მიიღო მისგან ზეპირი სახით კონსულტაცია;

1.2.2. შპს ,,გ----’’ ხელშეკრულებიდან გავიდა ცალმხრივად. აღნიშნულის გამო, მის მიერ დაბრუნებულ იქნა ავანსად გადახდილი თანხა, დარჩენილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით კი შპს ,,გ----ს’’ ეცნობა, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადით დაბეგვრად ექვემდებარებოდა ავანსი. შესაბამისად, მის მიერ დაიბეგრა ავანსის სახით მიღებული თანხა;

1.2.3. სასამართლო სხდომაზე შპს "ვ----------ის" დირექტორი განმარტავდა, რომ ერთი წუთითაც არ გაუვლია, რომ თანხა არ უნდა დაებრუნებინა. იმ წუთას ვერ დააბრუნა, რადგან ფიზიკურად არ ჰქონდა. ეხლა კი აცხადებს უარს მის დაბრუნებაზე, რადგან გაწეული აქვს მომსახურება უფრო მეტის და ამიტომ არ უნდა დაუბრუნოს.

 

2.2. მოპასუხე შპს ,,გ----მ’’ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი (შესაგებელი ს.ფ. 147-158)

2.2.1. მხარეთა შორის 2018 წლის 12 თებერვლის 2.2.1 პუნქტის მიხედვით, შემსრულებელს შემკვეთის მიერ მიწოდებული დოკუმენტებისა და ინფორმაციის საფუძველზე კვალიფიციურად უნდა ჩაეტარებინა აუდიტი აუდიტორული საქმიანობის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამავე ხელშეკრულების 2.2.5 პუნქტის თანახმად კი აუდიტის დასრულების შემდეგ შემკვეთისათვის უნდა გადაეცა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მომზადებული აუდიტორული ანგარიში და წარედგინა სარეკომენდაციო წერილი მენეჯმენტისათვის, ამასთან 3.1 პუნქტის თანახმად, ანგარიშის წარდგენა შემკვეთის უფლებამოსილ პირზე უნდა განხორციელებულიყო შემსრულებლის წარმომადგენლის მიერ უშუალო გადაცემით. შესაბამისად, გაურკვეველია ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე და თანაც ზეპირად, რა სახის კონსულტაცია შეიძლებოდა გასწეოდა მას შპს ,,ვ----------ისგან’’. ამასთან, შპს ,,ვ----------ის’’ მიერ წარმოდგენილი ელექტრონული მიმოწერითვე დასტურდება, რომ მის მიერ დოკუმენტაციის გაგზავნა მოხდა მხოლოდ 2018 წლის 11 თებერვალს;

2.2.2. ,,ორისის ბუღალტერია’’ არის საბუღალტრო და სამეურნეო საქმიანობის აღრიცხვის სისტემა. როდესაც სისტემის შეძენიდან გასულია ერთ წელზე მეტი, ახალი ვერსიის მისაღებად საჭიროა მოხდეს პროგრამის (გასაღების) ფასიანი განახლება. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ აუდიტორისათვის მის მიერ ნაკისრი საქმიანობის განსახორციელებლად პროგრამის განახლებული ვერსია არ წარმოადგენს კონკრეტული დამკვეთის მიმართ აღებული ვალდებულების შესასრულებლად გაწეულ უშუალო ხარჯს, რომელიც უკავშირდება და გამომდინარეობს უშუალოდ დამკვეთის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებიდან. აღნიშნული პროგრამის ქონა აუცილებელია აუდიტორისათვის აუდიტორული მომსახურების განსახორციელებლად;

2.2.3. მოპასუხემ მას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ღირებულება განუსაზღვრა არარეალურ ფასად. მოპასუხესთან სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ მის მიერ აუდიტორული მომსახურების მიღება განხორციელდა მესამე პირისგან - სხვა აუდიტორული კომპანიისგან. მას რომ ჰქონოდა შპს ,,ვ----------ისგან’’ შესაბამისი მომსახურება მიღებული სხვა აუდიტორულ კომპანიასთან იმავე სახელშეკრულებო საგნით მომსახურების მიღების ინტერესიც არ იარსებებდა;

2.2.4. თავდაპირველად შპს ,,ვ----------ი’’ უთითებდა, რომ იგი მას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ აუდიტორულ მომსახურებას უწევდა 2018 წლის 08 თებერვლიდან, შემდეგ კი თავადვე აღნიშნა, რომ მას დოკუმენტები მიეწოდა 2018 წლის 10 თებერვლიდან. რეალურად კი მოპასუხემ დოკუმენტები მიიღო მხოლოდ 2018 წლის 11 თებერვალს. ამასთან, მოპასუხე თავადვე უთითებს რომ მის მიერ ბუღალტრული პროგრამის განახლება მოხდა 2018 წლის 13 თებერვალს, ამ პროგრამის გარეშე კი ვერ შეძლებდა ვერანაირი მომსახურების გაწევას. ხელშეკრულების გაფორმებამდე დოკუმენტების გაგზავნა კი ემსახურებოდა ზოგადად ჩასატარებელი სამუშაოების შეფასებას ხელშეკრულების ღირებულების განსასაზღვრად;

2.2.5. მოპასუხის მითითება იმის თაობაზე, რომ მოხდა გადარიცხული თანხების გახარჯვა, არ ატარებს სამართლებრივ ხასიათს ხელშეკრულების ურთიერთშეთანხმებით შეწყვეტის შემთხვევაში ორმხრივი რესტიტუციის საკითხთან მიმართებით, მით უფრო, რომ მოპასუხე თავადვე ადასტურებს, რომ ავანსის სახით მიღებული თანხა ექვემდებარებოდა დაბრუნებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2018 წლის 12 თებერვალს შპს ,,გ----ს’’, როგორც შემკვეთს და შპს ,,ვ----------ს’’, როგორც შემსრულებელს შორის, დაიდო ხელშეკრულება №1-------, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა შპს ,,გ----ს’’ 2015 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 01 იანვრამდე პერიოდის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი და 2015 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 01 თებერვლამდე საგადასახადო აუდიტი და საკონსულტაციო მომსახურება.

ხელშეკრულების 2.2.1 პუნქტის მიხედვით შემსრულებელი ვალდებულია შემკვეთის მიერ მიწოდებული დოკუმენტებისა და ინფორმაციის საფუძველზე კვალიფიციურად ჩატარებული აუდიტი აუდიტორული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის, საქართველოში მოქმედი აუდიტორული სტანდარტების, აუდიტორის ეთიკის კოდექსის მოთხოვნების, დებულებების და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.

ხელშეკრულების 2.2.5 პუნქტის თანახმად, განისაზღვრა შემსრულებლის ვალდებულება აუდიტის დასრულების შემდეგ შემკვეთისათვის გადაეცა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად მომზადებული აუდიტორული ანგარიში, წარუდგინოს სარეკომენდაციო წერილი მენეჯმენტს. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად კი აუდიტორული ანგარიშის წარდგენა ხდება შემკვეთის უფლებამოსილ პირზე შემსრულებლის წარმომადგენლის მიერ უშუალო გადაცემით.

ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 12 თებერვლიდან 2018 წლის 31 მარტის ჩათვლით. 5.1 პუნქტის თანახმად კი, შემსრულებლის მიერ ამ ხელშეკრულებით გაწეული მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 22 000 ლარით (დღგ-ს ჩათვლით). აქედან ავანსის სახით ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ დღეში ავანსის სახით გადასახდელი თანხა განისაზღვრა 10 000 ლარით, ხოლო 12 000 ლარი უნდა გადახდილიყო მომსახურების დასრულებისას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ.16-18)

 

3.1.2. 2018 წლის 12 თებერვალის ხელშეკრულების №1------- საფუძველზე, ამავე თარიღში შპს ,,გ----ს’’ მიერ განხორციელდა შპს ,,ვ----------ისთვის’’ საბანკო ანგარიშსწორების გზით ხელშეკრულებით განსაზღვრული ავანსის თანხის - 10 000 ლარის გადახდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადახდო დავალება (ს.ფ. 19)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. შპს ,,გ----ს’’ 2018 წლის 12 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე არ მიუღია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულება შპს ,,ვ----------ისგან’’. მხარეთა შორის 2018 წლის 12 თებერვალს დადებული ხელშეკრულება №1------- შეწყდა 2018 წლის 13 თებერვალს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ - ,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისთვის არახელსაყრელი შედეგი. ეს დანაწესი გამომდინარებს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ასევე ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია (იხ. სუსგ, საქმე №ას-1003-964-2016).

განსახილველ შემთხვევაში უდავოა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტი. წარმოდგენილია შპს ,,გ----ს’’ 2018 წლის 13 თებერვლის მიმართვა ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. ამასთანავე, წარმოდგენილია მიმოწერა, რომლის თანახმადაც შპს ,,ვ----------ს’’ აღნიშნული მიმართვა გაეგზავნა 2018 წლის 16 თებერვალს, თუმცა შპს ,,გ----ს’’ განმარტებით მხარისთვის სატელეფონო შეტყობინებით 2018 წლის 13 თებერვალსვე გახდა ცნობილი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, სწორედ ამიტომ 2018 წლის 13 თებერვლიდან მათი მხრიდან აღარ მომხდარა შპს ,,ვ----------ისათის’’ მომსახურების გასაწევად აუცილებელი დოკუმენტაციისა თუ სხვადასხვა მასალების გადაგზავნა, რასაც უპირველესად ადასტურებს ასევე წარმოდგენილი მიმოწერა. საყურადღებოა, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ აღნიშნული გარემოება არსებითად შედავებული არაა, შესაბამისად, წარმოდგენილი მიმართვის საპირისპიროდ წარმოდგენილი არაა რაიმე სახის მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულება მოქმედებდა 2018 წლის 16 თებერვლამდე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, მოწმეთა ჩვენება წარმოადგენს მტკიცებულებათა ერთ-ერთ სახეს. 140-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ. აღსანიშნავია, რომ მოწმეთა ჩვენება, ისევე, როგორც სხვა მტკიცებულებები, სასამართლოს მიერ ფასდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით, რომლის თანახმადაც სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღთან მიმართებით, ისევე როგორც ამ ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,გ----ს’’ მიერ მომსახურების მიღების ფაქტის დადგენის თაობაზე ფაქტობრივი გარემოების დასადგენად კი სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაიზიაროს მოწმეთა ჩვენება, რომლებიც წარმოადგენდნენ შპს ,,ვ----------ის’’ მიერ მომსახურების გაწევისათვის დაქირავებულ პირებს და არა უშუალოდ შპს ,,გ----სთან’’ წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის მხარეებს. მოწმეებმა მართალია დაადასტურეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების დაწყების ფაქტი, თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მცირე ვადაში მოქმედების პარალელურად, მოწმეთა ჩვენება არ წარმოადგენს შპს ,,ვ----------ის’’ მიერ აპელირებული გარემოებების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებას.

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ხანგრძლივ ვადაზე და დამკვეთის მიერ მომსახურების მიღების განსაზღვრულ წესზე, რაც იმთავითვე არალოგიკურს ხდის შპს ,,ვ----------ის’’ მითითებას იმის თაობაზე, რომ მათ მიერ კონსულტაციის სახით შპს ,,გ----ს’’ გაეწია მომსახურება. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ წარმოდგენილია წერილობითი დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ შპს ,,გ----მ’’ შპს ,,ვ----------თან’’ დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება ამ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მიიღო სხვა მესამე პირისგან (ს.ფ. 167-170).

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შპს ,,გ----ს’’ 2018 წლის 12 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე არ მიუღია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულება შპს ,,ვ----------ისგან’’. მხარეთა შორის 2018 წლის 12 თებერვალს დადებული ხელშეკრულება №1------- შეწყდა 2018 წლის 13 თებერვალს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა მიმოწერა, მიმართვა (ს.ფ. 20-23)

- მოწმეთა ჩვენება

- ახსნა-განმარტება

 

3.2.2. ხელშეკრულების №1------- შეწყვეტის შემდეგ ავანსის სახით მიღებული 10 000 ლარიდან შპს ,,ვ----------ის’’ მიერ შპს ,,გ----სთვის’’ 2018 წლის 19 თებერვალს და 2018 წლის 28 მარტს ჯამში დაბრუნებულია 8 625 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადახდო დავალებები (ს.ფ. 24-25)

 

3.2.3. შპს ,,ვ----------ს’’ შპს ,,გ----ს’’ სასარგებლოდ ეკისრება 1 375 ლარის გადახდა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

დადგენილია ფაქტობრივი გარემოება შპს ,,გ----ს’’ მიერ შპს ,,ვ----------ისათვის’’ ხელშეკრულების დადების დღესვე ავანსის სახით 10 000 ლარის გადახდის თაობაზე. ამასთან უდავოა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ შპს ,,ვ----------ის’’ მიერ შპს ,,გ----სთვის’’ დაბრუნებულია 8 625 ლარი, თუმცა იგი უარს აცხადებს დარჩენილი თანხის - 1 375 ლარის დაბრუნებაზე. აღნიშნული თანხის დაკისრების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა კი ემყარება შპს ,,ვ----------ის’’ უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში და ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

სასამართლო მიუთითებს, რომ შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი, ან ამგვარი საფუძველი ნორმაში მითითებულ გარემოებათაგან ერთ-ერთის არსებობის გამო, არ წარმოშობილა ან შეწყდა. შესრულების კონდიქციისას, ისევე, როგორც უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტისათვის მახასიათებელი მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიღებულის უკან დაბრუნებაა. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა და გამდიდრების გათანაბრება არ არის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახე.

ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უპირატესობის მიღებამდე...უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით. უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (იხ. სუსგ. №ას-184-171-2015).

ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: 1.მოპასუხის გამდიდრება; 2.მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3.მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები განაპირობებს უსაფუძვლო გამდიდრებისათვის აუცილებელი კომპონენტების ერთიანობაში არსებობის ფაქტს. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარების ფონზე ავანსად მიღებული თანხის დაუბრუნებლობა იწვევს შპს ,,ვ----------ის’’ უსაფუძვლო გამდიდრებას, ვინაიდან, ხელშეკრულების შეწყვეტის გამო დამკვეთს არ მიუღია ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულება, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო შპს ,,ვ----------ის’’ მიერ აღნიშნული თანხის დაუბრუნებლობის საფუძველი. ამასთან, საყურადღებოა, რომ წარმოდგენილი პოზიციით შპს ,,ვ----------ი’’ თავადვე მიუთითებს მის მიერ ავანსად მიღებული თანხის დაბრუნების ვალდებულების არსებობის ფაქტზე. აღნიშნულის საპირისპიროდ, მან ვერ შეძლო სამართლებრივად ვარგისი პოზიციით დაესაბუთებინა რის საფუძველზეა იგი უფლებამოსილი უარი განაცხადოს ავანსად მიღებული თანხის დაბრუნებაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შპს ,,ვ----------ს’’ შპს ,,გ----ს’’ სასარგებლოდ ეკისრება 1 375 ლარის გადახდა.

3.2.4. შპს ,,გ----ს’’ არ ეკისრება შპს ,,ვ----------ის’’ სასარგებლოდ 10 000 ლარის გადახდა.

წარმოდგენილი შეგებებული სარჩელით შპს ,,ვ----------ი’’ მოითხოვს შპს ,,გ----სგან’’ ხელშეკრულების შეწყვეტის გამო მიყენებული ზიანის - 10 000 ლარის ანაზღაურებას. შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია საგადახდო დავალებები, რომლის თანახმადაც დასტურდება, რომ შპს ,,ვ----------ის’’ მიერ 2018 წლის 12 თებერვალს სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხულია 3 000 ლარი (ს.ფ. 134), ამავე თარიღში შპს ,,ვ----------ის’’ დირექტორის დ--–---–-----ისათვის გადარიცხულია 2 000 ლარი (ს.ფ. 135), ნ---- მუ---–---------ს ჩარიცხულია 400 ლარი (ს.ფ. 136), ხოლო შპს ,----------- ანგარიშზე 2018 წლის 14 თებერვალს ჩარიცხულია 293 ლარი (ს.ფ. 137).

სასამართლო მიუთითებს, რომ მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ.სუსგ, საქმე №ას-533-509-2016).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, კი იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. 409-ე მუხლის თანახმად კი, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე განმარტავდა, რომ იგი მიიღებდა 10 000 ლარის ოდენობით შემოსავალს ხელშეკრულება რომ შესრულებულიყო და რომ შეწყდა და ვერ შესრულდა, სწორედ ამით განიცადა ზიანი. იგი ასევე განმარტავდა, რომ შესაბამისი ოდენობა მან თვითონ განსაზღვრა მისი ოდენობა და რომ ეს იყო გაწეული მომსახურების ღირებულება და ამასთან ამ პერიოდში მის მიერ გაცემული ხარჯები.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. ამასთან, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედება ზოგადად ნიშნავს დადგენილი წესების, პირობების დარღვევას. ეს წესები და პირობები შეიძლება განსაზღვრული იყოს როგორც კანონით, ისე მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით. მართლწინააღმდეგობასთან დაკავშირებით, სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედება არამართლზომიერი მოქმედებაა. მართლზომიერი ქმედება კი, არა მარტო სამართლის ნორმათა მოთხოვნების დაცვას გულისხმობს, არამედ ზოგად მოვალეობას, რომ პირმა თავისი ქმედება/ურთიერთობა ადამიანებისა და საგნების მიმართ ისე წარმართოს, რომ არავინ და არაფერი დააზიანოს. ამდენად, თუ მოქმედება არღვევს საგანგებოდ დაცულ უფლებებს (სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების, პირად უფლებებს), მართლწინააღმდეგობა იმთავითვე ვლინდება (იხ. სუსგ საქმე №ას-1295-1215-2017).

განსახილველ შემთხვევაში, მასზე არსებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში შეგებებული სარჩელის ავტორმა წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით და მოწმეთა ჩვენებებით ვერ დაასაბუთა მოწინააღმდეგე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის აუცილებელ კომპონენტთაგან როგორც უშუალოდ ზიანის, ასევე მართლწინააღმდეგობის არსებობის ფაქტი, გასათვალისწინებელია, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელის პოზიციის სრულად გაზიარების შემთხვევაშიც კი, არ დასტურდება მითითებული ოდენობით ზიანის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შპს ,,გ----ს’’ არ ეკისრება შპს ,,ვ----------ის’’ სასარგებლოდ 10 000 ლარის გადახდა. ამასთან, მან სასამართლოს ასევე ვერ დაუდასტურა, რომ შესაბამისი ოდენობით გაწია სადავო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მომსახურება და ხარჯები, ისევე როგორც ვერ დაადასტურა, რომ ამ ოდენობით განიცადა ზიანი. გარდა იმისა, რომ მან ვერ დაასაბუთა, რომ ამ ოდენობით მიიღებდა შემოსავალს, ასევე ვერ დაასაბუთა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა იყო არამართლზომიერი ქმედება, რამაც მას ზიანი მიაყენა. ის თვითონვე განმარტავდა, რომ შეეძლო მხარეს ხელშეკრულება შეეწყვიტა და არც უფიქრია, რომ არ უნდა დაებრუნებინა ავანსის სახით მიღებული თანხა, თუმცა ეს ვერ შეძლო მაშინ, რადგან ფიზიკურად არ ჰქონდა თანხა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის დაკისრების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი მან სასამართლოს ვერ დაუსაბუთა, რის გამოც ის არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

 

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმის განხილვისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ხოლო წარმოდგენილი შეგებებული სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 976-ე, 991-ე, 979-ე, 394-ე, 408-ე, 409-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

იმისათვის, რომ სასამართლომ იმსჯელოს უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილი ვალდებულების არსებობის შესახებ, აუცილებელია მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა სწორედ ამ საფუძველს და შესაბამის ფაქტებს დააყრდნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით შეცვალოს სარჩელის საფუძველი. ეს დაარღვევს არა მარტო დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს, არამედ მთლიანად შეცვლის მხარეთა პროცესუალურ მდგომარეობას. თუ ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულებისას მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია, ხოლო მოპასუხეს, მხოლოდ, ფაქტების მითითების ტვირთი აქვს, უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილ ურთიერთობებში, ვალდებულების არსებობის მითითებისა და მისი მტკიცების ტვირთიც მოპასუხეს ეკისრება. თუ მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად ვალდებულებას უთითებს, თავად არის ამ მითითებისა და, აქედან გამომდინარე, შესაბამისი სამართლებრივი შედეგების რისკის მატარებელი.

მოცემულ შემთხვევაში შპს ,,გ----ს’’ მიერ წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია სწორედ უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ვალდებულება, რასთან შესაბამისობაშიც მსჯელობს სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.

სასამართლო განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა და გამდიდრების გათანაბრება არ არის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში და ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

უსაფუძვლო გამდიდრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს მოპასუხის გამდიდრება. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლი ითვალისწინებს უსაფუძვლო გამდიდრების გენერალურ დათქმას, რაც გულისხმობს, პირის მიერ იმ სიკეთის სხვისთვის დაბრუნებას, რომლითაც იგი უსაფუძვლოდ გამდიდრდება. ამდენად, პირის გამდიდრებას იწვევს სხვისი ქონების გამოყენება, გამდიდრებული პირი სარგებლობს სხვა პირის ქონებით, რითაც არღვევს სხვა პირის უფლებებს და კანონით დაცულ ინტერესებს.

სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლით კი განსაზღვრულია უსაფუძვლო გამდიდრებისას უკან დაბრუნების მოთხოვნის ფარგლები. კერძოდ, აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილით უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.

„უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უპირატესობის მიღებამდე...უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილის დაცვითი ფუნქციით. უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი-მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია-ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას’’ (იხ. სუსგ. №ას-184-171-2015, 20.05.2016; №ას-74-71-2016, 25.05.2016წ; №ას-1193-1122-2015, 31.05.2016წ.).

ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხის გამდიდრება; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

უსაფუძვლო გამდიდრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს სხვა პირის გამდიდრება. პირის გამდიდრებას იწვევს სხვისი ქონების გამოყენება, გამდიდრებული პირი სარგებლობს სხვა პირის ქონებით, რითიც არღვევს სხვა პირის უფლებებს და კანონით დაცულ ინტერესებს. უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, შესაბამისად მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა მტკიცებულებები რომლითაც დადასტურდებოდა მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტი, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა რაიმე სახის სახელშეკრულებო ურთიერთობა. შესაბამისად, მოსარჩელემ უზრუნველყო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის სათანადო რეალიზება, რის შედეგადაც დადგენილია, რომ 1. მოპასუხის გამდიდრება; 2. მოპასუხის გამდიდრება გამოიწვია მოსარჩელის ქმედებამ, ამასთან ქმედებასა და შედეგს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, არის უკანონო.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთიანობა განაპირობებს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე შპს ,,გ----ს’’ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი ყველა კომპონენტის ერთიანობაში არსებობას, რის გამოც არსებობს შპს ,,ვ----------ის’’ მიმართ 1 375 ლარის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, კი იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. 409-ე მუხლის თანახმად კი, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. ამასთან, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ზემოაღნიშნული მუხლი, ზოგადი დებულების სახით არის დეკლარირებული, რაც შესაძლებლობას ანიჭებს სასამართლოს ყოველი კონკრეტული შემთხვევა შეაფასოს მორალური ღირებულებების საფუძველზე. აღნიშნული პრინციპის დუალისტური ბუნებრიდან გამომდინარე კანონმდებელი ერთმანეთისაგან მიჯნავს კეთილსინდისიერების ობიექტური და სუბიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით. ამასთან, სამართლებრივი წესრიგის მიზანი იმის უზრუნველყოფაში მდგომარეობს, რომ გაუმართლებლად და დაუსაბუთებლად არ შეილახოს ვინმეს უფლება და პირიქით, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არ მოიპოვოს ვინმემ მატერიალური სიკეთე ან რაიმე უფლება.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,გ----ს’’ არ ეკისრება შპს ,,ვ----------ის’’ სასარგებლოდ 10 000 ლარის გადახდა. შესაბამისად, არ არსებობს წარმოდგენილი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით (ს.ფ. 28-29). სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის გათვალისწინებით შპს ,,გ----ს’’ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14, 39-ე და 41-ე მუხლების თანახმად, უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარი. შპს ,,გ----ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 50 ლარის ანაზღაურება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად.

შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 300 ლარი (ს.ფ. 141). შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს ,,გ----ს’' სარჩელი შპს ,,ვ----------ის'' მიმართ დაკმაყოფილდეს;

2. მოპასუხე შპს ,,ვ----------ს’’ მოსარჩელე შპს ,,გ----ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 1 375 ლარის ანაზღაურება;

3. მოპასუხე შპს ,,ვ----------ს’’ მოსარჩელე შპს ,,გ----ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით;

4. მოსარჩელე შპს ,,გ----ს’’ დაუბრუნდეს გ--------------–---–ის მიერ 05/06/2018 წელს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ზედმეტად გადახდილი 50 ლარი, რომელიც გადახდილია №0 საგადახდო დავალებით შემდეგ რეკვიზიტებზე - მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300 773 150;

5. შპს ,,ვ----------ის’’ შეგებებული სარჩელი შპს ,,გ----ს’’ მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

6. შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი