გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.03.2019
საქმის ნომერი
330210018002513235
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
28.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3-----------------

საქმე N2/19077-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 მარტი, 2018 წელი ქ------–---

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

მოსარჩელე - ლ--–- ქ---------ე

წარმომადგენელი - ნ--------------–---–ი

მოპასუხე - ლ-------–---–ი

წარმომადგენელი - მ--------------ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ლ-------–---–ს მოსარჩელე ლ--–- ქ---------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 25 ივნისის ხელწერილის საფუძველზე 6540 აშშ დოლარის გადახდა.

 

წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ 2015 წლის 25 ივნისს მოპასუხე ლ--–- ძ---–---–ს 2 თვის ვადით ასესხა 6540 აშშ დოლარი და იმის გამო, რომ სანოტარო წესით სესხის ხელშეკრულების გაფორმებას სჭირდებოდა ხარჯების გაღება, თანხის გადაცემა მოხდა მსესხებლის მიერ ხელწერილის დაწერით. მიუხედავად იმისა, რომ გავიდა სესხის დაბრუნების შეთანხმებული ვადა, მოპასუხე არ აბრუნებს ვალს, რის გამოც მოსარჩელემ მომართა სასამართლოს.

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დამატებით მიუთითა, რომ აღნიშნული თანხა იყო სესხის მხოლოდ ძირი თანხა, რადგან ხელშეკრულება არ იყო სარგებლიანი და მოპასუხეს მხოლოდ ძირი თანხის დაბრუნებას ითხოვდა. ამასთან, მოპასუხის მიერ ხანდაზმულობის საკითხის სადავოდ გახდის შემდგომ დააზუსტა, რომ მის მიერ სარჩელი შემოტანილი იქნა სწორედ ხანდაზმულობის ვადის ბოლო დღეს - 2018 წლის 25 ივნისს, რის გამოც მოთხოვნა არ უნდა ჩათვლილიყო ხანდაზმულად და სრულად უნდა დაკმაყოფილებულიყო. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საადვოკატო მომსახურების თანხის - 500 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის მოპასუხეზე დაკისრება (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ლ-------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ მას ხელწერილში მითითებული თანხა ლ--–- ქ---------ისგან არ უსესხია იმ დღეს 2 თვის ვადით. აღნიშნული თანხა მან ისესხა 2009 წელს, რის გამოც ხელწერილში დააფიქსირა ჩანაწერი - „მაქვს ვალი“, თუმცა მითითებული არ ყოფილა რა ვადით. ვალს იგი წლების განმავლობაში ეტაპობრივად იხდიდა. ამასთან, სესხი იყო სარგებლიანი და სწორედ ამიტომ იყო, რომ 2009 წლიდან მოყოლებული იგი იხდიდა სარგებელსა და მასთან ერთად სესხის ძირი თანხის ნაწილსაც. მანვე მიუთითა, რომ წლების განმავლობაში მოსარჩელეზე რეალურად გადახდილი აქვს მოთხოვნილ თანხაზე სამჯერ მეტი თანხა და ეს არ იყო 2015 წელს აღებული სესხი. ამ დროს მოხდა მხოლოდ აღნიშნული ვალის აღიარება. შესაგებელში მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 128-130-ე მუხლები შესაბამისად, მოთხოვნა იყო ხანდაზმული, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო გარემოებები არ გამოკვეთილა.

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 2015 წლის 25 ივნისს მოპასუხე ლ-------–---–ის მიერ დაწერილი იქნა ხელწერილი შემდეგი შინაარსით: „მე ლ-------–---–ი პ/ნ N0---------- მცხოვრები ქ------–---, ო–---–-- 2-------- მაქვს ვალი ლ--–- ქ---------ის 6540$ (ექვსი ათას ხუთასორმოცი აშშ დოლარი) 25.06.2015“. აღნიშნულ ხელწერილს ხელს აწერს ლ-------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- წელწერილი (ს.ფ. 16)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ლ--–- ქ---------ის სარჩელი მოპასუხე ლ--------–---–ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო 2015 წლის 25 ივნისის ხელწერილს ვერ მიიჩნევს სესხის ხელშეკრულებად, ვერც სარგებლიან და ვერც სარგებლის გარეშე სესხად, რადგან იგი არ შეიცავს იმ არსებით პირობებს რაც დამახასიათებელია სესხის ხელშეკრულებისთვის, მათ შორის თანხის გაცემა, მისი დაბრუნების ფაქტი და ა.შ. ხელწერილში მითითებულია, რომ ლ-------–---–ს აქვს ვალი, რაც არ ადასტურებს ხელწერილის შედგენის დროს სესხის ხელშეკრულების დადებას, მით უმეტეს, რომ ასეთ „ხელშეკრულებას“ მხოლოდ ერთი მხარე აწერს ხელს.

 

7.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ 2015 წლის 25 ივნისის ხელწერილით არ დასტურდება, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ვალის არსებობის აღიარება და მითითებული ხელწერილი არ უნდა იქნეს მიჩნეული აღიარების ხელშეკრულებად.

 

სასამართლო მიუთითებს 341-ე მუხლის სამართლებრივი წანამძღვრებისა და ნორმატიული შინაარსის განმარტებაზე, მყარად დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე (იხ. სუსგ Nას-839-890-2011, 08/11/2011წ.; Nას-839-890-2011, 08.11.2011წ.; სუსგ№ას-226-213-2015, 18 მაისი, 2015წ) და განმარტავს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულება, როგორც ვალდებულების არსებობის დამოუკიდებელი კომპონენეტი ხელწერილის შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ხელწერილით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების თავისებურება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მასში ვალდებულების შესრულების მზაობა იკვეთება.

 

სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის აღიარების ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და აბსტრაქტულ ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ შესრულებას. იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისგან და მისი მიზანი არ არის ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა. ვალის აღიარებასთან არ გვაქვს საქმე, როდესაც სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ხდება ნების გამოვლენა, ან თუ მხარეები არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან მის ფარგლებში მოქმედებენ.

 

ვინაიდან ვალის აღიარების ხელშეკრულება დამოუკიდებელი გარიგებაა, კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, იგი უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობისათვის დადგენილ პირობებს. ამასთან, აუცილებელია მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე... არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. პალატის მოსაზრებით, არსებითად უნდა ჩაითვალოს ისეთი პირობები, როგორიცაა: მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების საგანზე, ძირითადი უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, ფასი, შესრულების ვადა და ა.შ. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი დოკუმენტი, რომელშიც ვალის არსებობაა დაფიქსირებული, ვერ ჩაითვლება ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებად, თუ არ დადგინდება, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე“ (იხ. სუს 2013 წლის 11 ნოემბრის #ას-1485-1401-2012 განჩინება).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მითითება საქმეში არსებულ 2015 წლის 25 ივნისის ხელწერილზე როგორც კრედიტორის მიმართ ვალის აღიარება, ვერ შეფასდება არგუმენტირებულად, ვინაიდან მასში ასახული ჩანაწერი არ შეიცავს ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი ზემოაღნიშნულ კომპონენტებს, ვინაიდან მასში არ იკვეთება მხარეთა შორის არსებით პირობებზე შეთანხმება. აღსანიშნავია, რომ მოპასუხე უთითებს, რომ მას აქვს ვალი, თუმცა არ უთითებს მისი გადახდის ვადაზე და სხვა არსებით პირობებზე.

 

7.3. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით კი, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა, იგი უფლების განხორციელების ვადაა და იგულისხმება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილია ზღვრული ვადები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება.

 

ამდენად, მოპასუხის შესაგებელი სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, ის აბსოლუტურ გავლენას ახდენს მატერიალური უფლების გადაწყვეტაზე. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ორი საფუძველი არსებობს, ობიექტური და სუბიექტური. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ობიექტური საფუძველია, მოთხოვნის წარმოშობის დრო, ხოლო სუბიექტურის, თუ როდის შეიტყო, ან უნდა შეეტყო პირს.

 

სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. დასახელებული ნორმით ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლებია: ავანსის ან პროცენტის გადახდა, გარანტიის მიცემა ან სხვაგვარად აღიარება. ჩამოთვლილთაგან რომელიმე ქმედება განხორციელებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის წინაშე. ამასთან, ნორმაში მითითებული ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა გულისხმობს ვალდებული პირის მიერ მოქმედების განხორციელებას მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაში და არა ამ ვადის გასვლის შემდეგ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ აღიარებას იურიდიული ძალა არ გააჩნია და იგი ვერ შეწყვეტს ხანდაზმულობის ვადის დენას.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ 2015 წლის 25 ივნისის ხელწერილი არც სესხის ხელშეკრულებად მიიჩნია და არც ვალის აღიარებად, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადები შეწყვეტილად არ უნდა იქნეს მიჩნეული, თუმცა, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი ხანდაზმულობის ვადის ბოლო დღეს იქნა სასამართლოში წარმოდგენილი, კერძოდ:

 

საქმეში არსებული გზავნილით (ს.ფ. 20) დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელი წარმოდეგნილი იქნა 2018 წლის 25 ივნისს, რადგან სწორედ ეს დღეა ფოსტისთვის მიმართვის დღე. იმის გათვალისწინებით, რომ ხელწერილში არსად არის მითითება და არც სასამართლო სხდომაზე დაუდასტურებია მოპასუხეს, რომ ხელშეკრულება იყო 2 თვიანი, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა ხელწერილის მეორე დღიდან ანუ 2015 წლის 26 ივნისიდან უნდა იქნეს ათვლილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61 მუხლებიდან გამომდინარე, რომელიც ამოიწურა 2018 წლის 25 ივნისს.

 

ამდენად, ფოსტისთვის მიმართვის დღე არის რა 2018 წლის 25 ივნისი, რითაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა 2015 წლის 25 ივნისის ხელწერილიდან გამომდინარე მოთხოვნა ხანდაზმულობის ვადებში.

 

მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, სარჩელი მისი უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ 2018 წლის 03 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 528,44 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ამასთან, არ უნდა დაკმაყოფილდესმოსარჩელის შუამდგომლობა მის მეირ გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯის 500 ლარის მოაპსუხეზე დაკისრების თაობაზე.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე ლ--–- ქ---------ის სარჩელი მოპასუხე ლ-------–---–ის მიმართ სესხის ძირი თანხის 6540 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ 2018 წლის 03 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 528,44 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე