გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.04.2019
საქმის ნომერი
330210018002664098
კატეგორია
დავის ტიპი
ქირავნობა
თარიღი
04.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/29136-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

4 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი

სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი

 

მოსარჩელე – შპს ''ა-----------ი'';

წარმომადგენელი - ვ-------------–-–---–ი;

მოპასუხე – ლ-–-------ა;

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება.

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხე ლ-–-------ას მოსარჩელე შპს ''ა-----------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს ავტომანქანის დაზიანების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის სახით - 5500 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2017 წლის 11 ნოემბერს, მოსარჩელე შპს ''ა-----------ის'' და მოპასუხე ლ-–-------ას შორის დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს ორი სამუშაო დღით მიაქირავა მსუბუქი ავტომანქანა ჰონდა-ფიტი. 2017 წლის 11 ნოემბრის ქირავნობის ხელშეკრულების 2.5. პუნქტის თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო გაფრთხილებოდა ქირავნობის საგანს.

 

2017 წლის 18 ნოემბერს, მოპასუხე ლ-–-------ა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანით მოძრაობდა თბილისის ზღვის შემოვლით გზაზე, რა დროსაც გადავიდა საპირისპირო ზოლში და შეეჯახა სატვირთო ავტომანქანას. აღნიშნული ავარიის შედეგად მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა ჰონდა-ფიტი დაზიანდა. ზემოაღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა მოპასუხის ბრალეულობა და მოპასუხე ლ-–-------აზე გამოიწერა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. საპატრულო პოლიციის მიერ მოპასუხის ბრალეულობის დადგენის შემდგომ, მოსარჩელე შპს ''ა-----------ის'' წარმომადენელმა არაერთხელ მიმართა მოპასუხე ლ-–-------ას და მოსთხოვა, რომ მას აენაზღაურებინა ის მატერიალური ზარალი, რაც მან მიაყენა მოსარჩელეს ავტომანქანა ''ჰონდა ფიტის'' დამტვრევის შედეგად, თუმცა მოპასუხემ უარი განაცხადა ზარალის ანაზღაურებაზე. მოსარჩელის განმარტებით, მან მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენის მიზნით. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 ივნისს შედგენილი დასკვნით დგინდება, რომ ავტომანქანის დაზიანებით მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს - 5500 ლარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარემ სარჩელთან დაკავშირებით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. სასამართლო სხდომაზე, მოპასუხემ მიუთითა, რომ იგი სარჩელს ცნობს 3000 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში. დანარჩენ ნაწილში კი ითხოვს მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 11 ნოემბერს, მოსარჩელე შპს ''ა-----------ის'' და მოპასუხე ლ-–-------ას შორის დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს ორი სამუშაო დღით მიაქირავა მსუბუქი ავტომანქანა ჰონდა-ფიტი. 2017 წლის 11 ნოემბრის ქირავნობის ხელშეკრულების 2.5. პუნქტის თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო გაფრთხილებოდა ქირავნობის საგანს.

 

ქირავნობის ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებას აქვს 2 დანართი, რომლებიც წარმოადგენენ ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და აქვთ სავალდებულოდ შესასრულებელი ხასიათი.

 

ხელშეკრულების დანართი N1-ის თანახმად, დამქირავებელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონი საგზაო მოძრაობის შესახებ, ასევე საქართველოს კანონმდებლობა.

 

დამქირავებელი სრულადაა პასუხისმგებელი პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისათვის მიყენებული ზიანისთვის. დანართი N1-ის მე-6-ე პუნქტის თანახმად, კი მხარეები აცნობიერებენ და თანხმდებიან, რომ მზღვეველის მიერ ზიანის ანაზღაურება არ ართმევს გამქირავებელს უფლებას, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება დამქირავებლისაგან. ასეთ შემთხვევაში დამქირავებელი ვალდებული იქნება აანაზღაუროს მიყენებული ზიანი.

 

3.1.2. დადგენილია, რომ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მოპასუხე დაჯარიმებულ იქნა ადმინისტრაციული წესით. 2017 წლის 18 ნოემბერს ავარიის შედეგად მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა ჰონდა-ფიტი დაზიანდა. ზემოაღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა მოპასუხის ბრალეულობა და მოპასუხე ლ-–-------აზე გამოიწერა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

 

3.1.3. სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 ივნისის დასკვნით დგინდება, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ, 2009 წელს დამზადებულ მსუბუქ ავტომობილ ''ჰონდა ფიტზე' მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით საორიენტაციოდ შეადგენს - 5500 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ.სასამართლო სხდომის ოქმები;

- 2017 წლის 17 ნოემბრის ხელშეკრულება - ს.ფ.24-28;

- დანართი N1 - ს.ფ.29;

- საჯარიმო ქვითრის ასლი - ს.ფ. 34;

- საგადასახადო დავალება - ს.ფ. 28;

- შსს-ს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს 2018 წლის 3 ივლისის წერილი - ს.ფ. 37;

- 2018 წლის 26 ივნისის ექსპერტიზის დასკვნა - ს.ფ.47-54.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 ივნისის დასკვნით დგინდება, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ, 2009 წელს დამზადებულ მსუბუქ ავტომობილ ''ჰონდა ფიტზე'' მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით საორიენტაციოდ შეადგენს - 5500 ლარს. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი იმის მტკიცებულება, რომ ავტომანქანას არ დაზიანებია ის კონკრეტული ნაწილები რაც მითითებულია დასკვნაში და ავტომანქანის დაზიანების აღდგენითი ხარჯი თანხობრივად არაზუსტია, მოპასუხეს არ წარმოუდგენია. მხოლოდ ზეპირი მითითებით კი ზემოაღნიშნული გარემოება არ შეიძლება დადასტურდეს.

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლომ განიხილა შპს ''ა-----------ის'' სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 361-ე, 394-ე, 531-ე, 573-ე მუხლებით.

5.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლის თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა.

 

ზემოაღნიშნული მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, მხარეთა ახსნა-განმარტებების და საქმეში წარმოდგენილი ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ იკისრა ნივთის დროებით გადაცემის სანაცვლოდ ქირის თანხის გადახდის ვალდებულება. ამდენად მხარეებს შორის წარმოიშვა ქირავნობის სამართლებრივი ურთიერთობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების სრულად და ჯეროვანად შესრულება გულისხმობს მის შესრულებას ხელშეკრულებითვე გათვალისწინებული პირობებით. შესაბამისად, თუ ხელშეკრულების შესრულება არ შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, აღნიშნული ჩაითვლება ხელშეკრულების არასრულად, არაჯეროვან შესრულებად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 573-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გაქირავებული ნივთის შეცვლის ან გაუარესების გამო გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, ხოლო დამქირავებელს უფლება აქვს წაუყენოს მას პრეტენზია გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე ექვსი თვის განმავლობაში.

 

მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების დანართი N1-ის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამქირავებელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონი საგზაო მოძრაობის შესახებ, ასევე საქართველოს კანონმდებლობა. დამქირავებელი სრულადაა პასუხისმგებელი პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისათვის მიყენებული ზიანისთვის. დანართი N1-ის მე-6-ე პუნქტის თანახმად, კი მხარეები აცნობიერებენ და თანხმდებიან, რომ მზღვეველის მიერ ზიანის ანაზღაურება არ ართმევს გამქირავებელს უფლებას, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება დამქირავებლისაგან. ასეთ შემთხვევაში დამქირავებელი ვალდებული იქნება აანაზღაუროს მიყენებული ზიანი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ვალდებულების დარღვევისას, კანონმდებელმა კრედიტორს მიანიჭა უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ზოგად წესს განამტკიცებს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურება შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მაგალითად: პროცენტის გადახდა (403-ე მუხლი), პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა (408.1 მუხლი), მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება (411-ე მუხლი) და ა.შ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლიდან გამომდინარე, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლი კი ადგენს შემდეგს: თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.

 

ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ დადგენილია მოპასუხე მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, არსებობს ზიანის ანაზღაურების ყველა წინაპირობა.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ მოხდა ქირავნობის საგნის დაზიანება. ასევე დადგენილია, რომ ზიანის ოდენობამ შეადგინა - 5500 ლარი. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის სასამართლოს მთავარ სხდომაზე გაჟღერებულ პოზიციას მასზედ, რომ მას ზიანის ანაზღაურების მიზნით 300 აშშ დოლარი აქვს მოსარჩელისათვის გადაცემული, აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტაცია მის მიერ წარმოდგენილი არ არის. ამასთან, მოსარჩელის მიერ მთავარ სხდომაზე მითითებულ ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე სასამართლო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან მხარეს შესაგებელში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების თაობაზე არ მიუთითებია. მოპასუხის მიერ სხვადასხვა სახის ახალი ფაქტობრივი გარემოების მითითება მოხდა სასამართლოს მთავარ სხდომაზე პაექრობის ეტაპზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე მხარის მიერ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მითითებულ ახალ ფაქტობრივ გარემოებებს სასამართლო სამართლებრივად არ შეაფასებს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ზ/აღნიშნული სამართლებრივი ნორმების შეფასების საფუძველზე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ - 5500 ლარის ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. აღნიშნულის ნორმის შესაბამისად, ვინაიდან მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელი ცნო ნაწილობრივ ამასთან, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხე - ლ-–-------ას მოსარჩელე - შპს ''ა-----------ის'' სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 75 ლარის ანაზღაურება. სარჩელის ნაწილობრივ ცნობის გამო, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 90 ლარის ოდენობით უკან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ხაზინიდან.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. შესაბამისად, ხარჯის გაწევის ფაქტი სათანადო მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2000 ლარამდე ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს იურიდიული მომსახურების სახით გადახდილი აქვს - 600 ლარი. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - არაუმეტეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის 4%-ს - 150 ლარის ოდენობით გადახდა. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილ იქნა - 330 ლარი. სარჩელის დაკმაყოფილების გამო აღნიშნული ხარჯის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ''ა-----------ის'' სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე ლ-–-------ას მოსარჩელე შპს ''ა-----------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის - 5500 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე ლ-–-------ას მოსარჩელე შპს ''ა-----------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოსგარეშე ხარჯის ადვოკატის მომსახურების საფასურის - 150 ლარის ოდენობით და ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისათვის გაწეული ხარჯის სახით - 330 ლარის გადახდა.

 

4. მოპასუხე ლ-–-------ას მოსარჩელე შპს ''ა-----------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 75 ლარის ოდენობით გადახდა.

 

5. მოსარჩელე შპს ''ა-----------ის'' დაუბრუნდეს ვ-------------–-–---–ის მიერ 08.10.2018 წელს (საგადასახადო დავალება N0) სს ''თიბისი ბანკში'' გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 165 ლარის ნაწილი - 90 ლარი, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის შემდეგ ანგარიშზე: სახაზინო კოდი - 300773150.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი