გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/34977-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 მარტი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაია გიგაური
სხდომის მდივანი ნინო კეკელიანი
მოსარჩელე - ი----- ა--------–-–---–ი
მოსარჩელის წარმომადგენელი - მ--- თ-----ია
მოპასუხე - ქ. თბილისის №1-- საბავშვო ბაგა-ბაღი
მოპასუხის წარმომადგენლები - ი--- ს-----–---–ი, ლ------ ნ-------–---–ი (დირექტორი)
დავის საგანი - სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდური ხელფასის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის №1-- საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის 2--- წლის 30 ოქტომბრის №6- ბრძანება ი----- ა--------–-–---–ის აღმზრდელის პოზიციიდან გათავისუფლების შესახებ;
1.2. ქ. თბილისის №1-- საბავშვო ბაგა-ბაღს დაევალოს მოსარჩელე ი----- ა--------–-–---–ის აღდგენა აღმზრდელის პოზიციაზე;
1.3. დაევალოს ქ. თბილისის №1-- საბავშვო ბაგა-ბაღს აუნაზღაუროს ი----- ა--------–-–---–ს განაცდური ხელფასი გათავისუფლების დღიდან (2--- წლის 30 ოქტომბრიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე (აღდგენამდე) პერიოდში, თვეში 400 ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ი----- ა--------–-–---–ი 2004 წლიდან 2--- წლის 30 ოქტომბრამდე მუშაობდა ქ. თბილისის №1-- საბავშვო ბაგა-ბაღში, 0.67 განაკვეთის აღმზრდელის თანამდებობაზე. 2--- წლის 30 ოქტომბერს მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან დირექტორის №6- ბრძანების საფუძველზე. გათავისუფლების ბრძანებაში მითითებულია, რომ მოსარჩელემ განახორციელა ფიზიკური ძალადობა საბავშვო ბაღის აღსაზრდელ გ------ი ა-----–---–ზე.
როგორც ი----- ა--------–-–---–ი განმარტავს, მას არ განუხორციელებია გ------ი ა-----–---–ის მიმართ ფიზიკური ძალადობა. იგი ეთანხმება ახსნა-განმარტებაში მითითებულ ფაქტებს, კერძოდ, ბავშვების ეზოში გაყვანას თანაშემწესთან ერთად და მათ ორ ჯგუფად დაყოფას, ასევე იმას, რომ მის ჯგუფში იყვნენ ბიჭები და მათ შორის გ------ი ა-----–---–ი, რომელიც, მისი შეფასებით, არის ძალიან ცელქი და მოუსვენარი. შემთხვევასთან დაკავშირებით სარჩელში მითითებულია, რომ თამაშის დროს გ------ი ა-----–---–ი გაიქცა და ცდილობდა ღობეზე ასვლას, რა დროსაც დაიჭირა მოსარჩელემ ქურთუკის საყელოთი და არ მისცა ღობეზე ასვლის უფლება, რომ არ ჩამოვარდნილიყო და არ დაეშავებინა რამე. მოსარჩელე განმარტავს, რომ ღობიდან ჩამოყვანის შედეგად ბავშვს არაფერი დაზიანებია და არც შეჯანჯღარებას ჰქონია ადგილი.
2--- წლის 27 ოქტომბერს, მეორე დღეს, მოსარჩელე ი----- ა--------–-–---–ი ჩვეულებრივ გამოცხადდა სამსახურში, რა დროსაც დირექტორმა დაიბარა და უთხრა, თითქოს მან იძალადა ბავშვზე. მოსარჩელემ აუხსნა წინა დღეს მომხდარი შემთხვევა, თუმცა დირექტორმა განუმარტა, რომ იქვე მდებარე კორპუსის მაცხოვრებლებმა დაინახეს ბავშვზე ძალადობის ფაქტი და მოსთხოვა ახსნა-განმარტების დაწერა. უსაფუძვლო ბრალდების გამო, როგორც მხარე აღნიშნავს, ი----- ა--------–-–---–მა დაკარგა გონება, რის გამოც გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ამის შემდეგ, ჯერ კიდევ ცუდად მყოფს აიძულა დირექტორმა ახსნა-განმარტების დაწერა, თუმცა არ ეგონა, რომ კარნახით დაწერილი ახსნა-განმარტების საფუძველზე გაათავისუფლებდნენ სამსახურიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ უკანონოა ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ, რამდენადაც გაურკვეველია სამუშაოდან გათავისუფლების ობიექტური და რეალური მიზეზი. მოსარჩელე დამატებით მიუთითებს, რომ იგი პირნათლად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, არასოდეს მიუღია საყვედური ან გაფრთხილება და რომ არის დამსახურებული აღმზრდელი, 1- წლიანი პედაგოგიური გამოცდილებით. ამ ფაქტს, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ი----- ა--------–-–---–ი ადასტურებს ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლების ხელწერილით, რომლებიც ითხოვენ მის აღდგენას სამუშაოზე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ქ. თბილისის №1-- საბავშვო ბაგა-ბაღის წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ 2--- წლის 30 ოქტომბრის ბრძანება ი----- ა--------–-–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გამოცემულია კანონის სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის კანონით დადგენილი არც ერთი საფუძველი.
მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით მოპასუხის წარმომადგენლმა შესაგებელში მიუთითა დამატებით ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ, მისი განმარტებით, 2--- წლის 26 ოქტომბერს ა(ა)იპ ქ. თბილისის №1-- საბავშვო ბაგა-ბაღის ადმინისტრაციას მიმართა მოქალაქე თ----- ბ-------–---–მა, რომელიც განცხადებაში აღნიშნავდა, რომ დაახლოებით 1-:00 სთ-დან 1-:00 სთ-მდე შუალედში დაინახა ბაღის ეზოში ბავშვები და აღმზრდელი, რომელიც არაჰუმანურად ექცეოდა მათ, ერთ-ერთ ბავშვზე ფიზიკურადაც კი იძალადა (მოქაჩა ყურით ბავშვი იმისთვის, რომ დაემორჩილებინა). მოქალაქემ აღმზრდელი აღწერა ფიზიკური მაჩვენებლებით. ბაღის ადმინისტრაცია, როგორც ამას მიუთითებს მოპასუხე მხარე, ასეთ ფაქტს ვერ დატოვებდა უყურადღებოდ და მიიღო შესაბამისი ზომები. გამოკვლევისას მითითებული აღმზრდელი აღმოჩნდა ი----- ა--------–-–---–ი, რის შემდგომაც შედგა №1-- საბავშვო ბაგა-ბაღის ადმინისტრაციის თანამშრომელთა სხდომა და მიმართეს დირექტორს, განეხილა აღმზრდელის თანამდებობაზე დატოვების მიზანშეწონილობის საკითხი. ფაქტის შესახებ ეცნობა მშობელსაც, რომელმაც დირექტორს განცხადების საშუალებით მოსთხოვა სათანადო რეაგირების განხორციელება.
ბაგა-ბაღის წარმომადგენლის განმარტებით, დირექტორმა გამოიყენა წესდებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, იხელმძღვანელა შესაბამისი ნორმებით და დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა აღმზრდელი ბავშვზე ძალადობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ა(ა)იპ ქ. თბილისის №1-- საბავშვო ბაგა-ბაღის 201- წლის 5 სექტემბრის ბრძანებით აღმზრდელი ი----- ა--------–-–---–ი გადაყვანილ იქნა ამავე ბაღის 0.67 განაკვეთზე აღმზრდელის თანამდებობაზე, 201- წლის 8 სექტემბრიდან და შეწყდა მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება. ბრძანებით განისაზღვრა, რომ მასთან უნდა გაფორმებულიყო ახალი ხელშეკრულება 201- წლის 8 სექტემბრიდან 201- წლის 6 იანვრის ჩათვლით.
201- წლის 5 იანვარს ერთის მხრივ ა(ა)იპ ქ. თბილისის №1-- საბავშვო ბაგა-ბაღსა და მეორეს მხრივ ი----- ა--------–-–---–ს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება უვადოდ და დასაქმებულის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 400 ლარით (დარიცხული).
საერთო ჯამში, ი----- ა--------–-–---–ის სსიპ ქ. თბილისის №1-- საბავშვო ბაგა-ბაღში მუშაობის ხანგრძლივობა შეადგენდა 1- წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბრძანება (ს.ფ. 27);
- ხელშეკრულება (ს.ფ. 23-25);
- ავტობიოგრაფია/CV (ს.ფ. 26)
3.1.2. ა(ა)იპ ქ. თბილისის №1-- საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის 2--- წლის 30 ოქტომბრის №6- ბრძანებით (ი----- ა--------–-–---–ის ა(ა)იპ ქ. თბილისის №1-- საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელის პოზიციიდან გათავისუფლების შესახებ) ნაკისრი ვალდებულების უხეში დარღვევის გამო, გათავისუფლდა ი----- ა--------–-–---–ი ამავე ბაღის აღმზრდელის პოზიციიდან, 2--- წლის 30 ოქტომბრიდან.
მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი გახდა ბაგა-ბაღის ეზოში 2--- წლის 26 ოქტომბერს ბაგა-ბაღის აღსაზრდელ გ------ი ა-----–---–ის მიმართ საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელის ი----- ა--------–-–---–ის მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა. სამართლებრივ საფუძვლად ბრძანებაში მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, ა(ა)იპ ქ. თბილისის №1---ე საბავშვო ბაგა-ბაღის წესდების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და ა(ა)იპ ქ. თბილისის №1---ე საბავშვო ბაგა-ბაღის შინაგანაწესის მე-1- მუხლის მე-7 პუნქტი „დ“ ქვეპუნქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ა(ა)იპ ქ. თბილისის №1-- საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის 2--- წლის 30 ოქტომბრის №6- ბრძანება (ს.ფ. 28).
3.1.3. ა(ა)იპ ქ. თბილისის №1-- საბავშვო ბაგა-ბაღის ადმინისტრაციის მიერ 2--- წლის 26 ოქტომბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო თ----- ბ-------–---–ის მიერ მიმართვის შედეგად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თ----- ბ-------–---–ის განცხადება (ს.ფ. 57);
- სარჩელი, შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- მოწმე თ----- ბ-------–---–ის ჩვენება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ი----- ა--------–-–---–თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, ა(ა)იპ ქ. თბილისის №1---ე საბავშვო ბაგა-ბაღის წესდების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და ა(ა)იპ ქ. თბილისის №1---ე საბავშვო ბაგა-ბაღის შინაგანაწესის მე-1- მუხლის მე-7 პუნქტი „დ“ ქვეპუნქტი. რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებას, ბრძანების გამოცემა გამოიწვია ი----- ა--------–-–---–ის მხრიდან სკოლის შინაგანაწესის დარღვევამ, კერძოდ, აღსაზრდელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებამ.
შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები გაწერილია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლში, რომლის პირველი პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმადაც, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.
მოცემულ შემთხვევაში, სწორედ ბაგა-ბაღის შინაგანაწესის დარღვევა გახდა მოსარჩელე ი----- ა--------–-–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი.
201- წლის 5 იანვრის შრომითი ხელშეკრულების 11.2 მუხლით ბაგა-ბაღის შრომის შინაგანაწესი წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების ნაწილს. ხელშეკრულების 11.3 მუხლით კი განისაზღვრა, რომ დასაქმებული წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით ადასტურებს, რომ გაცნობილია და ეთანხმება შრომის შინაგანაწესს.
ა(ა)იპ ქ. თბილისის №1---ე საბავშვო ბაგა-ბაღის შინაგანაწესის მე-1- მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ შინაგანაწესით განსაზღვრული შრომის დისციპლინის დარღვევის გარდა, დასაქმებულისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს აღსაზრდელის ან/და მათი მშობლების (კანონიერი წარმომადგენლის) სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი, რომლის მიხედვითაც, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.
სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მტკიცების ტვირთი ნაწილდება ობიექტურად და სამართლიანად. თავის მხრივ, შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, ანუ დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის უკანონობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება უკანონო გათავისუფლების თაობაზე, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს აკისრებს მის მიერ გამოვლენილი ნების - დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების მტკიცების ვალდებულებას. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება იმ პრინციპს, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები იმის თაობაზე, თუ რა საფუძვლით წყვეტს შრომით ურთიერთობას დასაქმებულთან. შესაბამისად, მოპასუხე, რომელიც ზოგადად ასეთი შინაარსის დავებში ვალდებულია მის მიერ გამოვლენილი ნების მართლზომიერება ამტკიცოს, ასევე ვალდებულია ჯეროვანი და შესაფერისი მტკიცებულებით დაადასტუროს და სასამართლოს წარმოუჩინოს ის გარემოებები, რომლებიც დაედო საფუძვლად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის გადაწყვეტილებას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წინაპირობა გახდა 2--- წლის 26 ოქტომბერს №1-- ბაგა-ბაღის ეზოში აღმზრდელის მხრიდან აღსაზრდელ გ------ი ა-----–---–ზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი.
ფაქტთან დაკავშირებით განსხვავებული შეფასებები აქვთ მოდავე მხარეებს. კერძოდ, ი----- ა--------–-–---–ის განმარტებით, მას არ განუხორციელებია ფიზიკური შეურაცხყოფა მის აღსაზრდელზე, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა მხოლოდ ეზოში ბავშვების გაყვანის პერიოდში გ------ი ა-----–---–ისთვის ქურთუკის საყელოზე შეხებას იმ მიზნით, რომ ბავშვი ჩამოეყვანა ღობიდან, რათა არ დაშავებულიყო. რაც შეეხება შეჯანჯღარებას, თმების მოქაჩვას და ყურის აწევას, იგი უარყოფს, მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ შედგენილ ახსნა-განმარტებაში სწორედ ტერმინ „შეჯანჯღარებას“ იშველიებს „საყელოთი მოქაჩვის“ პარალელურად. ახსნა-განმარტებასთან დაკავშირებით კი განმარტავს, რომ დაწერა დირექტორის და მისი მოადგილის მითითების და სამსახურის დატოვების, ასევე ფაქტის მედია საშუალებებსა და სოც. ქსელში გაშუქების მუქარის გამო.
მეორეს მხრივ, სხვაგვარად აფასებს მომხდარს ბაგა-ბაღის დირექტორი და წარმომადგენელი, რომლებიც განმარტავენ, რომ ბაღის ადმინისტრაციას ფაქტის თვითმხილველმა თ----- ბ-------–---–მა მიმართა და უთხრა, რომ დაინახა როგორ იძალადა ფიზიკურად ბაღის აღმზრდელმა ერთ-ერთ ბავშვზე და აღუწერა აღმზრდელის ფიზიკური მონაცემები. ხსენებული გარემოება გახდა მოკვლევის დაწყების საფუძველი, რასაც შედეგად საბოლოოდ მოსარჩელის კანონიერი გათავისუფლება მოყვა. რაც შეეხება მუქარისა და დაშინების ფაქტს, მოპასუხე მხარე აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს.
მომხდარი ფაქტის გამოკვლევის და მისი სიმძიმის ხასიათის დასადგენად სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ ახსნა-განმარტებებზე და განსაკუთრებით, მოწმეთა ჩვენებებზე.
თავდაპირველად სასამართლოს სურს გამოიკვლიოს მოწმედ დაკითხული თ----- ბ-------–---–ის ჩვენება, რომელმაც მიმართა ბაღის ადმინისტრაციას და აცნობა მომხდარი ფაქტის შესახებ. კერძოდ, თ----- ბ-------–---–ი მის წერილობით განცხადებაშიც აღნიშნავდა და ამას მიუთითებდა სასამართლო სხდომაზეც, რომ მან მისი საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან, რომელიც გადაჰყურებს ბაგა-ბაღის ეზოს, დაინახა, რომ აღმზრდელი (რომლის ვინაობაც მისთვის უცნობი იყო, ხოლო მოკვლევით გამოვლინდა რომ საუბარია ი----- ა--------–-–---–ზე) არაჰუმანურად, უხეშად ექცეოდა ზოგადად ბავშვებს, ხოლო კონკრეტულად ერთ-ერთ აღსაზრდელს (რომლის ვინაობაც ასევე უცნობი იყო მისთვის, თუმცა მოკვლევამ დაადგინა რომ საქმე ეხებოდა გ------ი ა-----–---–ს) კი ყურზე მოქაჩა, რომ დაემორჩილებინა. მისი განმარტებით, ფაქტის ხილვიდან დაახლოებით 1-1,5 სთ-ში მიმართა ბაგა-ბაღის ადმინისტრაციას, მოუყვა ფაქტის შესახებ და აღუწერა აღმზრდელის ფიზიკური მონაცემები.
მოწმე თ-- ც-–-----ც, რომელიც არის გ------ი ა-----–---–ის დედა, განმარტავდა, რომ აღმზრდელმა „გააჯანჯღარა ბავშვი, ყურზე მოქაჩა და თმები მოწიწკნა“. უფრო მეტიც, მისი განმარტებით, როგორც შემდგომ შეიტყო შვილისგან, სხვა დროსაც მოუწიწკნია თმები ი----- ა--------–-–---–ს მისი შვილისთვის. თ-- ც-–-----მ აღნიშნა, რომ ამ სადავო ფაქტის შესახებ შეიტყო მისი უფროსი (1- წლის) შვილისგან, რომელსაც უმცროსი ძმა -გ------ი ა-----–---–ი მოუყვა მომხდარის შესახებ. სასამართლოს კითხვაზე, უყვებოდა თუ არა შვილი სხვა დროს აღმზრდელის მხრიდან რაიმე მსგავს ინციდენტთან დაკავშირებით, თ-- ც-–-----მ მიუთითა, რომ შვილმა მომხდარის შესახებ საუბარი მოგვიანებით დაიწყო, რადგან იქამდე ეშინოდა მოყოლის. თავად მის ურთიერთობასთან დაკავშირებით ი----- ა--------–-–---–თან, აღნიშნა, რომ არაერთხელ მიუთითა აღმზრდელმა, წაეყვანა შვილი ექიმთან და მიეცა დამამშვიდებელი წამლები, რაც შეასრულა, თუმცა ნევროპათოლოგის მიერ პრობლემა არ გამოვლინდა. ამასთან, იგი გაკვირვებული იყო აღმზრდელის მითითებით, რადგან სახლში მისი შვილი არ იქცეოდა ისე, როგორც ამას აღუწერდა მოსარჩელე.
სასამართლო გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებისა, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებებისა თუ წერილობითი განცხადებებისა, ყურადღებას ამახვილებს ასევე საქმეში წარმოდგენილ ი----- ა--------–-–---–ის ახსნა-განმარტებაზე, რომელიც შედგენილია 201- წლის 23 თებერვალს და რომელიც ეხება ასევე მის აღსაზრდელებში მომხდარ ინციდენტს, რაც, სასამართლოს მოსაზრებით, პირდაპირ კავშირში იყო აღმზრდელის ფუნქცია-მოვალეობების არაჯეროვან შესრულებასთან.
სასამართლო მხარეთა ზეპირი თუ წერილობითი ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებებისა და სხვა მტკიცებულებების შეფასების შედეგად დადგენილად მიიჩნევს გ------ი ა-----–---–ზე აღმზრდელის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს. თვითმხილველმა - მოწმედ დაკითხულმა თ----- ბ-------–---–მა და გ------ი ა-----–---–ის დედამ - თ-- ც-–-----მ არაერთგზის დაადასტურეს ის გარემოება, რომ ადგილი ჰქონდა აღსაზრდელის მხრიდან ყურის მოქაჩვას და გაჯანჯღარებას. ამავდროულად, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ეს ფაქტი თავად ი----- ა--------–-–---–მა დაადასტურა მის წერილობით ახსნა-განმარტებაში და საქმის განხილვის დროს იმის მითითება, რომ ადგილი ჰქონდა მუქარას და ზეწოლას დირექტორის მხრიდან, სასამართლოს არარელევანტურად მიაჩნია, რამდენადაც, თავად მოსარჩელემაც ვერ მიუთითა თუ რა სახის ზეწოლა განხორციელდა მასზე. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც მიუთითებდა ი----- ა--------–-–---–ის მხრიდან რაიმე სახით ამ მოქმედების გაპროტესტებაზე თუნდაც გარკვეული პერიოდის შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო მხოლოდ მის ზეპირ ახსნა-განმარტებას შესაძლო მუქარასთან დაკავშირებით, ვერ გაიზიარებს.
ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ქმედება უნდა შეფასდეს უხეშ გადაცდომად, რასაც შედეგად მოჰყვა მისი სამსახურიდან გათავისუფლება და აღნიშნული დისციპლინური ზომა, სასამართლოს მოსაზრებით, ადეკვატურია ჩადენილი დარღვევისა. აქვე მიუთითებს სასამართლო ბაღის ადმინისტრაციის მხრიდან იქ მომუშავე პირების მიმართ გაკეთებულ გაფრთხილებაზე, სადაც ყველას, მათ შორის ი----- ა--------–-–---–ს ცალსახად ეცნობათ, რომ ძალადობაა: ბავშვის ცემა, ყვირილი, ყურის აწევა, შეჯანჯღარება, დამცირება, დაცინვა და სხვა ბავშვებთან შედარება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მოსარჩელის მხრიდან უხეში გადაცდომის ჩადენა, კერძოდ ფიზიკური ძალადობის ჩადენის ფაქტის აღმზრდელის მიერ აღსაზრდელის მიმართ, რის საწინააღმდეგოც ვერ დადასტურდა მოსარჩელის მხრიდან. ამის საპირისპიროდ სხვა მშობლების ხელწერილი (ს.ფ. 32-33) ვერ იქნება გაზიარებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ი----- ა--------–-–---–ის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 29);
- ი----- ა--------–-–---–ის განცხადება (ს.ფ. 30-31);
- თ----- ბ---------–---–-ს განცხადება (ს.ფ. 57);
- თ-- ც-–-----ს ახსნა-განმარტება (ს.ფ. 58);
- აკრძალვები (ს.ფ. 62-63);
- ი----- ა--------–-–---–ის ახსნა-განმარტება 201- წელს (ს.ფ. 64);
- ა(ა)იპ ქ. თბილისის №1---ე საბავშვო ბაგა-ბაღის შინაგანაწესი (ს.ფ. 65-74);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- მოწმეთა ჩვენებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ ი----- ა--------–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნა სამსხურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, იმავე თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის მიღების მოთხოვნით, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა კანონის დარღვევით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე, 31-ე მუხლები;
ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლი ;
საქართველოს შრომის კოდექსის პირველი, მე-2, 37-ე, 38-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11--ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.
საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (სშკ-ის 1.2. მუხლი).
სშკ-ის 2.1. მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამავე მუხლის 2.2. პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იქნა, რომ მხარეებს შორის არსებობდა უვადო შრომითი ურთიერთობა.
სასამართლოს განმარტებით, არ არსებობს აბსოლუტური, შეუზღუდავი უფლება. იგი ყოველთვის შემოფარგლულია მისი განხორციელების მართლზომიერებით. სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად (სამოქალაქო კოდექსის 11--ე მუხლი). სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მოთხოვნების მართებულობას.
შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანში და მის განხორციელებაში, ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვაში, რაც უზრუნველყოფილია ორგანული კანონით – საქართველოს შრომის კოდექსით. ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ავალდებულებს მხარეებს, აღიარონ ყველა მუშაკის უფლება, უარი თქვან დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზის გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე, საწარმოს შინაგანაწესიდან.
საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის "ზ" ქვეპუნქტი ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო.
სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.
შრომითსამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეულწილად „სპეციალურ“ წესზე. სასამართლო მოიშველიებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N1-8-ე კონვენციას „დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“. აღნიშნული კონვენცია შეიცავს საკმაოდ საინტერესო და ამავე დროს განსახილველი სამართალურთიერთობისათვის მნიშნელოვანს დანაწესს, რომლის თანახმადაც, კონვენციის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერი მიზეზის მტკიცების ტვირთი უნდა ეკისრებოდეს დამსაქმებელს. მით უმეტეს, შრომითი ურთიერთობა თავისი არსით ბუნებრივად ეხება ისეთ მხარებს, რომლებიც მთლად ჰორიზონტალურ სიბრტყეში ვერ იქნებიან აღქმულნი ერთურთის მიმართ. დამსაქმებელი, ასეთი შინაარსის სამართალურთიერთობაში წარმოადგენს ხელშეკრულების ძლიერ მხარეს; მას მიუწვდება ხელი ყველა იმ საჭირო მექანიზმსა და მონაცემზე, რომლითაც შრომითი ურთიერთობის რაიმე სახის ცვლილება უნდა დასაბუთდეს. ისეთ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელი იღებს გადაწყვეტილებას უკვე დამკვიდრებული და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კონკრეტული შრომითი ურთიერთობის, ასე ვთქვათ - „თამაშის წესების“ ცვლილებაზე (ან მითუმეტეს საერთოდ ამ „თამაშის“ შეწყვეტასა და დასრულებაზე), სწორედ დამსაქმებელი ხდება პირი, რომელმაც მის მიერ გამოვლენილი ნების მართლზომიერება უნდა ამტკიცოს მის ხელთ არსებული შესაბამისი ინსტრუმენტებით. სწორედ დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს, რომ მის მიერ გამოვლენილი ნება შესაბამისობაშია როგორც შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლის წყაროებთან, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11--ე მუხლთან, რომლის თანახმადაც, ყოველი სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.
განსახილველ დავაში დადგენილია, რომ საქმის გარემოებანი ეხება საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვან შესრულებას.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომელს, სასამართლოს მოსაზრებით, განსაკუთრებით მეტი ყურადღება და გულისხმიერება მოეთხოვება, რამდენადაც, მას ეკისრება პასუხისმგებლობა და ზედამხედველობა ბავშვებზე. შესაბამისად, ამა თუ იმ ბაღის თანამშრომლის სამსახურებრივი გადაცდომა, საკმაოდ მკაცრად უნდა იქნეს შეფასებული. ამაზე მეტყველებს შინაგანაწესით დადგენილი დისციპლინური ღონისძიებები, კერძოდ კი, ფიზიკური შეურაცხყოფის დროს პირდაპირ გათავისუფლების გამოყენების შესაძლებლობა.
სასამართლო, აქვე მოიხსენიებს ბავშვთა უფლებების კონვენციის 3.3 მუხლს, რომლის თანახმადაც, მონაწილე სახელმწიფონი უზრუნველყოფენ, რომ ბავშვებზე ზრუნვისათვის, მათი დაცვისათვის პასუხისმგებელი დაწესებულებები, სამსახურები და ორგანოები შეესაბამებოდნენ კომპეტენტური ორგანოების მიერ დაწესებულ ნორმებს; კერძოდ, უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მათი პერსონალის რიცხობრიობისა და ვარგისიანობის, აგრეთვე, კომპეტენტური ზედამხედველობის თავლსაზრისით. გარდა ამისა, კონვენციის 26.1 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფონი ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას ცხოვრების იმ დონეზე, რომელიც აუცილებელია ბავშვის ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის.
სასამართლომ, სადავო ფაქტობრივ გარემოებებში დაადგინა, რომ მოსარჩელის მხრიდან ნამდვილად ჰქონდა ადგილი მისი მოვალეობების დარღვევას. ასევე იზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ დარღვევის ხასიათი ნამდვილად იყო ,,უხეში“, ვინაიდან არასრულწლოვან ბავშვზე განხორციელდა ფიზიკური შეურაცხყოფა იმ პირის მიერ, რომელსაც რეალურად, ბავშვზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა ევალებოდა. მოსარჩელე მართალია არ ადასტურებდა მისი მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის განხორციელების ფაქტს და განმარტავდა, რომ ზეწოლის შედეგად დაწერა მის ახსნა-განმარტებაში ბავშვის „შენჯღრევა“, მაგრამ მის მიერ აღნიშნული არ არის სათანადო წესით დადასტურებული. ამის საპირისპიროდ, საქმეში არის ფაქტის თვითმხილველი პირის ახსნა-განმარტება და მისი, როგორც მოწმის მიერ მიცემული ჩვენება, სადაც ცალსახად განმარტავს, რომ დაინახა როგორ უხეშად ექცეოდა მოსარჩელე ბავშვებს და როგორ მოქაჩა ერთ-ერთ ბავშვს (გ------ი ა-----–---–ს) ყური. აღსაზრდელის მშობელმაც დაადასტურა ეს გარემოება, თავად ბავშვის მონათხრობის შედეგად.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო გამართლებულად მიიჩნევს დამსაქმებლის ნებას - შეწყვიტოს აღმზრდელ ი----- ა--------–-–---–თან შრომითი ურთიერთობა, ვინაიდან ეს ნება სავსებით აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11--ე მუხლით გათვალისწინებული „მართლზომიერი ნების“ მაღალ სტანდარტებს.
საბოლოო ჯამში, სასამართლო დამსაქმებლის მიერ დასაქმებულთან - ი----- ა--------–-–---–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას მიიჩნევს კანონიერად, ვინაიდან, დათხოვნის საფუძველი აღწევს საკმარისად სერიოზულ დონეს, შესაბამისად, სარჩელი სადავო ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და ვერ დაკმაყოფილდება.
ამდენად, პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, ასევე უსაფუძვლოდ რჩება დანარჩენი ორი მოთხოვნაც თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც თავისთავად მხოლოდ ამ პირველადი მნიშვნელობის მოთხოვნათა თანმდევი შედეგები უნდა ყოფილიყვნენ ისეთ შემთხვევაში, თუ სასამართლო სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხის, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე, 243-ე, 244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. არ დაკმაყოფილდეს ი----- ა--------–-–---–ის სარჩელი ქ. თბილისის №1-- საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის 2--- წლის 30 ოქტომბრის №6- ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1- დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია გიგაური