გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.03.2019
საქმის ნომერი
330210018002669032
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
21.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/29520-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი თამთა ბარამიძე

მოსარჩელე -სს "ს----------–--------ი"

წარმომადგენელი - გი---------------ე

მოპასუხე - შ------- თ--------ე

წარმომადგენელი - ნ---- თ--------ე

დავის საგანი - ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შ------- თ--------ეს, მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ, 2017 წლის 19 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 42 386.04 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 31 495.45 ლარი, პროცენტი 5890.59 ლარი და პირგასამტეხლო 5000 ლარი (იხ. სასამართლო სხდომის 21.03.2019 წლის ოქმი 10:26:27სთ).

1.2. მოპასუხე შ------- თ--------ეს, მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ, 2017 წლის 07 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისროს 14 033.81 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 10 653.84 ლარი, პროცენტი 1879.97 ლარი და პირგასამტეხლო 1500 ლარი (იხ. სასამართლო სხდომის 21.03.2019 წლის ოქმი 10:26:27სთ).

1.3. განხორციელდეს სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული, შ------- თ--------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: ყ------–----------–--------, დაზუსტებული ფართი: 1201.00 კვ.მ შენობა N 01/2, საცხოვრებელი განაშენიანების ფართი 174 კვ.მ შენობა - ნაგებობების საერთო ფართი 348.00 კვ.მ ს.კ. 5----------- რეალიზაცია; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ - მოძრავი ქონება.

1.4. სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2017 წლის 19 მაისს სს „ს----------–--------ს" და შ------- თ--------ეს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შ------- თ--------ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 32 020.00 ლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური 15.9% სარგებლის დარიცხვით. საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა საკომისიო კრედიტის თანხის 2% მაგრამ არანაკლებ 30 ლარისა.

 

2017 წლის 07 ივლისს სს „ს----------–--------ს" და შ------- თ--------ეს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად საკრედიტო ლიმიტმა შეადგინა 150 000.00 აშშ დოლარი, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი განისაზღვრა 300 თვით. გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ფარგლებში, სს „ს----------–--------ს" და შ------- თ--------ეს შორის 2017 წლის 07 ივლისს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებლის სასარგებლოდ გაიცა სესხი 10 800.00 ლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური 15% სარგებლის დარიცხვით. საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებით მხარეთა მიერ ასევე გათვალისწინებული იქნა საკომისიო კრედიტის თანხის 2% მაგრამ არანაკლებ 30 ლარისა.

 

2017 წლის 07 ივლისის გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების და მის ფარგლებში დადებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 07 ივლისს დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც იპოთეკით დაიტვირთა შ------- თ--------ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: ყ------–ი ს------–-------ე, დაზუსტებული ფართი: 1201.00 კვ,მ შენობა #01/2, საცხოვრებელი განაშენიანების ფართი 174 კვ.მ. შენობა ნაგებობების საერთო ფართი 348.00 კვ.მ. ს.კ 5-----------. აღნიშნული იპოთეკა კანონით დადგენილი წესით 2017 წლის 07 ივლისს დარეგისტრირდა საჯარო რეესტის ეროვნულ სააგენტოში.

 

ს.ს. „ს----------–--------ი"-ს მიერ საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულ იქნა სრულად — მსესხებელზე გაიცა კრედიტი. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკების მიხედვით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა კრედიტის დაფარვის გრაფიკის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვადების დარღვევა. აღნიშნულს ადასტურებს საბანკო მომსახურების ხელშეკრულება და ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან. მოპასუხემ შეწყვიტა სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დაფარვა. მითითებული საკრედიტო დავალიანების შესახებ მოპასუხს წერილობითი შეტყობინება გაეგზავნა, თუმცა უშედეგოდ.

 

მსესხებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება სს „ს----------–--------ის" სასარგებლოდ არ შეუსრულებია, კერძოდ მსესხებლის მიერ 2018 წლის 19 ივნისის შემდეგ არ განხორციელებულა სესხის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდა და მანამდეც სისტემატიურად ხდებოდა ორივე სესხის გრაფიკის დარღვევა. აღნიშნული დასტურდება წარმოდგენილი სესხის დაფარვებით. ამდენად ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო განხორციელდა სესხზე პირგასამტეხლოს დარიცხვა.

 

2018 წლის 04 ოქტომბრის მდგომარეობით მსესხებელს სს „ს----------–--------ის" სასარგებლოდ შ------- თ--------ეს ერიცხება შემდეგი დავალიანება კერძოდ: 2017 წლის 19 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 47 684.02 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 31495.45 ლარი, პროცენტი 5890.59 ლარი, პირგასამტეხლო 10 124.92 ლარი და საკომისიო 173.06 ლარი.

 

2017 წლის 07 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შ------- თ--------ის დავალიანება შეადგენს 15708.46 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 10653.84 ლარი პროცენტი 1879.97 ლარი, პირგასამტეხლო 3010.94 ლარი, საკომისიო 163.71 ლარი.

საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა შეამცირა მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში და ასევე, გაიხმო სასარჩელო მოთხოვნა ხელშეკრულებებიდან გამომდინარე საკომისიოს ნაწილში(იხ. სასამართლო სხდომის 21.03.2019 წლის ოქმი 10:26:27სთ).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შ------- თ--------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ, საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, სესხის ძირი თანხების 31 495.45 ლარის და 10 653.84 ლარის ნაწილში ცნო. მოპასუხემ მიუთითა, რომ არ ცნობს სარჩელს საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს თანხების ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 19 მაისს სს „ს----------–--------ს" და შ------- თ--------ეს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შ------- თ--------ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 32 020.00 ლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური 15.9% სარგებლის დარიცხვით. საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა საკომისიო კრედიტის თანხის 2% მაგრამ არანაკლებ 30 ლარისა.

 

ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის ირგვლივ წამოჭრილი ნებისმიერი დავა, მათ შორის ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობასთან, ინტერპრეტაციასთან, შესრულებასთან და აღსრულებასთან დაკავშირებით წყდება მოლაპარაკებით. დავის მოუგვარებლობის შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ სასამართლოს. ასევე, მხარეები თანხმდებიან, რომ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 19 მაისის საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 17-19);

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 20);

- სტანდარტული სახელშეკრულებო ინფორმაცია (ს.ფ. 21-22);

- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 23-24);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2017 წლის 07 ივლისს სს „ს----------–--------ს" და შ------- თ--------ეს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად საკრედიტო ლიმიტმა შეადგინა 150 000.00 აშშ დოლარი, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი განისაზღვრა 300 თვით.

 

გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ფარგლებში, სს „ს----------–--------ს" და შ------- თ--------ეს შორის 2017 წლის 07 ივლისს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებლის სასარგებლოდ გაიცა სესხი 10 800.00 ლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური 15% სარგებლის დარიცხვით. საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებით მხარეთა მიერ ასევე გათვალისწინებული იქნა საკომისიო კრედიტის თანხის 2% მაგრამ არანაკლებ 30 ლარისა.

 

გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის ირგვლივ წამოჭრილი ნებისმიერი დავა, მათ შორის ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობასთან, ინტერპრეტაციასთან, შესრულებასთან და აღსრულებასთან დაკავშირებით წყდება მოლაპარაკებით. დავის მოუგვარებლობის შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ სასამართლოს. ასევე, მხარეები თანხმდებიან, რომ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 07 ივლისის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 26-29);

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 29-31);

- 2017 წლის 07 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 32-36);

- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 36-37);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. 2017 წლის 07 ივლისის გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების და მის ფარგლებში დადებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 07 ივლისს დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც იპოთეკით დაიტვირთა შ------- თ--------ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: ყ------–ი ს------–-------ე, დაზუსტებული ფართი: 1201.00 კვ,მ შენობა #01/2, საცხოვრებელი განაშენიანების ფართი 174 კვ.მ. შენობა ნაგებობების საერთო ფართი 348.00 კვ.მ. ს.კ 5-----------. აღნიშნული იპოთეკა კანონით დადგენილი წესით 2017 წლის 07 ივლისს დარეგისტრირდა საჯარო რეესტის ეროვნულ სააგენტოში.

 

ხელშეკრულების 15.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის ირგვლივ წამოჭრილი ნებისმიერი დავა, მათ შორის ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობასთან, ინტერპრეტაციასთან, შესრულებასთან და აღსრულებასთან დაკავშირებით წყდება მოლაპარაკებით. დავის მოუგვარებლობის შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ სასამართლოს. ასევე, მხარეები თანხმდებიან, რომ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 07 ივლისის იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 39-49);

- 12/03/2018 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 50-51);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

3.1.4. მსესხებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება სს „ს----------–--------ის" სასარგებლოდ არ შეუსრულებია, კერძოდ მსესხებლის მიერ 2018 წლის 19 ვნისის შემდეგ არ განხორციელებულა სესხის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდა და მანამდეც სისტემატიურად ხდებოდა ორივე სესხის გრაფიკის დარღვევა. აღნიშნული დასტურდება წარმოდგენილი სესხის დაფარვის გრაფიკებით.

 

2018 წლის 04 ოქტომბრის მდგომარეობით მსესხებელს სს „ს----------–--------ის" სასარგებლოდ შ------- თ--------ეს ერიცხება შემდეგი დავალიანება კერძოდ: 2017 წლის 19 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 47 684.02 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 31495.45 ლარი, პროცენტი 5890.59 ლარი, პირგასამტეხლო 10 124.92 ლარი და საკომისიო 173.06 ლარი.

 

2017 წლის 07 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შ------- თ--------ის დავალიანება შეადგენს 15 708.46 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 10653.84 ლარი პროცენტი 1879.97 ლარი, პირგასამტეხლო 3010.94 ლარი, საკომისიო 163.71 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნაერთი ამონაწერი პირადი ანგარიშიდან, სესხის დაფარვები (ს.ფ. 52-66);

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 67);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელი შ------- თ--------ის მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 208-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე შ------- თ--------ემ მითითებულ სამოქალაქო დავაზე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო დავალიანების ძირი თანხების ნაწილში, რამაც მთლიანობაში შეადგინა 42 149.29 ლარი. შესაბამისად, სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,ს----------–--------ს” და მოპასუხე შ------- თ--------ეს შორის არსებობს საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობა, მოსარჩელე მხარემ მოპასუხეზე გასცა კრედიტი. აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულ უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხე მალხაზ ერაძეს ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ საპროცენტო სარგებლის დაკისრება მისი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით უსამართლო ტვირთი იქნება. სასამართლო განხილვისას შედავება არ განხორციელებულა მისი გამოთვლის უზუსტობაზე ან რიცხვის ცდომილებაზე. სასამართლო მიუთითებს, რომს სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში შეთანხმებული საპროცენტო სარაგებელის გადახდა მხარის ვალდებულებას წარმოადგენს და არ არსებობს წარმოდგენილ შემთხვევაში მისი შემცირების ან/და დაკორექტირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებლის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა საბანკო დაწესებულების მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ თავად მოსარჩელე მხარის მიერ შემცირებული იქნა პირგასამტეხლოს ოდენობა, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს საერთო დავალიანების თანხისა და საპრცენტო სარგებლის გათვალისწინებით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირებულ იქნეს და 2017 წლის 19 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს თანხა 1000 ლარის ოდენობით, 2017 წლის 07 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 500 ლარის ოდენობით.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უდავოდაა დადგენილი ის გარემოება, რომ მოპასუხე შ------- თ--------ის მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება, მოსარჩელე (იპოთეკარი) სს ,,ს----------–---------ი” უფლებამოსილია მოითხოვოს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

მოცემულ შემთხვევაში, საკრედიტო ხელშეკრულებების და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის მოხდა პირდაპირი წერილობითი შეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებით, რაც შესაბამისად წარმოადგენს აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ვინაიდან, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხე შ------- თ--------ემ სარჩელი ნაწილობრივ, დავალიანების ძირი თანხების ნაწილში ცნო, ამასთან, მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ წარმომადგენელმა გაიხმო მოთხოვნა საკომისიოს თანხების მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე და შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში, მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ს“ უნდა დაუბრუნდეს, სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1902 ლარის ნაწილი 1473.88 ლარის ოდენობით, ხოლო შ------- თ--------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის 278.12 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სს "ს----------–--------ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხე შ------- თ--------ეს მოსარჩელე სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 19 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 38386.04 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირ თანხას შეადგენს 31495.45 ლარი, დარიცხულ პროცენტს 5890.59 ლარი, პირგასამტეხლოს - 1000 ლარი.

 

3. მოპასუხე შ------- თ--------ეს მოსარჩელე სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 07 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 13033.81 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირ თანხას შეადგენს 10653.84 ლარი, დარიცხულ პროცენტს 1879.97 ლარი, ჯარიმას - 500 ლარი.

 

4. 2017 წლის 07 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული, შ------- თ--------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ყ------–----------–--------, დაზუსტებული ფართი: 1201.00 კვ.მ შენობა N 01/2, საცხოვრებელი განაშენიანების ფართი 174 კვ.მ შენობა - ნაგებობების საერთო ფართი 348.00 კვ.მ ს.კ. 5-----------; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ - მოძრავი ქონება.

 

5. სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რომელიც დაუყოვნებელი აღსრულების ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრის შეტანის გზით გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. მოპასუხე შ------- თ--------ეს მოსარჩელე სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ დაეკისროს მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 278.12 ლარის ანაზღაურება.

 

7. სს "ს----------–--------ს" დაუბრუნდეს მის მიერ 10/10/2018 წლის №1055 საკრედიტო საგადახდო დავალებით სს "ს----------–--------ის" მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1902 ლარის ნაწილი - 1473.88 ლარის ოდენობით, რომლიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, ბანკის კოდი TRESGE22.

 

8. სს "ს----------–--------ის" მოთხოვნა მოპასუხე შ------- თ--------ის მიმართ 2017 წლის 19 მაისის საკრედტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით 4000 ლარისა და 2017 წლის 07 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით 1000 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე