განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 050100119002878911
საქმე N 1-72-19
განაჩენი
საქართველოს სახელით
01.05.2019 წელი ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ბიძინა სტურუა
სხდომის მდივანი მამუკა ჩავლეშვილი
ბრალდების მხარე
პროკურორი: რ------–---ძე
დაცვის მხარე
ადვოკატი: მა-----------------ძე
ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N054120219001
ბრალდებული: ზ-----–--–----ნი
მამის სახელი: ი----ბ
დაბადებული: 0-.0-.1--- წელი
პირადი ნომერი: 2----------
ნასამართლობა: მქონე
მისამართი: ლ--------ი, სოფელი მ----------ი
რეგისტრირებული: ლ--------ი, სოფელი მ----------ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381–ე მუხლის მე-2 ნაწილი.
დისპოზიცია: ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა
1.1. ქ----ს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 06 ივნისის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის განაჩენებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 28 მარტის განჩინებით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი და სენაკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 სექტემბის განაჩენით განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი ზ-----–--–----ნი, 2019 წლის 29 იანვარს, ქ.ლ--------ში, ,,ლ-–------–ის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას ატარებდა ცივ იარაღს - დანას, რომელიც აღმოაჩნდა პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე, ადმინისტრაციული დაკავების დროს პირადი გასინჯვისას.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
2.1. 2019 წლის 15 მარტის წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების და დაცვის მხარეთა მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ზ-----–--–----ნის მიმართ, გამოტანილ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა ზ-----–--–----ნმა წარდგენილ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ და დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
საქმის არსებითი განხილვის დროს, ბრალდებულმა ზ-----–--–----ნმა თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედებანი, დაცვის მხარე დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას, ამასთან მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არ არის და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ-----–--–----ნის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად და უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ზ-----–--–----ნის ბრალეულობას სახელდობრ, ზ-----–--–----ნის ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, პირადი გასინჯვის დროს აღმოჩენილი დანა, ზ-----–--–----ნის, მ-----–------ის, ვ----------------ვის გამოკითხვის ოქმები, მ-----–------ის სამუშაო ოთახიდან დანის ამოღების ოქმი, ამოღებული დანა, ექსპერტიზის Nც.ი/37 დასკვნა, ქ----ს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 06 ივნისის განაჩენი, სენაკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 სექტემბრის განაჩენი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წელის 28 მარტის განჩინება, ცნობა პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ, 2019 წლის 5 თებერვლის წერილი გურიის პრობაციის ბიუროდან, ადმინისტრაციული დაკავების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობა.
სასამართლო, მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია ზ-----–--–----ნის მიმართ, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381–ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ) წარდგენილ ბრალდებაში, განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ასეთი დასკვნა კი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
3. სამართლებრივი შეფასება
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზ-----–--–----ნმა მის მიერ განხორციელებული ქმედებით, ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ. აღნიშნული ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რის გამოც ზ-----–--–----ნი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ზ-----–--–----ნის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ზ-----–--–----ნს არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ზ-----–--–----ნმა აღიარა დანაშაულის ჩადენა, ხოლო დამამძიმებელი გარემოება ზ-----–--–----ნს არ გააჩნია. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მან ახალი განზრახი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრისათვის დადგენილ გამოსაცდელ ვადაში.
ამდენად, ზ-----–--–----ნს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ზ-----–--–----ნს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381–ე მუხლის მე-2 ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს ჯარიმა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. მითითებული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა და მიუხედავად იმისა პროკურორი მოითხოვს თუ არა პირობითი მსჯავრის გაუქმებას და სასჯელის აღსრულებას პირველი ინსტანციის სასამართლო ვალდებულია შეასრულოს მითითებული მუხლის სავალდებულო დანაწესი.
ნათელია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს ევალება ზ-----–--–----ნის მიმართ სენაკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრის გაუქმება და სასჯელის განსაზღვრა სსკ-ის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
ამდენად, ზ-----–--–----ნს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ზ-----–--–----ნს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381–ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით სასჯელის დანიშვნის კანონით დადგენილი წესის გათვალისწინებით.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხების გადაწყვეტა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს. მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი დანა უნდა განადგურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე, 59-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ზ-----–--–----ნი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
1.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 სექტემბრის განაჩენით ზ-----–--–----ნის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რომლის ნაწილი - 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაემატოს ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ, ზ-----–--–----ნს, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. ზ-----–--–----ნი დაკავებულ იქნას სასამართლო სხდომის დარბაზში, რაც დაევალოს სასამართლოს მანდატურის სამსახურს.
4. ზ-----–--–----ნს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 1 მაისიდან.
5. ზ-----–--–----ნი მოთავსდეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.
6. გაუქმდეს მსჯავრდებულ ზ-----–--–----ნის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო.
7. ჯარიმის ნაწილში განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
8. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
8.1. დანა, განადგურდეს.
9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
10. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბიძინა სტურუა