გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/16478-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი კახა კომლაძე
მოსარჩელე გი------------
წარმომადგენელი გი---------------–---–-- ან----------------------
მოპასუხე შპს “ო-------------“
წარმომადგენელი გი-----------–---
დავის საგანი ხელშეკრულებიდან გასვლის გამო
გადაცემული თანხის დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება,პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ქ.თბილისში, ო–------------------------ში, იგივე ქ. თბილისი, ვ-----------–---–-------------, ბინა N47, საერთო ფართით 123.13. კვ.მ. (ს/კ N 0-.1-.1--0---0--.0-.--) და ავტოსადგომზე N69, 21 კვ.მ. შპს „ო--------------“ და ი-----–--------ას შორის 2008 წლის 12 აპრილს გაფორმებული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება.
1.2. შპს „ო-------------სათვის“ ი-----–--------ას მემკვიდრის გი------------ს სასარგებლოდ 79 680 ევროს ეკვივალენტის ლარებში გადახდის დაკისრება.
1.3. შპს „ო-------------სათვის“ ი-----–--------ას მემკვიდრის გი------------ს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს 2010 წლის 01 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდილი თანხის 79 680 ევროს ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე 0,15%-ის- 119,52 ევროს ეკვივალენტის ლარში გადახდის დაკისრება.
1.4. შპს „ო-------------სათვის“ ი-----–--------ას მემკვიდრის გი------------ს სასარგებლოდ 134 415 ლარის გადახდის დაკისრება.
2008 წლის 12 აპრილს შპს „ო--------------“ და ი-----–--------ას შორის გაფორმდა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო გამყიდველისათვის გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაური თანდართული გრაფიკის შესაბამისად, ხოლო გამყიდველი ვალდებული იყო დაედო ნასყიდობის ხელშეკრულება მყიდველთან, შენობის ექსპლუატაციაში მიღებიდან 2 თვის ვადაში. გასაყიდ ქონებას წარმოადგენს საცხოვრებელი ბინა, მდებარე, ქ. თბილისში, ო–-------------------------ში, იგივე ვ-----------–---–-------------, ბინა N47, ფართით 123.13 კვ.მ. ს/ კ N0-.1-.1--0---0--.0-.-- და ავტოსადგომი N69, 21 კვ.მ.
გამყიდველის მიერ ექსპლუატაციაში ჩაბარება უნდა მომხდარიყო არაუგვიანეს 2009 წლის 30 ნოემბრისა, რაზეც ხსენებული ხელშეკრულების თანახმად, უნდა მომხდარიყო წერილობითი შეტყობინება და გაფორმებულიყო ორმხრივი მიღება-ჩაბარების აქტი. გამყიდველი ვალდებულია მყიდველს გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ქონება. ქონების მყიდველისათვის გადაცემის მომენტისათვის, გამყიდველს უნდა უზრუნველეყო იპოთეკის მოხსნა გასაყიდ ქონებაზე.
მიუხედავად იმისა, რომ მყიდველის მიერ თანხის გადახდის ვალდებულება ხელშეკრულებისა და გრაფიკის მიხედვით შესრულდა კეთილსინდისიერად და სრულად დაიფარა 79 680 ევრო, გამყიდველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დღემდე არ შესრულებულა, კერძოდ, სამუშაოები არ დასრულდა 2009 წლის 31 ივლისამდე, დათქმულ დროს არ მოხდა ექსპლუატაციაში მიღება და ბინაზე ნასყიდობის ხელშეკრულება არ გაფორმებულა.
2011 წლის 01 მარტს გარდაიცვალა ი-----–--------ა და მისი მემკვიდრე გახდა გი------------, რომელმაც სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიიღო სამკვიდრო ქონება.
ქონების გადაცემა, ნასყიდობის ხელშეკრულების დადება და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია შეუძლებელია, რადგან ქონება დატვირთულია იპოთეკით და ადევს არაერთი გირავნობა/ყადაღა. შენობა ექსპლუატაციაში მიღებულია არა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში 2009 წლის 30 ნოემბრამდე, არამედ 2012 წლის 20 მარტს.
ხელშეკრულების მიხედვით, თუ მყიდველისათვის გადასაცემი ბინის ჩაბარების ვადა გადააჭარბებს ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თარიღს (3 თვეზე მეტი ხნით), თანხას დაერიცხება საურავი (პირგასამტეხლო) 0.15% ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე, ბინის ჩაბარებამდე, რაც თვეში შეადგენს 119,52 ევროს და 2010 წლის 01 მარტიდან სარჩელის შეტანის დღემდე შეადგენს 13 266,72 ევროს.
ბინის ხელშეკრულების შესაბამისად ჩაბარების შემთხვევაში, კერძოდ, ექსპლუატაციაში დროულად მიღების, სამართლებრივი შეზღუდვების არარსებობის, მიღება-ჩაბარების აქტით დროულად გადაცემის შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა გაერემონტებინა და შემდგომ გაექირავებინა ბინა, თვეში 1545 ლარად, რის შედეგადაც 2010 წლის -1 მარტიდან სარჩელის შეტანამდე - 2018 წლის 01 ივნისამდე მიიღებდა 134 415 ლარის ოდენობის შემოსავალს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში შესვლის ვადის გადაცილება განპირობებული იყო ობიექტური გარემოებებით. იმ შემთხვევაშიც, კი თუ ქონების ექსპლუატაციაში მიღება მოხდებოდა აღნიშნულ რიცხვში, მყიდველს საკუთრებაში მაინც არ გადაეცემოდა ბინა, რადგან თავის მხრივ მან დაარღვია თანხის გადახდის ვალდებულება, რაც მანამდე უნდა შესრულებულიყო ვიდრე ბინა შევიდოდა ექსპლუატაციაში. მყიდველმა გადახდის გრაფიკით დადგენილ ვადებში არ შეასრულა ვალდებულება, ბოლო გადახდა განახორციელა 2011 წლის 30 დეკემბერს. საურავის თაობაზე მხარეებს შორის არსებობდა შეთანხმება, თუმცა ამ შემთხვევაში საურავის მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს არ გააჩნია, რადგან მყიდველი ითხოვს თანხის დაბრუნებას. მოპასუხემ მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2008 წლის 12 აპრილს შპს „ო--------------“ და ი-----–--------ას შორის გაფორმდა წინასწარი ხელშეკრულება საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის შესახებ, რომლის თანახმად, გასაყიდ ქონებას წარმოადგენს საცხოვრებელი ბინა (პუნქტ 2.4.-ში აღნიშნულ სტადიაში) ქ. თბილისში, ო–------------------------ მშენებარე შენობის მე-7 სართულზე (საცხოვრებელ მე-6 სართულზე), საერთო ფართით: 123.13 კვ.მ. და ავტოსადგომი N69-21კვ.მ. საცხოვრებელი ბინის ფართობი განისაზღვრება შიდა კონტურების მიხედვით (ტიხრებისა და კოლონების მიერ დაკავებული ფართის ჩათვლით).
გასაყიდი ქონება არის სამომავლო, რადგან მისი აშენება და ხელშეკრულებით განსაზღვრულ მდგომარეობაში მოყვანა მოხდება გამყიდველის მიერ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში.
გამყიდველი მყიდველს გადასცემს ნივთობრივად და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალ ქონებას.
ნივთობრივად უნაკლო ქონების ქვეშ მყიდველი და გამყიდველი გულისხმობენ ქონებას - საცხოვრებელ ბინას შემდეგ სტადიაზე:
მოწესრიგებული სადარბაზო, ფასადი და სახურავი;
სან.ტექნიკური დგარები (ცივი წყალი, კანალიზაცია);
ელ. გაყვანილობის დგარი;
ბინის რკინის კარი (ტიპიური, ერთი საკეტით);
მეტალო-პლასტიკის კარ-ფანჯარა (თეთრი სტანდარტული, ორი ფრთის შემთხვევაში იღება ერთი ფრთა).
უფლებრივად უნაკლო ქონების ქვეშ მყიდველი და გამყიდველი გულისხმობენ იმას, რომ მესამე პირს არ შეუძლია წაუყენოს მოთხოვნები მყიდველს ნაყიდი ქონების გამო. უფლებრივ ნაკლში მხარეები არ გულისხმობენ ქონებაზე არსებულ იპოთეკის უფლებას, რომელზეც მითითებულია ამ ხელშეკრულებაში და რომელიც გაუქმდება ქონების საკუთრებაში გადაცემისას.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
ხელშეკრულება.
3.1.2. გასაყიდი ქონების ღირებულება განისაზღვრება ქონების ღირებულებისა და გადახდის გრაფიკის შესაბამისად (დანართი 1), რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
დანართი N1-ის მიხედვით, ქონების ღირებულება განისაზღვრა 79 680 ევროს ოდენობით, რომელიც მყიდველს უნდა გადაეხადა ნაწილ-ნაწილ გრაფიკის შესაბამისად, კერძოდ, ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე- 2008 წლის 12 აპრილს 46 365 ევრო, 2008 წლის 15 ივლისს -11000 ევრო, 2008 წლის 15 დეკემბერს - 11000 ევრო და 2009 წლის 15 ივლისს - 11315 ევრო.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
ხელშეკრულება.
3.1.3. ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.2. პუნქტის მიხედვით, ქონების გადაცემა მოხდება სამშენებლო სამუშაოების დამთავრებისთანავე არაუგვიანეს 2009 წლის 31 ივლისისა. ზუსტი თარიღის თაობაზე გამყიდველი წინასწარ ატყობინებს მყიდველს. სახლის ექსპლუატაციაში ჩაბარება მოხდება გამყიდველის მიერ არაუგვიანეს 2009 წლის 30 ნოემბერისა.
ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.3. პუნქტის თანახმად, ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემისათვის მყიდველს და გამყიდველს შორის გაფორმდება შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების გაფორმება მოხდება შენობის ექსპლუატაციაში მიღებიდან 2 თვის ვადაში. მის შემდეგ მოხდება ნასყიდობის რეგისტრაცია, რასაც მყიდველი განახორციელებს დამოუკიდებლად.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
ხელშეკრულება.
3.1.4. ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.5. პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მყიდველისათვის გადასაცემი ბინის ჩაბარების ვადა გადააჭარბებს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თარიღს (3 თვეზე მეტი ხნით), მაშინ გამყიდველი მყიდველის მოთხოვნისამებრ ვალდებულია უკან დაუბრუნოს მყიდველს ფაქტობრივად განხორციელებული შენატანი. თუ მყიდველი არ მოითხოვს თანხის დაბრუნებას, თანხას დაერიცხება საურავი 0.15%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე, ბინის ჩაბარებამდე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
ხელშეკრულება.
3.1.5. ი-----–--------ამ სრულად გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონების ღირებულება 79 680 ევროს ეკვივალენტი ლარებში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
მოპასუხის ახსნა-განმარტება.
სალაროს შემოსავლის ორდერები.
ანგარიშის ბარათი.
3.1.6. 2017 წლის 10 თებერვალს ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად, 2011 წლის 01 მარტს გარდაცვლილი ი-----–--------ას სამკვიდრო ქონება მიიღო მისმა პირველი რიგის მემკვიდრემ - შვილმა გი------------მ.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
სამკვიდრო მოწმობა.
3.1.7. ქ. თბილისში, ო–---------------ში (იგივე ვ-----------–---–-------------)მდებარე მშენებარე მრავალსართულიანი კორპუსი ექსპლუატაციაში მიღებულია 2012 წლის 20 მარტს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის
ზედამხდველობის საქალაქო სამსახური.
3.1.8. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, მოსარჩელისათვის გადასაცემ ქონებაზე, ბინა N47-ზე, 2013 წლის 13 აგვისტოდან რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, ხოლო 2016 წლის 02 ნოემბრიდან ყადაღა. საფუძველი: ბრძანების საფუძველზე გამოცემული, აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 01.11.2016 წ. N--------- 12.10.2016, შემოსავლების სამსახური.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 316-ე, 629-ე, 128-ე, 144-ე, 352-ე, 405-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 129-ე, 130-ე, 394-ე, 408-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან. იგივე დანაწესია ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც (სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები), რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს - მენარდესა და შემკვეთს გააჩნიათ. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდებიან კანონით გათვალისწინებული ფორმით. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ძირითადი ვალდებულებაა, შეასრულოს მისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური (სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი).
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა, რომლის შესაბამისად, შპს „ო--------------“ იკისრა ვალდებულება ი-----–--------ასათვის (უფლებამონაცვლე გი------------) 2010 წლის 30 იანვარისათვის, საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ო–---------------ში ასაშენებელ მრავალსართულიან სახლში შენობის მე-7 სართულზე 123.13 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა N47.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოა მოთხოვნის წარდგენის კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა. შესაბამისად, როდესაც საუბარია ხანდაზმულ მოთხოვნაზე სასამართლოს ვალდებულებაა გამიჯნოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი ვალდებულება და დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნა ძირითადი ვალდებულების შესრულებაა თუ მისგან ნაწარმოები (მაგალითად, ხელშეკრულებიდან გასვლა). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით, მსჯელობის საგანს წარმოადგენს, არის თუ არა ხანდაზმული გი------------ს სასარჩელო მოთხოვნა და ექვემდებარება თუ არა მის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი თანხა უკან დაბრუნებას.
სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
„ხანდაზმულობა“ სამოქალაქო სამართალში გამოხატავს რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, რომელიც არსებობდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული დროით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ვითარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დღიდან, როცა პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დინება იწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებების მიხედვით უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, ვალდებული პირი უფლებამოსილია, უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
ხელშეკრულებით შპს „ო--------------“ ვალდებულება აიღო შენობის ექსპლუატაციაში ჩაბარებიდან 2009 წლის 30 ნოემბრიდან 2 თვის ვადაში, ქონების საკუთრების უფლებით გადაცემისათვის მყიდველთან გაეფორმებინა ნასყიდობის ხელშეკრულება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულების გაუქმებისა და ხელშეკრულებიდან გასვლის გამო გადაცემული თანხის 79 680 ევროს ეკვივალენტის დაბრუნების შესახებ არ არის ხანდაზმული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის ანალიზით დგინდება, რომ ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება ვალდებულების შესრულების მოთხოვნაზე. ვალდებულება, რომელიც უნდა შესრულდეს მხარეთა შორის ხელშეკრულებით არის განსაზღვრული.
მოცემულ შემთხვევაში, ძირითად ვალდებულებას ი-----–--------ას უფლებამონაცვლე გი------------სათვის, როგორც კრედიტორისათვის, საცხოვრებელი ფართის გადაცემის მოთხოვნა, ხოლო შპს „ო-------------სათვის“ შეთანხმებული საზღაურის დაკისრების მოთხოვნა წარმოადგენს. სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეა ი-----–--------ას უფლებამონაცვლე გი------------ს გამოსაკვლევია რაში მდგომარეობს მისი მოთხოვნა ძირითადი ანუ პირველადი ვალდებულების შესრულებაში, რაც როგორც აღინიშნა საცხოვრებელი ფართის გადაცემაა თუ, სახეზეა, მეორადი ვალდებულება ხელშეკრულებიდან გასვლა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. სასამართლოს წარმოდგენილი სარჩელის საფუძველზე მიაჩნია, რომ სახეზეა, სასარჩელო მოთხოვნა, ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ. სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. ხელშეკრულებაზე უარის თქმის, სამართლებრივ შედეგებს არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 352-ე, ხოლო წინაპირობებს 405-ე მუხლები. თუ ვერ ხერხდება კრედიტორის პირველადი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოვალის მიერ (ვალდებულების შესრულება), მის ადგილს მეორადი მოთხოვნა იკავებს. პირველადი ვალდებულებებისაგან მეორადი ვალდებულებანი უნდა განვასხვავოთ. ეს უკანასკნელი უშუალოდ ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობიდან არ გამომდინარეობს. მეორადი ვალდებულება პირველადი ვალდებულებების (ქმედების განხორციელების) დარღვევის შედეგად წარმოიშობა და იკავებს ან მათ ადგილს, ანდა მათთან ერთად არსებობს.
ხელშეკრულებიდან გასვლა აღმჭურველი უფლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას მხარეს აქვს შესაძლებლობა, მიაღწიოს გარკვეულ სამართლებრივ შედეგს – დაასრულოს სახელშეკრულებო ურთიერთობა კონკრეტული უფლებებითა და მოვალეობებით და განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში გადაიყვანოს იგი. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებაზე, განსხვავებით მოთხოვნის უფლებებისაგან, არ ვრცელდება ხანდაზმულობა. ხელშეკრულებიდან გასვლის დამახასიათებელი ნიშანი მხარეთა შორის ორმხრივი რესტიტუციის განხორციელებაა, რესტიტუცია კი, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას გულისხმობს, რა დროსაც მხარეთა მიერ ერთმანეთისათვის გადაცემული ქონების უკუქცევა ხდება. საგულისხმოა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა ერთობლივი, განუყოფელი და მყისიერი ქმედებაა, რაც მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ თუ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებაზე არ ვრცელდება ხანდაზმულობა, არც მისი თანმდევი შედეგი (ნატურით დაბრუნება) ექვემდებარება ხანდაზმულობას. ამის შემდგომ, სანამ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაზე იქნება მსჯელობა, უნდა დადგინდეს სახეზეა, თუ არა, ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობები, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: ნამდვილი ორმხრივი ხელშეკრულების არსებობა; ხელშეკრულების დარღვევა (მნიშვნელოვანი დარღვევა); დამატებითი ვადის დაწესება (გაფრთხილება); ამ ვადის უშედეგოდ ამოწურვა. ე.ი. თავდაპირველად უნდა დადგინდეს არსებობს, თუ არა, ნამდვილი ორმხრივი ხელშეკრულება და მოქმედებს, თუ არა, ვალდებულების შესრულების მოთხოვნის ხანდაზმულობა ხელშეკრულების ძალაზე? აღნიშნულ კითხვებზე პასუხი უარყოფითია, ვინაიდან, ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმული მოთხოვნა სარჩელის (რომლითაც მოთხოვნილია ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება) დაკმაყოფილების პერსპექტივას გამორიცხავს, მაგრამ ხელშეკრულებას ძალადაკარგულად ვერ აქცევს.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2008 წლის 12 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „ო--------------“ 2010 წლის 30 იანვრამდე საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება დღემდე არ შეასრულა უძრავ ქონებაზე არსებული ყადაღის გამო და დასახელებული ფაქტი ცალსახად ადასტურებს მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევას. სასამართლოს განმარტებით, დროის მონაკვეთი, რაც გასულია ხელშეკრულების დადებიდან სარჩელის შემოტანამდე და ვალდებულების დარღვევის ხასიათი, აძლევს სასამართლოს დასკვნის საფუძველს, რომ, დამატებითი ვადის დაწესება არ არის აუცილებელი, ვინაიდან, აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ მოჰყვება (სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა ხელშეკრულებიდან გასვლის ყველა წინაპირობა, რაც ი-----–--------ას უფლებამონაცვლე გი------------ს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებამოსილებას და გადაცემული 79 680 ევროს ეკვივალენტის ლარში დაბრუნების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, შპს „ო-------------“ ვალდებულია დაუბრუნოს ი-----–--------ას უფლებამონაცვლე გი------------ს ხელშეკრულებიდან გასვლის გამო, გადაცემული თანხა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
დადგენილია, რომ მხარეებს შპს „ო--------------“ და ი-----–--------ას შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.5. პუნქტით შეთანხმებულია პირგასამტეხლო, ფაქტობრივად განხორციელებული შენატანი თანხის 0.15% ყოველ ვადა გადაცილებულ თვეზე, იმ შემთხვევაში, თუ მყიდველისათვის გადასაცემი ბინის ჩაბარების ვადა, გადააჭარბებს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თარიღს 3 თვეზე მეტი ხნით და მყიდველი არ მოითხოვს თანხის დაბრუნებას.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს „ო--------------“ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბინის ჩაბარების ვადა. სარჩელის შეტანის შემდეგ - 2018 წლის ივნისიდან მოსარჩელეს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება არ წარმოეშობა, რადგან მხარეთა შეთანხმებით, პირგასამტეხლოს დარიცხვის ერთ-ერთი პირობაა მყიდველის მიერ თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლების გამოუყენებლობა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა 2010 წლის 01 მარტიდან სარჩელის შეტანამდე პერიოდში პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ ხანდაზმულია შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო სამართალში ხანდაზმულობა არის დრო, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია უფლების განხორციელება - სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების მოთხოვნა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ვალდებულება, რომლის შესრულება მოვალის მხრიდან გარკვეული პერიოდებით განისაზღვრა. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ვადებით.
შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს იმ დროიდან, როდესაც შპს „ო-------------“ ეკისრებოდა ბინის ჩაბარების ვალდებულება ანუ 2010 წლის 01 მარტიდან, სარჩელი აღძრულია 2018 წლის 04 ივნისს, შესაბამისად, 2015 წლის ივნისამდე, გადასახდელი პირგასამტეხლოს მოთხოვნა ხანდაზმულია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს შპს „ო-------------საგან“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბინის ჩაბარების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, სამი წლის განმავლობაში დარიცხული პირგასამტეხლოს 4302.72 ევროს ეკვივალენტის ლარში გადახდევინება.
6.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა ვალდებულების დარღვევის გამო ზიანის ასანაზღაურებლად 134 415 ლარის დაკისრების ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა.
სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა.
მოსარჩელე ამ შემთხვევაში ზიანის არსებობის ფაქტის დასადასტურებლად მიუთითებს, იმ გარემოებაზე, რომ შპს „ო-------------ს“ მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, კერძოდ, საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში, ის ამ ბინის გაქირავების შედეგად მიიღებდა შემოსავალს ქირის სახით. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ მოსარჩელის განმარტებას, რომ ის საკუთრებაში მისაღები საცხოვრებელი ბინის გაქირავებას აპირებდა, სასამართლო არ იზიარებს. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, 2010 წლის 01 მარტიდან სარჩელის შეტანამდე პერიოდში 134 415 ლარის ოდენობით, შემოსავლის მიღების ალბათობას ვერ ადასტურებს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების კანონით გათვალისწინებული პირობები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის 58,28%, შესაბამისად, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1748.4 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად, 29.14 ლარის გადახდა უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
სარჩელზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. გი------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. გაუქმდეს შპს „ო---------------“ და ი-----–--------ას შორის 2008 წლის 12 აპრილს გაფორმებული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება საცხოვრებელ ბინაზე: ქ.თბილისში, ო–------------------------ში, იგივე ქ. თბილისი, ვ-----------–---–-------------, ბინა N47, საერთო ფართით 123.1-- კვ.მ. (ს/კ N 0-.1-.1--0---0--.0-.--) და ავტოსადგომზე N69, 21 კვ.მ.
1.2. შპს „ო-------------“ მოსარჩელე ი-----–--------ას უფლებამონაცვლე გი------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 79 680 ევროს ეკვივალენტის ლარში და პირგასამტეხლოს 4302.72 ევროს ეკვივალენტის ლარში გადახდა.
1.3. სარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ პირგასამტეხლოს ნაწილში და ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
2. შპს „ო-------------“ მოსარჩელე ი-----–--------ას უფლებამონაცვლე გი------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 1748.4 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად და 29.14 ლარის გადახდა უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაკა ჭედია