გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.03.2019
საქმის ნომერი
330210018002539680
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
28.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3-----------------

საქმე №2/20922-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

 

მოსარჩელე - სს,,პ----------------------–-------------ი“

მოსარჩელის წარმომადგენელი - ე---------- გ-------–ი

 

მოპასუხე - ი--- ც------–--ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ი--- ც------–--ეს მოსარჩელე სს,,პ----------------------–-------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 9754.71 ლარი, საიდანაც დავალიანების ძირი თანხაა 5352.36 ლარი, პროცენტი - 1358.04 ლარი, პირგასამტეხლო - 308.33 ლარი და მიუღებელი შემოსავალი - 2735.98 ლარის ოდენობით.

 

წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, მოსარჩელე არის ფინანსური პლატფორმა, რომელიც ერთის მხრივ აკავშირებს ინვესტორებს და სესხის აღების მსურველებს და მეორე მხრივ, თავად გასცემს სესხებს მსესხებელზე. სესხის აღებისთვის მსესხებელი შედის კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე, როლის საშუალებითაც ითხოვს თანხას სესხის დასაფინანსებლად, ხოლო კომპანია ან/და ინვესტორი აფინანსებს მოთხოვნილ თანხას. სესხის ფაქტობრივი გაცემა ხდება სს ,,პ----------------------–-------------ი’’-ს მიერ მსესხებლის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით. მოსარჩელეს და მსესხებელს შორის დადებული ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.10 პუნქტის თანახმად, კომპანია და მსესხებელი წინამდებარე ხელშეკრულებით აცხადებენ წინასწარ თანხმობას მასზედ, რომ მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულების გადახდის გრაფიკის დარღვევის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია სასამართლოს წესით მოსთხოვოს მსესხებელს ერთჯერადად და დაუყოვნებლივ მთლიანი ვალდებულების შესრულება და აღძრას სარჩელი სასამართლოში დავალიანების გადახდევინების მიზნით.

 

მოპასუხე ი--- ც------–--ე 2015 წლის 5 მაისს დარეგისტრირდა სს ,,პ----------------------–-------------ი’’-ს ვებგვერდზე და შექმნა საკუთარი პროფილი, 2017 წლის 25 სეტემბერს მან შეავსო სესხის განაცხადი პორტალზე ინვესტირებისთვის და მოითხოვა სესხის თანხა 5500 ლარის ოდენობით. 2017 წლის 29 სექტემბერს მოხდა მსესხებლის მიერ მოთხოვნილი სესხის თანხის დამტკიცება და მოსარჩელის მიერ თანხის ჩარიცხვა მსესხებლის ანგარიშზე. სესხის ხელშეკრულების თანახმად სესხის თანხა შეადგენს 5500 ლარს, სესხის ვადა 36 თვეს, სესხის საპროცენტო განაკვეთი 44 % წლიურად, სესხის გაცემა მოხდა ერთი ინვესტორის ნ-----–---- შ---------ს მიერ გამოყოფილი 5500 ლარის საშუალებით. მოქალაქე ნ-----–---- შ---------მ სესხის მოთხოვნის უფლება მთლიანად დაუთმო სს ,,პ---------------–-----–-------------ს’’ და ის არის მსესხებლის ერთადერთი კრედიტორი.

 

სესხის დაფარვის გრაფიკი მოპასუხემ დაარღვია 2018 წლის 1 მარტს. 2018 წლის 10 ივლისის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 9754.71 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 5352.36 ლარი, პროცენტი-1358.04 ლარი, პირგასამტეხლო-308.33 ლარი და მიუღებელი შემოსავალი-2735.98 ლარი.

 

ხელშეკრულების 5.9 პუნქტის თანახმად გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5 %-ის ოდენობით.

 

ვინაიდან ანიშნული სესხი ვადიანია, მოსარჩელე მოითხოვს მიუღებელი შემოსავლის სახით პროცენტის სრულად გადახდას სარჩელის შეტანიდან სესხის ხელშეკრულების ვადის ბოლომდე. მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლება წარმოშო მოპასუხისგან ხელშეკრულების დარღვევამ. კრედიტორს აქვს მოლოდინი, რომ ის სესხის დაფინანსების შემდგომ დაიბრუნებს როგორც ძირ თანხას, ისე სარგებელს. კრედიტორი ფინანსური კომპანიაა, რომლის უმთავრეს საქმიანობას წარმოადგენს სესხების გაცემა. ის სესხს გასცემს იმ ვარაუდით, რომ გაცემულ თანხასთან ერთად მიიღებს სარგებელს. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს მსესხებლისგან ვალდებულების შესრულება (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ 2018 წლის 1 მარტამდე იხდიდა ყოველთვიურ გადასახადს 278 ლარს, რომელიც მსესხებელს არ აქვს გამოკლებული ძირ თანხაზე. პროცენტი არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე, ხოლო პირგასამტეხლო სრულად უნდა მოიხსნას. რაც შეეხება მიუღებელ შემოსავალს, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სამომავლოდ შესასრულებელია და სესხის ხელშეკრულებაში აღნიშნული დათქმა არ ყოფილა. მოპასუხე მუშაობს შპს ,,ჯ--------------------------------–ი’’, მისი ხელფასი შეადგენს 980 ლარს. აქვს საბანკო ვალდებულებები, მათ შორის ს----------–---------ს 14760 ლარი, ყოველთვიურად ხელფასიდან ეჭრება 521 ლარი, 2018 წლის ოქტომბრიდან ვადის გაგრძელების შემდეგ ეჭრება 2587 ლარი; იგივე ბ---–ი სწრაფი სესხი 300 ლარი-ყოველთვიური შენატანი 55 ლარი; თ---------–ი აქვს სესხი 3550 ლარი, ყოველთვიური გადასახადით 141 ლარი; ჯ------------------–ში აქვს სესხი 2000 დოლარი-ყოველთვიურად იხდის 104 ლარს; კ-------–---------ში აქვს სესხი 500 ლარი-ყოველთვიური გადასახადით 44 ლარი; მთიანი ყოველთვიური გადასახადი დარიცხულ ხელფასზე მეტია. მოპასუხე ცხოვრობს ქირით შვილთან ერთად და ქირაში იხდის 350 ლარს. მსესხებლისგან სესხის აღება დასჭირდა ონლაინ სესხების დასაფარად, ასევე სექტემბრის თვეში დაფარა შვილის სწავლის გადასახადი, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში მას გამორიცხავდნენ სასწავლებლიდან. მიუხედავად იმისა, რომ არანაირ სამსახურს არ თაკილობს, ვერ ახერხებს თანხის გადახდას, და მოითხოვს ძირი თანხის ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდეს, პირგასამტეხლო და მიუღებელი შემოსავალი არ დაკმაყოფილდეს, ხოლო პროცენტი შემცირდეს. (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხემ დაარღვია ავლდებულების შესრულების გადახდის გრაფიკი.

 

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. მოპასუხე ი--- ც------–--ე 2015 წლის 5 მაისს დარეგისტრირდა სს ,,პ----------------------–-------------ი’’-ს ვებგვერდზე და შექმნა საკუთარი პროფილი, 2017 წლის 25 სეტემბერს მან შეავსო სესხის განაცხადი პორტალზე ინვესტირებისთვის და მოითხოვა სესხის თანხა 5500 ლარის ოდენობით.

 

2017 წლის 29 სექტემბერს მოხდა მსესხებლის მიერ მოთხოვნილი სესხის თანხის დამტკიცება და მოსარჩელის მიერ თანხის ჩარიცხვა მსესხებლის ანგარიშზე.

 

სესხის ხელშეკრულების თანახმად სესხის თანხა შეადგენს 5500 ლარს, სესხის ვადა 36 თვე, სესხის საპროცენტო განაკვეთი 44 % წლიურად, სესხის გაცემა მოხდა ერთი ინვესტორის ნ-----–---- შ---------ს მიერ გამოყოფილი 5500 ლარის საშუალებით.

 

ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.10 პუნქტის თანახმად, კომპანია და მსესხებელი წინამდებარე ხელშეკრულებით აცხადებენ წინასწარ თანხმობას მასზედ, რომ მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულების გადახდის გრაფიკის დარღვევის ან არაჯროვნად შესრულების შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია სასამართლოს წესით მოსთხოვოს მსესხებელს ერთჯერადად და დაუყოვნებლივ მთლიანი ვალდებულების შესრულება და აღძრას სარჩელი სასამართლოში დავალიანების გადახდევინების მიზნით.

 

ხელშეკრულების 5.9 პუნქტის თანახმად გათვალისწინებუი იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5 %-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ. 23-32, 33-36)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.2. 2017 წლის 29 სექტემბერს დადებული სესხის ხელშეკრულების დარღვევა მოხდა 2018 წლის 1 მარტს. საქმეში წარმოდგენილი გრაფიკის თანახმად დადგენილია, რომ მოპასუხის ყოველთვიური გადასახადი შეადგენდა 278 ლარს.

 

2018 წლის 1 მარტიდან მოპასუხეს გრაფიკით განსაზღრული თანხა აღარ გადაუხდია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 34-35)

- საბანკო ამონაწერი (ს.ფ. 36-37)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

4.3. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 10 ივლისის ცნობის თანახმად, მსესხებელი ი--- ც------–--ეს სს ,,პ----------------------–-------------ი’’-ს მიმართ 2018 წლის 10 ივლისის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 9754.71 ლარი, საიდანაც დავალიანების ძირი თანხაა 5352.36 ლარი, პროცენტი - 1358.04 ლარი, პირგასამტეხლო - 308.33 ლარი და მიუღებელი შემოსავალი - 2735.98 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 10/07/2018-3 წლის ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 39)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მხოლოდ პირგასამტეხლოს ნაწილში უნდა მოხდეს მოსარჩელის მოთხოვნა შემცირებული, მიუღებელი შემოსავალი არ დაკმაყოფილდეს ხოლო დანარჩენ ნაწილში კი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 361-ე, 623-ე, 625-ე, 417-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი ცნო მხოლოდ ძირი თანხის ნაწილში 5352.36 ლარის ოდენობით, რაც უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს გასესხებული თანხის დაბრუნება.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე ი--- ც------–--ე 2015 წლის 5 მაისს დარეგისტრირდა სს ,,პ----------------------–-------------ი’’-ს ვებგვერდზე და შექმნა საკუთარი პროფილი, 2017 წლის 25 სექტემბერს მან შეავსო სესხის განაცხადი პორტალზე ინვესტირებისთვის და მოითხოვა სესხის თანხა 5500 ლარის ოდეობით. 2017 წლის 29 სექტემბერს მოხდა მსესხებლის მიერ მოთხოვნილი სესხის თანხის დამტკიცება და მოსარჩელის მიერ თანხის ჩარიცხვა მსესხებლის ანგარიშზე. სესხის ხელშეკრულების თანახმად სესხის თანხა შეადგენს 5500 ლარს, სესხის ვადა 36 თვეს, სესხის საპროცენტო განაკვეთი 44 % წლიურად, სესხის გაცემა მოხდა ერთი ინვესტორის ნ-----–---- შ---------ს მიერ გამოყოფილი 5500 ლარის საშუალებით. მოქალაქე ნ-----–---- შ---------მ სესხის მოთხოვნის უფლება მთლიანად დაუთმო სს ,,პ---------------------–-------------ს’’ და ის არის მსესხებლის ერთადერთი კრედიტორი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხე ი--- ც-------–---მ ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მსესხებელ ი--- ც------–--ეს სს ,,პ----------------------–-------------ი’’-ს მიმართ 2018 წლის 10 ივლისის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 9754.71 ლარი, საიდანაც დავალიანების ძირი თანხაა 5352.36 ლარი, პროცენტი - 1358.04 ლარი, პირგასამტეხლო - 308.33 ლარი და მიუღებელი შემოსავალი - 2735.98 ლარი.

 

აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

7.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა საბანკო დაწესებულების მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში სასესხო დავალიანების ძირი თანხის ოდენობა შეადგენს 5352,36 ლარს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა 308,33 ლარი დავალიანების მთლიან ოდენობასთან მიმართებაში არის შეუსაბამოდ მაღალი, შესაბამისად, უნდა იქნეს შემცირებული გონივრულ ოდენობამდე, კერძოდ, მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 100 ლარის გადახდა.

 

7.4. სარჩელით მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს მიუღებელი შემოსავალის სახით 2735,98 ლარი სარჩელის შეტანიდან სესხის ხელშეკრულების ვადის ბოლომდე.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა ''უნდა-ყოფილიყო'' და ''არის მდგომარეობას'' შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (თოტალრეპარატიონ-ის პრინციპი). ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ., სუსგ-ის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630-593-2012).

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსვალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.

 

აღსანიშნავია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ-ის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-307-291-2011).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა დაიწყო 2017 წლის სექტემბრის თვეში და პირველი გადახდა უკვე ოქტომბრის თვიდან უნდა განხორციელებული და წარმოდგენილი გრაფიკის მიხედვით, გადახდა სრულდებოდა 2020 წლის 30 სექტემბერს, შესაბამისად, მოპასუხესთვის წინასწარ იყო ცნობილი იმ მოსალოდნელ ზიანთან დაკავშირებით, რაც მოჰყვებოდა მის მიერ თანხის გადაუხდელობას. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მარტის თვიდან მოპასუხის მიერ ვალდებულება აღარ სრულდებოდა, რის გამოც მოსარჩელემ მომართა სასამართლოს.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2018 წლის მარტის თვიდან 2020 წლის 30 სექტემრამდე პერიოდის განმავლობაში მოპასუხის მიერ ვლდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მიიღებდა საპროცენტო სარგებელს, რაც არის კიდეც მისი მიუღებელი შემოსავალი, რომლის თაობაზეც მოპასუხემ ჯერ კიდევ ხელშეკრულების დადების დროს იცოდა, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში საფუძვლიანი და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

ვინაიდან, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, 5352,36 ლარის ნაწილში, შესაბამისად, მოსარჩელეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 293 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს 160,57 ლარი.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ მხოლოდ პირგასამტეხლო იქნა შემცირებული, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 125,82 ლარის ანაზღაურება.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სს ,,პ----------------------–-------------ი’’-ს სარჩელი მოპასუხე ი--- ც------–--ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე ი--- ც------–--ეს მოსარჩელე სს,,პ----------------------–-------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სეხსის ძირი თანხა - 5352.36 ლარი, პროცენტი - 1358.04 ლარი და შემცირებული პირგასამტეხლო - 100 ლარი, ასევე მიუღებელი შემოსავალი 2735,98 ლარის ოდენობით გადახდა.

3. მოსარჩელეს მის მიერ 1--------- წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 293 ლარიდან დაუბრუნდეს 160,57 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა 132,43 ლარი კი - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. მოპასუხე ი--- ც------–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 125,82 ლარის ანაზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე