გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/7032-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 აპრილი 2019 წ. ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ირაკლი კოპალიანი
სხდომის მდივანი: სალომე გურგუჩიანი
მოსარჩელე: მ----------ე
წარმომადგენელი: გ-----------------ე
მოპასუხე: შპს „ჯ-------------ი“
დავის საგანი: თამასუქის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1. 2019 წლის 01 აპრილიდან მოიშალოს მ----------ესა და შპს ჯ-------------ს შორის 2016 წლის 26 ოქტომბერს გაფორმებული თამასუქის ხელშეკრულება N2O755.
2. დაეკისროს მოპასუხე შპს ჯ-------------ს მოსარჩელესათვის თამასუქიდან გამომდინარე სესხად გადაცემული ძირი თანხის 20 000 აშშ დოლარის გადახდა.
3. დაეკისროს მოპასუხე შპს ჯ-------------ს 2019 მარტის თვის სარგებლის გადახდა მოსარჩელეს მიმართ 298.17 აშშ დოლარის ოდენობით.
4. მოპასუხე შპს ჯ-------------ს მოსარჩელეს სასარგებლოდ 2019 წლის 21აპრილიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე (სესხის თანხის 20 000 წლიური 17.89%, 3578 აშშ დოლარის ყოველთვიური სარგებლის 1,49% (მიუღებელი შემოსავლის) გადახდა, თვეში 298.17 აშშ დოლარის ოდენობით.
სარჩელის მიხედვით: 2016 წლის 26 ოქტომბერს, მ----------ეს (შემდგომში მოსარჩელე) და შპს ჯ-------------ს შორის (შემდგომში მოპასუხე ინდონსანტი) შორის, გაფორმდა თამასუქის მარტივი ხელშეკრულება
N2---- და აღნიშნულის საფუძველზე გაიცა თამასუქი N0----; 2. თანხის ოდენობად განისაზღვრა 20000 აშშ დოლარის ოდენობით, სესხით სარგებლობის ვადა 24 თვე, პროცენტის გატანის მინიმალური ვადა 30 კალენდარული დღე ხოლო სესხით სარგებლობის ვადად 24 თვე, ამასთანავე ხელშეკრულების მუხლი 8.2. საფუძველზე, იმ შემთხვევაში თუ მოსარჩელეს მიერ არ მოხდება ხელშეკრულების ვადის დასრულების შემდგომ 5 დღის ვადაში კუთვნილი თანხის გატანა, ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდებოდა იმავე ვადითა და პირობებით; მოპასუხის მიერ არ განხორციელებულა 2019 წლის მარტის თვის სარგებლის გადახდა, 2018 წლის 18 სექტემბრიდან 2019 წლის 20 თებერვლამდე, დაგროვილი 2018 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, 2019 წლის იანვრის და თებერვლის სარგებელი ერთიანად გადაიხადა მოპასუხემ 2019 წლის 20 თებერვალს; მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით და ასევე მოპასუხის მიერ გავრცელებული განცხადებით, კომპანია დგას მძიმე ფინანსური პრობლემების წინაშე; მოპასუხე არ იძლევა კონკრეტულ პასუხს თუ როდის და რა სახით შეძლებს შემდგომ გადახდებს, ასევე მხოლოდ ზეპირი ფორმით იძლევა განმარტებებს და რაც მთავარია მოსარჩელე დგას რეალური საშიშროების წინაშე, რომ მისი მოთხოვნა დარჩეს დაუკმაყოფილებელი.
2.მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს ,,ჯ-------------ს'' შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა, მიუხედავად იმისა რომ სასამართლო გზავნილები მას ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 06 ოქტომბერს, მ----------ეს (შემდგომში მოსარჩელე) და შპს ჯ-------------ს შორის (შემდგომში მოპასუხეს) შორის, გაფორმდა თამასუქის მარტივი ხელშეკრულება N2----; 2016 წლის 06 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა თამასუქი N0-----;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება N2---- - ასლი; იხ. (ს.ფ 30-31);
- თამასუქი N0----- იხ. (ს.ფ 28, 73);
3.1.2 თანხის ოდენობად განისაზღვრა 20000 აშშ დოლარის ოდენობით, სესხით სარგებლობის ვადა 24 თვე, პროცენტის გატანის მინიმალური ვადა 30 კალენდარული დღე ხოლო სესხით სარგებლობის ვადად 24 თვე, ამასთანავე ხელშეკრულების მუხლი 8.2. საფუძველზე, იმ შემთხვევაში თუ მოსარჩელეს მიერ არ მოხდება ხელშეკრულების ვადის დასრულების შემდგომ 5 დღის ვადაში კუთვნილი თანხის გატანა, ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდებოდა იმავე ვადითა და პირობებით, შესაბამისად ხელშეკრულება გაგრძელდა 2020 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება N2---- ასლი და მუხლები 3.1; 3.2; 3,3; 34; 8.1; 8.2, იხ. (ს.ფ 30-31);
3.1.3 ხელშეკრულება N2---- მიხედვით წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 17.89 % ოდენობით 20 000 აშშ დოლარიდან, კერძოდ 3578 აშშ დოლარის ოდენობით, თვეში 298.17 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულება N2---- მიხედვით სარგებელი გაიცემა 30 კალენდარულ დღეში ერთხელ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება N2---- ასლი და მუხლი 4.1;4.2 იხ. (ს.ფ 30-31);
3.1.4 ხელშეკრულება N2---- მიხედვით წლიური საპროცენტო განაკვეთი მოქმედებს მოპასუხის მიერ სესხის აღების მომენტიდან ხელშეკრულების ვადის გასვლამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება N2---- ასლი და მუხლი 4.5 იხ.(ს.ფ 30-31);
3.1.5 2019 წლის 1 იანვრიდან მისივე განმარტებით ახალი საბანკო რეგულაციების და გამო მას შეექმნა ფინანსური ხასიათის პრობლემები, კერძოდ ის ვერ გაცემდა სარგებელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მასობრივი საინფრომაციო საშუალების რუსთავი 2-ით გავრცელებული ცნობა მოპასუხის შესახებ იხ.( ს.ფ - 32);
- მასობრივი საინფრომაციო საშუალების პრაიმ ტაიმის გავრცელებული ცნობა მოპასუხის შესახებ; იხ.( ს.ფ - 33);
3.1.6 მასობრივი საინფრომაციო საშუალებების საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია მოპასუხის ფინანსური პრობელემების შესახებ, ამასთანავე 2019 წლის თებერვლის თვემდე მოპასუხე არ ახორციელებდა სარგებლის გადახდას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მასობრივი საინფრომაციო საშუალების რუსთავი 2-ით გავრცელებული ცნობა მოპასუხის შესახებ იხ. (ს.ფ - 32);
- მასობრივი საინფრომაციო საშუალების პრაიმ ტაიმის გავრცელებული ცნობა მოპასუხის შესახებ იხ.(ს.ფ 33-34);
3.1.7 მოსარჩელემ მოპასუხეს არ გადაუხადა 2019 წლის მარტის თვის სარგებელი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა გაცემული მოპასუხის მიერ გადახდილი სარგებლის შესახებ იხ. (ს.ფ 36);
3.1.8 დღევანდელ მოპასუხე ვერ პასუხობს მოსარჩელეს თუ როდის შეძლებს ის სარგებლის მიღებას და ამასთანავე რა ვადაში შესაძლებელი იქნება საკითხის გადაწყვეტა, კერძოდ სახეზეა მოვალის ქონებრივი მდგომარეობის არსებითი გაუარესება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არა ჯეროვანი შესრულების საფრთხე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მასობრივი საინფრომაციო საშუალების რუსთავი 2-ით გავრცელებული ცნობა მოპასუხის შესახებ; იხ. (ს.ფ - 32);
მასობრივი საინფრომაციო საშუალების პრაიმ ტაიმის გავრცელებული ცნობა მოპასუხის შესახებ; იხ. (ს.ფ - 33);
3.1.9 07/12/2018 მოპასუხეს დაედო საგადასანადო გირავნობა/იპოთეკა, ასევე მოპასუხეს, აეკრძალა კორპუსი 85, ბინა 66, 01.11.1----------------- მისამართზე მდებარე უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა საფუძველი: განჩინება, N2/313-19, 14.01.2019, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, ამასთანავე სხვა სამოქალაქო საქმეებზეც გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ჯ-------------ის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო პირთა რეესტრიდან იხ. (ს.ფ 37-38);
3.1.10 მოპასუხეს მიერ არ განხორციელებულა 2019 წლის მარტის თვის სარგებლის გადახდა, 2018 წლის 18 სექტემბრიდან 2019 წლის 20 თებერვლამდე, დაგროვილი 2018 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, 2019 წლის იანვრის და თებერვლის სარგებელი ერთიანად გადაიხადა მოპასუხემ 2019 წლის 20 თებერვალს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
შპს ჯ-------------ის მიერ გაცემული ცნობა სარგებლის გაცემის შესახებ იხ. (ს.ფ 36).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეებს ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ მ----------ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
„თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან
თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.
მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია თამასუქის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე.
6.2. „თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თამასუქი არის ფასიანი ქაღალდი, დოკუმენტი, რომლითაც მისი გამცემი პირი კისრულობს უპირობო ვალდებულებას გადაიხადოს თამასუქში ნაჩვენები თანხა პირადად ან სხვა პირს ავალებს მის გადახდას.
„თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მინედვით, ინდოსამეტი პასუხს აგებს აქცეპტისა და თამასუქის გადახდისათვის, თუ სხვა რამ არ არის დათქმული.
„თამასუქის შესანებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მიხედვით, თამასუქი შეიძლება გაიცეს გადასახდელად შემდეგი ვადების გათვალისწინებით: ა) წარდგენისთანავე. ბ) წარდგენიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში; გ) გაცემიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში; დ) განსაზღვრულ დღეს.
„თამასუქის შესახებ" საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მიხედვით, "თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული თამასუქი გადახდილი უნდა იქნეს მისი წარდგენისთანავე. თამასუქის გამცემის მიერ ეს ვადა შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს. აღნიშნული ვადები შეიძლება შეამციროს ინდოსანტმა,„თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მიხედვით, თამასუქის მფლობელს შეუძლია წარუდგიწის სარჩელი ინდოსანტს თამასუქის გამცემს და სხვა ვალდებულ პირებს. შემდეგ შემთხვევებში: ა) გადახდის ვადის დადგომისას; ბ) გადაუხდელობისას,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 367-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის მოვალის სასარგებლოდ დადგენილია რაიმე ვადა, კრედიტორს შეუძლია დაუყოვნებლივ მოითხოვოს შესრულება, თუკი მოვალე გადახდისუუნარო გახდა, ან შეპირებული უზრუნველყოფა შეამცირა, ანდა იგი საერთო ვერ წარმოადგინა.
განსახილველ შემთხვევაში 2016 წლის 26 ოქტომბერს, მ----------ეს (შემდგომში მოსარჩელე) და შპს ჯ-------------ს შორის (შემდგომში მოპასუხეინდონსანტი) შორის, გაფორმდა თამასუქის მარტივი ხელშეკრულება N2---- და აღნიშნულის საფუძველზე გაიცა თამასუქი N0----; თანხის ოდენობად განისაზღვრა 20000 აშშ დოლარის ოდენობით, სესხით სარგებლობის ვადა 24 თვე, პროცენტის გატანის მინიმალური ვადა 30 კალენდარული დღე ხოლო სესხით სარგებლობის ვადად 24 თვე, ამასთანავე ხელშეკრულების მუხლი 8.2. საფუძველზე, იმ შემთხვევაში თუ მოსარჩელეს მიერ არ მოხდება ხელშეკრულების ვადის დასრულების შემდგომ 5 დღის ვადაში კუთვნილი თანხის გატანა, ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდებოდა იმავე ვადითა და პირობებით; მოპასუხის მიერ არ განხორციელებულა 2019 წლის მარტის თვის სარგებლის გადახდა, 2018 წლის 18 სექტემბრიდან 2019 წლის 20 თებერვლამდე, დაგროვილი 2018 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, 2019 წლის იანვრის და თებერვლის სარგებელი ერთიანად გადაიხადა მოპასუხემ 2019 წლის 20 თებერვალს.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს არ გადაუხადა 2019 წლის მარტის თვის სარგებელი.
6.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მიხედვით, 1. თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.
2. არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ:
ა. აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება;
ბ. ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას;
გ. განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა.
განსახილველ შემთხვევაში, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით და ასევე მოპასუხის მიერ გავრცელებული განცხადებით, კომპანია დგას მძიმე ფინანსური პრობლემების წინაშე; მოპასუხე არ იძლევა კონკრეტულ პასუხს თუ როდის და რა სახით შეძლებს შემდგომ გადახდებს, ასევე მხოლოდ ზეპირი ფორმით იძლევა განმარტებებს და რაც მთავარია მოსარჩელე დგას რეალური საშიშროების წინაშე, რომ მისი მოთხოვნა დარჩეს დაუკმაყოფილებელი.
სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს: - ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის, ხელშეკრულებაზე უარის თქმისა და ხელშეკრულების საფუძველზე მეორე მხარისათვის გადაცემულის უკან მოთხოვნთვის, აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს რამოდენიმე პირობა. კერძოდ:
- ხელშეკრულების შესრულების მიზნით ერთმა მხარემ მეორე მხარეს გადასცა შესრულება;
- ხელშეკრულების ერთერთი მხარე არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას;
- მას ვალდებულების შესრულებისათვის მეორე მხარის მიერ დაენიშნა დამატებითი ვადა;
- დანიშნული დამატებითი ვადა გავიდა უშედეგოდ.
ჩამოთვლილი ყველა პირობა ერთად ქმნის საქ. სკ-ის 398-399-ე მუხლებით გათვალისწინებულ შედეგს, რომლის მიხედვითაც ვალდებულების შემსრულებელ მხარეს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე, გავიდეს ხელშეკრულებიდან და მოითხოვოს ის, რაც მეორე მხარეს გადასცა ხელშეკრულების შესასრულებლად. არის შემთხვევები, როდესაც დამატებითი ვადის დანიშნვა ან გაფრთხილების გამოყენება არ არის აუცილებელი. ასეთ წესს შეიცავს საქ. სკ-ის 405-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის მიხედვითაც ,,არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ:
ა. აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება;
ბ. ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას;
გ. განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა.
მოსარჩელე მ----------ე მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლილად აღიარება, რომლის იურიდიული ინტერესია მიღებული შესრულების უკან დაბრუნება. როგორც სასამართლოს მიერ დადგენილია მოპასუხე შპს ''ჯ-------------ის'' მხრიდან დაირღვა მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულების პირობები და სასამართლოს შეფასებით მოსარჩელეს კანონიერი საფუძველი გააჩნია უარი თქვას ხელშეკრულებაზე, ვინაიდან, მოპასუხე სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ვადას საერთოდ ვერ აყალიბებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება მოპასუხეს არ შეუსრულებია. ამასთან, მოპასუხის მხრიდან დასახელებული ვალდებულების შესრულება არც მომავალშია მოსალოდნელი. ამდენად, მოსარჩელის უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, საფუძვლიანია. მოცემულ სადავო ურთიერთობაში, სახეზეა ვალდებულების არსებითი დარღვევა. ამდენად, მოსარჩელეს ვერ მოეთხოვება სახელშეკრულებო ურთიერთობაში დარჩენა მოპასუხესთან. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლიდან გამომდინარე, უფლება ენიჭება უარი თქვას ხელშეკრულებაზე.
სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ. ამ მუხლის გამოყენება დასაშვებია თუ სახეზეა 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები. ეს ნორმა ხელშეკრულების კეთილსინდისიერ მხარეს უფლებას ანიჭებს ხელშეკრულების დამრღვევი მხარის მიმართ, უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული ქონების დაბრუნება.
6.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 367-ე მუხლის თანახმად თუ ვალდებულების შესრულებისათვის მოვალის სასარგებლოდ დადგენილია რაიმე ვადა, კრედიტორს შეუძლია დაუყოვნებლივ მოითხოვოს შესრულება, თუკი მოვალე გადახდისუუნარო გახდა, ან შეპირებული უზრუნველყოფა შეამცირა, ანდა იგი საერთოდ ვერ წარმოადგინა.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
„თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, თამასუქის მფლობელს სარჩელის წარდგენისას შეუძლია მოითხოვოს გადახდა: ა) არააქცეპტებული ან გადაუხდელი თამასუქის თანხისა პროცენტებითურთ, თუ ასეთი გათვალისწინებული იყო. ბ) პროცენტებისა, ექვსი პროცენტის ოდენობით, რაც გადახდის ვადიდან გამოიანგარიშება; გ) პროტესტის, შეტყობინების გაგზავნასთან დაკავშირებული და სხვა ხარჯები; დ) საურავისა, თამასუქის თანხის სამი პროცენტის ოდენობით, რაც გამოიანგარიშება გადახდის ვადიდან.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2019 წლის 01 აპრილიდან უნდა მოიშალოს მ----------ესა და ჯ-------------ს შორის 2016 წლის 06 ოქტომბერს გაფორმებული თამასუქის ხელშეკრულება N2----, შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაესკიროს მოსარჩელის სასარგებლოდ თამასუქის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხად გაცემული თანხა 20 000 აშშ დოლარის გადახდა, ასევე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2019 წლის მარტის თვის სარგებლის გადახდა 298.17 აშშ დოლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მ----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს; 2019 წლის 01 აპრილიდან მოიშალოს მ----------ესა და შპს ჯ-------------ს შორის 2016 წლის 26 ოქტომბერს გაფორმებული თამასუქის ხელშეკრულება N2O755.
2. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ჯ-------------ს'' მოსარჩელისათვის თამასუქიდან გამომდინარე სესხად გადაცემული ძირი თანხის 20 000 აშშ დოლარის გადახდა.
3. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ჯ-------------ს'' 2019 მარტის თვის სარგებლის გადახდა მოსარჩელის მიმართ 298.17 აშშ დოლარის ოდენობით.
4. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ჯ-------------ს'' მოსარჩელის სასარგებლოდ 2019 წლის 21 აპრილიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე (სესხის თანხის 20 000 წლიური 17.89%, 3578 აშშ დოლარის ყოველთვიური სარგებლის 1,49% (მიუღებელი შემოსავლის) გადახდა, თვეში 298.17 აშშ დოლარის ოდენობით.
5. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ჯ-------------ს'' მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის რწმუნებულის მიერ, შპს ,,ჯ-------------ის'' კუთვნილი უძრავი ქონების ამონაწერის განახლებისათვის გადახდილი თანხის 10.5 ლარის გადახდა.
6. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ჯ-------------ს'' 2019 მარტის თვის სარგებლის 298.17 აშშ დოლარის პირგასამტეხლოს 0,1%, 0,29 აშშ დოლარის გადახდა 2019 წლის 1 აპრილიდან წინამდებარე საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
7. დაეკისროს შპს ,,ჯ-------------ს'' მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.
8. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ჯ-------------ს'' მოსარჩელის სასარგებლოდ, სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.
9. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ჯ-------------ს'' მოსარჩელეს მიერ, რწმუნებულების დამოწმებისათვის გადახდილი თანხის 10 ლარის გადახდა.
10. განემარტოს მოპასუხეს, რომ თუ კი მის წინააღმდეგ წამოყენებულ (აღძრულ) მოთხოვნას უარყოფს, შეუძლია მოითხოვოს საქმის დამატებითი წარმოება თავისი უფლებების განხორციელების მიზნით და 14 დღის ვადაში ამავე სასამართლოში შეიტანოს წერილობითი (მოტივირებული) შესაგებელი (პრეტენზია), რის შემდეგაც აღძრული მოთხოვნა განხილული იქნება სასარჩელო წარმოების საერთო წესით.
11. გადაწყვეტილება მოპასუხის უფლებების შენარჩუნებით საბოლოო გადაწყვეტილებად ითვლება გასაჩივრებისა და იძულებითი აღსრულების თვალსაზრისით.
12. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
13. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში (მე-13 პუნქტი) შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
14. მოპასუხეს გადაეცეს გადაწყვეტილება სარჩელზე დართულ მასალებთან ერთად.
მოსამართლე ირაკლი კოპალიანი