გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
050210119002869061
საქმე №2/123-19წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16.04.2019 წელი ქ.ოზურგეთი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჯოხაძე
სხდომის მდივანი ლია დარჩია
მოსარჩელე: სს ,,კრ----------ი“;
წარმომადგენელი: ლა–---------------ე;
მოპასუხეები: მი----–------ია;
დავის საგანი: თანხის დაკისრება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მი----–------იას სს ,,კრ----------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 1670.56 ლარის (ძირი თანხა - 758.54 ლარი, სარგებელი – 270.13 ლარი, სადაზღვეო პრემია – 29.22 ლარი, პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე (მაქსიმუმ 275 დღეზე, სესხის ხელშეკრულების 3.9. პუნქტის შესაბამისად) - 0.41% ოდენობით – 612.67 ლარი) გადახდა.
1.2. მი----–------იას სს ,,კრ----------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 300 ლარის (სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი, უაზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი, ყადაღის რეგისტრაციის საფასური - 50 ლარი, სააპლიკაციო საფასური - 100 ლარი, აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი ყადაღის საფასური - 50 ლარი) გადახდა.
1.3. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხემ - მი----–------იამ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, ძირი თანხის, სარგებლის და სადაზღვეო პრემიის ნაწილში. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად ითხოვა პირგასამტეხლოს შემცირება და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში მოპასუხე დარჩება საარსებო შემოსავლის წყაროს გარეშე, რაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2018 წლის 10 იანვარს მხარეებს სს ,,კრ----------ისა" და მსესხებელ მი----–------იას შორის გაფორმდა სესხის №1------------- ხელშეკრულება, რის საფუძველზეც გაიცა სესხი 1000 ლარის ოდენობით.
სესხის მოქმედების ვადა შეადგენდა 18 თვეს 2019 წლის 12 ივლისის ჩათვლით. სესხი იყო სარგებლიანი. სარგებლის ოდენობა საერთო ჯამში შეადგენდა 543.17 ლარს. ასევე გათვალისწინებული იყო მსესხებლის დაზღვევისათვის გადასახდელი სადაზღვეო პრემიის ოდენობაც, რომელიც შეადგენდა 45,72 ლარს.
მსესხებლს სესხის გადახდა უნდა ეწარმოებინა სესხის გადახდის გრაფიკით ყოველთვიურად, ყოველი თვის 12 რიცხვში 88.29 ლარის ოდენობით.
სესხის ხელშეკრულების 3.7 პუნქტის თანახმად, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0,41%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდებოდა მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში, ყოველ ვადაგადაცილებაზე).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 10 იანვარის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ 23-30).
- სესხის გადახდის გრაფიკი (იხ. ს.ფ 31-32).
3.2.2. მი----–------იას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება 2018 წლის 12 ივლისის შემდეგ არ განუხორციელებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- რეალურად გადახდილი თანხების გრაფიკი (იხ. ს.ფ 35).
3.1.3. სს ,,კრ----------იმ" გაუგზავნა მსესხებელს - მი----–------იას შეტყობინება, რომლითაც მას ეცნობა, რომ სს ,,კრ----------ის’’ მიმართ ერიცხება დავალიანება და მიეცა წინადადება ნებაყოფლობით შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გაფრთხილების წერილი და ჩაბარების დასტური (იხ. ს.ფ 33-34).
3.1.4. სს ,,კრ----------ის’’ მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეტანილ იქნა განცხადება გამარტივებული წარმოების განხორციელების მიზნით. მოპასუხე მხარემ 2019 წლის 23 იანვარს მიმართა განცახდებით აღსრულების ეროვნულ ბიუროს და სს ,,კრ----------ის’’ მიერ წარდგენილი მოთხოვნა არ აღიარა და გამოთქვა პროტესტი სრულ თანხაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გამარტივებული საქმის წარმოების განცხადების მიღების ბარათი და მოპასუხის წარდგენილი განცხადება (იხ. ს.ფ 37-38).
3.1.5. 2019 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით მი----–------იას სს ,,კრ----------ის’’ სასარგებლოდ ერიცხება დავალიანება 1670.56 ლარის (ძირი თანხა - 758.54 ლარი, სარგებელი – 270.13 ლარი, სადაზღვეო პრემია – 29.22 ლარი, პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე (მაქსიმუმ 275 დღეზე, სესხის ხელშეკრულების 3.9. პუნქტის შესაბამისად) - 0.41% ოდენობით – 612.67 ლარი) ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს.ფ 41).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა მოსმენის, ასევე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუციის 42-ე, 85-ე მუხლები.
- ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 319-ე, 867-868-ე, 891-892-ე, 327-ე, 463-464-ე, 895-ე, 898-ე, 417-ე, 418-ე, 361-ე, 873-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას. სარჩელის დასაბუთება, მისი, დაკმაყოფილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილება ან არ დაკმაყოფილება უშუალოდ დაკავშირებულია სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპთან, როგორცაა შეჯიბრობითობა და თანასწორობა, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
დადგენილია და დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მხარეთა შორის წარმოებს საბანკო საკრედიტო ურთიერთობიდან წარმოშობილი კერძო ხასიათის სამართლებრივი დავა. ორივე მხარემ გამოავლინა ხელშეკრულების დადების ნამდვილი ნება, რაც გახდა ხელშეკრულების დადების საფუძველი. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს.
სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება.
საერთო წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ას-888-834-2012).
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. იმავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხოლო იმავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხე მი----–------იაზე გასცა კრედიტი, შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით (იხ. 3.2.1. პუნქტი). დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები (იხ. 3.2.2. პუნქტი), რის გამოც მოსარჩელის წინაშე წარმოეშვა დავალიანება, რომლის ანაზღაურება მოსარჩელე სს ,,კრ----------ის’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხე მი----–------იას.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია, შეწყვიტოს ხელშკრულება და მოითხოვოს დავალიანების სრულად დაფარვა.
ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში წარმოიშობა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, ასევე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის შესაბამისად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებულ დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი.
მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ,,კრ----------ის” მიერ სრულად იქნა შესრულებული საკრედიტო ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მი----–------იაზე გაიცა კრედიტი. მოვალის მხრიდან კი კრედიტორის წინაშე ვალდებულება შესრულებული არ არის სრულად. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა, უნდა დაკმაყოფილდეს.
6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამასთან, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სარჩელის ცნობა წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს. მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, ძირი თანხის, სარგებლის და სადაზღვეო პრემიის ნაწილში.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებები: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულების 3.7 პუნქტის თანახმად, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0,41%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდებოდა მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში, ყოველ ვადაგადაცილებაზე) (იხ. 3.2.1 პუნქტი).
6.8. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ასევე განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.04.2016წ. განჩინება საქმეზე №ას-1053-993-2015). პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის ხელშკრულების დარღვევის ფაქტის მითითება საკმარისია (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.04.2016წ. განჩინება საქმეზე №ას- 1053-993-2015).
შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის დადგომის შემთხვევაში პირგასამტეხლოს სახით მისი მინიმალური ოდენობა გარანტირებულად, ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცების გარეშე, მარტივად და სწრაფად აუნაზღაურდება კრედიტორს. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.
პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.11.2015წ. განჩინება საქმეზე №ას- 816-767-2015).
6.9. წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც ნორმატიული აქტითაა დადგენილი. პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით).
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, კერძოდ ხელშეკრულებაში არსებობს წერილობითი ჩანაწერი ამის თაობაზე, რის გამოც პირგასამტეხლოს დაკისრება ვალდებულების დამრღვევი მხარისათვის მართლზომიერად უნდა შეფასდეს.
6.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი ეს დისკრეციული უფლებამოსილება. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგნია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება.
შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად. უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაზომიერების პრინციპი. სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირებისას მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ხოლო კონტიტენტური ევროპის სამართლის ქვეყნების სასამართლოები (მათ შორის, გერმანია), ასევე, უაღრესად დიდ ყურადღებას აქცევენ კრედიტორის ეკონომიურ ინტერესს, კერძოდ, თუ რა ინტერესი და მნიშვნელობა გააჩნია კრედიტორს ვალდებულების დროულად შესრულების მიმართ, რაც განაპირობებს პირგასამტეხლოს, როგორც პრევენციულ ფუნქციას, ზოგჯერ საკმაოდ მაღალსაც კი.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შეამციროს პირგასამტეხლო და თანასწორობის აღდგენისა და ბალანსის დაცვის მიზნით მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 61.25 ლარის გადახდა.
6.12. მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები. ამავე კოდექსის 268.11-ე მუხლის მიხედვით კი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, თავისი შინაარსით ემსახურება მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის დაცვას აღუსრულებლობისაგან, რათა სააპელაციო თუ საკასაციო საჩივრით მოპასუხე მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, არ მოხდეს გადაწყვეტილების აღუსრულებელ გადაწყვეტილებად ქცევა, რითაც ფაქტიურად აზრი ეკარგება მოსარჩელის უფლებების სასამართლოს გზით დაცვას.
მოცემულ შემთხვევაში, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილებით სარჩელი ფაქტობრივად დაკმაყოფილდა მოპასუხის მიერ ცნობილი სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში. გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ მოსარჩელე აღსდგება თავის კანონიერ უფლებებში. აღსრულების დაყოვნება მას არ მიაყენებს გამოუსწორებელ ზიანს და არც გადაწყვეტილების აღუსრულებლობას არ გამოიწვევს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გადახდილია სარჩელზე - 225.72 ლარი. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ. შესაბამისად, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი 102,53 ლარი. სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი 112.86 ლარი კი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ხოლო შპს ,,მ3“ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის 10.33 ლარის ანაზღაურება.
არ უნდა დაკმაყოფილდეს სს ,,კრ----------ის მოთხოვნა მოპასუხე მი----–------იასათვის სს ,,კრ----------ის“ მიერ გაღებული ხარჯების, კერძოდ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის გადახდილი ბაჟის თანხის - 50 (ორმოცდაათი) ლარის, აღსრულების ეროვნულ ბიუროში ყადაღის რეგისტრაციის საფასური - 50 (ორმოცდაათი) ლარის, სააპლიკაციო საფასურის - 100 (ასი) ლარის და აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი ყადაღის საფასურის - 50 (ორმოცდაათი) ლარის დაკისრების შესახებ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სსსკ-ის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია, კერძოდ, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის განჩინებით სს ,,კრ----------ის'' შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა, აღნიშნულ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით კი მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ,,კრ----------ის“ სარჩელი მოპასუხე მი----–------იას მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მი----–------იას მოსარჩელე სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1118 (ათას ას თვრამეტი) ლარის და 60 (სამოცი) თეთრის გადახდა, (საიდანაც ძირი თანხაა - 758 ლარი, დარჩენილი გადაუხდელი სარგებლის თანხაა - 270,13 ლარი, დარჩენილი გადაუხდელი სადაზღვეო პრემიაა - 29.22 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ დღეზე 61,25 ლარი).
2. მოპასუხე მი----–------იას დაეკისროს სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ მის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟის თანხის ნაწილის 1 (ერთი) ლარის და 85 (ოთხმოცდახუთი) თეთრის ანაზღაურება.
2.1. სს ,,კრ----------ს“ უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი ბაჟის თანხის ნაწილი 31 (ოცდათერთმეტი) ლარი და 73 (სამოცდაცამეტი) თეთრი, შემდეგი ანგარიშიდან მიმღები ბანკი სახელმწიფო ხაზინა, სახაზინო კოდი 3--------, ბანკის კოდი T-------. (საგადასახადო დავალება N5-----, გადამხდელი სს ,,კრ----------ი“ გადახდის თარიღი 26.02.2019 წელი).
2.2. სს კრ----------ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი 16 ლარი და 42 თეთრი დარჩეს გადახდილი სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. არ დაკმაყოფილდეს სს ,,კრ----------ის მოთხოვნა მოპასუხე მი----–------იასათვის სს ,,კრ----------ის“ მიერ გაღებული ხარჯების, კერძოდ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის გადახდილი ბაჟის თანხის - 50 (ორმოცდაათი) ლარის, აღსრულების ეროვნულ ბიუროში ყადაღის რეგისტრაციის საფასური - 50 (ორმოცდაათი) ლარის, სააპლიკაციო საფასურის - 100 (ასი) ლარის და აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი ყადაღის საფასურის - 50 (ორმოცდაათი) ლარის დაკისრების შესახებ.
4. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე სს ,,კრ----------ის“ მოთხოვნა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ.
5. გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ. ოზურგეთი, ი. სიორიძის ქუჩა №14) მხარისათვის განჩინების ასლის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), გადაწყვეტილების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ოზურგეთი, სიორიძის ქ. №14) მეშვეობით;
მოსამართლე: ნანა ჯოხაძე