გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/35244-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 აპრილი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ტარიელ ტაბატაძე
სხდომის მდივანი გიორგი ჭავჭავაძე
მოსარჩელე - შპს ,,კ-------–--------“
წარმომადგენელი - ვ------------------ე (დირექტორი), დ-------------ა
მოპასუხე - ხ---------------ა
წარმომადგენელი -გ--------–---ა, ს--–--------------–--ე,ნ----------------ა
დავის საგანი - დავალიანების გადახდა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხე ხ---------------ას მოსარჩელე შპს ,,კ-------–--------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 6143.9 ლარის გადახდა.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 30.10.2014 წელს, მხარეთა შორის გაფორმდა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება,რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 3500 აშშ დოლარის ექვივალენტი 6143.9 ლარი. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის ავტომანქანა BM----, რაზეც გაიცა გირავნობის მოწმობა. სესხის ხელშეკრულება გაფორმდა ერთი თვის ვადით, შესაბამისი ოდენობის საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულების 4.5 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, სესხზე დარიცხული პროცენტების სრულად დაფარვის შემთხვევაში, ხელშეკრულების ვადა გაგრძელდებოდა მომდევნო ერთი თვით.
მოსარჩელის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ მოპასუხემ გადახდა შეწყვიტა 30.04.2016 წლიდან. ხელშეკრულების 3.2.4 პუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, 3.2.4.2. პუნქტით, კრედიტორს შეუძლია პირდაპირ მიიღოს საკუთრებაში გირავნობის საგანი ან 3.2.7 პუნქტის თანახმად, მოითხოვოს გირავნობის საგნის მისთვის გადაცემა.
მოსარჩელის დაზუსტებული სარჩელით, ვინაიდან გირავნობის საგანი ავტომანქანა BM----, დაშლილ მდგომარეობაში იყო იგი მოსარჩელეს არ გადასცემია და მისი რეალიზაცია არ მოუხდენია შესაბამისად, მოპასუხე ხ---------------ას ვალდებულება შეადგენს 6143.9 ლარს, რაც სრულად უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ხ---------------ას წარმომადგენლებმა წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებით, სარჩელი არ ცნეს. მიუთითეს, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ ამ სესხეზე დაფარულია 3802 აშშ დოლარი, რაც მხოლოდ პროცენტში ჩაუთვალა მოსარჩელემ. ბათილია გარიგება, ვინაიდან საპროცენტო სარგებელი - თვიური 6 % კაბალურია (ხელშეკრულების 1.2 და 5.4 პუნქტები), ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო 2014 წლის 20 ნოემბრამდე და მას შემდეგ გადახდილი თანხები უნდა ჩაითვალოს ძირ თანხაში გადახდილად, რაც შეიტანეს მასთან ერთად გ-----------------ამ და ს---–----------მა პერიოდულად.
გირავნობით დატვირთული ავტომანქანა მოსარჩელესთან შეთანხმებით მიყიდა გ-----------------ას, რომელიც წარმოადგენს მოსარჩელის სასარგებლოდ დაგირავებული ავტომანქანის ახალ მესაკუთრეს და შპს ,,კ-------–---------“-ის მიმართ ვალდებულების მქონე პირს. მისივე ინფორმაციით შემდგომში გ-----------------ა ჩაანაცვლა ს---–----------მა და ამ უკანასკნელმა მოსარჩელესთან შეთანხმებით მოახდინა სადაო ავტომანქანის დაშლა და ნაწილებად გაყიდვა, საიდანაც შპს "კ-------–--------"-მა მიიღო სარგებელი. ავტომანქანის შეფასება 1500 ლარად მოხდა, რაც მის ღირებულებასთან შედარებით დაბალია.
(იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,კ-------–---------“ და ხ---------------ას შორის 2014 წლის 30 ოქტომბერს დაიდო სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,კ-------–---------“-მა ხ---------------ას ასესხა 3500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ამ ხელშეკრულების დადების დღისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად, რამაც ჯამში შეადგინა 6143.9 ლარი. ხელშეკრულებით განისაზღვრა ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი 6%-ის ოდენობით.
მხარეებმა ხელშეკრულებით განსაზღვრეს, რომ ამ ხელშეკრულების 4.5 პუნქტის თანახმად, ერთთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, სესხზე დარიცხული პროცენტების სრულად დაფარვის შემთხვევაში, ხელშეკრულების ვადა გაგრძელდებოდა მომდევნო ერთი თვით.
ხელშეკრულების 1.4 მუხლის თანახმად, სესხით სარგებლობის ვადა წარმოადგენდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვეს, 2014 წლის 20 ნოემბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N4-- ხელშეკრულება(ს.ფ 18-23)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.2. 2014 წლის 30 ოქტომბრის სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხის თანხა უნდა დაებრუნებინა არაუგვიანეს ამ ხელშეკრულების შესაბამის პუნქტში მითითებულ ვადაში. სესხის თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო, ხელშეკრულების პუნქტში დაფიქსირებული აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში, სესხის გადახდის დროისთვის არსებული ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად.
ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული მსესხებლის ვალდებულება უზრუნველყოფილ იქნა მსესხებლის (დამგირავებლის) საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონებით (გირავნობის საგანი), შემდეგი მახასიათებლებით: სახელმწიფო ნომერი - XV---9, მარკა, მოდელი - ბმ----, ფერი - შავი, გამოშვების წელი - 2001, სარეგისტრაციო მოწმობა - AV------1, საიდენტიფიკაციო ნომერი - WB--------------5, მესაკუთრე - ხ---------------ა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- N4-- ხელშეკრულება(ს.ფ 18-23)
- გირავნობის მოწმობა #00---8 (ს.ფ. 24)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე ხ---------------ას მიერ შპს ,,კ-------–--------“-ის მიმართ შესასრულებელი ფულადი ვალდებულება შეადგენს 538 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, გადახდის დღეს არსებული კურსის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- N4-- ხელშეკრულება(ს.ფ 18-23)
- გირავნობის მოწმობა #00---8 (ს.ფ. 24)
- 2016 წლის 19 მაისის საექსპერტო დასკვნა (ს.ფ. 29);
- ფოტო-მასალა (ს.ფ. 32-38).
- ავტომანქანის მიღება-ჩაბარების აქტი;
- დანართი #1.
- ცნობა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 624-ე, 625-ე, 254-ე, 256-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
დადგენილია, რომ შპს ,,კ-------–---------“-ს და ხ---------------ას შორის 2014 წლის 30 ოქტომბერს დაიდო სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,კ-------–--------“-მა ხ---------------ას ასესხა 3500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ამ ხელშეკრულების დადების დღისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად, რამაც ჯამში შეადგინა 6143.9 ლარი. ხელშეკრულებით განისაზღვრა ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი 6%-ს ოდენობით. ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული მსესხებლის ვალდებულება უზრუნველყოფილ იქნა მსესხებლის (დამგირავებლის) საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონებით (გირავნობის საგანი), შემდეგი მახასიათებლებით: სახელმწიფო ნომერი - XV---9, მარკა, მოდელი - ბმ----, ფერი - შავი, გამოშვების წელი - 2001, სარეგისტრაციო მოწმობა-AV------1, საიდენტიფიკაციო ნომერი- WB--------------5, მესაკუთრე - ხ---------------ა.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი შპს ,,კ-------–--------“-ის ცნობის საფუძველზე დასტურდება, რომ ხ---------------ა 2014 წლის 30 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულების ფარგლებში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდულობით ახორციელებდა გადახდებს, კერძოდ, 30.11.2014 წლიდან, 28.02.2015 წლამდე, ყოველთვიურად იხდიდა 210 აშშ დოლარს, საპროცენტო სარგებლის სახით. აღნიშნული ცნობით დასტურდება, რომ მოპასუხე ხ---------------ას ჯამში ოთხი თვის მანძილზე სარგებლის სახით გადახდილი აქვს 840 აშშ დოლარი. ამავე ცნობით ის გარემოებაც დასტურდება, რომ 03.04.2015 წლიდან სადავო სესხის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდების წარმოება კვლავ გაგრძელდა, რომელსაც მონაცვლეობით ახორციელებდნენ გ-----------------ა და ს---–----------ი. აღნიშნული პირების მიერ 03.04.2015 წლიდან 15.03.2016 წლამდე პერიოდში, ჯამში გადახდილია 2962 აშშ დოლარი. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს 2014 წლის 30 ოქტომბრის ხელშეკრულების 1.4 მუხლზე, რომლის თანახმად სესხით სარგებლობის ვადა წარმოადგენდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვეს, 2014 წლის 20 ნოემბრამდე. ხელშეკრულების 4.5 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, სესხზე დარიცხული პროცენტების სრულად დაფარვის შემთხვევაში, ხელშეკრულების ვადა გაგრძელდებოდა მომდევნო ერთი თვით.
წარმოდგენილ შემთხვევაში, მსესხებელი რეგულარულ გადახდებს ახორციელებდა 30.11.2014 წლიდან 28.02.2015 წლამდე, რის საფუძველზეც ხელშეკრულების ვადა დამატებით ერთი თვით გრძელდებოდა. თუმცა 28.02.2015 წლის შემდეგ მსესხებელმა შეწყვიტა გადახდა, რის შემდეგაც გადახდები გაგრძელდა 03.04.2015 წლიდან, რა დროსაც ხელშეკრულების მოქმედების ვადა უკვე შეწყვეტილი იყო. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ 03.04.2015 წლიდან განხორციელებული გადახდები უნდა ჩაითვალოს სესხის ძირ თანხაში გადახდილად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ხ---------------ას მიერ სესხის ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების გათვალისწინებით, კერძოდ, მსესხებლის მიერ გადახდილია 2962 აშშ დოლარი, დავალიანების ძირი თანხის დაფარვის მიზნით, მოპასუხე ხ---------------ას შპს ,,კ-------–-------- “-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 538 აშშ დოლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 256-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გირავნობა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას, რომ შპს ,,კ-------–--------"-ის წარმომადგენელმა გ-------------ემ ჩაიბარა ს---–----------ისაგან გირავნობის საგანი ავტომანქანა, რომლის მახასიათებლებია: სახელმწიფო ნომერი - XV---9, მარკა, მოდელი - ბმ----, ფერი - შავი, გამოშვების წელი - 2001, სარეგისტრაციო მოწმობა-AV------1, საიდენტიფიკაციო ნომერი - WB--------------5, ვინაიდან დანართ #1-ში მითითებულია, რომ ავტომანქანა იმყოფება დაშლილ მდგომარეობაში და მის მოვლა-პატრონობაზე და შენახვაზე პასუხისმგებლობას იღებს ს---–----------ი, რომელიც იმავე დღეს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით არის სადაო ავტომანქანის მესაკუთრის ხ---------------ას წარმომადგენელი, რასაც ასევე ადასტურებს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ-------------ე.
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ მის საკუთრებაში არსებული გირავნობით დატვირთული ავტომანქანა მოსარჩელესთან შეთანხმებით მიჰყიდა გე--------------ს და რომ ამ უკანასკნელმა სადაო ავტომანქანა კვლავ მიჰყიდა ს---–----------ს. სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულების კონტრაჰენტს წარმოადგენს ხ---------------ა, რომელიც სწორედ აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში წარმოადგენს შპს ,,კ-------–--------“-ის წინაშე ვალდებულ პირს.მართალია თანხების შენატანი პერიოდულად განხორციელებულია გ-----------------ას და ს---–----------ის მიერ,რაც სადაო არაა მხარეთა შორის, თუმცა აღნიშნულით არ დასტურდება მსესხებლის- ხ---------------ას მხრიდან გირავნობის საგანზე საკუთრების გადასვლა ზემოაღნიშნულ პირებზე და არც მოსარჩელე ადასტურებს ასეთს. გირავნობის მოწმობა გაცემულია ხ---------------აზე და მასში რაიმე ცვლილება არაა შეტანილი და არაა წარმოდგენილი საპირისპირო მტკიცებულება.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მოწმის- გ-------------ის ჩვენების, მიღება-ჩაბარების #4--/1 აქტის, დანართი #1-ის და მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე დასტურდება, რომ შპს ,,კ-------–--------“-ს საკუთრებაში არ გადასცემია გირავნობით დატვირთული ავტომანქანა და ამასთან, არც მისი რეალიზაცია მოუხდენია. შესაბამისად მოპასუხე მხარის მითითება საექსპერტო დასკვნის შესახებ ავტომანქანის დაბალ შეფასებასთან დაკავშირებით ვერ იქონიებს ზეგავლენას დავის საგანზე და საფუძველს მოკლებულია.
ამდენად, სასამართლო თვლის, რომ შპს „კ-------–--------“-ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. წარმოდგენილ შემთხვევაში, მოპასუხე ხ---------------ამ სადავოდ გახადა სესხის და გირავნობის ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებლის, ყოველთვიური 6% ოდენობა და მიუთითა, რომ უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე.
სასამართლო განმარტავს, რომ კეთილსინდისიერების პრინციპი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ქვაკუთხედს წარმოადგენს, რაც საბაზრო ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, პრეზუმირებულია ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევა, რაც გულისხმობს, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. ზემოაღნიშნული მუხლი, ზოგადი დებულების სახით არის დეკლარირებული, რაც შესაძლებლობას ანიჭებს სასამართლოს ყოველი კონკრეტული შემთხვევა შეაფასოს მორალური ღირებულებების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სხვათა თავისუფლებას უფლების ბოროტად გამოყენებისაგან იცავს სამოქალაქო კანონების იმპერატიული ნორმები. მოქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ ნორმებს ბათილია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონი პირდაპირ მიუთითებს სხვაგვარ შედეგებზე. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის და სახელშეკრულებო დებულებების შინაარსის განსაზღვრისას ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული.
სასამართლო თვლის, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთი (ყოველთვიური 6 %) დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით არ აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშგების საფუძველზე გაანგარიშებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთებს, როგორც ბანკებთან, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებთან დადებულ ხელშეკრულებებში.
სასამართლო საპროცენტო სარგებელთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების პირობების შინაარსიდან გამომდინარე, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის არ არის შეუსაბამობა. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. უცილოდ ბათილ გარიგებას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება. მის ასეთად აღიარებას არ სჭირდება არც მხარის შეცილება და არც მისი ბათილობის მოთხოვნა. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის მიხედვით, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საკრედიტო შეთანხმების დათქმა, რომლითაც გამსესხებელმა სესხით სარგებლობისათვის შესაბამისი საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრა, არ არის ბათილი, შესაბამისად, მოპასუხე ხ---------------ას განმარტება საპროცენტო სარგებლის ოდენობის შეუსაბამობასთან დაკავშირებით, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად,რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან,მოსარჩელე შპს ,,კ-------–--------“-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ხ---------------ას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, მის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 185 ლარის ნაწილი- 45.08 ლარის ოდენობით, ხოლო 139.92 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,კ-------–--------“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
2. ხ---------------ას შპს ,,კ-------–--------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის - 538 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.
3. ხ---------------ას შპს ,,კ-------–--------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 45.08 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ტარიელ ტაბატაძე