გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.04.2019
საქმის ნომერი
010210017001870598
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
22.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017001870598

№2-1066/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 აპრილი, 2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე - ი---------ე, ა---------–------ე

წარმომადგენელი - ლ--–---–--–---

მოპასუხე - მ-----–----–----ე

წარმომადგენელი - ლ------–--–------------------

დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმება საგნის გაყიდვით

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გაუქმდეს საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქალაქი ბათუმი, ტ-----ს ქN8, ბინა N12, საკადასტრო კოდი №0------------------- ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სასამართლოში წარმოადგინა შესაგებელი და განმარტა, რომ მას, როგორც საცხოვრებელი სახლის მიღების უპირატესი უფლების მქონე მემკვიდრეს მიეცეს ამ უფლების განხორციელების შესაძლებლობა, რის გამოც მოპასუხე მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებს უარი უნდა ეთქვათ საზიარო უფლების გაუქმებაზე ქონების იძულებითი რეალიზაციის გზით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქ. ბათუმი, ტ-----ს ქN8, ბინა N12-ში მდებარე 30,15 კვმ ფართის უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №0------------------- საჯარო რეესტრის მონაცემებით წარმოადგენს ა---------–------ის, ი---------ის და მ-----–----–----ის თანასაკუთრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია, რომ ქ. ბათუმი, ტ-----ს ქN8, ბინა N12-ში მდებარე 30,15 კვმ ფართის უძრავი ქონება 2010 წლის 06 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად მიყიდა ნ--------------ეს და მასზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნასყიდობის ხელშეკრულება. 06.09.2010წ.

- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N1529პ.

 

3.2.2. ნ--------------ე გარდაიცვალა 2015 წლის 27 ოქტომბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნ--------------ის გარდაცვალების მოწმობა.

 

3.2.3. ნ--------------ის სამკვიდროდან, კერძოდ ქ. ბათუმი, ტ-----ს ქN8, ბინა N12-ში მდებარე 30,15 კვმ ფართის უძრავი ქონებიდან 4/6 ნაწილი, როგორც ანდერძისმიერმა მემკვიდრემ მიიღო მოპასუხე მ-----–----–----ემ, ხოლო ზ/აღნიშნული ქონების 1/6 და 1/6 ნაწილები, როგორც სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე მემკვიდრეებმა (შვილებმა), მიიღეს მოსარჩელე ი---------ემ და ა---------–------ემ.

 

შესაბამისად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ამჟამად ქ. ბათუმი, ტ-----ს ქN8, ბინა N12-ში მდებარე 30,15 კვმ ფართის უძრავი ქონების 4/6 წილის მესაკუთრეა მ-----–----–----ე, 1/6 წილის მესაკუთრეა - ი---------ე, ხოლო 1/6 წილის მესაკუთრეა - ა---------–------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სამკვიდრო მოწმობა სავალდებულო წილზე.

- ანდერძი.

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.2.4. შპს „ე-------------”-ის დასკვნის თანახმად შეფასების მომენტისათვის, ანუ 2018 წლის 02 ნოემბრის მდგომარეობით ქ. ბათუმში, ტ-----ს ქN8, ბინა 12-ში მდებარე უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენდა 19350 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს „ე-------------”-ის შეფასების ანგარიში N18-11/02.

 

3.2.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 17 თებერვლის ექსპერტიზის დასკვით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ი---------ის, ა---------–------ის და მ-----–----–----ის თანასაკუთრებაში რიცხული სადაო უძრავი ქონების (მდებარე ქალაქი ბათუმი, ტ-----ს ქN8, ბინა N12, საკადასტრო კოდი №0-------------------) საჯარო რეესტრში თითოეულის სახელზე რეგისტრირებულ წილებად გამიჯვნა, ანუ ნატურით გაყოფა თითოეულ თანესაკუთრეზე ისე, რომ ამით არ შემცირდეს თითოეულის წილის ღირებულება ტექნიკური თვალსაზრისით შეუძლებელია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 17.02.2018წ ექსპერტიზის დასკვნა.

 

3.2.6. დადგენილია, რომ ქ. ბათუმი, ტ-----ს ქN8-ში მდებარე მხარეთა თანასაკუთრებაში რიცხულ 30,15 კვმ ფართის N12 ბინაში ამჟამად ცხოვრობს მოპასუხე მ-----–----–----ე, ხოლო მოსარჩელეებს არ ეძლევათ ზ/აღნიშნული ფართით სარგებლობის საშუალება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 17.02.2018წ ექსპერტიზის დასკვნა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ ი---------ის და ა---------–------ის სარჩელი საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 311-ე, 312-ე, 953-954-ე, 961-ე, 963-ე და 964-ე მუხლები. ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა”. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქ. ბათუმი, ტ-----ს ქN8, ბინა N12-ში მდებარე 30,15 კვმ ფართის სადაო უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი №0------------------) 1/6 ნაწილი წარმოადგენს მოსარჩელე ი---------ის საკუთრებას, 1/6 ნაწილი წარმოადგენს ა---------–------ის საკუთრებას, ხოლო 4/6 ნაწილის მესაკუთრეა მოპასუხე მ-----–----–----ე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის მიხედვით, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

განსახილველ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობის წესები საზიარო უფლებების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 954-ე მუხლის თანახმად, თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ტ-----ს ქN8, ბინა N12-ში, საკადასტრო კოდი №0------------------- რომელიც შესდგება 30,15 კვმ ფართისაგან, ირიცხება ი---------ის, ა---------–------ის და მ-----–----–----ის თანასაკუთრებაში. ასევე დადგენილია, რომ ქონებას ფაქტობრივად სარგებლობს მხოლოდ მ-----–----–----ე და მოსარჩელეებს არ ეძლევათ მისით სარგებლობის საშუალება.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება. საკუთრების სუბსტანცია, რომელშიც იგულისხმება საკუთრების ინსტიტუტით გათვალისწინებული შინაარსის რეალიზაცია, უნდა შენარჩუნდეს, ე.ი კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას. არ შეიძლება, რომ პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით.

 

საერთო საკუთრების ფარგლებში მესაკუთრის აბსოლუტური უფლების შეუზღუდავად, თუმცა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებულ ფარგლებში, გამოყენების გარანტს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილი. კერძოდ, კანონმდებელი თითოეულ მოწილეს ნებისმიერ დროს აძლევს საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნის უფლებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის თანახმად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით.

 

მოცემული მუხლის მიხედვით საზიარო საგნის ნატურით გაყოფის სამართლებრივი შესაძლებლობა დამოკიდებულია ორ გარემოებაზე: 1. ნატურით გაყოფით უნდა ხდებოდეს წილების შესაბამისად ქონების ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფა და 2. ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფის შედეგად არ უნდა ხდებოდეს ქონების ღირებულების შემცირება. საზიარო საგნის ნატურით გაყოფა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაყოფილი ნაწილები უზრუნველყოფენ სამოქალაქო ბრუნვაში თავისუფლად მიმოქცევის შესაძლებლობას, ანუ აქვთ უნარი, გაყოფის შემდეგ ცალ-ცალკე გამოვიდნენ ბრუნვის დამოუკიდებელ ობიექტებად და უძრავი ქონების ნატურით გაყოფის შედეგად შეინარჩუნონ ქონების თავდაპირველი დანიშნულება.

 

სასამართლო დაეყრდნო რა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, გაითვალისწინა მხარეთა მოსაზრებები, მიიჩნია, რომ შეუძლებელია სადაო უძრავი ქონების ნატურით გაყოფა ისე, რომ არ შემცირდეს თითოეულის ღირებულება. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეები წინააღმდეგი არიან ქონების ნატურით გაყოფისა და მხარეები თავადვე ადასტურებენ, რომ ქონების რეალურად გაყოფა მათი წილის შესაბამისად შეუძლებელია.

 

სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის თანახმად პირველი ნაწილით თანახმად თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით. მიწის ნაკვეთის შემთხვევაში გამოიყენება აუქციონზე უძრავი ქონების იძულებით გაყიდვის წესები. თუ დაუშვებელია საზიარო საგნის გასხვისება მესამე პირზე, მაშინ საგანი აუქციონზე უნდა გაიყიდოს მოწილეებს შორის. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ თუ საგანი არ გაიყიდება, მაშინ თითოეულ მოწილეს შეუძლია მოითხოვოს განმეორებითი აუქციონი; ამასთან, მან უნდა გაიღოს ხარჯები, თუ განმეორებითი ცდა უშედეგოდ დამთავრდა.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მხარეთა თანასაკუთრებაში რიცხული ქონების ნატურით გაყოფა შეუძლებელია, ამიტომ უნდა დადგინდეს საზიარო უფლების გაუქმება საზიარო საგნის გაყიდვით და ამონაგების მხარეთა შორის განაწილების გზით მათი წილების შესაბამისად.

 

6.4. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან მ-----–----–----ე მამკვიდრებლის გარდაცვალებამდეც სარგებლობდა და ამჟამადაც სარგებლობს სადაო უძრავი ქონებით, ამიტომ იგი წარმოადგენს საცხოვრებელი სახლის მიღების უპირატესი უფლების მქონე მემკვიდრეს და მას უნდა მიეცეს ამ უფლების განხორციელების შესაძლებლობა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, ნ--------------ის სამკვიდრო ქონება უკვე მიღებული აქვთ მის მემკვიდრეებს და დარეგისტრირებული აქვთ საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში. მოცემული დავა მიმდინარეობს საერთო საკუთრებაში რიცხულ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმებაზე და შესაბამისად დავის საგანს არ წარმოადგენს უკვე გაყოფილი სამკვიდრო ქონების განაწილება. ამდენად სასამართლო ვერ იმსჯელებს სამკვიდროში შემავალი ქონების უპირატესი მიღების უფლებაზე.

 

6.5. გარდა ზ/აღნიშნულისა სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105 მუხლის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არ არსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ მოსარჩელეების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, ასევე მოსარჩელეების მიერ გადახდილი იქნა ექსპერტიზის ხარჯი 70 ლარის ოდენობით.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით სასამართლო ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: მოპასუხე მ-----–----–----ეს უნდა დაეკისროს მოსარჩელეების სასარგებლოდ 120 ლარის გადახდა მოსარჩელეთა მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელწიფო ბაჟის სანაცვლოდ, 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სანაცვლოდ და 70 ლარის გადახდა მოსარჩელეების მიერ გადახდილი ექსპერტიზის ხარჯის ასანაზღაურებლად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39–ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს ი---------ის და ა---------–------ის სასარჩელო მოთხოვნა საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე;

 

1.1. გაუქმდეს საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქალაქი ბათუმი, ტ-----ს ქN8, ბინა N12, საკადასტრო კოდი №0------------------- ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხა მათი წილის შესაბამისად განაწილდეს თანამესაკუთრეებზე, რომლის თანახმად ამონაგები თანხიდან მ-----–----–----ეს მიეკუთვნოს 4/6 წილი, ა---------–------ეს - 1/6 წილი, ი---------ეს მიეკუთვნოს - 1/6 წილი.

 

2. მოპასუხე მ-----–----–----ეს დაეკისროს ი---------ის და ა---------–------ის სასარგებლოდ მოსარჩელეების მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 120 ლარის ოდენობით. მასვე დაეკისროს მოსარჩელეების სასარგებლოდ 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სანაცვლოდ და 70 ლარის გადახდა მოსარჩელეების მიერ გადახდილი ექსპერტიზის ხარჯის ასანაზღაურებლად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე