განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/781-18 (N041020818003)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 აპრილი 2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი ნიტა ფაიქიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ--------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ჯ-------------------------ა - დაბადებული 1----–-–---------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: მ--------–------------------------------------------
ადვოკატი - ი--–----------–--–--ა
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ ქვეპუნქტები და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი;
დისპოზიცია: ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეიძლებოდა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 2 აგვისტოს, დაახლოებით 04:00 საათზე, ქ-------–----------------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 დეკემბრის განაჩენით თაღლითობისათვის ნასამართლევი ჯ-----------ა ცდილობდა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შეეღწია სს „ო---“-ს კუთვნილ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის საცავში და დაუფლებოდა მასში არსებულ თანხას 628,5 (ექვსას ოცდარვა მთელი ხუთი მეათედი) ლარის ოდენობით. ჯ-----------ას ქმედებით სს „ო---“-ს შეიძლებოდა მიდგომოდა 628,5 (ექვსას ოცდარვა მთელი ხუთი მეათედი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
მოწმე ლ-–------------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს ქ---------------–-----------------–--------–-–-----------–-----------–---–- უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 2 აგვისტოს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას ი-----–--------------ნ ერთად და მოძრაობდა ფეხით ქ-------–---------------------- კორპუსის მიმდებარედ, რა დროსაც დაინახეს, რომ უცნობი პიროვნება მისული იყო სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან, რომელიც მათგან ზურგით იდგა. თავიდან ჩათვალეს რომ პირი თანხის ჩასარიცხად იყო მისული აპარატთან, თუმცა მან აიღო რაღაც საგანი და ურტყამდა სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ეკრანს. დაახლოებით ორი - სამი მეტრის მანძილზე, როდესაც მიუახლოვდნენ ამ პიროვნებამ ხელი გადაყო მინის ადგილზე, რა დროსაც მიუახლოვდნენ და უთხრეს, რომ პოლიციიდან იყვნენ. ამის შემდგომ მოიხედა ამ პიროვნებამ და როდესაც პოლიცია დაინახა სწრაფი ნაბიჯით წავიდა, თავად და ი-----–---------ე დაედევნენ და მოხდა პირის ადგილზე დაკავება, განემარტა უფლებები, ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული. უცნობმა პირმა საგანი, დაახლოებით 15-20 სანტიმეტრი სიგრძის სახრახნისი, რითაც ამტვრევდა ჩასარიცხ აპარატს, გაქცევისას ძირს დააგდო. დაკავებისას რაიმე წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია, პირიქით, ნანობდა მის საქციელს და ამბობდა, რომ ახლობელი ჰყავდა გარდაცვლილი და სახლში უნდა ყოფილიყო. დაკავებულს აგრეთვე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა შავი ფერის საფულე მასში მოთავსებული რამდენიმე პლასტიკური ბარათით, აგრეთვე ID ბარათი და ერთ დოლარიანი კუპიურა, რაზედაც საუბარში ბრალდებულმა თავად აღნიშნა, რომ თანხა სრულად წააგო, მხოლოდ ეს ერთ დოლარიანი დარჩა და სახლში ვერ მიდიოდა. მოწმის განმარტებით პირმა ნივთი რამდენჯერმე ჩაარტყა ჩასარიცხ აპარატს და მინის ადგილზე ჩაყო ხელი და ცდილობდა თანხასთან მიახლოებას.
მოწმე ი-----–---------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს ქ---------------–-----------------–--------–-–-----------–-----------–---–- უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. შემთხვევის დღეს ის ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას ლ-–------------სთან ერთად, მოძრაობდნენ ფეხით გ-----------------------. დაახლოებით ღამის 04:00 საათზე, მათ პიროვნება დაინახეს დაახლოებით 14-15 მეტრის მოშორებით, რომელიც იდგა აპარატთან და რაღაც ქმედებას ახორციელებდა, აღნიშნული პიროვნება მათთან იდგა ზურგით, ხელში ეჭირა ნივთი, რომელიც როგორც შემდგომ გაირკვა იყო სახრახნისი, რომელიც რამდენჯერმე ჩაარტყა ეკრანს და ამოიღო ჩარჩო, აპარატის ეკრანი ქვემოთ ჩააგდო და აპარატში გადაყო ხელი. თავად და ლ-–------------ მას მიუახლოვდნენ და უთხრეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და მოუწოდეს ქმედების შეწყვეტისაკენ, თუმცა ამაზე მას სწრაფი რეაგირება ჰქონდა და გაიქცა, დაედევნენ და დააკავეს ადგილზე. მოწმის განმარტებით აღნიშნული პირი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, თუმცა დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა შავი ფერის საფულე, პლასტიკური ბარათებით, ID ბარათით და შავი ფერის მობილური ტელეფონი.
დაზარალებულის წარმომადგენელმა ი-----–--–-----მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს კოპანია „ო---“-ში მენეჯერის თანამდებობაზე. 2018 წლის 2 აგვისტოს, ქალაქ ქ-------–---–------------------ მდებარეობდა მათი კომპანიის კუთვნილი ერთ-ერთი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, რომელიც იყო დაზიანებული, აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანებები, სენსორული შუშა ეგდო აპარატის გვერდზე, მონიტორი იყო გადმოკიდებული და აგრეთვე დაზიანებული ჰქონდა დეტალები, კონკრეტულად კი კარი, საიდანაც იღება აპარატი. აპარატის კეისი ადგილზე იყო. დათვალიერება მოხდა მისი თანხმობით, ადგილზე მისულს დახვდა ექსპერტები და გამომძიებელი. თანხა არ იყო წაღებული, აპარატში იყო 628 ლარი და 50 თეთრი, აპარატის დაზიანების შედეგად მიყენებულია ზიანი, აგრეთვე ქურდობის შედეგად კომპანიას შეიძლება მისდგომოდა 628 ლარის და 50 თეთრის ზიანი. ი-----–--–-----ს განმარტებით აპარატიდან დაახლობით ერთ მეტრში, სადაც შუშა და ნაწილები ეყარა, აგრეთვე ეგდო სახრახნისი. დაზარალებულის წარმომადგენელის განმარტებით კეისი აპარატში ჩვეულებრივად არის ჩამაგრებული და მისი მოხსნა ხელით შესაძლებელია.
მოწმე პ-----------–--მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს ქ---------------–-----------------–--------–-–-----------–-----------–---–-, დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 2 აგვისტოს ღამის ოთხ საათზე განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, სადაც მისი თანამშრომელი ი-----–---------ე ითხოვდა დახმარებას დაკავებულ პირთან, კერძოდ ჯ-----------ასთან დაკავშირებით, რომელიც დაკავებული ჰყავდათ ქურდობის მცდელობის ფაქტზე. დაიწყო გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, რის შემდგომ მან ჩაატარა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: დაკითხა ჯ-----------ა, აიღო ხელის ნიმუშები, ბრალდებულს გააცნო ბრალდების არსი, გაუცვალა მტკიცებულებები, საქმეზე დანიშნა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, მის მიერვე განემარტა უფლებები დაზარალებულს. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
მოწმემ ს----------------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით მუშაობდა ქ---------------–-----------------–--------–-–-----------–-----------–---–- უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დაახლოებით დილის ექვსი საათის შემდეგ. დათვალიერებაში მონაწილეობდა სააქციო საზოგადოება „ო---“-ს წარმომადგენელი ი-----–--–-----, ასევე ექსპერტები. მოწმემ განმარტა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აპარატიდან მონიტორი იყო ამოგლეჯილი, რომელიც აპარატზე მიმაგრებულია კაბელებით, ასევე აპარატის მარჯვენა მხარეს გზის სავალ ნაწილზე, ახლოს აპარატთან იდო სენსორული აპარატის დამცავი მინა თავისივე ჩარჩოთი, სენსორული მონიტორის ამოგლეჯის შედეგად მონიტორის უკან იყო სიცარიელე, შესაბამისად შესაძლებელი იყო პიროვნებას ხელი ჩაეყო, დაეზიანებინა შიგნით მოთავსებული აპარატის კეისი, სადაც ფულადი თანხა იყო მოთავსებული, როგორც რკინის ხურდა ფულების სახით, ასევე ქაღალდის ფულის სახით. ამოღებულ იქნა სენსორული აპარატის დამცავი მინა, მინის გვერდით იქვე აპარატთან ახლოს დაგდებული სახრახნისი, ფულადი თანხა 590 ლარამდე ოდენობით, აგრეთვე ხურდა ფულები და ჩასარიცხი აპარატი. მოწმემ განმარტა, რომ აპარატი მარჯვენა ზედა კუთხეში იყო დაზიანებული, ეტყობოდა ფიზიკური ზემოქმედების კვალი. კარს მარჯვენა მხარეს აქვს პედალი, რომელიც ძალის ზემოქმედების შედეგად შესაძლებელია მოტყდეს, აპარატს დაზიანება ჰქონდა, ხოლო სახრახნისი იყო გაღუნულ მდგომარეობაში. ნივთები ამოღებული იქნა ექსპერტების მიერ, რაც დაილუქა, ასევე ექსპერტების მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დასურათება, ჩასარიცხი აპარატი გადატანილ იქნა პოლიციის განყოფილებაში, სადაც დაილუქა და მოხდა მისი შენახვა. ოქმი შედგა შემთხვევის ადგილზე და გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა გ-----------------–---–-ა და დ--------------მ ანალოგიურად აღწერეს ფაქტობრივი გარემოებები, დაადასტურეს მათი მონაწილეობა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, დადგენილია, რომ 2018 წლის 2 აგვისტოს შს ქ---------------–-----------------–--------–-–-----------–-----------–---–- დაიწყო გამოძიება ჯ-----------ას მიერ ქ-------–------------------------------–- მდებარე საცხოვრებელი ბინის წინ განთავსებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე.
შეტყობინება N1856431 დადგენილია, რომ ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიიცის პ------–------------–---- მორიგეს ა-------------ს 2018 წლის 02 აგვისტოს 04:05 საათზე უბნის ინსპექტორ - გამომძიებელმა ი-----–---------ემ ხელის რადიოსადგურის მეშვეობით აცნობა, რომ დაკავებული ყავს ჯ-----------ა, რომელიც ცდილობდა ქ---------–------------------------------------ საცხოვრებელი ბინის წინამდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვას.
02.08.2018 წლის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 2 აგვისტოს 04:05 საათზე ქ----------–--------------------------- ბინის წინამდებარე ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა ჯ-------------------------ა, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა: შავი ფერის საფულე, რომელშიც მოთავსებულია შემდეგი ნივთები: ჯ-----------ას აიდი ბარათი, გ----------------- ID ბარათი, პრივატ ბანკის ვიზა ბარათი, პრივატ ბანკის საანგარიშო ბარათი, ,,ფორტუნას“ პლასტიკური ბარათი, PSP-ს აფთიაქის ბარათი, S card პლასტიკური ბარათი, ,,საქართველოს ბანკის“ პლასტიკური ბარათი, ,,სახალხო ბანკის“ პლასტიკური ბარათი, სააფთიაქო ,,მწვანე ფარმადეპოს“ პლასტიკური ბარათი, PSP-ს აფთიაქის გათამაშების ოთხი ცალი ბილეთი, სალომბარდე ხელშეკრულების დოკუმენტი, ვერცხლისფერი ნაქსოვი სამაჯური, ერთი ცალი ერთ დოლარიანი კუპიურა, შავი ფერის ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომლებიც მოთავსდა პოლიეთილენის ფაილში და დაილუქა 33/5/1/1 ლუქის ნომრით - ერთ პაკეტად.
02.08.2018 წლის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ქ----------–-----------------------------–-, 06:40 საათიდან - 07:50 საათამდე დროის მონაკვეთში დათვალიერებულ იქნა სს ,,ო---“-ს კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, დათვალიერება ჩატარდა მოწმე ი-----–--–-----ს, ექსპერტების: გ-----------------–---–-ს და დ--------------ს მონაწილეობით (ოქმის შემდგენი: ს----------------) დგინდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ----------–-------------------------------------- საცხოვრებელი ბინის წინამდებარე ტერიტორიაზე, სადაც ქვეითთა მოსიარულეთა ბილიკზე განთავსებულია მეტალის კონსტრუქციის სწრაფი ჩარიცხვის აპარატი. გარეგანი ვიზუალური დათვალიერებით აპარატს აღენიშნებოდა დაზიანებები მექანიკური სახით, კერძოდ: სენსორული ეკრანი, მონიტორი არის ამოგლეჯილ მდგომარეობაში მისი ბუდიდან და მასზე დამაგრებული ელექტრო სადენებით დაკიდებულია აპარატზე, ამავე დროს მითითებული ეკრანის პლასტმასის ჩარჩო ამოღებულია მისი ბუდიდან და აღენიშნება ძალადობის და ზემოქმედების კვლები, აღნიშნული ნივთების დაზიანებისა და მათი ბუდიდან ამოგდების გამო აღნიშნულ ადგილზე დარჩენილია სიცარიელე, რომლის ქვედა ნაწილში განთავსებულია ჩასარიცხი აპარატის აპარატურა და თანხის ჩასარიცხი კეისი და ტომარა, ასევე სწრაფი ჩარიცხვის აპარატის კარების ჩარჩოს მარჯვენა ზედა ნაწილში აღენიშნება დაზიანება, კერძოდ: აპარატის კარები მოცილებულია მის ჩამკეტ ჩარჩოს, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მონიტორის გარე ზედაპირი დამუშავებულ იქნა ექსპერტების რა დროსაც ამოღებულ იქნა ხელის ერთი კვალი, რომელიც მოთავსდა საექსპერტო კრიმინალისტიკურ პაკეტში და დაილუქა NF-------- პაკეტად, პაკეტი N1. სწრაფი ჩარიცხვის აპარატის კარების ჩარჩოს მარჯვენა ზედა ნაწილში ზედაპირიდან ამოღებულ იქნა ანაწმენდი საკონტროლო ნიმუშთან ერთად, რომელიც მოთავსდა საექსპერტო კრიმინალისტიკურ პაკეტში და დაილუქა NF-------- პაკეტად, პაკეტი N2. ქვეითთა მოსიარულეთა ბილიკზე აპარატის გვერდით დაგდებულია მწვანე ტარიანი სახრახნისი, რომელსაც ზედაპირზე აღენიშნება გადაღუნვის კვლები, რომელიც მოთავსდა საექსპერტო კრიმინალისტიკურ პაკეტში და დაილუქა NF-------- პაკეტად, პაკეტი N3. ქვეითთა მოსიარულეთა ბილიკზე აპარატის გვერდით სახრახნისთან ახლოს დევს მონიტორის დამცავი მინა თავისივე ჩარჩოსთან ერთად რომელიც ამოღებულ იქნა აღნიშნული ადგილიდან, იგი მოთავსდა საექსპერტო კრიმინალისტიკურ პაკეტში და დაილუქა N F-------- პაკეტად, პაკეტი N4. აღნიშნულის შემდეგ დათვალიერებაში მონაწილე ი-----–--–-----ს მიეცა წინადადება გაეღო აპარატის კარი მასში არსებული თანხის დასადგენად, რომელიც დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ. სწრაფი ჩარიცხვის აპარატის კეისიდან ამოღებულ იქნა ქაღალდის კუპიურები 590 ლარის ოდენობით, კერძოდ: ორი ცალი 100 (ასი) ლარიანი, ხუთი ცალი 50 (ორმოცდაათი) ლარიანი, სამი ცალი 20 (ოცი) ლარიანი, ოთხი ცალი 10 (ათი) ლარიანი და რვა ცალი 5 (ხუთი) ლარიანი კუპიურები, რომელიც მოთავსდა საექსპერტო კრიმინალისტიკურ პაკეტში და დაილუქა N F-------- პაკეტად, პაკეტი N5. ასევე სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან გამოღებულ იქნა ტომარა, რომლისგანაც ამოღებულ იქნა ხურდა ფული მონეტების სახით, ტომრიდან ამოღებულ იქნა 38 ლარი და 50 თეთრი, კერძოდ: ოთხი ცალი 2 ლარიანი მონეტა, ოცდარვა ცალი 1 ლარიანი მონეტა და ხუთი ცალი 50 თეთრიანი მონეტა, რომელიც მოთავსდა საექსპერტო კრიმინალისტიკურ პაკეტში და დაილუქა NF-------- პაკეტად, პაკეტი N6. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი კეისთან და ტომარასთან ერთად პოლიციის პირველ განყოფილებაში გადატანის მიზნით, რომელიც დაილუქა N33/5/1/1 ლუქის ნომრით, შემთხვევის ადგილი დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ, რითაც შემთხვევის ადგილის დათვალიერება დასრულდა.
სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოების ამსახველი ერთი ცალი CD დისკი და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ნივთები;
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სს ,,ო---’’-ს მომართვით ირკვევა, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ფულადი თანხა 628.5 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 დეკემბრის განაჩენით ჯ-----------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ცამეტი ეპიზოდი) და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმე ლ-–-------–----მ განმარტა, რომ 2018 წლის 1 აგვისტოს დაახლოებით ღამის 12-ის ნახევრისათვის იმყოფებოდა სახლში, მასთან მივიდა ჯ-----------ა და თხოვა ქუთაისში წაყვანა, რაზეც ლ-–-------–---- დათანხმდა. ჯ-----------ა იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, გზად ისინი გაჩერდნენ მარტვილში, ბენზინგასამართ სადგურზე, ხოლო შემდგომ ქუთაისის შემოსასვლელში სასურსათო მაღაზიასთან, სადაც შეიძინეს გამაგრილებელი სასმელი. ლ-–-------–----მ ჯ-----------ა დაახლოებით ღამის პირველის ნახევარზე დატოვა მაკდონალდსის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ტოტალიზატორთან, ხოლო თვითონ დაბრუნდა სახლში. რაც შეეხება იმ ფაქტს ჰქონდა თუ არა თან რაიმე ნივთი ჯ-----------ას, მოწმემ განმარტა, რომ მას თან არაფერი ჰქონდა, ხოლო რა ედო ჯიბეში ან საფულეში მისთვის უცნობია.
ბრალდებულმა ჯ-----------ამ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2018 წლის 1 აგვისტოს იმყოფებოდა სახლში, საღამოს საათებში მასთან იყვნენ სტუმრები, დალია დაახლოებით 10-15 ჭიქა ღვინო, რის შემდგომაც იქნებოდა დაახლოებით ღამის თერთმეტი საათი და დედას სთხოვა, რომ სჭირდებოდა ასი ლარი სათამაშოდ, დედამ მისცა ასი ლარი, თავადაც ჰქონდა დაახლოებით ორმოცდაათი ლარამდე თანხა. ითამაშა ტოტალიზატორ კ--------–----–ი, სადაც დალია დაახლოებით 5-6 ჭიქა ლუდი. იქნებოდა დაახლოებით 03:30 საათი, ფული რომ გამოელია წავიდა ტოტალიზატორიდან, ქუჩაში მანქანები არ მოძრაობდა, შესაბამისად ვერ წავიდოდა სახლში და ამიტომ დროის გაყვანის მიზნით გადაწყვიტა გაევლო სადმე. ჭ--------ს ქუჩიდან გადაუხვია მარჯვენა მხარეს და გააგრძელა მოძრაობა, თან ცდილობდა დაერეკა სახლში და ეთქვა, რომ დილამდე ვერ მივიდოდა. მშობლებთან დარეკვა ვერ შეძლო, რადგან ანგარიშზე თანხა არ ჰქონდა და ამიტომ მივიდა ჩასარიცხ აპარატთან ფულის ჩასარიცხად. ამოიღო საფულე, რომელშიც ჰქონდა ,,ხურდები’’, თუმცა ერთ ლარიანი, ორ ლარიანი ან 50 თეთრიანი მონეტები არ აღმოაჩნდა, ჩაიდო საფულე ისევ უკანა ჯიბეში და გაბრაზების გამო გაშლილი ხელი დაარტყა აპარატს ერთხელ, რის შედეგადაც ჩამოვარდა გარეთა სენსორი, გაუკვირდა თუ როგორ მოხდა, რომ ერთი დარტყმით სენსორი ძირს ჩამოვარდა, გაიწია რამდენიმე ნაბიჯით უკან, ერთი წუთიც არ იქნებოდა გასული ვიღაცამ მარჯვენა მკლავი დაუჭირა და უთხრა, რომ პოლიციის თანამშრომელი იყო და არ შეშინებოდა, თან ჰკითხა იცოდა თუ არა რაც დააშავა, რაზეც ჯ-----------ამ უპასუხა, რომ იცოდა და იმიტომ იდგა იქ და არსად მიდიოდა. პოლიციის თანამშრომლებს განუმარტა, რომ ეკრანს არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა. შემდეგ მივიდა პოლიციის ავტომობილით სამი თანამშრომელი, რომლებმაც მას ბორკილები დაადეს და ჩასვეს ავტომობილში.
3. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
სასამართლომ შეაფასა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ჯ-----------ამ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეიძლებოდა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, კერძოდ:
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. ქურდობას ექნება ადგილი ასევე ისეთი შემთხვევაშიც, როდესაც პირის ქმედება არ რჩება შეუმჩნეველი სხვა პირისათვის, თუმცა დამნაშავემ ეს არ იცის და დარწმუნებულია, რომ მას ვერ ხედავენ. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია დამნაშავის სურვილი - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს და იმის შეგნება, რომ ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ხდება სხვებისგან შეუმჩნევლად, თუმცა შესაძლებელია რეალურად მისი მოქმედება აშკარა ხასიათსაც ატარებდეს. ქურდობის ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს, მავნე შედეგის დადგომას ან ასეთი შედეგის დადგომის საფრთხის შექმნას, ამიტომ, ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის ქონებას და აქვს რეალური შესაძლებლობა განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებისამებრ, იმისდა მიუხედავად, მოახდინა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება.
საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობა მცდელობისათვის განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა დამთავრებული დანაშაულისათვის, ამ მუხლზე მითითებით.
მხარეთა შორის სადავო არ არის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2018 წლის 2 აგვისტოს, დაახლოებით 04:00 საათზე, ქ-------–----------------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე ჯ-----------ა იმყოფებოდა ჩასარიცხ აპარატთან. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე უთითებს, რომ ჯ-----------ა აპარატთან მივიდა თანხის ჩარიცხვის მიზნით, ხოლო აპარატი დააზიანა მას შემდეგ, რაც შესაბამისი კუპიურა საფულეში ვერ აღმოაჩინა. აპარატს ხელი დაარტყა მხოლოდ ერთხელ გაბრაზების გამო და მას ქურდობის განზრახვა არ ჰქონია. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ ჯ-----------ას მიერ მიცემულ ჩვენებას, ვინაიდან არადამაჯერებელია და არსებით წინააღმდეგობაში მოდის სასამართლოში წარმოდგენილ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა შემთხვევის თვითმხილველმა მოწმეებმა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პ------–------------–---- უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა ლ-–------------მ და ი-----–---------ემ ცალსახად და დამაჯერებლად განმარტეს, რომ ჯ-----------ა რაღაც საგანს ურტყამდა ჩასარიცხ აპარატს, ჩამოაგდო ეკრანი და ხელი გადაყო მინის ადგილზე ჩასარიცხ აპარატში, რა დროსაც მიუახლოვდნენ და განუმარტეს რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, პოლიციის დანახვაზე ჯ-----------ა სწრაფი ნაბიჯით წავიდა, დაედევნენ და მოხდა პირის ადგილზე დაკავება. ჯ-----------ამ საგანი, დაახლოებით 15-20 სანტიმეტრი სიგრძის სახრახნისი, რითაც ამტვრევდა ჩასარიცხ აპარატს, გაქცევისას ძირს დააგდო. მოწმეების მიერ მიცემული ჩვენება სრულ შესაბამისობაშია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან, შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტოსურათებთან, ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებებთან, რაც გამოკვლეული იქნა სასმართლო სხდომაზე.
ბრალდებულ ჯ-----------ას ჩვენება სადაც ის უთითებს, რომ აპარატთან მხოლოდ ფულის ჩარიცხვის მიზნით მივიდა და შეეცადა კიდეც თანხის ჩარიცხვას, ვერ იქნა დადასტურებული სასამართლო სხდომაზე დაკითხული ზემოაღნიშნული მოწმეებისა და მტკიცებულებების გამოკვლევისას. ის მოცემულობა, რომ ჯ-----------ას თან ქონდა ე.წ. ,,ხურდა ფულები“, რომელსაც აპარატი ვერ მიიღებდა და აღნიშნული მან აღმოაჩინა სწორედ თანხის ჩარიცხვის მომენტში, რაზე განაწყენებულმაც აპარატის დაზიანება გადაწყვიტა, მოკლებულია რეალურ სურათს, ვინაიდან არც შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და არც ჯ-----------ას პირადი ჩხრეკის ოქმით, რა დროსაც სხვადასხვა ნივთები იქნა ამოღებული - რაიმე სახის ფულადი თანხა (გარდა ერთ დოლარიანი კუპიურისა) აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, რომელსაც მიეკუთვნება ქურდობა, წარმოადგენენ შედეგიან დელიქტს და დამთავრებულია სხვისი ნივთის დაუფლების მომენტიდან, რა დროსაც დამნაშავეს ამოძრავებს ანგარების მოტივი. კონკრეტულ საქმეში ბრალდებულმა თავისი განზრახვა აპარატიდან თანხის ფარულად დაუფლების თაობაზე ვერ შეძლო ბოლომდე მიეყვანა, ვინაიდან მას დანაშაულის ჩადენისას წაასწრეს პოლიციის თანამშრომლებმა ლ-–------------მ და ი-----–---------ემ, რომლებმაც შემთხვევის ადგილზე დააკავეს ბრალდებული ჯ-----------ა. აღნიშნული ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ჯ-----------ამ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა.
სასამართლო განმარტავს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით ნათლად დასტურდება, ჯ-----------ას მიერ ქურდობის მცდელობის განხორციელება, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევა. ამ საკითხზე მსჯელობისას, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სს ,,ო---’’-ს მომართვით ირკვევა, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ფულადი თანხა 628.5 ლარის ოდენობით, აღნიშნული ასევე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულის წარმომადგენელმა ი-----–--–-----მ, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ს----------------მ და ექსპერტებმა გ-----------------–---–-ა და დ--------------მ.
სასამართლოს ასევე დადასტურებულად მიაჩნია, რომ ჯ-----------ა ცდილობდა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შეეღწია სს „ო---“-ს კუთვნილ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის საცავში, რასაც ადასტურებს შემთხვევის უშუალო თვითმხილველი მოწმეების ლ-–-------------ა და ი-----–---------ის ჩვენებები, რომლებიც უთითებენ, რომ მას შემდეგ რაც ჯ-----------ამ საგნის გამოყენებით ჩამოაგდო ჩასარიცხი აპარატის ეკრანი, ხელი გადაყო აპარატში. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ამოღებული ნივთმტკიცებით დასტურდება, რომ ჩასარიცხ აპარატს აღენიშნებოდა დაზიანებების კვალი. სასამართლოს შეფასებით აღნიშნული მიუთითებს, რომ აპარატის საცავში შეღწევის გზით ჯ-----------ა ცდილობდა თანხის დაუფლებას.
საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, - დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნაში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 177-186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 დეკემბრის განაჩენით ჯ-----------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ცამეტი ეპიზოდი) და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ამდენად, ვინაიდან ჯ-----------ას დანაშაულის ჩადენის მომენტში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 დეკემბრის განაჩენისთვის დადგენილი ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია, სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, მისი მხრიდან საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული არაერთგზის ჩაიდინა.
სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, ჯ-----------ას დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს. გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო დარწმუნდა, რომ ჯ-----------ას ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით (ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეიძლებოდა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის) გათვალისწინებულ დანაშაულთა ნიშნებს. შესაბამისად, ჯ-----------ა დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი მისთვის ბრალად შერაცხულ, ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენაში.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ჯ-----------ას მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, დამდგარ შედეგს, მის პირად და ეკონომიკურ პირობებს, მის ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს, ასევე მის წარსულ ცხოვრებას. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების ერთლობლივად მხედველობაში მიღებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ-----------ას სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასჯელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.
ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ჯ-----------ას მიმართ სასჯელის დანიშვნისას ყურადღება გაამახვილოს დანაშაულის რეციდივით სასჯელის დანიშვნის საკითხზე.
საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ ჯ-----------ა წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირია, ვინაიდან მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანს წამოადგენს სწორედ მისი წარსული ნასამართლობა, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში ვერ მიიღება საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი (სანქციის მინიმუმზე 1 წლით მეტი თავისუფლების აღკვეთის სავალდებულოდ დანიშვნის თაობაზე).
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ჯ-----------ამ განზრახი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, უნდა გაუქმდეს მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ჯ-----------ას საბოლოო სასჯელი უნდა დანიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით.
5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ:
ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნოკია-ს ფირმის მობილური ტელეფონი და შავი ფერის საფულე მასში მოთავსებული ნივთებით: ჯ-----------ას ID ბარათი, გ----------------- ID ბარათი, პრივატ ბანკის ვიზა ბარათი, პრივატ ბანკის საანგარიშო ბარათი, ფორტუნას პლასტიკური ბარათი, PSP-ს აფთიაქის ბარათი, S_C card პლასტიკური ბარათი, საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი, სახალხო ბანკის პლასტიკური ბარათი, PSP-ს აფთიაქის გათამაშების ოთხი ცალი ბილეთი, სალომბარდე ხელშეკრულების დოკუმენტი, ვერცხლისფერი ნაქსოვი სამაჯური, ერთი ცალი ერთ დოლარიანი კუპიურა (ინახება ქ---------------–-----------------–--------–-–-----------–-----------–---–-) - დაუბრუნდეს ჯ-----------ას ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ანაწმენდი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის ერთი კვალი, სახრახნისი - განადგურდეს.
მონიტორის დამცავი მინა და ჩარჩო, ქაღალდის კუპიურები 590 ლარის ოდენობით, ლითონის მონეტები 38,5 ლარის ოდენობით და სწრაფი ჩარიცხვის აპარატი (ინახება ქ---------------–-----------------–--------–-–-----------–-----------–---–-) - დაუბრუნდეს დაზარალებულ სს ,,ო---ს’’.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოების ამსახველი ერთი ცალი CD დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჯ-----------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ჯ-----------ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 09 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ჯ-----------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
ჯ-----------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ ჯ-----------ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 2 აგვისტოდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნოკია-ს ფირმის მობილური ტელეფონი და შავი ფერის საფულე მასში მოთავსებული ნივთებით: ჯ-----------ას ID ბარათი, გ----------------- ID ბარათი, პრივატ ბანკის ვიზა ბარათი, პრივატ ბანკის საანგარიშო ბარათი, ფორტუნას პლასტიკური ბარათი, PSP-ს აფთიაქის ბარათი, S_C card პლასტიკური ბარათი, საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი, სახალხო ბანკის პლასტიკური ბარათი, PSP-ს აფთიაქის გათამაშების ოთხი ცალი ბილეთი, სალომბარდე ხელშეკრულების დოკუმენტი, ვერცხლისფერი ნაქსოვი სამაჯური, ერთი ცალი ერთ დოლარიანი კუპიურა (ინახება ქ---------------–-----------------–--------–-–-----------–-----------–---–-) - დაუბრუნდეს ჯ-----------ას ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ანაწმენდი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის ერთი კვალი, სახრახნისი - განადგურდეს.
მონიტორის დამცავი მინა და ჩარჩო, ქაღალდის კუპიურები 590 ლარის ოდენობით, ლითონის მონეტები 38,5 ლარის ოდენობით და სწრაფი ჩარიცხვის აპარატი (ინახება ქ---------------–-----------------–--------–-–-----------–-----------–---–-) - დაუბრუნდეს დაზარალებულ სს ,,ო---ს’’.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოების ამსახველი ერთი ცალი CD დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური