გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/4153 - 19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირინა ზარქუა
სხდომის მდივანი თამარ მიქავა
მოსარჩელე - ა-–-----------------–---–ი
წარმომადგენელი - კ-–-----–------ი
მოპასუხეები - გ--------------–---–ი, ი------–--–--------ე
წარმომადგენელი - ქ-------------------–ი
დავის საგანი - სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხეებს გ--------------–---–ს და ი------–--–--------ეს ჩამოერთვათ ა-–-----------------–---–ის სამკვიდროდან სავალდებულო წილის მიღების უფლება;
გ--------------–---–ი და ი------–--–--------ე არიან ა-–-----------------–---–ის ბიოლოგიური შვილები. ა-–-----------------–---–ს მშობლის ზნეობრივი და კანონიერი უფლება-მოვალეობები ჯეროვნად აქვს განხორციელებული, რაც გამოიხატება შვილების საზოგადოების ღირსეულ წევრებად აღზრდაში, მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის ზრუნვაში. იგი შვილების არასრულწლოვნობის ასაკში სრულად უზრუნველყოფდა მათ ყველა არსებითი საჭიროებებით და სრულწლოვანების ასაკის მიღწევის შემდეგაც არ შეუწყვეტია მათზე ზრუნვა, აძლევდა ქონებას, უზრუნველყოფდა საარსებო შემოსავლით, საპასუხოდ კი შვილებისაგან მიიღო უდიდესი უმადურობა. მათ უარი თქვეს საკუთარ მამაზე. ოჯახური ურთიერთობები რაც მამასა და შვილებს შორის უნდა არსებობდეს, დაფუძნებულია ურთიერთმზრუნველობაზე, თანადგომასა და პატივისცემაზე. ამ ყველაფრის მაგივრად კი მოსარჩელემ მათგან მიიღო გარიყვა, უგულებელყოფა და სიძულვილი. შვილებმა საკუთარი მამა განსაცდელში მიატოვეს. ოჯახის მხრიდან ზურგშექცევის გამო, ა-–-----------------–---–ი თვითმკვლელობამდე მივიდა. გ--------------–---–ი არ იცავდა ოჯახის და მამის ღირსებას, არ ზრუნავდა მასზე. სრულწლოვან შრომისუნარიან შვილებსა და პენსიონერ შრომისუუნარო მამას შორის აღარ არსებობს არავითარი ოჯახური ურთიერთობა. შვილებს მიტოვებული ჰყავთ იგი და არათუ ზრუნვას არ ახორციელებენ მასზე არამედ მისი მდგომარეობითაც კი არ ინტერესდებიან. მიუხედავად მამას და შვილებს შორის არსებული ასეთი ურთიერთობისა, მოპასუხეები მოქმედებენ ანგარების მოტივით, ბოროტად იყენებენ საკუთარ უფლებას და უარს არ აცხადებენ სამკვიდროზე, რითაც ფაქტიურად ხელს უშლიან მამკვიდრებლის უკანასკნელი ნება-სურვილის შესრულებას. სავალდებულო წილის მიღების უფლება ამოქმედებას იწყებს მაშინ, როდესაც თავისუფლად ნების გამოვლენის საფუძველზე მამკვიდრებელი ანდერძით მოახდენს ქონების განაწილებას. ამ გზით ფორმალურად შესაძლებელი ხდება მამკვიდრებლისათვის ყველაზე ახლობელი ადამიანების სამემკვიდრეო უფლებების მაქსიმალურად დაცვა. სავალდებულო წილის მიღება სწორედ მამკვიდრებლის უახლოესი ადამიანების სამემკვიდრეო უფლებების მაქსიმალურად დაცვაზეა ორიენტირებული, ხოლო როდესაც ის ადამიანი, ვისაც სავალდებულო წილის მიღების უფლება გააჩნია, რეალურად არ არის მამკვიდრებლისთვის არც ყველაზე ახლობელი და მასთან არც არავითარი პირდაპირი ოჯახური კავშირი აღარ გააჩნია, ასეთ შემთხვევაში სავალდებულო წილის არსებობის მიზანს ეწინააღმდეგება მამკვიდრებლის დავალდებულება, რომ მისი გარდაცვალების მერე, მისი ქონება გადავიდეს ისეთ პიროვნებაზე, ვინც მასთან მტრულ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შვილები მოვალენი არიან იზრუნონ მშობლებისთვის და დაეხმარონ მათ. მშობლების მიერ თავიანთ უფლება-მოვალეობათა სწორად და ეფექტურად განხორციელების ლოგიკური შედეგია ის სულიერი და მატერიალური მხარდაჭერა, რასაც მშობლები შემდეგ ღებულობენ თავიანთი სრულწლოვანი შვილებისგან. მოცემულ შემთხვევაში კი, არათუ მატერიალური, არამედ სულიერი მხარდაჭერაც კი არ ყოფილა ა-–-----------------–---–ის მიმართ, მოპასუხეთა მხრიდან და როგორც აღინიშნა, შვილებმა მოსარჩელე სასიკვდილოდ მიაგდეს. გამქრალია მათ შორის ოჯახური კავშირი და აღარ არსებობს ის ფაქტობრივი საფუძვლები, რის გამოც მისაღები იქნებოდა სავალდებულო წილის ინსტიტუტის ამოქმედება.
განსახილველ საქმეში შვილების მოქმედებები თუ უმოქმედობა არ შეესაბამება მორალური ქცევის სტანდარტს. ის ვინც არ გაამართლებს მშობლის მოლოდინს მასთან მიმართებით კეთილსინდისიერ ქცევასთან დაკავშირებით, კარგავს მშობლისაგან ქონებრივი სიკეთით მიღების შესაძლებლობას. მოცემულ საქმეზე არსებული გარემოებები იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ დაირღვა მშობელთან მიმართებით შვილის კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტი, შესაბამისად, მემკვიდრეს უნდა ჩამოერთვას მამკვიდრებლის ქონების საკუთრებაში მიღებისა (სავალდებულო წილის მიღების უფლების) და ამ სიკეთით სარგებლობის უფლება.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხეები გ--------------–---–ი და ი------–--–--------ე არ ეთანხმებიან სასარჩელო მოთხოვნას. ა-–-----------------–---–ი ზრუნავდა თავის შვილებზე გ--------------–---–ზე და მის დაზე, ი------–--–--------ეზე, ისე როგორც უნდა ზრუნავდეს მამა შვილებზე. ოჯახში დამკვიდრებული იყო მშობლებისა და განსაკუთრებით, მამის პატივისცემის ტრადიცია. მოპასუხეების თბილი ურთიერთობები მამასთან ნარჩუნდებოდა მისთვის მუდმივი დათმობის და მისი აგრესიული და არაადეკვატური ხასიათის ხელშეწყობის ფონზე. მოპასუხეების დედა, მ------------–---–ი იმყოფებოდა განსაკუთრებული ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ა-–-----------------–---–ის მხრიდან. ითმენდა მისგან უკიდურეს სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოპასუხეთა მამას ყოველთვის ახასიათებდა თავშეუკავებელი ვერბალური აგრესია და ფეთქებადი ხასიათი. მისი აგრესია იყო უმიზეზო და არაადეკვატური. მოსარჩელე, ასეთი ხასიათის გამო, პერნამენტულად, ნებაყოფლობით სვამდა დამამშვიდებელ მედიკამენტებს და ხშირად აღნიშნავდა, რომ წამლები მასზე დადებითად მოქმედებდნენ. ასაკთან ერთად მისი ხასიათი დამძიმდა და უფრო აგრესიული გახდა. მოპასუხეთა დედა უფრთხილდებოდა მოსარჩელის რეპუტაციას და არ საუბრობდა არავისთან მასთან თანაცხოვრების მძიმე მხარეების შესახებ. მოპასუხე ი------–--–--------ე ცხოვრობდა ცალკე და თბილი ურთიერთობებიდან გამომდინარე, იგი ხშირად სტუმრობდა მშობლების ოჯახს. მოპასუხის მეუღლე კ--------–--–--------ე იყო თვითდასაქმებული, არჩენდა ოჯახს, შესაბამისად, ი------–--–--------ე და მისი შვილები არ იმყოფებოდნენ მოსარჩელის კმაყოფაზე. მოპასუხე ი------–--–--------ის მიმართ ყურადღებას იჩენდა მთლიანად მისი მშობლების ოჯახი და არა მხოლოდ მამა. განსაკუთრებით წვლილი მიუძღვის გ--------------–---–ს უძრავი და მოძრავი ქონების შეძენაში. 2014 წლის შემოდგომაზე, მოსარჩელე ა-–-----------------–---–ის ფსიქიკური მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდა. მოპასუხეების დედა იძულებული გახდა წამოსულიყო სახლიდან და შვილებისთვის ეთხოვა დახმარება. მან სთხოვა გ--------------–---–ს წაეყვანა მასთან სახლში. მოპასუხე გ--------------–---–ს ჰქონდა მცდელობა შეერიგებინა მშობლები, თუმცა ა-–-----------------–---–ს არ უნდოდა სიტუაციის მოგვარება. მოპასუხეების დედა, მ------------–---–ი, თავისი პირადი ნივთების წამოსაღებად წაიყვანა მოპასუხე ი------–--–--------ემ ტაბახმელაში, როდესაც მივიდნენ ნივთების წამოსაღებად, ა-–-----------------–---–ი იყო უგუნებო მდგომარეობაში. ი------–--–--------ე შეეცადა მას დალაპარაკებოდა, თუმცა, როგორც ყოველთვის, ის არ უსმენდა და მხოლოდ თავის აზრებს გამოხატავდა მისთვის ჩვეული სიმწვავით. მ------------–---–მა აიღო მისი პირადი ნივთები, ასევე ტანსაცმელი და პირადად ი------–--–--------ის მიერ მისთვის დაბადების დღეზე ნაჩუქარი რამდენიმე ოქროს სამკაული. მოსარჩელეს არ სურს აღიაროს, რომ მეუღლესთან განშორება მოხდა მისი პირადი მიზეზით მისი უკიდურესად გაუსაძლისი ხასიათის გამო. ა-–-----------------–---–ი შვილებს აბრალებს ოჯახის დანგრევას, თუმცა მოპასუხეებს თანაბრად თბილი დამოკიდებულება აქვთ როგორც დედის, ასევე მამის მიმართ.
ა-–-----------------–---–ი აცხადებდა რომ დალია დიდი რაოდენობის მედიკამენტები (წნევის დამწევი საშუალება კლოფელინი, რომელსაც ზოგადად მოიხმარდა მაღალი წნევის დროს). მას ამ თითქოს და თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ არ დასჭირვებია არც სასწრაფოს გამოძახება, არც სტაციონარიზაცია და არც ექიმის მეთვალყურეობა. ტაბახმელაში ასულ ი------–--–--------ის მეუღლეს იგი დახვდა ჩვეულ უგუნებო და მოთენთილ მდგომარეობაში, რომელიც ა-–-----------------–---–ს ყოველთვის ახასიათებდა ძილის და წნევის დამწევის ნორმალური რაოდენობით მიღების შემდეგაც. ზოგადად ცნობილი ფაქტია, რომ რეალური თვითმკვლელობა არ ხდება სხვების დასანახად და მეტი წილი სავალალოდ მთავრდება, ხოლო ასეთი მცდელობები წარმოადგენს სხვებით მანიპულირების მცდელობას. მოპასუხეებს და ა-–-----------------–---–ს შორის აღარ არის ურთიერთობა, რადგან მასთან ურთიერთობა არის შეუძლებელი. ის არის აგრესიული და მძიმე ურთიერთობაში, განსაკუთრებით შვილების მიმართ. შვილები ცდილობდნენ მშობლების შერიგებას, რაც შეუძლებელი გახდა, რადგან მოსარჩელე თავის მეუღლეს წლების განმავლობაში ამყოფებდა სტრესისა და ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ. მისი აგრესია იყო უმიზეზო. მოპასუხეებმა ი------–--–--------ემ და გ--------------–---–ი გააკეთეს ყველაფერი, რომ მოსარჩელეს დახმარებოდნენ. მათთვის მთელი ეს პერიოდი (მშობლების განშორებიდან დღემდე) იყო ძალიან სტრესული და ემოციურად დაძაბული. მიუხედავად მოპასუხეების დამოკიდებულებისა, მოსარჩელე მათ აყენებს პირად, უკიდურესად ამორალურ შეურაცხყოფას, სწერს მუქარის წერილებს და არ აძლევს მშვიდად ცხოვრების საშუალებას. მოპასუხეები კანონით მინიჭებულ უფლებაზე უარს არ ამბობენ. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია, როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი საფუძვლით. მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოპასუხეები გ--------------–---–ი და ი------–--–--------ე (ქორწინებამდელი გვარი ,,ს-----–---–ი“) წარმოადგენენ მოსარჩელე ა-–-----------------–---–ის შვილებს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N---- (ს.ფ. 100);
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N---- (ს.ფ. 101).
3.1.2. მოსარჩელე ა-–-----------------–---–ი ამჟამად საქორწინო ურთიერთობაშია ნ----–--------–---–თან. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–------------- დაბადებული ა-–-----------------–---–ი და 2----–-–---------------- დაბადებული ე-–--------------–---–ი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 102);
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 103).
3.1.3. ა-–-----------------–---–ს და მის შვილებს, გ--------------–---–ს და ი------–--–--------ეს შორის უკიდურესად დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობაა. მათ შორის ურთიერთდამოკიდებულება გამწვავდა ა-–-----------------–---–ს და მისი პირველი მეუღლის, მ------------–---–ს (მოპასუხეების დედა) შორის ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 15 მაისის სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 15 მაისის სხდომის ოქმი).
- ამონარიდი ინტერნეტის ვებგვერდიდან ელექტრონული მიმოწერების შესახებ (ს.ფ. 18-31).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მოპასუხეების მოქმედებები თუ უმოქმედობა მამის, ა-–-----------------–---–ის მიმართ, არ შეესაბამება მორალური ქცევის სტანდარტს. ის, ვინც არ გაამართლებს მშობლის მოლოდინს, მასთან მიმართებით კეთილსინდისიერ ქცევასთან დაკავშირებით, კარგავს მშობლისაგან ქონებრივი სიკეთის მიღების შესაძლებლობას. მოსარჩელე ა-–-----------------–---–ი სხდომაზე მიუთითებს, რომ მისი კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლებით აღჭურვილი პირები, შვილები გ--------------–---–ი და ი------–--–--------ე, მართალია, მოცემულ ეტაპზე განზრახ ხელს არ უშლიან მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში, თუმცა მომავალში, ანდერძის არსებობის პირობებში, მოპასუხეები რჩებიან სავალდებულო წილის უფლების მქონე სუბიექტებად, რის გამოც, მოსარჩელე მხარის მომავალ სხვა პირველი რიგის მემკვიდრეთა წილის ოდენობა არამართლზომიერად შემცირდება. მოსარჩელეს არ სურს, რომ მოპასუხეებმა, მისმა შვილებმა, ისარგებლონ მისი გარდაცვალების შემდგომ, მამის დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლებით, ვინაიდან, მათი მხრიდან დაირღვა მშობელთან, ა-–-----------------–---–თან მიმართებით შვილის კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტი, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი სათანადო სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხეების მხრიდან მამკვიდრებლისათვის მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში განზრახ ხელის შეშლას თავისი ან მისი ახლობელი პირების მემკვიდრეებად მოწვევის ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდის მიზნით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 15 მაისის სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 15 მაისის სხდომის ოქმი).
3.2.2. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მოსარჩელე ა-–-----------------–---–ის უღირს მემკვიდრედ მოპასუხეების აღიარების ფაქტობრივი და სამართლებრივი არ გამოიკვეთა. საქმეზე არ იქნა დადგენილი იმგვარი გარემოებების არსებობა, რაც შეიძლება გამხდარიყო გ--------------–---–ის და ი------–--–--------ის უღირს მემკვიდრედ ცნობის საფუძველი. კერძოდ, მათ განზრახ ხელი არ შეუშლიათ მამკვიდრებელისათვის მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში, არ ჩაუდენიათ გაზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება- სურვილის საწინააღმდეგოდ. მოცემულ საქმეზე ა-–-----------------–---–ის მიერ ანდერძის შედგენის ფაქტიც არ დასტურდება და ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, მამკვიდრებლის უკანასკნელი ნება სურვილის საწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება მოპასუხეთა მხრიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მოპასუხეთა საქციელმა იგი თვითმკვლელობის მცდელობამდეც კი მიიყვანა, თუმცა ამ ზოგადი სახის განმარტების რაიმე სახის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეს არ ერთვის, რაც მოპასუხეების ბრალეულობაზე მიუთითებდა. არც ის გარემოება დასტურდება, რომ მოპასუხეებს სურდათ მოსარჩელე ა-–-----------------–---–ი მოეთავსებინათ სამედიცინო დაწესებულებაში ფსიქიკური პრობლემების გამო. გარდა მოსარჩელის ახსნა-განმარტებისა, სხვა მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის. მოპასუხეთა განმარტებით კი, მოპასუხე ნებაყოფლობით სვამდა ფსიქოტროპულ წამლებს. ფსიქიატრის რეკომენდაცია იყო, მომხდარიყო მისი სტაციონარიზაცია და მეთვალყურეობა, თუმცა ა-–-----------------–---–ი იყო წინააღმდეგი და არავის დაუძალებია მისთვის სამედიცინო დაწესებულებაში დარჩენა და მკურნალობა. საქმეზე არ გამოიკვეთა, მოპასუხეთა მხრიდან მამის, ა-–-----------------–---–ის მიმართ უღირსი ან ამორალური საქციელის ჩადენა, რაც მათთვის მემკვიდრეობითი უფლების ჩამორთმევის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 15 მაისის სხდომის ოქმი);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 15 მაისის სხდომის ოქმი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე, 1310-ე, 1311-ე, 1312-ე, 1354-ე, 1371-ე, 1381-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელე ა-–-----------------–---–მა მოითხოვა მოპასუხეებს გ--------------–---–ს და ი------–--–--------ეს, როგორც მისი პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს, ჩამოერთვათ ა-–-----------------–---–ის სამკვიდროდან სავალდებულო წილის მიღების უფლება.
დადგენილია, რომ მოპასუხეები გ--------------–---–ი და ი------–--–--------ე (ქორწინებამდელი გვარი ,,ს-----–---–ი“) წარმოადგენენ მოსარჩელე ა-–-----------------–---–ის შვილებს. ა-–-----------------–---–ი და მოპასუხეების დედა, მ------------–---–ი ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და მათ შორის ქორწინება შეწყვეტილია. ა-–-----------------–---–ი ამჟამად საქორწინო ურთიერთობაშია ნ----–--------–---–თან. მათ, თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–------------- დაბადებული ა-–-----------------–---–ი და 2----–-–---------------- დაბადებული ე-–--------------–---–ი.
სარჩელის მიხედვით, მშობლების მიერ თავიანთ უფლება-მოვალეობათა სწორად და ეფექტურად განხორციელების ლოგიკური შედეგია ის სულიერი და მატერიალური მხარდაჭერა, რასაც მშობლები შემდეგ ღებულობენ თავიანთი სრულწლოვანი შვილებისგან. მოცემულ შემთხვევაში კი, არათუ მატერიალური არამედ სულიერი მხარდაჭერაც კი არ ყოფილა ა-–-----------------–---–ის მიმართ, მოპასუხეთა მხრიდან. მოსარჩელის განმარტებით, მათ (მამასა და შვილებს) შორის გამქრალია ოჯახური კავშირი და აღარ არსებობს ის ფაქტობრივი საფუძვლები, რის გამოც მისაღები იქნებოდა სავალდებულო წილის ინსტიტუტის ამოქმედება. მოცემულ საქმეზე არსებული გარემოებები იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ დაირღვა მშობელთან მიმართებით შვილის კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტი, შესაბამისად, მემკვიდრეებს გ--------------–---–ს და ი------–--–--------ეს უნდა ჩამოერთვათ მამის გარდაცვალების შემდგომ მისი დანაშთი ქონების საკუთრებაში მიღებისა (სავალდებულო წილის მიღების უფლების) და ამ სიკეთით სარგებლობის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1371-ე მუხლის მიხედვით, მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა (სავალდებულო წილი). ამავე კოდექსის 1381-ე მუხლით, 1. სავალდებულო წილის მიღების უფლება შეიძლება ჩამორთმეულ იქნეს იმ საფუძვლების არსებობისას, რომლებიც იწვევენ საერთოდ მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევას. 2. სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევა შეიძლება მოხდეს მამკვიდრებლის მიერ ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში სასამართლოსათვის მიმართვის გზით. 3. სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევის შესახებ მოქმედებს სამკვიდროს გახსნის მომენტიდან. ასეთივე შედეგი დადგება მაშინაც, როცა მამკვიდრებელმა ჯერ კიდევ სიცოცხლეში მიმართა სასამართლოს, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მისი გარდაცვალების შემდეგ.
სამემკვიდრეო სამართლის ნორმით განსაზღვრულია არა მხოლოდ იმ პირთა წრე, რომლებსაც გააჩნიათ მემკვიდრეობის უფლება, არამედ იმათაც, ვისაც შეიძლება ჩამოერთვას ეს უფლება. მემკვიდრეობითი უფლების ჩამორთმევის დანაწესი დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1310, 1312-ე მუხლებით. 1310-ე მუხლის მიხედვით, არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა თავისი ან მისი ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას, ანდა ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნებასურვილის საწინააღმდეგოდ,თუ ეს გარემოებანი დადასტურებული იქნება სასამართლოს მიერ (უღირსი მემკვიდრე). სასამართლოს მიერ გარემოება, რომელიც უღირსი მემკვიდრისათვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის საფუძველს წარმოადგენს, დადგენილ უნდა იქნეს სასამართლოს მიერ იმ პირის სარჩელით, რომლისთვისაც მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა უღირსი მემკვიდრისათვის განსაზღვრულ ქონებრივ შედეგებს იწვევს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1312-ე მუხლი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1354-ე მუხლი კი ადგენს ანდერძით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის შესაძლებლობას. ხსენებული ნორმის მიხედვით, 1. მოანდერძეს შეუძლია ანდერძით მემკვიდრეობა ჩამოართვას ერთ, რამდენიმე ან ყველა კანონით მემკვიდრეს და იგი არ არის ვალდებული მიუთითოს ამის მოტივზე. 2. პირი, რომელსაც ანდერძის პირდაპირი მითითებით ჩამოერთვა მემკვიდრეობა, ვერც კანონით მემკვიდრე ვერ იქნება ქონების იმ ნაწილზე, რომელიც ანდერძში არ შესულა, ასევე - მაშინაც, როცა ანდერძით მემკვიდრეებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმა (1310-ე მუხლი). დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის განზრახი მოქმედება, მემკვიდრედ მოწვევის მიზნით უნდა იყოს განხორციელებული და ასეთი ქმედების მიზანს სამკვიდროში მისი წილის გაზრდა უნდა წარმოადგენდეს.
ზემოთ აღნიშნული ნორმების საფუძველზე, მემკვიდრეობის უფლება პირს შეიძლება ჩამოერთვას და ცნობილ იქნეს უღირს მემკვიდრედ, თუ მის მიერ ჩადენილი განზრახი ქმედებები მიმართულია მამკვიდრებლის უკანასკნელი ნება-სურვილის განხორციელების წინააღმდეგ (სსკ-ს 1310-ე მუხლი). კანონით მემკვიდრეობის უფლებას კარგავენ პირები, რომლებიც არ ასრულებენ კანონით მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, მაგალითად, რჩენის მოვალეობას (სსკ-ის 1311-ე მუხლი). ასევე, მამკვიდრებელს უფლება აქვს ანდერძის პირდაპირი მითითებით მემკვიდრეობა ჩამოართვას კანონით მემკვიდრეებს, რის გამოც ეს პირები ვერც კანონით მემკვიდრეობის საფუძველზე მიიღებენ სამკვიდროს და ვერც ანდერძისმიერი მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში. აღნიშნული ნორმების დისპოციზია იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ მემკვიდრეობის უფლებას კარგავენ მემკვიდრეები, რომელთა ქცევა არ შეესაბამება მორალურ სტანდარტებს, რომლებიც არღვევენ პრინციპს - კეთილსინიდსიერად განახორციელონ უფლებები და მოვალეოებები. მემკვიდრეობის ჩამორთმევა შეიძლება მოხდეს სასამართლოს მეშვეობით. სარჩელი ასეთი უფლების ჩამორთმევის შესახებ სასამართლოში შეიძლება შეიტანოს იმ პირმა, რომლისთვისაც მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა დადებით ქონებრივ შედეგებთან იქნება დაკავშირებული.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენა სასამართლოს მიერ ხორციელდება საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერების გზით. მოცემულ შემთხვევაში, დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენისას სასამართლო ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. მათვე ეკისრებათ სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთიც (სსკ-ის 102-ე მუხ.).
მემკვიდრეობის მიღების უფლება პირის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და მისი ჩამორთმევა მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ, უკიდურეს შემთხვევაში, განსაკუთრებული გარემოებების არსებობის პირობებშია შესაძლებელი. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის განმარტებით, მოპასუხეების მოქმედებები თუ უმოქმედობა მამის, ა-–-----------------–---–ის მიმართ არ შეესაბამება მორალური ქცევის სტანდარტს. მისი კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლებით აღჭურვილი პირები, შვილები გ--------------–---–ი და ი------–--–--------ე მართალია, მოცემულ ეტაპზე განზრახ ხელს არ უშლიან მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში, თუმცა მომავალში, ანდერძის არსებობის პირობებში, მოპასუხეები რჩებიან სავალდებულო წილის უფლების მქონე სუბიექტებად, რის გამოც მოსარჩელე მხარის მომავალ სხვა პირველი რიგის მემკვიდრეთა წილის ოდენობა არამართლზომიერად შემცირდება, რაც ეწინაღმდეგება მოსარჩელის ნებას. მოსარჩელე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეთა მხრიდან დაირღვა მშობელთან, ა-–-----------------–---–თან მიმართებით შვილის კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტი, რის გამოც მოდავე მხარეს არ სურს, რომ მოპასუხეებმა, მისმა შვილებმა ისარგებლონ მისი გარდაცვალების შემდგომ, მამის დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლებით. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელე ა-–-----------------–---–ის უღირს მემკვიდრედ მოპასუხეების აღიარების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ გამოიკვეთა. მან მოცემულ შემთხვევაში, თავის სიცოცხლეში დააყენა მოთხოვნა მემკვიდრეებისათვის სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევის შესახებ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1381-ე მუხლის მე-2 მუხლი), თუმცა, ამისათვის უნდა დგინდებოდეს იმ საფუძვლების არსებობა, რომლებიც იწვევენ საერთოდ მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევას. საქმეზე არ იქნა დადგენილი იმგვარი გარემოებების არსებობა, რაც შეიძლება გამხდარიყო გ--------------–---–ის და ი------–--–--------ის უღირს მემკვიდრედ ცნობის საფუძველი. საქმეში არ არის წარმოდგენილი სათანადო სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხეების მხრიდან მამკვიდრებლისათვის მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში განზრახ ხელის შეშლას თავისი ან მისი ახლობელი პირების მემკვიდრეებად მოწვევის ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდის მიზნით. კერძოდ, მოპასუხეებს განზრახ ხელი არ შეუშლიათ მამკვიდრებელისათვის მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში, არ ჩაუდენიათ განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება - სურვილის საწინააღმდეგოდ. მოცემულ საქმეზე ა-–-----------------–---–ის მიერ ანდერძის შედგენის ფაქტიც არ დასტურდება და ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, მამკვიდრებლის უკანასკნელი ნება სურვილის საწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება მოპასუხეთა მხრიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მოპასუხეთა საქციელმა იგი თვითმკვლელობის მცდელობამდეც კი მიიყვანა, თუმცა ამ ზოგადი სახის განმარტების გარდა, რაიმე სახის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეს არ ერთვის, რაც მოპასუხეების ბრალეულობაზე მიუთითებდა. არც ის გარემოება დასტურდება, რომ მოპასუხეებს სურდათ მოსარჩელე ა-–-----------------–---–ი მოეთავსებინათ სამედიცინო დაწესებულებაში ფსიქიკური პრობლემების გამო. გარდა მოსარჩელის ახსნა-განმარტებისა, სხვა იმგვარი სახის მტკიცებულება, რაც მოპასუხეთა მხრიდან ამორალური, არაზნეობრივი და არაკეთილსინდისიერი ქცევის განხორციელებას დაადასტურებდა მოსარჩელის მიმართ, საქმეზე წარმოდგენილი არ არის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში (საქმე Nას - 1101-1021-2017) აღნიშნულია, რომ ,,ზოგადად, სამართლის სისტემები მოიცავენ წესებსა და პრინციპებს - მორალურ მტკიცებებს. სასამართლომ უნდა განიხილოს სხვადასხვა შეხედულებები და მიიღოს ის გადაწყვეტილება რომელიც სამართალს აქცევს, რაც შეიძლება, მორალურად საუკეთესოდ. მორალური შეფასება არის სამართლის განუყოფელი ნაწილი“. გარემოება, რომელიც უღირს მემკვიდრისათვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის საფუძველს წარმოადგენს, დადგენილ უნდა იქნეს სასამართლოს მიერ. როგორც უკვე აღინიშნა, მამკვიდრებლის ნების თავისუფლებაზე არაკეთილსინდისიერ ზეგავლენასა და ანდერძში გამოხატული უკანასკნელი ნების დარღვევას, მოქმედი პირის უღირს მემკვიდრედ ცნობამდე მივყავართ. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა იმის დასკვნის სამართლებრივ საფუძველს, რომ განხორციელებულად იქნეს მიჩნეული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1310-ე მუხლის წინაპირობები. საქმეზე არ გამოიკვეთა, მოპასუხეთა მხრიდან მამის, ა-–-----------------–---–ის მიმართ უღირსი ან ამორალური საქციელის ჩადენა, რაც მათთვის მემკვიდრეობითი უფლების ჩამორთმევის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე ა-–-----------------–---–ი არ წარმოადგენს იმ სუბიექტს, ვისთვისაც მოპასუხეებისათვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა განსაზღვრულ ქონებრივ შედეგებს გამოიწვევდა. მოსარჩელე ასევე ახსენებს მოპასუხეთა მხრიდან შეურაცხყოფის მიყენების და უმადურობის გამოვლინების ფაქტებს, რაც წარმოადგენს სულ სხვა ურთიერთობის მარეგულირებელ დანაწესს (ჩუქების გაუქმება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლი). სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების კანონიერებას, რის მიხედვითაც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა საფუძვლიანობას.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების კანონიერებას, რის მიხედვითაც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა საფუძვლიანობას. განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეების მხრიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1310-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, მოპასუხეთა უღირს მემკვიდრედ ცნობის თაობაზე, დადასტურებული არ არის. მხოლოდ ის გარემოება, რომ მამასა და შვილებს შორის არსებობს დაძაბული, კონფლიქტური ურთიერთობა და აგრესიული ურთიერთდამოკიდებულებაა, არ შეიძლება განხილულ იქნეს მოპასუხეებისათვის მემკვიდრეობითი უფლების ჩამორთმევის საფუძვლად. შესაბამისად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეიცავს სარჩელის დაკმაყოფილების მაკვალიფიცირებელ კომპონენტებს, რის გამოც არ არსებობს მოპასუხეებისათვის, გ--------------–---–ისა და ი------–--–--------ისათვის მამის, ა-–-----------------–---–ის სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევის კანონით განსაზღვრული წინაპირობები. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არ გამოიკვეთა იმგვარი საფუძვლების არსებობა, რომლებიც იწვევენ საერთოდ მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევას.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებითა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ა-–-----------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხეებისათვის გ--------------–---–ისათვის და ი------–--–--------ისათვის მოსარჩელე მხარის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა-–-----------------–---–ის სარჩელი გ--------------–---–ის და ი------–--–--------ის მიმართ, სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეებს არ გადახდეთ მოსარჩელის მიერ გაღებული პროცესის ხარჯი. მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირინა ზარქუა