გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.05.2019
საქმის ნომერი
010210018002475193
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
20.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #010210018002475193

#2/2277–18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20.05.2019 წელი ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი

სხდომის მდივანი ქეთევან თურმანიძე

მოსარჩელე - ვ-–------რ დ---–--ე

მოპასუხე - ლ--–ა ბ–--–--ა

წარმომადგენელი – პ----ა ბ-----ე

დავის საგანი - ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)

 

1.1. საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი ჰონორარის – 150 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოპასუხე ლ--–ა ბ–--–--ასათვის, მოსარჩელე ვ-–------რ დ---–--ის სასარგებლოდ.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ვ-–------რ დ---–--ემ ადვოკატ ლ--–ა ბ–--–--ას საადვოკატო მომსახურებისათვის გადაუხადა 500 ლარი, თუმცა მოპასუხემ იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სათანადო სამართლებრივი მომსახურება არ გაუწია. პირიქით, თვეების მანძილზე ატყუებდა და აძლევდა ცრუ დაპირებებს. სასამართლოსათვის სარჩელით მომართვის შემდეგ, მოპასუხე ლ--–ა ბ–--–--ამ ვ-–------რ დ---–--ეს თავისი ინიციატივით დაუბრუნა 350 ლარი, ხოლო 150 ლარის გადახდაზე აცხადებს უარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ლ--–ა ბ–--–--ამ სარჩელის მოთხოვნა არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მან სათანადოდ განახორციელა საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ვ-–------რ დ---–--ეს არაერთხელ გაუწია სამართლებრივი კონსულტაცია და მოუმზადა შესაბამისი დოკუმენტი (სარჩელი) სასამართლოში წარსადგენად. მიუხედავად ამისა, ვ-–------რ დ---–--ეს თავისი ინიციატივით დაუბრუნა მიღებული ჰონორარის გარკვეული ნაწილი - 350 ლარი, ხოლო დარჩენილი 150 ლარის დასაბრუნებლად არ არსებობს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ვ-–------რ დ---–--ე არის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ა-–----- ე----ის“ წევრი. ამხანაგობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში შესასვლელთან დამონტაჟდა შლაგბაუმი, ხოლო შლაგბაუმის სამართავად შესაბამისი ხელსაწყოები - პულტები, გადაეცათ ამხანაგობის მხოლოდ იმ წევრებს, რომლებიც ფლობდნენ ავტომანქანებს. ბმა „ა-–----- ე----ის“ თავმჯდომარე გ---–---რ ც--–---–---–მა ვ-–------რ დ---–--ეს უარი განუცხადა შლაგბაუმის სამართავი პულტის გადაცემაზე, რის გამოც ვ-–------რ დ---–--ემ, უფლების დაცვის მიზნით, სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხე გ---–---რ ც--–---–---–ის წინააღმდეგ, ქმედების დავალდებულების მოთხოვნით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ვ-–------რ დ---–--ეს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ეთქვა უარი, რის შემდეგაც მან მიიღო გადაწყვეტილება კვალიფიციური იურიდიული მომსახურების მისაღებად მიემართა ადვოკატისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ვ-–------რ დ---–--ის ახსნა-განმარტება;

- 26.10.2016 წლის განჩინება;

 

3.1.2. მოპასუხე ლ--–ა ბ–--–--ა არის ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 2017 წლის ივნისის თვეში, ვ-–------რ დ---–--ემ იურიდიული მომსახურების მიღების მიზნით, მიმართა ადვოკატ ლ--–ა ბ–--–--ას. მხარეთა შეთანხმებით, ლ--–ა ბ–--–--ა, სასამართლო წესით უფლების დაცვის მიზნით, ვ-–------რ დ---–--ეს მოუმზადებდა დოკუმენტებს და გაუწევდა საადვოკატო მომსახურებას, რის სანაცვლოდაც ვ-–------რ დ---–--ე კისრულობდა ვალდებულებას ლ--–ა ბ–--–--ასათვის გადაეხადა იურიდიული მომსახურების საფასური - 500 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.3. 2017 წლის 15 ივნისს, ვ-–------რ დ---–--ემ, შეთანხმებით გათვალისწინებული იურიდიული მომსახურების საფასური - 500 ლარი, მოპასუხე ლ--–ა ბ–--–--ას გადაუხადა უნაღდო ანგარიშსწორებით, მოპასუხის პირად საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- სალაროს შემოსავლის ორდერი;

 

3.1.4. 2017 წლის 18 ივლისს ვ-–------რ დ---–--ესა და ლ--–ა ბ–--–--ას შორის გაფორმდა იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის 1.1. მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა: სარჩელის მომზადება, სასამართლო დავა მოპასუხე მხარესთან და პირველი ინსტანციის სასამართლოში სამოქალაქო საქმეზე ვ-–------რ დ---–--ის ინტერესების დაცვა. ამავე ხელშეკრულების 3.1. მუხლის მიხედვით იურიდიული მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 500 ლარით. ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ისინი პასუხს აგებდნენ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 18.07.2017 წლის იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება;

 

3.1.5. 2017 წლის 21 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ვ-–------რ დ---–--ემ მოპასუხე ამხანაგობა „ა-–----- ე----ის“ მიმართ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ივლისის განჩინებით, ვ-–------რ დ---–--ეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე იმ მოტივით, რომ სარჩელს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ვ-–------რ დ---–--ის გათავისუფლების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 26.07.2017 წლის განჩინება;

 

3.1.6. 2018 წლის 01 ივნისს ვ-–------რ დ---–--ემ სარჩელი აღძრა ლ--–ა ბ–--–--ას წინააღმდეგ და მოითხოვა საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის 500 ლარის დაბრუნება. 2018 წლის 25 სექტემბერს ლ--–ა ბ–--–--ამ ვ-–------რ დ---–--ეს უნაღდო ანგარიშსწორებით, პირად საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით დაუბრუნა 350 ლარი, საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი 500 ლარიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 25.09.2018 წლის შემოსავლის ორდერი;

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. ლ--–ა ბ–--–--ამ იურიდიული მომსახურების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ვ-–------რ დ---–--ეს გაუწია სამართლებრივი კონსულტაცია, ამასთან, დავის სასამართლოში წარმოების მიზნით მოუმზადა და სასამართლოში წარსადგენად გადასცა სარჩელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. აღნიშნული ნორმების ანალიზი ერთმნიშვნელოვნად გვაძლევს დასკვნის საფუძველს, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტული ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა; დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოიყენება მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო - სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.

 

მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. ფაქტები, რომლებიც ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე თავისუფალია ამ ფაქტების დამტკიცებისაგან. მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე ვ-–------რ დ---–--ის განმარტებას, რომ ადვოკატ ლ--–ა ბ–--–--ას მისთვის არ გაუწევია რაიმე სახის იურიდიული მომსახურება და სარჩელიც კი, რომელიც მის მიერ იქნა წარდგენილი სასამართლოში 21.07.2018 წელს, მომზადებული იყო არა ადვოკატ ლ--–ა ბ–--–--ას მიერ, არამედ თავად მოსარჩელის მიერ. ამ მხრივ სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე: ა) თავად ვ-–------რ დ---–--ის განმარტებით დადგენილია, რომ მან, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე სადავო საკითხზე, სასამართლოს სარჩელით მომართა ჯერ კიდევ 2016 წელს, თუმცა სასამართლომ სხვადასხვა საფუძვლით უარი განუცხადა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. ბ) ვ-–------რ დ---–--ის განმარტებითვე დადგენილია, რომ თავდაპირველი სარჩელი მოამზადა თავად, იურისტის დახმარების გარეშე, ხოლო მას შემდეგ რაც სასამართლომ უარი უთხრა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, მიიღო გადაწყვეტილება მიემართა ადვოკატისათვის იურიდიული დახმარების მისაღებად. გ) წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ 15.06.2017 წელს ვ-–------რ დ---–--ემ საადვოკატო მომსახურებისათვის ჰონორარი (500 ლარი) გადაუხადა ადვოკატ ლ--–ა ბ–--–--ას, დ) 2017 წლის 18 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, ხოლო 2017 წლის 21 ივლისს (ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ დღეში) ვ-–------რ დ---–--ემ სარჩელით მომართა სასამართლოს. ე) ვ-–------რ დ---–--ის მიერ, 2016 წელს, სასამართლოში წარდგენილი სარჩელისაგან განსხვავებით, 21.07.2017 წლის სარჩელით დაზუსტდა მოპასუხე მხარე, სასარჩელო მოთხოვნა და ფაქტობრივი გარემოებები. მართალია, სარჩელი არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში, მაგრამ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის საფუძველი გახდა მხოლოდ ის გარემოება, რომ სარჩელს არ ერთვოდა სათანადო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, ვ-–------რ დ---–--ის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ფაქტს.

 

მითითებული გარემოებებისა და მტკიცებულებების ფონზე სასამართლოს არ ექმნება შინაგანი რწმენა, რომ მას შემდეგ, რაც ვ-–------რ დ---–--ემ ადვოკატს გადაუხადა ჰონორარი და გააფორმა მასთან შესაბამისი ხელშეკრულება, თავად მოამზადა სარჩელი სასამართლოში წარსადგენად, ისე რომ სამართლებრივი კონსულტაციაც კი ადვოკატისაგან არ მიუღია. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი სარჩელის აღძვრისას, სასამართლომ, წარმოებაში მიღებაზე უარის შესახებ განჩინებაში, ვ-–------რ დ---–--ეს მიუთითა არაერთ გარემოებაზე (ხარვეზზე), რაც საფუძვლად დაედო სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარს. განმეორებით სარჩელის აღძვრის შემთხვევაში კი, სასამართლოს მიერ ამგვარი ხარვეზი არ დადგენილა, ეს გარემოებაც სასამართლოს არწმუნებს, რომ სარჩელი რეალურად მომზადდა კვალიფიციური პირის, განსახილველ შემთხვევაში, ადვოკატ ლ--–ა ბ–--–--ას მიერ. მოპასუხე მხარის განმარტებითაც ლ--–ა ბ–--–--ამ ვ-–------რ დ---–--ეს იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში არაერთხელ გაუწია იურიდიული კონსულტაცია, ასევე მოუმზადა სარჩელი სასამართლოში წარსადგენად.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარს, საფუძვლად დაედო სახელმწიფო ბაჟის თანხის გადახდისაგან გათავისუფლების დამდასტურებელი სათანადო დოკუმენტის წარუდგენლობა, რაც გამოწვეული არ არის ადვოკატის რაიმე ბრალეული მოქმედებით/უმოქმედობით. დადგენილია, რომ ვ-–------რ ბ–--–--ას დადგენილი აქვს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, რაც „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მოსარჩელის გათავისუფლების კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს, თუმცა სარჩელს არ ერთვოდა ამ ინფორმაციის ამსახველი, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული სათანადო დოკუმენტი. აღსანიშნავია, რომ ამგვარი, პერსონალური ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის მოპოვება სცილდებოდა იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრულ, ადვოკატ ლ--–ა ბ–--–--ას უფლებამოსილების სფეროს - ვ-–------რ დ---–--ეს პერსონალური მონაცემების თაობაზე ინფორმაციის მოპოვების უფლებამოსილება ლ--–ა ბ–--–--ასათვის არ მიუნიჭებია.

 

ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ლ--–ა ბ–--–--ამ, მხარეთა შორის გაფორმებული იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ვ-–------რ დ---–--ეს გაუწია სამართლებრივი კონსულტაცია და ასევე მოუმზადა სარჩელი სასამართლოში წარსადგენად.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერებით გამოკვლევის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 352-ე, 405-ე, 709-ე, 710-ე, 715–მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდიერად, დათქმულ დროსა და დათქმულ ადგილას.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ვ-–------რ დ---–--ე და მოპასუხე ლ--–ა ბ–--–--ა იმყოფებოდნენ დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობებში, რომლის ფარგლებშიც ლ--–ა ბ–--–--ა ვალდებული იყო სამართლებრივი დახმარება გაეწია ვ-–------რ დ---–--ისათვის, რაც მოიცავდა მოპასუხე მხარესთან სასამართლო დავის საწარმოებლად სარჩელის მომზადებას და პირველი ინსტანციის სასამართლოში სამოქალაქო საქმეზე ვ-–------რ დ---–--ის ინტერესების დაცვას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის შესაბამისად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია, შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. ამავე კოდექსის 710-ე მუხლის შესაბამისად, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დავალების ხელშეკრულება მიეკუთვნება იმ ხელშეკრულებათა ტიპს, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან. დავალების ხელშეკრულება ის სამართლებრივი საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც პირს შეუძლია მიანდოს თავის რწმუნებულს იურიდიული მომსახურების გაწევა. დავალების ხელშეკრულება ითვალისწინებს მარწმუნებელსა და რწმუნებულს შორის ორმხრივი უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას. მისი მხარეებია, ერთი მხრივ დავალების მიმცემი, რომელიც ამ სახის ურთიერთობაში კრედიტორის როლში გამოდის, ხოლო მეორე მხრივ რწმუნებული, რომელიც კისრულობს დავალებული მოქმედების განხორციელებას და ამ მხრივ გვევლინება როგორც მოვალე.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის 2017 წლის 15 ივლისს დაიდო იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც მხარეთა მიერ ზუსტად განისაზღვრა სამართლებრივი მომსახურების საგანი - ვ-–------რ დ---–--ისათვის სარჩელის მომზადება ბმა „ა-–----- ე----ის“ წინააღმდეგ სასამართლო დავის საწარმოებლად. ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის წარმოებისას უფლებების დაცვა.

 

დადგენილია, რომ ვ-–------რ დ---–--ემ იურიდიული მომსახურების გასაწევად ლ--–ა ბ–--–--ას გადაუხადა 500 ლარი, საიდანაც ლ--–ა ბ–--–--ამ მოსარჩელეს დაუბრუნა 350 ლარი. შესაბამისად, სასამართლო განხილვის საგანს წარმოადგენს ჰონორარის სახით მოპასუხისათვის გადახდილი 150 ლარის მოსარჩელისათვის დაბრუნების მართლზომიერება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში შესრულებული ვალდებულების, მოცემულ შემთხვევაში, გადახდილი თანხის უკან დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი დადგენილია საქართველოს 352-ე და 405-ე მუხლების დანაწესით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლის გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ.

 

ამავე კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება.

 

აღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოს სკ-ის 352-ე მუხლის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა შემდეგი პირობების ერთობლიობა:

 

ა) დადებულია ორმხრივი ხელშეკრულება ანუ ხელშეკრულების მონაწილეები ერთდროულად კრედიტორებსა და მოვალეებს წარმოადგენენ. ბ) ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის წარდგენის დროისათვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მეორე მხარის მიერ არ უნდა იყოს შესრულებული. გ) დამრღვევი მხარის მხრიდან ადგილი უნდა ჰქონდეს ძირითადი ვალდებულების დარღვევას და ეს დარღვევა მნიშვნელოვანი ხასიათის უნდა იყოს. დ) ამასთან, გასული უნდა იყოს მხარისათვის ვალდებულების შესრულებისათვის დამატებით განსაზღვრული ვადა (გარდა იმ შემთხვევისა, როცა აშკარაა, რომ მას შედეგი არ მოჰყვება).

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის მხრიდან დავალების ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლის მიზეზს ლ--–ა ბ–--–--ას მიერ ვ-–------რ დ---–--ის უფლებების დასაცავად აუცილებელი ქმედების განუხორციელებლობა წარმოადგენდა - ვ-–------რ დ---–--ემ უარი განაცხადა სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებაზე, იმ მოტივით, რომ ლ--–ა ბ–--–--ამ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება. თუმცა ვ-–------რ დ---–--ის პოზიციის საწინააღმდეგოდ დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება (მაგ. სარჩელის მომზადება) ნაწილობრივ რეალურად შესრულებულია.

 

დადგენილია, რომ ჰონორარის სახით გადახდილი თანხა - 500 ლარი, მოპასუხისათვის ანაზღაურებული იქნა, სარჩელის მოსამზადებლად და პირველი ინსტანციის სასამართლოში უფლების დასაცავად. სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოპასუხე ლ--–ა ბ–--–--ამ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, მოსარჩელეს მოუმზადა სარჩელი სასამართლოში წარსადგენად. მართალია, ლ--–ა ბ–--–--ას ვალდებულებას ასევე წარმოადგენდა პირველი ინსტანციის სასამართლოში ვ-–------რ დ---–--ის ინტერესების დაცვა, რაც მას რეალურად არ განუხორციელებია, მაგრამ დადგენილია, რომ ამ ქმედების განუხორციელებლობის გამო, ლ--–ა ბ–--–--ამ ვ-–------რ დ---–--ეს დაუბრუნა ჰონორარის სახით მიღებული თანხის ნაწილი - 350 ლარი და ეს გარემოება დავის საგანს აღარ წარმოადგენს. რაც შეეხება დარჩენილი 150 ლარის დაბრუნების საკითხს, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ--–ა ბ–--–--ას მიერ გაწეული მომსახურების - სარჩელის მომზადებისა და მისი ვ-–------რ დ---–--ისათვის გადაცემის ფაქტის გათვალისწინებით, სახეზე არ არის სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ორმხრივი რესტიტუციის საფუძველი - განხორციელებული შესრულების უკან დაბრუნების საფუძველი. ის გარემოება, რომ 150 ლარი არ წარმოადგენს სარჩელის მომზადების შესატყვის გონივრულ ანაზღაურებას, მხარეთა შორის სადავო არ არის. მოსარჩელე 150 ლარის დაბრუნებას მოითხოვს მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის მოტივით, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული არ არის.

 

სასამართლო, აქვე ყურადღებას გაამახვილებს, სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ დამტკიცებულ, ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-15 მუხლზე, რომლის მიხედვით, კლიენტის ინტერესების დაცვის შეწყვეტისას ადვოკატმა კლიენტს უნდა დაუბრუნოს ყველა დოკუმენტი, ფულადი სახსრები ან სხვა ქონება, რომელიც კლიენტმა ადვოკატს გადასცა ან მიანდო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისას. . . კლიენტისთვის გადასაცემი თანხიდან ადვოკატს უფლება აქვს გამოქვითოს ურთიერთობის შეწყვეტამდე განხორციელებული მომსახურებისათვის მისაღები გასამრჯელო და გაწეული ხარჯი.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ლ--–ა ბ–--–--ამ მიღებული ჰონორარის - 500 ლარის ნაწილი დაუბრუნა ვ-–------რ დ---–--ეს, დარჩენილი 150 ლარის გადახდის ვალდებულება მას არ უნდა დაეკისროს, ვინაიდან ეს თანხა რეალურად წარმოადგენს ურთიერთობის შეწყვეტამდე განხორციელებული მომსახურებისათვის (სამართლებრივი კონსულტაციის გაწევისა და სარჩელის მომზადებისათვის) მიღებულ გასამრჯელოს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამავე კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, მის მიერ გაწეულ ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს, მაგრამ თუ მოსარჩელემ მხარი არ დაუჭირა თავის მოთხოვნას იმის გამო, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა იგი სარჩელის აღძვრის შემდეგ, მაშინ მოსარჩელის თხოვნით სასამართლო მოპასუხეს დააკისრებს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯებისა და ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ყველა ხარჯის ანაზღაურებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოითხოვა 500 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოპასუხისათვის, თუმცა მოგვიანებით, მან თავის მოთხოვნას ნაწილობრივ არ დაუჭირა მხარი იმ მიზეზით, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა 350 ლარის ანაზღაურების ნაწილში. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღსაძრავად საჭირო მტკიცებულებების მოსაპოვებლად გასწია 5 ლარის ოდენობით სასამართლოსგარეშე საპროცესო ხარჯი, რომლის ანაზღაურების დაკისრება მან მოითხოვა მოპასუხისათვის. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით, თავად დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის დარჩენილი ნაწილის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, სსკ-ის 54.1 მუხლის საფუძველზე, უნდა დაეკისროს 3.50 ლარის (სამი ლარი და 50 თეთრი) ანაზღაურება, მოპასუხის მიერ ნებაყოფლობით დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე და369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე ვ-–------რ დ---–--ის სარჩელი, მოპასუხე ლ--–ა ბ–--–--ას მიმართ, საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის დაბრუნების თაობაზე.

 

2. მოპასუხე ლ--–ა ბ–--–--ას მოსარჩელე ვ-–------რ დ---–--ის სასარგებლოდ დაეკისროს საპროცესო ხარჯების ანაზღაურება 3.50 ლარის ოდენობით.

 

3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით დადგენილი წესის თანახმად, გადაწყვეტილება არ გასაჩივრდება.

 

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი