გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.05.2019
საქმის ნომერი
330210119002817541
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/1010-19

330210119002817541

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22.05.2019 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თამარ ბურჯანაძე

სხდომის მდივანი - ქეთევან ჭელიძე

მოსარჩელე - შპს ,,SA----------------------G"

წარმომადგენელი - თე------------------ე

მოპასუხეები - შპს ,,ავ-----–---ი", ლი---–---------ა

წარმომადგენელი - გი-------–-----–--ე, თა-----–-------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეგისტრაცია, იპოთეკის საგნის იძულებით აუქციონზე რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი

1. მოსარჩელის მოთხოვნა:

 

1.1. შპს ,,ავ-----–---ის" შპს ,,SA----------------------G"-ის სასარგებლოდ 2018 წლის 31 აგვისტოს ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების 590 150 აშშ დოლარის გადახდა.

 

1.2. დაიტვირთოს იპოთეკით შპს ,,SA----------------------G"-ს და შპს ,,ავ-----–---ს“ შორის ვალის აღიარების ხელშეკრულების უზრუნევლსაყოფად შპს ,,SA----------------------G"-ის სასარგებლოდ ლი---–---------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ს------–------------------------–---–-------------ში, (საკადასტრო კოდი N8-----------).

 

1.3. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს ლი---–---------ას საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ს------–------------------------–---–-------------ში, (საკადასტრო კოდი N8-----------)

 

სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2018 წლის 24 თებერვალს შპს ,,ავ-----–---ისა“ და შპს ,,SA----------------------G"-ს შორის, ელექტრონულად დაიდო ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება. შპს ,,ავ-----–---ს“ უნდა მიეწოდებინა ახალი ავტომანქანები შპს ,,SA----------------------G"-ისათვის, თანხის ჩარიცხვიდან სამიდან - ოთხ თვემდე ვადაში, ხელშეკრულების 6.6. მუხლის თანახმად.

 

შპს ,,ავ-----–---ის“ დირექტორმა დ------------------------მ შპს ,,SA----------------------G"-ის გაუგზავნა მისაწოდებელი ავტომანქანების ინვოისები აღწერილობითა და ჩასარიცხი თანების ჩვენებით: 24.02.2018წ. 134 550 აშშ დოლარი, რაც ჩაურიცხეს 28.02.18წ.; ინვოისი 16.04.18წ. 93 600 აშშ დოლარი, რაც ჩაურიცხეს 22.04.18წ; ინვოისი 18.04.18წ. 298 700 აშშ დოლარი, რომელიც ჩაურიცხეს 23.04.18წ; ინვოისი 10.05.18წ. ჩაურიცხეს 142 000 აშშ დოლარი და 26.05.18წ. ჩაურიცხეს - 17 517 აშშ დოლარი, სულ - 686 367 აშშ დოლარი;

 

გადარიცხული თანხებიდან შპს ,,ავ-----–---მა“ შპს ,,SA----------------------G"-ის მიაწოდა ორი ავტომანქანა ღირებულებით 96 200 აშშ დოლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით ავტომანქანების მიწოდების ბოლო ვადა იყო 2018 წლის 26 სექტემბერი.

 

ვინაიდან, შპს ,,ავ-----–---ი“ ავტომანქანების მიწოდების ვალდებულებას არ ასრულებდა, შპს ,,SA----------------------G"-მა მოპასუხეს მოსთხოვა გარანტიები, რის საფუძველზეც 2018 წლის 31 აგვისტოს წერილობითი ფორმით დაიდო ვალის აღიარების ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერს დ------------------------, მისი მეუღლე ლი---–---------ა, ს------------------- და ადვოკატი თ--------------------.

 

შპს ,,ავ-----–---ს“ ქონება არ გააჩნია და აღნიშნული დავალიანების გადახდის გარანტიის მიზნით დ------------------------ს მეუღლე ლი---–---------ა თანახმა იყო იპოთეკით დაეტვირთა შპს ,,ავ-----–---ის“ დავალიანების 590 150 აშშ დოლარის დაფარვის მიზნით მისი კუთვნილი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ს------–------------------------–---–-------------ში, (საკადასტრო კოდი N8-----------) შპს ,,SA----------------------G"-ის სასარგებლოდ და აღრიცხულიყო საჯარო რეესტრში.

 

ადვოკატმა ნოტარიუსთან ერთად მოამზადა იპოთეკის ხელშეკრულების პროექტი, ლი---–---------ამ კი 2018 წლის 19 სექტემბერს, კიდევ ერთხელ ელექტრონულ ფოსტაზე მიწერა ადვოკატს, დასტური იმის შესახებ რომ ავ-----–---ის ვალდებულებების საკუთარ თავზე აიღო. მაგრამ, ლი---–---------ამ შპს ,,SA----------------------G"-ის დირექტორის ს---------------------ს საქართველოდან წასვლის შემდგომ უარი განაცხადა იპოთეკის ნოტარიულად გაფორმებაზე, რის გამოც მოსარჩელე იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსათვის. (იხ. სარჩელი, ტომი I, ს.ფ. 3-11)

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. ლი---–---------ამ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

 

მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, იპოთეკის რეგისტრაციის საფუძველი არ არსებობს, რადგან 2018 წლის 31 აგვისტოს ხელშეკრულება არის ფორმადაუცველი და არ წარმოშობს ვალდებულებებს. (იხ. შესაგებელი, ტომი I, ს.ფ. 109-114);

 

2.2. შპს ,,ავ-----–---მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა დააზუსტა შესაგებელი და დაეთანხმა დავის ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა საქმის არსებით განხილვაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. (იხ. მოისმინეთ 2019 წლის 19 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი 17:00:04-17:03:59);

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 24 თებერვალს შპს ,,ავ-----–---ი“-სა და შპს ,,SA----------------------G"-ის შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების საგანია მოძრავი ნივთების ნასყიდობა, კერძოდ გამყიდველი ყიდის, ხოლო მყიდველი ყიდულობს ავტომობილებს, რომლის მახასიათებლები, ფასი, მიწოდების წესი და ვადები განისაზღვრება წინამდებარე ხელშეკრუკლებით და მისი დანართით N1;

 

ხელშეკრულების 1.3. პუნქტით განისაზღვრა მანქანების მიწოდების ვადა: 3 დან 4 თვემდე ავანსის (ხელშეკრულების სრული ღირებულების 10%), მანქანები გადაეცემა მყიდველის აგენტს საბალანსო ღირებულების (ხელშეკრულების სრული ღირებულების 90%) მიღებიდან 3 სამუშაო დღეში.

 

ამავე ხელშეკრულების 3.1. პუნქტის საფუძველზე გამყიდველმა იკისრა ვალდებულება გადასცეს მყიდველს 1.2. პუნქტის და დანართი N1-ის შესაბამისი ნასყიდობის საგანი ინვოისში მითითებული ღირებულების სრულად მიღების შემდეგ.

 

ხელშეკრულების დანართი N1-ით ხელშკრულების ღირებულება განსაზღრვულია 1 345 500 აშშ დოლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 24.02.2018 ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 28-31);

- ხელშეკრულების დანართი N1 (ტომი I, ს.ფ. 32-33)

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. შპს ,,ავ-----–---ი“-ს მხრიდან დარღვეული იქნა ავტომანქანების მიწოდების ვალდებულება და 2018 წლის 31 აგვისტოს შპს ,,SA----------------------G"-ისა და შპს ,,ავ-----–---ი“-ს შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება, რომლის თანახმადაც მხარეებმა განსაზღვრეს შპს ,,ავ-----–---ი“-ს დავალიანება, რამაც შეადგინა 590 750 აშშ დოლარი, ხოლო დაბრუნების ვადა არაუგვიანეს 2018 წლის 30 ოქტომბრამდე.

 

ამავე შეთანხმებაზე ხელს აწერს ლი---–---------ა, რომელიც აღნიშნული შეთანხმების შესრულების გარანტიის მიზნით თანახმაა იპოთეკით დატვირთოს, შპს ,,ავ-----–---ი“-ს დავალიანების (590 750 აშშ დოლარი) დაფარვის მიზნით, მისი კუთვნილი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ს------–--–------, საკ. კოდი N8-----------;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 31.08.2018 შეთანხმება (ტომი I, ს.ფ. 21);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერებისა და გამოკვლევის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე შპს ,,ავ-----–---ი“-ს დავალიანება ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეადგენს 590 750 აშშ დოლარს.

 

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ავანსის სახით გადახდილი თანხის დაბრუნება. შესაბამისად მნიშვნელოვანია გაირკვეს, რას შეადგენდა ავანსის სახით გადახდილი თანხა და ვალდებულების შესრულების მიზნით რამდენი ავტომანქანა იქნა გადაცემული მოპასუხის მხრიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებით აღიარებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა და მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ საქმის გარემოებების დასადასტურებლად. სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ინვოისებითა და თანხის გადახდის ქვითრებით დაადასტურა მის მიერ ავანსის სახით გადახდილი თანხის ოდენობა, რომელიც შეადგენს 686 367 აშშ დოლარს, ხოლო შპს ,,ავ-----–---ი“-ს აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 31 აგვისტოს შპს ,,ავ-----–---ი“-ს დირექტორის დ------------------------ს მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხე მხარე ადასტურებს 590 750 აშშ დოლარის ოდენობით დავალიანების არსებობას და იღებს 2018 წლის 30 ოქტომბრამდე თანხის დაბრუნების ვალდებულებას.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით ავტომანქანების მიწოდების ბოლო ვადა იყო 2018 წლის 26 სექტემბერი. ხოლო გადარიცხული თანხებიდან შპს ,,ავ-----–---მა“ შპს ,,SA----------------------G"-ის მიაწოდა ორი ავტომანქანა ღირებულებით 96 200 აშშ დოლარი.

მოპასუხემ ვერც იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება შეძლო, რომელიც დარჩენილი ავტომანქანების გადაცემას ეხება. მოპასუხემ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.

 

მითითებული დასკვნისა და მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ სასამართლო სხდომაზე ბუნდოვანი იყო მოპასუხე მხარის პოზიცია მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე თავისი ახსნა-განმარტებითაც კი არ ახდენს სათანადოდ შედავებას და იმის მტკიცებას, რომ აღნიშნულ სადავო გარემოებას ადგილი არ ჰქონია. პირიქით 2019 წლის 03 მაისს შპს ,,ავ-----–---ი“-ს წარმომადგენელმა სასამართლოს მომართა განცხადებით და წარმოადგინა საბანკო ქვითრები თანხის გადარიცხვებთან დაკავშირებით, ამასთან მიუთითა რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ნამდვილობას სადავოდ არ ხდის.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,ავ-----–---ი“-ს მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა სრულად, რაც მოსარჩელეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლისა და ავანსის სახით გადახდილი თანხის 590 750 აშშ დოლარის დაბრუნების მოთხოვნის უფლებას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ, სახეზეა, შპს ,,SA----------------------G’’-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე, 289-ე, 3111-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 405-ე, 352-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სარჩელში მითითებული პრეტენზიებიდან სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

6.2. სასამართლომ უნდა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ # ას 15-29-1443-2012, 09.12.2013წ.; შდრ. სუსგ საქმე #ას-973-1208-04).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტი ავალდებულებს მოსარჩელეს, სარჩელში მიუთითოს იმ სამართლებრივ საფუძვლებზე, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს, თუმცა ასეთის მიუთითებლობა ან ფაქტობრივი გარემოებების არასწორი სამართლებრივი შეფასება არ შეიძლება იყოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. მხარის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების კონკრეტულ მატერიალურ-სამართლებრივ ნორმასთან შესაბამისობის დადგენა სასამართლოს უფლებაცაა და ვალდებულებაც. დავის სამართლებრივი შეფასებისას მოსამართლე სრულიად დამოუკიდებელია, განსხვავებით პროცესის ფაქტობრივ საფუძვლებზე მუშაობისაგან და არ არის შებოჭილი დისპოზიციურობის ან შეჯიბრებითობის პრინციპებით.

 

აღნიშნული კუთხით მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განმარტება სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივად მოსარჩელისაგან განსხვავებულად შეფასების შესაძლებლობისა და ამ შესაძლებლობის რეალიზების პირობებში ორივე მხარის ინტერესების დაცვის აუცილებლობის თაობაზე (Nას-1350-1275-2012).

 

საკასაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე და აღნიშნა, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების გამოყენებით აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში და მხარის მიერ არასწორი ნორმატიული საფუძვლის მითითება არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი, თუმცა სასამართლოს აღნიშნული დისკრეცია უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ მოპასუხეს არ შეეზღუდოს კონკრეტულ საკითხზე შესაგებლის წარდგენის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილება. საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

 

6.3. დადგენილია, რომ მოდავე მხარეებს შორის დაიდო ავტომანქანების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე შპს ,,ავ-----–---ი“-ს ჩაურიცხა მისაწოდებელი ავტომაქანების ღირებულება ჯამში 686 367 აშშ დოლარი. მოპასუხის მხრიდან ვალდებულება შესრულებული იქნა ნაწილობრივ, ორი ავტომანქანის მიწოდების ნაწილში, რომლის ღირებულება შეადგენს 96 200 აშშ დოლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავო თანხის დაბრუნებას მოსარჩელე ითხოვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლში მითითებული სამართლებრივი საფუძვლებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება მისცეს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, რათა შესაძლებელი გახდეს მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენა.

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით შესაგებლის წარდგენის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილება მოპასუხე შპს ,,ავ-----–---ი“-ს ჰქონდა და შესაბამისად სასამართლომ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებაც მოისმინა, შესაბამისად შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში მოხდა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენა, რომ 2018 წლის 24 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე შპს ,,ავ-----–---მა“ მიიღო 686 367 აშშ დოლარის ღირებულების შეკვეთა, ხოლო შპს ,,SA----------------------G’’-მა მიიღო მხოლოდ 96 200 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი.

 

მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნების განხილვისას სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, უპირველეს ყოვლისა, განიმარტოს მხარეთა შორის 2018 წლის 31 აგვისტოს ხელმოწერილი დოკუმენტის სახე.

 

სადავო მტკიცებულების სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის მიზნით სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ვალდებულების არსებობის აღიარების საკითხზე სამოქალაქო კოდექსის 137-ე და 341-ე მუხლების კონტექსტში:

 

სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევათა რიცხვს მიეკუთვნება მოვალის იმგვარი ქმედება, როდესაც იგი (ვალდებული პირი) უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. რაც შეეხება ვალდებულების სხვაგვარად აღიარების საკითხს, იგი შეფასებითი კატეგორიაა და კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა სრული ანალიზით უნდა დადგინდეს. მოვალის ასეთ ქმედებად _ სხვაგვარ აღიარებად უნდა ჩაითვალოს მოვალის ისეთი ქმედება, რომელშიც აშკარად გამოკვეთილია პირის ნება ვალდებულების არსებობასთან მიმართებით (იხ. სუსგ №ას-330-733-06, 19 დეკემბერი, 2006 წელი). სამართლის თეორიაში გაბატონებული შეხედულების თანახმად, ერთმანეთისაგან განსხვავდება მარტივი, კაუზალური და აბსტრაქტული აღიარება. მათი საერთო ნიშანი ისაა, რომ ისინი ადასტურებენ/წარმოშობენ მოთხოვნის არსებობას, თუმცა, იურიდიული თვალსაზრისით გააჩნიათ განმასხვავებელი ნიშან-თვისებები.

 

მარტივი აღიარება სახეზეა მაშინ, როდესაც მოვალე ცალმხრივად ადასტურებს არსებულ ვალდებულებით ურთიერთობას და გაცნობიერებულად გამოთქვამს მზაობას, შეასრულოს იგი (დაპირება). დეკლარაციული, კაუზალური ვალის აღიარება ასევე მიმართულია არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისაკენ და ბუნებრივია უნდა შეიცავდეს დაპირების ელემეტს, ამასთან იგი შეიძლება არ იყოს ცალმხრივი (მხარეთა ორმხრივი შეთანხმება არსებული ვალდებულების შესრულების დამატებით ვადაზე, სხვა შესრულების მიღებაზე და სხვა). იგი არ წარმოადგენს ახალ გარიგებას, თუმცა, ადასტურებს არსებულს, იმ სამართლებრივი შედეგებით, რაც მას თან სდევს. დეკლარაციული ვალის აღიარება არ არის ახალი გარიგება, მას არ ჭირდება სპეციალური ფორმის დაცვა, იგი გარიგების ზეპირსიტყვიერ აღიარებაშიც შეიძლება გამოიხატოს.

 

სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

ზემოდასახელებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ აღნიშნული ნორმის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება.

 

მითითებული ნორმით გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ახალ მოთხოვნას ქმნის. ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის სადავოობის შემთხვევაშიც შესრულების ვალდებულებას წარმოშობს და კრედიტორს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. ამასთან, ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. თუ მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ, ვალის აღიარებად არ მიიჩნევა. ვალის არსებობის აღიარებას ადგილი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან და ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს. ამდენად, იგი არ უნდა უკავშირდებოდეს ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნას.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით რეგულირდება ვალის არსებობის აღიარებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, რომელიც წარმოადგენს ცალმხრივ და აბსტრაქტულ ხელშეკრულებას, რომლის დადებას მოეთხოვება წერილობითი ფორმის დაცვა და, შესაბამისად, მეორე მხარის მიერ ამ ნების მიღება. ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ბუღალტრული ან სხვა თვალსაზრისით და რომელშიც ვალის არსებობაა დაფიქსირებული, ვერ ჩაითვლება ვალის არსებობის შესახებ ხელშეკრულებად, თუ არ დადგინდება, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე. ამგვარი აქტი ახალ ხელშეკრულებას არ წარმოადგენს. ამ შემთხვევაში ესაა ძველი ხელშეკრულების ფარგლებში განხორცილებეული გარკვეული მოქმედება და იგი ვერ გამოიწვევს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებულ შედეგებს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის 2018 წლის 31 აგვისტოს ხელმოწერილი დოკუმენტი, სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებად არ შეიძლება შეფასდეს, რადგან, მითითებული დოკუმენტი შეიცავს მხოლოდ დაფარული და დარჩენილი ძირითადი ვალდებულების ბუღალტრულ გაანგარიშებას. ამასთან, მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან, როდესაც 24.02.2018 წელს დადებულ ხელშეკრულებაზე აპელირებენ და არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ, კერძოდ უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვას. შესაბამისად, იგი, თავისი არსით, დეკლარაციული, კაუზალური ვალის აღიარებაა მხოლოდ ძირითად ვალდებულებასთან მიმართებით.

 

ამდენად, განსახილველი ურთიერთობის გათვალისწინებით შპს ,,SA----------------------G’’-ის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს არა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე, არამედ 352-ე, 405-ე მუხლები.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველი არის ხელშეკრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).

 

ამავე კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელემ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 686 367 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, 2018 წლის 26 სექტემბრამდე, გადასცა მხოლოდ 96 200 აშშ დოლარის ღირებულების ორი ავტომანქანა, მოსარჩელეს, სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლიდან გამომდინარე, უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს გადახდილი თანხის 590 150 აშშ დოლარის (686 367-96200) უკან დაბრუნება.

 

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა შპს ,,SA----------------------G’’-სათვის 590 150 აშშ დოლარის დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 3111-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნივთის ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული გარიგებისთვის დადგენილია წერილობითი ფორმა, ამავდროულად გარიგება ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით, ანუ ნოტარიუსის მიერ. ამავე ნორმის მეორე ნაწილის დეფინიციით თუ გარიგების მხარეები გარიგებას ხელს აწერენ მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით მაშინ გარიგების ნამდვილობისთვის არ მოითხოვება გარიგების ან მხარეთა ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული გარიგებები ძალაში შედის ამ გარიგებებით განსაზღვრული უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

 

აღნიშნული ნორმის შინაარსის მიხედვით, უძრავ ნივთთან დაკავშირებით შედგენილი გარიგებისათვის აუცილებელია ან თავად გარიგების ან მონაწილე მხარეების ხელმოწერის სანოტარო წესით დამოწმება; სანოტარო წესით ხელმოწერების დამოწმება სავალდებულო არაა თუკი მხარეები გარიგებას დადებენ მარეგისტრირებელ ორგანოში. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გარიგება ძალაში შედის უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ.

 

სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია ხდება ერთ-ერთი მხარის მიერ გარიგების წარდგენის საფუძველზე, რომელიც დადებულია ამ კოდექსის 3111 მუხლით დადგენილი წესით. გარიგებაში უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო მოვალე მესამე პირი. მხარეთა შეთანხმებით გარიგებაში შესაძლებელია აღინიშნოს აგრეთვე უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა, სარგებელი, შესრულების ვადა და სხვა პირობები.

 

როგორც ყველა გარიგებისთვის უძრავი ნივთის იპოთეკით დასატვირთადაც გადამწყვეტია ნების გამოვლენის სამართლებრივი ვარგისიანობა. კანონით დადგენილი წესის თანახმად, თუ ნება გამოვლენილია სამართლებრივი ფორმის დაუცველად სამართლებრივი შედეგი არ მიიღწევა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით ბათილია კანონით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ხოლო 328-ე მუხლით თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით‚ ხელშეკრულებისთვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება ასევე წინარე ხელშეკრულებაზეც. აღნიშნულიდან გამომდინარე‚ ძირითადი ხელშეკრულებისათვის კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვა სავალდებულოა წინარე ხელშეკრულების‚ მოცემულ შემთხვევაში _ „ბეს“ გაცემის გაფორმებისას.

 

ამდენად, მხარეთა შორის 2018 წლის 31 აგვისტოს დადებული ხელშეკრულებაც, იმ ფორმის დაცვით უნდა გაფორმებულიყო რა ფორმასაც ითვალისწინებს სკ-ის 3111-ე მუხლი, რომელშიც გათვალისწინებულია ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთესთან დაკავშირებით დადებული გარიგების ფორმა.

 

დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცული არ ყოფილა იპოთეკის ხელშეკრულების დადებისათვის კანონით დადგენილი ფორმა. კერძოდ, არ მომხდარა 2018 წლის 31 აგვისტოს შპს ,,SA----------------------G’’-ისა და ლი---–---------ას შორის დადებული შეთანხმების რეგისტრაცია რეესტრში.

 

შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,SA----------------------G’’-ის ვალდებულების უზრუნველსაყოფად არ უნდა იქნეს გამოყენებული ლი---–---------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რაც იპოთეკის საგნის რეგისტრაციის/რეალიზაციის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით (ტომი I, ს.ფ. 86-87); მოსარჩელე ითხოვს აგრეთვე იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ 7000 აშშ დოლარის დაკისრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი შპს ,,ავ-----–---ი’’-ს მიმართ მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა, ხოლო ლი---–---------ას მიმართ მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, მოპასუხე შპს ,,ავ-----–---ი’’-ს უნდა გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ 5000 ლარი, სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

შპს ,,SA----------------------G’’-ის მოთხოვნა საადვოკატო ხარჯის 7000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ ვერ იქნება სრულად დაკმაყოფილებული. სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ის 53-ე და 47-ე მუხლით, სადაც კანონმდებელი განმარტავს, რომ ხარჯები უნდა იყოს გონივრული და არ უნდა აღემატებოდეს დავის საგნის ღირებულების 4%-ს. ამავდროულად ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ საქმეზე „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“ განმარტა, რომ პრეცედენტული სამართლის თანახმად, სასამართლოს ხარჯების ანაზღაურების დაკისრება შეუძლია მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული, იმ მიზნით რომ მიღებულიყო ანაზღაურება იმ საკითხთან დაკავშირებით რომელიც წარმოადგენდა კონვენციის დარღვევას.

 

მხარეს წარმოდგენილი აქვს საადვოკატო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი 6951 აშშ დოლარის ოდენობით. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საადვოკატო ხარჯი განისაზღვროს გონივრული ოდენობით, რაც უნდა შეადგენდეს მხოლოდ 5000 აშშ დოლარს - მოცემული დავის სირთულის, მასზე გაწეული საქმიანობის, დროისა და რესურსების გათვალისწინებით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს ,,SA----------------------G’’-ის წარმომადგენლის განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და ლი---–---------ას - პირადი №3---------- აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, ს------–------------------------–---–-----------, ს.კ. 8----------- გასხვისება და იპოთეკის უფლებით დატვირთვა;

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან შპს ,,SA----------------------G’’-ის სარჩელი მოპასუხე ლი---–---------ას მიმართ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ზემოაღნიშნული განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. შპს ,,SA----------------------G’’-ის სარჩელი შპს ,,ავ-----–---ი’’-სა და ლი---–---------ას მიმართ თანხის დაკისრების, იპოთეკის საგნის რეგისტრაციისა და იპოთეკის საგნის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. შპს ,,SA----------------------G’’-ის უარი ეთქვას იპოთეკის საგნის რეგისტრაციისა და იპოთეკის საგნის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

3. შპს ,,ავ-----–---ი’’-ს შპს ,,SA----------------------G’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს 590 150 აშშ დოლარის გადახდა.

 

4. შპს ,,ავ-----–---ი’’-ს შპს ,,SA----------------------G’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს 5000 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

5. შპს ,,ავ-----–---ი’’-ს შპს ,,SA----------------------G’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს 5000 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად.

 

6. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ლი---–---------ას - პირადი №3---------- აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, ს------–------------------------–---–-----------, ს.კ. 8----------- გასხვისება და იპოთეკის უფლებით დატვირთვა;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ბურჯანაძე