გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/33672-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 მაისი, 2018 წ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
სხდომის მდივანი მარიამ ჩიტოშვილი
მოსარჩელე - ო-–--------------
წარმომადგენლები - 1 - დ------------–---–-
2 - ბ------------–---–-
მოპასუხეები - 1 - ა-–--------------–-–---–-
2 - მ-----------–-–---–-
3 - ა---–-----------
4 - ბმა „ვ---–---- (თავმჯდომარე - ბ------------------–-)
წარმომადგენელი - ა-–-----------–--–-----–---–-
დავის საგანი - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ბმა „ვ---–----“ 03.02.2010 წლის კრების ოქმი N5, რის საფუძველზეც მოპასუხე -ა-–--------------–-–---–-- საკუთრებად დაირეგისტრირა ქ. თბილისში, რ--------------–------–----------------ში მდებარე 5.83 კვ.მ. ფართის მქონე დამხმარე ფართი (ს/კ 01.----5.-----0--0--0--) და აღნიშნული უძრავი ქონება აღირიცხოს ბმა „ვ---–----“ საკუთრებაში.
1.2. აეკრძალოთ მოპასუხეებს ალ--------------–-–---–- და მ-----------–-–---–- ო-–---------------ათვის უძრავი ქონებით, ს/კ 01.----5.-----0--0--0-- ხელშეშლის აღკვეთა და აღნიშნული ფართი გადაეცეს ბმა „ვ---–----“ გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ბმა „ვ---–----“ 12.01.2010 წლის კრების ოქმი N3, რის საფუძველზეც მოპასუხე ა-–--------------–-–---–-- საკუთრებად დაირეგისტრირა ქ. თბილისში, რ--------------–------–----------------ში მდებარე 18.80 კვ. მ. ფართის მქონე სხვენი (ს.კ. 01.----5.-----0--0--0---) და აღნიშნული უძრავი ქონება აღირიცხოს ბმა „ვ---–----“ საკუთრებაში.
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი ბმა „ვ---–----“ 21.10.2016 წლის კრების ოქმი N10, რის საფუძველზეც მოპასუხე ა---–-----------მ საკუთრებად დაირეგისტრირა ქ. თბილისში, რ--------------–------–----------------ში მდებარე 36.46 კვ.მ. ფართის მქონე სხვენი (ს/კ 01.----5.-----0--0--5--- და აღნიშნული უძრავი ქონება აღირიცხოს ბმა „ვ---–----“ საკუთრებაში.
1.5. ბათილად იქნეს ცნობილი ბმა „ვ---–----“ 25.10. 2016 წლის კრების ოქმი N10 (2.63 კვ.მ. დამხმარე ფართის ნაწილში) რის საფუძველზეც მოპასუხე ა---–-----------მ საკუთრებად დაირეგისტრირა ქ. თბილისში, რ--------------–------–----------------ში მდებარე 31.86 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი +2.63 კვ.მ. დამხმარე ფართი (ს/კ 01.----5.-----0--01.---- და აღნიშნული უძრავი ქონება აღირიცხოს ბმა „ვ---–----“ საკუთრებაში.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელემ 2----–-–------------------ს აუქციონზე შეიძინა 19 კვ.მ. ფართის ბინა ქ. თბილისში, რ------------------–----------------ში და შესაბამისად წარმოადგენს ამავე მისამართზე არსებული ბმა „ვ---–----“ წევრს. ბინის შეძენის შემდგომ აღმოჩნდა, რომ ამხანაგობის კრების ოქმების საფუძველზე ალ--------------–-–---–- გაყალბებული კრების ოქმებით დაუდასტურდა ინდივიდუალური საკუთრება ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული ფართებიდან. კრების ოქმების გაყალბების თაობაზე საგამოძიებო ორგანოების მხრიდან მიღებულია დადგენილება, თუმცა სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო შეწყვეტილ იქნა საქმის წარმოება. 2016 წლის 21 ოქტომბერს და 25 ოქტომბერს, მოპასუხე ა---–-----------მ ამხანაგობის კრების ოქმებით ასევე დაირეგისტრირა ამხანაგობის საერთო საკუთრება ინდივიდუალურ საკუთრებად, იმ მოცემულობაში, როცა რეალურად ამხანაგობის კრებები არ მოწვეულა და არ ჩატარებულა, შესაბამისად არ მიღებულა რაიმე გადაწყვეტილება ფართების მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან გასაჩივრებული ამხანაგობა „ვ---–----“ კრების ოქმებით განიკარგა ამხანაგობის საერთო სარგებლობას მიკუთვნებული ფართები, სახეზეა მათი ბათილად აღიარების ფაქტობრივი საფუძვლები, რომლის შესაბამისადაც ქონება უნდა დაბრუნდეს კვლავაც ამხანაგობის საკუთრებაში. ამასთან, ვინაიდან მოპასუხეები ა-–--------------–-–---–- და მ-----------–-–---–- არამართლზომიერად, გაყალბებული კრების ოქმებით ფლობენ ამხანაგობის კუთვნილ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით N01.----5.-----0--0--0--, უნდა აეკრძალოთ ნივთით სარგებლობის უკანონო ხელშეშლა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა ა-–--------------–-–---–--, მ-----------–-–---–მა, ბმა „ვ---–----- (თავმჯდომარე - ბ------------------–-ს) და ამ--–----------ის წარმომადგენელმა ა-–-----------–--–-----–---–მა სარჩელის მოთხოვნა არ ცნო.
მოპასუხეებმა და მათმა წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ კრებები კანონის სრული დაცვით იყო მოწვეული.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულებით მოვალე მ-----------–-–---–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მესაკუთრე, მდებარე ქ. თბილისი, ვ---–--------------, რეგისტრირებული წილი 19.00/625.00 იპოთეკის საგანს წარმოადგენს 19.00 კვ.მ. - 2----–-–------------------ს პირველ იძულებით (ონლაინ) აუქციონზე გახდა ო-–--------------, განკარგულება ძალაში შევიდა 2----–-–---------------ს.
(მტკიცებულება: განკარგულება, ს.ფ. 19)
3.2.2. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ო-–-------------- რეგისტრირებულია უძრავი ქონების, მდებარე ქალაქი თბილისი, ქ--------------------------- 19.00 კვ.მ. ფართის მესაკუთრედ.
(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 20)
3.2.3. საჯარო რესტრის ამონაწერის მიხედვით დადგენილია, რომ მოპასუხე მ-----------–-–---–- წარმოადგენდა უძრავი ქონების, მდებარე ქალაქი თბილისი, ქ---------–--------- 19.00/625.00 -ის თავდაპირველ მესაკუთრეს.
მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 23)
3.2.4. დადგენილია, რომ მოსარჩელე ო-–--------------მ სადავო ქონება შეიძინა ინტერნეტ აუქციონზე, სადაც მითითებულია, რომ უძრავი ქონება მდებარეობს ე.წ. იტალიურ ეზოში, სამსართულიანი სახლის მესამე სართულზე. სახლი არის ძველი ნაშენი. სამზარეულო და აბაზანა-საპირფარეშო არის საერთო სარგებლობის, საცხოვრებელი ბინა არ არის იზოლირებული, იპოთეკის საგანს წარმოადგენს 19 კვ.მ.
(მტკიცებულება: ინტერნეტ აუქციონის ინფორმაცია, ს.ფ. 22)
3.2.5. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ---–----“ 2010 წლის 3 თებერვლის კრების ოქმით, რომელსაც თავმჯდომარეობდა გ---------------- დამხმარე ფართი - 5.831 კვ.მ. ფართი გადაეცა მოპასუხე ალ--------------–-–---–-.
(მტკიცებულება: კრების ოქმი, ს.ფ. 27)
3.2.6. საჯარო რესტრის ამონაწერის თანახმად, სადავო კრების ოქმის საფუძველზე ა-–--------------–-–---–-- საკუთრებაში დაირეგისტრირა ფართი N25, 5.83 კვ.მ. საკადასტრო კოდი N01.----5.-----0--0--0--.
(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 25)
3.2.7. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა 2010 წლის 12 იანვრის კრების ოქმით N3 მოპასუხე ალ--------------–-–---–- ინდივიდუალურ საკუთრებაში დაურეგისტრირდა სხვენი 18.795 კვ.მ.-ის ფართი, რომელიც საჯარო რეესტრის 2016 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა ა-–--------------–-–---–-ს საკუთრებად.
(მტკიცებულება: კრების ოქმი N3, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 31-37)
3.2.8. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის „ვ---–----“ 2016 წლის 21 ოქტომბრის კრების ოქმით N10, მოპასუხე ა---–-----------ს ამხანაგობამ დაუდასტურა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართი 36.46 კვ.მ. სხვენი, რომელიც იმავე დღეს საჯარო რეესტრში საკუთრებად დაირეგისტრირა საკადასტრო კოდით N01.----5.-----0--01.----
(მტკიცებულება: კრების ოქმი N10, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ.43-47)
3.2.9. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ვ---–---- 2016 წლის 25 ოქტომბრის კრების ოქმით N10, ა---–-----------ს გადაეცა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული დამხმარე ფართი (სამზარეულო 2. 63 კვ.მ. და საცხოვრებელი ფართი 31.86 კვ.მ., (სულ 34.49 კვ.მ.). აღნიშნული ფართის რეგისტრაციაზე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 21 ოქტომბრის განცხადებაზე დაუდგინა ხარვეზი და დამატებით სარეგისტრაციოდ მოითხოვა ამხანაგობის კრების ოქმი, შედგენილი ამხანაგობის წევრთა 100%-იანი თანხმობით, რის გათვალისწინებითაც საჯარო რეესტრში რეგისტრაცია განხორციელდა ამხანაგობა „ვ---–----“ 2016 წლის 25 ოქტომბერს შედგენილი კრების ოქმის საფუძველზე.
(მტკიცებულება: კრების ოქმი N10, გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 48-56)
3.2.10. 2016 წლის 29 ნოემბრის დადგენილების მიხედვით ქ. თბილისში, ვა--–----------------------ში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის გ---------------- და ბ------------------–-ს მიერ გაყალბების ფაქტზე შეწყდა გამოძიება, ვინაიდან გასული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა და გამოცემული იყო ამნისტიის აქტი, რომელიც პირს ათავისუფლებდა ჩადენილი ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების და საქმეში არსებული სხდომის ოქმის ელექტრონული ვერსიით, რომელზეც ჩაწერილია მოწმეთა განმარტებები, დადგინდა, რომ 2010 წლის 03 თებერვლის და 12 იანვრის ამხანაგობის კრების ოქმები გაყალბებულ იქნა კრების თავმჯდომარის - გ---------------- მიერ და რეალურად ამხანაგობის კრება ფართების სარგებლობის დადასტურების შესახებ არ შემდგარა.
(მტკიცებულება: დადგენილება, დისკი, ს.ფ. 38-42, 210)
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხეთა განმარტებას სადავო ფართების რეესტრში რეგისტრირებულ მესაკუთრეთა მიერ ინდივიდუალური მფლობელობის თაობაზე. სადავო შემთხვევაში, მოპასუხე მხარის მიერ არ წარმოდგენილა სათანადო მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რომ ფართების მესაკუთრეები, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დროისათვის ინდივიდუალურ სარგებლობაში ფლობდნენ სადავო ფართებს. საქმეში წარმოდგენილი 1----–-–---------------- ხელშეკრულების თანახმად, მ-----–---------- მიერ შეძენილ იქნა ქ. თბილისში,ვ---–-------------ში ერთი ოთახი საცხოვრებელი ბინა 19 კვ.მ. საცხოვრებელი ფართით, 10 კვ. დამხმარე ფართი, საპირფარეშო საერთო სარგებლობის. მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ მოპასუხე ა-–--------------–-–---–-სათვის გადაცემული სამზარეულოს ფართი წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული 10 კვ.მ. ფართის ნაწილს. ო-–--------------- მიერ აუქციონზე შეძენილი ქონების მახასიათებლების თანახმად მითითებული იყო, რომ სამზარეულო და აბაზანა-საპირფარეშო წარმოადგენდა საერთო სარგებლობის ფართს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ა-–--------------–-–---–- სადავო კრების ოქმების შედგენის დროისათვის არ წარმოადგენდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრს. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაუსაბუთებელია მოპასუხის პოზიცია სადავო ფართების ინდივიდუალური მფლობელობის თაობაზე. რაც შეეხება 2016 წლის 21 ოქტომბრითა და 25 ოქტომბრით შედგენილი ამხანაგობის კრების ოქმებით განკარგულ ფართებს, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის მითითებული ფართების მოპასუხე ამ--–----------ის მიერ ინდივიდუალური მფლობელობის ფაქტს. მოპასუხის მიერ კი აღნიშნული ფართების ფლობის დამადასატურებელი სათანადო მტკიცებულება არ წარმოდგენილა.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, მტკიცების ტვირთი მხარეთა შორის უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. იმავდროულად, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ კონკრეტული გარემოება, რაც კანონით დადგენილი წესით უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებით, არ შეიძლება დადასტურეს სხვა სახის მტკიცებულებით.
სასამართლოს აზრით, მოპასუხეთა მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა სადავო ფართებზე ინდივიდუალური მფლობელობის ფაქტს. შესაბამისად, მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და არ არსებობს მათი გაზიარების საფუძველი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმების ბათილად ცნობის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 170-ე, 172-ე, 173-ე მუხლები;
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-4, მე-5, მე-7, მე-19, 27-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარგებლობის უფლება მოიცავს ასევე შესაძლებლობას, არ ისარგებლოს პირმა თავისი ნივთით.
სამოქალაქო კანონმდებლობით აღიარებული და დაცულია საკუთრების უფლება. საკუთრების უფლება მოიცავს პირის ყველა უფლებას, რომ ნამდვილმა მესაკუთრემ, თავისი სურვილით, თავისუფლად ისარგებლოს და ნებისმიერი ფორმით განკარგოს იგი. საკუთრება წარმოადგენს პირის უფლებას თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მას, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს და არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. სარგებლობის უფლება თავის თავში მოიცავს მესაკუთრის უფლებას არ ისარგებლოს საკუთრებით. დაუშვებელია საკუთრების უფლებით ისეთი სარგებლობა, რომელიც ზიანს აყენებს სხვას და ამ უფლებით სარგებლობის აუცილებლობა გაუმართლებელია, როდესაც არ იკვეთება მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს მიწის ნაკვეთი, ამავე ნაკვეთზე განთავსებული მრავალბინიანი სახლი, მასთან დაკავშირებული მომსახურე საინჟინრო ქსელების, მოწყობილობა-დანადგარების, შენობა-ნაგებობებისა და კეთილმოწყობის ობიექტების ერთობლიობა, რომელიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების შემადგენელი მიწის ნაკვეთი, სახლის ნაწილი და ის შენობა-ნაგებობები, დანადგარები, საინჟინრო ქსელები, მოწყობილობები, რომლებიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას) წარმოადგენს.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაა ა) მიწის ნაკვეთი; ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მომსახურებისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობები და საინჟინრო კომუნიკაციური მოწყობილობა და გაყვანილობა; გ) მრავალბინიანი სახლის მზიდი და შემომზღუდავი არამზიდი (ფასადის) კონსტრუქციები (საძირკვლები, კარკასი, კედლები, საერთო სარგებლობის აივნები, სართულშუა გადახურვები, პარაპეტები (მოაჯირები), ლავგარდანები (კარნიზები), საწვიმარი მილები და ა.შ.); დ) მრავალბინიანი სახლის ვესტიბიულები, სადარბაზოები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სარდაფები, სხვენები, საქვაბეები, ტექნიკური სართულები, სახურავები, ლიფტები, სხვადასხვა დანიშნულების შახტები, არხები, ნაგავგამტარები, ბუნკერები და ა.შ., რომლებიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში; ე) სატრანზიტო გაყვანილობა.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმებით დადგენილი და განსაზღვრულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრება. მითითებული ნორმების თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას განეკუთვნება ამხანაგობის მიწის ნაკვეთზე განთავსებული საერთო ქონების ნებისმიერი შემადგენელი ნაწილი, რომელიც არ ირიცხება და არ წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრებას.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი არის ბინის მესაკუთრე მრავალბინიან სახლში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობა წარმოიშობა მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების შეძენისთანავე.
მითითებული ნორმების შესაბამისად, ნებისმიერ მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების მქონე პირი, იმავდროულად წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრს და ინდივიდუალური საკუთრების შეძენისთანავე წარმოეშვება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე თანასაკუთრების უფლება. ამდენად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობის უფლების წარმოშობისთანავე წარმოიშვება კანონის ძალით გათვალისწინებული საერთო საკუთრება.
სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან საკუთრების (თანასაკუთრების) უფლება გულისხმობს მისით სარგებლობის უფლებას, ხოლო სარგებლობა თავის თავში მოიცავს თუნდაც შესაძლებლობას მესაკუთრემ არ ისარგებლოს ნივთით, სახეზეა დავის მიმართ მოსარჩელის ნამდვილი და რეალური ინტერესი, რომლის გათვალისწინებითაც მხარეს უფლება აქვს განაცხადოს პრეტენზია ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონებით სარგებლობის თაობაზე. სადავო შემთხვევაში, მოსარჩელე განმარტავს, რომ გასაჩივრებული კრების ოქმებით განიკარგა ამხანაგობის საერთო სარგებლობას მიკუთვნებული ქონება.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საკუთრების საგანია ცალკეულ პირთა საკუთრებაში არსებული ბინა, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა.შ.). ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა.შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი. მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა.შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა. ამავე კანონის 31-ე მუხლის თანახმად ცნობილია, რომ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი ამოქმედდა 2007 წლის 1 აგვისტოდან.
სასამართლოს აზრით, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით დადგენილია ამხანაგობის წევრთა მიერ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ ქონებაზე ინდივიდუალური საკუთრების დადასტურების წესი, რომლის შესაბამისადაც საჭიროა ამხანაგობის კრებაზე თანამესაკუთრეთა მხრიდან - ამხანაგობის წევრთა 2/3-ის მიერ მითითებული ფაქტის დადასტურება. იმავდროულად აუცილებელია, რომ მფლობელობის ფაქტობრივ მდგომარეობას ადგილი ჰქონდეს კანონის ძალაში შესვლის დროისათვის.
განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ მოპასუხეების ა-–--------------–-–---–-სა და ამ--–----------ის მხრიდან ვერ იქნა დადგენილი სადავო ფართის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის დროისათვის ფაქტობრივი მდგომარეობით ფლობის ფაქტი და შესაბამისად, არ დგინდება სადავო ფართებზე მათი ინდივიდუალური მფლობელობის უფლება. აღნიშნულის გათვალისწინებით, კრების ოქმით განკარგული ქონება მიიჩნევა ამხანაგობის საერთო საკუთრებას მიკუთვნებულ ქონებად. ამდენად, სახეზეა საერთო საკუთრების განკარგვა, რომელიც ეხება ამხანაგობის ყველა წევრის, მათ შორის მოსარჩელის თანასაკუთრების უფლებას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, 1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებას იწვევს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე წელიწადში ერთხელ მაინც. აღნიშნული წესი ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები არ მიიღებენ წესდებას ან თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 2. თუ თავმჯდომარე არ არის, ან იგი თავის მოვალეობის საწინააღმდეგოდ თავს არიდებს კრების მოწვევას, კრება შეიძლება მოიწვიოს ნებისმიერმა მესაკუთრემ, თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 3. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში კრება მოიწვევა დაუყოვნებლივ. 4. კრების მოწვევის შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებს უნდა ეცნობოს წერილობით. 5. კრებას უძღვება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე, თუ კრება სხვა რამეს არ გადაწყვეტს.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს 27-ე მუხლით გათვალისწინებულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მოწვევის წესი, რომლის თანახმადაც, იმისათვის რომ კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიჩნეულ იქნეს იურიდიული ძალის მქონედ, აუცილებელია ამხანაგობის წევრთა კანონით გათვალისწინებული შესაბამისი რაოდენობით მიღებული გადაწყვეტილება და იმავდროულად, აუცილებელია ამხანაგობის ყველა წევრისათვის წერილობითი ფორმით ჩაბარებული შეტყობინება კრების ჩატარების თაობაზე. ამდენად, მიუხედავად ამხანაგობის წევრთა ხმების რაოდენობისა, სავალდებულოა ამხანაგობის ყველა წევრის კრების თაობაზე გაფრთხილება-ინფორმირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამხანაგობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იურიდიული ძალის მქონედ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის ის წევრები, რომლებიც არ იყვნენ გაფრთხილებული კრების ჩატარების თაობაზე, შემდგომში სადავოდ არ გახდიან კრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. კანონით გათვალისწინებული წერილობითი ფორმით ამხანაგობის წევრთა კრების თაობაზე ინფორმირების მიზანია ამხანაგობის ყველა წევრის უფლებათა რეალიზების უზრუნველყოფა.
სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ 2010 წლის 12 იანვარს და 03 თებერვალს არ ჩატარებულა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ---–----“ კრება, ისე შედგა კრების თავმჯდომარის მიერ სადავო ოქმები. ასევე, მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა 2016 წლის 21 ოქტომბერს და 25 ოქტომბერს ამხანაგობის კრების გამართვის ფაქტი. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის კრების მოწვევის თაობაზე ინფორმირებას, მის ჩატარებას და სათანადო გადაწყვეტილებების მიღების ფაქტს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სახეზეა კანონით დადგენილი წესების დარღვევით მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მოხდა ამხანაგობის საერთო საკუთრების განკარგვა და მოსარჩელის მოთხოვნა სადავო კრების ოქმების ბათილად ცნობის თაობაზე სამართლებრივად დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მას ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა. საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა წარმოადგენს საკუთრების საწინააღმდეგოდ მესაკუთრის საკუთრების უფლებაში ჩარევას. იმავდროულად ხელშეშლა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ხელშემშლელს არ უნდა გააჩნდეს ამის უფლებამოსილება რაიმე საფუძვლით. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ფაქტის არსებობა კი ყოველთვის უნდა დადასტურდეს სათანადო და კონკრეტული მტკიცებულებებით. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით აღძრული სარჩელზე, მოსარჩელის მტკიცების ვალდებულებას წარმოადგენს ხელშეშლის არსებობის ფაქტის დადასტურება. მომთხოვნი მხარის მიერ უნდა დადასტურდეს მისი ინტერესი და მოწინააღმდეგე მხარის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, რაც ხელყოფს და აზიანებს მესაკუთრის საკუთრების (თანასაკუთრების) უფლებას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ამხანაგობის საერთო სარგებლობას მიკუთვნებული ფართი, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია N01.----5.-----0--0--0-- საკადასტრო კოდით, იმყოფება მოპასუხეების ა-–--------------–-–---–-სა და მ-----------–-–---–-ს ინდივიდუალურ მფლობელობაში. ვინაიდან ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ამხანაგობის 2010 წლის 03 თებერვლის კრების ოქმი, რომლის საფუძველზეც მოხდა სადავო ფართზე მოპასუხე ა-–--------------–-–---–-ს საკუთრების წარმოშობა და რეალურად იგი წარმოადგენს საერთო სარგებლობის ფართს, სახეზეა უკანონო მფლობელობა, რომლის გათვალისწინებითაც მოპასუხეებს უნდა აეკრძალოთ მითითებული ფართით სარგებლობის ხელშეშლა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სარჩელის მოთხოვნა უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით N01.----5.-----0--0--0-- - სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 460 ლარის ოდენობით, ხოლო 60 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი, უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს უკან.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელე ო-–--------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ბმა „ვ---–----“ 2010 წლის 03 თებერვლის კრების ოქმი N5, რის საფუძველზეც მოპასუხე ა-–--------------–-–---–-- საკუთრებად დაირეგისტრირა ქ. თბილისში, რ--------------–------–----------------ში მდებარე 5.83 კვ.მ. ფართის მქონე დამხმარე ფართი (ს/კ 01.----5.-----0--0--0--) და აღნიშნული უძრავი ქონება აღირიცხოს ბმა „ვ---–----“ საკუთრებაში.
1.2. აეკრძალოთ მოპასუხეებს ალ--------------–-–---–- და მ-----------–-–---–- ო-–---------------ათვის უძრავი ქონებით, ს/კ 01.----5.-----0--0--0-- ხელშეშლის აღკვეთა და აღნიშნული ფართი გადაეცეს ბმა „ვ---–----“ გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ბმა „ვ---–----“ 2010 წლის 12 იანვრის კრების ოქმი N3, რის საფუძველზეც მოპასუხე ა-–--------------–-–---–-- საკუთრებად დაირეგისტრირა ქ. თბილისში, რ--------------–------–----------------ში მდებარე 18.80 კვ. მ. ფართის მქონე სხვენი (ს.კ. 01.----5.-----0--0--0---) და აღნიშნული უძრავი ქონება აღირიცხოს ბმა „ვ---–----“ საკუთრებაში.
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი ბმა „ვ---–----“ 2016 წლის 21 ოქტომბრის კრების ოქმი N10, რის საფუძველზეც მოპასუხე ა---–-----------მ საკუთრებად დაირეგისტრირა ქ. თბილისში, რ--------------–------–----------------ში მდებარე 36.46 კვ.მ. ფართის მქონე სხვენი (ს/კ 01.----5.-----0--0--5--- და აღნიშნული უძრავი ქონება აღირიცხოს ბმა „ვ---–----“ საკუთრებაში.
1.5. ბათილად იქნეს ცნობილი ბმა „ვ---–----“ 2016 წლის 25 ოქტომბრის კრების ოქმი N10 (2.63 კვ.მ. დამხმარე ფართის ნაწილში) რის საფუძველზეც მოპასუხე ა---–-----------მ საკუთრებად დაირეგისტრირა ქ. თბილისში, რ--------------–------–----------------ში მდებარე 31.86 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი +2.63 კვ.მ. დამხმარე ფართი (ს/კ 01.----5.-----0--01.---- და აღნიშნული უძრავი ქონება აღირიცხოს ბმა „ვ---–----“ საკუთრებაში.
2. დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ სახ. ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 460 ლარი.
3. მოსარჩელე ო-–--------------ს დაუბრუნდეს ბ------------–---–-ს მიერ 2018 წლის 19 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 120 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 60 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი : TRESGE22, სახაზინო კოდი: 300 773 150, საგადასახადო დავალება N0.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი