გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.02.2019
საქმის ნომერი
330310018002342481
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
28.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3/1----18

საქმე # 3-----------------

(ძველი საქმის N3/9---14; 3-------------- )

28.02.2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ივანე აღნიაშვილი

სხდომის მდივანი ნინო გუგავა

მოსარჩელეები - ა-–--------------------ი

შპს ,,მ-----------------------ი”

წარმომადგენელი - მ---------ა

მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენლები -ც-----------ძე, თა--------------–---–ი

მოპასუხე- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო,წარმომადგენელი ნ---------------ძე

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - მ-------–---------–---–ი, მ-------------ძე

მესამე პირი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - მ--------------–-–---–ი, თ--------–--ე

მესამე პირი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, წარმომადგენელი - ნ---------------ძე

მესამე პირი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო

წარმომადგენელი - ირ--------------–--ლი

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 05.05.2011წ. №8------------03 გადაწყვეტილება;

 

1.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 16.05.2011წ. №8------------03 გადაწყვეტილება;

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 29.12.2011წ. №8------------03 გადაწყვეტილება.

 

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მ დგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 08 დეკემბრის N1-2--- ბრძანების დანართი N1-ის 29-ე პუნქტი, რომლითაც თვითმმართველ ქალაქ თბილისს გადაეცა ქ. თბილისში, მ--–---–---–---------რი N41-ში მდებარე 323 კვ.მ. ფართის უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი N 0---------------.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2.2. მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. მესამე პირების პოზიცია:

 

3.1. მესამე პირის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სასარჩელო განცხადებას.

 

3.2. მესამე პირი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სასარჩელო განცხადებას.

 

3.3. მესამე პირი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სასარჩელო განცხადებას.

 

3.4. მესამე პირი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სასარჩელო განცხადებას.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები/უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 18 აპრილის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ნივთის მდებარე ქ. თბილისი, მ--–---–---–---------რი N41, საკადასტრო კოდი N 0---------------, დაზუსტებული ფართობი 323,00 კვ.მ. მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ,,მ-----------------------ი''. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 2005 წლის 22 ივლისის უძრავი ქონების გადაცემის ხელშეკრულება N1-2255. იმავე წლის 05 მაისის ამონაწერის თანხმად აღნიშნულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირედება საკუთრების უფლების მიტოვება, რომლის დამადასტურებელ დოკუმენტადაც მითითებულია 02.05.2011 წ. განცხადება.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 16 მაისის ამონაწერით, უძრავი ნივთის მდებარე ქ. თბილისი, მ--–---–---–---------რი N41, საკადასტრო კოდი N 0---------------, დაზუსტებული ფართობი 323,00 კვ.მ. მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო, რომლის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 06.05.2011 წ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს N05/9137 წერილი, ხოლო 2014 წლის 26 თებერვლის ამონაწერის თანახმად, დგინდება, რომ მითითებული უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული, რომლის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 08.12.2011 წ. ბრძანება N 1-1/2---.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ამონაწერები (https://naprweb.reestri.gov.ge/#/search ).

 

4.2. 2005 წლის 16 აგვისტოს მოსარჩელე შპს ,,მ-----------------------ის” (საიდენტიფიკაციო კოდი 2--------) საკუთრებად საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, მ--–---–---–--------. N41, მიწის ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი: 323 კვ.მ, შენობა-ნაგებობა, საერთო ფართით 380,42 კვ.მ. უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი N0--------------- საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია სანოტარო წესით დამოწმებული 22.07.2005წ. უძრავი ქონების გადაცემის ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (18.07.2011წ. განცხ. N 8----------- (ს.ფ. 28));

 

4.3. 2011 წლის 2 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა გ----------------–---–მა, როგორც შპს ,,მ-----------------------ის” დირექტორის წარმომადგენელმა და მოითხოვა, ქ. თბილისში, მ--–---–---–--------. N41 მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდით N0---------------) საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციის განხორციელება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გ----------------–---–ის განცხადება (ს.ფ. 14, 101).

 

4.4. გ----------------–---–ის განცხადებას თან ერთვოდა მინდობილობა, გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ა-–-------------–------------------------ის მიერ, რომლითაც გ----------------–---–ს მინიჭებული ჰქონდა მისი სახელით შემდეგი უფლებამოსილებები: მარწმუნებლის სახელით საქართველოს ტერიტორიაზე დააფუძნოს სს ან შპს, მისი სახელით დადოს საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საწესდებო კაპიტალში წილების ყიდვის ხელშეკრულება, საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული დახურული და ღია სააქციო საზოგადოებების აქციების ყიდვის ხელშეკრულება, განსაზღვროს აღნიშნული ხელშეკრულებების დადების პირობები, მათ შორის ღირებულება, რომლითაც მინდობილი პირი იძენს აღნიშნულ აქციებსა და წილებს საქართველოს იურიდიულ პირთა საწესდებო კაპიტალში, რისთვისაც უფლება ეძლევა, ხელი მოაწეროს ხელშეკრულებებსა და სხვა საბუთებს, დაკავშირებულს აღნიშნული გარიგებების დადებასთან, ასევე შეასრულოს სხვა მოქმედებები, აუცილებელი წინამდებარე დავალების შესრულებისათვის; განახორციელოს ყველა იურიდიულად მნიშვნელოვანი მოქმედება, დაკავშირებული საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში მარწმუნებლის კუთვნილ წილთან. ისარგებლოს დამფუძნებლის ყველა უფლებით დამფუძნებელთა საერთო კრებაზე, მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც შედის დამფუძნებლის კომპეტენციაში, მათ შორის - გადაწყვეტილება წილის გასხვისების, დირექტორების დანიშვნისა და მათი გათავისუფლების, თანხის შეზღუდვის გარეშე საბანკო კრედიტების აღებისა და დაფარვის, იპოთეკის ხელშეკრულებებზე ხელმოწერის, მოძრავი ან უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვის, საწესდებო კაპიტალის გაზრდის ან შემცირების, მარწმუნებლის კუთვნილიდა საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ნებისმიერი ქონების მარწმუნებლის კუთვნილი კომერციული ორგანიზაციების საწესდებო კაპიტალში შეტანის, დივიდენდების განაწილებისა და მარწმუნებლის კუთვნილი თანხების აღების შესახებ; გახსნას ანგარიშები და აწარმოოს ნებისმიერი ოპერაცია, როგორც პირადად მარწმუნებლის სახელითმ ასევე - სრულად ან ნაწილობრივ მარწმუნებლის კუთვნილი კომერციული ორგანიზაციების სახელით; იყიდოს და გაყიდოს მარწმუნებლის სახელით თავისი შეხედულებისამებრ ფასად და პირობებით ნებისმიერი უძრავი ან მოძრავი ქონება საქართველოში, რისთვისაც უფლებას აძლევს მარწმუნებელი, ხელი მოაწეროს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებსა და გადაცემის აქტებს, გადაიხადოს ყიდვის საფასური ან აიღოს მარწმუნებლის სარგო თანხები, დაარეგისტრიროს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებები და საკუთრების უფლება ორგანოებში, რომლებიც ახორციელებენ მოძრავ და უძრავ ქონებაზე უფლებების სახელმწიფო რეგისტრაციას და მათთან გარიგებებს, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო აუქციონებში, კონკურსებში, პრივატიზაციებში, აიღოს მოძრავ და უძრავ ქონებაზე მარწმუნებლის საკუთრების უფლების სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობები და ყველა საჭირო დარეგისტრირებული საბუთი. მინდობილი პირი იცავს მიმნდობის ქონებრივ და არაქონებრივ ინტერესებს, წარმოადგენს მის ინტერესებს საქართველოს ყველა საწარმოში, ორგანიზაციასა და დაწესებულებაში, მათ შორის - სასამართლოში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებთან ურთიერთობაში, შესაბამისად, აწარმოებს სისხლის სამართლის, სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ საქმეებს. მინდობილობა დადასტურებულია სანოტარო წესით, რუსეთის ფედერაციაში, ქ. მოსკოვში, 2008 წლის 8 მაისს, მისი მოქმედება განისაზღვრება სამი წლის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2008 წლის 8 მაისის მინდობილობა, ქართულ ენაზე სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი (ს.ფ. 15-19)

 

4.5. 2011 წლის 5 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა გ----------------–---–ის განცხადების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება N8------------03 საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციის თაობაზე, უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, მ--–---–---–---------რი N41.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 5 მაისის №8------------03 გადაწყვეტილება (ს.ფ. 31);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (05.05.2011წ. განცხ. N8----------- (ს.ფ. 25));

 

4.6. 2011 წლის 6 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა და მოითხოვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია.

 

2011 წლის 16 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის N8------------03 გადაწყვეტილებით განცხადება დაკმაყოფილდა. უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, მ--–---–---–---------რი #41 მესაკუთრედ აღირიცხა სახელმწიფო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლის განცხადება (ს.ფ. 113-114);

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 16.05.2011წ. #8------------03 გადაწყვეტილება (ს.ფ. 29);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (16.05.2011წ. განცხად. N8----------- (ს.ფ. 26));

 

4.7. 2011 წლის 26 დეკემბერს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა უძრავი ნივთის თვითმმართველ ერთეულზე გადაცემა. განცხადებასთან ერთად მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს პრივატიზების სამსახურის უფროსის 2011 წლის 15 დეკემბრის N06/169308-8 წერილი, რომლითაც თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 8 დეკემბრის N1-1/2--- ბრძანების შესაბამისად, უძრავ ქონებაზე ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 8 დეკემბრის N1-1/2--- ბრძანების მე-2 პუნქტით თვითმმართველ ქალაქ თბილისს დამატებითი ქონების სახით საკუთრებაში გადაეცა ბრძანების დანართში მითითებული უძრავი ქონება. ბრძანების N1 დანართში უძრავი ქონების ჩამონათვალში N29 პუნქტად მითითებულია უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, მ--–---–---–---------რი #41, საკადასტრო კოდით 0---------------.

 

2011 წლის 29 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის N8------------03 გადაწყვეტილებით განცხადება დაკმაყოფილდა. უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, მ--–---–---–---------რი #41 მესაკუთრედ აღირიცხა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული. რეგისტრაციის საფუძვლად საჯარო რეესტრის ჩანაწერში მითითებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 8 დეკემბრის N1-1/2--- ბრძანება. დავის განხილვის დროისათვის ქონების მესაკუთრედ კვლავ ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულია რეგისტრირებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადების მიღების ბარათი, განცხადება (ს.ფ. 118-119);

- სსიპ ქონების მართვის სააგენტოს პრივატიზების სამსახურის უფროსის 2011 წლის 15 დეკემბრის N06/169308-8 წერილი (ს.ფ. 122);

- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 8 დეკემბრის N1-1/2--- ბრძანება დანართით (ს.ფ. 123-130);

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 29.12.2011წ. #8------------03 გადაწყვეტილება (ს.ფ. 131);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (29.12.2011წ. განცხ. N 8----------- (ს.ფ. 132-133));

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (26.02.2014წ. განცხ. N 882014096282 (ს.ფ. 27)).

 

4.8. 2014 წლის 28 თებერვლის მეწარმეთა და არასამეწამრეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დგეინდება, რომ 2005 წლის 04 აგვისტოს დარეგისტირებულ იქნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,მ-----------------------ი'' და მიენიჭა საიდენტიფიკაციო კოდი 2--------.

 

შპს ,,მ-----------------------ის“ 2005 წლის 22 ივლისის სადამფუძნებლო დოკუმენტით საწარმოს ერთპიროვნული წარმომადგენლობის უფლება მინიჭებული აქვს დირექტორს. დირექტორად დაინიშნა და სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა გია გურული. შპს-ს წესდების 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დირექტორი წარმოადგენს საზოგადოებას მესამე პირებთან ურთიერთობაში. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხოლოდ პარტნიორთა კრების თანხმობითაა დასაშვები საზოგადოების დირექტორის მიერ საზოგადოების სახელით საზოგადოების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების და უძრავი ქონების მსგავსი უფლებების შეძენა, საზოგადოების უძრავი ქონებისა და უძრავი ქონების მსგავსი უფლებების გასხვისება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2005 წლის 22 ივლისის სანოტარო აქტი შპს ,,მ-----------------------ის“ დაფუძნების შესახებ, დანართი N1 - შპს ,,მ-----------------------ის“ წესდება (ს.ფ. 157-172);

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ს.ფ. 192).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა–განმარტებები, შეისწავლა საქმის მასალები, გაანალიზა წარმოდგენილი მტკიცებულებები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონი,საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია”,,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი,საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოთხოვნის, ანუ დავის საგნის განსაზღვრა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და პრინციპული ხასიათის მოთხოვნას, გამომდინარე იქედანაც, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება განსაზღვროს სარჩელის საგანი, შეცვალოს, გაზარდოს, შეამციროს იგი და ა.შ.

 

საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე. კონვენციის ამ რეგულაციის (ისევე, როგორც ძირითადი უფლებების დამდგენი სხვა რეგულაციების) ავთენტურ და ავტორიტეტულ განმარტებას იძლევა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება არ არის აბსოლუტური. თუმცა საჭიროებს სახელმწიფოების მიერ სათანადო რეგულირებას. სასამართლოსადმი მიმართვის უფლება არ უნდა არსებობდეს მხოლოდ თეორიულად, ის ამასთანავე უნდა იყოს ეფექტური. საქმეში „გოლდერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (GOLDER v. THE UNITED KINGDOM. Judgment of 21 February 1975.), სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული უფლება, თავისი შინარსით, მოითხოვს რეგულირებას სახელმწიფოს მხრიდან. თუმცა, ასეთი რეგულირება არ უნდა არღვევდეს კონვენციით დაცულ სხვა უფლებებს. პრეცედენტული სამართლით დადგენილია, რომ ნებისმიერი რეგულირება ჩაითვლება კონვენციის მე-6 მუხლთან შესაბამისად, თუ იგი ემსახურება კანონიერ მიზნებს და თუ დაცულია პროპორციულობის პრინციპი გამოსაყენებელ საშუალებებსა და მისაღწევ მიზნებს შორის.

 

კონვენციის ეს ნორმა რეგლამეტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 42-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს იმ მხოლოდ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლების (fair trial) მარეგულირებელი ცენტრალური ნორმაა, რომელშიც მოცემულია მნიშვნელოვანი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი საპროცესო გარანტიები. იგი კონსტიტუციის მე-18 და მე-40 მუხლებთან ერთობლიობაში, რომლებიც ასევე მნიშვნელოვან საპროცესო უფლებებს შეიცავს, ქმნის ძირითადი კანონით გარანტირებული იუსტიციური უფლებების ერთობლიობას. სამართლიანი სასამართლოს უფლება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს საერთო ევროპულ ფუნდამენტურ ელემენტს. იგი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის” უმნიშვნელოვანეს ნაწილად განიხილება.

 

,,სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც ... წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას ...'' (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 10.11.2009წ. გადაწყვეტილება N 1/3/421,422 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ'' II, 1). სასამართლო განმარტავს, რომ უფლება სამართლიან სასამართლოზე უპირველესად გულისხმობს პირის მიერ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებების სასამართლო წესით გასაჩივრებასა და უფლების სასამართლო წესით წესით დაცვის შესაძლებლობას, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ,,მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის არ არის აბსოლუტური უფლება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 05.11.2013 წ. გადაწყვეტილება N 3/1/531 საქეზე ,,ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ'', II, 3). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს უყალიბდება რწმენა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული სტანდარტი (ისევე როგორც ეროვნული კანონმდებლობა), სასამართლოსადმი მიმართვის წინაპირობად სწორედაც რომ უშვებს გარკვეული ვალდებულებების დაწესების შესაძლებლობას.

 

7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის `დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლერივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

მითითებული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და საქართველოს კანონით დადგენილ შესაბამის ნორმებთან.

 

7.3. სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის დანიშნულებაა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებიდან გამომდინარე საკუთრების უფლების დაცვა და სამოქალაქო კანონთა მიზნიდან - საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლების უზრუნველყოფა, თუ ამ თავისუფლების განხორციელება არ ხელყოფს მესამე პირთა უფლებებს. სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლების და სტაბილურობის გარანტია სწორედ სახელმწიფოს მიერ კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვაში მდგომარეობს. საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციით სახელმწიფო იცავს ბრუნვის მონაწილეებს არაკეთილსინდისიერი გარიგებებისაგან. რეესტრის საჯარო ხასიათის გამო იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების უზრუნველყოფას - დაცვას ემსახურება. ყოველი დავის გადაწყვეტა საჭიროებს გარკვეული ფაქტების დადგენას, ვინაიდან სამართლით რეგულირებული ურთიერთობა შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე, ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა გარკვეულ იურიდიულ შედეგს უკავშირებს.

 

უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებისა და ფიქსაციის უპირობო გზა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციაა და ამ უფლების ნამდვილობაც რეესტრის მონაცემებით დგინდება. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 311-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. 3111-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული გარიგებები ძალაში შედის ამ გარიგებებით განსაზღვრული უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია წარმოშობს ვარაუდს, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს დაეკუთვნის კონკრეტულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში (და ვარაუდს, რომ უფლება, რომელიც გაუქმდა, აღარ არსებობს). სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საქართველოში უფლებათა რეგისტრაცია დამფუძნებელი ეფექტის პრინციპს ემყარება, რაც გულისხმობს, რომ საკუთრების უფლების გადაცემა ან ხელშეკრულებით რეალური უფლების წარმოშობა დასრულდება მხოლოდ რეგისტრაციის შემდგომ. რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივნისი გადაწყვეტილებაში სამოქალაქო საქმეზე №ას-185-178-2012 , განმარტებულია: „უძრავ ნივთზე ნებისმიერი კანონით გათვალისწინებული უფლების შესაძენად (სანივთო გარიგებები და სხვა) საჯარო რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულოა. აღნიშნული განპირობებულია საჯარო რეესტრის დანიშნულებით, რომელიც წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის გარანტს და ემსახურება კერძო სამართლის სუბიექტთა ინტერესების დაცვას. ეს დასკვნა ემყარება სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლს, რომლის ძალითაც რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. უძრავი ნივთების ამგვარ მკაცრ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევა კერძო სამართლის სუბიექტთა უფლებების დაცვას და სამოქალაქო ბრუნვის სამართლებრივ უსაფთხოებას ემსახურება. კეთილსინდისიერების ზოგადსამართლებრივი პრინციპიდან გამომდინარე, საკუთრებისა და სხვა სანივთო უფლებების დაცვა უნდა ხორციელდებოდეს ისე, რომ სამოქალაქო ბრუნვის ყველა მონაწილის ინტერესები თანაბრად იყოს დაცული. ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლების კონსტიტუციური პრინციპები და საქონლის თავისუფალი გადაადგილების წესები გულისხმობენ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საიმედოობის გარანტიების არსებობას. ასეთი გარანტიების არარსებობის შემთხვევაში კეთილსინდისიერი შემძენი, რომელმაც ხელშეკრულების დადებისას გამოიჩინა გონივრულობა და სიფრთხილე, არის ქონების არამართლზომიერი დაკარგვის რისკის მატარებელი.“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებაში სამოქალაქო საქმეზე №ას-189-182-2013 , განმარტებულია: „საჯარო რეესტრის უმთავრესი დანიშნულებაა სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის, საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა. საჯაროობის პრინციპი კი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრაციის მომენტიდან იძენს ამგვარი უფლება იურიდიულ ძალას მესამე პირებისათვის. კანონმდებლობა უშვებს საჯარო რეესტრის სისწორის პრეზუმფციას, რაც ნიშნავს იმას, რომ მესამე პირებისათვის რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამდენადსაჯარო რეესტრი ერთი მხრივ, სამოქალაქო ბრუნვის გარანტის ფუნქციას ასრულებს, ხოლო, მეორე მხრივ, იგი სრულ კონსესუსშია სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებული ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპთან.

 

7.4. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 05.05.2011წ. №8------------03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რაც დასაბუთებულია შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო განმარტავს, რომ მატერიალური მიზნის განსახორციელებლად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი მოსარჩელეს აძლევს შესაძლებლობას გამოიყენოს სარჩელის სხვადასხვა ფორმები და საპროცესო მოქმედებები. იმისათვის, რომ შესაძლებელი გამხდარიყო ამ პირთა ქმედითი სამართლებრივი დაცვა, შეიქმნა სამართლებრივი დაცვის სხვადასხვა ფორმები, როგორც ადეკვატური პროცესუალური საშუალებები, რა ფორმის სარჩელი უნდა იქნეს აღძრული დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზნისათვის იღწვის მოსარჩელე. პირმა რომელიც საჭიროებს სამართლებრივ დაცვას პირველ რიგში თვითონ უნდა შეარჩიოს იმ ფორმის სარჩელი, რომელიც ესაჭიროება მიზნის განსახორციელებლად, ამავდროულად ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლო ვალდებულია გაუწიოს ამ პირს სათანადო მხარდაჭერა, ამასთან, დავის საგნის განსაზღვრა მთლიანად მოსარჩელის კომპეტენციაა, იგი განსაზღვავს სარჩელის შინაარსა და მოცულობას. სასამართლო შეზღუდულია მოცემული სარჩელით და საქმეს იხილავს ამ სარჩელის ფარგლებში. სარჩელის წარდგენის უფლების არსებობის შესახებ მოთხოვნა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერ პირის მიერ შემოტანილი სარჩელები, ანუ ხელი შეეშალოს იმას, რომ ნებისმიერ პირს ვის უშუალო კანონიერი ინტერესიც არ შელახულა არ შეეძლოს სარჩელის აღძვრა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წინააღმდეგ, ან მის მიღებაზე უარის თქმის ან ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობის შემთხვევაში. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

,,საჯარო რეესტის შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს. ამავე საკანონმდებლო აქტის მეორე მუხლის ”თ” ქვეპუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

 

ამავე კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ლ” პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. ამავე კანონის ,,კ” პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. მოცემულ შემთხვევაში შპს „მ-----------------------ის“ დამფუძნებლის წარმომადგენლის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი იყო განცხადება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციის თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 184-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების ან სხვა უფლების მისატოვებლად აუცილებელია უფლებამოსილი პირის განცხადება ამ უფლების მიტოვების შესახებ, და ამ განცხადების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლი აწესრიგებს საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციის სამართლებრივ წინაპირობებს. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში ასევე რეგისტრირდება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იურიდიული პირის, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტის დეფინიცია. სასამართლო განმარტავს, რომ იურიდიული პირის, როგორც დამოუკიდებელი უფლებაუნარიანობითა და ქმედუნარიანობით აღჭურვილი სუბიექტის სტატუსი მოქმედია არა მხოლოდ კერძოსამართლებრივ, არამედ - საჯარო-სამართლებრივ ურთიერთობებშიც. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი, ასევე ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტი დაინტერესებულ მხარედ ფიზიკურ პირებთან და ადმინისტრაციულ ორგანოსთან ერთად მოიაზრებს იურიდიულ პირსაც, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლში მითითებული თვისებების მატარებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებშიც.

 

გ----------------–---–ის მიერ საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენისა და დაკმაყოფილების დროისათვის საჯარო რეეტრში უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იყო იურიდიული პირის - შპს ,,მ-----------------------ის” საკუთრების უფლება. შესაბამისად, ამ ნივთზე უფლების მიტოვების უფლება გააჩნდა თავად იურიდიულ პირს, როგორც დამოუკიდებელ სუბიექტს, რომელიც საკუთარი სახელით იძენს და განკარგავს უფლებებს. თუმცა, ამ უფლებამოსილების განსახორციელებლად მას, როგორც ორგანიზებულ წარმონაქმნს, აუცილებლად ესაჭიროება წარმომადგენელი ფიზიკური პირის სახით, რომელიც წარმოადგენს იურიდიულ პირს ნებისმიერ მესამე პირთან ურთიერთობაში, ადმინისტრაციულ ორგანოში, სასამართლოში.

 

იურიდიული პირის წარმომადგენლობასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლი. ამ მუხლის პირველი პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განმარტავს ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების შინაარსს, რომლის მიხედვითაც, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. დასახელებული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამგვარად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში როგორც ხელმძღვანელობის, ისე წარმომადგენლობის უფლებამოსილებით აღჭურვილია დირექტორი (დირექტორები), თუკი წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შპს ,,მ-----------------------ის” წესდებით საწარმოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დირექტორს აქვს მინიჭებული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს საწარმოს, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტის უფლებამოსილება მისი პარტნიორის უფლებამოსილებისგან. დაუშვებელია, პარტნიორის (თუნდაც 100%-ანი წილის მფლობელის) ნებელობითი აქტივობა შეფასდეს თავად საწარმოს ნების გამოვლენად. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ქონებრივი უფლებები არ უნდა იქნეს გაიგივებული პარტნიორის ქონებრივ უფლებებთან. პარტნიორი არის საწარმოში წილის (არამატერიალური ქონებრივი სიკეთის, უფლების) მესაკუთრე და არა - საწარმოს კუთვნილი ქონების მესაკუთრე. ამდენად, საწარმოს სახელით ქონების შეძენაზე ან მისი კუთვნილი ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისებაზე ნების გამოვლენა უნდა მომდინარეობდეს საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორის მხრიდან, რადგან მესამე პირების, მათ შორის - ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე საზოგადოებას სწორედ დირექტორი წარმოადგენს. შესაბამისად, შპს ,,მ-----------------------ის” მიერ მის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ განცხადების წარდგენაზე უფლებამოსილი იყო საზოგადოების დირექტორი, ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.

 

მართალია, როდესაც დირექტორს პარტნიორთა კრება ნიშნავს, საზოგადოების დირექტორის უფლებამოსილების წყარო თავად პარტნიორების გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს მაინც არ გულისხმობს თუნდაც ყველა პარტნიორის ან 100% წილის მფლობელი პარტნიორის გადაწყვეტილებების გაიგივებას დირექტორის უფლებამოსილებასთან. დირექტორს მინიჭებული აქვს საწარმოს ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლებამოსილება. იგი მართავს საწარმოს და წარმოადგენს პასუხისმგებელ პირს სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაზე, მის უფლებამოსილებებში პირდაპირი ჩარევა თავად პარტნიორებსაც ეკრძალებათ და კანონი და წესდება განსაზღვრავს საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშის მოთხოვნის უფლებას და პარტნიორის სხვა უფლებებს, რომლის ფარგლებშიც პარტნიორი ,,აკონტროლებს” საწარმოს საქმიანობას. კანონით ან/და წესდებით დგინდება პარტნიორთა კრების უფლებამოსილებები და საკითხების ჩამონათვალი, რომელზედაც მხოლოდ პარტნიორთა კრებაა უფლებამოსილი, მიიღოს გადაწყვეტილება. თუმცა, გადაწყვეტილების მიღება ხდება საწარმოს შიდა საქმიანობის ფარგლებში, პარტნიორთა კრების, და არა - საწარმოს სახელით, მესამე პირებთან ურთიერთობაში კი საწარმოს სახელით ამ გადაწყვეტილების რეალიზება ხდება დირექტორის მეშვეობით. მაგალითად, თუკი პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას ქონების გასხვისებაზე, გარიგება მესამე პირთან ქონების გასხვისების თაობაზე იდება არა პარტნიორთა კრების, არამედ - დირექტორის მიერ. ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-91 მუხლში ჩამოთვლილია პარტნიორთა კრების უფლებამოსილებები. ამ მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას. მოსარჩელე შპს ,,მ-----------------------ის” წესდებით განსაზღვრულია, რომ საზოგადოების დირექტორის მიერ საზოგადოების უძრავი ქონებისა და უძრავი ქონების მსგავსი უფლებების გასხვისება მხოლოდ პარტნიორთა კრების თანხმობითაა დასაშვები.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მსგავსი საკითხების გადაწყვეტისას პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებას გარიგების დადების მიზნებისთვის მხოლოდდამხოლოდ აუცილებელი თანხმობის, ნებართვის დატვირთვა გააჩნია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ნებართვის მნიშვნელობით. ამდენად, დირექტორის მიერ პარტნიორთა გადაწყვეტილების გარეშე დადებული ისეთი შინაარსის გარიგება, რომლისთვისაც სავალდებულოა პარტნიორთა კრების თანხმობა, ბათილად ჩაითვლება. თუმცა, ეს არ გულისხმობს, რომ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება იურიდიული პირის უფლებამოსილი წარმომადგენლის ნების გამოვლენის გარეშე საკმარისია გარიგების დასადებად ან ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების წარსადგენად. პარტნიორთა კრების და დირექტორის უფლებამოსილებების გაიგივება წინააღმდეგობაში მოდის იურიდიული პირის, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტის ინსტიტუციურ მნიშვნელობასთან.

 

გ----------------–---–ს საჯარო რეესტრში არ წარუდგენია საწარმოს დირექტორის მიერ მისთვის საწარმოს სახელით განცხადების წარდგენის უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი. მან განცხადებას დაურთო საწარმოს 100%იანი წილის მფლობელი პარტნიორის - ა-–--------------------ის მიერ გაცემული მინდობილობა, რომლითაც მას მინიჭებული ჰქონდა პარტნიორის უფლებამოსილებები, მათ შორის - უფლებამოსილება, განახორციელოს ყველა იურიდიულად მნიშვნელოვანი მოქმედება, დაკავშირებული საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში მარწმუნებლის კუთვნილ წილთან. ისარგებლოს დამფუძნებლის ყველა უფლებით დამფუძნებელთა საერთო კრებაზე, მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც შედის დამფუძნებლის კომპეტენციაში, მათ შორის - გადაწყვეტილება მოძრავი ან უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვის თაობაზე. ამდენად, განმცხადებელს მინიჭებული ჰქონდა საწარმოს პარტნიორის უფლებამოსილებები, რაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, არ გულისხმობს საწარმოს სახელით ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების შეტანის უფლებამოსილებას.

 

საკუთრების მიტოვების შესახებ განცხადების წარდგენისას საწარმოს დირექტორად მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული იყო გია გურული. ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-71 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის რეგისტრაციის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია რეგისტრირებული პირის გარდაცვალება. სასარჩელო განცხადებაში მითითებულია, რომ გ----------------–---–ის მიერ საჯარო რეესტრში განცხადების წარდგენის დროისათვის საწარმოს დირექტორად რეგისტრირებული პირი გია გურული უკვე გარდაცვლილი იყო. ამის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი, თუმცა, სასამართლო განმარტავს, რომ ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც დირექტორის უფლებამოსილებას ავტომატურად ვერ განახორციელებს პარტნიორი და მით უმეტეს - მისი წარმომადგენელი, რომელსაც მხოლოდ პარტნიორის უფლებამოსილებები აქვს მინიჭებული. დირექტორის გარდაცვალებისას უნდა განისაზღვროს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და დარეგისტრირდეს სათანადო წესით.

 

ამგვარად, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების მიტოვების შესახებ განცხადება საჯარო რეესტრში წარდგენილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ, შესაბამისად, სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციის თაობაზე ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის წესების დაცვისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და აქტის დასაბუთების ვალდებულება, ხოლო ასეთის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქტის სამართლებრივი შედეგების შესახებ, კერძოდ: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N ბს-246-243 (კ-14)).

 

საკასაციო სასამართლომ ამავე გადაწყვეტილებაში ასევე განმარტა, რომ ,,ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არაპირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოსმიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივიუსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია''.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას -ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22–ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ზემოთ მითითებული საფუძვლებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7.5. სასამართლო მიიჩნევს, რომ საფუძვლიანია სასარჩელო მოთხოვნა ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 16.05.2011წ. N 8------------03 და 29.12.2011წ. №8------------03 გადაწყვეტილებების, და ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 8 დეკემბრის N1-1/2--- ბრძანების დანართი N 1-ის N 29 პუნქტის (რომლითაც სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ნივთი საკუთრებაში გადაეცა მუნიციპალიტეტს - ქ. თბილისის თვითმმართველ ერთეულს), ბათილად ცნობის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებები მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, რადგან საკუთრების უფლების მიტოვება კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შედეგად განხორციელდა, შესაბამისად უკანონია მისი თანმდევი შედგები.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ხსენებული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მეტად მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა კომპლექსური შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რაიმე შეცდომა და ამის საფუძველზე დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების მიტოვების შესახებ განცხადება საჯარო რეესტრში წარდგენილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ, შესაბამისად, სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციის თაობაზე ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს. ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების შემდეგ საკუთრების უფლება გადადის სახელმწიფოზე. ვინაიდან ბათილად იქნა ცნობილი გადაწყვეტილება საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციის თაობაზე, შესაბამისად, სამართლებრივი ძალის მქონე საკუთრების უფლების მიტოვება არ არის სახეზე და არ არსებობს სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძველი, ასევე სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 8 დეკემბრის N1-1/2--- ბრძანება (დანართი N1-ის N29 პუნქტი), როდესაც მოხდა უძრავი ქონების ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული სახელზე აღირცხვა. რის გამოც, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მითითებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ქ. თბილისში, მ--–---–---–---------რი N 41-ში მდებარე უძრავ ნივთზე მესაკუთრედ დარეგისტრირდა სახელმწიფო, ხოლო შემდეგ კი ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საერთო წესის მიხედვით პირველადი რეგისტრაციის ბათილად ცნობით საფუძველი ეცლება დანარჩენ რეგისტრაციებს.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოში უფლებათა რეგისტრაცია ,,დამფუძნებელი ეფექტის პრინციპს'' ემყარება, რაც გულისხმობს, რომ საკუთრების უფლების გადაცემა ან ხელშეკრულებით რეალური უფლების წარმოშობა დასრულდება მხოლოდ რეგისტრაციის შემდგომ. რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი. საჯარო რეესტრს გააჩნია სამართლებრივი გარანტის ფუნქცია, კერძოდ, მესაკუთრეს, საჯარო რეესტრში რეგისტრაციით დაცული აქვს თავისი საკუთრება სხვისი ხელყოფისაგან, ხოლოშემძენი, თავის მხრივ, ენდობა საჯარო რეესტრის ჩანაწერს. რეგისტრაციის ეფექტიდან გამომდინარეობს „წინააღმდეგ მოქმედების პრინციპი“, რომლის მიხედვით, უფრო ადრე წარმოშობილ საკუთრების უფლებას აქვს უპირატესობა მომდევნოსთან შედარებით. საჯაროობის მიზნიდან გამომდინარე, პირი რომელიც მიაღწევს ამ პრინციპს რეგისტრაციით, უპირატესობა ენიჭება მასთან შედარებით, ვინც არ დაარეგისტრირა უფლება. დროის მიხედვით, პირველად რეგისტრირებულ უფლებას აქვს უპირატესობა. უფლების რეგისტრაციის დრო დგინდება რეესტრის მონაცემების მიხედვით. ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერების არსებობასთან მიმართებით უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3-ე მუხლის მე-6 პუნქტისთანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენწარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამიტომაც, სარეგისტრაციო სამსახურს ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელებისას, ყოველმხრივ გადაამოწმოს სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

7.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო 2014 წლის 4 თებერვლის განჩინებაში ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-368-357(კ-13) უთითებს, რომ ,,საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული მართლმსაჯულების არსი, ამოცანა და მისი როლი სახელმწიფოში კანონიერი საჯარო მმართველობის დამკვიდრებაში, კერძოდ: „სასამართლო ხელისუფლება ადმინისტრაციული მართლმსაჯულების მეშვეობით თავისი არსით ორ უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ფუნქციას ახორციელებს: 1. კონფლიქტის (დავის) მოგვარება/გადაწყვეტა კანონიერად და სამართლიანად; 2. სასამართლო კონტროლის განხორციელება მმართველობითი ორგანოების გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებზე, რაც თავის მხრივ, ემსახურება სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს, კანონიერი საჯარო მმართველობის ფუნქციონირების უზრუნველყოფას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციით დადგენილი ხელისუფლების დანაწილების პრინციპის რეალიზაცია მნიშვნელოვნად არის განპირობებული სასამართლო ხელისუფლების როლით, სასამართლოს მიერ ობიექტური, მიუკერძოებელი და კვალიფიციური მართლმსაჯულების განხორციელებით, ვინაიდან სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას _ მართლმსაჯულებას, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ეს მოიცავს არა მხოლოდ კონკრეტული კონფლიქტების (დავები) გადაწყვეტას, არამედ - სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა საქმიანობაზე სასამართლო კონტროლის განხორციელებას. მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია ადმინისტრაციულ ორგანოთა გადაწყვეტილებების, ხელშეკრულებების, ქმედებების /მოქმედება, უმოქმედობა/ გასაჩივრება საერთო სასამართლოში, რა დროსაც სასამართლოს ობიექტურობას, მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას განუზომელი მნიშვნელობა აქვს, რათა აღადგინოს დარღვეული წონასწორობა პირსა და ოფიციალურ სტრუქტურას შორის.“ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილებაში საქმე №ბს-544-535(კ-12), განმარტა, რომ ,, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. აღნიშნული პრინციპი პირდაპირ გამომდინარეობს სამართლებრივი სახელწიფოს პრინციპიდან, რომელიც პირველ რიგში გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას - სამართლებრივი ნორმის სიცხადის და სამართლებრივი შედეგების განჭვრეტადობის უზრუნველყოფის თაობაზე''. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის -კანონიერების პრინციპის ზედმიწევნით დაცვის საფუძველზე“.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს ზემოთ მითითებული ნორმის მოთხოვნათა დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, სადავო აქტები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

9. საპროცესო ხარჯები

 

სასამართლოს ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლი განსაზღრავს სახელმწიფოსათისხ არჯების ანაზრაურების წესს. აღნიშნული საკანონმდებლლო აქტის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია, ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევბის გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ფიზიკური პირისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილ იქნა სახელწიფო ბაჟი (24.04.2014 წ. საგადახდო მოთხოვნა N1) 100 ლარის ოდენობით, იმ პირობებში როდესაც წინამდებარე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხეებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ა-–--------------------ის და შპს „მ-----------------------ის“ სასარგებლოდ მათ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა-–--------------------ის და შპს „მ-----------------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 05.05.2011წ. №8------------03 გადაწყვეტილება მისი ძალაში შესვლის დღიდან;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 16.05.2011წ. №8------------03 გადაწყვეტილება;

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 29.12.2011წ. №8------------03 გადაწყვეტილება.

 

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 08 დეკემბრის N 1-2--- ბრძანების დანართი N 1-ის N29 პუნქტი, რომლითაც თვითმმართველ ქალაქ თბილისის გადაეცა ქ. თბილისში, მ--–---–---–---------რი N 41-ში მდებარე 323 კვ.მ. ფართის უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი N 0---------------.

 

2. მოპასუხეებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სოლიდარულად დაეკისროთ ა-–--------------------ის და შპს „მ-----------------------ის“ სასარგებლოდ მათ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.№7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ივანე აღნიაშვილი