გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.06.2019
საქმის ნომერი
330310019002932967
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
04.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/2544-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

4 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - მანანა გოგიბედაშვილი

 

მოსარჩელეები: ე----------–--ე, რ--------–----ე

წარმომადგენელი - ა-----–-------–--ე

 

მოპასუხე- საქართველოს მთავრობა

წარმომადგენელი - გ---------–--–--ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 მარტის G---------------- გადაწყვეტილება;

 

1.2. დაევალოს საქართველოს მთავრობას დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება ე----------–--ისა და რ--------–----ის 2019 წლის 22 თებერვლის განცხადებასთან დაკავშირებით - სტიქიით დაზარალებული პირების საცხოვრებელი სახლის მშენებლობის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით და კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს დასაბუთებული გადაწყვეტილება წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

მოპასუხე - საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 9 ო---------ის №--- დადგენილებით მიღებულ იქნა აჭარის ასსრ აღმასკომის, საქართველოს სსრ შრომისა და სოციალურ საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის წინადადება და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 14 ივნისის №--- დადგენილების №1 დანართში, აჭარის მთიანი რაიონებიდან გ-------ნის რაიონში ჩასასახლებელი სტიქიისაგან დაზარალებული 75 ოჯახი უნდა დასახლებულიყო საქართველოს ზ------------------------------------–---–------–-------------------------–----------–---–-------------------–-------------ის მიწებიდან გამოყოფილ 20 ჰექტარ ფართობზე, კ--–---------------------------------------------------------ის ტერიტორიაზე გათვალისწინებული 50 ოჯახის ნაცვლად. მ----------ის ტერიტორიაზე გამოყოფილ 5,5 ჰექტარზე უნდა განსახლებულიყო 22 ოჯახი. ვ---------–-------------------------------------------------------ზე კი უნდა დასახლებულიყო 20 ოჯახი.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 9 ო---------ის №--- დადგენილება (იხ.ს.ფ. 20-21).

 

3.2. ხ---–--ს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 27 დეკემბრის N------ გადაწყვეტილების თანახმად (ოქმი N--), საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 6 მაისის N--- დადგენილების საფუძველზე, ხ---–--ს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა, ნება დართო ე----------–--ეს, რ--------–----ეს და მათ შვილს ს------------–--ეს ორგანიზებული წესით მუდმივ საცხოვრებლად გადასულიყვნენ გ-------ნის რაიონში. ო---------ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარეს და ხ---–--ს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის შ/ს განყოფილების უფროსს დაევალათ ე----------–--ის ოჯახი მთლიანი შემადგენლობით (მეუღლე - რ--------–----ე, შვილი - ს------------–--ე) საკომლო და საბინაო წიგნებიდან ამოწერათ, მათი გ-------ნის რაიონში ჩასახლების გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხ---–--ს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 27 დეკემბრის N------ გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ. 22).

 

3.3. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №--- ბრძანებულების თანახმად, მიღებულ იქნა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის წინადადება და აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან გ-------ნის რაიონის კ--–----ის მეურნეობის ტერიტორიაზე ჩამოსახლებული ოჯახებისათვის დასასახლებელი ფართის შეცვლის მიზნით: გამოიყო გ-------ნის რაიონის სოფელ ფ-------–ას საკრებულოს ტერიტორიაზე, თ---–------------------------–--–ის მარჯვენა მხარეს, სახელმწიფო საკუთრების მიწებიდან 20 ჰექტარი მიწის ფართობი აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან 1989 წელს ჩამოსახლებული 75 ოჯახის დასასახლებლად; გ-------ნის რაიონის გამგეობას დაევალა დასასახლებელი სოფლის დაგეგმარება-განაშენიანების პროექტის შედგენა; საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დაევალა მშენებლობისათვის ტენდერის გამოცხადება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა გაეთვალისწინებინა და გამოეძებნა საჭირო თანხა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსათვის, აჭარიდან სტიქიის შედეგად დაზარალებული 75 ოჯახისათვის ახალი სოფლის პირველი რიგის სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №--- ბრძანებულება (იხ.ს.ფ. 23-24).

 

3.4. გ-------ანში, სოფელ კ--–----ში, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ფართობი: 2000.00 კვ.მ.) საკადასტრო კოდით N------------ აღირიცხა ე----------–--ის, რ--------–----ის, მ----------–--ის და ს------------–--ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: მიღება-ჩაბარების აქტი N---, გაცემული 0---------–.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი: 11.02.2019წ.) (იხ.ს.ფ. 32-33);

 

3.5. ე----------–--ის და რ--------–----ის წარმომადგენლმა ა-----–-------–--ემ 2019 წლის 22 თებერვალს განცხადებით მიმართა საქართველოს მთავრობას და მიუთითა, რომ 1989 წელს აჭარის მაღალმთიან რაიონებში (ხ---–--სა და შ------ის რაიონი) მომხდარმა სტიქიურმა მოვლენებმა ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ბევრი ოჯახი უსახლკაროდ დატოვა. გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე, აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან სამი ათასზე მეტი ოჯახი ჩასახლდა საქართველოს ორმოცამდე რაიონში, მათ შორის 75 ოჯახი ჩაასახლეს გ-------ნის რაიონის სოფელ კ--–----ში (საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 9 ო---------ის N--- დადგენილება). ზემოაღნიშნულ სამოცდათხუთმეტ ოჯახთა შორის ხ---–--ს რაიონის სოფელ ო---------იდან ჩამოსახლებულ იქნა ე----------–--ის სამწევრიანი ოჯახი (ხ---–--ს სახელობის დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის 1989 წლის 27 დეკემბრის N------ გადაწყვეტილება). გამომდინარე იქიდან, რომ ე----------–--ის ოჯახი წლების განმავლობაში ცხოვრობდა სხვის ბინაში, იძულებული გახდა მთავრობის მიერ დაპირებული საცხოვრებელი სახლის აშენებამდე შეესყიდა საცხოვრებელი ფართი სოფელ კ--–----ში, სადაც დღემდე ცხოვრობს.

 

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 9 ო---------ის N--- დადგენილებით და ხ---–--ს სახელობის დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 27 დეკემბრის N------ გადაწყვეტილებით გ-------ნის რაიონში ჩასახლებულ ოჯახებს, მათ შორის ე----------–--ის ოჯახს, როგორც სტიქიით დაზარალებულებს, სოფელ კ--–----ში გამოუყვეს მიწის ნაკვეთები.

 

მას შემდეგ, რაც სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ამოეწურათ ყოველგვარი იმედი მთავრობის მხრიდან, გადაწყვიტეს (ჩამოსახლებულთა 49 ოჯახი) სარჩელით მიემართათ სასამართლოსთვის, რათა შესრულებულიყო მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებები. ზემოხსენებულ ოჯახებთან ერთად, ე----------–--ის ოჯახმა ვერ მიმართა სასამართლოს სარჩელით, ვინაიდან აღნიშნული ფორმით დავის დაწყების თაობაზე ინფორმაცია დროულად ვერ მიიღო. სტიქიით დაზარალებულ 49 ოჯახის სარჩელზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N3ბ/453-12) საქართველოს მთავრობას დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება სტიქიით დაზარალებულთათვის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით. ზემოაღნიშნულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად საჭირო ღონისძიებების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის N---- განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის N---- განკარგულებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებიდან 1.800 ათასი ლარის გადახდა სტიქიით დაზარალებული ოჯახებისათვის, თითოეულ ოჯახზე 50 000 ლარის ოდენობით.

 

ზემოთხსენებული სტიქიით დაზარალებული 49 ოჯახის მსგავსად, ე----------–--ის ოჯახიც განეკუთვნება სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახს. ირიცხება იმავე სიაში, რომლითაც ხ---–--სა და შ------ის რაიონებიდან მოხდა 75 ოჯახის ჩასახლება გ-------ნის რაიონის სოფელ კ--–----ში. სახელმწიფომ ე----------–--ის ოჯახს საკუთრებაში გადასცა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი სოფელი კ--–----ის ტერიტორიაზე და მთავრობა ვალდებულია მისივე განკარგულებებისა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე აუშენოს საცხოვრებელი სახლი გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ან გამოუყოს სახსრები სახლის მშენებლობისათვის.

 

ამდენად, მოსარჩელეთა წარმომადგენლმა ა-----–-------–--ემ საქართველოს მთავრობისადმი წარდგენილ განცხადებაში მოითხოვა სტიქიით დაზარალებული ე----------–--ის და რ--------–----ის ოჯახს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად, აუშენდეს საცხოვრებელი სახლი ან მთავრობის მიერ გამოეყოს სათანადო სახსრები საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2019 წლის 22 თებერვლის განცხადება (იხ.ს.ფ. 40-42);

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმის N3ბ/453-12) (იხ.ს.ფ. 34-37);

- საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის N---- განკარგულება დანართით (იხ.ს.ფ. 25-31).

 

3.6. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2019 წლის 5 მარტის G---------------- გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განსახილველად გაეგზავნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე 2019 წლის 22 თებერვალს ე----------–--ის და რ--------–----ის წარმომადგენლის ა-----–-------–--ის მიერ წარმოდგენილი განცხადება, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 26 მარტის N------- წერილობითი პასუხით, ე----------–--ის და რ--------–----ის წარმომადგენელს - ა-----–-------–--ეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან 2019 წლის 5 მარტს გადაგზავნილი G-------------- წერილის პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის N---- განკარგულების გამოცემის საფუძველს წარმოადგენდა ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის N3ბ/453-12 გადაწყვეტილება, რომელშიც მითითებულ მოქალაქეებზე და მათი ოჯახის წევრებზე (გარდა იმ ოჯახებისა, რომლებიც მანამდე დაკმაყოფილებულები იყვნენ საცხოვრებელი ფართით საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტის სხვადასხვა განკარგულებების საფუძველზე) საქართველოს მთავრობის განკარგულების N1 და N2 დანართის მიხედვით მოხდა საკომპენსაციო თანხის გაცემა. გამომდინარე იქედან, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში განმცხადებლები არ წარმოადგენდნენ მხარეებს, მათი უწყება მოკლებული იყო საშუალებას განეხილა განცხადებაში დასმული საკითხი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2019 წლის 5 მარტის G---------------- გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ. 18).

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 26 მარტის N------- წერილობითი პასუხი (იხ. ს.ფ. 19).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს ე----------–--ის და რ--------–----ის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს კანონი ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2019 წლის 5 მარტის G---------------- გადაწყვეტილება განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ასევე ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც ითხოვენ მოსარჩელეები მოპასუხე მხარისაგან და რომლითაც საქართველოს მთავრობას დაევალება ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცემა მოსარჩელეთა განცხადებასთან დაკავშირებით.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ’’ პუნქტზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ამდენად, ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების სახეებია: ა) მარტივი ადმინისტრაციული წარმოება; ბ) ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება; გ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. იმავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული წარმოება ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაიწყება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან. იმავე კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, განცხადება შეტანილი უნდა იქნეს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც უფლებამოსილია გადაწყვიტოს განცხადებაში დასმული საკითხი და გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. იმავე კოდექსის მე-80 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით, თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, რის შესახებაც 2 დღის განმავლობაში წერილობით ეცნობება განმცხადებელს. იმავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია ან შეუძლებელია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენა, ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს მისი შეტანიდან 5 დღის განმავლობაში.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

ამავე კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არ ეხება მესამე პირის ინტერესებს, უნდა გამოიცეს განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას გამოაქვს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

 

ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმებით დადგენილია ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების, წარდგენილი განცხადების განხილვის წესი და ვადები.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ე----------–--ის და რ--------–----ის ოჯახი შეყვანილ იქნა აჭარის მთიანი რაიონებიდან გ-------ნის რაიონში ჩასასახლებელი სტიქიისაგან დაზარალებული ოჯახების სიაში. დადგინდა, რომ ე----------–--ე, რ--------–----ე და მათი შვილი - ს------------–--ე მუდმივ საცხოვრებლად უნდა გადასულიყვნენ გ-------ნის რაიონში და საკომლო და საბინაო წიგნებიდან უნდა ამოეწერათ მათი გ-------ნის რაიონში ჩასახლების გამო.

 

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №--- ბრძანებულებით შეიცვალა აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან გ-------ნის რაიონის კ--–----ის მეურნეობის ტერიტორიაზე ჩამოსახლებული ოჯახებისათვის დასახელებული ფართობები, კერძოდ, სოფელ ფ-------–აში გამოიყო მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოსახლებული 75 ოჯახისათვის 20 ჰა მიწის ნაკვეთი, ასევე დაევალა გ-------ნის რაიონის გამგეობას დასახლებული სოფლის დაგეგმარება-განაშენიანების პროექტის შედგენა, დადგინდა, რომ უნდა გამოცხადებულიყო ტენდერი და აჭარიდან სტიქიის შედეგად დაზარალებული 75 ოჯახის საცხოვრებელი სახლებით უზრუნველსაყოფად უნდა დაწყებულიყო სამშენებლო სამუშაოები და ა.შ.

 

დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №--- ბრძანებულება არ შესრულებულა და ჩამოსახლებული ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა ვერ მოხდა.

 

ასევე დადგენილია, რომ გ-------ანში, სოფელ კ--–----ში, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ფართობი: 2000.00 კვ.მ.) საკადასტრო კოდით N------------ აღირიცხა ე----------–--ის, რ--------–----ის, მ----------–--ის და ს------------–--ის სახელზე.

 

2019 წლის 22 თებერვალს, ე----------–--ის და რ--------–----ის წარმომადგენლმა ა-----–-------–--ემ განცხადებით მიმართა საქართველოს მთავრობას და მოითხოვა, სტიქიით დაზარალებული ე----------–--ის და რ--------–----ის ოჯახს, საქართველოს - პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად, აუშენდეთ საცხოვრებელი სახლი ან მთავრობის მიერ გამოიყოს სათანადო სახსრები საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად.

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ე----------–--ის და რ--------–----ის წარმომადგენლის ა-----–-------–--ის 2019 წლის 22 თებერვლის განცხადება განუხილველად გადაეგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომელმაც 2019 წლის 26 მარტის N------- წერილობითი პასუხით განმცხადებელს აცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის N---- განკარგულების გამოცემის საფუძველს წარმოადგენდა ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის N3ბ/453-12 გადაწყვეტილება, რომელშიც მითითებულ მოქალაქეებზე და მათი ოჯახის წევრებზე (გარდა იმ ოჯახებისა, რომლებიც მანამდე დაკმაყოფილებულები იყვნენ საცხოვრებელი ფართით საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტის სხვადასხვა განკარგულებების საფუძველზე) საქართველოს მთავრობის განკარგულების N1 და N2 დანართის მიხედვით მოხდა საკომპენსაციო თანხის გაცემა. გამომდინარე იქედან, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში განმცხადებლები არ წარმოადგენდნენ მხარეებს, მათი უწყება მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა განცხადებაში დასმული საკითხი.

 

სასამართლო მიუთითებს ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან. საქართველოს კონსტიტუციით და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა შედგება სამინისტროებისაგან ანუ აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ რგოლს წარმოადგენს, შესაბამისად, მთავრობას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ კონკრეტული საკითხის გადაწყვეტა, ამ შემთხვევაში კი, საცხოვრებელი სახლების მშენებლობის საკითხის გადაწყვეტა დაავალოს მის შემადგენლობაში შემავალ შესაბამის უფლებამოსილ სამინისტროს. სასამართლო ასევე მიუთითებს ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე სწორად მიუთითებს, რომ სარჩელით მოთხოვნილი საკითხის განხილვა მთავრობის კომპეტენციას წარმოადგენს. იმავე კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, მთავრობა კოორდინაციასა და კონტროლს უწევს სამინისტროებსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურისა და სხვა სფეროებში ამტკიცებს სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას. ამდენად, დამოუკიდებლად სარჩელით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტის კომპეტენცია საქართველოს მთავრობას გააჩნია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნაზე პასუხისმგებელ ორგანოს განსახილველ საქმეში წარმოადგენს საქართველოს მთავრობა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო - საქართველოს მთავრობა, ვალდებული იყო კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში განეხილა მოსარჩელეთა წარმომადგენლის 2019 წლის 22 თებერვლის განცხადება მათთვის, როგორც სტიქიით დაზარალებული პირებისათვის, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე და გამოეცა შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც მას არ განუხორციელებია და არ შეუფასებია განცხადებაში მითითებული საკითხი. 2019 წლის 5 მარტს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამოიცა აქტი, რომლითაც მოსარჩელის განცხადება განუხილველად გადაეცა სხვა უწყებას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ სახეზეა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2019 წლის 5 მარტის G---------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლები. ამასთან, საქართველოს მთავრობას უნდა დაევალოს დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება ე----------–--ისა და რ--------–----ის 2019 წლის 22 თებერვლის განცხადებასთან დაკავშირებით - სტიქიით დაზარალებული პირების საცხოვრებელი სახლის მშენებლობის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით და კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს დასაბუთებული გადაწყვეტილება წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-23-ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ე----------–--ის და რ--------–----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 მარტის G---------------- გადაწყვეტილება და დაევალოს საქართველოს მთავრობას დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება ე----------–--ისა და რ--------–----ის 2019 წლის 22 თებერვლის განცხადებასთან დაკავშირებით - სტიქიით დაზარალებული პირების საცხოვრებელი სახლის მშენებლობის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით და კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს დასაბუთებული გადაწყვეტილება წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით;

 

3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე