გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.04.2019
საქმის ნომერი
330310019002871054
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
10.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/1458-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

10 აპრილი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მერი გულუაშვილი

სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე

მოსარჩელე -ეკ----------–--------ე

მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

წარმომადგენელი - რ---------------–------

მესამე პირი - უს-------------–-----------------–-------------------------–---------–---–-------–---–------------------ი

წარმომადგენელი - ზუ--------–-ძე

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 18 თებერვლის MES 0------------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

1.2. დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეკ----------–--------ის მიერ საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში - ჰა---------------–-------------------------–---------–---–ში მიღებული განათლების აღიარების შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და მხარი დაუჭირა შესაგებელს.

 

3. მესამე პირის პოზიცია

მესამე პირის - ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალის - სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება (საქმეში ჩაერთო მესამე პირად 2019 წლის 01 მარტის სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინებით).

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

4.1. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1995 წლის 28 ივნისის N3--გ განკარგულების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „გამა“-სა და ამერიკის შეერთებული შტატების ჰავაის უნივერსიტეტებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ქ. თბილისში შეიქმნა ჰავაის უნივერსიტეტის ფილიალი.

 

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 11 ოქტომბრის დადგენილებით დარეგისტრირდა შპს ჰა---------------–-------------------------–---------–---–ი.

 

მტკიცებულებები, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1995 წლის 28 ივნისის N3--გ განკარგულება (ს.ფ. 22);

-ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 11 ოქტომბრის დადგენილება (ს.ფ. 37);

-დამფუძნებელთა კრების ოქმი (ს.ფ. 50);

-შპს ,,ჰა---------------–-------------------------–---------–---–ის'' წესდება (ს.ფ. 26-36).

4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2005 წელს უნივერსიტეტმა შეიცვალა სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და მას მიენიჭა უცხოური აკრედიტაცია. უნივერსიტეტი გახდა საწარმოს ფილიალი და ეწოდა შპს ,,ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალის კოლეჯი, ხოლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 08 ივლისის N533 ბრძანებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის თანახმადაც ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალ კოლეჯს შეეცვალა სახელწოდება და 2010 წლის 28 ივნისიდან ეწოდა უსფ ,,ამერიკულ ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალი - სასწავლო უნივერსიტეტი’’. 2010 წლის 26 აგვისტოს №21/ს გადაწყვეტილებით, ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალ - სასწავლო უნივერსიტეტს მიენიჭა ინსტისტუციური აკრედიტაცია 5 წლის ვადით. აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებას ავტორიზაციის ვადა გაუვიდა 2015 წლის 26 აგვისტოს.

 

მტკიცებულებები, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

 

-2015 წლის 30 მარტის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (ს.ფ.67-68);

-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 12 სექტემბრის სამსახურებრივი ბარათი № MES-------------- (ს.ფ. 137)

 

4.3. საქართველოს განათლებისა და მენიერების მინისტრის 2005 წლის 18 აგვისტოს N413 ბრძანებით, შპს ჰავაის ამერიკულ უნივერსიტეტის თბილისის ფილიალს უარი ეთქვა უმაღლესი საგანანათლებლოს საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის N33 ბრძანების თანახმად, გაიცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ფილიალზე - ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თბილისის კოლეჯზე.

 

2005 წლის 01 ოქტომბრის დამფუძნებელთა N1 კრების ოქმით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ჰა---------------–-------------------------–---------–---–ის ლიკვიდაციის თაობაზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 18 თებერვლის № MES 0------------ გადაწყვეტილება (სწ.ფ. 75-78)

-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 12 სექტემბრის სამსახურებრივი ბარათი № MES-------------- (ს.ფ. 137);

-დამფუძნებელთა კრების ოქმი (ს.ფ. 49);

-ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი (ს.ფ. 202-211);

-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტოს 2018 წლის 17 დეკემბრის №5----- მიმართვა (ს.ფ. 51)

 

4.4. 2000 წლის 29 ივნისს აშშ ჰა---------------–-------------------------–---------–---–ის ადმინისტრატორსა და ზუ-----–-------ძეს (ეკ----------–--------ის მამა) შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც გაიწერა მხარეთა უფლება- მოვალეობები.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-ხელშეკრულება (ს.ფ. 38);

-სააპლიკაციო ფორმა (ს.ფ. 39).

 

4.5. 2--- წლის 15 ივნისს ეკ----------–--------ეს ჰავაის უნივერსიტეტმა მიანიჭა სამართლისა და დიპლომატიის ბაკალავრის წოდება და მის სახელზე გაიცა უნივერსიტეტის დამთავრების დამადასტურებელი №S-------2 დიპლომი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-დიპლომი №S-------2 (ს.ფ. 40-41);

-ჰავაის ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტთა აღრიცხვის დეპარტამენტის ოფიციალური ნიშნების ფურცელი (ს.ფ.42-48).

 

4.6. 2018 წლის 26 ოქტომბერს ეკ----------–--------ემ №------- განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა განათლების მიღების ფაქტის დადასტურება.

 

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 30 ოქტომბრის №MES 2------------ წერილით ეკ----------–--------ეს განემარტა, რომ საგამანათლებლო დოკუმენტში ეკ----------–--------ის ნაცვლად ფიქსირდებოდა ეკა შუბითიძე, რის გამოც ვერ დგინდებოდა დიპლომის კუთვნილება, ამიტომ ეკ----------–--------ეს განესაზღვრა ვადა დამატებითი დოკუმენტაციის წარსადგენად.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის 2018 წლის 30 ოქტომბრის №MES 2------------ წერილი (ს.ფ. 73);

-განცხადება (ს.ფ. 140-142)

 

4.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის დადგენილებით (საქმე№2-------) დაკმაყოფილდა ეკ----------–--------ის განცხადება იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის მოთხოვნით და დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი - ეკ----------–--------ისამი (დაბადების თარიღი - 29.11.1--- წელი, დაბადების ადგილი - საქართველო, ქუთაისი, პირადი ნომერი: 0----------- დაბადების აქტის ჩანაწერი- №----) უფლების დამდგენი საბუთის, სახელდობრ ამერიკული უნივერსიტეტის სენატის მიერ 15.06.2--- წელს გაცემული სამართლისა და დიპლომატიის ბაკალავრის ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის (№S-------2) კუთვნილების ფაქტი, რომელშიც მითითებული სახელი - ,----'' არ ემთხვევა მის დაბადების მოწმობაში მითითებულ სახელს - ,----ტერინე''.

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის დადგენილება სამოქალაქო საქმეზე №2------- (ს.ფ. 15).

 

4.8. 2019 წლის 04 თებერვალს ეკ----------–--------ემ №1----- განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა განათლების მიღების ფაქტის დადასტურება.

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-განცხადება (ს.ფ. 113-115)

 

4.9. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის 05 თებერვალს №MES 2 1---------- ეკ----------–--------ეს, ხოლო №MES 8 1---------- წერილით ამერიკულ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს მიმართა წერილებით და მოითხოვა ინფორმაციის წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა ეკ----------–--------ის მიერ განათლების მიღებისა და მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტი.

 

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 05 თებერვლის №MES 8 1---------- წერილის პასუხად ამერიკულმა ჰუმანიტარულმა უნივერსიტეტმა 2019 წლის 08 თებერვალს №1 წერილით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს და დაადასტურა, რომ 200-2--- წლებში ე-----------------–--------- ნამდვილად სწავლობდა ზემოთ ხსენებულ უმაღლეს სასწავლებელში, რომლის სრული საბაკალავრო კურსი სამართალსა და დიპლომატიაში დაასრულა 2--- წელს, რის საფუძველზეც ამავე წლის ივნისში მიენიჭა შესაბამისი კვალიფიკაცია და გაიცა განათლების დამადასტურებელი დიპლომი №S-------2.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 05 თებერვლის №MES 2 1---------- წერილი (ს.ფ.119-120;

-სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 05 თებერვლის №MES 8 1---------- წერილი (ს.ფ. 121-122);

-ამერიკულმა ჰუმანიტარულმა უნივერსიტეტის 2019 წლის 08 თებერვლის №1 წერილი და დართული დოკუმენტები (ს.ფ. 124-129).

 

4.10. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 05 თებერვლის №MES 0 1---------- სამსახურებრივი ბარათის პასუხად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საერთაშორისო განათლების სამსახურის რეესტრის სამმართველომ 2019 წლის 15 თებერვალს №MES 3------------ სამსახურებრივ ბარათში განმარტა, რომ 2005 წლის 18 აგვისტოს №413 ბრძანების თანახმად, შპს ,,ჰავაის ამერიკული უნივერსიტეტის ფილიალს'' უარი ეთქვა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 05 თებერვლის №MES 0 1---------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 130);

-სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საერთაშორისო განათლების სამსახურის რეესტრის სამმართველოს 2019 წლის 15 თებერვლის №MES 3------------ სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ.131-132).

 

4.11. საქმეში დაცული მასალებით დადასტურებულია, რომ ეკ----------–--------ემ დაასრულა კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის სამართლის სკოლის სამართალმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა და 2010 წლის 14 ოქტომბერს მიენიჭა სამართალმცოდნეობბის მაგისტრის ხარისხი.

 

ეკ----------–--------ემ 2010 წლის 06 ოქტომბერს დოქტორანტის სტატუსით სწავლება განაგრძო კავკასიის უნივერსიტეტში.

 

დადასტურებულია, რომ ეკ----------–--------ე 2015 წლის 11 თებერვლიდან არის სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი (ს.ფ. 68);

-კავკასიის უნივერსიტეტის ცნობა (ს.ფ. 70);

ადვოკატის მოწმობა (ს.ფ. 72);

-ამონაწერი ადვოკატთა რეესტრიდან (ს.ფ. 71).

 

4.7. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 18 თებერვლის №MES 0------------ გადაწყვეტილებით ეკ----------–--------ეს უარი ეთქვა საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარებაზე.

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 18 თებერვლის №MES 0------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 75-78).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ეკ----------–--------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი, საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 18 თებერვლის №MES 0------------ გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით თუ შეთანხმებებით გარანტირებული ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

7.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ განათლების მიღება არის ფაქტი, რომელიც ამა თუ იმ კვალიფიკაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევების სწავლების შედეგად შეძენას გულისხმობს. ,,უმაღლესი განათლების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 'ვ' ქვეპუნქტის თანახმად, აკადემიური ხარისხი არის კვალიფიკაცია, რომელსაც პირს აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას ანიჭებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ან მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ამავე მუხლის 'ო' ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამდენად, პირის მიერ მიღებული განათლების აღიარება იმ სამართლებრივი ჩარჩოს გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს, რაც არსებობდა განათლების მიღების პროცესში და არა შემდგომში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების გამოყენებით. ამგვარი მიდგომა შესაძლოა გამართლებული იყოს თუ ნორმის ახლებური მოწესრიგება პირის უფლებათა რეალიზების უკეთესი საშუალებაა, ვიდრე ამას მანამდე არსებული ნორმის ფარგლები განაპირობებდა.

 

აქვე, სასამართლო mutatis mutandis მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე მიურსელ ერენი თურქეთის წინააღმდეგ (Mürsel Eren v. Turkey), სადაც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით გათვალისწინებული განათლების უფლების დარღვევა. კერძოდ, სტუდენტს, რომელმაც უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდაზე დააგროვა ქულათა საჭირო რაოდენობა, ჰქონდა უნივერსიტეტში ჩარიცხვის ლეგიტიმური მოლოდინი. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოცდების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილებას (რომელიც შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა ძალაში დატოვეს) არ ჰქონდა სამართლებრივი და გონივრული საფუძველი და ამიტომ, იგი თვითნებური იყო. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარი ქმედებით დაირღვა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (განათლების უფლება).

 

გარდა ყოველივე აღნიშნულისა, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტიც (საქართველოსათვის ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) აღიარებს განათლების უფლებას; კერძოდ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „C“ ქვეპუნქტის თანახმად, უმაღლესი განათლება უნდა გახდეს ერთნაირად ხელმისაწვდომი ყველასათვის თითოეულის ნიჭის საფუძველზე, ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელების, და კერძოდ, უფასო განათლების თანდათან შემოღების გზით.

 

გაერთიანებული ერების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ კომიტეტის აღნიშნული მუხლის 1999 წლის ზოგადი კომენტარის თანახმად, განათლების უფლება, როგორც ადამიანის ყველა სხვა დანარჩენი უფლება, სახელმწიფოს აკისრებს სამი სახის ვალდებულებას: ვალდებულებას - პატივი სცეს, ვალდებულებას - დაიცვას და ვალდებულებას - განახორციელოს განათლების უფლება. განხორციელების ვალდებულება კი, თავის მხრივ, მოიცავს ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის ვალდებულებებს. პატივისცემის ვალდებულება გულისხმობს სახელმწიფოს მიერ იმ ღონისძიებებისაგან თავის შეკავებას, რომლებიც ხელს უშლის ან აბრკოლებს განათლების უფლების რეალიზაციას. დაცვის ვალდებულება სახელმწიფოსგან მოითხოვს ყველა იმ ღონისძიების გატარებას, რომელიც ხელს უშლის მესამე პირების მიერ უფლების დარღვევას. განხორციელების (ხელშეწყობის) ვალდებულების ძალით, სახელმწიფომ უნდა გაატაროს ქმედითი ღონისძიებები, რათა ინდივიდებმა და საზოგადოებამ შეძლონ და გაუადვილდეთ განათლების უფლების რეალიზაცია. განხორციელების (უზრუნველყოფის) ვალდებულება გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფომ უნდა მოახდინოს განათლების უფლების რეალიზაცია მაშინ, როცა, მათი ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ცალკეულ ინდივიდებსა თუ საზოგადოებას არ შეუძლია განათლების უფლების თავად რეალიზაცია მათ ხელთ არსებული რესურსების მეშვეობით.

 

7.4. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ცენტრი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი მუშაობას წარმართავს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტების, სამინისტროს მიერ დამტკიცებული ცენტრის დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულებას“, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს ცენტრის ფუნქციებს. კერძოდ, აღნიშნული დებილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია, რომ საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2019 წლის 04 თებერვალს ეკ----------–--------ემ №1----- განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა მის მიერ ამერიკულ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში 2000-2--- წლებში მიღებული განათლების აღიარება.

 

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 18 თებერვლის №MES 0------------ გადაწყვეტილებით ეკ----------–--------ეს უარი ეთქვა მის მიერ 2000-2--- წლებში ამერიკულ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში მიღებული განათლების აღიარებაზე.

 

7.5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ პირველი მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.

 

მითითებული დებულების მეორე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ უფლებამოსილებებს ცენტრი ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში -სამინისტრო), სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან -საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან (შემდგომში - საგანმანათლებლო რესურსცენტრები), საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, ასევე საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.

 

„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ცენტრი ახდენს ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) აღიარებს პირის მიერ მიღებულ განათლებას; ბ) უარს ამბობს პირის მიერ მიღებული განათლების აღიარებაზე. ამდენად, მითითებული ნორმატიული აქტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს განათლების მიღების ფაქტის დადგენას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად გადაწყვიტოს იგი.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით ეკ----------–--------ეს ამერიკულ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში მიღებული განათლების აღიარებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ ამერიკულ ჰუმანიტარული უნივერსიტეტი ეკ----------–--------ისათვის 2000-2--- წლებში უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის სფეროში საგანმანათლებლო მომსახურების გაწევისა და მისთვის 2005 წელს კვალიფიკაციის მინიჭების პერიოდში არ ფლობდა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ამერიკულ ჰუმანიტარული უნივერსიტეტი 2006 წლის 20 იანვრამდე არ იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა ლიცენზირებას დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობა.

 

სასამართლო მოიხმობს „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 251-ე მუხლის პირველი პუნქტს, რომლის თანახმად, ცენტრი ახდენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილების მიერ მიღებული განათლების აღიარებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელი ანიჭებს მიღებული განათლების აღიარების შესაძლებლობას იმ პირებს, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, ხოლო ცენტრის უფლებამოსილებას წარმოადგენს იმ დაწესებულებაში მიღებული განათლება აღიარების საკითხის განხილვა, რომელიც არსებული მდგომარეობით არ ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას.

 

7.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აქტის გაუქმების რამდენიმე შემთხვევას იცნობს, თუმცა, კოდექსის სიტყვასიტყვითი წაკითხვის საფუძველზე, კანონიერი ნდობის პრინციპი ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო აქტს აუქმებს საკუთარი ინიციატივით. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია არა დიპლომისა და შესაბამისი ცნობის ბათილად ცნობა, არამედ მიღებული განათლების აღიარებაზე უარი (რაც, სასამართლოს რწმენით, განსახილველი საქმის გარემოებებიდან გამომდინარე გამორიცხავს მიღებული განათლების გამოყენებას პროფესიული მიზნებისათვის) სამართლებრივი შედეგებით უთანაბრდება აქტის გაუქმებას და ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ამ დოკუმენტების მიმართ სრული მოცულობით ვრცელდება კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქცია. ის გარემოება, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას (როგორც აღინიშნა, დიპლომი აქტი არ არის), ვერ დააბრკოლებს სასამართლოს, რომ კანონი განმარტოს გონივრულად, სამართლიანად, მისი მიზნიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად. სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით; ანუ, მოცემულ შემთხვევაში დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც; დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს; ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. სასამართლოს ღრმა რწმენით, კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები), იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ეკ----------–--------ემ მის სახელზე გაცემული №S-------2 დიპლომის ნამდვილობის მიმართ არსებული კანონიერი ნდობის საფუძველზე განაგრძო საგანმანათლებლო და პროფესიული საქმიანობა. მან მოიპოვა მაგისტრის ხარისხი და სწავლას განაგრძობს სამართლის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოპასუხის პოზიციას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ეკ----------–--------ის სახელზე გაცემული №S-------2 დიპლომის ნამდვილობა კავშირში არ არის მის მიერ კავკასიის უნივერსიტეტში მიღებული მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ნამდვილობასთან, რამეთუ დაუშვებელი და გაუგებარია, როგორ უნდა გააჩნდეს პირს მაგისტრის ხარისხი, თუკი უარყოფილია მის მიერ უმაღლეს დაწესებულებაში ბაკალავრის საფეხურის დასრულების ფაქტი. სასამართლო მიუთითებს ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს და ადგენს, რომ ეკ----------–--------ის მიმართ გაცემული №S-------2 დიპლომის ნამდვილობა პირდაპირ და უშუალო ბმაშია აღნიშნული პირის მიერ მაგისტრის ხარისხის მიღების ფაქტისა და დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად განხორციელებული ქმედებების ნამდვილობასთან.

 

აქვე, სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, სახეზე არ არის სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებითი დარღვევა.

 

სახეზე არ არის აგრეთვე სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება. კერძოდ, სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედება და სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, შესაბამისად, ადგილი არ აქვს სზაკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. მოსარჩელე ენდობოდა უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც თავის მხრივ ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში კი ზღუდავს მოპასუხეს - არ აღიაროს მიღებული განათლება. განსახილველ შემთხვევაში, დაინტერესებული მხარე ენდობოდა სახელმწიფოს მოქმედების, ამ მოქმედების შედეგების სტაბილურობას და მიღებული დიპლომის საფუძველზე ახორციელებდა საქმიანობას.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კანონიერი ნდობის არსებობას და დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის, სამართლებრივი სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით; ადამიანს უნდა ჰქონდეს ნდობა ოფიციალური გადაწყვეტილებებისადმი და მისი ეს ნდობა უნდა იყოს დაცული; კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევა სახელმწიფოს საქმიანობის კანონიერების პრინციპის სასარგებლოდ, უნდა იყოს განსაკუთრებულად დასაბუთებული და უკიდურესად აუცილებელი, რაც განსახილველი საქმის მასალებიდან არ იკვეთება.

 

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1995 წლის 28 ივნისის N3--გ განკარგულების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „გამა“-სა და ამერიკის შეერთებული შტატების ჰავაის უნივერსიტეტებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ქ. თბილისში შეიქმნა ჰავაის უნივერსიტეტის ფილიალი. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 11 ოქტომბრის დადგენილებით დარეგისტრირდა შპს ჰა---------------–-------------------------–---------–---–ი. აღნიშნული დაწესებულება საქმიანობდა საქართველოში ლიცენზირების გარეშე. შესაბამისად, მის მიერ წარმოებული სასწავლო პროცესი ჩართული არ იყო საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში, თუმცა მხარდაჭერილი იყო საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან და სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა დამფუძნებელი სასწავლო ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, ასევე სასწავლო პროგრამებით. ამასთან, მნიშვნელოვანია პირის ნდობა უნივერსიტეტისადმი, რომელიც წლების მანძილზე ფუნქციონირებს და შეუფერხებლად წარმართავს სასწავლო პროცესს. მით უფრო, რომ მოცემული დავის ფარგლებში თავად მესამე პირმა დაადასტურა, რომ საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1995 წლის 28 ივნისის N3--გ განკარგულებისადმი ნდობა გააჩნდა თავად უნივერსიტეტს, ვინაიდან აღნიშნული განკარგულებით უნივერსიტეტი მოქმედებდა საქართველოს განათლების სამინისტროს მეთოდური უზრუნველყოფის ფარგლებში და ამ პროცესში, მხოლოდ 2005 წელს მიიღო მითითება საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზირების აუცილებლობის თაობაზე, რაც მყისიერად შესრულდა უნივერსიტეტის მხრიდან, ხოლო სახელმწიფოს უნივერსიტეტის საქმიანობაში ლიცენზირების გამომრიცხავი ფაქტორები არ დაუდგენია, ლიცენზია გაიცა დაუბრკოლებლად (იხ. სხდომის ოქმი). შესაბამისად, სტუდენტისათვის, რომელიც ენდობოდა სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სასწავლო პროცესის წარმართვის კანონიერების პრინციპს, იმთავითვე ვერ იქნებოდა ცნობილი უნივერსიტეტის ფილიალის არალიცენზირებულობის თაობაზე. აღნიშნული გარემოება თავისთავად გამორიცხავს განათლების მიმღები პირის რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების დადასტურების შესაძლებლობას, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა აღმჭურველი აქტის კანონიერი ნდობის პრინციპზე.

 

აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 18 თებერვლის №MES 0------------ აქტის თანახმად, ეკ----------–--------ეს უარი ეთქვა მიღებული განათლების აღიარებაზე. ასეთ პირობებში ეკ----------–--------ისათვის მიღებული განათლების აღიარებაზე უარი უთანაბრდება მის სახელზე გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის გაუქმებას, რაც მოცემულ შემთხვევაში მის მიერ სამართლის მაგისტრის ხარისხის მოპოვებას, დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების კანონიერებასა თუ იურისტის სპეციალობით განხორციელებული მთელი რიგი ქმედებების კანონიერებასაც კითხვის ქვეშ აყენებს, ყოველივე ეს პირის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოების - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედების დადასტურების გარეშე დაუშვებელია.

 

7.7. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლოს მოსაზრებით, პირის კერძო ინტერესი - ჰქონდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი, დანართი), შესაბამისი კვალიფიკაცია, შეძლოს პროფესიით მუშაობა, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია, არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც საქმის მასალების შესწავლისა და მოპასუხის პოზიციიდან გამომდინარე, გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება. სასამართლო განმარტავს, აღნიშნული ნორმით გარანტირებული, სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლება, გულისხმობს არა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს კანონშესაბამის მოქმედებას, არამედ მის ვალდებულებას, სრულყოფილად შეაფასოს საქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები, რამეთუ სამართალწარმოების პროცესი კანონის სიტყვასიტყით განმარტებასთან ერთად ნორმის მიზნის განსაზღვრასა და შინაარსის გაანალიზებასაც გულისხმობს.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით, როგორებიცაა ნიშნების ფურცელი, თავად შპს ჰა---------------–-------------------------–---------–---–ის განმარტება და განათლების დამადასტურებელი დიპლომი, ეჭვქვეშ არ აყენებს ეკ----------–--------ის მიერ შპს ჰა---------------–-------------------------–---------–---–ში 2000-2--- წლებში განათლების მიღების ფაქტს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 18 თებერვლის №MES 0------------ გადაწყვეტილება ისე იქნა მიღებული, რომ მოპასუხეს არ შეუფასებია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხისადმი ფორმალური მიდგომით უგულვებელყო პირის უფლება მიღებული განათლების აღიარებით მისი ადგილსამყოფელის მიხედვით ხელმისაწვდომი გახდეს დასაქმების ბაზარი, სამომავლო განათლება და სხვა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 18 თებერვლის №MES 0------------ გადაწყვეტილება და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ეკ----------–--------ის მიერ საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარების შესახებ.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლოს ხარჯების გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ეკ----------–--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 18 თებერვლის №MES 0------------ გადაწყვეტილება;

 

3. დაევალოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ეკ----------–--------ის მიერ საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში - შპს ჰა---------------–-------------------------–---------–---–ში მიღებული განათლების აღიარების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

4. მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაეკისროს მოსარჩელის - ეკ----------–--------ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის თანხის 100 ლარის ანაზღაურება;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე - თბილისი გრ. რობაქიძის ქ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე - თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) მეშვეობით, 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე მერი გულუაშვილი