გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.05.2019
საქმის ნომერი
330210019002854320
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
21.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 3-----------------

საქმე N2/3088-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 მაისი, 2019 წელი ქ.თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

მოსარჩელე - მ----------- ა--–--- ღ--–--

წარმომადგენელი - დ---- ყ----–---–ი

მოპასუხე - გ-------------–---–ი

წარმომადგენელი - ვ------------ე

თარჯიმანი - ს----------ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე გ-------------–---–ს მოსარჩელე მ----------- ა--–--- ღ--–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 7469 ლარის გადახდა.

 

წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, 2018 წლის 18 ოქტომბერს ქ.თბილისში, ნ.ყ---–--ის ქუჩაზე, დაახლოებით 09:20 საათზე მოხდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე მ----------- ა--–--- ღ--–--ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს „T----------” სახელმწიფო ნომრით V------ შეეჯახა ავტომობილი „N----------“ სახელმწიფო ნომრით F------, რომელსაც მართავდა გ-------------–---–ი. აღნიშნული შემთხვევის შედეგად ჯამრთელობის მსუბუქი დაზიანება მიიღო მოსარჩელემ და გადაყვანილი იქნა კლინიკაში, ხოლო მატერიალური ზიანი კი მიადგა მის ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება და გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ გ-------------–---–მა დაარღვია საგაზაო მოძრაობის წესები, თუმცა ვინაიდან მის ქმედებაში არ იყო დანაშაულის ნიშნები, გამოძიება შეწყდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის არ არსებობის გამო და მას დაეკისრა პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის.

მოსარჩელის განმარტებით, საქმეზე წარმდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მისი ავტომობილისთვის მიყენებული ზიანი შეადგენს 6800 ლარს, ასევე საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანის ხარჯი კი - 161 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ ასევე მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, მიყენებული ზიანი განისაზღვრა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და შპს „სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ მიერ გაცემული რეკომენდაციებით. მოსარჩელის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხარჯებმა შეადგინა 508 ლარი. საბოლოო ჯამში, მოპასუხის მიერ მოსარჩელეზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 7469 ლარი, რასაც ამჟამად ითხოვს მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნით (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხემ არ სცნო სარჩელი და მიუთითა მხოლოდ შემდეგ გარემოებაზე, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა აღემატებოდა მის ეკონომიურ შესაძლებლობებს. მას ნამდვილად დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა, რაც გადაიხადა კიდეც, თუმცა მისი გადახდაც კი გაუჭირდა როგორც სტუდენტს. იმის გათვალისწინებით, რომ არის სტუდენტი, მას არ გააჩნია არანაირი შემოსავალი და თუკი მოხდება მასზე სასარჩელო მოთხოვნით მოთხოვნილი თანხის დაკისრება, კიდევ უფრო გაურთულდება მდგომარეობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხემ ითხოვა, რომ მას არ დაკისრებოდა თანხის გადახდა (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო გარემოებები არ გამოკვეთილა.

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 2018 წლის 27 დეკემბრის დადგენილებით შეწყდა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ირანის მოქალაქე მ----------- ა--–--- ღ--–--ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, დანაშაული გათალისწიებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 18 ოქტომბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო გ-------------–---–ის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფით, რა დროსაც ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო მ----------- ა--–--- ღ--–--მა, შესაბამისად, გ-------------–---–ის ქმედება არ შეიცავდა სისხლის სამარათლის კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, თუმცა შეინიშნებოდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათავალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნები, რის გამოც სისხლის სამართლის კანონით გათვლისწინებული ქმედების არ არსებობის გამო შეწყდა გამოძიება.

 

აღნიშნული დადგენილება მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა და ამჟამად კანონიერ ძალაშია შესული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიები შეწყვეტის თაობაზე (ს.ფ. 20-22)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.2. 2018 წლის 18 ოქტომბრის ოქმით დგინდება სპეციალურად დაცული (საჯარიმო) ავტოსადგურზე მოსარჩელის მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანის მოთავსების ფაქტი.

 

ამავე ოქმით დასტურდება ა/მანქანაზე დაზიანებების არსებობაც.

 

საქმეზე წარმოდგენილი ქვითრით #1-------- დგინდება, მოსარჩელის მიერ ევაკუატორით მომსახურების სერვისზე 161 ლარის გადახდის ფაქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ქვითარი (ს.ფ. 23)

- 2018 წლის 18 ოქტომბრის ოქმი (ს.ფ. 24)

 

4.3. საქმეზე წარმოდგენილი 2018 წლის 18 ოქტომბრის ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე დგინდება, რომ პაციენტს ა--–--- ღ--–-- მ-----------ს დაახლოებით 20 წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ჰქონდა ტრავმა, უჩიოდა ტკივილსა და მოძრაობის შეზღუდვას მარჯვენა/მარცხენა სხივ-მაჯის არეში, ასე ჭრილობის არსებობას მარცხენა მტევნის მიდამოში. აღნიშნული ჩივილების გამო სსდ 112 ბრიგადის მიერ მოყვანილი იქნა კლინიკაში.

 

ამავე ცნობით დგინდება, რომ მოსარჩელეს ჩაუტარდა მორიგე ექიმის, ტრავმატოლოგისა და ზოგადი ქირურგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გლიკემიის კონტროლი, მარჯვენა/მარცხენა მტევნის სხივ-მაჯის სახსრის რენტგენოგრაფია, შარდის საერთო ანალიზი.

 

გამოკვლევევის შედეგად დაუდგინდა დიაგნოზი: მაჯისა და მტევნის სხვა ნაწილების ღია ჭრილობა. მარცხნივ; მაჯისა და მტევნის სხვა ნაწილების დაჟეჟილობა. მარცხნივ; წინამხრის სხვა ზედაპირული ტრავმა. მარჯვნივ; წინამხრის სხვა ზედაპირული ტრავმა. მარჯვნივ.

 

პაციენტს მიეცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები.

 

აღიშნულ კლინიკაში მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა მკურნალობის ღირებულების საფასური 450 ლარი, ჭრილობების შეხვევა-დამუშავებისთვის 20 ლარი, ნაკერების მოხსნისთვის 20 ლარი, ასევე მედიკამენტების შეძენისთვის 18 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 25)

- რეკომენდაციები პაციენტის გაწერისას (ს.ფ. 26)

- ჩეკები და ქვითრები (ს.ფ. 27-28)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 999-ე, 408-ე მუხლები

საქართველოს სამოქალაქო საპროცწესო კოდექსის 201-ე, მე-4, 102-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.

 

ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ 2018 წლის 18 ოქტომბერს მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის გამოც დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება, თუმცა 2018 წლის 27 დეკემბერს შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ არ მომხდარა შედავება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლოს წინაშე არ წარმოუდგენია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგო მტკიცებულება, რის გამოც სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. რაც შეეხება შესაგებელში გაცხადებულ ფაქტს, რომ მოპასუხეს არ აქვს შემოსავალი და ვერ მოახდენს ზიანის ანაზღაურებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული არ არის სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციური შედავება და ასეთი განაცხადი ვერც რაიმე სადავო გარემოებას ვერ ადასტურებს. ამასთან, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება არა მხოლოდ მოპასუხის მიერ მოსარჩელეზე ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე ასეთი ფაქტის შედეგად გამოწვეული ზიანის ოდენობა, რაც ჯამურად შეადგენს სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული თანხის ოდენობას 7469 ლარს. აღნიშნულ ზიანის ოდენობაში შედის როგორც მოსარჩელის მკურნალობის ხარჯი, ასევე ა/მანქანაზე მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა და საევაკუაციო ხარჯი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა და ამასთან მოსარჩელე კანონით დადაგენილი წესით გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხე გ-------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის საფასური - 224.07 ლარის ოდენობით. ამასთან, მოსარჩელის მიერ გაღებული საადვოკატო მომსახურების ხარჯის მხოლოდ ნაწილი უნდა დაეკისროს მოპსუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 200 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე მ----------- ა--–--- ღ--–--ის (პ/ნ 0----------) სარჩელი, მოპასუხე გ-------------–---–ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე - დაკმაყოფილდეს სრულად.

 

1.1. მოპასუხე გ-------------–---–ს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე მ----------- ა--–--- ღ--–--ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს 7 469 (შვიდი ათას ოთხარ სამოცდაცხრა) ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხე გ-------------–---–ს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე მ----------- ა--–--- ღ--–--ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის - 200 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე გ-------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის საფასური - 224.07 ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე