გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.05.2019
საქმის ნომერი
160210017002017449
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
16.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N160210017002017449

N2/719-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 მაისი, 2019 წ. ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ია ლაბაძე

სხდომის მდივანი ვერიკო ნინიაშვილი

მოსარჩელე - სს ,,კრ---------კი“

წარმომადგენელი - თა----------ნი (არ გამოცხადდა)

მოპასუხეები: შა-–--–-------–-ევა, სა---------–--ვა, ელ–------–-ევი, ბა--–---–-ევი (არ გამოცხადნენ)

წარმომადგენელი - რუ----------–ოვი (არ გამოცხადდა)

თარჯიმანი: ნაილი იბრაგიმოვა

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, უფლებამონაცვლედ და მესაკუთრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. აწ გარდაცვლილი ამ------–--ვას (პ/ნ 28--------2) უფლებამონაცვლეებად სა---------–--ვას, ელ–------–-ევისა და ბა--–---–-ევის ცნობა;

 

1.2. აწ გარდაცვლილი ამ------–--ვას (პ/ნ 28--------2) სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. მარნეული, ნი----------ჩა, ს/კ 83.02.09.8--, სა---------–--ვას, ელ–------–-ევისა და ბა--–---–-ევის სახელზე აღრიცხვა;

1.3. მოპასუხეების შა-–--–-------–-ევას, სა---------–--ვას, ელ–------–-ევსა და ბა--–---–-ევისათვის მოსარჩელე სს ,,კრ---------კის“ სასარგებლოდ სოლიდარულად 17927,84 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 12 970,55 აშშ დოლარის, სარგებელი - 3514,33 აშშ დოლარი, დაზღვევის თანხა - 466,55 აშშ დოლარი, საკომისიო - 76 აშშ დოლარის, ხოლო პირგასამტეხლო - 900,41 აშშ დოლარი;

 

1.4. მოპასუხეების შა-–--–-------–-ევას, სა---------–--ვას, ელ–------–-ევისა და ბა--–---–-ევისათვის მოსარჩელე სს ,,კრ---------კის“ სასარგებლოდ დაკისრებული დავალიანების გადახდევინების მიზნით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე - ქ. მარნეული, ნი----------ჩა, ს/კ 83.02.09.8--, იძულებით აუქციონზე რეალიზაცია;

 

1.5. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული დავალიანების სრულად დასაფარად, დავალიანების გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხეების შა-–--–-------–-ევას, სა---------–--ვას, ელ–------–-ევისა და ბა--–---–-ევის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან (იხ. დაზუსტებული სარჩელი ს.ფ. 210-230, 07.05.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 13:37:03).

 

სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2014 წლის 08 ოქტომბერს, შპს „მიკ---------------------------–---------ოსა" და შა-–--–-------–-ევას შორის გაფორმდა სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, 240 თვის ვადით, რომლის შესაბამისად მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება პერიოდულად განეხილა მსესხებლისათვის სესხის გამოყოფის საკითხი. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა სესხის მაქსიმალური ოდენობა 50000 ლარი, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა გაცემულიყო სესხი პერიოდულად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით.

 

სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულებაზე და მის ფარგლებში გაცემული სესხების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა ამ------–--ვას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება: მდებარე ქ. მარნეული, ნი----------ჩა, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 83.02.09.8--. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია, თუ მსესხებელი არ გადაიხდის ამ ხელშეკრულებით უზრუნველყოფილ სესხებს, დარიცხულ სარგებელსა და ჯარიმას. ამასთან, კრედიტორის მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნას.

 

2014 წლის 08 ოქტომბრის სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, შპს ,,მიკ---------------------------–---------ოსა” და შა-–--–-------–-ევას შორის, 2015 წლის 28 მაისს დაიდო სესხის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხემ ისესხა 16 000 აშშ დოლარი, 48 თვის ვადით, 2019 წლის 10 ივნისის ჩათვლით. სესხის ყოველთვიური კლებადი საპროცენტო სარგებელი შეადგენს 1,42%-ს. სესხის ხელშეკრულების 3.15 პუნქტის მიხედვით, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო ყოველ შემდგომ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში. ხელშეკრულების 3.4 მუხლის თანახმად გადახდის გრაფიკი ასევე შეიძლება ითავლისწინებდეს მომსახურების გადასახადსაც. სესხის ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა, რომლის გადახდის ვალდებულება და გადასახდელი თანხის ოდენობა შეთანხმებულია მხარეთა მიერ ხელმოწერილი გადახდის გრაფიკით, ხოლო აღნიშნული გადასახდელის გადაუხდელობა მიიჩნევა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობად. სესხის ხელშეკრულების 6.1 პუნქტის შესაბამისად - ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, "გამსესხებელი" უფლებამოსილია მოსთხოვოს "მსესხებელს", სესხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის, მომსახურების საკომისიოს გადასახდელების, სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელთან ერთად, დაუყოვნებლივ გადახდა. აღნიშნული არ გამორიცხავს გამსესხებლისათვის მინიჭებულ ნებისმიერ უფლებას, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით.

 

მსესხებელს ჰყავს თავდები, კერძოდ ამ------–--ვა, რომელთანაც დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებმა (მოპასუხემ) იკისრა სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე, დაფაროს ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდგომ. თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად, თავდები გამსესხებლის წინაშე პასუხს აგებს: სესხის ძირითად თანხაზე 16000 აშშ დოლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტზე 7000 აშშ დოლარზე, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელზე 700 აშშ დოლარზე, მომსახურების ყოველწლიურ გადასახადზე 200 აშშ დოლარზე, რაც მთლიანობაში შეადგენს 23900 აშშ დოლარს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე.

 

მსესხებელი არღვევს ხელშეკრულებით შეთანხმებული გადახდის გრაფიკს და უწყვეტ ვადაგადაცილებაში იმყოფება 2016 წლის 10 ივლისის შემდგომ. მსესხებელმა, 2016 წლის 26 აგვისტოს გადაიხადა გარკვეული თანხა, თუმცა ამ თანხით დაიფარა 2016 წლის 10 ივნისს გადასახდელი თანხა და ჯარიმა, ასევე 2016 წლის 10 ივლისის ჩათვლით გადასახდელი თანხების ნაწილი. სესხის, გრაფიკით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო, მსესხებელს და თავდებებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები, რათა მოეხდინათ ვადაგადაცილებული თანხების გადახდა, თუმცა გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხეებს არ დაუფარავთ დავალიანება და არ შეუსრულებიათ ვალდებულება.

 

თავდები ამ------–--ვა გარდაიცვალა. მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს მიერ გამოთხოვილი წერილობითი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ აწ გარდაცვლილ ამ------–--ვას ჰყავს შვილები სა---------–--ვა და ელ–------–-ევი; საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან გამოთხოვილი ინფორმაციით კი, გარდაცვლილი ამ------–--ვას სამკვიდრო მიღებული აქვს ბა--–---–-ევს. 2017 წლის 03 იანვარს, ბახ-–--------------–-ევმა მიმართა ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით. მოპასუხეები ელ–------–-ევი და ბა--–---–-ევი ცხოვრობენ ნაზიმის ქ.N21-ში (იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაში), რაც ადასტურებს, ფაქტს იმის შესახებ, რომ ისინი ახორციელებენ სამკვიდროს ფაქტობრივ ფლობას, ხოლო ის ფაქტი, რომ აწ გარდაცვლილ ამ------–--ვას შვილი სა---------–--ვა რეგისტრირებულია სხვა მისამართზე, თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ ის არ არის გარდაცვლილის მემკვიდრე ან უარს ამბობს სამკვიდროს მიღებაზე. ცალსახაა, რომ მემკვიდრეები აჭიანურებენ სამკვიდრო ქონების საკუთარ სახელზე აღრიცხვას, გარდაცვლილ ამ------–--ვას სახელზე რიცხული უძრავი ქონება, კვლავ გარდაცვლილის სახელზე ფიქსირდება.

 

სარჩელის აღძვრის დროისათვის მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ შეადგენს: 17927.84 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის: 12970,55 აშშ დოლარი; გრაფიკით გათვალისწინებული დარჩენილი გადასახდელი პროცენტი სრულად 3514,33 აშშ დოლარი; სიცოცხლის დაზღვევის დარჩენილი თანხა სრულად 466,55 აშშ დოლარი; საკომისიო 76 აშშ დოლარი, გრაფიკით შეთანხმებული თანხის გადაუხდელობის გამო დარიცხული ჯარიმა (0,27%) - 801,46 აშშ დოლარი და ჯარიმა (5% არანაკლებ 2 ლარისა) - 98,95 აშშ დოლარი.

 

2016 წლის 09 სექტემბერს, შპს ,,მიკ---------------------------–---------ომ” შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმა სს ,,მიკ---------------------------–---------ოდ”, გარდა ამისა, განხორციელდა მოსარჩელის დასახელების ცვლილება და ამჟამად მოსარჩელის დასახელებაა სს ,,კრ---------კი“ (იხ. დაზუსტებული სარჩელი ს.ფ.210-230, 07.05.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხეებმა შა-–--–-------–-ევამ და ბა--–---–-ევმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ პროცენტი არის კაბალური, ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, ეროვნული ბანკის ნორმებს და წესებს, ასევე დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკას. მოპასუხეებმა ელ–------–-ევმა და სა---------–--ვამ უარი თქვეს სამკვიდრო ქონებაზე ბა--–---–-ევის სასარგებლოდ (იხ. შესაგებელი ს.ფ. 301-308).

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხეთა წარმომადგენელმა რუ----------–ოვმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ აწ. გარდაცვლილ ამ------–--ვას ჰყავდა 3 შვილი, სა---------–--ვა, ელ–------–-ევი და ბა--–---–-ევი. მოპასუხეები სა---------–--ვა და ელ–------–-ევი უარს აცხადებენ სამკვიდროს მიღებაზე ბა--–---–-ევის სასარგებლოდ. შესაბამისად, სა---------–--ვა და ელ–------–-ევი ვერ ჩაითვლებიან ამ------–--ვას უფლებამონაცვლეებად. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეების იძულებით უფლებამონაცვლეებად და მესაკუთრედ ცნობას, რაც კანონით დაუშვებელია. გარდა ამისა, შა-–--–-------–-ევამ ხელზე აიღო 15 854 აშშ დოლარი და 18 თვის განმავლობაში ყოველთვიურად იხდიდა 478 აშშ დოლარს, შესაბამისად, მას გადახდილი აქვს 8604 აშშ დოლარი, ხოლო გადასახდელი დარჩა 7251 აშშ დოლარი და არა მოთხოვნილი თანხა. მოპასუხის მიერ გადახდილი თანხებით მოსარჩელემ ჯერ დაფარა პირგასამტეხლო, შემდეგ სარგებელი, ხოლო ძირი თანხა იგივე დატოვა, რაც არასწორია. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი და პირგასამტეხლო არის კაბალური და უნდა მოხდეს მისი შემცირება. ასევე ხანდაზმულია მოსარჩელის მოთხოვნა, რადგან მას ამ------–--ვას გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში არ მიუმართავს მემკვიდრეებისათვის (იხ. 07.05.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი 13:48:22-14:02:17).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 08 ოქტომბერს, შპს „მიკ---------------------------–---------ოსა" და შა-–--–-------–-ევას შორის გაფორმდა სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, 240 თვის ვადით, სესხის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 50000 ლარით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 08.10.2014 წლის სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულება (ს.ფ. 18-19);

 

3.1.2. 2014 წლის 08 ოქტომბრის სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, იპოთეკით დაიტვირთა ამ------–--ვას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება: მდებარე ქ. მარნეული, ნი----------ჩა, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 83.02.09.8--.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 08.10.2014 წლის იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ.20-22);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 23-24);

 

3.1.3. იპოთეკის ხელშეკრულების 5.11. პუნქტით განისაზღვრა, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნის ოდენობას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 08.10.2014 წლის იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 20-22);

 

3.1.4. 2014 წლის 08 ოქტომბრის სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, შპს ,,მიკ---------------------------–---------ოსა” და შა-–--–-------–-ევას შორის, 2015 წლის 28 მაისს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ ისესხა 16 000 აშშ დოლარი, 48 თვის ვადით, 2019 წლის 10 ივნისის ჩათვლით. სესხის ყოველთვიური კლებადი საპროცენტო სარგებელი შეადგენს 1,42%-ს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 28.05.2015 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ.25-26);

 

3.1.5. სესხის ხელშეკრულების 3.15. პუნქტის მიხედვით, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო ყოველ შემდგომ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 28.05.2015 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 25-26);

 

3.1.6. მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების თანახმად დაზღვეული იქნა მსესხებლის შა-–--–-------–-ევას სიცოცხლე. სესხის ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა, რომლის გადახდის ვალდებულება და გადასახდელი თანხის ოდენობა შეთანხმებულია მხარეთა მიერ ხელმოწერილი გადახდის გრაფიკით, ხოლო აღნიშნული გადასახდელის გადაუხდელობა მიიჩნევა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობად. შპს ,,მიკ---------------------------–---------ოს” მსესხებლების სიცოცხლე ავტომატურად იზღვევა სს ,,სად-----------------------–---------იაიში”. სადაზღვევო პრემიას იხდის შპს ,,მიკ---------------------------–---------ო”, რაც გადახდის გრაფიკის შესაბამისად მას უნდა აუნაზღაუროს მსესხებელმა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 28.05.2015 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 25-26);

- შეთანხმება დაზღვევის სფეროში თანამშრომლობის შესახებ (ს.ფ. 31-35);

- საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევის პირობები (ს.ფ. 36-39);

- შეთანხმება დაზღვევის პოლისში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ (ს.ფ. 40-44);

 

3.1.7. სესხის ხელშეკრულების 6.1 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, "გამსესხებელი" უფლებამოსილია მოსთხოვოს "მსესხებელს", სესხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის, მომსახურების საკომისიოს გადასახდელების, სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელთან ერთად, დაუყოვნებლივ გადახდა. აღნიშნული არ გამორიცხავს გამსესხებლისათვის მინიჭებულ ნებისმიერ უფლებას, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 28.05.2015 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 25-26);

 

3.1.8. შპს ,,მიკ---------------------------–---------ოსა” და შა-–--–-------–-ევას შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად ამ------–--ვასთან დაიდო თავდებობის ხელშეკრულება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თავდებობის განცხადება და ხელშეკრულება (ს.ფ. 45-46);

 

3.1.9. თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად, თავდებმა იკისრა სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე დაფაროს ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა, კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი გაფრთხილების შემდგომ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თავდებობის განცხადება და ხელშეკრულება (ს.ფ. 45-46);

 

3.1.10. თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად, თავდები გამსესხებლის წინაშე პასუხს აგებს: სესხის ძირითად თანხაზე 16000 აშშ დოლარზე, მასზე დარიცხული პროცენტზე 7000 აშშ დოლარზე, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელზე 700 აშშ დოლარზე; მომსახურების ყოველწლიურ გადასახადზე 200 აშშ დოლარზე; რაც მთლიანობაში შეადგენს 23900 აშშ დოლარს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თავდებობის განცხადება და ხელშეკრულება (ს.ფ. 45-46);

 

3.1.11. მოვალე უწყვეტ ვადაგადაცილებაში იმყოფება 2016 წლის 26 აგვისტოს შემდგომ. მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები მიმდინარე დავალიანების დაფარვის მოთხოვნით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გაფრთხილების წერილები, უკუგზავნილები (ს.ფ.49-54);

- სესხის დაფარვის ისტორია (ს.ფ. 47-48);

 

3.1.12. 2016 წლის 09 სექტემბერს, შპს ,,მიკ---------------------------–---------ომ” შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმნა სს ,,მიკ---------------------------–---------ოდ”. ასევე განხორციელდა მოსარჩელის დასახელების ცვლილება და ამჟამად მოსარჩელის დასახელებაა სს ,,კრ---------კი“.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან (ს.ფ. 60-61).

 

3.1.13. 2016 წლის 06 ოქტომბერს გარდაიცვალა ამ------–--ვა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გარდაცვალების აქტის ჩანაწერი (ს.ფ. 130-131).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2015 წლის 28 მაისის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებლისა და თავდების სოლიდარული დავალიანება სს ,,კრ---------კის“ მიმართ შეადგენს 17927.84 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 12970,55 აშშ დოლარი; გრაფიკით გათვალისწინებული დარჩენილი გადასახდელი პროცენტი სრულად 3514,33 აშშ დოლარი; სიცოცხლის დაზღვევის დარჩენილი თანხა სრულად 466,55 აშშ დოლარი; საკომისიო 76 აშშ დოლარი, გრაფიკით შეთანხმებული თანხის გადაუხდელობის გამო დარიცხული ჯარიმა (0,27%) - 801,46 აშშ დოლარი და ჯარიმა (5% არანაკლებ 2 ლარისა) - 98,95 აშშ დოლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა. ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც მისი აზრით ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას. საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა, შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, აგრეთვე 102-ე მუხლით, რომლის თანახმადაც მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მითითებას, რომ შა-–--–-------–-ევას დარჩენილი დავალიანება შეადგენს 7251 აშშ დოლარს, რადგან მის მიერ გადახდილი თანხებით პირველ რიგში უნდა დაფარულიყო სესხის ძირი თანხა, შემდეგ კი სარგებელი და პირგასამტეხლო. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საქმეში წარმოდგენილია მხარეთა მიერ ხელმოწერილი სესხის ხელშეკრულება, რომლის 3.11. პუნქტის თანახმად, მსესხებლის მიერ გადახდილი თანხით პირველ რიგში იფარება პირველ გადაუხდელ გადასახდელზე დარიცხული ჯარიმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მომსახურების საკომისიო(ები) (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ პირველი გადასახდელი სარგებელი და ბოლოს პირველი გადასახდელი ძირი, ხოლო შემდგომ შემდგომი მსგავსი გადასახდელები იგივე თანმიმდევრობით ასეთის არსებობისას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს 17927.84 აშშ დოლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, 07.05.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი);

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 55).

 

3.2.2. ამ------–--ვას პირველი რიგის მემკვიდრეები არიან მისი შვილები: სა---------–--ვა და ელ–------–-ევი. სასამართლო სხდომაზე მოპასუხეთა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ამ------–--ვას დარჩა სამი შვილი და ელ–------–-ევისა და სა---------–--ვას გარდა, ამ------–--ვას შვილია ბა--–---–-ევი. ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში რეგისტრირებულია ჩანაწერი 2016 წლის 06 ოქტომბერს გარდაცვლილი ამ------–--ვას (პ/ნ 28--------2) სამკვიდრო ქონების შესახებ სამემკვიდრეო საქმის წარმოების მიმდინარეობის თაობაზე. კერძოდ, ნოტარიუს ნინო ბარბაქაძის მიერ, 2017 წლის 03 იანვარს დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ ბახ-–--------------–-ევის (ბა--–---–-ევის) განცხადება.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხე შა-–--–-------–-ევამ დაადასტურა, რომ იპოთეკით დატვირთულ ქონებაში დღემდე ცხოვრობენ თვითონ და მისი მეუღლე ელ–------–-ევი. შესაბამისად, ელ–------–-ევს ფაქტობრივი მფლობელობის გზით მიღებული აქვს ამ------–--ვას სამკვიდრო ქონება, მართალია, სა---------–--ვა არ ცხოვრობს იმავე მისამართზე, თუმცა სადავო გარემოება არაა, რომ იგი არის ამ------–--ვას პირველი რიგის მემკვიდრე, ხოლო ბახ-–--------------–-ევმა მიმართა სანოტარო ორგანოს ამ------–--ვას სამკვიდროს მიღების მოთხოვნით. ამასთან, ელ–------–-ევი და ბა--–---–-ევი რეგისტრირებული არიან აწ გარდაცვლილ ამ------–--ვას სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაში.

 

სასამართლოს სხდომაზე მოპასუხეთა წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელეს პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს სა---------–--ვას და ელ–------–-ევის მიმართ, რადგან მათ ბა--–---–-ევის სასარგებლოდ უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია, უფრო მეტიც, მანვე დაადასტურა, რომ სა---------–--ვამ და ელ–------–-ევმა სამკვიდროზე უარი თქვეს მხოლოდ ზეპირად, ხოლო სანოტარო ორგანოსთვის სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის განცხადებით მათ არ მიუმართავთ. შესაბამისად, სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს სამკვიდროზე უარის თქმის მხოლოდ ზეპირ განცხადებას.

 

სამკვიდრო ქონება ელ–------–-ევის, სა---------–--ვას და ბა--–---–-ევის საკუთრებად რეგისტრირებული არაა. ქონება საჯარო რეესტრში კვლავ აღრიცხულია ამ------–--ვას საკუთრებად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 07.05.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი);

- წერილი სსგს სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურიდან (ს.ფ. 289-290);

- საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წერილი (ს.ფ. 291);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 23-24);

 

3.2.3. მოპასუხე მხარის მითითებით ამ------–--ვას გარდაცვალების შემდეგ, მოსარჩელემ მის მემკვიდრეებს დროულად არ წარუდგინა პრეტენზია. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ამ------–--ვა გარდაიცვალა 2016 წლის 06 ოქტომბერს. მოპასუხეთა მოსაზრების მიხედვით, მოსარჩელეს მემკვიდრეებისათვის პრეტენზია უნდა წარედგინა ამ------–--ვას გარდაცვალების შეტყობიდან 6 თვის ვადაში. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ვადა დაცულია მოსარჩელე მხარის მიერ. კერძოდ, მოსარჩელემ თავდაპირველად სარჩელი სასამართლოში წარმოადგინა 2017 წლის 19 ივლისს, მოპასუხეების შა-–--–-------–-ევას და ამ------–--ვას მიმართ. საქმეში წარმოდგენილია სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 09 აგვისტოს წერილი, რომლითაც სს ,,კრ---------კს“ ეცნობა ამ------–--ვას გარდაცვალების შესახებ და მიეწოდა გარდაცვალების აქტის ჩანაწერი. ამავე წერილით მოსარჩელეს უარი ეთქვა ამ------–--ვას პირველი რიგის მემკვიდრეთა შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე. 2017 წლის 13 სექტემბერს, მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მომართა სასამართლოს და ვინაიდან, მისთვის ცნობილი არ იყო ამ------–--ვას პირველი რიგის მემკვიდრეთა შესახებ, მან მოითხოვა აღნიშნული ინფორმაციის სასამართლოს მეშვეობით გამოთხოვა. სასამართლოს მიერ ინფორმაციის გამოთხოვის შემდეგ, სს ,,კრ---------კმა“ 2018 წლის 19 ოქტომბერს დააზუსტა სარჩელი და პრეტენზია წარუდგინა ამ------–--ვას პირველი რიგის მემკვიდრეებს. ამდენად მოპასუხეთა მითითება უსაფუძვლოა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელები (ს.ფ. 1-17, 69-89, 210-230);

- საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წერილი (ს.ფ. 291);

- წერილი სსგს სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურიდან (ს.ფ. 289-290);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სს ,,კრ---------კის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ სს ,,კრ---------კის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1319-ე, 1320-ე, 1421-ე, 1336-ე, 1424-ე, 286-ე, მე-300, 301-ე, 316-ე, 361-ე, 394-ე, მე-400, 411-ე, 416-418-ე, 420-ე, 463-465-ე, 623-ე, 625-ე, 799-ე, 806-ე, 815-ე, 891-ე, 895-ე, 896-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით”. ამავე კოდექსის 1319-ე მუხლით სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ხოლო 1320-ე მუხლით, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.

 

დადგენილია, რომ ამ------–--ვა გარდაიცვალა 2016 წლის 06 ოქტომბერს, მას დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე, შვილები: ელ–------–-ევი, სა---------–--ვა და ბა--–---–-ევი. ელ–------–-ევი დედის სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა და დღესაც ცხოვრობს იპოთეკით დატვირთულ სახლში, ამავე მისამართზეა რეგისტრირებული ბა--–---–-ევი, ხოლო სა---------–--ვას უარი არ განუცხადებია დედის სამკვიდრო ქონების მიღებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი ნაწილით `სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე”. ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი პუნქტით ,,კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები)”.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილით მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლით სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ამ------–--ვას სამკვიდროს მიღების მოთხოვნით სანოტარო ორგანოში განცხადება აქვს წარდგენილი ბახ-–--------------–-ევს (ბა--–---–-ევს), თუმცა მის სახელზე არ არის გაცემული სამკვიდრო მოწმობა. მტკიცებულებათა გამოკვლევით დადგინდა, რომ ამ------–--ვას გარდაცვალების შემდეგ, კანონით დადგენილ 6 თვის ვადაში ელ–------–-ევსა და სა---------–--ვას ნოტარიუსისათვის არ მიუმართავთ და სამკვიდრო მოწმობა არ მიუღიათ, თუმცა ელ–------–-ევი ფაქტობრივი ფლობითაა დაუფლებული დედის სამკვიდრო ქონებას, ხოლო სა---------–--ვას უარი არ განუცხადებია სამკვიდროს მიღებაზე. ამდენად, დადგენილად უნდა იქნას მიჩნეული პირველი რიგის მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღება. იმისათვის, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციისას დაცული იყოს მათი სამკვიდრო უფლება, აუცილებელია მემკვიდრეები ამ ქონების მესაკუთრეებად აღირიცხონ საჯარო რეესტრში, შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე. დადგენილია, რომ 2015 წლის 28 მაისს შა-–--–-------–-ევა, შპს ,,მიკ---------------------------–---------ოსაგან” ისესხა 16000 აშშ დოლარი, ყოველთვიური 1,42%-იანი სარგებლით. სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 48 თვე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტების თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

დადგენილია, რომ მსესხებელი ვადაგაცილებაში იმყოფება 2016 წლის 10 ივლისიდან, მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში ფულადი ვალდებულება არ იქნა სრულად შესრულებული. სესხის თანხის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის გამო, მსესხებელს და თავდებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები, რომლითაც განესაზღვრათ დამატებითი ვადა, რათა დაეფარათ ვადაგადაცილებული დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში გამსესხებელი შეწყვეტდა ხელშეკრულებას და მოითხოვდა თანხის ვადაზე ადრე დაბრუნებას. მიუხედავად გაფრთხილებისა, მოპასუხეებმა (მსესხებელმა და თავდებმა) არ განახორციელეს დავალიანების დაფარვა და შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 806-ე მუხლის შესაბამისად, დაზღვევა იწყება ხელშეკრულების დადების დღის ოცდაოთხ საათზე და მთავრდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლო დღის ოცდაოთხ საათზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 815-ე მუხლის თანახმად, დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი მხოლოდ დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის მიღების შემდეგ. თუ დაზღვევის ინტერესი დაიკარგა, მაშინ მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს სადაზღვევო შესატანის ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება ნაკისრი რისკის ხანგრძლივობას. მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს მომსახურების შესაბამისი ანაზღაურების გადახდა.

 

მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების თანახმად დაზღვეული იქნა მსესხებლის შა-–--–-------–-ევას სიცოცხლე. სესხის ხელშეკრულებით მსესხებელმა იკისრა ვალდებულება გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანების დროულად და სრულად გადახდის შესახებ. აღნიშნული გადასახდელის გადახდის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მხარეთა შეთანხმებით მიიჩნევა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობად.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს, რომ მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულია, მსესხებელსა და თავდებს კი ნაკისრი ვალდებულება შესრულებული არ აქვთ, რაც მათთვის სესხის ძირითადი თანხის (დაზღვევის თანხასთან ერთად), სარგებლისა და საკომისიოს თანხის დაკისრების საფუძველია.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მოპასუხეების მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მოპასუხეებს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

ზემოთ მითითებული გარემოებების, ასევე მოპასუხეების მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება. კერძოდ, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 900,41 აშშ დოლარი უნდა შემცირდეს 10-ჯერ და მოპასუხეებს სს ,,კრ---------კის“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროთ 90,04 აშშ დოლარის გადახდა.

 

6.4. სს ,,კრ---------კი“ ითხოვს დავალიანების გადახდის სოლიდარულად დაკისრებას თავდებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად კი, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. ხოლო 896-ე მუხლის თანახმად, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე ამ------–--ვამ თავდებობის ხელშეკრულებებით იკისრა სოლიდარული ვალდებულება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე აღებული სესხის ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლის, სადაზღვევო პრემიისა და დარიცხული პირგასამტეხლოს ჩათვლით. თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად, მისი პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 23900 აშშ დოლარი, ასევე შესაძლო ჯარიმები და პირგასამტეხლოები. თავდები ამ------–--ვა გარდაიცვალა, ხოლო სასამართლოს მიერ მის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ: ელ–------–-ევი, სა---------–--ვა და ბა--–---–-ევი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მათ ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის. ამასთან, პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს დავალიანების სრულ თანხაზე.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ როგორც 2014 წლის 08 ოქტომბრის სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულების, ასევე მის ფარგლებში დადებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები უზრუნველყოფილი იქნა უძრავ ნივთზე, ს/კ 83.02.09.8--, დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით. დადგენილია, რომ მსესხებელს კრედიტორის მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, არ დაუკმაყოფილებია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვალეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მოცემულ შემთხვევაში, იპოთეკის ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას/კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნის ოდენობას.

 

ამდენად, ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების ამოღება უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად, დავალიანების გადახდევინება უნდა განხორციელდეს მოვალეთა სხვა ქონებიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მთლიანი სასარჩელო მოთხოვნის 95% იქნა დაკმაყოფილებული. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა სულ 1322,49 ლარი, რომლის 95% არის 1256,35 ლარი და მისი ანაზღაურება უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ამონაწერის განახლებისათვის გადახდილი იქნა 11 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სასამართლოსგარეშე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 11 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს ,,კრ---------კის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. აწ გარდაცვლილი ამ------–--ვას (პ/ნ 28--------2, გარდაცვალების თარიღი: 06.10.2016წ) უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ მოპასუხეები: სა---------–--ვა, ელ–------–-ევი და ბა--–---–-ევი.

 

3. სა---------–--ვა, ელ–------–-ევი ბა--–---–-ევი ცნობილ იქნენ აწ გარდაცვლილი ამ------–--ვას (პ/ნ 28--------2, გარდაცვალების თარიღი: 06.10.2016წ) სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. მარნეული, ნი----------ჩა, ს/კ 83.02.09.8--, მესაკუთრეებად და უძრავ ქონებაზე, საჯარო რეესტრში აღირიცხოს სა---------–--ვას, ელ–------–-ევისა და ბა--–---–-ევის საკუთრების უფლება.

 

4. მოპასუხეებს შა-–--–-------–-ევას, სა---------–--ვას, ელ–------–-ევსა და ბა--–---–-ევს მოსარჩელე სს ,,კრ---------კის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ:

- სესხის ძირითადი თანხის - 12 970,55 აშშ დოლარის,- სარგებლის - 3514,33 აშშ დოლარის,- დაზღვევის თანხის - 466,55 აშშ დოლარის,- საკომისიოს - 76 აშშ დოლარის,- პირგასამტეხლოს - 90,04 აშშ დოლარის გადახდა.

 

5. მოპასუხეების შა-–--–-------–-ევას, სა---------–--ვას, ელ–------–-ევისა და ბა--–---–-ევისათვის მოსარჩელე სს ,,კრ---------კის“ სასარგებლოდ დაკისრებული დავალიანების გადახდევინების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონებები: ქ. მარნეული, ნი----------ჩა, ს/კ 83.02.09.8--. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული დავალიანების სრულად დასაფარად, დავალიანების გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხეების შა-–--–-------–-ევას, სა---------–--ვას, ელ–------–-ევისა და ბა--–---–-ევის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.

 

6. მოპასუხეებს შა-–--–-------–-ევას, სა---------–--ვას, ელ–------–-ევსა და ბა--–---–-ევს მოსარჩელე სს ,,კრ---------კის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1256,35 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

7. მოპასუხეებს შა-–--–-------–-ევას, სა---------–--ვას, ელ–------–-ევსა და ბა--–---–-ევს მოსარჩელე სს ,,კრ---------კის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 11 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სასამართლოსგარეშე გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ია ლაბაძე