გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.06.2019
საქმის ნომერი
050310117002175233
კატეგორია
დავის ტიპი
უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა–არარსებობის დადგენის შესახებ
თარიღი
23.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 050310117002175233

N3/225-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16.11.2018 წელი ქ. ოზურგეთი

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გიორგი ზვიადაძე

სხდომის მდივანი მამუკა ჩავლეშვილი

 

მოსარჩელე: შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი: მ---------–-ძე

მოპასუხე: ზ---------------, ბ---–----------უა

წარმომადგენელი: ზ---------------ავა

დავის საგანი: ცრუმაგიერ პირად აღიარება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ი/მეწარმე ,,ბ---–----------უა'' და ი/მეწარმე ,,ზ---------------'' აღიარებული იქნენ ერთი-მეორის ცრუმაგიერ პირებად.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. მოსარჩელე მხარის განმარტებით ი/მეწარმე ,,ბ---–----------უას'' ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება. ი/მეწარმე ,,ბ---–----------უას'' საკუთრებაში 2017 წლის 03 მაისამდე რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში უძრავი ქონება ქ. ფოთში, დ-------ას ქუჩა N63-ში, რომელიც ჩუქების ხელშეკრულებით გადასცა მის ძმას ზ---------------ს.

 

3.2. მოპასუხე მხარის განმარტებით ზ--------------- ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე და მხოლოდ მოხდა ფაქტობრივი მდგომარეობის სამართლებრივი სტატუსის მიცემა.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19, 246-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.''

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ,,განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან.

 

6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.''

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ,,გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.''

 

საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე იმ გარემოების დადასტურების მიზნით, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს სხვა პირი ცრუმაგიერ პირს, სავალდებულოა დადასტურდეს, რომ გადასახადის გადამხდელის გამიჯვნა ამ სხვა პირისაგან რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია და კონკრეტული ერთი პირი ამ სხვა პირის მხრიდან გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული სამართლებრივი ინსტრუმენტის მიზანია დაიცვას საგადასახადო ორგანოს, როგორც კრედიტორის უფლებები.

გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია როდესაც სახეზეა: საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციის ფაილები, კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს, ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი მეორე კომპანიის ბიზნესწყაროსი, ყოველდღიური საქმიანობის ერთობლიობა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად ,,თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სასამართლო მიუთითებს ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ამასთან სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტის საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში მტკიცებულება იმისა, რომ გადასახადის გადამხდელის გამიჯვნა სხვა პირისაგან რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია არ არსებობს. ძირითადი ფაქტობრივი გარემოება არის ის, რომ ბ---–----------უამ ზ---------------ს გადასცა ბინა ჩუქების ხელშეკრულებით მაშინ როცა ჰქონდა საგადასახადო დავალიანება.

მხოლოდ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ვერ ასაბუთებს, რომ გადასახადის გადამხდელის გამიჯვნა ზ---------------საგან არის პრაქტიკულად შეუძლებელი და ზ--------------- გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

,,სახელმწიფო ბაჟის'' შესახებ საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის ,,ლ'' ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ,,საგადასახადო ორგანოები – ყველა საქმეზე;''

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მოსარჩელე შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა № 32) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ოზურგეთი, ი. სიორიძის ქუჩა № 14) მხარეთათვის, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან, 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე გიორგი ზვიადაძე