გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.04.2019
საქმის ნომერი
050310018002571295
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
01.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 050310018002571295

№3/113-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29.01.2019 წელი ქ.ოზურგეთი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გიორგი ზვიადაძე

სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე

მოსარჩელე: - რ---------------–იძე

წარმომადგენელი: დ-------------იძე

მოპასუხე: - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი: დ---------------–ვილი

დავის საგანი: აქტის ბათილად ცნობა, თანხის დაბრუნება;

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

გაუქმდეს სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრირების სფეროს მიკუთვნებული ფუნქციების უკეთ განხორციელებისა და გაწეული საქმიანობის კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებების შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 11 მ---ის 04-3--/ო ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 17 ა-----–ის 1 ოქმი უსაფუძვლობის გამო.

 

დაევალოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დარიცხოს მოსარჩელის ანგარიშზე დაქვითული ხელფასი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოსარჩელე 2008 წლის ივნისიდან მოსარჩელე მუშაობს სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის რაიონულ განყოფილებაში სოციალური აგენტის თანამდებობაზე. ანაზღაურება 2008 წლის 23 დეკემბრის 01/226 ბრძანებით დამტკიცებული სოციალური სუბსიდიების სააგენტოს სოციალურ აგენტთა შრომის აღრიცხვისა და ანაზღაურების წესის შესაბამისად შეადგენდა 100 ლარს, ხოლო ყოველ შესრულებულ ერთეულზე 6 ლარს. 2015 წლის 10 მარტიდან მოსარჩელეს დაევალა დამატებით უფროსი სოციალური აგენტის მოვალეობის შესრულება 2010 წლის 27 ოქტომბრის 01/272 ბრძანებით დამტკიცებული სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროს სოციალურ აგენტთა შრომითი ანაზღაურების წესის შესაბამისად. რადგან მოსარჩელეს შეთავსებული ქონდა უფროსი სოციალური აგენტის ფუნქციების შესრულება, ხელფასი გაიზარდა და გახდა 450 ლარი, ხოლო შესრულებული ერთეულის ფასი განისაზღვრა 6 ლარით.

 

სამოტივაციო ნაწილი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

-„სოციალური პოლიტიკის მიზნებისა და ნორმების შესახებ" შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 117-ე კონვენციის პირველი მუხლის პირველ პუნქტი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. შრომითი სტაჟის დადგენა უკავშირდება შრომის უფლებებს, რომლებიც აღიარებული და დაცულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე საერთაშორისო შეთანხმებებით. „სოციალური პოლიტიკის მიზნებისა და ნორმების შესახებ" შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 117-ე კონვენციის პირველი მუხლის პირველ პუნქტში ნათქვამია: „ნებისმიერი პოლიტიკა უწინარეს ყოვლისა მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ მიღწეულ იქნეს მოსახლეობის კეთილდღეობა და განვითარება, აგრეთვე ხელი შეუწყოს მის სწრაფვას სოციალური პროგრესისაკენ". ამ პოლიტიკის მნიშნელოვანი გამოხატულებაა ადამიანის შრომითი უფლებების დაცვა. ადამიანის შრომითი უფლების დაცვა წარმოადგენს სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22-24 მუხლების საფუძველზე.

 

6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი. ამასთან, მტკიცებულებათა სახეებს წარმოადგენს მხარეთა (მესამე პირი) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტის დასკვნა. ძირითადად, მტკიცებულებათა შეგროვება შესაძლებელია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოებების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებას თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არარსებობის შესახებ.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობით მტკიცებულებას წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ. ამავე კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად კი წერილობითი მტკიცებულება როგორც წესი წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი სასამართლოს მხარეთა შუამდგომლობით ან თავის ინიციატივით შეუძლია მოითხოვოს დედნის წარდგენა. პირი შეიძლება გათავისუფლდეს დედნის წარდგენიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს შეუძლებელია. საბუთის ასლისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 პრიმი მუხლის პიველი ნაწილის თანახმად ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.''

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32ე ან 34ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.''

ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.''

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ რ--------------–--ე ასრულებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობას რისთვისაც იღებდა ანაზღაურებას. ანაზღაურების გაცემა, ასევე საქმიანობის შეფასება ხდებოდა უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ. ადმინისტრაციული აქტით არ არის დასაბუთებული ხელფასის დაკავების ფორმალური საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის ,,უ’’ ქვეპუნქტით, მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილით, როდესაც ორივე მხარე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ იყო გამოყენებული.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მოსარჩელე რ--------------–--ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

 

1.1 ბათილად იქნეს ცნობილი სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრირების სფეროს მიკუთვნებული ფუნქციების უკეთ განხორციელებისა და გაწეული საქმიანობის კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებების შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 11 მ---ის 04-3--/ო ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 17 ა-----–ის 1 ოქმი რ--------------–--ის ნაწილში.

 

1.2 დაევალოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დარიცხოს რ--------------–--ის ანგარიშზე დაქვითული ხელფასი

 

2. რ--------------–--ეს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით: შემდეგი ანგარიშიდან: მიმღების დასახელება: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE 22; სახაზინო კოდი 300 903 150 (სახელმწიფო ბაჟის მიღების თარიღი 01.08.2018; საგადახდო დავალება №17271432,).

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა № 32) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ოზურგეთი, ი. სიორიძის ქუჩა № 14) მხარეთათვის, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან, 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: გიორგი ზვიადაძე