გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #340310017002231880
საქმე #3/167-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ნაწილი I (შესავალი):
07 ივნისის, 2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დევი დევიძე
სხდომის მდივანი ტეონა ნატროშვილი
მოსარჩელე: ი---------–--ლი (”მოსარჩელე”);
წარმომადგენელი: ნ-------------–--ლი;
მოპასუხე: გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია (”მოპასუხე” ან ”კომისია”);
წარმომადგენელი: მ-----–-------–--ლი;
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;
ნაწილი II (აღწერილობითი):
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. 2017 წლის 25 დეკემბერს გურჯაანის რაიონულ სასამართლოს ადმინისტრაციული სარჩელით მომართა მოსარჩელემ კომისიის წინააღმდეგ და მოითხოვა:
· ბათილად იქნეს ცნობილი იმავე კომისიის 2017 წლის 05 ოქტომბრის #--- გადაწყვეტილება, რითაც მოსარჩელეს უარი უთხრა საკუთრების უფლების აღიარებაზე სოფელ ახაშენში ე.წ. „სამოსახლოში“ მდებარე 1177,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე;
· დაევალოს იმავე კომისიას, განიხილოს მოსარჩელის განცხადება აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე;
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ თავისი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია და მოსარჩელისათვის მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა;
3. სასამართლოს მიერ დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. საქმის უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მხარეთა ახსნა-განმარტების, მოწმეთა ჩვენებებისა და 1998 წლის #--- მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ მოსარჩელეს სოფელ ახაშენში გადაეცა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მოსარჩელე სარგებლობს აღნიშნული მიწის ნაკვეთით და ასევე იმ მომიჯნავე 1177,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთით, რომლზეც მითხოვა საკუთრების უფლების აღიარება. საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდია 5--0-.5-.3-- და მისი ფართობია 1200,00 კვ.მ. ორივე ნაკვეთი მოქცეულია ერთიან საზღვარში და ფაქტობრივად არის ერთი მიწის ნაკვეთი;
3.1.2. მხარეთა ახსნა-განმარტების და საჯარო რეესტრის #8----------- სარეგისტრაცო წარმოების მასალებით დასტურდება, რომ კომისიაში საქმის მასალები გადაიგზავნა სწორედ მარეგისტრირებელი ორგანოდან. კომისიამ ისე ჩაატარა სხდომა მოსარჩელის განცხადებასთან დაკავშირებით მიიღო სადავო გადაწყვეტილება, რომ მოსარჩელისათვის ეს ცნობილი გახდა საჯარო რეესტრის 2017 წლის 0- დეკემბრის გადაწყვეტილებით რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ;
3.2. საქმის სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. ადმინისტრაციული წარმოების მასალებზე დაყრდნობით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე არ ყოფილა მიწვეული კომისიის სხდომაზე. მოპასუხემ ვერ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ კანონით დაგენილი წესით ჰყავდა მოსარჩელე მიწვეული საკითხის ზეპირ განხილვაზე;
ნაწილი III (სამოტივაციო):
4. სასამართლოს შემაჯამებელი დასკვნა:
4.1. მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა-შეფასებისა და მტკიცებულებების შემოწმების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფლდეს, კერძოდ: ბათილად უნდა იქნეს ცნობილი კომისიის 2017 წლის 05 ოქტომბრის #--- გადაწყვეტილება და იმავე კომისიას დაევალოს, კანონით დადგენილ ვადაში, ი---------–--ლის განცხადებაზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
5. სამართლის ნორმები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:
5.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (”სზაკ”); „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველო კანონი („აღიარების კანონი“); „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდეგ -„სახელმწიფო ქონების კანონი“); საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (”სასკ”), საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (”სსსკ”); საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილებით დამკტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“ (შემდეგ - „აღიარების წესი“);
6. სამართლებრივი შეფასება:
· სასამართლოს მსჯელობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რაობის შესახებ:
6.1. სასკ-ის 22-ე მუხლის პირველის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას;
6.2. სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები;
6.3. აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას. სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო აქტები პასუხობენ საკანონმდებლო ნორმების მოთხოვნებს და, თავიანთი სამართლებრივი ბუნებით, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. შესაბამისად, მათი კანონიერების საკითხი განხილულ უნდა იქნეს სწორედ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ანუ სასკ-ის 22-ე მუხლით დადგენილ ფორმატში;
6.4. აღიარების კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით;
6.5. იმავე კანონის 51 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, კომისია მის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს − განკარგულებას;
6.6. კომისიამ 2017 წლის 05 ოქტომბერს გამოსცა #--- გადაწყვეტილება და მოსარჩელეს უარი უთხრა საკუთრების უფლების აღიარებაზე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე. შესაბამისად, კომისიამ გამოსცა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი, რომლის კანონიერების საკითხიც უნდა გადაწყდეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით;
· სასამართლოს მსჯელობა სადავო აქტის კანონიერების შესახებ:
6.7. აღიარების კანონონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
6.8. იმავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი – ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება;
6.9. აღიარების კანონი განსაზღვრავს თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დეფინიციას (ასეთ მიწის ნაკვეთს, მათ შორის, განეკუთვნება ისეთი მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს ფიზიკური პირის საკუთრებაში არებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ და არის ასეთი მიწის ნაკვეთის (საკუთრებაში არსებულის) ფართზე ნაკლები, მნიშვნელობა არ აქვს იმას, არის თუ არა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა, განსაზღვრავს, - თუ ვინ შეიძლება იყოს ის პირი, ვისაც შეიძლება გააჩნდეს საკუთრების აღიარების მოთხოვნის უფლება (კანონით დაინტერესებული პირი არის ის, ვინც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (ან მისი უფლებამონაცვლე);
6.10. იმავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„ო“ ქვეპუნქტების თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა: ა) პირუტყვის გადასარეკი ტრასა; ბ) წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; გ) სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც დაკავებულია ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ, რომელთა საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელია სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის შესაბამისად და რომელთა სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვა ხელს არ შეუშლის სახელმწიფო ტყის ფონდის მართვისა და დაცვის განხორციელებას; დ) დაცული ტერიტორია, გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა; ე) რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია, გარდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიებისა; ვ) ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლები; ზ) საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი; თ) თუ მასზე განთავსებულია წყალსაცავი, ჰიდროტექნიკური ნაგებობა და ამ ობიექტების სანიტარიულ-დაცვითი ზონები; ი) თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები; კ) სპეციალური დანიშნულების (თავდაცვისა და მობილიზაციისათვის განკუთვნილი) მიწის ნაკვეთები; ლ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ ექვემდებარება პრივატიზებას; მ) სასაფლაო და პანთეონი; ნ) სანიტარიული და დაცვითი ზონები; ო) თუ იგი განკუთვნილია ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენებისა და მათთან დაკავშირებული მიწისქვეშა და მიწისზედა საშუალებების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის;
6.11. კანონი მკაცრად კრძალავს კონკრეტული მიწის ფართებზე (როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე არარსასოფლო-სამეურნეო დანიშნულების) საკუთრების უფლების აღიარებას, თუ არსებობს 6.10. პუნქტში მითითებული შემთხვევა. თუკი დაინტერესებული პირი მოითხოვს ასეთი კატეგორიის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, ის მიიღებს უარს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. კონკრეტულ შემთხვევაში კი მოხდა სრულიად საპირისპირო რამ, კერძოდ, კომისიამ ისე უთხრა დაინტერესებულ პირს უარი საკუთრების უფლების აღიარებაზე, რომ სახეზე არ ყოფილა აღნიშნული საფუძვლები. კომისიამ განმარტა, რომ საკუთრებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია, წარმოადგენს საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს. სამართალებრივ საფუძვლად კომისია უთითებს სახელმწიფო ქონების კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ძ.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, პრივატიზაციას არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ისეთი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელის კატეგორია განსაზღვრულია, როგორც „საძოვარი“;
6.12. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო უთითებს სახელმწიფო ქონების კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.“ ამდენად, კომისია მიერ გამოყენებული საკანონმდებლო აქტი, ისევე როგორც მისი აკრძალვები, არ ვრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომლებიც გამომდინარეობს აღიარების კანონიდან;
6.13. სზაკ-ის 601 მუხლის პირველი ების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში ბათილობის საფუძველი დაინტერესებული პირის (განმცხადებლი) სხდომაზე მიუწვევლობა და საქმის რელევანტურ გარემოებათა გამოუკვლეველობა, რომელთა სწორი და მეთოდური გამოკვლევის შედეგად საქმეზე მიღებული იქნებოდა გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით;
6.14. აღიარების კანონის 51 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე;
6.15. ამდენად, მოქმედი კანონმდებლობა უშვებს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის მხოლოდ აღიარების კანონით განსაზღვრულ შეთმვევაში. როგორც ვნახეთ, აღიარების კანონი იმ მოტივით, რომ საკუთრებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს „საძოვრის“ კატეგორიის მიწას, არ ითვალისწინებს აღიარებაზე უარის თქმის შესაძლებლობას;
6.16. სზაკ-ის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. გამონაკლისს ადგენს კანონი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირს უნდა ეცნობოს ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისი მონაწილეობა საქმეში. იმავე კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. იმავე კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით;
6.17. აღიარების წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია 2 სამუშაო დღით ადრე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე გამოაქვეყნოს, ხოლო დაინტერესებულ პირს 1 კვირით ადრე წერილობით აცნობოს ინფორმაცია მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის შესახებ. წერილობითი დოკუმენტის გაზავნის ვალდებულება კანონმდებლობვით დადგენილია იმისათვის, რომ დადასტურდეს დაინტერესებული პირის მოწვევა სხდომაზე. ასეთი მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი, რის საფუძველზეც სასამართლო აკეთებს დასკვნას, რომ მოსარჩელე კომისიის სხოდმაზე არ ყოფილა მიწვეული. ასეთ პირბებში კი კომსიას არ გააჩნდა ლეგიტიმაცია განეხილა საკითხი;
6.18. ამდენად, კომისიამ დაარღვია მოქმედი კანონის მოთხოვნები და ისე გამოსცა სადავო აქტი. კერძოდ, არ მიიწვის სხდომაზე დაინტერესებული, მოსარჩელის სახით, არ მიოსცა მას შესაძლებლობა გამოეთქვა თავის მოსაზრება განხილვის საგანთან დაკავშირებით, ვიდრე კომისია გამოიტანდა სადავო გადაწყვეტილებას, კომისიამ არ გაანალიზა, რამდენად უყო ხელის შემშლელი საკითხის დადებითად გადაწყვეტისათვის საკუთრებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის კატეგორია, რის გამოც მიიღო არასწორი, კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება. ამიტომ, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს: ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო აქტი, ხოლო ახალი განახილვის პირობებში კომისია ვალდებულია მიიღოს მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება;
7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება:
7.1. საქმეზე არ ყოფილა გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. შესაბამისად, არ არსებობის მისი გაუქმების ან/და ძალაში დატოვების წინაპირობები;
8. საპროცესო ხარჯები:
8.1. სსსკ-ის 37-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, (1) პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები და (2) სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით;
8.2. სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: არაქონებრივ დავაზე – 100 ლარს;
8.3. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან;
8.4. მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე 2017 წლის 22 დეკემბერს თ-----------------ის მიერ, სს „საქართველოს ბანკის“ მეშვეობთ, სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით (საგადახდო დავალება №26, სახაზინო კოდი: 300503150);
8.5. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი სრულად იქნა დაკმაყოფილებლი, კომისიას მართებს სრულად აუნაზღაუროს მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული სასამართლოს ხარჯი (100 ლარი);
ნაწილი IV (სარეზოლუციო):
სასამართლომ იხელმძღვანელა რა ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებით, ასევე სასკ-ის მე-12 და მე-13 მუხლების, სსსკ-ის მე-8, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ი---------–--ლი სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების“ კომისიის 2017 წლის 05 ოქტომბრის #--- გადაწყვეტილება და იმავე კომისიას დაევალოს, კანონით დადგენილ ვადაში, ი---------–--ლის განცხადებაზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
3. მოპასუხე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების“ კომისიას მოსარჩელე ი---------–--ლის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ოდენობით ანაზღაურება;
4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა. გასაჩივრების ვადა შეადგენს 14 დღეს, რომლის ათვლაც დაიწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მეორე დღიდან. სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში (მის.: გურჯაანი, სანაპიროს ქ. #24), რომელიც საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის.: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. #7ა);
მოსამართლე: /დევი დევიძე/