გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/07-19 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 მაისი, 2019 წელი ქ. მცხეთა
მცხეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ბადრი შონია
სხდომის მდივანი - ეკა გაბიდაური
მოსარჩელე - სს ,,ს---------------------------------"
წარმომადგენელი - სა-–---- არ----–-–---–ი
მოპასუხე - ალ---------- ჩი---–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ალ---------- ჩი---–---–ს დაეკისროს სს „ს---------------------------------ს“ სასარგებლოდ 7973,51ლარის გადახდა.
სარჩელის ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
2016 წლის 7 აპრილს სს „ს--------------------------------სა“ და კო----------- ომ---ეს შორის გაფორმდა ავტოსატრანსპორტო დაზღვევის პოლისი N0-----. დამზღვევმა დააზღვია თავის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება LECUS LX570 სახელმწიფო ნომრით L------. დაზღვევის მოქმედების ვადად განისაზღვრა 07.04.2016-07.04.2017 წწ.
2016 წლის 03 ივლისს 20:00 საათზე სოფელ წე-------ში, კვ-–--------------------- დაღმართზე მოხდა ავტოსატრანსპორტო შემთხვევა. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თ---–---- მთავარი სამმართველოს მიერ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოწერილი იქნა ელექტრონული საჯარიმო ქვითარი და ალკოჰოლური ტესტის ჩაბარების დამადასტურებელი ქვითარი. იქიდან გამომდინარე, რომ დაზარალებული მანქანა იყო დაზღვეული სს ,,ს--------------------------------ში’’, დაზღვეული ავტომობილის მძღოლმა ხვ--ა ქო---–იამ, რომელიც შემთხვევის მომენტში მართავდა ავტომობილს, შეავსო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადი, რის საფუძველზეც 2016 წლის 08 ივლისს შეადგინა სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტი N0-----.
სს „ს--------------------------------მა“ აანაზღაურა დაზარალებულის ავტომანქანის შეკეთებისათვის აუცილებელი ხარჯი, კერძოდ, EXPRESS SERVICE-ს მიერ გამოწერილი ინვოისი N4----ის მიხედვით მოხდა ავტომობილის შეკეთებისათვის აუცილებელი ხარჯების გამოთვლა, რომელმაც ჯამში შეადგინა 7973,51 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ალ---------- ჩი---–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელეს კლიენტის წინაშე ჰქონდა ვალდებულება შეეკეთებინა მხოლოდ ის სამი დეტალი, რაც საპატრულო რეაგირების ოქმში და მოსარჩელის განმარტებაში არის აღნიშნული, მათ კი გამოცვალეს და გაარემონტეს დაახლოებით 13 დეტალი, რითაც გაზარდეს მოცულობა. ამასთან, ზიანის ანაზღაურების თაობაზე განაცხადი შეავსო არაუფლებამოსილმა პირმა, რომელიც არ არის ხელშეკრულების მხარე. საქმეზე არ არის წარმოდგენილი რაიმე რწმუნებულება ან სხვა დოკუმენტი, რითაც მოსარჩელე დაადასტურებს, რომ ხვ--ა ქო---–ია იმ წუთას წარმოადგენდა დამზღვევს და უფლებამოსილი იყო მისი სახელით შეევსო აღნიშნული განაცხადი.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ თანახმაა აანაზღაუროს ზიანი 3000 ლარის ოდენობით, ვინაიდან ეს თანხა სრულიად საკმარისი იქნებოდა მანქანის შესაკეთებლად
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 07 აპრილს სს „ს--------------------------------სა” და კო----------- ომ---ეს შორის გაფორმდა ავტოსატრანსპორტო დაზღვევის პოლისი N0-----. დამზღვევმა დააზღვია თავის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება LEXUS LX 570 სახელმწიფო ნომრით L------. დაზღვევის მოქმედების ვადად განისაზღვრა 07.04.2016-07.04.2017 წწ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- ავტომობილის დაზღვევის პოლისი
3.1.2. 2016 წლის 03 ივლისს 20:00 საათზე სოფელ წე-------ში, კვ-–--------------------- დაღმართზე მოხდა ავტოსატრანსპორტო შემთხვევა. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თ---–---- მთავარი სამმართველოს მიერ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოწერილი იქნა ელექტრონული საჯარიმო ქვითარი და ალკოჰოლური ტესტის ჩაბარების დამადასტურებელი ქვითარი შეჯახების შედეგად დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანა LEXUS LX 570 სახელმწიფო ნომრით L------, რომელსაც მართავდა უფლებამოსილი მძღოლი ხვ--ა ქო---–ია. შსს წე-------ს პოლიციის უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, სამართალდამრღვევად ცნობილი იქნა ალ---------- ჩი---–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
- საჯარიმო ქვითარი.
3.1.3. მზღვეველმა სს ,,ს--------------------------------მა" აუნაზღაურა დამზღვევს კო----------- ომ---ეს ავტომანქანის შეკეთებისათვის აუცილებლი ხარჯი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი
- ინვოისი
- საგადახდო დავალება N3---
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეებს შორის სადავოა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომანქანის დაზიანებით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა. მოსარჩელე განმარტავს, რომ დაზიანებული ავტომანქანის შეკეთების ხარჯმა შეადგინა 7973,51 ლარი, რომელიც ანაზღაურებული იქნა სს ,,ს---------------------------------ს" მიერ. ავტომანქანის აღდგენის ხარჯებს მოპასუხე სადავოდ ხდის და განმარტავს, რომ მიყენებული ზიანის ოდენობა არის გაცილებით ნაკლები (იხ. მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმში).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სადავო გარემოებებთან დაკავშირებით საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მართლმსაჯულების განხორციელების უმთავრესი პრინციპია.
განსახილველი დავა სუბროგაციის სახელით ცნობილი მოთხოვნის დათმობის პრინციპიდან გამომდინარეობს. მისი არსი არის ის, რომ მზღვეველმა დამზღვევს ხელშეკრულებით შეთანხმებული წესით აუნაზღაურა მესამე პირის მიერ მიყენებული ზიანი, რის შემდეგაც მოიპოვა მესამე პირის მიმართ მოთხოვნის უფლება, ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ მზღვეველს და დამზღვევს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებით წესრიგდება და ისინი ზიანის ანაზღაურების ნებისმიერ წესზე შეიძლება შეთანხმდნენ, ხოლო მესამე პირის ვალდებულება შემოიფარგლება მხოლოდ რეალური ზიანით, ანუ იმ ზიანით, რომლის ანაზღაურებაც მას სამოქალაქო კოდექსის 408-412-ე მუხლებიდან გამომდინარე შეიძლება დაეკისროს, ამასთან, ვინაიდან მზღვეველის მიერ ზიანი უკვე დათვლილი და ანაზღაურებულია, მტკიცების ტვირთი იმისა, რომ რეალური ზიანი მზღვეველის მიერ მითითებულზე ნაკლებია, ეკისრება სწორედ ზიანის მიმყენებელს, ანუ მოპასუხეს.
მოსარჩელემ თავისი პროცესუალური ვალდებულების შესრულების მიზნით სასამართლოს წარმოუდგინა EXPRESS SERVICE-ს მიერ 2016 წლის 04 ივლისს შედგენილი ინვოისი N4---, რომლის მიხედვით, ავტომანქანის (LEXUS LX 570 სახელმწიფო ნომრით L------) შეკეთების პროცესში გამოყენებულია შემდეგი ავტონაწილები: წინა მოპირკეება - 758,67 ლარი; ფარი წინა მარცხენა - 3194,40 ლარი; ნათურა წინა მარცხენა ფარის - 429,00 ლარი; ბამპერი წინა 1064,80 ლარი; სანისლე ფარის პლასმასი მარცხენა - 55,90 ლარი; სანისლე ფარის ბუდე მარცხენა - 93,17 ლარი, დამჭერი წინა ბამპერის მარცხენა - 71,87 ლარი; ამოსაფარებელი ფრთის წინა მარცხენა - 346,06 ლარი; სვლის სენსორის გაყვანილობა წინა ბამპერის - 194,33 ლარი; კერხერი წინა ბამპერის მარცხენა - 532,40 ლარი; კერხერის ხუფი წინა მარცხენა 42,59 ლარი; სამაგრები. (ავტონაწილების ღირებულება სულ 7076,01 ლარი); რობოტი - 200,00 ლარი; სათუნუქე სამუშაოები - 180,00 ლარი; სამღებრო სამუშაოები - 265,00 ლარი; პოლირება - 35,00 ლარი; დაშლა-აწყობა - 100,00 ლარი; პლასტმასი - 45,00 ლარი; სახარჯი და სამღებრო მასალა - 72,50 ლარი.
მოსარჩელემ ასევე წარმოადგინა, სს „ბა---------ს“ N3--- საგადასახადო დავალება (08.07.2016წ), რომლის მიხედვით, სს ,,ს--------------------------------მა" კო----------- ომ---ეს ჩაურიცხა 7973,51 ლარი, გადახდის დანიშნულება - ზარალის ანაზღაურება (0-----; პოლისი 0-----). მოსარჩელის მიერ ასევე წარმოდგენილია დაზიანებული ავტომანქანის ფოტოსურათები, სადაც ასახულია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომანქანის დაზიანებული ნაწილების ფრაგმენტები.
მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ შეფასებას და აღნიშნავს, რომ EXPRESS SERVICE-ს მიერ ინვოისში მითითებული თანხები არ შეესაბამება რეალურად ბაზარზე არსებული ნაწილებისა და მომსახურების საფასურს, ამასთან, საქმეში არ არის წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რითაც დადგინდებოდა ზიანის ოდენობა და ეს თავსებადი იქნებოდა საბაზრო ფასებთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცებულების ერთ-ერთი სახეა ექსპერტიზის დასკვნა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის თანახმად, 1. თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. 2. მხარეებს შეუძლიათ სასამართლოსგან დამოუკიდებლად უზრუნველყონ ექსპერტიზის ჩატარება. ასეთ შემთხვევაში ექსპერტის დასკვნა სასამართლოს უნდა წარედგინოს სასამართლოში საქმის აღძვრის ან საქმის მომზადების სტადიაზე. სარჩელის (შესაგებლის) წარდგენისას მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს ვადა ექსპერტის დასკვნის წარმოსადგენად. 3. საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას ექსპერტის დასკვნა მხარემ შეიძლება წარმოადგინოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო განხილვისათვის საქმის მომზადების სტადიაზე მისთვის ექსპერტის დასკვნის წარდგენის საჭიროება ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და ასეთი საფუძველი წარმოიშვა ამ სხდომაზე, ან თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი ექსპერტის დასკვნის წარმოდგენა საქმის მომზადების სტადიაზე. 4. მხარის მიერ ექსპერტის დასკვნის წარმოუდგენლობა არ შეიძლება გახდეს საქმის განხილვის გადადების საფუძველი. სასამართლოს შეუძლია მხარეს დაუნიშნოს ვადა ექსპერტის დასკვნის წარმოსადგენად.
ექსპერტზის დასკვნა არის სპეციალური ცოდნის მქონე პირის მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგად მომზადებული დასკვნა საქმისათვის მნიშვნელოვანი იმ გარემოების შესახებ, რომლის გამოკვლევას და დადგენას სჭირდება სპეციალური ცოდნა.
ექსპრეტიზის დასკვნის, ისევე როგორც სხვა ყველა მტკიცებულების სასამართლოსთვის წარდგენა შეუძლია საქმეში მონაწილე მხარეს. სასამართლო თავისი ინიციატივით ექსპერტიზას დანიშნავს იმ შემთხვევაში, თუ სადაო საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ასეთ გარემოებას ამ შემთხვევაში ადგილი არა აქვს, რადგან მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს ალ---------- ჩი---–---–ისათვის ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ მტკიცებილება და დაზიანებული ავტომანქანის შეკეთების ხარჯების შესახებ მტკიცებულება. მართალია ავტომანქანის დაზიანების ხარისხისა და მისი შეკეთების ხარჯების დადგენას სჭირდება სპეციალური ცოდნა, თუმცა ისეთ პირობებში, როცა მოსარჩელე მხარეს ამ გარემოების შესახებ წარმოდგენილი აქვს მტკიცებულება, სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მოპასუხეს აწევს მტკიცების ტვირთი, დაასაბუთოს სარჩელის საწინააღმდეგო გარემოებები შესაბამისი მტკიცებულებებით.
სასამართლო განმარტავს, რომ განმსახილველ შემთხვევში, ავტომანქანის დაზიანებების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით საპირისპირო მტკიცებულების წარმოდგენა ევალებოდა მოპასუხეს, რაც მან არ განახორციელა. შესაბამისად, მოპასუხემ ვერ დაადასტურა სარჩელის საწინააღმდეგო ფაქტები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ავტომანქანის შეკეთების ხარჯმა შეადგინა 7973,51 ლარი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ალ---------- ჩი---–---–ის მართლსაწინააღმეგო ქმედებით დაზიანდა კო----------- ომ---ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა (LEXUS LX 570 სახელმწიფო ნომრით L------). დაზიანებული ავტომანქანის აღდგენას დასჭირდა 7973,51 ლარი. სადაზღვევო კომპანიას ანაზღაურებული აქვს დაზღვეული ავტომანქანისათვის მიყენებული ზიანი, რის გამოც მას წარმოეშვა ზიანის მიმყენებლისაგან ამ თანხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 408-ე, 409-ე, 799-ე, 814-ე, 832-ე, 992-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში ალ---------- ჩი---–---–ის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოშობილია დელიქტური ქმედებიდან, რადგან დავის საგანია ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამოწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
აღნიშნული ნორმის მიხედვით, ზიანის ანაზღაურების შესახებ პირის პასუხისმგებლობა დადგება მხოლოდ კანონით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას, კერძოდ, უნდა დადასტურდეს შემდეგი გარემოებები: ზიანის არსებობის ფაქტი - დაზარალებულის ქონების შემცირების ან ვალდებულების გაზრდის ფაქტი, ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგი ქმედება, ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებლის ბრალი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის მიხედვით, თუ დამზღვევს შეუძლია, ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. ნორმის აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს იმგვარ შემთხვევას, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვევლის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი, როგორც კონკრეტული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში, ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით). სუბროგაციის დროს მზღვეველი ცვლის დამზღვევს იმ ვალდებულებაში, რომელიც წარმოიშვა ზიანის მიყენებისაგან (სუსგ №ას-581-549-2011, 05.09.2012).
სსკ-ის 832-ე მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე, რომელიც ითვალისწინებს დელიქტურ პასუხისმგებლობას ზიანის მიყენების შედეგად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევისას, სადაზღვევო კომპანიის მიერ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაზიანდა, რომლის აღსადგენად საჭირო თანხას წარმოადგენდა 7973,51 ლარი, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი EXPRESS SERVICE-ს მიერ გაცემული ინვოისით, სადაც დეტალურად არის გაანგარიშებული დაზიანებული ნაწილებისა და ამ ნაწილების დამონტაჟებისათვის საჭირო თანხები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხემ კვალიფიციური შედავების პირობებში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გასაქარწყლებლად, ვერ შეძლო დამაჯერებელი არგუმენტებისა და ისეთი დასაშვები მტკიცებულების წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ დაზიანებული ავტომანქანის აღდგენა -შეკეთებაზე გაწეული ხარჯი, სარჩელით მოთხოვნილ 7973,51 ლარზე ნაკლები იყო.
ამდენად, დადასტურებულია, რომ დაზღვეული ავტომანქანისათვის სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 7973,51 ლარი, რომელიც კო----------- ომ---ეს აუნაზღაურა სს ,,ს--------------------------------მა".
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად. დათქმულ დროსა და ადგილას. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ალ---------- ჩი---–---–ის ვალდებულება სს ,,ს---------------------------------ს" წინაშე წარმოშობილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 832-ე მუხლების საფუძველზე, რადგან მოსარჩელეს ანაზღაურებული აქვს დაზარალებულისათვის სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანი, რის გამოც მოპასუხეს წარმოეშვა სადაზღვევო კომპანიისათვის ამ თანხის გადახდის ვალდებულება. ამდენად, ალ---------- ჩი---–---–ს უნდა დაეკისროს სს ,,ს---------------------------------სათვის" ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სადაზღვევო ანაზღაურების გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ალ---------- ჩი---–---–მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ 3000 ლარის ნაწილში, შესაბამისად მოპასუხე ალ---------- ჩი---–---–ის უნდა დაეკისროს სს ,,ს---------------------------------სათვის" სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება - 149,22 ლარის ოდენობით.
ხოლო მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 89,99 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სს ,,ს---------------------------------ს" სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ალ--------- ჩი---–---–ს (პ/ნ 06---------) სს ,,ს---------------------------------ს" (ს/კ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს 7973,51 ლარის ანაზღაურება;
3. ალ--------- ჩი---–---–ს (პ/ნ 06---------) სს ,,ს---------------------------------ს" (ს/კ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - შესაბამისად 149,22 ანაზღაურება;
4. სს ,,ს--------------------------------ს" (ს/კ 4--------) დაუბრუნდეს 2019 წლის 03 იანვარს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 89,99 ლარის ოდენობით (საკრედიტო საგადახდო დავალება №1--). თანხა გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგ ანგარიშზე: მიმღების სახაზინო კოდი 300783150;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–---- სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ბადრი შონია