გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/36838-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 მაისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი
სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი
მოსარჩელე- შპს „ მი--------------------ი“
წარმომადგენელი - გი-----ი თა------–---–ი
მოპასუხეები -მა----მ სა-------–--ე, იო--- სა-------–--ე
წარმომადგენელი - ლე--- ჩხ---ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მა----მ სა-------–--ეს და იო--- სა-------–--ეს შპს „მი--------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირითადი თანხა - 7457.52 ლარი, სარგებელი - 5642.76 ლარი, ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხა - 100 ლარი.
1.2. სასამართლო გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა მა----მ სა-------–--ემ და იო--- სა-------–--ემ ერთობლივად წარმოდგენილი დაზუსტებული შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს ხელშეკრულების თვალთმაქცურ ხასიათზე. გარიგება თავისი არსით არის არა სესხის და გირავნობის, არამედ ნასყიდობა განვადებით ხელშეკრულება. მათი განმარტებით, რეალურად ადგილი ჰქონდა ავტომობილის გადაცემას და არა კრედიტის გაცემას. ხელშეკრულება აგებულია ავტომობილის შეძენაზე და პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მისი უკან დაბრუნებაზე.
მოპასუხეები არ აღიარებენ მოსარჩელის მიმართა ვალის არსებობას, რამეთუ ერთი თვის თავზე მათ ვერ შეძლეს თანხის გადახდა და ავტომობილი უკან დააბრუნეს იმავე კონდიციაში როგორშიც იყო. ნასყიდობის საგნის უკან დაბრუნებით, მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა შეწყდა და მათ შორის ყველა ვალდებულება გაქვითულია. ხელშეკრულების დადების რეალური მიზანი იყო ავტომობილის შეძენა, მაგრამ მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით, რომელსაც ეკავა დომინირებული მდგომარეობა შესთავაზა კაბალური პირობა და ნასყიდობის ხელშეკრულების ნაცვლად გააფორმა სესხის და გირავნობის ხელშეკრულება.
იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო დაადგენს, რომ სახეზეა სესხის და გირავნობის ხელშეკრულება, ადგილი აქვს ვალდებულების არასწორ გაქვითვას, რითაც დაირღვა სამოქალაქო კოდექსის 388-ე მუხლი. სადავოა მოპასუხეთა არაინფორმირებულობა დავალიანების არსებობის და ავტომობილის რეალიზაციის თაობაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2--- წლის 2--------ს შპს „მი--------------------ს“ და მა----მ სა-------–--ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება NT----------, რომლის მიხედვით მსესხებელს გადაეცა 10 291 ლარი, ყოველთვიურად 5%-ის დარიცხვით.
მსესხებელი ვალდებული იყო სესხის დაბრუნება და მასზე დარიცხული სარგებლის გადახდა უზრუნველეყო 36 თვის განმავლობაში იმდაგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. მხარეთა შეთანხმებით, მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც უნდა დაკმაყოფილდეს უზრუნველყოფილი მოთხოვნა განისაზღვრება 39 000 ლარით.
სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი ჰო--------–----ი, სარეგისტრაციო ნომერი G-------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება; (ს.ფ 16-21)
- 2--- წლის 2--------ის N T---------- შეთანხმება (ს.ფ. 23)
- გადახდის გრაფიკი (ს.ფ 24)
3.1.2. 2--- წლის 2--------ს საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად შპს „მი--------------------ს“ და იო--- სა-------–--ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა იკისრა ვალდებულება კრედიტორის წინაშე, იმგვარად, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თავდებმა უზრუნველყოს კრედიტორის მიმართ ვალდებულების შესრულება. ამავე ხელშეკრულებით, თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 39 000 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილობითი განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ 27)
- სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ 25-26)
3.1.3. მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით განსაზღვრული ფულადი ვალდებულების შესრულება, რის გამოც მოსარჩელეს მფლობელობაში გადაეცა გირავნობით დატვირთული ავტომობილი ჰო--------–----ი, სარეგისტრაციო ნომერი G-------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიშის მიხედვით, შესაფასებელი ობიექტის (ჰო--------–----ი, სარეგისტრაციო ნომერი G------ ) საბაზრო ღირებულება დასკვნაში დასახელებული ფაქტების გათვალისწინებით, 2--- წლის 2 ივნისის მდგომარეობით შეადგენს 6500 ლარს, ხოლო ლიკვიდური ფასია 5400 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ავტომანქანის შეფასების აქტი (ს.ფ 29-34)
3.2.2. 2--- წლის 6 ივლისს მა----მ სა-------–--ეს გაეგზავნა შეტყობინება და გაფრთხილება, დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვის ან/და გირავნობის საგნის რეალიზაციის თაობაზე. მასვე ეცნობა, რომ 2--- წლის 5 ივლისიდან ავტომობილი გადაეცა გაყიდვების დეპარტამენტს. ორმხრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ავტომობილის მაქსიმალურად მაღალ ფასად გაყიდვის მიზნით ჩართულიყო გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში მონაწილეობის მისაღებად.
2018 წლის 21 ნოემბრის წერილობითი შეტყობინებით კი ეცნობა გირავნობის საგნის რეალიზაციის, მიღებული თანხის გადანაწილების, დარჩენილი დავალიანების შესახებ და 2018 წლის 1 დეკემბრამდე მისი დაფარვის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ სადავოა მოპასუხეთა არაინფორმირებულობა დავალიანების არსებობის და ავტომობილის რეალიზაციის თაობაზე.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ხელშეკრულების მე-7 მუხლზე, რომლის მიხედვით, მხარეები თანხმდებიან, რომ საცხოვრებელ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად იმისდამიუხედავად ჩაბარდება იგი უშუალოდ ადრესატს თუ ადგილზე მყოფ მცხოვრებ ნებისმიერ პირს. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნილი შეტყობინებები გაგზავნისთანავე ჩაითლება ჩაბარებულად იმისდამიუხედავად წაიკითხავს/გაეცნობა თუ არა მას ადრესატი. მოგირავნე ვალდებულია გირავნობის საგნის რეალიზაციის შემთხვევაში, რეალიზაციამდე ორი კვირით ადრე რომელიმე საშუალებით გააფრთხილოს დამგირავებელი რეალიზაციის თაობაზე.
საქმეში დაცულია საფოსტო შეტყობინებები, საიდანაც დგინდება, რომ მოვალეებს დავალიანების არსებობის შესახებ გაფრთხილებები არაერთხელ გაეგზავნათ ხელშეკრულებებში არსებულ მისამართებზე და არ ჩაბარდათ მისამართზე არ ყოფნის გამო. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეების მიერ წარმოდგენილი შესაგებლებიდან ირკვევა, რომ მათ საცხოვრებელი მისამართი იდენტურია საფოსტო შეტყობინებებში მოსარჩელის მიერ დაფიქსირებული მისამართებისა. ამასთან, საქმეში დაცულია ელექტრონული შეტობინების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც გაგზავნილია მა----მ სა-------–--ესთან.
ყოველივე ზემოაღწერილიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, მოპასუხეებისთვის წერილობითი გაფრთხილებები ჩაბარებულია 2--- წლის 2--------ის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- წერილობითი შეტყობინებები (ს.ფ 36-37)
- ელექტრონული შეტყობინებები (ს.ფ 42-43)
3.2.3. 2--- წლის 1-------------ს მოსარჩელემ მოახდინა გირავნობის საგნის რეალიზაცია 5945 ლარად, რომლის გაქვითვაც განხორციელდა შემდეგნაირად: 786 ლარი არის სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო, 2352.88 ლარით სრულად გაიქვითა დარიცხული სარგებელი, ხოლო 2806.12 ლარით შემცირდა სესხის ძირითადი თანხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ 28)
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
3.2.4. დადგენილია, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციის შემდგომ შემცირებული დავალიანება შეადგენს სესხის ძირითად თანხას - 7457.52 ლარს და სარგებელს 5642.76 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება; (სარჩელი, სხდომის ოქმი)
3.2.5 სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების შედეგად მიიჩნია, რომ 2--- წლის 2--------ს შპს „მი--------------------ის“ და მა----მ სა-------–--ის მიზანს წარმოადგენდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების შედგენა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული ა----ნ, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.
კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.
მოპასუხე აღნიშნავს, რომ რეალურად საქმე გაქვს ნასყიდობის განვადებით ხელშეკრულებასთან, რომლის მიზანს ავტომობილის ყიდვა წარმოადგენდა და არა სესხის მიღება. ამასთან, მას სესხის თანხა არ მიუღია და იგი გადაეცა ავტომანქანის გამყიდველს.
სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისკენ. ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას.
იმისათვის, რომ მხარეთა შორის დადებულ გარიგებას მისთვის თანმდევი შედეგი მოჰყვეს, იგი უნდა იყოს ნამდვილი. პირის შესაძლებლობა კანონის ფარგლებში თავისუფლად დადოს ხელშეკრულება (ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი) განხორციელებადია იმ შემთხვევაში, თუ მას გააჩნია ნება გამოიყენოს ზემოთდასახელებული შესაძლებლობა და გამოავლინოს იგი მისთვის სასურველი სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნების გამოვლენა არის კონკრეტული სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ მიმართული სუბიექტური ნების ობიექტურად შეცნობადი გაცხადება.
საყურადღებოა, რომ თვალთმაქცური გარიგების დროს მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობის მტკიცების ტვირთი აკისრია მას, ვისაც მიაჩნია, რომ თვალთმაქცურად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება.
მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.
აღსანიშნავია, რომ 2--- წლის 2--------ს მხარეებს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება და მის საფუძველზე შედგენილი შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ, რომელშიც განისაზღვრა ხელშეკრულების არსებითი პირობები, როგორიცაა: სესხის თანხა, მისი დაბრუნების ვადა და ყველა მოსალოდნელი შედეგი რაც ვალდებულების შეუსრულებლობას ახლავს. მხარეებმა აქვე მიუთითეს, რომ გამსესხებელმა მსესხებელს სესხის თანხა სრულად და ჯეროვნად გადაუხადა 10 291 ლარის ოდენობით, ხოლო მსესხებელმა მიიღო იგი. ჩანაწერის მიუხედავად მოპასუხე უარყოფს თანხის მიღებას და აღნიშნავს, რომ გარიგება თვალთმაქცური ხასიათისაა.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარე სამოქალაქო ურთიერთობებისათვის დამახასიათებელი რისკის მატარებელია, რომელიც მოქმედებს სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში. შესაბამისად, მხარეები ამყარებენ რა, ერთმანეთთან სხვადასხვა სახელშეკრულებო ურთიერთობებს ივარაუდება, რომ მათ იციან ამ ურთიერთობიდან წარმოშობილი საკუთარი უფლება-მოვალეობების შესახებ. მა----მ სა-------–--ემ დაადასტურა რა, თავისი ხელმოწერით მის მიერ გამოხატული ნება, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მან იცოდა იმ სამართლებრივი შედეგების შესახებ, რაც სესხის ხელშეკრულებას ახლავს თან.
სადავო გარიგება ვერ იქნება მიჩნეული თვალთმაქცურად, შემდეგ გარემოებათა გამო: თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღება, თუმცა მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში დგება ამ ნორმის საფუძველზე ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გარეთ გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება, ვინაიდან მათ შორის არსებობს შეუსაბამობა. რაიმე მტკიცებულება, რაც სადავო გარიგების ნების გამომვლენი სუბიექტების მიერ სხვა გარიგების დაფარვაზე მიუთითებდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის. მასზე მოპასუხემ მხარეს სარწმუნოდ არ მიუთითებია.
ამდენად, საქმეში დაცული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლოს რწმენა უყალიბდება იმ მიმართებით, რომ სადავო გარიგება არ წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას და მხარეებს შორის რეალურად გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება; (ს.ფ 16-21)
- 2--- წლის 2--------ის #T---------- შეთანხმება (ს.ფ. 23)
- მხარეთა წერილობითი და ზეპირი ახსნა-განმარტებები;
3.2.6. მოპასუხე სადავოდ მიიჩნევს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიშის მიხედვით, შესაფასებელი ობიექტის (ჰო--------–----ი, სარეგისტრაციო ნომერი G------ ) საბაზრო ღირებულებას.
სასამართლო კვლავ განმეორდება და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს, თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. აღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხემ ავტომანქანის ალტერნატიული ღირებულების წარმოდგენა ვერ შეძლო და სასამართლოს შეფასების აქტში დასახელებული თანხა მიაჩნია სარწმუნოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ავტომანქანის შეფასების აქტი (ს.ფ 29-34)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „მი--------------------ის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 54-ე, 62-ე, 270-ე, 276-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 427-ე, 623-ე, 625-ე, 895-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
სასამართლომ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ 2--- წლის 2--------ს შპს „მი--------------------ს“ და მა----მ სა-------–--ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება NT----------, რომლის მიხედვით მსესხებელს გადაეცა 10 291 ლარი, ყოველთვიურად 5%-ის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი ჰო--------–----ი, სარეგისტრაციო ნომერი G-------
2--- წლის 2--------ს საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად შპს „მი--------------------ს“ და იო--- სა-------–--ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა იკისრა ვალდებულება კრედიტორის წინაშე, იმგვარად, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თავდებმა უზრუნველყოს კრედიტორის მიმართ ვალდებულების შესრულება. ამავე ხელშეკრულებით, თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 39 000 ლარით.
სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
დადგენილია, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით განსაზღვრული ფულადი ვალდებულების შესრულება, რის გამოც მოსარჩელეს მფლობელობაში გადაეცა გირავნობით დატვირთული ავტომობილი ჰო--------–----ი, სარეგისტრაციო ნომერი G-------
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიშის მიხედვით, შესაფასებელი ობიექტის (ჰო--------–----ი, სარეგისტრაციო ნომერი G------ ) საბაზრო ღირებულება დასკვნაში დასახელებული ფაქტების გათვალისწინებით, 2--- წლის 2 ივნისის მდგომარეობით შეადგენს 6500 ლარს, ხოლო ლიკვიდური ფასია 5400 ლარი.
2--- წლის 1-------------ს მოსარჩელემ მოახდინა გირავნობის საგნის რეალიზაცია 5945 ლარად, რომლის გაქვითვაც განხორციელდა შემდეგნაირად: 786 ლარი არის სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო, 2352.88 ლარით სრულად გაიქვითა დარიცხული სარგებელი, ხოლო 2806.12 ლარით შემცირდა სესხის ძირითადი თანხა.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მიუთითებს, რომ ავტომანქანის გადაცემით მხარეებს შორის არსებული ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდა.
სამოქალაქო კოდექსის 270-ე მუხლის თანახმად, გირავნობის უფლება წყდება იმ მოთხოვნის გაუქმებასთან ერთად, რომლის უზრუნველსაყოფადაც იგი არსებობს. ამავე კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგივე წესი ვრცელდება იმ ხარჯებსა და დანახარჯებზეც, რაც წარმოიშვება გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში.
სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით. ყოველი კონკრეტული ქმედება ვალდებულებითი ურთიერთობის შემწყვეტ შესრულებად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია, მოვალემ კრედიტორის წინაშე ვალდებულება ზუსტად ისე შეასრულოს, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც ჰქონდა კრედიტორს, სახელდობრ, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
კანონის აღნიშნული დანაწესი საერთოა როგორც ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილისათვის ისე, სახელშეკრულებო სამართლისათვის და ეხება სესხის ხელშეკრულების ყველა კომპონენტს, ყველა იმ უფლება-ვალდებულებას, რომელიც წარმოიშობა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეთა მხრიდან ადგილი აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, რის გამოც გირავნობის საგნის რეალიზაციის შემდგომ შემცირებული ძირითადი დავალიანება კვლავ შეადგენს 7457.52 ლარს, რაც გადასახდელად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად.
სასამართლოს მიიჩნია, რომ 2--- წლის 2--------ს შედგენილი გარიგება ნაწილობრივ ბათილია სესხის ძირითად ნაწილზე სარგებლის სახით 5% დარიცხვის ნაწილში. როგორც აღინიშნა სარგებლის სახით მხარეთა მიერ განსაზღვრულია სესხის ძირითადი ნაწილის 5% რაც ყოველწლიურად შეადგენს 60 %.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი, ხოლო ამავე კოდექსის 54- ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან, ასევე ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც გამოავლინა გარიგებისდადების ნება მხარემ.
სასამართლოს მოსაზრებით გამსესხებლის მიერ ბაზარზე საბანკო დაწესებულებების კრედიტებზე დადგენილი საშუალო საპროცენტო განაკვეთებზე ბევრად მეტი ოდენობით პროცენტის განსაზღვრა ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი
ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო
წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ (სსკ-ის 8.3 მუხლი). „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ (სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი). შესაბამისად, მხარეთა უფლება, თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი ა----ნ, გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული.
მოსარჩელე, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველთვიური 5%. მართალია, ამ შეთავაზებას მა----მ სა-------–--ე დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება.
ამ შემთხვევაში მოსარჩელე მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები. მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 60%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა.
ამრიგად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების დებულება, რომლითაც მოსარჩელემ სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა მაშინ, როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე“.
განვითარებული მსჯელობის შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ყოველწლიურად განსაზღვრული სარგებლის ოდენობა 60% უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 18%-ით, რაც თანხობრივად შეადგენს 1128.56 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2681-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. დადგენილია, რომ 2--- წლის 2--------ის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისას მე-8 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ის ნაწილი, რაც გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 257.58 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 263-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს “მი--------------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მა----მ სა-------–--ეს და იო--- სა-------–--ეს შპს „მი--------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2--- წლის 2--------ის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხა - 7457.52 ლარი, სარგებელი - 1128.56 ლარი და ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხა - 100 ლარი;
3. მა----მ სა-------–--ეს და იო--- სა-------–--ეს შპს „მი--------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 257.58 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი