გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.04.2019
საქმის ნომერი
330210018002625013
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
18.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/26341-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 აპრილი, 2019 წელი ქ.თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი თამთა ბარამიძე

მოსარჩელე - სს „ს----------–--------ი“

წარმომადგენელი - გ-----------------

მოპასუხე - შპს „დ--------“, შპს „ზ---------“, რ----- დ------ე, ზ---- ხ-–-------ი, მ-------- ხ-–-------ი,რ--------- დ------ე, გ------ დ---–-------ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს შპს ,,დ--------“-ს, შპს ,,ზ---------“-ს, რ----- დ------ეს, ზ---- ხ-–-------ს და მ-------- ხ-–-------ს 2014 წლის 16 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 61 548.73 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 41 339.02 აშშ დოლარი, პროცენტი 15 209.71 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 5000 აშშ დოლარი.

 

1.2. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების რ--------- დ------ის და გ------ დ---–-------ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: თბილისი, ო--------–ის ქ. #62, დაზუსტებული ფართი 316.00 კვ.მ., და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები, საკადასტრო კოდი #0---------------; ხოლო თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების დასაფარად, აღსრულება მოხდეს მოპასუხეების შპს ,,დ--------“-ს, შპს ,,ზ---------“-ს, რ----- დ------ის, ზ---- ხ-–-------ის და მ-------- ხ-–-------ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.

 

1.3. სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2013 წლის 19 მარტს ერთის მხრივ სს „პ------------------ს" და მეორეს მხრივ შპს „დ--------"-ს, (დირექტორი რ----- დ------ე), ი.მ რ----- დ------ეს, და შპს „ზ---------"-ს (დირექტორი ზ---- ხ-–-------ი) შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად საკრედიტო ლიმიტმა შეადგინა 500 000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი განისაზღვრა 360 თვით.

 

2014 წლის 16 ოქტომბერს, სს „პ------------------ს" და შპს „დ--------"-ს (დირექტორი რ----- დ------ე) შორის დაიდო 2013 წლის 19 მარტის გენერალური საკრედიტო ხაზის შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს „დ--------"-ს სასარგებლოდ გაიცა სესხი 50 053 აშშ დოლარის ოდენობით 60 თვის ვადით წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 14%-ით. ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის კერძოდ: გრაფიკით გათვალიწინებული თანხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შესაბამისი გადასახდელი თხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

2013 წლის 15 მარტის გენერალური საკრედიტიო ხაზის და მის ფარგლებში დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების უზრუნველყოფის მიზნით ერთის მხრივ სს „პ------------------ს" და მეორეს მხრივ რ--------- დ------ეს და გ------ დ---–-------ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სს „პ------------------ის" სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა რ--------- დ------ის და გ------ დ---–-------ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე თბილისი ო--------–ის ქ #62 დაზუსტებული ფართი 316.00 კვ.მ და მასზე არსებული შენობა ნაგებობები ს.კ 0---------------;

2013 წლის 15 მარტის გენერალური საკრედიტო ხაზის და მის ფარგლებში დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების უზრუნველყოფის მიზნით ერთის მხრივ სს „პ------------------ს" და მეორეს მხრივ შპს „დ--------"-ს, შპს „ზ---------"-ს, რ----- დ------ეს, ზ---- ხ-–-------ს და მ-------- ხ-–-------ს შორის 2013 წლის 19 მარტს დაიდო სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებები. სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებების თანახმად თითოეული სოლიდარული თავდები პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრა ძირითადი საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების სრულ ოდენობამდე.

 

სს „პ------------------ი"-ს მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულ იქნა სრულად — მსესხებელზე გაიცა კრედიტი. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკების მიხედვით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა კრედიტის დაფარვის გრაფიკის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვადების დარღვევა. აღნიშნულს ადასტურებს საბანკო მომსახურების ხელშეკრულება და ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან. მოპასუხემ შეწყვიტა სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დაფარვა. მითითებული საკრედიტო დავალიანების შესახებ მოპასუხეს წერილობითი შეტყობინება გაეგზავნა და მიეცათ ვადა არსებული დავალიანების დასაფარად, მოპასუხეების მხრიდან დღემდე არ შესრულებულა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება

 

2016 წლის 12 დეკემბერს სს „ს----------–--------ს" და სს „პ------------------ს" შორის დაიდო ცესიის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სს „ს----------–--------მა” შეიძინა სს „პ------------------ის" მართვაში არსებული გარკვეული სახის და რაოდენობის სესხები. ამდენად წინამდებარე საქმეზე სს „ს----------–--------ი" წარმოადგენს სს „პ------------------ის" უფლებამონაცვლეს.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა ცესის ხელშეკრულება და იპოთეკის ჩანაწერში შესულია ცვლილება, კერძოდ იპოთეკარი სს „პ------------------ის" ნაცვლად იპოთეკარად მითითებულია სს „ს----------–--------ი".

მოპასუხეებს საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებიათ ჯეროვნად, კერძოდ მსესხებლის მიერ 16.10.2014 წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე გრაფიკით გადასახდელი თანხა ვადაგადაცილებაშია 18.08.2016 წლიდან, ამდენად სესხის გრაფიკის დარღვევის დღიდან განხორციელდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს დარიცხვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

დღევანდელი მდგომარეობით მოპასუხეებს სს „ს----------–--------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად ერიცხებათ დავალიანება 141 492.17 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 41 339.02 აშშ დოლარი, პროცენტი 15209.71 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 84 943.44 აშშ დოლარი (რომელიც თავად კრედიტორის ინიციატივით იქნა შემცირებული 5000 აშშ დოლარამდე სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში).

(იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა რ----- დ------ემ და შპს ,,დ--------“-მ, წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხეებს თავად საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობისა და დავალიანების არსებობის ტაობაზე ფაქტობრივი გარემოება სადავო არ გაუხდიათ. (იხ. შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმი).

2.2. მოპასუხეებს შპს ,,ზ---------“-ს, ზ---- ხ-–-------ს, მ-------- ხ-–-------ს, რ--------- დ------ეს და გ------ დ---–-------ს შესაგებლები არ წარმოუდგენიათ, ამასთან, არც სხდომაზე გამოცხადებულან, შესაბამისად, მათი პოზიცია სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოსთვის ცნობილი არ არის.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2013 წლის 19 მარტს ერთის მხრივ სს „პ------------------ს" და მეორეს მხრივ შპს „დ--------"-ს, (დირექტორი რ----- დ------ე), ი.მ რ----- დ------ეს, და შპს „ზ---------"-ს (დირექტორი ზ---- ხ-–-------ი) შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად საკრედიტო ლიმიტმა შეადგინა 500 000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი განისაზღვრა 360 თვით.

 

გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი (წლიური) განისაზღვრა 36%-ის ოდენობით.

 

მხარეთა შეთანხმებით, იმ შემთხვევაში, თუ ბანკის ანგარიშზე არ ჩაირიცხება ფული კრედიტის დაბრუნების გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში, ბანკი უფლებამოსილია დააკისროს, ხოლო ასეთ შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო შესაბამისი გადასახდელი თანხის არაუმეტეს 0.5%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2013 წლის 19 მარტის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 19-25).

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2014 წლის 16 ოქტომბერს, სს „პ------------------ს" და შპს „დ--------"-ს (დირექტორი რ----- დ------ე) შორის დაიდო 2013 წლის 19 მარტის გენერალური საკრედიტო ხაზის შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს „დ--------"-ს სასარგებლოდ გაიცა სესხი 50 053 აშშ დოლარის ოდენობით 60 თვის ვადით წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 14%-ით. ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის კერძოდ: გრაფიკით გათვალიწინებული თანხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შესაბამისი გადასახდელი თხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

მსესხებელს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში არსებული ვალდებულება უნდა შეესრულებინა, ხელშეკრულებაზე დართული სესხის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული პერიოდულობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 16 ოქტომბრის შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 26-28);

- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 29-31);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

3.1.3. 2013 წლის 15 მარტის გენერალური საკრედიტო ხაზის და მის ფარგლებში დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების უზრუნველყოფის მიზნით ერთის მხრივ სს „პ------------------ს" და მეორეს მხრივ რ--------- დ------ეს და გ------ დ---–-------ს შორის, 2013 წლის 15 მარტს დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სს „პ------------------ის" სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა რ--------- დ------ის და გ------ დ---–-------ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე თბილისი ო--------–ის ქ #62 დაზუსტებული ფართი 316.00 კვ.მ და მასზე არსებული შენობა ნაგებობები ს.კ 0---------------;

იპოთეკის ხელშეკრულებით განისაზღვრა უზრუნველყოფის ფარგლები, კერძოდ, მხარეებმა განსაზღვრეს, რომ ქონების იპოთეკით დატვირთვა უზრუნველყოფდა მსესხებლის მიერ გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი საკრედიტო და ყველა სხვა ტიპის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შემდეგი ვალდებულებების შესრულებას: კრედიტის ძირითადი თანხის დაბრუნება 500 000 აშშ დოლარის ოდენობით, კრედიტის ძირითად თანხაზე დარიცხული პროცენტების გადახდა არაუმეტეს წლიური 36%-ისა, პირგასამტეხლოს გადახდა შესაბამისი გადასახდელი თანხის 2 %-ის ოდენობით პირველი ათი დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგ 0.5%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე კრედიტის დაფარვის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით ან არასათანადო შესრულების გამოწვეული ზარალის ანაზღაურება, ქონების შენახვაზე და მის რეალიზაციაზე ბანკის მიერ გაწეული აუცილებელი დანახარჯების ანაზღაურება, მათ შორის სასამართლო და სააღსრულებო ხარჯები.

ხელშეკრულების 7.1 პუნქტით განისაზღვრა, რომ ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა დავა და უთანხმოება გადაწყდება მოლაპარაკების გზით. ამ გზით ურთიერთშეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში საქმე განიხილება სასამართლოს მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბანკის ადგილსამყოფლის მიხედვით წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე, მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2013 წლის 15 მარტის იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 32-36);

- 17/02/2017 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 37-38);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

3.1.4. 2013 წლის 15 მარტის გენერალური საკრედიტო ხაზის და მის ფარგლებში დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების უზრუნველყოფის მიზნით ერთის მხრივ სს „პ------------------ს" და მეორეს მხრივ შპს „დ--------"-ს, შპს „ზ---------"-ს, რ----- დ------ეს, ზ---- ხ-–-------ს და მ-------- ხ-–-------ს შორის 2013 წლის 19 მარტს დაიდო სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებები. სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებების თანახმად თითოეული სოლიდარული თავდები პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრა ძირითადი საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების სრულ ოდენობამდე.

თავდებობის ხელშეკრულებების 7.1 პუნქტით განისაზღვრა, რომ ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა დავა და უთანხმოება გადაწყდება მოლაპარაკების გზით. ამ გზით ურთიერთშეთანხმების მიუღწევლობის სემთხვევაში საქმე განიხილება სასამართლოს მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბანკის ადგილსამყოფლის მიხედვით წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე, მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2013 წლის 19 მარტის ხელშეკრულებები სოლიდარული ვალდებულების შესახებ (ს.ფ. 39-53);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.6. მოპასუხე შპს ,,დ--------“-მ დაარღვია სს ,,ს----------–--------თან“ დადებული საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, 2014 წლის 16 ოქტომბერს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება, გაცემული სესხის და საპროცენტო სარგებლის, ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად, ეტაპობრივად შესრულების თაობაზე, შესაბამისად, შპს ,,დ--------“-ის მიერ ბანკის წინაშე შესასრულებელი ფულადი ვალდებულება შეადგენს 141 492.17 აშშ დოლარს, საიდანაც 41 339.02 აშშ დოლარი წარმოადგენს სესხის ძირითად თანხას, 15 209.71 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელს, ხოლო 84 943.44 აშშ დოლარი პირგასამტეხლოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ინფორმაცია დავალიანების შესახებ (ს.ფ. 54);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

3.1.7. 2016 წლის 12 დეკემბერს სს „ს----------–--------ს" და სს „პ------------------ს" შორის დაიდო ცესიის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სს „ს----------–--------მა” შეიძინა სს „პ------------------ის" მართვაში არსებული გარკვეული სახის და რაოდენობის სესხები. სს „ს----------–--------ი" წარმოადგენს სს „პ------------------ის" უფლებამონაცვლეს.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა ცესის ხელშეკრულება და იპოთეკის ჩანაწერში შესულია ცვლილება, კერძოდ იპოთეკარი სს „პ------------------ის" ნაცვლად იპოთეკარად მითითებულია სს „ს----------–--------ი".

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცესიის ხელშეკრულება;

- საჯარო რეესტრის ამონაწერი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ს----------–--------კის“ სარჩელი შპს „დ--------“-ს, შპს „ზ---------“-ს, რ----- დ------ის, ზ---- ხ-–-------ის, მ-------- ხ-–-------ის, რ--------- დ------ის და გ------ დ---–-------ის მიმართ, თანხის დაკისრების და იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 289-ე, 301-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე,867-ე, 868-ე, 873-ე, 891-,ე 892-ე, 895-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,ს----------–--------ს” და მოპასუხე შპს ,,დ--------“-ს შორის არსებობს საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობა, მოსარჩელე მხარემ მოპასუხეზე გასცა კრედიტი. აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულ უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხე მხარემ ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა საბანკო დაწესებულების მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში სასესხო დავალიანების ძირი თანხის ოდენობა, შეადგენს 41 339.02 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო 5000 აშშ დოლარს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა დავალიანების მთლიან ოდენობასთან მიმართებაში არის გონივრულ შესაბამისობაში. აქედან გამომდინარე, არ არსებობს მისი ოდენობის შემცირების საფუძველი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უდავოდაა დადგენილი ის გარემოება, რომ მოპასუხე შპს ,,დ--------“-ის მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება, მოსარჩელე (იპოთეკარი) სს ,,ს----------–--------კი” უფლებამოსილია მოითხოვოს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

მოცემულ შემთხვევაში, 2013 წლის 15 მარტის გენერალური საკრედიტო ხაზის და მის ფარგლებში დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების უზრუნველყოფის მიზნით ერთის მხრივ სს „პ------------------ს" და მეორეს მხრივ შპს „დ--------"-ს, შპს „ზ---------"-ს, რ----- დ------ეს, ზ---- ხ-–-------ს და მ-------- ხ-–-------ს შორის 2013 წლის 19 მარტს დაიდო სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებები. სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებების თანახმად თითოეული სოლიდარული თავდები პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრა ძირითადი საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების სრულ ოდენობამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, ძირითად მსესხებელთან ერთად თავდებ პირს ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა საკრედიტო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, კერძოდ, ძირითადი თანხის, დარიცხული საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების თაობაზე.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, საკრედიტო, თავდებობისა და იპოთეკის ხელშეკრულებების თანახმად, მხარეთა შორის მოხდა პირდაპირი წერილობითი შეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებით, რაც შესაბამისად წარმოადგენს აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

ვინაიდან, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, სს ,,ს----------–--------ის“ წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ს“ უნდა დაუბრუნდეს, მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის ნაწილი 175.93 ლარის ოდენობით, ხოლო 4824.07 ლარის გადახდა უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე,257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. მოსარჩელე სს "ს----------–--------ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს ;

 

2. მოპასუხეებს შპს „დ--------“-ას, შპს „ზ---------“-ს, რ----- დ------ეს, ზ---- ხ-–-------ს და მ-------- ხ-–-------ს სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 61548.73 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირს შეადგენს 41339.02 აშშ დოლარი, დარიცხულ პროცენტს 15209.71 აშშ დოლარი და პირგასამტეხლოს 5000 აშშ დოლარი.

 

3. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული, რ--------- დ------ის და გ------ დ---–-------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, ო--------–ის ქ N 62. დაზუსტებული ფართი 316.00 კვ.მ და მასზე არსებული შენობა ნაგებობები ს.კ. 0---------------, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხე შპს „დ--------“-ის, შპს „ზ---------“-ის, რ----- დ------ის, ზ---- ხ-–-------ის და მ-------- ხ-–-------ის,საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონება.

 

4. სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რომელიც დაუყოვნებელი აღსრულების ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრის შეტანის გზით გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. მოპასუხეებს შპს „დ--------“-ას, შპს „ზ---------“-ს, რ----- დ------ეს, ზ---- ხ-–-------ს, მ-------- ხ-–-------ს, რ--------- დ------ეს და გ------ დ---–-------ს სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 4824.07 ლარის ანაზღაურება.

 

6. დაუბრუნდეს სს "ს----------–--------ს" მის მიერ 2018 წლის 10 სექტემბერს სს "ს----------–--------ში" # 9-- საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5000 ლარიდან 175.93 ლარი (მიმღები ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი: 300773150).

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე