გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/85-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 ივნისი 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი
სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი
მოსარჩელე - შპს „ევ--------------ი+“
წარმომადგენელი - გი------ თა------–---–ი
მოპასუხე - კა-- სვ------–---–ი
დავის საგანი -ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. კა-- სვ------–---–ს შპს „ევ--------------+- ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითადი თანხა - 1087 აშშ დოლარი, სარგებელი - 872.65 აშშ დოლარი, ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხა - 100 ლარი.
1.2. სასამართლო გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე კა-- სვ------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო სადავოდ მიიჩნია ავტომანქანის საბაზრო ღირებულების დაახლოებით მეოთხედ თანხაში გაყიდვა. ასევე სადავოდ მიიჩნია დარჩენილი შეუსრულებელი ვალდებულების ნაწილში თანხის დანგარიშება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2--- წლის 28 იანვარს შპს „ევ--------------+სა“ და კა-- სვ------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N12-------, სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი -B-------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება; (ს.ფ 16-22)
- N12------- შეთანხმება (ს.ფ. 23)
- გადახდის გრაფიკი (ს.ფ 24)
3.1.2. მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით განსაზღვრული ფულადი ვალდებულების შესრულება, რის გამოც მოსარჩელეს მფლობელობაში გადაეცა გირავნობით დატვირთული ავტომობილი სარეგისტრაციო ნომერი Q------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- გაფრთხილებები (ს.ფ.35-36)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2--- წლის 28 ი------ს საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად შპს „ევ--------------+-მა“ 2018 წლის 22 თებერვალს უზრუნველყო გირავნობის საგნის რეალიზაცია. ავტომობილი გაიყიდა 1000 ლარად (405.08 აშშ დოლარად), რომლის გაქვითვაც ხელშეკრულების შესაბამისად განხორციელდა შემდეგნაირად 158.41 აშშ დოლარით სრულად გაიქვითა დარიცხული პირგასამტეხლო. 841.59 აშშ-ით ნაწილობრივ გაიქვითა დარიცხული სარგებელი.
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიშის მიხედვით, შესაფასებელი ობიექტის (B-- სარეგისტრაციო ნომერი Q------ ) საბაზრო ღირებულება დასკვნაში დასახელებული ფაქტების გათვალისწინებით, 2017 წლის 2 თებერვლის მდგომარეობით შეადგენს 1800 ლარს, ხოლო ლიკვიდური ფასია 900 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ავტომანქანის შეფასების აქტი (ს.ფ 29-33)
3.2.2. 2017 წლის 20 ოქტომბერს კა-- სვ------–---–ს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება და გაფრთხილება, დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვის ან/და გირავნობის საგნის რეალიზაციის თაობაზე. აღნიშნულის თაობაზე მასვე ეცნობა ელექტრონული სახით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ელ.შეტყობინება (ს.ფ.35)
- წერილობითი შეტყობინება(ს.ფ.36)
2018 წლის 15 ნოემბრის წერილობითი შეტყობინებით მოპასუხეს ეცნობა გირავნობის საგნის რეალიზაციის, მიღებული თანხის გადანაწილების, დარჩენილი დავალიანების შესახებ და 2018 წლის 30 ნოემბრამდე მისი დაფარვის შესახებ. თუმცა მოსარჩელის განმარტებით აღნიშნული შეტყობინების ჩაბარება ვერ მოხერხდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საფოსტო უკუგზავნილი(ს.ფ.39)
აღსანიშნავია, რომ მოპასუხის მიერ სადავოდ არის ქცეული მისი არაინფორმირებულობა დავალიანების არსებობის და ავტომობილის რეალიზაციის თაობაზე.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ხელშეკრულების მე-7 მუხლზე, რომლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მხარეები თანხმდებიან, რომ საცხოვრებელ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად იმის დამიუხედავად ჩაბარდება იგი უშუალოდ ადრესატს თუ ადგილზე მყოფ მცხოვრებ ნებისმიერ პირს. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნილი შეტყობინებები გაგზავნისთანავე ჩაითლება ჩაბარებულად იმისდამიუხედავად წაიკითხავს/გაეცნობა თუ არა მას ადრესატი. მოგირავნე ვალდებულია გირავნობის საგნის რეალიზაციის შემთხვევაში, რეალიზაციამდე ორი კვირით ადრე რომელიმე საშუალებით გააფრთხილოს დამგირავებელი რეალიზაციის თაობაზე.
საქმეში დაცულია საფოსტო შეტყობინებები, საიდანაც დგინდება, რომ მოვალეს დავალიანების არსებობის შესახებ გაფრთხილებები გაეგზავნა ხელშეკრულებებში არსებულ მისამართებზე და ჩაბარდა 2017 წლის 25 ოქტომბერს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, მოპასუხისთვის წერილობითი გაფრთხილებები ჩაბარებულია 2017 წლის 25 ოქტომბერს ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. შესაბამისად მოპასუხე მხარეს სრული შესაძლებლობა ჰქონდა დაეფარა დავალიანება ავტომობილის რეალიზაციის თავიდან ასაცილებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- წერილობითი შეტყობინებები (ს.ფ 38)
- ელექტრონული შეტყობინება (ს.ფ 35)
3.2.3. დადგენილია, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციის შემდგომ შემცირებული დავალიანება შეადგენს სესხის ძირითადი თანხას - 1087 აშშ დოლარს, სარგებელს - 872.65 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება; (სარჩელი, სხდომის ოქმი)
3.2.4 სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების შედეგად მიიჩნია, რომ 2--- წლის 28 იანვარს შპს „მევ--------------+ის“ და კა-- სვ------–---–ის მიზანს წარმოადგენდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების შედგენა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.
აღსანიშნავია, რომ 2--- წლის 28 იანვარს მხარეებს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება და მის საფუძველზე შედგენილი შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ, რომელშიც განისაზღვრა ხელშეკრულების არსებითი პირობები, როგორიცაა: სესხის თანხა, მისი დაბრუნების ვადა და ყველა მოსალოდნელი შედეგი რაც ვალდებულების შეუსრულებლობას ახლავს. მხარეებმა აქვე მიუთითეს, რომ გამსესხებელმა მსესხებელს სესხის თანხა სრულად და ჯეროვნად გადაუხადა 1250 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო მსესხებელმა მიიღო იგი.
3.2.5. მოპასუხე სადავოდ მიიჩნევს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიშის მიხედვით, შესაფასებელი ობიექტის საბაზრო ღირებულებას.
სასამართლო კვლავ განმეორდება და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს, თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. აღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხემ ავტომანქანის ალტერნატიული ღირებულების წარმოდგენა ვერ შეძლო და სასამართლოს შეფასების აქტში დასახელებული თანხა მიაჩნია სარწმუნოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ავტომანქანის შეფასების აქტი (ს.ფ 28-34)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ევ--------------+-ის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 54-ე, 62-ე, 270-ე, 276-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 427-ე, 623-ე, 625-ე, 895-ე მუხლები;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
სასამართლომ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ 2--- წლის 28 იანვარს შპს „ევ--------------+ს“ და კა-- სვ------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N12-------, რომლის მიხედვით მსესხებელს გადაეცა 1250 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 5%-ის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი სარეგისტრაციო ნომერი Q------ .
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
დადგენილია, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით განსაზღვრული ფულადი ვალდებულების შესრულება, რის გამოც მოსარჩელეს მფლობელობაში გადაეცა გირავნობით დატვირთული ავტომობილი სარეგისტრაციო ნომერი Q------ .
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიშის მიხედვით, შესაფასებელი ობიექტის ბმვ, სარეგისტრაციო ნომერი Q------ . საბაზრო ღირებულება დასკვნაში დასახელებული ფაქტების გათვალისწინებით, 2017 წლის 2 თებერვლის მდგომარეობით შეადგენს 1800 ლარს, ხოლო ლიკვიდური ფასია 900 ლარი.
2018 წლის 22 თებერვალს მოსარჩელემ მოახდინა გირავნობის საგნის რეალიზაცია 405.08 აშშ დოლარად, რომლის გაქვითვაც განხორციელდა შემდეგნაირად: 158.41 აშშ დოლარით სრულად გაიქვითა დარიცხული პირგასამტეხლო. 841.59 აშშ დოლარით ნაწილობრივ გაიქვითა დარიცხული სარგებელი.
სამოქალაქო კოდექსის 270-ე მუხლის თანახმად, გირავნობის უფლება წყდება იმ მოთხოვნის გაუქმებასთან ერთად, რომლის უზრუნველსაყოფადაც იგი არსებობს. ამავე კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგივე წესი ვრცელდება იმ ხარჯებსა და დანა--რჯებზეც, რაც წარმოიშვება გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში.
სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით. ყოველი კონკრეტული ქმედება ვალდებულებითი ურთიერთობის შემწყვეტ შესრულებად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია, მოვალემ კრედიტორის წინაშე ვალდებულება ზუსტად ისე შეასრულოს, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც ჰქონდა კრედიტორს, სახელდობრ, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
კანონის აღნიშნული დანაწესი საერთოა როგორც ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილისათვის ისე, სახელშეკრულებო სამართლისათვის და ეხება სესხის ხელშეკრულების ყველა კომპონენტს, ყველა იმ უფლება-ვალდებულებას, რომელიც წარმოიშობა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეთა მხრიდან ადგილი აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, რის გამოც გირავნობის საგნის რეალიზაციის შემდგომ შემცირებული ძირითადი დავალიანება კვლავ შეადგენს 1087 აშშ დოლარს, რაც გადასახდელად უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
როგორც აღინიშნა სარგებლის სახით მხარეთა მიერ განსაზღვრულია სესხის ძირითადი ნაწილის 5% რაც ყოველწლიურად შეადგენს 60 %.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი, ხოლო ამავე კოდექსის 54- ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან, ასევე ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც გამოავლინა გარიგებისდადების ნება მხარემ.
სასამართლოს მოსაზრებით გამსესხებლის მიერ ბაზარზე საბანკო დაწესებულებების კრედიტებზე დადგენილი საშუალო საპროცენტო განაკვეთებზე ბევრად მეტი ოდენობით პროცენტის განსაზღვრა ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი
ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო
წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ (სსკ-ის 8.3 მუხლი). „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ (სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი). შესაბამისად, მხარეთა უფლება, თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან, გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული.
მოსარჩელე, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველთვიური 5%. მართალია, ამ შეთავაზებას კა-- სვ------–---–ი დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება.
ამ შემთხვევაში მოსარჩელე მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები. მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 60%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა.
ამრიგად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების დებულება, რომლითაც მოსარჩელემ სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა მაშინ, როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე.
განვითარებული მსჯელობის შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ყოველწლიურად განსაზღვრული სარგებლის ოდენობა 60% უნდა შემცირდეს და განახევრდეს, რაც თანხობრივად შეადგენს 436.32 აშშ დოლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2681-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. დადგენილია, რომ 2--- წლის 28 ი------ს საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისას მე-8 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ის ნაწილი, რაც გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 124.41 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 263-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს “ ევ--------------+-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. კა-- სვ------–---–ს შპს „მისო ევ--------------+-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2--- წლის 28 ი------ს საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხა - 1087 აშშ დოლარი, სარგებელი - 436.32 აშშ დოლარი და ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხა - 100 ლარი.
3.კა-- სვ------–---–ს შპს „ევ--------------+-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 124.41 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი