გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.07.2019
საქმის ნომერი
200310019002816512
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
09.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 200310019002816512

N 3/8-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

09 ივლისი, 2019 წელი ქ. თელავი

შესავალი ნაწილი

 

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე თამარ კაპანაძე

სხდომის მდივანი - ფიქრია სვანიძე

 

მოსარჩელე - მე--–--------–--------–---–- (პ.ნ 2----------).

 

წარმომადგენელი - შო--------------–ი.

 

მოპასუხე - თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია.

 

წარმომადგენელი - ამ-------–----–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნები:

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავეულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 16 ნოემბრის N615 განკარგულება.

 

1.2. მოპასუხეს - თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. თელავი, შა-–-----ის გზატკეცილი N1-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, ფართობით - 882 კვ.მ, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

 

წარმოდგენილი წერილობითი სარჩელისა და მოსარჩელე მხარის განმარტების თანახმად: მე--–-------–--------–---–ს 2004 წლის 10 თებერვლიდან საკუთრებაში აქვს ქ. თელავში, შა-–-----ის გზატკეცილი N1-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი- დაზუსტებული ფართობი 1867 კვ.მ, ს.კ 5----------- - მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით. შენობაში მოსარჩელეს წლების განმავლობაში გახსნილი ჰქონდა დიდი საცხობი და ამუშავებდა მას. აღნიშნული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს 882 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი, რომელსაც მოსარჩელე ასევე, საკუთრების მსგავსად, 2004 წლიდან, წლების განმავლობაში ფლობს თვითნებური დაკავების ფორმით. მიწის ნაკვეთი არის შემოღობილი და მოსარჩელე სარგებლობს, ამუშავებს და უვლის მიწის ნაკვეთს. 2018 წლის 18 ივლისს მე--–-------–--------–---–მა წარმომადგენლის მეშვეობით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა განცხადება და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, კერძოდ, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მე--–-------–--------–---–ის საკუთრებაში არსებულ თელავი, შა-–-----ის გზატკეცილი N1-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (დაზუსტებული ფართობი 1867 კვ.მ, ს.კ 5-----------) მომიჯნავედ მდებარე, თვითნებურად დაკავებული 882 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია გადაუგზავნა თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე მოსარჩელემ წარადგინა მოწმეების ნოტარიულად დამოწმებული ჩვენებები და საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის საჭირო სხვა დოკუმენტაცია. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ მოცემული საქმის წარმოებისას არ უზრუნველყო მისი მონაწილეობა. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, ისე მიიჩნია, რომ ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ქალაქის ასანიზაციის ორმო და საკანალიზაციო ქსელი, არ შეაფასა მრავალი მტკიცებულება, ისე გამოსცა საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ 2018 წლის 16 ნოემბრის N615 განკარგულება. აღნიშნული განკარგულება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მისთვის არ გადაუცია და ცნობილი გახდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით 2018 წლის 28 დეკემბერს. (იხ. სარჩელი, ს.ფ. 2-18; სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და წერილობით შესაგებელში განმარტა, რომ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის გარკვეულ ნაწილზე, კერძოდ, ამ მიწის ქვეშ მდებარე ე.წ.საკანალიზაციო ჭის მხარეს, მის აყოლებაზე არ დასტურდებოდა ფლობა, ეს ადგილი იყო მაყვლის ბარდებით დაფარული და მოუვლელი. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელი დაეთანხმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო ორი გარემოება: ტერიტორიის ადგილი, სადაც საკანალიზაციო ჭა მდებარეობს, არ იყო შემოღობილი და ჭასთან იყო ეკალბარდი და ასევე, ვერ დადგინდა, აღნიშნული საკანალიზაციო ქსელი და ჭა წარმოადგენდა ქალაქის ინფრასტრუქტურის ობიექტს თუ განკუთვნილი იყო კერძო სარგებლობისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 16 ნოემბრის N615 განკარგულება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. (იხ. შესაგებელი, ს.ფ. 61-69; სხდომის ოქმი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2004 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით, ქ. თელავი, შა-–-----ის გზატკეცილი, N1-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, დაზუსტებული ფართობი-1867 კვმ, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, ს.კ. 5-----------, რეგისტრირებულია მე--–-------–--------–---–ის საკუთრების უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. (ს.ფ.19; ს.ფ.52);

 

3.1.2.2018 წლის 18 ივლისს მე--–-------–--------–---–მა წარმომადგენლის მეშვეობით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა განცხადება და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, კერძოდ, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მე--–-------–--------–---–ის საკუთრებაში არსებულ, ქ. თელავი, შა-–-----ის გზატკეცილი N1-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (დაზუსტებული ფართობი 1867 კვ.მ, ს.კ 5-----------) მომიჯნავედ მდებარე, თვითნებურად დაკავებული 882 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. განმცხადებელმა თანხმობა გამოთქვა წარმოდგენილი კორექტირებული დოკუმენტაციის აღაირების კომისიაში გადაგზავნაზე.

 

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტოს მიერ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია განსახილველად გადაგზავნილი იქნა თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მე--–-------–--------–---–ის წარმომადგენლის იზ---–-----–--------–---–ის განცხადება (ს.ფ. 21; ს.ფ.44)

 

- დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და რწმუნებულება (ს.ფ.24-25; ს.ფ.40-43)

 

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 27 ივლისის N328617 მომართვა (ს.ფ.39)

 

3.1.3. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარდგენილი თე---------------–---–ის და გი----------–--ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებების თანახმად, განმცხადებლები ადასტურებენ, რომ მე--–-------–--------–---–ს ქ. თელავი, შა-–-----ის გზატკეცილი N1-ში 2003 წლიდან კანონიერ ფლობაში აქვს 1867 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ.53.20.42.397), ამასთანავე, ამავე წლიდან მის მიმდებარედ თვითნებურად დაკავებული აქვს ამუშავებს არასასფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ფართობით 882 კვმ და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობას N1-24კვმ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-თე---------------–---–ის განცხადება (ს.ფ.46-47);

-გი----------–--ის განცხადება (ს.ფ. 48-49);

 

3.1.4. მე--–-------–--------–---–ის განცხადებაზე თანდათული საკადასტრო აგეგმვითი /აზომვითი ნახაზების და ორთოფოტოს თანახმად, მე--–-------–--------–---–ის მიერ ქ.თელავში, შა-–-----ის გზატკეცილი N1-ში მდებარე დაკავებული მიწის ნაკვეთის ფართობია 882 კვმ, რომელზედაც არის მიწისქვეშა შენობა ნაგებობა N 1, დანიშნულება - დამხმარე, სართულიანობა -0, განაშენიანების ფართი - 24 კვმ. აღნიშნული ნაკვეთი არის მოსარჩელის საკუთრების უფლებით რეგისტირერებული მიწის ნაკვეთის ს.კ. 5----------- მიმდებარე ნაკვეთი და უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-საკადასტრო აგეგმვითი/ აზომვითი ნახაზები და ორთოფოტო (ს.ფ. 23; 50-51; 53-54; );

 

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 ივლისის სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ.45)

 

3.1.5. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 02 ნოემბრის ადგილზე დათვალიერების N488 აქტის თანახმად, თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 02 ნოემბრის N27 ბრძანებით ,,ადგილზე დათვალიერების დროებითი ჯგუფის შექმნის შესახებ“ შექმნილმა ჯგუფის წევრებმა მე--–-------–--------–---–ის განცხადების შესასწავლად ადგილზე დაათვალიერეს აღნიშნული მიწის ნაკვეთი და დაადგინეს, რომ ქ. თელავი, შა-–-----ის გზატკეცილი N1-ში მდებარე 882 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მიმდებარეა მე--–-------–--------–---–ის საკუთრებაში არსებულ რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, მაგრამ დაახლოებით 120 კვ.მ ფართობი სცდება ბუნებრივად (შემაღლებულ) საზღვრებს, სადაც მოქცეულია მიწისქვეშა შენობა-ნაგებობა ფართობით 24 კვ.მ. კერძოდ, აქ განთავსებულია ასანიზაციის ორმო და ქსელი, რომელიც დაფარულია ეკალ-ბარდით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-2018 წლის 02 ნოემბრის თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის N488 აქტი (ს.ფ.56);

 

3.1.6. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრით დათარიღებული კომისიის სხდომის N27 ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა მე--–-------–--------–---–ის განცხადება და უარი ეთქვა ქ. თელავი, შა-–-----ის გზატკეცილი N1-ში მდებარე 882 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის საკუთრებად აღიარებაზე 2018 წლის 02 ნოემბრის ადგილზე დათვალიერების N488 აქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე.

 

თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 16 ნოემბრის განკარგულებით მე--–-------–--------–---–ს უარი ეთქვა ქ. თელავი, შა-–-----ის გზატკეცილი N1-ში მდებარე 882 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მის საკუთრებად აღიარებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრით დათარიღებული სხდომის ოქმი N 27 (ს.ფ.57-60);

 

- თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 16 ნოემბრის N615 განკარგულება (ს.ფ. 55);

 

3.1.7. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად, მოხდა სადავო მიწის ნაკვეთის მიჯნის და მიჯნის შიგნით განთავსებული საკანალიზაციო ჭის ფაქტების კონსტანტაცია, რომლითაც დადგენილია რომ სადავო მიწის ნაკვეთი არის შემოსაზღვრული, მოვლილი, მიწის ნაკვეთზე არის წყლის მილი. ასევე, დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ქალაქის საკანალიზაციო ქსელი არ გააჩნია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-ოქმი ფაქტების კონსტანტაციის შესახებ (ს.ფ. 88-91 თანდართული დისკით)

 

-საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თელავის სერვის ცენტრის 2019 წლის 25 მარტის N3655/30/01 ცნობა (ს.ფ.92)

 

- მიწის ნაკვეთის სიტუაციური ნახაზი (ს.ფ. 93)

 

3.1.8 სასამართლოს მიერ 2018 წლის 12 ივნისს მხარეთა მონაწილეობით ჩატარებული ადგილის დათვალიერებით დადგენილია შემდეგი: მე--–-------–--------–---–ის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ.თელავში, შა-–-----ის გზატკეცილი N1 -ში მდებარე მოსარჩელის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების მიმდებარედ. მიწის ნაკვეთი მთლიანად არის შემოსაზღვრული რკინის მავთულბადის ღობით. თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ფართობია 882 კვმ. აღნიშნულ ფართობზე განთავსებულია საკანალიზაციო ჭა და მილი, რომელიც ემსახურება მხოლოდ მოსარჩელის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ შენობას და მხოლოდ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობისათვის არის განკუთვნილი. საკანალიზაციო ჭა დაცულია და გადახურულია მიწისქვეშა ბეტონის ნაგებობით. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ბალახი არის მოცელილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-ადგილის დათვალიერების ოქმი (ს.ფ.98-101);

 

3.1.9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულიმა გა-----------მა დაადასტურა ადგილზე დათვალიერებისას მიცემული მისი განმარტება და განმარტა, რომ 2007 წლიდან არის მოსარჩელის შვილის მეუღლე და დაადასტურა მოსარჩელის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის დღემდე სრულად ფლობის ფაქტი. მისი ჩვენების თანახმად, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობაში მე--–------–--------–---–ს ჰქონდა გახსნილი საცხობი. სადავო მიწის ნაკვეთზე არსებული ჭა და მილი კი ემსახურება საცხობის შენობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-გა-----------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით მიცემული ჩვენება (იხ სხდომის ოქმი);

 

3.1.10. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა იზ---–-----–--------–---–მა დაადასტურა ადგილზე დათვალიერებისას მიცემული მისი განმარტება და განმარტა, რომ იგი არის მოსარჩელე მე--–-------–--------–---–ის მეუღლე და იყო მისი წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ორგანოში. მან მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის მიმდებარე ტერიტორიის საკუთრებად აღიარებისთვის. აღნიშნული მიწის ნაკვეთი მოსარჩელემ შეიძინა 2003 წელს და შემოღობა მავთულბადით. მოსარჩელეს იქ ჰქონდა გახსნილი საცხობი და ამუშავებდა, ბოლო ორი წელია რაც საცხობი აღარ ფუნქციონირებს, თუმცა, სადავო მიწის ნაკვეთს, ისევე როგორც საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს და შენობას, სრულად ფლობენ და უვლიან დღემდე მოსარჩელე და მისი ოჯახი. სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული ჭა არის მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობის საკანალიზაციო ქსელის ჭა. მან ასევე, განმარტა, რომ მიწის ნაკვეთზე ამოდის ეკალ-ბარდები, რომელსაც პერიოდულად ცელავენ და ასუფთავებენ ტერიტორიას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- იზ---–-----–--------–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით მიცემული ჩვენება (იხ სხდომის ოქმი);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მე--–-------–--------–---–ის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 16 ნოემბრის N 615 განკარგულება და თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ'' საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს: ბათილად იქნას ცნობილი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 16 ნოემბრის N615 განკარგულება. ასევე, მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელისათვის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლერივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით.

 

ამავე კანონის მე-5 პრიმა მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, კომისია მის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს − განკარგულებას.

 

2016 წლის 28 ივლისის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №376 დადგენილების მე-5 მუხლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის, უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილი წესით.

ამავე წესის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კომისია საქმიანობას ეწევა სხდომების მეშვეობით.

 

ამავე წესის მე-14 მუხლის თანახმად, 1. კომისიის სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, კომისიის ყველა დამსწრე წევრი და კომისიის მდივანი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს უფლება, სხდომის ოქმს წერილობით დაურთოს საკუთარი განსხვავებული აზრი, რომელიც აღინიშნება ოქმში.

2. ოქმში უნდა მიეთითოს:

ა) კომისიის დასახელება;

ბ) სხდომის დრო და ადგილი;

გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა;

დ) სხდომაში მონაწილე დაინტერესებული პირის, აგრეთვე ექსპერტისა და მოწმის ვინაობა;

ე) განხილვის საგანი, წარდგენილი განცხადების მოკლე მიმოხილვა;

ვ) მოწმეთა და ექსპერტთა ჩვენების მოკლე აღწერა, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების შედეგები;

ზ) კენჭისყრის შედეგები;

თ) მიღებული გადაწყვეტილება.

 

ამავე წესის მე-10 მუხლის თანახმად, კომისია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გადაწყვეტილებას იღებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - განკარგულებით.

2. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სხდომაზე.

3. კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მითითებული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 16 ნოემბრის N615 განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

 

2016 წლის 28 ივლისის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის №376 დადგენილების თანახმად, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს, განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართლებრივ სტატუსს, კომპეტენციასა და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე საკუთრების უფლების აღიარების პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონი მიღებული იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ 2007 წლის 11 ივლისს, ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე , 2007 წლის 27 ივლისს (გარდა ამ კანონის მე-6 და მე-8 მუხლებისა). ამ კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

 

ზემოთ მოყვანილი იმპერატიული ნორმის ხასიათიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ განხორციელდეს კანონის ფარგლებში საკუთრების აღიარება, საჭიროა მოთხოვნა აკმაყოფილებდეს რამდენიმე კომპონენტს, კერძოდ: თვითნებურად დაკავებული მიწა უნდა იყოს ფიზიკური პირის მიერ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული მიწა. ასევე, დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე. გარდა ამისა, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის ფართობი აუცილებელია ნაკლები იყოს საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე. და ბოლოს, საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს მიერ არ უნდა იყოს განკარგული.

კანონის შინაარსიდან ნათლად ჩანს, რომ მისი მიზნებიდან გამომდინარე, საჭიროა კუმულაციური პირობების შესრულება, შესაბამისად უნდა დაკმაყოფილდეს ყველა პირობა ერთად.

 

გარდა ამისა, ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულია ის პირობები, რა დროსაც საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები. მათ შორის, აღნიშნული ნორმის ,,ი" ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები;

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებაა ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა;

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 პრიმა მუხლი არეგულირებს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების წესს, კერძოდ;

1. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში.

2. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან.

3. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს:

ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება;

ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი;

გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად;

დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.

 

4. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, კომისია დაინტერესებული პირის განცხადებას განიხილავს მისი მიღებიდან 2 თვის ვადაში. თუ საკუთრების უფლებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია 2 თვეზე მეტი ვადა, კომისია უფლებამოსილია განცხადების განხილვის ვადა დამატებით გაზარდოს არაუმეტეს 6 თვით.

 

5. თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს და კომისია დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, კომისია დაინტერესებულ პირს უგზავნის წერილობით შეტყობინებას საკუთრების უფლების აღიარების საფასურის შესაბამისი ოდენობისა და მისი სრულად გადახდის ვალდებულების თაობაზე. თუ დაინტერესებული პირი გადაიხდის საკუთრების უფლების აღიარების საფასურის წერილობითი შეტყობინებით დადგენილ ოდენობას, კომისია გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას და დამოწმებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზს, რომელზედაც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად ასახული უნდა იყოს საკუთრებისუფლებააღიარებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობის საზღვრები და ფართობი.

 

6. სავარაუდო მემკვიდრეზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის შემდეგ სამკვიდრო მოწმობის გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 

7. თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

2016 წლის 28 ივლისის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის №376 დადგენილების მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის,ა" ქვეპუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა დაერთოს მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, სხვა დოკუმენტებთან ერთად, განცხადებას ასევე უნდა დაერთოს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად, ასახული უნდა იყოს საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების საზღვრები და ფართობი;

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იქნა საკუთრების უფლების აღიარება ქ. თელავში, შა-–-----ის გზატკეცილი N1-ში მდებარე მოსარჩელის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების მომიჯნავედ მდებარე თვითნებურად დაკავებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. განმცხადებელმა განცხადებას დაურთო მოწმეთა ჩვენებები, რითაც დასტურდება მოსარჩელის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ფლობა 2007 წლამდე პერიოდიდან. ასევე, განცხადებას დაერთო მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზი და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი და სხვა დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ფართობი ნაკლებია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობისა და მიწის ნაკვეთ არ არის განკარგული. ასევე, დადგენილია, რომ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 02 ნოემბრის N27 ბრძანებით ,,ადგილზე დათვალიერების დროებითი ჯგუფის შექმნის შესახებ“ შემქნილმა ჯგუფის წევრებმა მე--–-------–--------–---–ის განცხადების შესასწავლად ადგილზე დაათვალიერეს აღნიშნული მიწის ნაკვეთი და შეადგინეს აქტი რომლის თანახმად, ქ. თელავი, შა-–-----ის გზატკეცილი N1-ში მდებარე 882 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მიმდებარეა მე--–-------–--------–---–ის საკუთრებაში არსებულ რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, მაგრამ დაახლოებით 120 კვ.მ ფართობი სცდება ბუნებრივად (შემაღლებულ) საზღვრებს, სადაც მოქცეულია მიწისქვეშა შენობა-ნაგებობა ფართობით 24 კვ.მ. კერძოდ, აქ განთავსებულია ასანიზაციის ორმო და ქსელი, რომელიც დაფარულია ეკალ-ბარდით. გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო ის გარემოებები, რომ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ტერიტორიის ის ადგილი, სადაც საკანალიზაციო ჭა მდებარეობს, არ იყო შემოღობილი და ჭასთან იყო ეკალბარდი და ასევე, ვერ დადგინდა, აღნიშნული საკანალიზაციო ქსელი და ჭა წარმოადგენდა ქალაქის ინფრასტრუქტურის ობიექტს თუ განკუთვნილი იყო კერძო სარგებლობისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ მე--–-------–--------–---–ის მიერ დაკავებული სადავო მიწის ნაკვეთი სრულადაა შემოსაზღვრული, მიწის ნაკვეთზე ბალახი არის მოცელილი, ასევე, დადგენილი იქნა, რომ მიწის ნაკვეთზე .განთავსებულია საკანალიზაციო ჭა და მილი, რომელიც ემსახურება მხოლოდ მოსარჩელის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ შენობას და მხოლოდ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობისათვის არის განკუთვნილი და მიწის ნაკვეთის მიმდებარედ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ქალაქის საკანალიზაციო ქსელი არ გააჩნია. ეს გარემოებები ადმინისტრაციული წარმოებისას ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია, ასევე, არ მოუწვევია და არ მოუსმენია დაინტერესებული მხარის განმარტება და მოსაზრება. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. გამონაკლისს ადგენს კანონი.

 

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირს უნდა ეცნობოს ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისი მონაწილეობა საქმეში. ამავე კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

ზემოთაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი, ან იგი ნივთს ფლობს მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე; დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს. ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას, უფრო მეტიც, - კანონმდებლობა ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს (განსახილველ შემთხვევაში თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის კომისიას) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით მოახდინოს კანონითა და დადგენილებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია. ამ მიზნით კომისია უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოიპოვოს დამატებითი დოკუმენტები, დაათვალიეროს საკუთრებაში გადასაცემი ნაკვეთი, მოისმინოს განმცხადებლის, სხვა დაინტერესებული პირის განმარტებები და აღნიშნული მასალების ურთიეთშეჯერების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო აცნობებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს თავისი მოსაზრება ან შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოებასთან დაკავშირებით.

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს: საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის წესების დაცვისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და აქტის დასაბუთების ვალდებულება, ხოლო ასეთის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქტის სამართლებრივი შედეგების შესახებ, კერძოდ: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N ბს-246-243 (კ-14)).

 

საკასაციო სასამართლომ ამავე გადაწყვეტილებაში ასევე განმარტა, რომ ,,ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არაპირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივიუსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია''.

 

ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას -ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.

 

სასამართლო კეთილსინდისიერი ადმინისტრირების სტანდარტის საფუძველზე განმარტავს, რომ პირი აღჭურვილია რა კანონიერი ნდობის უფლებით, ადმინისტრაციულ ორგანოში მისი განცხადების დარეგისტრირება (ასეთის უდავოდ დადგენის შემთხვევაში) იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების - განცხადების კანონით დადგენილ ვადაში განხილვა-გადაწყვეტის წარმოშობას, რის მიმართ პირის კანონიერი მოლოდინი პატივსადები და სამართლებრივი დაცვის ღირსია. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე ისეთი სახის მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ კომისიის მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული და შეჯერებული საქმის ყველა გარემოება. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებსაც: აღიარების კომისიის სხდომის ოქმი N27, დათარიღებულია 2018 წლის 30 ნოემბრით და არ წარმოდგენილა ისეთი სახის მტკიცებულება, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა შეეფასებინა რომ ოქმის თარიღი შეცდომით იქნა მითითებული. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თარიღად კი 2018 წლის 16 ნოემბერია მითითებული. მოსარჩელე უთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ უზრუნველყო მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, არ შეაფასა მრავალი მტკიცებულება, ისე გამოსცა საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ 2018 წლის 16 ნოემბრის N615 განკარგულება. აღნიშნული განკარგულება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მისთვის არ გადაუცია და ცნობილი გახდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით 2018 წლის 28 დეკემბერს. აღნიშნული გარემოებებიც დამატებით მიანიშნებს იმაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოება არ ყოფილა ჩატარებული ჯეროვნად, სრულყოფილად და კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, მხარეთა განმარტებებისა და ყველა მტკიცებულების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარის მტკიცება, რაც გასაჩივრებულ - 2018 წლის 16 ნოემბრის N 615 განკარგულებაშია მოყვანილი, არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით და კომისიას წარდგენილი განცხადების ფარგლებში შესაბამისი ყველა ფაქტის გამოსაკვლევად ადმინისტრაციული წარმოება სრულყოფილად და ჯეროვნად არ ჩაუტარებია და საქმის გარემოებები სრულყოფილად არ შეუსწავლია.

 

6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის მიღებული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 16 ნოემბრის N615 განკარგულება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონისა და ,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ'' საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილების მოთხოვნების დარღვევით არის მიღებული.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 16 ნოემბრის N615 განკარგულება და ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო აქვე დამატებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის წესის, მისი მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით შემოწმების შესაძლებლობის და მისი დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით.

 

სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 6.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

 

სასამართლო ასევე მოიხმობს და განმარტავს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილებას, რომელიც მაშინ გვაქვს სახეზე, როცა სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, მას რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო აღჭურვილია უფლებამოსილებით, თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგი. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას ადგენს კანონმდებელი და ამით, ის ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი პასუხისმგებლობით, გაითვალისწინოს კანონის ნორმის მიზნები და კონკრეტული გარემოებები. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში აუცილებელია ყურადღება მიექცეს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს, რაც იმას გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არსებული საშუალებებიდან უნდა გამოიყენოს ის, რომელიც ყველაზე ნაკლებად ზიანის მომტანია პირის კანონიერი ინტერესებისა და უფლებებისათვის. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რა დროსაც ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლი იმპერატიულად ადგენს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის ვალდებულებას.

 

სასამართლო აღნიშნავს: საკითხის ხელახალი განხილვისას თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე მე--–-------–--------–---–ის განცხადების შემოწმებისას იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები.

 

სასამართლო აქვე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა)გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ)შეაგროვოს ცნობები; გ)მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ)დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ)გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ)მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

 

7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევბის გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ფიზიკური პირისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპრცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, ამასთან, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ- მოპასუხე-თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

მე--–-------–--------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 16 ნოემბრის №615 განკარგულება და თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მე--–-------–--------–---–ის მოთხოვნასთან დაკაშირებთ;

 

მოპასუხეს - თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მოსარჩელე მე--–-------–--------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე- ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე - ქ. თელავი, აღმაშენებლის ქ. N41).

 

მოსამართლე თამარ კაპანაძე