გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/36121-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 ივნისი, 2019 წელი თბ--–--ი
თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მადი ჩანტლაძე
სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი
მოსარჩელე - ან-------–------–---–ი
წარმომადგენელი - ნუ------------–------ე
მოპასუხე - რე----------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხის რე----------------ისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი 8 000,00 ლარის გადახდის დაკისრება უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამო.
სარჩელში განმარტებულია, რომ 2015 წლის 17 აგვისტოს მხარეებმა ხელი მოაწერეს ხელწერილს, რომელიც რე----------------ემ დაადასტურა ნოტარიალურად. ხელწერილით დასტურდება მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობისა და მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის 8 000 ლარის გადახდის ფაქტი.
რე----------------ე ახორციელებდა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების (მდებარე თბ--–--ი, დი----------–ის ქუჩა №71) სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, კერძოდ, მოპასუხეს უნდა ამოეშენებინა სახლის მესამე სართულზე კედელი, გადაეხურა სახურავი და შეესრულებინა სხვა (მათ შორის, საძირკველისა და კედლების) გასამაგრებელი სამუშაოები.
შეთანხმების თანახმად, მოპასუხემ შეარჩია სამშენებლო მასალა. მოსარჩელემ მოპასუხეს თანხა გადასცა 2015 წლის 17 აგვისტოს. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სამუშაოებისთვის აუცილებელი მასალები - ბლოკი და თუნუქი შეძენილ იქნა სწორედ მოპასუხის მითითებით, მის მიერ შერჩეულ ადგილას. შემდგომში გაირკვა, რომ აღნიშნული მასალები იყო ჩინური წარმოების, რაც არ ხასიათდება გამძლეობით, სახურავიდან სახლში ჩამოდის წვიმა, რაც მთლიან ნაგებობას აყენებს ზიანს.
მანსარდის სართულის სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ. აუცილებელია განხორციელდეს სახურავის მზიდი ელემენტების გაძლიერება შესაბამისად დამუშავებული პროექტის მიხედვით და სახურავის მზიდი კონსტრუქციების შეერთების კვანძები უნდა შესრულდეს ტიპიური დეტალების მიხედვით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით არ დასტურდება მისი ბრალეულობა და ჩატარებული სარემონტო სამუშაოების უხარისხობა; მასალები რე----------------ეს არ აურჩევია.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში არსებული ხელწერილის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ თბ--–--ში, დი----------–ის ქუჩაზე 71 ნომერში მდებარე უძრავი ქონების, სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე, კერძოდ, მოპასუხეს უნდა ამოეშენებინა სახლის მესამე სართულზე კედელი და გადაეხურა სახურავი.
მხარეთა შორის არ არის სადავო, რომ ხელწერილი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------), რომლითაც მოპასუხე რე----------------ემ დაადასტურა ან-------–------–---–ის მიერ რე----------------ისათვის 8 000,00 ლარის გადახდის ფაქტი და იკისრა სახლის რეკონსტრუქცია გადახურვის სამუშაოების განხორციელება, შედგენილია 2015 წლის 17 აგვისტოს.
ხელწერილი დადასტურებულია მოპასუხის ხელმოწერით, რისი ნამდვილობა სადავოდ არ გამხდარა.
მოსარჩელის წარმომადგენელმა დაადასტურა მოპასუხის მიერ შეთანხმებული სამუშაოების შესრულების ფაქტი, თუმცა მიუთითა რე----------------ის მიერ სამუშაოების უხარისხოდ შესრულების შესახებ.
რე----------------ემ დაადასტურა მის მიერ შეთანხმებული სამუშაოების შესრულებისათვის საფასურის 8000,00 ლარის მოსარჩელისაგან მიღების ფაქტი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
ხელწერილი (ს.ფ. 16).
მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ, 2019 წლის 20 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, 10:30:52; 10:26:41; 10:27:03; 10:26:34).
მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ, 2019 წლის 20 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, 10:42:46).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ რე----------------ემ ვალდებულება შეასრულა არაჯეროვნად და მის მიერ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 8000 ლარს.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2017 წლის 21 აგვისტოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №0-------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თბ--–--ში, დი----------–ის ქ. 71–ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე მანსარდის სართულის სამუშაოები არაკვალიფიციურ დონეზე და უხარისხოდაა შესრულებული. აუცილებელია განხორციელდეს სახურავის მზიდი ელემენტების გაძლიერება შესაბამისად დამუშავებული პროექტის მიხედვით და სახურავის მზიდი კონსტრუქციების შეერთების კვანძები შესრულდეს ტიპიური დეტალების მიხედვით.
აღნიშნული დასკვნა ემყარებოდა გამოკვლევას, რომლის შედეგად გამოვლინდა, რომ იმ დროს არსებული მდგომარეობით ფასადიდან მარჯვნივ მდებარე წვეტურა კედელზე, რამდენიმე ადგილზე წარმოქმნილია დახრილი ბზარი, ასევე დახრილი ბზარებია წარმოქმნილი ფანჯრის ღიობებთან კედლის რაფისქვედა მონაკვეთებში. ნივნივები ეყრდნობიან რკინაბეტონის სარტყელს სავარაუდოდ მაუერლატის გარეშე, იგი დაფარულია, თუმცა პროექტის მიხედვით გათვალისწინებული იყო მაუერლატის მონტაჟი. ვინაიდან კვანძები დაფარულია, გაურკვეველია თუ როგორ მაგრდებიან ხის ნივნივები რკინაბეტონის სარტყელთან. მანსარდის ძირითადი ნაწილის სახურავი ორქანოზიანია. ნივნივები მეორე ბოლოთი ეყრდნობიან დაახლოებით ფართის შუაში დამონტაჟებულ კენის კოჭს, რომლის განივი კვეთი 20,0*10,0 სმ–ია (ფოტო 8), ხოლო მალი დაახლოებით 4,6 მ-ია. კეხის კოჭის განივი კვეთი არ აკმაყოფილებს სიმტკიცის პირობას, რაც იმას ნიშნავს, რომ სრული საანგარიშო დატვირთვის შემთხვევაში კეხის კოჭი გატყდება. ნივნივები განივი კვეთით 16,0*7,0 სმ არ აკმაყოფილებს დეფორმაციის პირობას და სრული ნორმატიული დატვირთვის შემთხვევაში ადგილი ექნება არანორმირებულ ჩაღუნვებს. ზოგირთ ადგილზე დარღვეულია ნივნივების განლაგების ურთირთ პარალელურობა მანსარდის ძირითადი ნაწილიდან დატვირთვები გადაეცემა 20,0x10,0 განივი კვეთის დგარს, ხოლო შემდეგ არსებული სახლის კედლებს. აუცილებელია დგარზე მოეწყოს კავშირები, სივრცული სიხისტის გაზრდისათვის. მოლარტყვის ბიჯი ღერძებში საშუალოდ 55–60 სმ-ია და მეტია ნორმით დასაშვებზე, ვინაიდან, როგორც წესი მოლარტყვის ბიჯი შერჩეული უნდა იყოს პროფილირებული თუნუქის კლასის, ფურცლის სისქისა და სახურავის დახრის კუთხის მიხედვით. საშუალო დახრის მქონე სახურავებისათვის მოლარტყვის ბიჯი არ უნდა აღემატებოდეს 40-50 სმ-ს ღერძეზში, ხოლო კედლებთან და კეხთან მოლუტყვის ნაცვლად მოწყობილი უნდა იყოს დაახლოებით 30-40 სმ სიგანის შეფიცვრა, ასევე ენდაოს მთელ ფართზე აუცილებელია მოეწყოს მთლიანი შეფიცვრა, რაც არ არის შესრულებული. მანსარდის სართულის სამშენებლო, კერძოდ, მოპირკეთებითი სამუშაოები არ არის დასრულებული. რამდენიმე ადგილზე მფლობელის გადმოცემით ჩამოედინება ატმოსფერული ნალექები, სახურავის ცალკეულ მონაკვეთებზე გამოყენებულია ძველი კოჭები, რომელთა ზედაპირზეც შეინიშნება ატმოსფერული ნალექების ჩამოდინების კვალი, მაგრამ დროის რა მონაკვეთს განეკუთვნება აღნიშნული ლაქები ვერ დადგინდება. მანსარდის სართულის მოწყობით გაიზარდა, როგორც მუდმივი, ისე დროებითი დატვირთვა და უცნობია თუ რამდენად აკმაყოფილებს დასაძირკვლების პირობები დამატებით დატვირთვებს. ამავე დროს სახურავის მოწყობის კვანძები არ შეესაბამება პროექტში მოცემულ კვანძებს.
მოპასუხის მიერ წარმოდგენილი 201--–-–-------------ოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №0-------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თბ--–--ში, დი----------–ის ქუჩის 71-ე ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა, მიუხედავად რაოდენობრივად მცირე დაზიანებებისა ძირითადად დამაკმაყოფილებელია. მზიდ კედლებზე მნიშვნელოვანი დაზიანებები არ შეინიშნება. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით საკვლევ შენობაზე არსებული დაზიანები I-II ხარისხისაა. ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობები ექსპლუატაციისათვის ვარგისია, მაგრამ თუ რამდენად პროგრესირებადია დეფორმაციები ამის დასადგენად აუცილებელია ბზარწარმოქმნის ადგილებზე მოეწყოს თაბაშირის ყალაურები (მანიშნები). თუ ბზარების გახსნილობა არ მოიმატებდა, მაშინ ჩატარდებოდა სარემონტო სამუშაოები ბზარების გამონოლითებით. ხოლო ბზარების გახსნილობის მომატების შემთხვევაში, წარმოიქმნებოდა დეტალური კვლევის აუცილებლობა. ასევე საჭირო იყო სახურავის ფენილზე ჩატარებულიყო სარემონტო სამუშაოები კვლევით ნაწილში და №0-------- დასკვნაში მოყვანილი შენიშვნების გათვალისწინებით.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აღნიშნული მტკიცებულება ადასტურებს შესრულებული სამუშაოების ხარვეზებისა და დაზიანებების არსებობას და იმეორებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში (№0--------) აღწერილი სამუშაოების ჩატარების საჭიროებას.
შესაბამისად, მოპასუხე მხარეს სსსკ-ის 102-ე და მე-4 მუხლების შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული და დადასტურებული გარემოებები არ გაუქარწყლებია.
აღწერილი ხარვეზებისა და საჭირო ჩასატარებელი სამუშაოების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ ჩატარებული, შეთანხმებული სამუშაოები საჭიროებს ხელახლა ჩატარებასა და აღდგენას, შესაბამისად დამუშავებული პროექტის მიხედვით.
აღსანიშნავია, რომ მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოები არ მოიცავდა ჩასატარებელ სამუშაოთა პროექტის მომზადებას (იხ, 2019 წლის 20 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, 10:29:19). თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება ფაქტი რე----------------ის მიერ სამშენებლო მასალების შეძენისა (წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადები (ს.ფ. 18) თანახმად, მყიდველს არ წარმოადგენს რე----------------ე, არამედ მყიდველის გრაფში მითითებული „ალ------------------–---–ი“).
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი გამოიხატება როგორც შესასრულებელი სამუშაოების ანაზღაურებაში, ასევე მასალების შეძენასა და შესაბამისი პროექტის დამუშავებაში, რის მიხედვით უნდა განხორციელდეს გასამაგრებელი სამუშაოები.
დამატებით აღსანიშნავია, რომ თავად მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერ გადახურული სახლის სახურავიდან ატმოსფერული ნალექის ჩამოდინების ფაქტი და განმარტა, რომ სახურავი ხარვეზიან ადგილას შეაკეთა, რათა თვიდან ყოფილიყო აცილებული სახლში ნალექის შემდგომში კვლავ ჩამოსვლა (იხ, მოპასუხის ახსნა-განმარტება, 2019 წლის 20 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, 10:33:55).
სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების დარღვევის სიმძიმიდან და ხასიათიდან გამომდინარე, ასევე იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მანსარდის სახურავის კეხის კოჭის განივი კვეთი არ აკმაყოფილებს სიმტკიცის პირობას და შესაბამისად, შესრულებული სამუშაო საფრთხის შემცველია, ამასთან გამაგრებითი სამუშაოები საჭიროებს შესაბამისი პროექტის დამუშავებასაც, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მიყენებული ზიანის ოდენობა განისაზღვროს 8000,00 ლარით.
სასამართლოს, სარჩელისა და შესაგებლის დასაბუთებისათვის მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებითა და ურთიერთშეჯერების შედეგად მიაჩნია, რომ რე----------------ემ ვალდებულება შეასრულა არაჯეროვნად და მის მიერ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს 8000 ლარით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ ან-------–------–---–ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 643-ე, 644-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით მოწესრიგებას. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების წარმოშობის საფუძველია მხარეთა შორის არსებული შეთანხმება, რომლის მიხედვით, მოპასუხემ იკისრა შეთანხმებული საზღაურის (8000,00 ლარის) სანაცვლოდ თბ--–--ში, დი----------–ის ქუჩაზე 71 ნომერში მდებარე უძრავი ქონების, სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება, კერძოდ, მოპასუხეს უნდა ამოეშენებინა სახლის მესამე სართულზე კედელი და გადაეხურა სახურავი. შემკვეთმა შეასრულა ვალდებულება და აუნაზღაურა მოპასუხეს შეთანხმებული სამუშაოების შესრულების საფასური 8000,00 ლარი.
ნარდობის ურთიერთობაში ფაქტობრივად მისაღწევი შედეგია ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობის წარდგენა შემკვეთისათვის (სსკ-ის 639-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, მენარდეს ეკისრებოდა ნივთობრივად უნაკლო ნაკეთობის წარდგენის ვალდებულება. სსკ-ის 641-ე მუხლი კი ადგენს, თუ რა მიიჩნევა ნივთობრივად უნაკლო ნაკეთობად, კერძოდ: ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის; ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ მენარდე დაამზადებს შეკვეთილისაგან განსხვავებულ ან უფრო ნაკლები რაოდენობის ნაკეთობას. ნივთობრივად უნაკლო ნაკეთობა სასამართლო პრაქტიკასა და დოქტრინაში განმარტებულია, როგორც ხარისხიანი ნაკეთობის დამზადება, რაც ნარდობის ხელშეკრულების საგნის თავისებურებიდან გამომდინარე, შესაძლებელია განსაზღვრული იქნეს ხელშეკრულებით (თანდართული დოკუმენტაციით) ან გარკვეულ ტექნიკურ ნორმატივზე მითითებით. განსახილველ შემთხვევაში, სამართლებრივად უნდა შეფასდეს, ნივთობრივად უნაკლო ნაკეთობის დამზადება უზრუნველყო თუ არა მენარდემ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობებით.
ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები, ამ ტიპის ხელშეკრულების სპეციფიკურობის გამო, იმის გათვალისწინებით, რომ პრეზუმირებულია გარკვეული ნაკლისა თუ ხარვეზის აღმოჩენა/გამოვლენა, შემკვეთის მიერ დამატებითი შესრულების მოთხოვნის შესაძლებლობასაც ადგენს სსკ-ის 642-ე მუხლით, თუმცა, ეს არაა ერთადერთი რეგულაცია, რადგან დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, კანონმდებელი ადგენს შესაძლებლობას, შემკვეთმა თვითონ აღმოფხვრას ნაკლი და მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება (სსკ-ის 643-ე მუხლი), ასევე, ნაკეთობის ნაკლის გამო, შემკვეთს სსკ-ის 405-ე მუხლის მიხედვით, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე (სსკ-ის 644-ე მუხლი), ხოლო, თუკი შემკვეთი არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია შეამციროს საზღაური იმ თანხით, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას (სსკ-ის 645-ე მუხლი). დასახელებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და მის მონაწილეთა კეთილსინდისიერების პრეზუმფციის (სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი) გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, შემკვეთის მიერ კანონით განსაზღვრულ შესაძლებლობათაგან დამატებითი შესრულების მოთხოვნის არჩევა, კანონითაა დადგენილი და ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის შემადგენელი ელემენტია (საქმე №ას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016 წელი).
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სსკ-ის 644-ე და 643-ე მუხლების შესაბამისად, შემკვეთს უფლება აქვს ნაკლის გამოსასწორებლად საჭირო ხარჯის გაწევამდე, მოითხოვოს ამ ხარჯის ანაზღაურება.
სსკ-ის 642-ემუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მენარდეს შეუძლია, უარი თქვას დამატებით შესრულებაზე, თუ იგი მოითხოვს არათანაზომიერ ხარჯებს. განსახილველ შემთხვევაში, აღნიშნული უფლება მენარდეს არ გამოუყენებია. ამდენად, კანონით გათვალისწინებული ალტერნატიული მოწესრიგებიდან შემკვეთმა თვითონ აირჩია და მენარდისგან მოითხოვა დამატებითი შესრულება (სახურავიდან ატმოსფერული ნალექის ჩამოდინების აღმოფხვრის მიზნით), ხოლო ამ უკანასკნელმა დამატებით შესრულებისას სრულად არ აღმოფხვრა ნივთობრივი ნაკლოვანებები. შესაბამისად, შემკვეთს წარმოეშვა ნაკლის თავად აღმოფხვრისა და გაწეული ხარჯის მენარდისაგან მოთხოვნის უფლება.
დამატებით აღსანიშნავია, რომ ნაკლის გამოსასწორებლად საჭირო ხარჯის გაწევამდე, შემკვეთს აქვს უფლება წინასწარ მოითხოვოს ამ ხარჯის ანაზღაურება. შემკვეთს აღნიშნულ უფლებას ანიჭებს სსკ-ის 644-ე და ამავე კოდექსის 643.3-ე მუხლები (იხ. სუსგ საქმეზე №ას-216-203-2015, 30 ოქტომბერი, 2015 წელი). ამგვარ შემთხვევაში სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია შემკვეთისათვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა განისაზღვროს მენარდისათვის გადახდილი თანხის ოდენობით.
ამდენად, მოსარჩელეს სსკ-ის 643-ედა 644-ე მუხლებით გათვალისწინებული რეგულაციის მიხედვით, შეუძლია მოითხოვოს მოპასუხისათვის 8 000,00 ლარის გადახდის დაკისრება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 240 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოსაყენებლად გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ან-------–------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:
1.1. მოპასუხე რე----------------ეს მოსარჩელის ან-------–------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 8 000,00 ლარის გადახდა.
2. მოპასუხე რე----------------ეს მოსარჩელის ან-------–------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 240 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოსაყენებლად გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბ--–--ის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბ--–--ი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბ--–--ი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბ--–--ის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე მადი ჩანტლაძე