განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119003041408
საქმე №1/480-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
11.07.2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნანა ჯოხაძე
სხდომის მდივანი ნიტა ფაიქიძე
ბრალდების მხარე
პროკურორი: და--------–----ე
ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე
№0-----------
ბრალდებული: გუ------------------ე
მამის სახელი: ერ---–ო
დაბადების თარიღი: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 4----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრაციის მისამართი: ქ. ტყ-----–ი მე------–--ის ქუჩა N4
ფაქტობრივად მცხოვრები: ტყ-----–ის რაონი, სოფელი ძი-------ი.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871 მუხლის პირველი ნაწილი
დისპოზიცია: სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი ან/და თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) ან/და მოწყობილობის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა
1.1. სახერხი საამქროს მფლობელმა გუ------------------ემ, ტყ-----–ის რაიონის სოფელ ძი-------ში თავისი საკარმიდამო ნაკვეთის ტერიტორიაზე, დაამონტაჟა სახერხი დანადგარი და მოწყობილობა ისე, რომ ელექტრონულად არ დაურეგისტრირებია სახერხი საამქროს ელექტრონულ სისტემაში შესაბამის ვებ პორტალზე (). გუ------------------ის დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოვლენილი იქნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2019 წლის 19 აპრილს.
2. ქმედებების სამართლებრივი აღწერა
სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი ან/და თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) ან/და მოწყობილობის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე
2.1. 2019 წლის 27 ივნისის წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების და დაცვის მხარეთა მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ გუ------------------ის მიმართ გამოტანილ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულს სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს, ბრალდებულმა გუ------------------ემ თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას, ამასთან მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არ არის და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გუ------------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად და უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გუ------------------ის ბრალეულობას, კერძოდ: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მასალებით; საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით; საქართველოს მთავრობის №563 დადგენილებით; მოწმე გო---–--–--ის გამოკითხვის ოქმით; მოწმე ალექსანდრე ნემსიწვერიძის გამოკითხვის ოქმით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით; ბრალდებულ გუ------------------ის გამოკითხვის ოქმით და საქმეში არსებულ სხვა ინფორმაციათა ერთობლიობით.
3. სამართლებრივი შეფასება
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ 2871-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, განეკუთვნება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა რიცხვს. გარემოს დაცვის წესის საწინააღმდეგო დანაშაულად ჩაითვლება, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც ხელყოფს შიდასახელმწიფო ან საერთაშორისო სამართლის ნორმებით დადგენილ ეკოლოგიურ მართლწესრიგს, ანუ სამართლებრივ ურთიერთობებს გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სფეროში. განსახილველი დანაშაულის გვარეობით ობიექტს წარმოადგენს ის საზოგადოებრივი ურთიერთობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბუნებრივი რესურსებით რაციონალურად სარგებლობას, მოსახელობის ეკოლოგიურ უსაფრთხოებას. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტით” რეგულირდება ხე-ტყის/ხე-მცენარის მოძრაობის, მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირებისა და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის (დანართი 1) შევსების, გაცემისა და გამოყენების წესები, მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დადგენისა და პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) მფლობელი მეწარმე სუბიექტის მიერ მრგვალი ხე-ტყის (მორის) მოძრაობის აღრიცხვა-სისტემატიზაციისა და ანგარიშგების წესები. რეგლამენტის მე-3 თავის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ,,სახერხი საამქრო, მიუხედავად იმისა ახორციელებს თუ არა მრგვალი ხე-ტყის (მორის) გადამუშავებას, უნდა აკმაყოფილებდეს ამ თავით დადგენილ მოთხოვნებს’’.
რეგლამენტის მე-16 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია, მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი ან/და თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) ან/და მოწყობილობის განთავსება/მონტაჟის დაწყებისთანავე ელექტრონულად დარეგისტრირდეს ვებ-პორტალზე (). რეგისტრაციის დასრულების შემდგომ სახერხ საამქროს ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი და ეძლევა შესაძლებლობა ელექტრონული ფორმით მიიღოს ხე-ტყის პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) რეგისტრაციის მოწმობა (შემდგომში – რეგისტრაციის მოწმობა), რომელიც წარმოადგენს სახერხი საამქროს საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს.
ამავე რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-19 პუნქტის მიხედვით, სახერხ დანადგარად ითვლება – მრგვალი ხე-ტყის (მორის), ასევე, ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების სახერხი ტექნოლოგიური საშუალებები (დაზგა-დანადგარები და მოწყობილობები, მათ შორის, მათი სამაგრი მოწყობილობები). დანაშაულის სუბიექტია 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი. სუბიექტური მხრივ, განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს კანონის გვერდის ავლით, სახერხ საამქროში დაამონტაჟოს არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ განხორციელებული ქმედებით გუ------------------ემ ჩაიდინა სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი დანადგარის (ტექნიკის) მონტაჟი, რეგისტრაციის გარეშე (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
გუ------------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა, ნასამართლევი არ არის, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება გუ------------------ეს არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, გუ------------------ემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული ნასამართლევი არ ყოფილა, სასამართლო განხილვის დროს უხეშად არ დაურღვევია წესრიგი სასამართლო სხდომაზე. ამასთა, საქმის არსებითი განხილვის დროს გუ------------------ემ განმარტა, რომ არის პენსიონერი და ვერ შეძლებს ჯარიმის გადახდას.
ამდენად, გუ------------------ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, გუ------------------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ გუ------------------ეს ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, აღიარებს დანაშაულს, ამასთან, ნასამართლევი არ ყოფილა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მას დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობითად.
საქართველოს სსკ 52-ე მუხლის თანახმად, ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ნიშნავს ბრალდებულისთვის, მსჯავრდებულისთვის მის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული, განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ან ამისათვის რაიმე სახით გამიზნული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ხდება სასამართლოს მიერ, ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა დანაშაულის საგანი ან/და იარაღი ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და მათი ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სახეზეა დანაშაულის საგანი/იარაღი და მისი ჩამორთმევა საჭიროა სახელწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან, ასევე, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს მიაჩნია, რომ გუ------------------ეს დამატებით სასჯელად უნდა განესაზღვროს ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას - სახერხი დანადგარი (რომელიც ხელწერილით მიბარებული აქვს გუ------------------ეს);
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე, 63-ე, 64-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-21-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გუ------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, გუ------------------ეს დამატებით სასჯელად განესაზღვროს ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვას - სახერხი დანადგარი (რომელიც ხელწერილით მიბარებული აქვს გუ------------------ეს) და სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე მოხდეს მისი საპროცესო კონფისკაცია;
3. გუ------------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე და 66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
5. მსჯავრდებულ გუ------------------ეს დაევალოს პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი (ფაქტობრივი) საცხოვრებელი ადგილი;
6. მსჯავრდებულს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან.
7. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
8. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნანა ჯოხაძე