გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.04.2019
საქმის ნომერი
340310018002753025
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
30.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #340310018002753025

საქმე #3/145-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ნაწილი I (შესავალი):

30 აპრილი, 2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დევი დევიძე

სხდომის მდივანი თეონა ნატროშვილი

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენა, მხარეთა მონაწილეობით

მოსარჩელე: ან--------–-–---–------------ძე (შემდეგ - ”მოსარჩელე”);

წარმომადგენელი: ზუ------------ი;

მოპასუხე: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდეგ - „სააგენტო“) და იმავე სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისი (შემდეგ - „რეგიონული ოფისი“ ან „მარეგისტრირებელი ორგანო“);

წარმომადგენელი: გი-------–-–--–---–ი;

დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სანართლებრივი აქტის გამოცემა;

ნაწილი II (აღწერილობითი):

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის საფუძვლები:

1.1. 2018 წლის 06 დეკემბერს გურჯაანის რაიონულ სასამართლოს ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა:

1.1.1. რეგიონული ოფისის 2018 წლის 11 სექტემბერის #8-------60-9-03 გადაწყვეტილების (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, შემდეგ - „1-ლი სადავო აქტი) ნაწილობრივ ბათილად ცნობა

1.1.2. სააგენტოს 2018 წლის 02 ნოემბრის #4---51 გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შემდეგ - „მე-2 სადავო აქტი“) ბათილად ცნობა

1.1.3. დაევალოს რეგიონული ოფისს მოახდინოს მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია #8-------60-9 სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე (შემდეგ - „აქტის გამოცემის დავალება“);

1.2. სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

1.2.1. საქართველოს ეროვნული არქივის მონაცემებით, 1986-1995 წლებში კომლის წევრებად ირიცხებოდნენ ან------–---------------------ვი (აწ გარდაცვლილი) და კომლის ბოლო წევრი და შემდეგ კომლის უფროსი ალ-----------------------------ი (ასევე აწ გარდაცვლილი) - მოსარჩელის მამა, რომელიც გარდაიცვალა 20---–-–ის 17-------ს;

1.2.2. მოსარჩელემ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და მოითხოვა მამის კომლის კუთვნილ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რაზედაც ადმინისტრაციულმა ორგანომ შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება იმ მოტივით, რომ მოსარჩელის მამა არ იყო კომლის უკანასკნელი წევრი, კერძოდ, 1996-200- წლებში კომლის წევრად ასევე ფიქსირდება 201--–ელს გარდაცვლილი ნუ---------–---------------ე. საჯარო რეესტრმა მოითხვა ამ უკანასკნელის ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, მაგრამ საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხემ შესაგებელით სარჩელი არ ცნო იმ დასაბუთებით, რომ კომლში სამკვიდრო იხსნება კომლის ბოლო წევრის გადაცვალების შემდეგ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსიის 1323-ე მუხლი); კომლის ბოლო წევრად კი ფიქსირდება მოსარჩელის მამის მეუღლე - ნუ---------–---------------ე, რის გამოც კომლის ქონებაზე საკუთრების უფლება გააჩნიათ ნუ---------–---------------ის მემკვიდრებს; მოსარჩელეს შეეძლო საკუთრების უფლების რეგისტრაცია, თუკი წარმოადგენდა სამკვიდრო მოწმობას, როგორც კომლის ბოლო წევრის მემკვიდრე. იგივე პოზიცია დააფიქსირა წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე;

3. სასამართლოს მიერ დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2018 წლის 05 სექტემბერს მოსარჩელემ, წარმომადგენლის მეშვეობით, მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს #8-------60-9 სარეგისტრაციო განცხადებით და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფე-–-–--–---–ი მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რისთვისაც წარადგინა 3860 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სამკვიდრო მოწმობა, საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელ. ვერსიები, უძრავი ნივთის შიდა აზომვითი ნახაზი, #AA2-----5382-03 (14.06.2018) საარქივო ცნობა და მინდობილობა;

3.1.2. რეგიონულმა ოფისმა 1-ლი სადავო აქტით მოსარჩელეს განუმარტა, რომ კახეთის რეგიონული არქივის 201--–ლის 10 ნოემბრის #36/1---42 ცნობით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას 1996-2006 წლების (იმავე წიგნშია 200- წლის მონაცემებიც) საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად ჩაწერილი იყო ალ-----------------------------ი, ხოლო კომლის შემდგენლობაში ირიცხებიან ალ-----------------------------ი (უფროსი) და ნუ---------–---------------ე (ცოლი) და ამიტომ წარსადგენი იყო კომლის ბოლო წევრის სამკვიდრო მოწმობა. იმავე სადავო აქტით ასევე განემარტა, რომ წარდგენილი ფოტოსურათის მიხედვით, ნაკვეთის საზღვარი ფიქსირებული იყო და, შესაბამისად, წარსადგენი იყო საამზომველო კომპანიის განმარტება. 2018 წლის 02 ოქტომბერს დაინტერესებულმა პირმა წარადგინა ახალი კორექტირებული აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები, ასევე შიდა აზომვითი ნახაზი (რითაც საზღვრის ფიქსირებულობის ნაწილში ხარვეზი აღმოიფხვრა). ხარვეზი დარცა მხოლოდ კომლის ბოლო წევრის ნაწილში;

3.1.3. რეგიონულმა ოფისმა 2018 წლის 08 ოქტომბრის #8-------60-9-05 გადაწყვეტილებით კვლავ აცნობა, რომ არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი, კომლის წევრთან დაკავშირებული საკითხის გამო (იხ. 3.1.2 პუნქტი) და ისევ მოითხოვა კომლის ბოლო წევრის სამკვიდრო მოწმობის წარდგენა;

3.1.4. იმის გამო, რომ დაინტერესებულმა პირმა ერთი თვის ვადაში არ წარადგინა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი (3.1.2 და 3.1.3 პუნქტში მითითებული მტკიცებულება), მარეგისტრირებელმა ორგანომ მე-2 სადავო აქტით სარეგისტრაციო წარმოება შეწყვიტა;

3.1.5. ნოტ. ნინო ჩახტაურის მიერ 20---–-–ის 18 ნოემბერს გაცემული #1-------- სამკვიდრო მოწმობით დასტურდება, რომ მოსარჩელის მამა - ალ-------------------ი გარდაიცვალა 20---–-–ის 17-------ს. მოსარჩელემ კანონისმიერი მემკვიდრეობის საფუძველზე მიიღო მამის სამკვიდრო ქონება, რომელიც შედგებოდა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფე-–-–--–---–ი მდებარე მიწის ნაკვეთისგან (ს/კ 57.0-.0-.0--) და სხვა უძრავი და მოძრავი ნივთებისგან, ქონებრივი უფლებებისაგან და სამკვიდრო პასივისგან (შეუსრულებელი ვალდებულებებისგან). მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ სამკვიდრო მოწმობაში კონკრეტულად დასახელებული ქონების მიმართ არსებობდა იგივე ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, ის იყო კომლის საკუთრება, სადაც წევრებად ფიგურირებენ მოსარჩელის მამა და მისი მეუღლე;

3.1.6. 1936 წლის 28 ოქტომბერს დაბადებული ნუ---------–---------------ე #0---------- გარდაცვალების მოწმობის მიხედვით (აღნიშნული მითითებულია მე-2 სადავო აქტში, ს/ფ 27) გარდაცვლილია 201--–ლის 2------მბერს;

3.1.7. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 201--–ლის 10 ნოემბრის #36/1---42 წერილის თანახმად, არქივში დაცული ყვარლის რაიონის სოფელ შილდას 1986-1995 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად მითითებულია ან------–---------------------ვი (გადახაზულია - გარდაცვალების გამო), მის კომლში ირიცხებიან ალ-----------------------------ი (შვილი), კომლს ერიცხება 1973 წელს აგებული: 1987-1990წწ. 75 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი. სულ მიწა 0,26 კვ.მ. (იგივე ინფორმაცია არის მოცემული საქმეში არსებულ 2018 წლის 14 ივნისის #AA2-----53882-03 საარქივო ცნობაში). ამდენად, დადგენილია, რომ 1995 წლამდე კომლის საკუთრებაში ირიცხებოდა მიწის ნაკვეთი, რომლის ფართიც იყო 0,26 ჰა და საცხოვრებელი სახლი;

3.1.8. მე-2 სადავო აქტის თანახმად (ს/ფ 27), 2000 წლის მონაცემებით კომლის საკუთრებაში ირიცხება მიწის ნაკვეთი 1,42 ჰა;

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები;

3.2.1. სადავო გარემოებები არ იქნა დადგენილი;

ნაწილი III (სამოტივაციო):

5. სასამართლოს შემაჯამებელი დასკვნა:

5.1. მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა-შეფასებისა და მტკიცებულებების შემოწმების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფლდეს ნაწილობრივ;

6. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:

· საქართველოს კონსტიტუციის (შემდეგ - „კონსტიტუცია“) მე-19 მუხლის პირველი პუნქტი;

· „საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის (შემდეგ - ”რეესტრის კანონი”) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი;

· „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგ - „რეგსიტრაციის კანონი“) მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი;

· საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (შემდეგ - „სზაკ”) მე-4 მუხლის მე-3 ნაწილი, მე-5 მუხლის პირველი ნაწილი, მე-6 მუხის პირველი ნაწილი, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 601 მუხლის პირველი ნაწილი, 96-ე მუხლის პირველი ნაწილი;

· საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგ - „სსკ“) 173-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება, 1106-ე მუხლი, 1151-ე მუხლი, 1158-ე მუხის პირველი ნაწილი, 1161-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, 1306-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 1328-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1323-ე მუხლი, 1336-ე მუხლის პირველი აბზაცი, 1421-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 1435-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები და 1499-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები;

· საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგ - ”სსსკ”) 37-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი, 53-ე მუხლის პირველი ნაწილი;

· საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგ - „სასკ“) მე-10 მუხლის მე-2 ნაწილი, 32-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილები;

· სიმ-ის [საქართველოს იუსტიციის მინისტრი] 2010 წლის 05 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის ინსტრუქციის“ (შემდეგ - „რეესტრის ინსტრუქცია“) მე-18 მუხლის პირველი ნაწილი;

· სიმ-ის 2016 წლის 01 აგვისტოს #153 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ (შემდეგ - „რეგისტრაციის წესი“) მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი;

· სიმ-ის 2016 წლის 03 მაისის #134 ბრძანება დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულება“ (შემდეგ - „საჯარო რეესტრის დებულება“) 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი;

· „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის #949 დადგენილება (შემდეგ - „’92 წლის დადეგნილება“);

· „საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის განხორციელების, სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო სამეურნეო საწარმოთა რეორგანიზაციის შესახებ“ სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის #29 დეკრეტი (შემდეგ - „’92 წლის დეკრეტი“);

მოცემული დავის საკვანძო საკითხია, არსებობს თუ არა სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის წინაპირობა?

7. სამართლებრივი შეფასება:

7.1. (სსკ-ის მ.1306, ნაწ.1) გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით; (ნაწ.2) კანონით მემკვიდრეობა – გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე – მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი;

- (სსკ-ის მ.1328) სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის;

- (სსკ-ის მ.1336) კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები);

- (სსკ-ის მ.1421, ნაწ.1) სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე; (ნაწ.2) მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო

- (სსკ-ის მ.1435, ნაწ.1) არ დაიშვება სამკვიდროს მიღება ან მასზე უარის თქმა ნაწილობრივ, რაიმე დათქმით ან ვადით; (ნაწ.2) თუ მემკვიდრე უარს იტყვის სამკვიდროს ნაწილზე ან დათქვამს რაიმე პირობას, ითვლება, რომ ის უარს ამბობს სამკვიდროზე;

- (სსკ-ის მ.1499, ნაწ.1) მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა; (ნაწ.2) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამკვიდრო მოწმობის მიღება სავალდებულოა;

- სზაკ-ის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას;

· მოცემულ შემთვევაში, მოსარჩელეს მიღებული აქვს სამკვიდრო მოწმობა მამის დანატოვარ (დანაშთ) ქონებაზე. მიუხედავად იმისა, რომ სამკვიდრო მოწმობაში მითითებულია ერთი კონკრეტული ქონება, ეს არ ნიშნავს, რომ მოსარჩელემ მხოლოდ ეს ქონება მიიღო. სსკ-ით არ დაიშვება სამკვიდროს ნაწილის მიღება და მთლიანი სამკვიდროს მიღება მისი ნაწილის მიღებითაც შესაძლებელია. ამიტომ, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ მოსარჩელემ მიიღო ყველა ის აქტივი და პასივი, რაც გარდაცვალების დროისათვის გააჩნდა მის მამკვიდრებელს, მის მამას;

· აქედან გამომდინარე, სამკვიდრო მოწმობაში კონკრეტული ქონების მითითება (როგორც მემკვიდრეობით მიღებულისა) არ უნდა განიმარტოს, რომ მემკვიდრემ მარტოოდენ ეს ქონება მიიღო თავისი მამკვიდრებლისაგან. აღნიშნული სანოტარო ტექნიკის საკითხია: ერთმა ნოტარიუსმა შეიძლება ერთი ქონება მიუთითოს, სხვამ ყველა, ზოგმა კი საერთოდ არ მიუთითოს სახელდებით რომელიმე ქონება, თუმცა იმავე სამოქალაქო კოდექსის დათქმიდან გამომდინარე, ყველა შემთხვევაში მემკვიდრე იღებს მთლიან სამკვიდროს, - სხვანაირად არ შეიძლება (ასეთი ნების გამოვლენა, რომ მიიღოს მხოლოდ ნაწილი და არა მთლიანი სამკვიდრო, კანონსაწინააღმდეგოა და მისი უცილოდ ბათილობის საფუძველი);

· სასამართლოს სურს გამოეხმაუროს მოპასუხეს კიდევ ერთ ასპექტში და განმარტოს, რომ თუკი სამკვიდრო მოწმობაში მითითებული ქონების შემთვევაში და მაშინაც, როცა საკითხი შეეხო სადავო ქონებას, სახეზე იყო ერთი იგივე ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, არსებობდა მოსარჩელის მეუღლის ფაქტორი, მოპასუხის უნდა გამოეჩინა ერთი და იგივე მიდგომა, რაც ამ შემთხვევაში არ გაკეთებულა და ნაცვლად მსგავსი გადაწყვეტილებებისა, მოპასუხემ მიიღო განსხვავებული გადაწყვეტილებები

7.2. (სსკ-ის მ. 1323) კომლში კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნება კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან;

- (რეგისტრაციის წესის მ.11, პ.4) „...თუ საკომლო ჩანაწერში მითითებული კომლის ყველა წევრი გარდაცვლილია, საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისა და ბრძანებულების საფუძველზე რეგისტირებული მონაცემების ცვლილების მოთხოვნის უფლება აქვს კომლის ბოლო გარდაცვლილი წევრის მემკვიდრეს“;

- ამასთან დაკავშირებით სასამართლოს სურს მოიხმოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მსჯელობა ერთ-ერთ სამოქალაქო საქმეზე, კერძოდ, ეს არის 2012 წლის 10 სექტემბრის #ას-724-782-2011 გადაწყვეტილება):

- [..] „საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორების ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 129-ე მუხლის შესაბამისად, გაყოფა საკოლმეურნეო კომლის კუთვნილი ქონებისა, რომელიც მისი მოსპობის შემდეგ დარჩა, წარმოებს ამ კოდექსის 125-ე და 128-ე მუხლებში აღნიშნული წესებით. ამავე კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით. აღნიშნული კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის წევრის წილი განისაზღვრება იმ ანგარიშით, რომ კომლის ყველა წევრს, მათ შორის, არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც თანაბარი წილი ეკუთვნის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკოლმეურნეო კომლის გაუქმების შემდეგ, კომლის ქონება გარდაიქმნა კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებად, სადაც თითოეულ წევრს თანაბარი წილი ეკუთვნის (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივლისის განჩინება, #ას-988-1242-05). ამდენად, მას შემდეგ, რაც გაუქმდა საკოლმეურნეო კომლი და მას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა, ქონება, რომელიც საკოლმეურნეო კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს საკოლმეურნეო კომლის ქონებას და იგი არის კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომელზედაც ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებაზე მემკვიდრეობა უნდა გაიხსნას სამკვიდროს გახსნის ზოგადი წესების მიხედვით და ამ დროს არ გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლი. მითებული ნორმა, სამკვიდროს გახსნის ზოგადი წესისაგან განსხვავებულად ადგენს სამკვიდროს გახსნის დროს, კერძოდ, ამ ნორმის მიხედვით, კომლში კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნება კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან.“;

- [..] „...საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის უნდა გაირკვეს, შ. გ-ის გარდაცვალების მომენტში არსებობდა თუ არა სადავო საკომლო მეურნეობა. ამ საკითხის გარკვევა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც შ.გ-ის საკოლმეურნეო კომლი გაუქმებულია 1993 წლიდან, ხოლო, საკომლო მეურნეობა არ შეიძლება განხილულ იქნეს საკოლმეურნეო კომლის სამართალმემკვიდრედ, ვინაიდან იგი საკოლმეურნეო კომლისაგან განსხვავებული და სპეციალური კანონით რეგულირებული ახალი ინსტიტუტია. საკომლო მეურნეობის დეფინიცია მოცემულია „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 22 მარტის კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტში, რომლის თანახმად, საკომლო მეურნეობად ითვლება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას ანდა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, საკომლო მეურნეობა რეგისტრირებულ უნდა იქნეს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში). თუ ეს მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ უნდა იყოს რეგისტრირებული“;

- [..] „...საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლი არ გამოიყენება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკომლო მეურნეობის მიმართ, ვინაიდან ეს უკანასკნელი სპეციალური კანონით რეგულირებული ახალი ინსტიტუტია და იგი არ არის სამოქალაქო კოდექსის ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული კომლის იდენტური. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო სამართლის კოდექსისაგან განსხვავებით (1964 წლის რედაქციით), რომელიც კომლის ინტიტუტის დეტალურ სამართლებრივ რეგულაციას შეიცავდა, ახალი სამოქალაქო კოდექსი ასეთ რეგულაციას არ იძლევა და ადგენს მხოლოდ სამკვიდროს გახსნის ზოგადი წესისაგან განსხვავებულ დანაწესს სამკვიდროს გახსნის დროსთან დაკავშირებით.“ ;

· სასამართლოს მიაჩნია, რომ სუს-ის ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში გადმოცემული შჭემთხვევა ერთი ერთში მიესადაგება განსახილველს. კერძოდ, მოსარჩელის მამის (და თავდაპირველად ბებიის) კომლის ქონება საკოლმეურნეო კომლის ქონების საფუძველზე იყო შექმნილი, ვინაიდან მისი კომლი (თავდაპირველად საკოლმეურნეო) არსებობს 1986 წლიდან, როცა მოქმედებდა სამოქალაქო კოდექსის 1964 წლის რედაქცია; საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ამ კომლის ქონება გახდა მისი წევრების საერთო საკუთრება (წევრები კი იყვნენ მოსარჩელე მამა და ბებია);

· საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელის მამას და მის მეუღლეს საერთო საკომლო მეურნეობა დარეგისტრირებული ჰქონდათ საჯარო რეესტრში. მაშასადამე, კომლი მოქმედი სამოქალაქო კოდექსის გაგებით მათ არ შეუქმნიათ. ამიტომ, აშკარაა, რომ არსებობდა მხოლოდ მოსარჩელის მამის (როგორც 1993 წლის 01 იანვრის გაგებით კომლის წევრის, მოსარჩელის ბებიის გარდაცვალების გაქტის გათვალისწინებით) საკუთრება;

7.3. (სსკ-ის მ.173, ნაწ.1, წინ.1) საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე;

- (სსკ-ის მ. 1106) ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური);

- (სსკ-ის მ.1151) მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება;

- (სსკ-ის მ.1158, ნაწ.1) მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი;

- (სსკ-ის მ.1161, ქვ.პ. „ა“ და „ბ“) თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: (ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე და (ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით;

- იმავე კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება;

- იმავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში;

- იმავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. იმავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ;

· როგორც ვიცით, 1996-2006 წლების საკომლო ჩანაწერების შესაბამისად, მოსარჩელის მამის კომლში წევრად ირიცხება მისი მეუღლე - აწ გარდაცვლილი ნუ---------–---------------ე. მოქმედი კანონმდებლობით მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მარტოოდენ რეგისტრირებული ქორწინება. ამასთან, ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება ექცევა მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმში მხოლოდ რეგისტრირებული ქოწინების საფუძველზე (გარდა ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონებისა);

· აღნისნულის გათვალისწინებით, მოპასუხეს არ გამოუკვლევია საქმის ისეთი რელევანტური გარემოებები, როგორებიცაა: (1) იმყოფებოდნენ თუ არა მოსარჩელის მამა და მისი მეუღლე რეგისტრირებულ ქორწინებაში; (2) კონკრეტულად რა პერიოდიდან მოხდა მათი ქორწინების რეგისტრაცია და (3) რა კონკრეტული გარემოება დაედო საფუძვლად 2000 წელს კომლის ქონების გაზრდას (იყო ეს ჩუქება, მემკვიდრეობა თუ რამე სხვა საფუძველი); 4) ხომ არ არსებობდა მათ შორის თანაზიარი, საერთო საკუთრება სხვა სამართლებრივი საფუძვლით (გარდა ქორწინებისა). სწორედ ამ გარემოებათა გამოკვლევითა და სათანადო გაანალიზებით არის შესაძლებელი საქმეზე ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანა;

· მოპასუხეს უნდა ეხელმძღანელა ’92 დადგენილებითა და იმავე წლის დეკრეტით და არა სსკ-ის 1323-ე მუხლისა და რეგისტრაციის წესის რეგულაციებით (რომელიც სუს-ის ცნობილი გადაწყვეტილებით განსახილველ ურთიერთობას საერთოდ არ ეხება);

7.4. სზაკ-ის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები;

- სასკ-ის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი;

- სზაკ-ის მე-5 მუხლით განსაზღვრული (კანონიერების პრინციპის) ერთგვარი გაგრძელებაა სზაკ-ის 53-ე და 96-ე მუხლები, ხოლო სამართლებრივი ფინალი სზაკ-ის 601 მუხლი. როცა უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს დადგენილი საქმის რელევანტური გარემოებები და გადაწყვეტილება ეფუძნება არასწორ, გადაუმოწმებელ ფაქტებს, ის მიიჩნევა კანონის დარღვევით გამოცემულად და ექვემდებარება ბათილად ცნობას;

· ამასთან, საპროცესო კანონდებლობა სასამართლოს განუსაზღვრას დამატებით პირობებსაც, რათა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ცნობილ იქნას ბათილად: „...ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას“ (სასკ-ი, მ.22, ნაწ, 2). მოცემულ შემთხვევაში 1-ლი და მე-2 სადავო აქტებით, რომლებიც კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ იქნა გამოცემული, შეიზღუდა საქართველოს კონსტიტუციით (მ.19, პ.1) დაცული და გარანტირებული საკუთრებისა და მემკკვიდრეობის უფლება, რამაც პრაქტიკულად, მოსარჩელის მიერ მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე საკუთრების უფლების ჩამორთმევა გამოიწვია;

· სასამართლოს სურს განმარტოს, რომ საჯარო რეესტრი არის ის ორგანო, რომელიც ფუნქციურად შექმნილია, რათა აწარმოოს, მათ შორის, უძრავ ქონებაზე საკუთრების რეგისტრაცია, რაც საკუთრების უფლების წარმოშობის წინაპირობაა. შესაბამისად, მან უნდა შეამოწმოს უფლების დამდგენი საბუთების შესაბამისობა მასთან არსებულ მონაცემებთან (რეესტრის კანონი, მ.3, პ.6). თუკი სადავო აქტების გამოცემის მოპასუხეს არგუმენტია, რომ კომლის ბოლო წევრი იყო მოსარჩელის მამის მეუღლე და საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება გააჩნია მხოლოდ მისი მემკვიდრეს, მაშინ სამკვიდრო მოწმობაში მითებული ქონების მიმართაც ცალსახად უნდა „ემუშავა“ ამ არგუმენტს, ვინაიდან არა აქვს მნიშვნელობა რა წერია სარეგისტრაციო დოკუმენტში იმ პირობეში, როცა საჯარო რესტრში დაცულ მონაცენებში ასახულია სულ სხვა რეალობა, სხვა მოცემულობა;

· სასამართლოს მიაჩნია, რომ მე-2 სადავო აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, 1-ლი სადავო აქტი უნდა იქნებს ბათილად ცნობილი და საქმის რელევანტური გარემოებების შესწავლის მიზნით ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს რეგიონულ ოფისს (რეესტრის დებულების 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგიონული ოფისის ძირითადი ფუნქციებია: უძრავ ნივთებზე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების შეცვლის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით). ამდენად, სარეგისტრაციო წარმოება დაწყებული იყო რეგიონულ ოფისში და საქმის ხელახალი განხილვაც მასვე უნდა დაევალოს (საკასაციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება);

· რაც შეეხება აქტის გამოცემის დავალებას, იმის გამო, რომ რეგიონულმა ოფისმა ხელახლა უნდა შეისწავლოს და გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ამის შემდეგ გამოსცემს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო აქტის გამოცემის დავალების პირობებში ეს იქნება გამორიცხული, ამიტომ ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;

8. საპროცესო ხარჯები:

8.1. სსსკ-ის 37-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, (1) პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები და (2) სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით;

- სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: არაქონებრივ დავაზე – 100 ლარს;

- სასკ-ის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც;

- სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა;

· მოსარჩელემ 2018 წლის 26 ნოემბერს თავისი წარმომადგენლის მეშვეობით სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით (გადამხდელის ბანკი: სს „თიბისი ბანკი“; საგადახდო დავალება: #0, სახაზინო კოდი #300503150), რომლის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს, ვინაიდან სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცა საქმის ფაქტობრივი გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის გარეშე, რის გამოც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (საქმის ხეალხალი გამოკვლევისა და გარემოებების შეფასების მიზნით);

ნაწილი IV (სარეზოლუციო):

სასამართლომ იხელმძღვანელა ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებით, ასევე სასკ-ის მე-12, მე-13 მუხლებით, სსსკ-ის მე-8, 243-ე-244-ე, 248-ე-250-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ან--------–-–---–------------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 02 ნოემბრის #4---51 გადაწყვეტილება, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 11 სექტემბრის #8-------60-9-03 გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის თაობაზე, ნუ---------–----------–---------ის სამკვიდრო მოწმობის წარმოდგენის მოთხოვნის ნაწილში და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონულ ოფისს დაევალოს, წინამდებარე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ან--------–-–---–------------ძის #8-------60-9 სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

4. არ დაკმაყოფილდეს ან--------–-–---–------------ძის სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისასთვის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალების ნაწილში;

5. მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსარჩელე ან--------–-–---–------------ძის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით;

6. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა. გასაჩივრების ვადა შეადგენს 14 დღეს, რომლის ათვლაც დაიწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან მეორე დღეს. სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში (მის.: გურჯაანი, სანაპიროს ქ. #24), რომელიც საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის.: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. #7ა);

 

მოსამართლე: /დევი დევიძე/