გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/37250-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი ნათია ჯანხოთელი
მოსარჩელე - ი---------------ი
წარმომადგენლები - ი-------------ე, ჯ----–----–-----ი
მოპასუხე - თ------------–--–--ა
წარმომადგენელი - შ---------------–--ა
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - მ----------------------ა
წარმომადგენელი - შ---------------–--ა
დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმება, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონი, მე-3 მასივი, ზ-------–---------------------ში მდებარე ბ--------ზე (ს/კ 0----------------------) რეგისტრირებული ი---------------ის და თ------------–--–--ას საზიარო უფლების გაუქმება, საზიარო საგნის გაყიდვითა და ამონაგები თანხის წილების პროპორციულად განაწილებით, სადაც ი---------------ს მიეკუთვნება თანხის 1/3 ნაწილი, ხოლო თ------------–--–--ას - თანხის 2/3 ნაწილი.
1.2. მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხისთვის 10266 ლარის დაკისრება.
სასამართლო მოთხოვნები შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:
ი---------------მა 2011 წელს, დედისგან მემკვიდრეობით მიიღო სადავო უძრავი ქონების 1/3 წილი, ხოლო 2/3 წილის მესაკუთრე არის თ------------–--–--ა. მოსარჩელე ვერ სარგებლობს კუთვნილი ფართით და ცხოვრობს ი-------------ის საკუთრებაში არსებულ ავტოფარეხში. მიუხედავად მცდელობისა, მოპასუხე თავს არიდებს მოლაპარაკებებს. მოსარჩელის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია თანასაკუთრების უფლების გაუქმება, რათა მან შეძლოს ამონაგები თანხით სარგებლობა.
მოპასუხე სარგებლობს გასამიჯნი ქონებით, ისე რომ შესაბამის ანაზღაურებას არ უხდის მოსარჩელეს. ამდენად, მან უნდა აანაზღაუროს ის ზიანი, რასაც მოსარჩელე კუთვნილი წილის გაქირავებით მიიღებდა. ზიანი აუდიტის დასკვნით განსაზღვრულია 10266 ლარით და დაანგარიშებულია 2012 წლის 4 დეკემბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდზე.
სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ცნობილი იქნა მხარდაჭერის მიმღებ პირად და მხარდამჭერად დაენიშნა ი-------------ე.
2. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით
წერილობით წარდგენილ შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სასარჩელო მოთხოვნები და განმარტა, რომ მართალია უძრავ ქონებაზე არსებობდა საზიარო უფლება, თუმცა სადავო იყო 1/3 წილზე მოსარჩელის საკუთრების უფლება. მისი განმარტებით, სამკვიდრო არასწორად გაიცა მხოლოდ მოსარჩელის სახელზე, მას ჰყავდა გარდაცვლილი და, რომლის მითითება არ მომხდარა სამკვიდრო მოწმობაში. ამდენად, მოსარჩელის წილი რეალურად იყო 1/6. აღნიშნულ ფაქტს მნიშვნელობა ჰქონდა საზიარო უფლების გაუქმების დროს.
უძრავი ქონება მოპასუხემ შეიძინა მ----------------------ასგან, რომელიც არის მოპასუხის და. საზიარო ქონებით მოპასუხე სრულად ვერ სარგებლობს, ვინაიდან საცხოვრებელ სახლში ერთი ოთახი დღემდე დაკეტილი აქვს მ----------------------ას. შესაბამისად, არ არსებობს ზიანის მიყენების ფაქტი. გარდა ამისა, მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს 2012 წლიდან, თუმცა სამკვდრო მოწმობა მოსარჩელის სახელზე 2017 წელს გაიცა და თავად მხარდაჭერის მიმღებად 2017 წლიდან არის ცნობილი.
3.. დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამ პირის პოზიცია
მ----------------------ას წარმომადგენელმა გამორიცხა მოთხოვნის დაკმაყოფილება და სრულად გაიზიარა მოპასუხის პოზიცია.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონი, მე-3 მასივი, ზ-------–---------------------ში მდებარე ბ--------ზე რეგისტრირებულია თ------------–--–--ას და ი---------------ის თანასაკუთრების უფლება, აქედან თ------------–--–--ას საკუთრებას წარმოადგენს 2/3 ნაწილი, ხოლო ი---------------ის საკუთრებას - 1/3 ნაწილი, (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0----------------------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
4.1.2. საზიარო უფლებიდან 2/3 წილზე თ------------–--–--ამ საკუთრება შეიძინა უძრავი ქონების წინა მესაკუთრესთან მ----------------------ასგან, 2012 წლის 4 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
დარჩენილ 1/3 წილზე ი---------------ას საკუთრება 2017 წლის 20 დეკემბრის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე დარეგისტრირდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- ნასყიდობის ხელშეკრულება;
- სამკვიდრო მოწმობა.
4.1.3. სასამართლო გადაწყვეტილებით ი---------------ი 2017 წლის 30 ნოემბრიდან არის მხარდაჭერის მიმღებად აღიარებული, რომლის მხარდამჭერად დაინიშნა ი-------------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- 30.11.2017 წლის გადაწყვეტილება;
- 20.09.2018 წლის გადაწყვეტილება.
4.1.4. საზიარო უფლების გაუქმება თანამესაკუთრეთა საკუთრებაში არსებული წილების (1/3 და 2/3) შესაბამისად გამიჯვნა იზოლირებულად, ისე რომ არ შემცირდეს გამოყოფილი ნაწილების ფუნქციური ღირებულება, სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა დაცვით შეუძლებელია.
უძრავი ქონება შედგება: N1 ჰოლი ფართით 8.44 კვ.მ., N2 ოთახი ფართით 9.29 კვ.მ., N3 ოთახი ფართით 17.02 კვ.მ., N4 აივანი ფართით 3/43 კვ.მ., N5 ოთახი ფართით 9.35 კვ.მ., N6 აივანი ფართით 3/27 კვ.მ., N7 სამზარეულო ფართით 7.85 კვ.მ., N8 საკვანძი ფართი 4.41 კვ.მ., ასევე ერთი საცხოვრებელი ოთახი, რომელიც დაკეტილია და უცნობია მისი ფართობი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ექსპერტიზის 13.12.2018 წლის დასკვნა;
- ექსპერტიზის 18.04.2019 წლის დასკვნა.
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.2.1. საჯარო რეესტრში ი---------------ის სასარგებლოდ არსებული ჩანაწერის საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე არის საზიარო ქონების 1/3 ნაწილის მესაკუთრე. მართალია, მოპასუხე და დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირი მიუთითებენ, რომ მოსარჩელის სახელზე არსებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი არ არის სწორი და რეალურად მოსარჩელე მხოლოდ 1/6 ნაწილის მესაკუთრეა, თუმცა საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ უტყუარობის პრეზუმფციის გათვალისწინებით (სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა) კონკრეტული დავის განხილვის დროისთვის არის ის მოცემულობა, რომ მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს საზიარო ქონების 1/3 ნაწილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, თითოეულ მხარეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადასტურების ვალდებულება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება არ არის საკმარისი საფუძველი აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ მოსარჩელე ი---------------ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 411-ე, 953-ე, 957-ე, 961-ე, 964-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საზიარო უფლების გაუქმება, უძრავი ქონების გაყიდვით და თანხის განაწილებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. მესაკუთრე თავის ქონების ფლობა-განკარგვის დროს თავისუფალია, მაგრამ მისი ეს უფლებამოსილება შესაძლოა, შეზღუდული იყოს ან კანონით, ან ხელშეკრულებით. მესაკუთრის მოქმედებით არ უნდა ილახებოდეს მეზობლების ან მესამე პირთა უფლებები. მოცემულ შემთხვევაში საზიარო საკუთრებიდან გამომდინარე, ნივთით სარგებლობის თავისუფლება გარკვეულწილად იზღუდება, რაც სხვა თანამესაკუთრეთა არსებობით და მათი ინტერესების გათვალისწინებითაა გამოწვეული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
ამავე კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. საზიარო უფლების გაუქმება კანონით გარანტირებული უფლებაა. სამოქალაქო კოდექსი იცნობს საზიარო უფლების გაუქმების ორ შესაძლებლობას, საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით (963-ე მუხლი) და საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის გაყიდვის გზით (964-ე მუხლი). ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია. მოსარჩელე შუამდგომლობს ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით. მიწის ნაკვეთის შემთხვევაში გამოიყენება აუქციონზე უძრავი ქონების იძულებით გაყიდვის წესები. თუ დაუშვებელია საზიარო საგნის გასხვისება მესამე პირზე, მაშინ საგანი აუქციონზე უნდა გაიყიდოს მონაწილეებს შორის.
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საზიარო საგანს წარმოადგენს მრავალბინიანი კორპუსის ბინა, რომელსაც თავისი დანიშნულებით გამოსაყენებლად ძირითად საცხოვრებელ ფართთან ერთად აქვს სამზარეულო, სააბაზანო, რომლებიც, როგორც წესი, ასეთი ტიპის ბინებში იმგვარად არის განლაგებული, რომ ემსახურება მთელ ბინას და მათი გაყოფა ოთახების რეალურად გაყოფის შემთხვევაშიც კი შეუძლებელია ისე, რომ საცხოვრებელი ოთახებით სრულფასოვნად სარგებლობა არ შეიზღუდოს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ საზიარო საგნის თანამესაკუთრეთა საკუთრებაში არსებული წილების შესაბამისად გამიჯვნა იზოლირებულად, მათი ფუნქციური დანიშნულების შემცირების გარეშე შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს საზიარო უფლების გაუქმების ალტერნატიულ შესაძლებლობას მისი აუქციონზე რეალიზაციის გზით, რა დროსაც რეალიზაციის შედეგად მიღებული ამონაგები თანხა თანამესაკუთრეებს შორის უნდა განაწილდეს მათი წილების შესაბამისად, სადაც თ------------–--–--ას წილია 2/3, ხოლო ი---------------ის - 1/3.
6.2. ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრვი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით. მოსარჩელის განმარტებით, იგი ვერ სარგებლობს თავისი საკუთრებით, ვერ აქირავებს კუთვნილ წილს და შესაბამისად, ვერც შემოსავალს იღებს.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა მისი უფლების ხელყოფის გამო. სასამართლო განმარტავს, რომ საზიარო უძრავი ქონების გაქირავება, ისევე, როგორც ამ ქონების მიმართ ნებისმიერი მოქმედების განხორციელება, საჭიროებს თანამესაკუთრის თანხმობას. საზიარო საგნით სარგებლობა და განკარგვა ხდება თანამესაკუთრეთა შეთანხმებით. ამდენად, გაქირავებით მისაღები შესაძლო შემოსავალი არ წარმოადგენს უპირობოდ მისაღებ შემოსავალს. ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დასაკისრებლად სავალდებულოა, ზიანი იყოს რეალური. შესაბამისად, როდესაც მოთხოვნას წარმოადგენს მიუღებელი შემოსავალი, ანაზღაურდება მხოლოდ ის შემოსავალი, რომელსაც მხარე მიიღებდა და რომელიც დაკარგა მოპასუხის ბრალეული ქმედების გამო. საზიარო საგნის მართვისა და სარგებლობის წესს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 957-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად ხმათა უმრავლესობით შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება საზიარო საგნის თავისებურებათა შესატყვისი მართვისა და სარგებლობის შესახებ. ხმათა უმრავლესობა გამოითვლება წილთა მიხედვით.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან თითოეული თანამესაკუთრის უფლება ვრცელდება მთელ ქონებაზე თავისი წილის პროპორციულად და ნივთი არ არის გამიჯნული, სპეციფიკური საკითხია, რამდენად მოხდებოდა მხოლოდ მოსარჩელის მიერ თავისი კუთვნილი წილის ფარგლებში ქონების გაქირავება იმ პირობებში, როდესაც საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდა მოპასუხე თავის ოჯახთან ერთად. თუკი კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს შესაბამისი წინაპირობები (მაგალითად, ფაქტობრივად ცალ-ცალკე გაყოფილი ფართი, დამოუკიდებელი შესასვლელებით და სხვა აუცილებელი ფუნქციით, თავისუფალი ფართობი გასაქირავებლად აცილებელი პირობებით და ა. შ.), ნაკლებად არის მოსალოდნელი, რომ ერთ-ერთი თანამესაკუთრის მიერ უძრავი ნივთის გაქირავება ხელს არ უშლიდეს მეორე თანამესაკუთრეს ამ ქონებით სარგებლობაში. ამ ვარაუდის გასაბათილებლად მოსარჩელეს რაიმე მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის არსებობა განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება.
7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, საზიარო უფლების გაუქმების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლით, უნდა დარჩეს ძალაში.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ საზიარო უფლების გაუქმების ნაწილში, სადაც სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 120 ლარს. ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლებულია სახ. ბაჟის გადახდისაგან, აღნიშნული თანხის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
რაც შეეხება ზიანის ანაზღაურების ნაწილში გადასახდელ სახელმწიფო ბაჟს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, მაგრამ მოსარჩელე მისი გადახდისგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლო იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ი---------------ის სარჩელი მოპასუხე თ------------–--–--ას მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ი---------------ის და თ------------–--–--ას საზიარო უფლება ქ. თბილისში, სამგორი, მასივი III, ზ-------–---------------------“, ბ--------ში - მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი: 0----------------------);
3. საზიარო უფლების გაუქმება მოხდეს ქ. თბილისში, სამგორი, მასივი III, ზ-------–---------------------“, ბ--------ში - მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი: 0-----------------------) ამ ქონების აუქციონზე გაყიდვის გზით და აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა განაწილდეს თანამესაკუთრეთა შორის მათი წილების შესაბამისად, კერძოდ: ი---------------ს მიეკუთვნოს თანხის 1/3 ნაწილი, ხოლო თ------------–--–--ას 2/3 ნაწილი;
4. მოსარჩელე ი---------------ის სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
5. მოპასუხე თ------------–--–--ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის გადახდა;
6. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მოსარჩელე გათავისუფლებულია;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე