გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N3/3985-18 21 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩხეტია
სხდომის მდივანი მამუკა გიორგანაშვილი
მოსარჩელე - ს---------------–---–ი
წარმომადგენლები - ე-–----------–ია, გ-----------–---–ი
მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო
წარმომადგენელი - ი----------------–---–ი
მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - თ---------–------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნები (დაზუსტებული სარჩელი, ს.ფ. 37-48):
1.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 29 მარტის N6------------ მიმართვის ბათილად ცნობა;
1.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2018 წლის 4 ივნისის N1------------ წერილის ბათილად ცნობა;
1.3. მოპასუხეებისათვის ქალაქ თბილისში, ო-----–-------------ის მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული ფართის - N01.18.03.011.0----01.--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მომიჯნავე 7,35 კვ.მ, 7,69 კვ,მ და 7,62 კვ.მ ფართების ს---------------–---–ისათვის პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაცემის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის მიმართვის წარდგენის დავალება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეების წარმომადგენლებმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს მის უსაფუძვლობაზე მითითებით.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. ,,საპრივატიზებო ობიექტების პირდაპირი წესით პრივატიზების შესახებ“ ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარი სამმართველოს კოლეგიის 1995 წლის 25 მაისის N30.02.6-- და 1995 წლის 6 ოქტომბრის N37.36.--- გადაწყვეტილებებით სახელმწიფო საწარმო ,,ე-–----ს“ შრომითი კოლექტივის მიერ ჩამოყალიბებულ დროებით ამხანაგობას კრწანისის რაიონში, რ----ს ქუჩის მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარე ფართების პირდაპირი წესით შესყიდვის უფლება მიეცა. 1996 წლის 16 იანვარს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თბილისის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტმა სახელმწიფო საწარმო ,,ე-–----ს“ შრომითი კოლექტივის ამხანაგობის სახელზე N2------- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გასცა, რომლის მიხედვით, ორგანიზაციას საკუთრებაში გადაეცა ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, კ---–--------------------ნის მიწისქვეშა გადასასვლელში, ძირითადი საშუალებების აქტიური ნაწილი და 88,00 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი. აღნიშნული ფართზე საკუთრების უფლება ს---------------–---–მა შეიძინა. საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, ქალაქ თბილისში, ორბელიანის (კოლმეურნეობის) მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარე 3743,00 კვ.მ ფართებიდან 88.00 კვ.მ უძრავი ქონების 99.94 წილი ს---------------–---–ის საკუთრებაშია, ხოლო 1820,00 კვ.მ ფართი სსიპ თვითმმართველი ქალაქს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.
მტკიცებულება: ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარი სამმართველოს კოლეგიის 1995 წლის 25 მაისის N30.02.6-- და 1995 წლის 6 ოქტომბრის N37.36.--- გადაწყვეტილებები (ს.ფ. 14-15, 16-17), N2------- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა (ს.ფ. 18), მიღება-ჩაბარების N77 აქტი (ს.ფ. 19), ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 20-21, 115-117), შიდა აზომვითი ნახაზები (ს.ფ. 22, 23, 118).
3.2. 2018 წლის 16 მარტს ს---------------–---–ის წარმომადგენელმა ე-–----------–იამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს განცხადება წარუდგინა, რომლითაც ქალაქ თბილისში, ო-----–-------------ის მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული ფართის - N01.---0--0---0----01.--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მომიჯნავე 7,35 კვ.მ, 7,69 კვ,მ და 7,62 კვ.მ ფართების ლ----------–---–-სათვის და ს---------------–---–ისათვის პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაცემის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის მიმართვის წარდგენა მოითხოვა. განცხადებით მითითებულ იქნა შემდეგ გარემოებებზე:
- მიწისქვეშა გადასასვლელში ფართები შემოსაზღვრულია გრუნტით, რის გამოც კედლებიდან მუდმივად ჟონავს დაზიანებული კომუნიკაციების თუ გრუნტის წყლები. აღნიშნულის ლიკვიდაციის მიზნით გამოკვლეულ იქნა ფართის კედლები და მიწისქვეშა გასასვლელის ძირითადი კონსტრუქციებისა და პრივატიზებული ფართის კედლებს შორის აღმოჩნდა სამი სამკუთხედის ფორმის 7,35 კვ.მ, 7,69 კვ.მ და 7,62 კვ.მ ფართობის ნაგვითა და მიწით სანახევროდ სავსე საიზოლაციო ჯიბე. აღმოჩენილ ფართებს გაწმენდის, განიავებისა და გამოშრობის მიზნით გაუკეთდა შესასვლელები და იმ დროიდან ფაქტობრივად არის ს---------------–---–ისა და ლ----------–---–-ს მფლობელობაში;
- 2010 წელს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ მოხდა მიწისქვეშა გადასასვლელების ინვენტარიზაცია, რის შემდეგაც 2011 წლის 21 ივლისს ზემოთ მითითებული ფართები იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა აუქციონში გამარჯვებულ შპს ,,ზ--ს“, თუმცა იგი ს---------------–---–ის კუთვნილი ფართის მომიჯნავე 7,35 კვ.მ, 7,69 კვ.მ და 7,62 კვ.მ ფართების მოვლა-პატრონობას ვერ ახორციელებს, ვინაიდან აღნიშნულ ფართებს არ აქვთ დამოუკიდებელი შესასვლელი;
განცხადებასთან ერთად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს შიდა აზომვითი ნახაზი და შპს ,,ზ--ის“ 2017 წლის 17 აგვისტოს N4--- წერილი წარედგინა. მითითებული წერილის მიხედვით, 2011 წლის 14 ივლისს, როგორც აუქციონში გამარჯვებულ ფირმას, შპს ,,ზ--ს“ სამართავად გადაეცა მიწისქვეშა გადასასვლელის მთლიანი სივრცე, მათ შორის ს---------------–---–ისა და ლ----------–---–-ს ფართში, მერიის მიერ აღმოჩენილი ზედმეტობა 19,8 კვ.მ ფართი, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ფართი ნესტიანი და სარემონტოა და მას არ აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი, ,,ქირის თანხის“ წინსწრებით, ერთიანად გადახდის სანაცვლოდ შპს ,,ზ--ი“ თანახმაა აუქციონის პირობების შეუცვლელად, აღნიშნული ფართი (19,8 კვ.მ) დათმოს ს---------------–---–ის და ლ----------–---–-ს სასარგებლოდ.
მტკიცებულება: განცხადება (ს.ფ. 83-86), შპს ,,ზ--ის“ 2017 წლის 17 აგვისტოს N4--- წერილი (ს.ფ. 24), ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 20-21, 115-117), შიდა აზომვითი ნახაზები (ს.ფ. 118, 22, 23).
3.3. 2018 წლის 29 მარტის N6------------ წერილით სსიპ ქონების მართვის სააგენტომ ს---------------–---–ის წარმომადგენელს ე-–----------–იას განუმარტა, რომ მიწისქვეშა გადასასვლელის ტერიტორიაზე არსებული ფართების გასხვისება არ განიხილებოდა, ამასთან, უძრავი ქონება უზუფრუქტის ფორმით იყო გადაცემული შპს ,,თბილსერვის ჯგუფისათვის“.
მტკიცებულება: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 29 მარტის N6------------ წერილი (ს.ფ. 30).
3.4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 29 მარტის N6------------ წერილზე ს---------------–---–ის წარმომადგენელმა ე-–----------–იამ ქალაქ თბილისის მერთან ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა.
მტკიცებულება: ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 27-29).
3.5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2018 წლის 4 ივნისის N1------------ წერილით ს---------------–---–ის წარმომადგენელს ე-–----------–იას განემარტა, რომ სადავო აქტზე საჩივარი იყო სასამართლოს განსჯადი, რის გამოც ქალაქ თბილისის მერია მოკლებული იყო შესაძლებლობა, განეხილა იგი. აღნიშნული წერილით მითითებულ იქნა შემდეგ გარემოებებზე:
- ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 75-ე მუხლის „დ.ა“ პუნქტის მიხედვით, ამ კანონითა და თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მთავრობის უფლებამოსილებას განეკუთვნება;
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის N13-42 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონების მართვის სააგენტოს დებულების“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სსიპ ქონების მართვის სააგენტო სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაციაა, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას ქონების საკუთრებისა და სარგებლობით უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით. ამავე დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებისა და სარგებლობის უფლების გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის წარდგენის ორგანიზება;
- იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვასა და განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, ხოლო სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელით და ორგანიზაციულად უზრუნველყოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვასთან დაკავშირებული საკითხები, სადავო წერილი მიღებულია სწორედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დელეგირებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში, მთავრობას კი არ ჰყავს რა ზემდგომი ორგანო, მისი აქტები საჩივრდება სასამართლოში.
მტკიცებულება: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2018 წლის 4 ივნისის N1------------ წერილი (ს.ფ. 25-26).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებული ქონების მართვის სააგენტოს წესდება (დებულება).
6. სამართლებრივი შეფასება
ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-601 მუხლისა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 29 მარტის N6------------ წერილზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 4 ივნისის N1------------ წერილით ს---------------–---–ის წარმომადგენელს ე-–----------–იას განემარტა, რომ ქალაქ თბილისის მერია არ იყო უფლებამოსილი, განეხილა ადმინისტრაციული საჩივარი, არამედ, დავა იყო სასამართლოს განსჯადი. ამდენად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 4 ივნისის N1------------ წერილი წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ და მისი კანონიერება უნდა იქნეს შეფასებული იმ საკითხის გადაწყვეტით, გააჩნდა თუ არა ქალაქ თბილისის მერს ვალდებულება, განეხილა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ წარდგენილი საჩივარი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 178-ე მუხლის მიხედვით, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 79-ე მუხლის მიხედვით, თბილისის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ, ეკონომიკურ ან/და მთავრობის მიერ განსაზღვრულ სხვა საქმიანობას და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება თბილისის მერთან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სსიპ ქონების მართვის სააგენტო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც, როგორც სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას ქონების საკუთრებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებული ქონების მართვის სააგენტოს წესდების (დებულების) 1-ლი მუხლი).
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წესდების (დებულების) მე-14 მუხლის მიხედვით, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება მერთან კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის უფლებამოსილება ნიშნავს სამართლის ნორმით დაცული ინტერესის - დარღვეული მატერიალური უფლების აღდგენის შესაძლებლობას. ადმინისტრაციული სამართლის პრინციპები, პროცედურები დიდწილად სწორედ პირის სამოქალაქო უფლებების დაცვის მიზანს ემსახურება, ხოლო ამ უფლებების დაცვის სამართლებრივ საშუალებებს პროცედურული უფლებების რეალიზაცია (განცხადება, ადმინისტრაციული საჩივარი, შუამდგომლობა და სხვა) წარმოადგენს, რომლის განუხორციელებლობა სამოქალაქო უფლების დაცვის შესაძლებლობის მოსპობას უტოლდება.
სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას. აღნიშნული კოდექსის მე-12 მუხლით გარანტირებულია: 1. ნებისმიერი პირის უფლება მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, და 2. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამდენად, პირის უფლების დადგენა მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, განახორციელოს რეალიზებული საპროცესო უფლების კანონით რეგლამენტირებული, ადეკვატური პროცედურული ხასიათის მოქმედება.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, ქალაქო თბილისის მერი ვალდებული იყო, განეხილა ს---------------–---–ის წარმომადგენელს ე-–----------–იას საჩივარი და საქმის გარემოებების ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად ემსჯელა მის საფუძვლიანობაზე. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სადავო წერილით გათვალისწინებული ფართები იზოლირებულია საზოგადოებრივი სივრცისაგან და არ ირკვევა მისი მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენების საჭიროებასთან დაკავშირებით, ამ წერილის მიზანშეწონილობის კუთხით შეფასების გზით ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა შესაძლოა დაინტერესებული პირის სასარგებლო გადაწყვეტილებით დასრულებულიყო.
ამდენად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 4 ივნისის N1------------ წერილი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და ქალაქ თბილისის მერს უნდა დაევალოს, არსებითად განიხილოს საქმე ს---------------–---–ის წარმომადგენელს ე-–----------–იას საჩივარი.
ქალაქ თბილისის მერის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის არსებითად განხილვის საჭიროებიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს აქტის ბათილად ცნობისა და დასახელებული სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლებზე, რამეთუ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესის მიხედვით, მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის უფლების რეალიზება განაპირობებს სასამართლოს კომპეტენციას ამ მოთხოვნებზე საკითხის გადაწყვეტაზე.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელისათვის გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სარჩელისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს ქალაქ თბილისის მერიას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს---------------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს:
2. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2018 წლის 4 ივნისის N1------------ წერილი და ქალაქ თბილისის მერს დაევალოს, განიხილოს ს---------------–---–ის წარმომადგენელის ე-–----------–იას ადმინისტრაციულ საჩივარი და საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს მასზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ს---------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელისათვის ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე ანა ჩხეტია