გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.03.2019
საქმის ნომერი
010210117001812326
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
14.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210117001812326

№2-484/2017წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 მარტი, 2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - სალიხ შაინიძე

სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე

მოსარჩელე - გუ-–----- ჩ----

წარმომადგენელი - რა--- პ----ე

მოპასუხე - ი--- ბე-----

წარმომადგენელი - ლე--- მ-----–--ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

გუ-–----- ჩ---- სასარჩელო განცხადებით მოითხოვს: ი--- ბე-----ს მის სასარგებლოდ დაეკისროს 6 065 აშშ დოლარის გადახდა.

 

მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით:

- გარკვეული დროის განმავლობაში გუ-–----- ჩ----სა და ი--- ბე-----ს ჰქონდათ საერთო საქმე, რომელიც თანხების გასესხებასა და უძრავი ქონების შეძენაში გამოიხატებოდა. 2016 წლის 30 მარტს მხარეებს შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც დადგინდა მათ საკუთრებაში რიცხულ უძრავი ქონებაში მათი ფინანსური წილის ოდენობა. 2016 წლის 30 მარტის შეთანხმებით განისაზღვრა, რომ ქ. ბათუმში, ა-–--------- ქუჩა N--ში მდებარე ბინა N45, რომელიც ირიცხებოდა ი--- ბე----ის საკუთრებაში, რომელიც შეძენილი იყო ერთობლივი თანხებით, რომლის ღირებულება შეადგენდა 32 000 აშშ დოლარს, საიდანაც ი--- ბე----ის კუთვნილი თანხა იყო 26 435 აშშ დოლარი, ხოლო გუ-–----- ჩ----ს კუთვნილი თანხა 5 565 აშშ დოლარი. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ამ უძრავი ქონების მესამე პირზე 32 000 აშშ დოლარად რეალიზაციის შემთხვევაში თანხები გაიყოფოდა ზემოაღნიშნული პროპორციით, ხოლო თუ ქონების რეალიზაცია მოხდებოდა 32 000 აშშ დოლარზე მეტ თანხად, ნამატი თანხის განაწილება მოხდებოდა თანაბარწილად. 2016 წლის 30 ნოემბრის ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ი--- ბე----ის მიერ უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმში, ა-–--------- ქუჩა N--ში მდებარე ბინა N45 რეალიზებული იქნა 33 000 აშშ დოლარად.

- მიუხედავად მხარეებს შორის არსებული შეთანხმებისა, მოპასუხე დღემდე არ ახდენს იმ თანხის გადაცემას, რაც ასახულია მხარეთა შორის 2016 წლის 30 მარტის შეთანხმებაში და რაც წარმოადგენს მოსარჩელის თანამონაწილეობის წილს იმ უძრავ ქონებაში, რომელიც შეძენილი იქნა ერთობლივი თანხებით, შესაბამისად ი--- ბე-----ს გუ-–----- ჩ----სათვის გადასაცემი აქვს 5565 აშშ დოლარს + 500 აშშ დოლარი (ნამატი თანხის 1000 აშშ დოლარის ნახევარი) ჯამში 6065 აშშ დოლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხე სარჩელს ცნობს ნაწილობრივ.

 

მისი წარმომადგენელი ადასტურებს, რომ ერთობლივად შეძენილი უძრავი ქონება გაიყიდა 33 000 აშშ დოლარად, მაგრამ მოსარჩელესთან შეთანხმებით ამ თანხიდან 800 აშშ დოლარი ჰონორარის სახით ი--- ბე-----მ გადასცა ადვოკატ რ---- შ----ეს, ხოლო 200 აშშ დოლარი გადასცა გა-–--- ვა-----------ს საერთო ვალების დასაფარად და აღნიშნული თანხების გამოკლებით გუ-–----- ჩ----ს კუთვნილი წილი არის 5 565 აშშ დოლარი, შესაბამისად მოპასუხე სარჩელს ცნობს 5 565 აშშ დოლარის ნაწილში.

 

3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სადავო არაა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში გუ-–----- ჩ----სა და ი--- ბე-----ს ჰქონდათ საერთო საქმე, ეწეოდნენ ერთობლივ საქმიანობას, რომელიც თანხების გასესხებასა და უძრავი ქონების შეძენა-გასხვისებაში გამოიხატებოდა.

 

2016 წლის 30 მარტს მხარეებს - მოსარჩელე გუ-–----- ჩ----სა და მოპასუხე ი--- ბე-----ს შორის დაიდო წერილობითი შეთანხმება, რომლითაც მათ ერთმანეთის წინაშე აღიარეს და შეთანხმდნენ შემდეგზე:

- ქ. ბათუმში, ა-–--------- ქუჩა N--ში მდებარე ბინა N45, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებით ირიცხება ი--- ბე----ის საკუთრებად, შეძენილი იქნა ორივე მხარის ერთობლივი თანხებით, კერძოდ: ი--- ბე-----ს გადახდილი აქვს 26 435 აშშ დოლარი, ხოლო გუ-–----- ჩ----ს - 5656 აშშ დოლარი.

- მხარეები შეთანხმდნენ, რომ უძრავი ქონების რეალიზაციას, ზემოაღნიშნული ოდენობის თანხებს შესაბამისად გაინაწილებენ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ უძრავი ქონების რეალიზაცია მოხდება 32 000 აშშ დოლარზე მეტ ფასად (ყოფილი მესაკუთრის ან სხვა მესამე პირის მხრიდან შეძენის გზით), მაშინ მხარეები თანაბარწილად გაინაწილებენ რეალიზაციიდან მიღებულ ნამატ თანხას (32 000 აშშ დოლარზე ზევით თანხას).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- 2016 წლის 30 მარტის შეთანხმება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- მხარეთა განმარტებები;

 

3.1.2. 2016 წლის 30 ნოემბერს ერთის მხრივ სს „ბ-------------ს“, მეორე მხრივ ი--- ბე-----ს და მესამე მხრივ ნო------------ეს, ნ------------ს, ნ------ნთაძეს შორის დაიდო იპოთეკა-ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც იპოთეკა-ნასყიდობის საგანს წარმოადგენს შემდეგი უძრავი ქონება: 135.80 კვ.მ., ფართი, მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, მდებარე: ქ. ბათუმი, ქუჩა ა--------, N-, ბინა N45, სართული N5; იპოთეკა-ნასყიდობის საგნის ღირებულება/ნასყიდობის საფასური შეადგენს 33 000 აშშ დოლარს ლარში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 30 ნოემბრის იპოთეკა-ნასყიდობის ხელშეკრულება №GA/1-759832/E1;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- მხარეთა განმარტებები;

 

3.1.3. სადავო არაა, რომ უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ბათუმი, ქუჩა ა--------, N-, ბინა N45, სართული N5, ნასყიდობის საფასური 33000 აშშ დოლარი მიიღო მოპასუხე ი--- ბე-----მ, რომელსაც მოსარჩელისათვის ამ ქონების შეძენაში მის მიერ გადახდილი 5656 აშშ დოლარი და არც ნამატი თანხის (1000 აშშ დოლარის) ნახევარი - 500 აშშ დოლარი არ გადაუცია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- 2016 წლის 30 მარტის შეთანხმება;

- 2016 წლის 30 ნოემბრის იპოთეკა-ნასყიდობის ხელშეკრულება №GA/1-759832/E1;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- მხარეთა განმარტებები;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მხარეებს შორის სადავოა შემდეგი ფაქტობრივი გარემოება:

 

- 2016 წლის 30 მარტს მხარეებს შორის შეთანხმების დადებისა და უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ბათუმი, ქუჩა ა--------, N-, ბინა N45, სართული N5, - გასხვისების შემდეგ მხარეებს შორის შედგა თუ არა დამატებითი შეთანხმება, რომ ნასყიდობის საფასურის თანხიდან, 800 აშშ დოლარი ჰონორარის სახით ი--- ბე-----ს უნდა გადაეცა ადვოკატ რ---- შ----ისათვის, ხოლო 200 აშშ დოლარი გა-–--- ვა-----------სათვის საერთო ვალების დასაფარად.

 

მოსარჩელე უარყოფს დამატებით შეთანხმების არსებობას 1000 აშშ დოლარის ნაწილში, ხოლო მოპასუხე მიუთითებს მათ შორის ზეპირი ფორმით დამატებით ასეთი შეთანხმების არსებობაზე.

 

3.2.2. სადავო ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

 

3.2.3. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისზპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.

 

წინამდებარე შემთხვევაში, მოსარჩელის მიმართ 6065 აშშ დოლარის გადაცემის ვალდებულების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკუთვნის. რეალიზაციით მიღებული თანხის ოდენობის ფაქტი მხარეებისათვის სადავო არაა. მოპასუხე აღიარებს 5 565 აშშ დოლარის მოსარჩელეზე გადახდის ვალდებულებას, მაგრამ არ ეთანხმება 500 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულებას მათ შორის დამატებითი სეთანხმების არსებობაზე დაყრდნობით. ის გარემოება, რომ მხარეებს შორის არსებობდა დამატებითი შეთანხმება 1000 აშშ დოლარის ბედის შესახებ, ამ გარემობის დამტკიცება მოპასუხეს ეკისრება. მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ მან მოსარჩელესთან შეთანხმებით 800 აშშ დოლარი ადვოკატს გადაუხადა ჰონორარის სახით, 200 აშშ დოლარით კი დაფარა მოსარჩელის და მისი საერთო ვალი. შესაბამისად, მასვე უნდა ჰქონდეს 800 აშშ დოლარის მოსარჩელესთან შეთანხმებით ადვოკატზე გადაცემის და 200 აშშ დოლარის საერთო ვალის დაფარვის/გადახდის მტკიცებულება. თუ მოპასუხეს 500 აშშ დოლარი არ აქვს მოსარჩელეზე გადასაცემი, რადგან მოსარჩელის თანხმობით მოხდა ამ თანხით სარგებლობა, მაშინ მან უნდა წარმოადგინოს 1000 აშშ დოლარის მოსარჩელესთან შეთანხმებით განკარგვის მტკიცებულება. ამ გარემოების დამტკიცება დასაშვებია ხელშეკრულებით, ხელწერილით, მოწმის განმარტებით, საბანკო ქვითარით ან ნებისმიერი იმ მტკიცებულებით, რომელიც დაადასტურებს თანხის მოსარჩელესთან შეთანხმებით გადახდას/განკარგვას. თუ მოპასუხე ვერ წარმოადგენს 1000 აშშ დოლარის მოსარჩელესთან შეთანხმებით განკარგვის მტკიცებულებას, მიჩნეული იქნება, რომ 1000 აშშ დოლარი მის მფლობელობაშია და აქედან 500 აშშ დოლარი მოსარჩელეზე აქვს გადასაცემი.

 

3.2.4. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.

 

3.2.5. ი--- ბე-----მ თანხის 800 აშშ დოლარის მოსარჩელესთან შეთანხმებით ადვოკატზე გადაცემის და 200 აშშ დოლარის საერთო ვალის დაფარვის მტკიცებულებად წარმოადგინა 03.05.2014 წლის იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება და ხელწერილი მოქალაქე გა-–--- ვა-----------ს მიმართ. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ რ---- შ----ემ 2017 წლის 03 იანვარს ი--- ბე----ისაგან მიიღო იურიდიული მომსახურების საფასური 800 აშშ დოლარი. ხელწერილში კი მითითებულია, რომ ი--- ბე-----მ 2015 წლის 4 მაისს გა-–--- ვა-----------ს გადაუხდა ვალი 200 აშშ დოლარი.

 

3.2.6. მოპასუხე ი--- ბე-----ს მოსარჩელესთან შეთანხმებით საერთო ვალების დაფარვასთან დაკავშირებით, სხვა მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მან ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომ მას და მოსარჩელეს ჰქონდათ საერთო ვალი და ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, ეს ვალი გადაიხადა მოსარცელესთან შეთანხმებით, ყოველივე ამას იგი ამტკიცებს ზეპირად.

 

3.2.7. სასამართლომ განმარტავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ზეპირი განმარტება, არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც შეიძლება დადასტურდეს საერთო ვალის არსებობა და შეტანხმებით მისი დაფარვა. ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ესა თუ ის გარემოება. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები ზეპირად გადმოცემულ ფაქტებს ადასტურებენ და სადავოდ არ ხდიან. თუ ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი, მხარეებისათვის სადავოა, მაშინ იგი აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ზეპირად გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდეს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია, მაგრამ მთავარი ის კი არაა მან რა თქვა, მთავარია რამდენად სარწმუნოა მისი განმარტება. ამიტომ თითოეული ზეპირი განმარტება უნდა მტკიცდებოდეს სხვა უფრო მყარი მტკიცებულებით. ანუ აუცილებელია გამოყენებული იქნას მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ზეპირი განმარტებაა.

 

მოპასუხე ამტკიცებს, რომ მას გადასაცემი აქვს 5 565 აშშ დოლარი, მაგრამ წარმოდგენილი არ აქვს მოსარჩელის კუთვნილი 500 აშშ დოლარის მოსარჩელესთან შეთანხმებით საერთო ვალების დაფარვის მტკიცებულება. მოსარჩელე ადასტურებს, რომ მასზე გადასაცემი თანხის ოდენობაა 6 065 აშშ დოლარი. მან 500 აშშ დოლარის მასთან შეთანხმებით საერთო ვალებისთვის გადახდა სადავოდ გახადა.მოპასუხემ ვერ დაამტკიცა, რომ 1000 აშშ დოლარი მოსარჩელესთან შეთანხმებით გადაიხადა საერთო ვალებში, აღნიშნილი კი წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ი--- ბე-----ს შესრულებული არ აქვს თავისი ვალდებულება და მოსარჩელისათვის არ აქვს გადაცემული მისი კუთვნილი თანხა. შესაბამისად სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

_ საქართველოს კონსტიუცია;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეს მასზე გადასახდელი აქვს 6 065 აშშ დოლარი. მოპასუხემ დაპირდა მის გადახდას, მაგრამ მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და ვალი არ დაუბრუნა დროულად. სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოპასუხე მართლსაწინააღმდეგოდ არ უხდის ხელშეკრულებით აღიარებულ ვალს, მაშინ ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს კუთვნილი თანხის მოპასუხისათვის დაკისრება.

 

6.2. საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე (კრედიტორი) ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან (მოვალესთან). ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე.

 

წინამდებარე შემთხვევაში მოპასუხეს ხელშეკრულებით აღიარებული აქვს მოსარჩელის ვალი. დადგენილი და სადავო არაა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში გუ-–----- ჩ----სა და ი--- ბე-----ს ჰქონდათ საერთო საქმე, ეწეოდნენ ერთობლივ საქმიანობას, რომელიც თანხების გასესხებასა და უძრავი ქონების შეძენა-გასხვისებაში გამოიხატებოდა.

 

2016 წლის 30 მარტს მხარეებს - მოსარჩელე გუ-–----- ჩ----სა და მოპასუხე ი--- ბე-----ს შორის დაიდო წერილობითი შეთანხმება, რომლითაც მათ ერთმანეთის წინაშე აღიარეს და შეთანხმდნენ შემდეგზე:

- ქ. ბათუმში, ა-–--------- ქუჩა N--ში მდებარე ბინა N45, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებით ირიცხებოდა ი--- ბე----ის საკუთრებად, შეძენილი იქნა ორივე მხარის ერთობლივი თანხებით, კერძოდ: ი--- ბე-----ს გადახდილი აქვს 26 435 აშშ დოლარი, ხოლო გუ-–----- ჩ----ს - 5656 აშშ დოლარი.

- მხარეები შეთანხმდნენ, რომ უძრავი ქონების რეალიზაციის დროს, ზემოაღნიშნული ოდენობის თანხებს შესაბამისად გაინაწილებენ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ უძრავი ქონების რეალიზაცია მოხდება 32 000 აშშ დოლარზე მეტ ფასად (ყოფილი მესაკუთრის ან სხვა მესამე პირის მხრიდან შეძენის გზით), მაშინ მხარეები თანაბარწილად გაინაწილებენ რეალიზაციიდან მიღებულ ნამატ თანხას (32 000 აშშ დოლარზე ზევით თანხას).

 

მხარეებს შორის არსებული ასეთი ურთიერთობა ერთბოლივი საქმიანობის ხელშეკრულებაა, ამიტომაც მხარეებს შორის აღმოცენებული სადავო ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. შესაბამისად მათი ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს სახელშეკრულებო ვალდებულების მარეგულირებელი ნორმებით.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს, ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად.

 

ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით. მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან სპეციალური შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს.

 

სასამართლომ მტკიცებულებათა ანალიზით დაადგინა, რომ უძრავი ქონების რეალიზაცია მოხდება 32 000 აშშ დოლარზე მეტ ფასად, კერძოდ 33 000 აშშ დოლარად. მხარეებს შორის შედგა შეთანხმება ერთობლივი საქმიანობით მიღებული თანხების წილობრივად განაწილების შესახებ, გაანალიზეს ურთიერთვალდებულებები და შეადგინეს შესაბამისი შეთანხმება. იგი შეესაბამება ერთობლივი საქმიანობისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს და მას მხარეები სადავოდ არ ხდიან.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.

 

6.6. გარდა ზემოთ აღნიშნულისა სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი (მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე ცნობს სარჩელს 5565 აშშ დოლარის ნაწილში); საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ამავე კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. (მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ ცნო ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მხარეებს შორის გაფორმდა ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება და უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა უნდა განაწილებულიყო შეთანხმების/ხელშეკრულების პირველი პუნქტის თანახმად).

 

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ გუ-–----- ჩ----ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

წინამდებარე შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა შეადგენს 480 ლარს. მოსარჩელეს იგი წინასწარ გადახდილი აქვს გადახდილი. მასვე გადახდილი აქვს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ბაჟი 50 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად. სარჩელის დაკმაყოფილების გამო მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის თანხის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს. დადგენილია, რომ მოპასუხემ სარჩელი სცნო ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე მოპასუხე უნდა გათავსუფლდეს იმ ნაწილის ბაჟის გადახდისაგან, რა ნაწილშიც მან სარჩელი სცნო. ანუ, მოსარჩელეს ამ ნაწილში უკან უნდა დაუბრუნდეს შესაბამისი ბაჟის თანხა.

 

7.2. მოსარჩელის წარმომადგენელი მოითხოვს მოპასუხემ აუნაზღაურონ საადვოკატო ხარჯები 500 ლარის ოდენობით.

მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის საფუძვლიდან, დასახელებული ნორმით ანაზღაურებას ექვემდებარება პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოსარჩელემ წარმოადგინა საადვაკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ქვითარი, რითაც დასტურდება მოსარჩელის მიერ სასამართლოს გარეშე ხარჯების გაწევა. გასათვალისწინებელია, რომ ამ მუხლის I ნაწილის ბოლო წინადადებით, გათვალისწინებული უნდა იქნას ის, რომ ანაზღაურდება მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯები გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის II ნაწილის პირველი წინადადებით თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილია. ასეთ შემთხვევაში ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან - 2000 ლარამდე ოდენობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადახდეს იურიდიული მომსახურების ხარჯი 500 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

საქ. სსკ-ის 1991-ე მუხლით სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ი--- ბე-----ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავ ქონების, მდებარე - ქ. ბათუმი, ბ------------ს ქუჩა N1--, ბინა N50, ს/კ #05.07.43.003.01.0--, - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 47-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 1991-ე, 243-ე-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გუ-–----- ჩ----ს სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.

2. მოპასუხეს ი--- ბე-----ს მოსარჩელის გუ-–----- ჩ----ს სასარგებლოდ დაეკისროს 6065 აშშ დოლარის გადახდა.

3. მოპასუხეს ი--- ბე-----ს დაეკისროს მოსარჩელის გუ-–----- ჩ----ს სასარგებლოდ მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 43.12 ლარის და უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება.

4. მოპასუხეს ი--- ბე-----ს დაეკისროს მოსარჩელის გუ-–----- ჩ----ს სასარგებლოდ 500 ლარის გადახდა, წარმომადგენლის იურიდიული დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების სახით.

5. მოსარჩელე გუ-–----- ჩ----ს დაუბრუნდეს სახელმწიფო ხაზინიდან მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 436.88 ლარი (საგადასახადო დავალება №12497233; გადახდის თარიღი - 20.02.2017 წელს, გადამხდელის ბანკი - სს ‘’ლიბერთი ბანკი’’, სახაზინო კოდი - 300693150).

6. საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფა, რომლითაც ი--- ბე-----ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავ ქონების, მდებარე - ქ. ბათუმი, ბ------------ს ქუჩა N1--, ბინა N50, ს/კ #05.07.43.003.01.0--, - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, - დარჩეს ძალაში უცვლელი.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. № 30).

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სალიხ შაინიძე