გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
160210019003042002
საქმე N2/464-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08 ივლისი, 2019 წელი ქ.ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე პაატა ფხალაძე
სხდომის მდივანი თამთა ჩულუხიძე
მოსარჩელე - მა-------–--------–----–-------------ია
წარმომადგენელი - ინ----------–---–ი
მოპასუხე - გი-------–--–--ე
დავის საგანი - სა----------------------------------–--------------ა
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე გი-------–--–--ეს მა-------–--------–----–-------------იის სასარგებლოდ დაეკისროს საიჯარო ქირის დავალიანების 3312 ლარის და პირგასამტეხლოს - 216 510. 96 ლარის გადახდა.
სარჩელის მიხედვით, 2013 წლის 27 დეკემბერს მა-------–--------–----–-----------------ას და გი-------–--–--ეს იჯარის ხელშეკრულება 10 წლის ვადით. (საიჯარო ქონება: მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 83.02.21.4--- საერთო ფართობი 46 კვმ) საიჯარო ქირის ოდენობა წელიწადში განისაზღვრა 736 ლარით. ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში მოიჯარე იხდის პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 1% - ის ოდენობით.
გი-------–--–--ემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. 2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით გი-------–--–--ის დავალიანება შეადგენს 3312 ლარს, ხოლო აღნიშნული თანხის გადაუხდელობით გამოწვეული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 216 510. 96 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა, საიჯარო ქირის 3312 ლარის დაკისრების ნაწილში.
მოპასუხის განმარტებით მხარეებს შორის მართლაც გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, მაგრამ მუშაობა არ ჰქონდა და სრულად ვერ ახერხებდა იჯარის თანხის გადახდას. მოსარჩელეს შეეძლო შეწყვიტა იჯარის ხელშეკრულება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013 წლის 27 დეკემბერს მა-------–--------–----–-----------------ას და გი-------–--–--ეს იჯარის ხელშეკრულება 10 წლის ვადით. (საიჯარო ქონება: მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 83.02.21.4--- საერთო ფართობი 46 კვმ) საიჯარო ქირის ოდენობა წელიწადში განისაზღვრა 736 ლარით. ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში მოიჯარე იხდის პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 1% - ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2013 წლის 27 დეკემბრის იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 22-25);
-მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 ნოემბრის N 260 განკარგულება (ს.ფ.19);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)
3.1.2. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 2.2 მუხლის თანახმად, საიჯარო ქირა გადაიხდევინება ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან ყოველ კვარტალში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2013 წლის 27 დეკემბრის იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 22-25);
3.1.3. მოიჯარის მიერ არ შესრულებულა იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. 2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით მოიჯარის მიერ გადაუხდელი საიჯარო ქირის ოდენობა შეადგენს 3312 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)
3.1.4. მა-------–--------–----–-------------იის მიერ გი-------–--–--ეს გაეგზავნა დავალიანების და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს შესახებ წერილობითი გაფრთხილებები და გადასახდელად განესაზღვრა ვადა, მაგრამ ვალდებულება მოიჯარის მიერ არ შესრულებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- წერილობითი გაფრთხილება (ს.ფ. 20-21)
3.1.5. მოსარჩელე პირგასამტეხლოს სახით ითხოვს 216 510.96 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- სარჩელი, მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები მხარეების მიერ სადავოდ არ გამხდარა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 420-ე, 581-ე, 588-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება 10 წლის ვადით. შესაბამისად აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არ შესრულებულა საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლის თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 588-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე ქონებას უკან აბრუნებს, იგი საიჯარო ქირის გადახდისაგან მხოლოდ მაშინ თავისუფლდება, თუ თავის სანაცვლოდ შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მეიჯარისათვის მისაღებ მოიჯარეს. ახალი მოიჯარე თანახმა უნდა იყოს, იჯარის ხელშეკრულება მიიღოს იმავე პირობებით. მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოიჯარე ვერ შესთავაზებს ასეთ მოიჯარეს, მან საიჯარო ქირა უნდა იხადოს საიჯარო ურთიერთობათა დასრულებამდე.
იჯარის ხელშეკრულება არის ორმხრივი, სასყიდლიანი და კონსენსუალური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც ხდება როგორც მოძრავი ისე უძრავი ქონების გადაცემა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეებს შორის 2013 წლის 27 დეკემბერს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება. საიჯარო თანხა განისაზღვრა 736 ლარით წლის განმავლობაში, რომელიც მოიჯარეს პროპორციულად უნდა გადაეხადა ყოველ კვარტალში. საიჯარო გადასახადის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში მოიჯარეს უნდა გადაეხადა ჯარიმის სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 1%.
დადგენილია, რომ მოიჯარეს არ გადაუხდია საიჯარო ქირა 3312 ლარის ოდენობით, 2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით არსებული დავალიანება. დადგენილია, რომ მოიჯარე ვალდებული იყო საიჯარო ქირა გადაეხადა ყოველ კვარტალში.
სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
ამდენად, მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს აუნაზღაუროს საიჯარო ქირის დავალიანება 3312 ლარის ოდენობით.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ისეთ დამატებით საშუალებას, როგორიცაა პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით დადგენილი ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ხელშეკრულების 2.5. პუნქტი წარმოადგენს პირგასამტეხლოზე შეთანხმებას და შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნის შემოწმებისას პირგასამტეხლოს ნაწილში გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-420-ე მუხლებით დადგენილი ნორმები.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 1%. მოსარჩელე ითხოვს პირგასამტეხლოს სახით 216 510.96 ლარის დაკისრებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო არის შეთანხმება, რომლის საგანია მოვალის მიერ ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან ერთად დამატებითი ვალდებულების კისრება.
პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შედეგად. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა, რათა მოვალე ფინანსური სანქციის დაკისრების შიშით აიძულოს ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინება საქმე №ას-318-301-2017), პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილისინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყოს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება, რადგან შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა". საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016)
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.
სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, მხარეთა თანასწორობისა და უფლების განხორციელების კეთილსინდისიერების პრინციპების საფუძველზე გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება. მით უფრო ისეთ შემთხვევაში, როცა მოპასუხე შესაგებლით მიუთითებს შემცირების თაობაზე. ამდენად, მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, სასამართლოს შეუძლია შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობით დაკისრების მიზანშეწონილობა.
მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, რაც პირგასამტეხლოს ნაწილში გონივრულობის და სამართლიანობის პრინციპების დაცვას მოითხოვს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, თუმცა აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს სასამართლოს მხრიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით გადასახდელად უნდა დაეკისროს 433 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს დაეკისრა საიჯარო ქირის 3312 ლარის და პირგასამტეხლოს სახით 433 ლარის, სულ 3745 ლარის გადახდა. მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა (საიჯარო ქირის დავალიანების 3312 ლარის ნაწილში), ამდენად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მა-------–--------–----–-------------იის სარჩელი მოპასუხე გი-------–--–--ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე გი-------–--–--ეს მა-------–--------–----–-------------იის სასარგებლოდ დაეკისროს იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის 3312 ლარის გადახდა;
3. მოპასუხე გი-------–--–--ეს მა-------–--------–----–-------------იის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 433 ლარის გადახდა;
4. მოპასუხე გი-------–--–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ფხალაძე