გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 111310119002962859
№3/1-2019
ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05 ივლისი, 2019 წელი ქ. ზესტაფონი
ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე შოთა ნიკურაძე
სხდომის მდივანი ზურაბ ფოცხვერაშვილი
მოსარჩელე - კ-------------;
წარმომადგენელი - ა---------–-----------
მოპასუხე-ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი - თ----------–-----–-----------–---------–---–--
დავის საგანი: ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ით ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნას ცნობილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–------------------------------------------------ სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე;
1.2. კ------------- აღდგენილ იქნეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანამდებობაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულში;
1.3. დაევალოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას აუნაზღაუროს მოსარჩელეს იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო სამსახურში აღდგენამდე;
მოსარჩელის პოზიცია: მუშაობდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მერის წარმომადგენლად ლაშის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში. 2019 წლის 28 მარტს იმყოფებოდა თავის სამუშაო ოთახში, რა დროსაც მასთან სასაუბროდ მივიდნენ მოქალაქეები ნ----–--------–-------------------- რომლებმაც მოსთხოვოს შესასრულებლად გადაეცა დაუმტკიცებელი სოფლის პროექტები. მოსარჩელემ მათ განუმარტა, რომ პროექტების შესრულებისათვის აუცილებელი იყო გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია, უნდა ჰქონოდათ სათანადო გამოცდილება აღნიშნული საქმის განხორციელების და უნდა ჰყოლოდათ შესაბამისი ტექნიკა. ასევე უთხრა, რომ ხელშეკრულებას აფორმებს მუნიციპალიტეტის მერი და არა თვითონ. აღნიშნულზე განაწყენებულები დახვდნენ ხარაგაულის ცენტრში და მოსთხოვეს სამსახურის დატოვება, თუ არადა დაურეკავდნენ მერს და მოსთხოვდნენ მის გათავისუფლებას. საუბრისას აღნიშნულმა პირებმა დაუწყეს ,,ჯიკაობა’’, რა დროსაც ნ----–--------–-- ხელი წაავლო მარცხენა ხელის თითებზე, გადაუწია და დაუტრიალა, რა დროსაც იგრძნო ძლიერი ტკივილი. ამის შემდეგ მათ დაურეკეს მუნიციპალიტეტის მერს ნ-------------------- რომელიც დაახლოებით 15-20 წუთში მივიდა და თან ახლდნენ მისი პირველი მოადგილე ა-----–----------- მერიის ადმინისტრაციის უფროსი კ------------–------- და სოფელ ლაშის მკვიდრი ზ-----------–---- საკითხის განხილვისას კ----------- მერისაგან და მისი თანხმლები პირებისგან მხარდაჭერა არ უგრძვნია, შეხვედრის შემდეგ იგი მერს მერის ავტომანქანით გაჰყვა მერიაში. გზაში მუნიციპალიტეტის მერმა მოსთხოვა სამსახური გაეცვალა ზ------------------------ რომელიც მუშაობდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში. ამის შემდგომ ორივე აიყვანეს მერის სამუშაო ოთახში და ზ----------- თანხმობა განაცხადა სამსახურის ადგილის გაცვლაზე. მერმა მას განუმარტა, რომ ამ საკითხისათვის საჭირო იყო მას დაეწერა განთავისუფლების თაობაზე განცხადება. მის პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდებოდა და დაინიშნებოდა ზ---------------- და შემდეგ ის დაინიშნებოდა ზ----------- გათავისუფლებულ პოზიციაზე. მერმა ადმინისტრაციის უფროსს მოსთხოვა ემოქმედა სათანადოდ. აღნიშნულის შემდგომ კ----------- დააწერინეს განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დაუყოვნებლივ ოჯახური პირობების გამო. მას საამისოდ არავითარი ოჯახური პირობები და პრობლემები არ ჰქონდა, რის შესახებაც იცის მერმა, რადგან არიან ახლო მეზობლები. მომხდარის გამო მოსარჩელე იყო გაოგნებული, აღელვებული, სტკიოდა ხელი, საღამოს წავიდა საავადმყოფოში და აღმოჩნდა, რომ თითი ჰქონდა მოტეხილი. მომდევნო დღეს 2019 წლის 29 მარტს მერმა მიიღო ბრძანება კ----------- გათავისუფლების თაობაზე. იმავე დღეს მას დაურეკა ზ----------------მ და უთხრა, რომ აღარ სურდა სამსახურის გაცვლა, 2019 წლის 02 აპრილს მიიღო სატელეფონო შეტყობინება მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსისგან გ-------------------- რომელიც ატყობინებდა, რომ მის სამუშაოდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით დაევალა მოკვლევა, ხოლო სატელეფონო საუბრისას განუმარტა, რომ აღნიშნულ საკითხზე უნდა დაეწერა ახსნა-განმარტება. 2019 წლის 10 აპრილს კ----------- დაწერა ახსნა-განმარტება და მოითხოვა სამსახურში დაბრუნება, თუმცა 2----–-–------------–-- წერილით უარი უთხრეს სამსახურში დაბრუნებაზე.მართალია გათავისუფლების თაობაზე განცხადება თავისი ხელით დაწერა, თუმცა განცხადება არ გამოხატავს მის ნებას. მას სამუშაოდან წასვლის სურვილი არ გააჩნდა, არ ჰყავს მშობლები, ცოლ-შვილი, ცხოვრობს მარტო და საამისოდ არავითარი ოჯახური პირობები და პრობლემები არ ჰქონია. მოქალაქეებთან მომხდარი კონფლიქტის და კონფლიქტის საკითხის განხილვისას მერის მხარდაჭერის არ ქონის გამო, ასევე ხელის ტკივილის გამო იყო აღელვებული და დაბნეული, მერის მოთხოვნისა და დაპირების გამო დაეწერა გათავისუფლების თაობაზე განცხადება, თუმცა იგი არ ასახავს მის ნამდვილ ნებას და მას სურდა და სურს იმუშაოს თავის პოზიციაზე. შექმნილ ვითარებაში განცხადება დაწერა იმ მიზნით, რომ მერის მოთხოვნის შესაბამისად გაეცვალა სამუშაო ედგილი ზ-----------------თვის.
2. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ შესაგებელით სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ კ------------- ნამდვილად მუშაობდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლად ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულში. ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 109-ე მუხლის თანახმად, მოხელე პირადი განცხადების საფუძველზე თავისუფლდება სამსახურიდან. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 14 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოხელე სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს და მისი გათავისუფლება საფრთხეს არ უქმნის საჯარო დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე დაუყოვნებლივ ითხოვდა სამსახურიდან გათავისუფლებას, რაც დაკმაყოფილდა და გამოიცა ბრძანება კ-------------- დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ამდენად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–-------------------------------- გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ის არ ეწინააღმდეგება კანონს და არ დარღვეულა მისი მომზადების და გამოცემის წესი. აქედან გამომდინარე არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. მერის წარმომადგენლებმა ასევე განმარტეს, რომ მერიისთვის უცნობია კ----------- იმ ოჯახური პირობების შესახებ, რის გამოც ის ითხოვდა სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის 2-----–-–--------------------------------------- კ------------- დაინიშნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლად ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის 2-----–-–-------------------------------------
3. 2. 2019 წლის 28 მარტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშეში კ-------------სა და სოფლის მაცხოვრებელ ორ მოქალაქეს შორის მოხდა შელაპარაკება და კონფლიქტი, რა დროსაც კ----------- დაუზიანდა თითი, რის შემდეგაც დახმარებისათვის მიმართა ხარაგაულის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრს, სადაც დაუდგინდა ხელის თითის მოტეხილობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა I-------);
3.3. კონფლიქტის ადგილზე მოქალაქეთა მოთხოვნით მალევე მივიდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მ--------------------- მისი პირველი მოადგილე ა----------- და მერიის ადმინისტრაციის უფროსი კ-----–-------- სადაც კ-----------თან კონფლიქტში მყოფმა პირებმა მერს მოსთხოვეს გაეთავისუფლებინა თანამდებობიდან კ---------- და მის ნაცვლად დაენიშნა ზ----------------. მერმა ნ-------------------------------- დაპირისპირებულ პირებს განუმარტა, რომ მათი პრეტენზიები კ----------- მიმართ იყო უსაფუძვლო და არ შედიოდა მის კომპეტენციაში, ხოლო კ----------- გათავისუფლების საკითხს თავად გადაწყვეტდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- მერის ნ-----------------------–-------------------–-----------------–---- გამოკითხვის ოქმები;
3.4. საკითხის განხილვისას კ-----------, იმ მოტივით, რომ ვინაიდან მის მიმართ გააჩნდათ პრეტენზიები გამოთქვა სამუშაოს დატოვების განზრახვა. შეხვედრის შემდეგ მერის სამუშაო ოთახში მერმა კ----------- შესთავაზა, რომ მას დანიშნავდა მერის წარმომადგენლის კოორდინაციის სამსახურის მუშაკის ზ----------------- პოზიციაზე, ხოლო ზ----------- მის პოზიციაზე -სოფელ ლაშეში წარმომადგენლად, რაზეც ზ----------------მაც განაცხადა თანხმობა, აღნიშნული შეთანხების პროცედურული საკითხების მოწესრიგება დაევალა მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსს კ-----–--------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- მერის ნ-------------------, არჩილ მაღრაძის, კ-----–--------, გამოკითხვის ოქმები;
3.5. კ-------------მ იმავე დღეს - 2019 წლის 28 მარტს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის კ-----–-------- სამუშაო ოთახში დაწერა განცხადება, რომლითაც მიმართა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს და ითხოვა ოჯახური პირობების გამო სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- კ-------------- 2019 წლის 28 მარტის განცხადება;
3.6. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა 2----–-–----------------------–------------------- კ-------------- დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–-------------------------------------
3.7. 2019 წლის 29 მარტს კ----------- ტელეფონით დაუკავშირდა მერის წარმომადგენლების კორდინაციის სამსახურის მუშაკი ზ---------------- და განუმარტა, რომ აღარ იყო თანახმა გაეცვალა მისთვის სამუშაო პოზიცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება .
3.8. 2019 წლის 2 აპრილს კ-------------ს ტელეფონით დაუკავშირდა მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი გ--------------- და განუმარტა, რომ მისი სამსახურიდან წასვლის თაობაზე დაევალა მოკვლევა. სატელეფონო საუბრისას გ--------- კ----------- განუმარტა, რომ მას ამ საკითხზე უნდა დაეწერა ახსნა-განმარტება. 2019 წლის 10 აპრილს კ-------------მ ახსნა-განმარტებით მიმართა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურის უფროსს, სადაც განმარტა სამუშაოდან წასვლის თაობაზე განცხადების დაწერის მიზეზები, ვითარება და მოითხოვა სამსახურში დაბრუნება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება; სატელეფონო შეტყობინება;
-2019 წლის 10 აპრილს კ-------------- წერილობითი ახსნა-განმარტება;
3.9. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურის უფროსის გ---------------- 2----–-–------------–-- წერილით კ----------- უარი ეთქვა სამსახურში დაბრუნებაზე და განემარტა, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიემართა სასამართლოსათვის;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
-2----–-–------------–- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურის უფროსის პასუხი;
3.10. ხარაგაულის მინიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულში თანამდებობა, რომელზეც გათავისუფლებამდე დასაქმებული იყო მოსარჩელე, ამჟამადაც ვაკანტურია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტებები;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კ-------------- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონი;
- ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი;
- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;
- ევროპის სოციალური ქარტია;
- „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტი ;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
6.2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და კანონმდებლობის საფუძველზე გამოსცემს ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიიჩნევა აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო აქტი წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.
6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. მოსარჩელე კ-------------- მიერ მოთხოვნილი თანამდებობაზე აღდგენა გულისხმობს მოპასუხე - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, ხოლო იმავე კოდექსის 331-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული ორგანოსათვის რაიმე ქმედების განხორციელების დავალების შესახებ თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი რაიმე ქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
6.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო იმ შემთხვევაში გამოიტანს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს, რაც ქმნის იმის სამართლებრივ საფუძველს, რომ დავის განხილვისას სასამართლომ უნდა შეამოწმოს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამის დებულებებთან.
6.8. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.
საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ.
6.9. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლების მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება უშუალოდ მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში და თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. აგრეთვე, ყველას აქვს შრომის სამართლიანი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მათ შორის, არ დაუშვას პირის შრომითი პირობების იმგვარად დადგენა, რომელიც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.
ევროპის სოციალური ქარტიის, პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; ხოლო 24-ე მუხლის “ბ“ ქვეპუნქტის თანახმად მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული. შესაბამისად, სასამართლომ, მოცემულ შემთხვევაში უნდა იმსჯელოს მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლება განხორციელდა თუ არა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
6.10.საჯარო სამსახურის მიზანია უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი ახდენს დეკლარირებას, რომ ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
6.11. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,გ’’ პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა.
ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ე’’ პუნქტის თანახმად, პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე (შემდგომ – მოხელე) – პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.
6.12.,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 109-ე მუხლის თანახმად, მოხელე პირადი განცხადების საფუძველზე თავისუფლდება სამსახურიდან. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 14 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოხელე სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს და მისი გათავისუფლება საფრთხეს არ უქმნის საჯარო დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას.
6.13. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე.ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მერი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
6.14. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–--------------------------------- კ-------------- სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს, რომელიც წყვეტს პირის უფლებებსა და მოვალეობებს, კერძოდ, მიმართულია შრომითი სამართალურთიერთობის შეწყვეტისაკენ. ამდენად ადმინისტრაციულ ორგანოს მისი გამოცემისას უნდა დაეცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი იმპერატიული მოთხოვნები, ანუ აქტის ფორმალური და მატერიალური კანონიერება. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და სხვა საკანონმდებლო აქტების დებულებებთან.
6.15. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა მისი პირადი განცხადების საფუძველზე და მერი მოქმედებდა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. მართალია მოსარჩელემ განცხადებაში მიუთითა, რომ დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან ოჯახური პირობების გამო, თუმცა მუნიციპალიტეტის მერმა ისე გაათავისუფლა საჯარო მოსამსახურე, რომ არ დაინტერესებულა თუ რა ოჯახური პირობები ან პრობლემები გააჩნდა მის თანამშრომელს, განცხადება დაწერა თუ არა მან ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად და რატომ არ გამოიყენა, თუნდაც ოჯახური პირობების ან/და ავადმყოფობის გამო სხვა კანონით გათვალისწინებული ღონისძიება, როგორიცაა შვებულება, სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება და ასე შემდეგ, ამასთან გაათავისუფლა, მაშინ როდესაც მისთვის ცნობილი იყო კ-----------ა და სოფლის მცხოვრებლებს შორის მომხდარი კონფლიქტის შესახებ, რა დროსაც მას მოსთხოვეს თანამდებობის დატოვება. ამასთან მოსარჩელე მომხდარი კონფლიქტის და ხელის ტკივილის გამო იყო აღელვებული, დაბნეული და სრულად ვერ აცნობიერებდა მისაღებ გადაწყვეტილებას. აღნიშნულიდან გამომდინარე მერი ვალდებული იყო ჩაეტარებინა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოება ინდივიდუალური აქტის გამოსაცემად, რა დოსაც უნდა გამოეკვლია ყველა ფაქტობრივი გარემოება, იმის შესახებ, რომ განცხადების დაწერა წარმოადგენდა თუ არა მისი ნამდვილი ნების გამოხატვას, თუ გამოწვეული იყო გარეშე ფაქტორების ზემოქმედებით, რაც მერს დაეხმარებოდა კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად.
სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კ----------- სამსახურში დაბრუნებაზე ინტერესი არ დაუკარგავს, რასაც ადასტურებს 2----–-–------------–-- ახსნა-განმარტება, რომლითაც მიმართა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურის უფროსს და მოითხოვა სამსახურში დაბრუნება. აღნიშნულით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ კ----------- ნება სამსახურიდან წასვლის შესახებ არ ყოფილა თავისუფალი და შეუზღუდავი და მუნიციპალიტეტის მერს შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება კ----------- სამსახურში დაბრუნების შესახებ.
სამოქალაქო ურთიერთობებში ნების გამოვლენის განმარტების სამართლებრივ წანამძღვრებს ადგენს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი, რომლის მიხედვით ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვით აზრიდან, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსი ბათილად მიიჩნევს გარიგებას, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის ნორმებს (მუხლი 54), ასევე ბათილად შეიძლება ჩაითვალოს გარიგება თუ ხელშეკრულების ერთ-ერთმა მხარემ ბოროტად გამოიყენა თავისი საბაზრო ძალაუფლება ან ისარგებლა ხელშეკრულების მეორე მხარის მძიმე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის არაერთ გადაწყვეტილებაში განიმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის დათქმა მიუთითებს იმაზე, რომ ნების შინაარსი უნდა დადგინდეს კონკრეტული გარიგების ყველა ნიშან-თვისებების გათვალისწინებით, რა დროსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ ეკონომიკურ თუ იურიდიულ ინტერესს, რომლის მიღწევას მხარეები ამ გარიგებით ისახავდნენ (იხ.უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე ბს-463-451 (კ-13) 18 თებერვალი, 2014 წელი).
ამდენად, საჯარო მოსამსახურის მიერ განცხადების დაწერა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე არის მისი ნების გამოვლენა, თუმცა, ნება გამოვლენილი უნდა იყოს თავისუფლად, შეუზღუდავად, არაკეთილსინდისიერი ზემოქმედებისგან დაცული. ამდენად, ნების თავისუფალი გამოვლენის საკითხი გამოკვლევას და შეფასებას ექვემდებარება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი).
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას, რომ სადავო ბრძანების გამოცემის საფუძველი იყო მოსარჩელის პირადი განცხადება და რადგანაც მოსარჩელემ განცხადებაში დაწერა სიტყვა ,,დაუყოვნებლივ’’ აღნიშნულის გამო ადმინისტრაციულმა ორგანომ არ ჩათვალა მიზანშეწონილად ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ყველა შემთხვევაში უნდა ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ ადგენს რაიმე საგამონაკლისო შემთხვევათა ნუსხას,რომელთა თაობაზე გამოსაცემი აქტი შესაძლოა მიღებულ იქნეს ადმინისტრაციული
წარმოების ჩატარების გარეშე.
საქმის მასალებით დგინდება, რომ 2----–-–------------–- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის აუდიტის სამსხურის უფროსის გ---------------- მიერ კ-----------თან გაგზავნილი იქნა მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომლითაც ატყობინებს, რომ სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით დაევალა დაეწყო ადმინისტრაციული მოკვლევა, მაშინ როდესაც კ---------- 2----–-–-------------- მერის ბრძანების საფუძველზე უკვე გათავისუფლებული იყო დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნული პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ სადავო ბრძანება გამოცემულია საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
საჯარო შრომით სამართლებრივ ურთიერთობებში საჯარო მოსამსახურის მიმართ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით უნდა პასუხობდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით, კერძოდ, 51-52-ემუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო მისი გამოცემა უნდა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე.
ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება გულისმობს გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.
6.16. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტრესების დაცვის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამდენად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების რეალიზების დროს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის დაცვა, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში.
6.17. გარდა ამისა, სასამართლო მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციაზე და განმარტავს, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით სასამართლოს შეუძლია იქონიოს მსჯელობა სადავო აქტის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხზე, ანუ მის კანონიერებაზე. დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით, უკანასკნელს არა აქვს პრიორიტეტული მნიშვნელობა კანონმდებლობის ნორმატიული მოთხოვნების დაცვასთან. სასამართლო ვერ იქონიებს მსჯელობას სადავო გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის ასპექტებზე, აქტის მიზანშეწონილობის გადამოწმება სცილდება სასამართლო კონტროლის ფარგლებს.
6.18. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. ამავე კოდექსის 75-ე მუხლის შესაბამისად, ამ კოდექსით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს დაინტერესებულ მხარეს.
6.19. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, 1.ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. გამონაკლისს ადგენს კანონი. 2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირს უნდა ეცნობოს ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისი მონაწილეობა საქმეში.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოპასუხე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსარჩელე ისე გაათავისუფლა თანამდებობიდან, რომ არ ჩაუტარებია მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, შესაბამისად, არც მოსარჩელე მხარეს მისცემია საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. უფრო მეტიც, მოსარჩელეს სამსახურიდან განთავისუფლების შემდგომ შეატყობინეს, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის აუდიტის სამსხურის უფროსს დაევალა კ----------- სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით დაეწყო ადმინისტრაციული მოკვლევა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გასაჩივრებული აქტის მიღებისას დაცული არ ყოფილა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, ასევე საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი და დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უკანონოდ შეიზღუდა მოსარჩელის უფლებები და ინტერესები. შესაბამისად, სახეზეა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–-------------- №------------------ ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
6.20. სასამართლო აღნიშნავს, რომ ანალოგიურ დავაზე საქართველოს უზენაესმა სასამართლოს თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა შემდეგი:
საკასაციო სასამართლო, საკუთარი ინიციატივით სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლის მიუხედავად, მიიჩნევს, რომ სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს მოხელის ნების გამოხატვის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერება, მათ შორის, სპეციფიკის გათვალისწინებით.
მოსამსახურის სურვილი აღარ იყოს საჯარო მოსამსახურე გამომდინარეობს კონსტიტუციური დათქმიდან - შრომა თავისუფალია, აღნიშნული განსაზღვრება მოიცავს პირის უფლებას თავად გადაწყვიტოს იყოს თუ არა დასაქმებული. არავის აქვს უფლება, მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულოს პირი იშრომოს, პირის ეს უფლება, ეს სტანდარტი აღიარებულია საერთაშორისო აქტებით.
პირის სურვილი აღარ იყოს დასაქმებული საჯარო სამსახურში (კონკრეტულ პოზიციაზე) წარმოადგენს მის კონსტიტუციურ უფლებას და არავის აქვს უფლება და სამართლებრივი შესაძლებლობა, მისი ნების საწინააღმდეგოდ,ითვლებოდეს საჯარო მოსამსახურედ და ასრულებდეს საჯარო მოვალეობებს.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საჯარო სამსახურის ადმინისტრაციას აქვს კანონისმიერი ვალდებულება უტყუარად და სარწმუნოდ დაადგინოს პირის ნების გამოხატვის ნამდვილობის საკითხი, რაც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან - გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ საქმის გარემოებათა გამოკვლევის საფუძველზე.
ნების გამოხატვის ნამდვილობის დადგენა ემსახურება ნების გამოხატვის თავისუფლების პრინციპის რეალიზაციას, რაც გულისხმობს, რომ კონკრეტული ქმედება, არჩევანი, გადაწყვეტილება უნდა წარმოადგენდეს პირის ნამდვილ ნებას, იგი არ უნდა იყოს პროვოცირებული ძალადობის, იძულების, მუქარის, შანტაჟის, დაპირების და სხვა, სხვა პირის არაკეთილსინდისიერი ზემოქმედებით ჩამოყალიბებული ან განპირობებული. (საქმე ბს-463-451 (კ-13) 18 თებერვალი, 2014 წელი).
6.21. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ასკ-ის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
6.22. სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მხარის კანონიერი ინტერესი იყოს დასაქმებული და უზრუნველყოფილი იყოს საჯარო სამსახურში კადრების სტაბილურობის პრინციპი; ამასთან, დადგენილია, რომ მოხელის განცხადება სამუშაოდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით, არ გამოხატავს მის თავისუფალ ნებას და მის სურვილს აღარ იყოს დასაქმებული საჯარო სამსახურში, ხოლო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ სადავო ბრძანება ეწინააღმდეგება სადავო სამართალურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმებს, ანუ სახეზეა მოხელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ სადავო აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
6.23. საჯარო მოხელე არის პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე და ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.
6.24. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
6.25. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით.
ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან კ-------------- თანამდებობა არის ვაკანტური, აღდგენილი უნდა იქნას იმავე თანამდებობაზე და უნდა მიეცეს იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო (ხელზე ასაღები თანხა უნდა განისაზღვროს საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით).
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის განჩინებით კ-------------- შუამდგომლობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–-------------- N----------------- მოქმედების შეჩერების და სამსახურეობრივი საქმიანობის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ იქნა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-10, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე კ-------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1. ბათილად იქნას ცნობილი 2----–-–-------------- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის N---------------- კ-------------- სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე;
1.2. კ------------- აღდგენილ იქნეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანამდებობაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულში.
1.3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას (ს/კ 2--------- დაეკისროს მოსარჩელე კ-------------- სასარგებლოდ 2019 წლის 29 მარტიდან თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურების 1100 (ათასასი) ლარის ოდენობით, საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით.
1.4. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. № 32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: დ.ხარაგაული, სოლომონ მეფის ქუჩა N48).
მოსამართლე: შოთა ნიკურაძე