გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.08.2019
საქმის ნომერი
821210019003065585
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
09.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/111-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

09.08.2019 წელი ქ. დუშეთი

შესავალი ნაწილი

მცხეთის რაიონული სასამართლოს

დუშეთის მაგისტრატი სასამართლოს

მოსამართლე - ბადრი შონია

მოსარჩელე: ლ-–--------–------

მოპასუხე: მ------–-------

მოპასუხის წარმომადგენელი: ა--------–-------;

დავის საგანი: ალიმენტის გადახდისაგან განთავისუფლება

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ალიმენტის გადახდისაგან განთავისუფლება

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხესთან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებიდან. ამ ქორწინებიდან ჰყავთ საერთო შვილი, 2009 წლის 07 აპრილს დაბადებული მ-------------–------. მხარეები 2015 წლიდან ერთად აღარ ცხოვრობენ. 2015 წლის 07 დეკემბრის დუშეთის მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს დაკისრებული აქვს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 80 ლარის ოდენობით, რადგან იმ პერიოდისათვის მ-------------–------ ცხოვრობდა დედასთან, დუშეთის რაიონის სოფელ გრიგოლაანთკარში. 2017 წლის იანვრის თვიდან მ------- ცხოვრობს მოსარჩელესთან, დუშეთის რაიონის დაბა ჟინვალში. ალიმენტს სასამართლო აწესებს იმ პირის სასარგებლოდ ვისთანაც ბავშვი ცხოვრობს, ვინაიდან ალიმენტის თანხა ბავშვის სარჩენადაა გათვალისწინებული. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მ-------------–------ ცხოვრობს მამასთან, ლ-–--------–------ ითხოვს მის განთავისუფლებას ალიმენტის გადახდისაგან, ვინაიდან არ არსებობს საალიმენტო ვალდებულების შესრულების ფაქტობრივი საფუძველი. მოსარჩელეს შექმნილი აქვს სხვა ოჯახი და არ გააჩნია მუდმივი სამსახური.

 

მოსარჩელემ იშუამდგომლა ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვის თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით შესაგებელში სარჩელი სრულად ცნო და მისი წარმომადგენლის ა--------–-------ს მეშვეობით წარმოდგენილი წერილობითი განცხადებით თანხმობა განაცხადა საქმე განხილული იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.ლ-–--------–------ და მ------–------- არარეგისტრირებული ქორწინებიდან ჰყავთ 2009 წლის 07 აპრილს დაბადებული შვილი, მ-------------–------, რომლის სარჩენადაც ლ-–--------–------ დუშეთის მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 80 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე №2/128-15;

 

3.2. 2009 წლის 07 აპრილს დაბადებული მ-------------–------ ცხოვრობს მამასთან, ლ-–--------–--------- დუშეთის რაიონის დაბა ჟინვალში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ლ-–--------–------ს სარჩელი;

- მ------–-------ს შესაგებელი;

 

მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები უდავოა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არასრულწლოვანი შვილის, მ-------------–------ს სარჩენად დაკისრებული ალიმენტის გადახდისაგან განთავისუფლების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1237-ე, მუხლით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, 208-ე მუხლის მე-3 ნაწილი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვაზე მხარეთა თანხმობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც გამოაქვს მოტივირებული განჩინება. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე სასამართლომ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. ამ ნორმის შესაბამისად 2019 წლის 05 აგვისტოს განჩინებით დადგენილია საქმის ზეპირის მოსმენის გარეშე განხილვა.

 

6.2. სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ-–--------–------ს მოთხოვნა ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1237-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის გადახდისაგან განთავისუფლება ან ალიმენტის დავალიანების შემცირება შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. სასამართლოს უფლება აქვს ალიმენტის გადამხდელი მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს ალიმენტის დავალიანების გადახდისაგან, თუ დაადგენს, რომ ალიმენტის გადაუხდელობა გამოწვეული იყო ამ პირის ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ცნო სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველია.

 

მოპასუხემ ცნო სარჩელი, რაც მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია. შესაბამისად, ლ-–--------–------ს მოთხოვნა ალიმენტის გადახდისაგან განთავისუფლების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელის ცნობის გამო მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რის გამოც ამ საქმეზე მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. ლ-–--------–------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ლ-–--------–------ განთავისუფლდეს ალიმენტის გადახდისაგან, მას შეუწყდეს დუშეთის მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 07 დეკემბრის №2/128-15 გადაწყვეტილებით, მ------–-------ს სასარგებლოდ, არასრულწლოვანი შვილის მ-------------–------ს (პირადი №1----------; დაბადებული: 0---------წ.) სარჩენად დაკისრებული ალიმენტის ყოველთვიურად 80 ლარის გადახდის ვალდებულება სარჩელის აღძვრის მომენტიდან, კერძოდ, 2019 წლის 25 ივნისიდან;

 

3. ლ-–--------–------ (პირადი №1----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 2019 წლის 25 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით )გადახდის ქვითარი №20675051, მიმღები: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი 300153150, მიმღების ბანკის კოდი LBRTGE22);

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, მცხეთის რაიონულ სასამართლოს დუშეთის მაგისტრატ სასამართლოში სააპელაციო საჩივრის წარმოდგენის გზით.

 

მოსამართლე ბადრი შონია