გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310017001670752
№3-8/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 თებერვალი, 2019 ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე
სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე
მოსარჩელე - დი---------- ხი----ი
წარმომადგენელი - შ----- ჯი--–--ე
მოპასუხე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა
წარმომადგენელი - ა----------ე, ნა--------------ე
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - ოთ-----------–--ე, და-------------ე
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი - არ გამოცხადდა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დი---------- ხი----მა სარჩელი აღძრა სასამართლოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა:
ავტომანქანის უკანონოდ ჩამორთმევისა და მოუვლელობით გამოწვეული ზიანის სახით მოპასუხეებზე სოლიდარულად 89.779 ევროს გადახდის დაკისრება, მორალური ზიანის საკომპენსაციოდ 2523 ევროს დაკისრება, უკანონოდ ჩამორთმეული ფულადი თანხის, 5.700 ევროს ანაზღაურება, ავტომანქანის აღდგენა-რემონტისათვის დახარჯული 9663 ლარის გადახდა (სულ, 98.002 ევრო და 9703 ლარი).
თავის საპაექრო სიტყვაში მოსარჩელე მხარემ სასარჩელო მოთხოვნა დააზუსტა, შემდეგი სახით:
ავტომანქანის უკანონოდ ჩამორთმევისა და მოუვლელობით გამოწვეული ზიანის სახით მოპასუხეებზე სოლიდარულად 90 321 ევროს დაკისრება, მორალური ზიანის საკომპენსაციოდ, 1100 ევროს დაკისრება, უკანონოდ ჩამორთმეული ფულადი თანხის, 5.700 ევროს ანაზღაურება, ავტომანქანის აღდგენისათვის გადახდილი 8505.85 ლარის და ექსპერტიზის ჩატარებისათვის გადახდილი 140 ლარის დაკისრება.
აგრეთვე, იურიდიული მომსახურების საფასურის დაკისრება, დავის საგნის ღირებულების 4%–ის ოდენობით, ანუ 12.440 ლარი.
2.1. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
2007 წლის 11 აგვისტოს, დღისით, სა---------ის მოქალაქე დი---------- ხი----ი, რომელსაც თან ახლდა მგზავრი, აშ----------------ი, ტრანზიტით მიემგზავრებოდა სო-----–ი და მისი მართვის ქვეშ მყოფი BMW X-5-ის მარკის ავტომანქანით გადმოკვეთა სა---------–-------------ის საზღვარი, სა-----ს საბაჟო გამშვებ პუნქტზე.
დი---------- ხი----ს ჩაუტარდა საპასპორტო კონტროლი, მას აეკრძალა ტერიტორიის დატოვება და ჩამოერთვა ავტომანქანა. როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, საზღვარზე ეს საპროცესო მოქმედებები შეასრულეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს მუშაკებმა.
დი---------- ხი----ი გადაიყვანეს ქ. ბა-----ში, მისთვის უცნობ სახელმწიფო დაწესებულებაში და ორი დღის განმავლობაში მასზე ახდენდნენ მორალურ-ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, რომელშიც აშკარად იკვეთებოდა ერთი ინტერესი - უარი ეთქვა თავის ავტომანქანაზე. 13 აგვისტოს დი---------- ხი----მა ხელი მოაწერა დოკუმენტებს, რომლებსაც არ გაცნობია, რადგანაც მისთვის მთავარი იყო თავის გადარჩენა. ამის შემდეგ მას მისცეს წინადადება, დაეტოვებინა საქართველო. დი---------- ხი----მა მოითხოვა ავტომანქანასთან მიყვანა, რადგანაც მასში შენახული ფული უნდოდა აეღო და მგზავრობა გაეგრძელებინა. მისთვის უცნობმა პირებმა დი---------- ხი----ი მიიყვანეს ავტომანქანასთან, გახსნეს სალონის კარები და საჭის გვერდითი სათავსოდან ამოიღეს ფულადი თანხა, 6.000 ევრო. ფული გაშალეს ავტომანქანის სალონში და დაასურათეს, მაგრამ თანხა დი---------- ხი----ს არ გადასცეს, რომელსაც უთხრეს, რომ ძიების ინტერესებიდან გამომდინარე თანხა ამოღებას ექვემდებარებოდა. დი---------- ხი----ი აიყვანეს ადმინისტრაციულ შენობაში, დააწერინეს განცხადება იმის შესახებ, რომ მას არა აქვს არავითარი პრეტენზია. ამის შემდეგ, მას მგზავრობისათვის მისცეს 300 ევრო და აშ----------------თან ერთად გაამგზავრეს სომხეთისკენ, თან გააყოლეს თარჯიმანი.
სა---------ში დაბრუნებულმა დი----------მა განცხადებით მიმართა საერთაშორისო პოლიციას, ინტერპოლს და აცნობა საქართველოში ავტომანქანის წართმევის და მისი უფლებების დარღვევის შესახებ. ინტერპოლის შეკითხვას ქართულმა მხარემ გასცა პასუხი და აცნობა, რომ ავტომანქანა დი---------- ხი----ისაგან ამოღებულია სისხლის სამართლის საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, რამდენადაც წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის შეძენისა და გასაღების ფაქტზე (საქართველოს სსკ 186-ე მუხლი) და სსკ 230-ე მუხლით (ბირთვული მასალის ან მოწყობილობის, რადიაქტიური ნარჩენების, რადიაქტიული ნივთიერებებისადმი უკანონო მოპყრობა) აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე.
დი---------- ხი----მა 2014 წლის მარტიდან არაერთჯერ მიმართა აჭარის ა.რ. პროკურატურას, საქართველოს პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოითხოვდა დარღვეული პირადი და ქონებრივი უფლებების აღდგენას, ჩადენილი უკანონობის გამო გამოძიების დაწყებას, იმ პირთა პასუხისმგებლობას, რომლებმაც მის მიმართ გამოიჩინეს უკანონობა, მოახდინეს მტკიცებულებათა ფალციფიკაცია, ჩამოართვეს პირადი ფული, ჩამოართვეს ავტომანქანა და ის, როგორც მტკიცებულება ვერ დაიცვეს, მისცეს დაუდგენელ პირებს ავტომანქანის ექსპლოატაციის საშუალება.
დი---------- ხი----მა მოითხოვა დაზარალებულად ცნობა, მაგრამ საპროცესო გადაწყვეტილება არ მიღებულა, წერილობითი პასუხები მას ამცნობდა მხოლოდ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. ამჟამად საქმე წარმოებაში აქვს აჭარის ა.რ. პროკურატურას, რომელიც ავტომანქანის ამოღების დროს საპროცესო ხელმძღვანელობას უწევდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის დანაყოფს.
პროკურატურის ორგანოებში არა ერთ გზის შეტანილი განცხადების შემდეგ, დი---------- ხი----ი აჭარის პროკურატურაში დაბარებული იქნა 2014 წლის ნოემბერში, სადაც მოხდა მასთან გასაუბრება და შედგა ოქმი. ასევე, პროკურატურაში წარდგენილი იქნა მოწმე აშ----------------ის სა---------ის ქალაქ თესალიკონში ნოტარიუსის ფიცის ქვეშ მიცემული ჩვენება.
მოსარჩელე მხარის მტკიცებით, გამოძიებას არ ჰქონოდა საფუძველი ავტომანქანის ამოღებისა, ის რომ ყოფილიყო მოპარული ან/და გამოყენებული რადიაქტიური ნივთიერებების გადაზიდვის საშუალებად, დი---------- ხი----ს არ ექნებოდა პრეტენზია. ავტომანქანა უსაფუძვლოდ, სულ სხვა მიზნით იქნა ამოღებული, რაც დადასტურდა კიდეც, ამოღებულ ავტომანქანას გარბენი ჰქონდა 2000–2500 კმ, ხოლო 2013 წლის დეკემბერში, მისი მოსარჩელისთვის დაბრუნების დროს, სპოდომეტრზე აღნიშნული ჰქონდა გარბენი - 99.426 კმ. ამავე დროს, ავტომანქანა ექსპლოატაციისათვის იყო გამოუსადეგარი, ჩაშლილი ჰქონდა სიჩქარის კოლოფი და წინ აღარ გადაადგილდებოდა. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ დანიშნული, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 26 მარტის N5--------- დასკვნით, ავტომანქანის სპიდომეტრზე დაფიქსირებული იყო 94.965 კმ გარბენი. იმავე 2013 წლის 23 დეკემბერს, როდესაც ავტომანქანა დი---------- ხი----ს დაუბრუნდა, გარბენის მაჩვენებელი უკვე 99.426 კმ-ს შეადგენდა, ანუ მარტიდან დეკემბრამდე ის კვლავ იყო ექსპლოატაციაში და გაიარა 4.461 კმ. თუ ექსპერტიზის ჩატარების დროს ავტომანქანა ექსპლოატაციისათვის ვარგის მდგომარეობაში იყო, დი---------- ხი----ისთვის მისი გადაცემის დროს, მწყობრიდან იყო გამოსული.
ნივთმტკიცებად ამოღებული მანქანის შენახვა არ უზრუნველყო არც შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებმა, როდესაც ისინი ეწეოდნენ ე.წ. გამოძიებას და არც საქართველოს პროკურატურის დანაყოფებმა, როცა სისხლის სამართლის საქმე იყო მათ წარმოებაში.
დი---------- ხი----ის მიერ ავტომანქანა აჭარის უშიშროების ავტოსადგომიდან ევაკუატორით იქნა გადაყვანილი ავტოპროფილაქტიკაში, სადაც ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები, რაც დაჯდა 9663 ლარი.
2014 წლის თებერვალ-მარტში ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა ექსპერტიზა, რომელმაც დაადგინა, რომ 2007 წელს გამოშვებული, B---- მარკის X-5 მოდელის ავტომანქანა ნორმალური ექსპლოატაციის პირობებში სავარაუდოდ ეღირებოდა, 119.000 ლარი, ხოლო იმ მდგომარეობაში, რაშიც ხი---- დი----------ის კუთვნილი ავტომანქანა იყო მასზე გადაცემის დროისათვის, სავარაუდოდ ეღირებოდა 35.000 ლარი.
მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ დი---------- ხი----მა აღნიშნული ავტომანქანა 2007 წელს შეიძინა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქ. მი------ში და მასში გადაიხადა, 101.000 (ასერთი ათასი) ევრო. რადგანა ავტომანქანა მან განვადებით შეიძინა, და მისი ტრანსპორტირება მოხდა მი------იდან სა---------ში, ღირებულება გაიზარდა 7.728 ევროთი და საბოლოოდ შეადგინა, 108.728 ევრო. დი---------- ხი----ს ქ. ერ----ში გადაჰყავდა ეს ავტომანქანა სარეალიზაციოდ, კომერციულ ფასად უნდა გაეყიდა და ჰყავდა კლიენტი, რაც მისცემდა საშუალებას განვადება დაეფარა წინსწრებით, პროცენტების გადახდის გარეშე და დარჩენოდა მოგება. ეს მან ვერ შეძლო უკანონოდ ავტომანქანის ჩამორთმევის გამო.
დი---------- ხი----ს თავისი მართვის ქვეშ ავტომანქანა სარგებლობაში ჰქონდა მხოლოდ 3 თვის განმავლობაში, ამიტომ საგამოძიებო ორგანოს მიერ ამოღების დროისათვის მისი ღირებულების დასადგენად მანქანის ღირებულებას უნდა გამოაკლდეს ცვეთის კოეფიციენტი, 3%, რაც შეადგენს 3049 ევროს, რამდენადაც მანქანის ღირებულება დამატებით ხარჯებთან ერთად შეადგენდა, 108.728 ევროს. ამდენად, ავტომანქანის უკანონოდ ჩამორთმევის დროს, მისი ღირებულება იყო 108.728-3049=105.679 ევრო. 2014 წლის 21 დეკემბერს პროკურატურის მიერ დაბრუნებული ავტომანქანის ღირებულება ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რაშიც გადაიხადა 140 ლარი, შეადგენდა, 35.000 ლარს, ანუ 15.900 ევროს, ხოლო 2014 წლის დეკემბრისათვის 1 ევრო ტოლი იყო 2,20 ლარის.
ამის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, ცვეთის კოეფიციენტის და დაბრუნებული მანქანის ღირებულების გამოკლებით, დი---------- ხი----ზე ავტომანქანის უკანონო ჩამორთმევით მიყენებული ზიანი შეადგენს 89.779 ევროს (108.728-3049-15.900=89.779 ევროს), რომლის ანაზღაურება უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად.
მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ დი---------- ხი----მა საქართველოში გადატანილი ემოციური სტრესი, მიყენებული ზიანი, მიღებული დამცირება ვერ აიტანა. სა---------ში დაბრუნების შემდეგ აუცილებელი გახდა მისი სტაციონალური და არა სტაციონალური მკურნალობა, რაც დასტურდება სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაცემული ცნობებით. სასამართლოში წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტების მიხედვით, მიყენებული ფსიქოლოგიური ტრამვის რეაბილიტაციისათვის დი---------- ხი----ს გადახდილი აქვს 2523 ევრო. ამის გათვალისწინებით, იგი მორალური ზიანის საკომპენსაციოდ მოითხოვს 1100 ევროს დაკისრებას მოპასუხეებზე, თავის სასარგებლოდ.
მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ გამოძიების მიერ მისგან (მისი ავტომანქანიდან) ამოღებული 6000 ევროს ოდენობის თანხიდან არ დაბრუნებია 5700 ევრო, რაც მის სასარგებლოდ უნდა გადახდეთ ასევე, მოპასუხეებს.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე მხარის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:
დელიქტური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სპეციფიკური ხასიათიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის გამოთვლის სპეციალურ წესს, კერძოდ, ასეთი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. დასახელებული დანაწესი გამორიცხავს ხანდაზმულობის ზოგადი წესით გამოთვლისათვის გათვალისწინებულ ისეთ პირობებს, როგორიცაა მოთხოვნის წარმოშობის დროის დადგენისას მოთხოვნის მქონე პირის მიერ უფლების დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღებულად ცნობა ინფორმაციის მიღების ან იმ დროის გათვალისწინებით, როცა პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ ნაცვლად ამისა, კანონი ხანდაზმულობის ვადის დაწყებას პირდაპირ უკავშირებს ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ ინფორმაციის მიღების დროს.
სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
ამავე კოდექსის 1008-ე მუხლის დანაწესით, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ 2013 წლის 23 დეკემბერს შედგა დი---------- ხი----ის ავტომანქანის დათვალიერების აქტი და იმავე დღეს შესაბამისი ხელწერილით დაუბრუნდა ავტომანქანა მოსარჩელეს, ანუ, მისთვის ცნობილი იყო როგორც მიყენებული ზიანის შესახებ, ასევე, ანაზღაურებაზე ვალდებული პირის ვინაობა.
სწორედ 2013 წლის 23 დეკემბრიდან უნდა დაიწყოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის დინება, რომლის ამოწურვის თარიღია 2016 წლის 23 დეკემბერი.
შესაბამისად, მოსარჩელეს სასამართლოსათვის უნდა მიემართა მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან 3 წლის განმავლობაში 2016 წლის 23 დეკემბრამდე. დი---------- ხი----მა სასამართლოს სარჩელით მიმართა 2017 წლის 5 იანვარს, სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლები მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე–18 მუხლში. მოსარჩელე ვერ მიუთებს, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატება მორალური ზიანი, ვერ მიუთითებს მორალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძვლებზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ხოლო ასეთი მოცემულობის პირობებში არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას რომელიმე კანონის ნორმა არ ითვალისწინებს.
რაც შეეხება მატერიალურ ზიანს, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ჰქონდა ვალდებულება, გამოძიების მიერ ნივთმტკიცების სახით ამოღებული ავტომანქანის მოვლა-შენახვაზე, ხოლო 2013 წლის 26 მარტს იგი აჭარის პროკურატურას გადაეცა, რა დროსაც ავტომანქანა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ექსპლუატაციისათვის ვარგისი იყო და ამის შემდეგ თუ რაიმე დაზიანებები მიიღო ავტომანქანამ, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთოდ არ უკავშირდება.
2.2. მოპასუხე მხარის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:
სამართლებრივი ურთიერთობები და მისგან გამომდინარე მოთხოვნები შეზღუდულია გარკვეული ხანდაზმულობით. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს ხანდაზმულობის ზოგად და სპეციალურ ვადებს. დელიქტური ზიანის ანაზღაურების თავისებურებიდან გამომდინარე სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლი ადგენს, რომ დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
2007 წლის 11 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №0-------- საქმეზე, წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ავტომანქანის შეძენის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
2007 წლის 11 აგვისტოს, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების ჩატარების შესახებ გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე სა-----ს საბაჟოზე სა---------ის მოქალაქე დი---------- ხი----ისაგან ამოღებული იქნა ავტომანქანა და ამოღება კანონიერად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მარინა კიკნაძის 2007 წლის 13 აგვისტოს განჩინებით.
2007 წლის 16 ნოემბერს საქმეზე შეიცვალა კვალიფიკაცია და დაემატა სსკ-ის 230 მუხლის 1-ლი ნაწილი (ბირთული მასალისადმი, რადიაქტიული ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობა), ხოლო 2008 წლის 01 ივლისს საბოლოო კვალიფიკაციად განისაზღვრა, სსკ 230 მუხლის 1-ლი ნაწილი.
2013 წლის 23 დეკემბერს პროკურატურის გამომძიებელ ალექსანდრე ფუტკარაძის მიერ, დი---------- ხი----ისა და ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით ქ. ბა-----ში, გრ----------ის ქუჩაზე მდებარე შსს სუს-ის აჭარის სამმართველოს ეზოში მოხდა ავტომანქანის დათვალიერება და დასურათება. დათვალიერების დასრულებისთანავე აღნიშნული ავტომანქანა ხელწერილით ჩაბარდა დი---------- ხი----ს, რასაც ადასტურებს მოსარჩელეც.
ამდენად, კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა 2016 წლის 23 დეკემბერს, სარჩელი კი, წარმოდგენილია 2017 წლის 05 იანვარს, შესაბამისად, გასულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით დადგენილი დელექტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, როგორც მატერიალური ზიანის ასევე მორალური ზიანის ანაზღაურების კუთხით, რის გამოც ცალსახაა, რომ დი---------- ხი----ის სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია. ამასთან მოპასუხე მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ დი---------- ხი----ის ავტომანქანა უკანონოდ ამოღებული არ ყოფილა, საგამოძიებო მოქმედება სასამართლოს მიერ არის დაკანონებული. თავდაპირველად ავტომანქანის შეძენის კანონიერება იყო დამდგარი ეჭვსქვეშ, ხოლო გამოძიების პროცესში შეიცვალა კვალიფიკაცია სსკ 230-ე მუხლით და ამიტომაც გაგრძელდა ძიება.
მოპასუხე აღნიშნავს, რომ 2013 წლის ექსპერტიზის დასკვნით 58 000 ლარს შეადგენს და მოსარჩელის გამოთვლა ღირებულებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა, რაც ზიანის მოთხოვნილი ოდენობით ანაზღაურებას დაუსაბუთებელს ხდის.
მოპასუხის მტკიცებით, აჭარის ა.რ. პროკურატურის სოლიდარული პასუხისმგებლობა უსაფუძვლოა, რადგანაც პროკურატურის მოქმედების შედეგად არანაირი ზიანი არ მიუღია მოსარჩელეს.
2.3. მოპასუხე მხარის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომდგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და ამ მოპასუხემ არც წერილობითი შესაგებელი წარმოადგინა სასამართლოში.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის საგამოძიებო ნაწილის აჭარის ა.რ. საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის 2007 წლის 11 აგვისტოს დადგენილებით, სისხლის სამართლის საქმეზე N0--------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების ჩატარების შესახებ, სა-----ს საბაჟო გამშვებ პუნქტის ტერიტორიაზე ჩატარდა სა---------ის მოქალაქის, ხი---- დი----------ის მართვის ქვეშ არსებული, B---- მარკის, X-5 მოდელის, სა---------ის სანომრე ნიშნით: № NHN- 5111, ამოღება, ავტომანქანის დოკუმენტებთან ერთად.
გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 აგვისტოს დადგენილებით, დაკმაყოფილდა აჭარის ა.რ. პროკურატურის შუამდგომლობა და კანონიერად იქნა ცნობილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის საგამოძიებო ნაწილის აჭარის ა.რ. საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის მიერ 2007 წლის 11 აგვისტოს ჩატარებული, ხი---- დი----------ის მართვის ქვეშ არსებული, B---- მარკის, X-5 მოდელის, სა---------ის სანომრე ნიშნით: № NHN- 5111, ამოღება, ავტომანქანის და ავტომანქანის დოკუმენტაციის ამოღება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გამომძიებლის 2007 წლის 11 აგვისტოს დადგენილება;
- დადგენილება ნივთიერ მტკიცებად ცნობის შესახებ;
- ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 აგვისტოს დადგენილება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის საგამოძიებო ნაწილის აჭარის ა.რ. საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის 2007 წლის 11 აგვისტოს ამოღების ოქმის თანახმად, სა-----ს საბაჟო გამშვები პუნქტიდან ტერიტორიაზე ჩატარდა სა---------ის მოქალაქის, ხი---- დი----------ის მართვის ქვეშ არსებული, B---- მარკის, X-5 მოდელის, სა---------ის სანომრე ნიშნით: № NHN-5111, ამოღებული ავტომანქანა არის შავი ფერის, გარეგნულად რაიმე სახის დაზიანების კვალი არ აღენიშნება, ასევე, ამოღებული იქნა ავტომანქანის საკუთრების დამახასიათებელი საბუთები, 7 ფურცლად. ამოღებული ავტომანქანა სა-----ს საბაჟო პუნქტიდან გადაყვანილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ა.რ. მთავარი სამმართველოს დაცულ ეზოში, მდებარე, გრ-----------------------ში, სადაც დალუქული იქნა N1--- ბეჭდით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2007 წლის 11 აგვისტოს ამოღების ოქმი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.3. 2013 წლის 11 აპრილს სისხლის სამართლის საქმე N0--------, დანაშაულზე, გათვალისწინებული საქართველოს სსკ 186-ე მუხლით (წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის შეძენა და გასაღება) და სსკ 230-ე მუხლით (ბირთვული მასალის ან მოწყობილობის, რადიოაქტიური ნარჩენის (გამოყენებული ბირთვული საწვავის ჩათვლით), რადიოაქტიური ნივთიერების, აგრეთვე ნებისმიერი სახისა და დანიშნულების მოწყობილობის, დანადგარის, ხელსაწყოს ან ნაკეთობის, რომელიც შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერებას, უკანონო შეძენა, შენახვა, ფლობა ან განკარგვა, გამოყენება, გადამუშავება, გამოცდა, გადაცემა, გადაზიდვა, ექსპორტი, იმპორტი, ვაჭრობა ან მათდამი სხვა უკანონო მოპყრობა, აგრეთვე მათთან დაკავშირებული სხვა გარიგება), საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის დადგენილების საფუძველზე გამოსაძიებლად გადაეცა აჭარის ა.რ. პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2007 წლის 11 აგვისტოს ამოღების ოქმი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.4. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2013 წლის 26 მარტის N5--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი, ხი---- დი----------ის კუთვნილი, B---- მარკის, X-5 მოდელის, სა---------ის სანომრე ნიშნით: NHN-5111, საიდენტიფიკაციო ნომერი-VIN:----------- LY85245 ავტომანქანის საბაზრო ღირებულება იმ მდგომარეობით შეადგენდა, 58 000 ლარს. ავტომანქანის დათვალიერება-გამოკვლევა ექსპერტის მიერ მოხდა ქ. ბა-----ში, გრ----------ის ქუჩა N4-ში მდებარე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ა.რ. მთავარი სამმართველოს ავტოსადგომზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 26 მარტის N5--------- ექსპერტიზის დასკვნა;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.5. 2013 წლის დეკემბერში აჭარის ა.რ. პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის, გ. თორდიას მიერ დი---------- ხი----ს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება იმის თაობაზე, რომ საჭიროების გავლის გამო, 45 დღის ვადაში საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველეყო მის კუთვნილი ავტომანქანის დაბრუნება და ტრანსპორტირება.
2013 წლის 23 დეკემბერს ქ. ბა-----ში, გრ----------ის ქუჩა N--–- მდებარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს აჭარის ა.რ. სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის ავტოსადგომზე შედგა ხი---- დი----------ის კუთვნილი, B---- მარკის, X-5 მოდელის, სა---------ის სანომრე ნიშნით: NHN-5111, საიდენტიფიკაციო ნომერი-VIN:----------- LY85245 ავტომანქანის დათვალიერების აქტი, რომლის თანახმად ავტომანქანას გარეგნული დათვალიერებით რაიმე სერიოზული დაზიანება არ აღენიშნებოდა, ავტომანქანის ძრავი დაიქოქა, სალონი არის ნორმალურ მდგომარეობაში, სპიდომეტრით გარბენის მაჩვენებელი შეადგენს 99426 კმ--, ავტომანქანა მოძრაობისას გამოსცემს ხმაურს და წინ სვლით ვერ მოძრაობს.
იმავე დღეს შესაბამისი ხელწერილით დაუბრუნდა ავტომანქანა ხი---- დი----------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 23 დეკემბრის ავტომანქანის დათვალიერების აქტი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.6. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2014 წლის 28 თებერვლის N5--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი, ხი---- დი----------ის კუთვნილი, B---- მარკის, X-5 მოდელის, სა---------ის სანომრე ნიშნით: NHN-5111, საიდენტიფიკაციო ნომერი-VIN:----------- LY85245 ავტომანქანის საორიენტაციო ღირებულება იმ მდგომარეობით შეადგენდა, 35 000 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის ბიუროს 2014 წლის 28 თებერვლის N5--------- დასკვნა;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.7. მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი, „ომეგა მოტორსის“ მიერ გაწეული სერვისისა და სათადარიგო ნაწილების გაყიდვის შესახებ საანგარიშო ცნობების თანახმად, 2014 წლის 30 იანვარს ხი---- დი----------ის კუთვნილი, BMW-ს მარკის, X-5 მოდელის, სა---------ის სანომრე ნიშნით: NHN-5111, საიდენტიფიკაციო ნომერი-VIN:----------- LY85245 ავტომანქანის დიაგნოსტიკის (ტესტ-ბლოკი, სავალი ნაწილის შემოწმება) და სარემონტო სამუშაოების (მთავარი გადამცემის რედუქტორის მოხსნა და მონტაჟი/შეცვლა, ორივე წამყვანი ბორბლის წამყვანი ლილვის მოხსნა და მონტაჟი/შეცვლა, გადაცემათა კოლოფის კარტერის შემწოვი მილისის შეცვლა, გენერატორის ძაბვის რეგულატორის შეცვლა) ღირებულება შეადგინა 7102,2 ლარი; სათადარიგო ნაწილების, ავტომანქანის შეზეთვისა და შეღებვის, ასევე, სხვა გარე სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 8380,6 ლარი; ომეგა მოტორსის 2014 წლის 13 მარტის ცნობის თანახმად, სათადარიგო ნაწილების, შეზეთვისა და შეღებვის სამუშაოების ხარჯებმა შეადგინა, 125,25 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- „ომეგა მოტორსის“ საანგარიშო ცნობები;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.8. დი---------- ხი----მა 2016 წლის 9 დეკემბერს ბა-----ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სამოქალაქო სარჩელი აღძრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. სამოქალაქო კოლეგიის 2016 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ხი---- დომიტრიოსს უარი ეთქვას სარჩელის განსახილველად მიღებაზე, იმ საფუძვლით, რომ სასარჩელო მოთხოვნა განეკუთვნებოდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიას, რაც გამორიცხავდა დავის წარმოებას სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბა-----ის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის განჩინება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.9. დი---------- ხი----მა 2017 წლის 6 იანვარს დეკემბერს ბა-----ის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში აღძრა სარჩელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა:
ავტომანქანის უკანონოდ ჩამორთმევისა და მოუვლელობით გამოწვეული ზიანის სახით მოპასუხეებზე სოლიდარულად 89.779 ევროს გადახდის დაკისრება, მორალური ზიანის საკომპენსაციოდ 2523 ევროს დაკისრება, უკანონოდ ჩამორთმეული ფულადი თანხის, 5.700 ევროს ანაზღაურება, ავტომანქანის აღდგენა-რემონტისათვის დახარჯული 9663 ლარის გადახდა (სულ, 98.002 ევრო და 9703 ლარი).
თავის საპაექრო სიტყვაში მოსარჩელე მხარემ სასარჩელო მოთხოვნა დააზუსტა, შემდეგი სახით:
ავტომანქანის უკანონოდ ჩამორთმევისა და მოუვლელობით გამოწვეული ზიანის სახით მოპასუხეებზე სოლიდარულად 90 321 ევროს დაკისრება, მორალური ზიანის საკომპენსაციოდ, 1100 ევროს დაკისრება, უკანონოდ ჩამორთმეული ფულადი თანხის, 5.700 ევროს ანაზღაურება, ავტომანქანის აღდგენისათვის გადახდილი 8505.85 ლარის და ექსპერტიზის ჩატარებისათვის გადახდილი 140 ლარის დაკისრება.
აგრეთვე, იურიდიული მომსახურების საფასურის დაკისრება, დავის საგნის ღირებულების 4%–ის ოდენობით, ანუ 12.440 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დი---------- ხი----ის სასარჩელო განცხადება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები, რაც მნიშვნელობის მქონეა დავის გადასაწყვეტად, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს დი---------- ხი----ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლები, ზიანის ანაზღაურების შესახებ.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყველასთვის არის გარანტირებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.
ამასთან, იქედან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან. შესაბამისად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა, კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატება პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე, იმისათვის, რომ ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი დაკმაყოფილდეს, აუცილებელია დადგინდეს ზიანის მიყენების ფაქტი, მოპასუხის ბრალეულობა და მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი. მხოლოდ ყველა ამ პირობის ერთობლიობა ქმნის დელიქტს და ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობას იწვევს.
ამავე ნორმის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღდეგო, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ დელიქტური პასუხისმგებლობის ღონისძიება, საქმის მასალებით დადასტურებული უნდა იქნეს მოპასუხის მიერ განხორციელებული არამართლზომიერი ქმედების ფაქტი, ეს ქმედება განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით უნდა იქნეს ჩადენილი. მოსარჩელეს ზიანი უნდა მიადგეს სწორედ ასეთი ქმედების შედეგად და მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს მოპასუხის ქმედებასა და მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანს შორის.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმების თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია დადგინდეს ქმედების უკანონობა. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ ქმედების უკანონოდ შეფასების გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება, ქმედების უკანონობის საფუძვლების შეფასებისას. ამ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს კანონის აღნიშნული მოთხოვნის იმგვარი ინტერპრეტაცია, რომ ქმედების უკანონობა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევით. სასამართლო მიიჩნევს, არ შეიძლება აღნიშნული ნორმა განიმარტოს ისე, რომ პირს არ მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა, რამდენადაც ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია შეუთავსებელია საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ, ადამიანის და ადამიანის უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასა და პატივისცემასთან.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას და ამასთან, პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს პრეროგატივას, თუმცა, მიუხედავად ამისა, მდევნელი ორგანო ვალდებულია, გაატაროს ყველა შესაძლო ღონისძიება, დევნის ობიექტისა თუ სუბიექტის ინტერესების, მისი უფლებების დაცვის მიზნით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (1998 წლის რედაქციით) ითვალისწინებს საგამოძიებო მოქმედების ერთ-ერთ სახეს, ამოღებას. მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის საგამოძიებო ნაწილის აჭარის ა.რ. საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის 2007 წლის 11 აგვისტოს დადგენილებით, სისხლის სამართლის საქმეზე N0--------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების ჩატარების შესახებ, სა-----ს საბაჟო გამშვებ პუნქტის ტერიტორიაზე ჩატარდა სა---------ის მოქალაქის, დი---------- ხი----ის მართვის ქვეშ არსებული, BMW-ს მარკის, X-5 მოდელის, სა---------ის სანომრე ნიშნით: № NHN-5111, ამოღება, ავტომანქანის დოკუმენტებთან ერთად.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 აგვისტოს დადგენილებით, კანონიერად იქნა ცნობილი დი---------- ხი----ის ავტომანქანის და ავტომანქანის დოკუმენტაციის ამოღება.
ამდენად, საგამოძიებო მოქმედება, დი---------- ხი----ის ავტომანქანის ამოღების სახით კანონიერად არის ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გამოძიება არ დასრულებულა და სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს სხვა გადაწყვეტილება ამ დროისათვის არ არის მიღებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ უშუალოდ საგამოძიებო მოქმედების (ამოღების) ფაქტთან, მოსარჩელის ზიანის დაკავშირების რაიმე საფუძველი არ არსებობს.
ამ შემთხვევაში დი---------- ხი----ის და მისი საკუთრების მიმართ განხორციელებულ საგამოძიებო მოქმედებას, მოსარჩელის უფლებებში სისხლის სამართლებრივი დევნის და საგამოძიებო ორგანოს (სახელმწიფოს) გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევა არ შეიძლება დაერქვას, რადგანაც სისხლის სამართლის საქმის წარმოება დასრულებული არ არის, თუმცა სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე მხარეს გააჩნდა ვალდებულება, მოევლო ნორმალურ და გონივრულ პირობებში ნივთმტკიცების სახით ამოღებული ავტომანქანისათვის, რასაც თავად მოპასუხე მხარეც ადასტურებს, ამასთან, უდავოა და სამართლებრივ ანალიზს არ საჭიროებს მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ მდევნელ ორგანოს არ გააჩნდა ნივთმტკიცების სახით ამოღებული ავტომანქანის ექსპლუატაციის და სარგებლობის უფლება.
6.5. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის საგამოძიებო ნაწილის აჭარის ა.რ. საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის 2007 წლის 11 აგვისტოს დადგენილების საფუძველზე, ამოღების განხორციელების დროს დი---------- ხი----ის ავტომანქანა მუშა მდგომარეობაში იყო და ამას არც მოპასუხე მხარე უარყოფს.
კერძოდ, გამომძიებლის 2007 წლის 11 აგვისტოს ამოღების ოქმში აღნიშნულია, რომ სა-----ს საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ჩატარდა სა---------ის მოქალაქის, ხი---- დი----------ის მართვის ქვეშ არსებული, BMW-ს მარკის, X-5 მოდელის, სა---------ის სანომრე ნიშნით: № NHN- 5111, ამოღებული ავტომანქანა არის შავი ფერის, გარეგნულად რაიმე სახის დაზიანების კვალი არ აღენიშნება.
დადგენილია ისიც, რომ ამოღებული ავტომანქანა სა-----ს საბაჟო პუნქტიდან გადაყვანილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ა.რ. მთავარი სამმართველოს დაცულ ეზოში, მდებარე, გრ-----------------------ში, სადაც დალუქული იქნა N1--- ბეჭდით.
სასამართლო მიუთითებს, ნივთმტკიცების სახით ამოღებული ავტომანქანის შენახვის და მოვლის ვალდებულება, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მომენტიდან დაეკისრა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს.
უდავოა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2013 წლის 11 აპრილს სისხლის სამართლის საქმე N0--------, დანაშაულზე, გათვალისწინებული საქართველოს სსკ 186-ე მუხლით (წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის შეძენა და გასაღება) და სსკ 230-ე მუხლით (ბირთვული მასალის ან მოწყობილობის, რადიოაქტიური ნარჩენის (გამოყენებული ბირთვული საწვავის ჩათვლით), რადიოაქტიური ნივთიერების, აგრეთვე ნებისმიერი სახისა და დანიშნულების მოწყობილობის, დანადგარის, ხელსაწყოს ან ნაკეთობის, რომელიც შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერებას, უკანონო შეძენა, შენახვა, ფლობა ან განკარგვა, გამოყენება, გადამუშავება, გამოცდა, გადაცემა, გადაზიდვა, ექსპორტი, იმპორტი, ვაჭრობა ან მათდამი სხვა უკანონო მოპყრობა, აგრეთვე მათთან დაკავშირებული სხვა გარიგება), რომელთან დაკავშირებითაც იქნა ამოღებული დი---------- ხი----ის ავტომანქანა, საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის დადგენილების საფუძველზე გამოსაძიებლად გადაეცა, აჭარის ა.რ. პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული ნივთმტკიცების შენახვისა და მოვლის ვალდებულება, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, გააჩნდა აჭარის ა.რ. პროკურატურას და ამის გათვალისწინებით, ისინი სოლიდარულად აგებენ პასუხს, ამ ვალდებულებაზე, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 463-ე და 464-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს, ხოლო სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
6.6. სასამართლოს მიერ დადგენილია, 2013 წლის დეკემბერში აჭარის ა.რ. პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის, გ. თორდიას მიერ დი---------- ხი----ს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება იმის თაობაზე, რომ საჭიროების გავლის გამო, 45 დღის ვადაში საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველეყო მის კუთვნილი ავტომანქანის დაბრუნება და ტრანსპორტირება.
2013 წლის 23 დეკემბერს ქ. ბა-----ში, გრ----------ის ქუჩა N--–- მდებარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს აჭარის ა.რ. სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის ავტოსადგომზე ჩატარდა დი---------- ხი----ის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერება და შესდგა დათვალიერების აქტი, რომლის თანახმად ავტომანქანას გარეგნული დათვალიერებით რაიმე სერიოზული დაზიანება არ აღენიშნებოდა, ავტომანქანის ძრავი დაიქოქა, სალონი იყო ნორმალურ მდგომარეობაში, სპიდომეტრით გარბენის მაჩვენებელი შეადგენდა 99426 კმ--, თუმცა ავტომანქანა მოძრაობისას გამოსცემდა ხმაურს და წინ სვლით ვერ მოძრაობდა. იმავე დღეს შესაბამისი ხელწერილით ხი---- დი----------ს დაუბრუნდა თავისი ავტომანქანა, ამ მდგომარეობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, რა დროსაც აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა, კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს, დამდგარი შედეგისათვის. ერთ-ერთი კომპონენტის არარსებობის შემთხვევაში, აღარ იარსებებს ზიანის ანაზღაურების საფუძველიც.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ ავტომანქანის ნივთმტკიცების სახით ამოღების ჩატარების შემდეგ, გაუმართლებლად დიდხანს გრძელდებოდა გამოძიება და იმის მიუხედავად, რომ ავტომანქანის საგამოძიებო ორგანოში ამ დროით გაჩერება არ იყო საჭირო, ის არ იქნა დაბრუნებული დი---------- ხი----ისთვის, ამასთან, ადგილი ჰქონდა ავტომანქანის სათანადოდ მოუვლელობას და ავტომანქანით უკანონო სარგებლობას, საგამოძიებო ორგანოს მუშაკების მიერ, რის შედეგად მიიღო ავტომანქანამ დაზიანება და დი---------- ხი----ს მიადგა, მნიშვნელოვანი მატერიალური (და მორალური) ზიანი.
სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ ტრასოლოგიურ-რადიოლოგიური--ატრანსპორტო-ტექნიკური--აქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლის 2013 წლის 14 თებერვლის დადგენილების საფუძველზე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის 2013 წლის 26 მარტის N0-------- დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილი, დი---------- ხი----ის კუთვნილი ავტომობილი BMW-ს X5, სა---------ის სანომრე ნიშნით: N-------, საიდენტიფიკაციო ნომერი: W--------- LY85245, ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია და ვარგისი იყო შემდგომი ექსპლუატაციისათვის.
წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მიერ მხოლოდ ის იქნა შესაძლებელი დადგენილიყო, რომ ამის შემდეგ, 2013 წლის 23 დეკემბერს, როდესაც დი---------- ხი----ს დაუბრუნდა თავისი ავტომანქანა, იგი უკვე ექსპლუატაციისათვის გამოსადეგი და ვარგისი აღარ იყო და ავტომანქანას ესაჭიროებოდა აუცილებელი შეკეთება, რასაც მოპასუხე მხარეც არ უარყოფს.
ეს ფაქტობრივი გარემოება სასამართლოს დადგენილი მიაჩნია ასევე, 2013 წლის 23 დეკემბერს ქ. ბა-----ში, გრ----------ის ქუჩა N--–- მდებარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს აჭარის ა.რ. სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის ავტოსადგომზე აჭარის ა.რ. პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის მიერ, შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტების, არჩილ ავალიანისა და ბონდო ანთაძის, ასევე, დი---------- ხი----ის მონაწილეობით ჩატარებული, ხი---- დი----------ის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებით და შესაბამისი დათვალიერების აქტით, რომლის თანახმად, ავტომანქანას გარეგნული დათვალიერებით რაიმე სერიოზული დაზიანება არ აღენიშნებოდა, ავტომანქანის ძრავი დაიქოქა, სალონი იყო ნორმალურ მდგომარეობაში, სპიდომეტრით გარბენის მაჩვენებელი შეადგენდა 99426 კმ--, თუმცა ავტომანქანა მოძრაობისას გამოსცემდა ხმაურს და წინ სვლით ვერ მოძრაობდა.
ამდენად, სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის საგამოძიებო ნაწილის აჭარის ა.რ. საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის 2007 წლის 11 აგვისტოს დადგენილების საფუძველზე ჩატარებული ამოღების დროს დი---------- ხი----ის კუთვნილი, BMW-ს X5 მარკის ავტომანქანა ექსპლუატაციისათვის ვარგისი იყო, ის ასევე ვარგის მდგომარეობაში იყო, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის 2013 წლის 26 მარტის N0-------- დასკვნის მიღების დროსაც, ხოლო 2013 წლის 23 დეკემბერს, ანუ როდესაც ავტომანქანა დაუბრუნდა მის მესაკუთრეს, დი---------- ხი----ს, მისი ექსპლუატაცია შეუძლებელი იყო და აუცილებლად საჭიროებდა შეკეთებას, რაც თავად დი---------- ხი----მა განახორციელა, საკუთარი ხარჯებით.
სასამართლოში მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა „ომეგა მოტორსის“ მიერ გაწეული სერვისისა და სათადარიგო ნაწილების გაყიდვის შესახებ საანგარიშო ცნობები, რომელთა თანახმად, 2014 წლის 30 იანვარს ხი---- დი----------ის კუთვნილი, B---- მარკის, X-5 მოდელის, სა---------ის სანომრე ნიშნით: NHN-5111, საიდენტიფიკაციო ნომერი-VIN:----------- LY85245 ავტომანქანის დიაგნოსტიკის (ტესტ-ბლოკი, სავალი ნაწილის შემოწმება) და სარემონტო სამუშაოების (მთავარი გადამცემის რედუქტორის მოხსნა და მონტაჟი/შეცვლა, ორივე წამყვანი ბორბლის წამყვანი ლილვის მოხსნა და მონტაჟი/შეცვლა, გადაცემათა კოლოფის კარტერის შემწოვი მილისის შეცვლა, გენერატორის ძაბვის რეგულატორის შეცვლა) ღირებულება შეადგინა 7102,2 ლარი; სათადარიგო ნაწილების, ავტომანქანის შეზეთვისა და შეღებვის, ასევე, სხვა გარე სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 8380,6 ლარი; ომეგა მოტორსის 2014 წლის 13 მარტის ცნობის თანახმად, სათადარიგო ნაწილების, შეზეთვისა და შეღებვის სამუშაოების ხარჯებმა შეადგინა, 125,25 ლარი.
სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას ამ ნაწილში, რომ ასეთი მოცემულობის შემთხვევაში, დი---------- ხი----ს აქვს სამართლებრივი საფუძველი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-208-ე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თანახმად მოითხოვოს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით და მიიღოს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა უკანონო მოქმედების შედეგად მისთვის მიყენებული მატერიალური (ქონებრივი) ზიანის ანაზღაურება, რომლის სახე და ოდენობა ამ შემთხვევაში გამოიხატება, მოპასუხეთა ბრალით, კერძოდ ავტომანქანის სათანადო მოუვლელობის შედეგად დაზიანებული ავტომანქანის შეკეთებისთვის გაწეული ხარჯებით, რაც შეადგენს 8380,60 + 125,25 = 8505,85 ლარს.
ამდენად, დი---------- ხი----ის სარჩელი ამ ნაწილში დასაბუთებული და სამართლებრივი საფუძვლის მქონეა და უნდა დაკმაყოფილდეს, აჭარის ა.რ. პროკურატურას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა დაეკისროთ სოლიდარულად, მოსარჩელე დი---------- ხი----ის სასარგებლოდ, მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით 8380,60 + 125,25 = 8505,85 ლარის გადახდა, დი---------- ხი----ის სასარგებლოდ.
6.7. სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი, რომ ნივთმტკიცების სახით დი---------- ხი----ის ავტომანქანის ამოღებიდან, მისთვის ავტომანქანის დაბრუმებამდე პერიოდში ადგილი ჰქონდა გამოძიების ორგანოთა მხრიდან ავტომანქანის უკანონო ექსპლუატაციას, რადგანაც საქმეში შესაბამისი მტკიცებულებები არ არსებობს. ამისათვის საკმარისი არ არის მოსარჩელე მხარის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ დი---------- ხი----ისთვის ავტომანქანის დაბრუნებისას მისი ექსპლუატაცია შეუძლებელი იყო და აუცილებელ შეკეთებას საჭიროებდა, რამდენადაც ამით ერთმნიშვნელოვნად ვერ იქნება დადასტურებული, ასეთი დაზიანება ავტომანქანამ მოუვლელობის გამო მიიღო, თუ ამ პერიოდში მისი ექსპლუატაციაც ხდებოდა.
მოსარჩელე მხარე რომელიმე კონკრეტულ საჯარო მოსამსახურეს არ ასახელებს მოპასუხედ, ადმინისტრაციულ ორგანოებთან ერთად, რამდენადაც განზრახვით ან უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედი ასეთი ერთი კონკრეტული პირი, მისთვის არ არის დადგენილი.
რაც შეეხება მატერიალური ზიანის სახით მოთხოვნილი, დანარჩენი თანხის ანაზღაურებას, სასამართლო აღნიშნავს შემდეგს:
სასამართლო ვერ გაიზიარებს ზიანის არსებობისა და მისი შეფასებისათვის მოსარჩელე მხარის იმ არგუმენტაციას, რომ დი---------- ხი----ის ავტომანქანის საბაზრო ღირებულება ამოღების დროს იქნებოდა 119 000 ლარი, რაც მოპასუხეთა ბრალით შემცირდა - 35 000 ლარამდე და ის მოპასუხეთა მიერ უნდა ანაზღაურდეს.
სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლისმე-3 ნაწილით მოცემული რეგულაციის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას ქონების ქირავნობის ფასების შესახებ ვერ მიიჩნევს იმ სახის მტკიცებულებად, რაც გამოდგებოდა ფართის გაუქირავებლობით მიუღებელი შემოსავლის დასადგენად, რამდენადაც მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია იმის უტყუარი მტკიცებულებები, რომ ემზარ ბოლქვაძეს რეალურად ჰქონდა შესაძლებლობა ფართის გაქირავებისა და ამ ოდენობის შემოსავლის მისაღებად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო აღნიშნავს, მტკიცება იმისა, თუ რა მდგომარეობაში იყო ავტომანქანა, რას შეადგენდა ავტომანქანის გარბენი, მისი ღირებულება, მოსარჩელის ვალდებულებაა. საგულისხმოა, რომ ამ სახის მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, რაც სასამართლოს მისცემდა საფუძველს, სასარჩელო მოთხოვნა მიეჩნია დასაბუთებლად.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
სასამართლო მიიჩნევს, დი---------- ხი----ის კუთვნილი ავტომანქანის ზუსტი მდგომარეობა, აგრეთვე ავტომანქანის ზუსტი გარბენი ამოღების ჩატარების დროისათვის, არაფრით დასტურდება. მართალია მოსარჩელე მხარე მიუთითებს დი---------- ხი----ის კუთვნილი ავტომანქანის ანალოგის ქარხნული გამოშვების დროისათვის არსებულ ღირებულებაზე, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დი---------- ხი----ის ავტომანქანის ღირებულებაც მისი ამოღების დროისათვის ანალოგიური იქნებოდა, რამდენადაც ავტომანქანას მოსარჩელის მიერ ექსპლუატაციის გამო, ბუნებრივია ახალი ავტომანქანის საბაზრო ღირებულება ვეღარ ექნებოდა შენარჩუნებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ გამოთვლილი ზიანი, რასაც ის ავტომანქანის ქარხნულ ფასსა და ექსპერტიზის ბოლო შეფასებით მიღებულ ფასთა სხვაობით იღებს, ვერ იქნება გაზიარებული, რადგანაც არაფრით დგინდება ამოღების დროს დი---------- ხი----ის ავტომანქანის ღირებულება.
გარდა ამისა, სასამართლო მიუთითებს, იმ დროის განმავლობაში, რაც ავტომანქანა ნივთმტკიცების სახით იყო ამოღებული, როგორც მოხმარების საგანი, განიცდიდა მორალურ დაძველებასაც და მისი ღირებულება მექანიკური დაზიანების გარეშეც მცირდებოდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მისი ამოღების შესახებ საგამოძიებო ორგანოს პროცედურული მოქმედება ჯერ-ჯერობით კანონიერად არის ცნობილი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 აგვისტოს დადგენილებით, ის უკანონოდ არ შეფასებულა, ხოლო სისხლის სამართლის საქმე ჯერ დასრულებული არ არის და მასზე არ მიღებულა სასამართლო გადაწყვეტილება. ამიტომ, ზიანის ანაზღაურების მხრივ შესაძლებელია მსჯელობა, მხოლოდ ნივთმტკიცების სათანადო მოუვლელობის შედეგად დამდგარ ზიანზე, რაც სასამართლოს მიერ დადგენილი და დადასტურებულია.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დი---------- ხი----ის მიერ მოთხოვნილი ზიანის დანარჩენი ნაწილის ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
6.8. სასამართლო ვერ გაიზირებს მოპასუხე მხარის მტკიცებას, რომ დი---------- ხი----ის სარჩელი არის ხანდაზმული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში დი---------- ხი----ისათვის ზიანის რეალური არსებობისა და მისი მოთხოვნის საფუძვლის დადგომის შესახებ ცნობილი გახდა მაშინ, როდესაც აჭარის ა.რ. პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისაგან უკან დაუბრუნდა თავისი ავტომანქანა და 2014 წლის 28 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნით გაიგო ავტომანქანის მდგომარეობისა და დაზიანებების შესახე, ხოლო აქედან ადმინისტრაციული სარჩელი 3 წლის ვადაში შემოიტანა სასამართლოში, კერძოდ, 2017 წლის 6 იანვარს, რის გამოც იგი ხანდაზმული არ არის.
თუმცა, სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ დი---------- ხი----მა 2016 წლის 9 დეკემბერს ბა-----ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში აღძრა სამოქალაქო სარჩელი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. სამოქალაქო კოლეგიის 2016 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ხი---- დომიტრიოსს უარი ეთქვას სარჩელის განსახილველად მიღებაზე, იმ საფუძვლით, რომ სასარჩელო მოთხოვნა განეკუთვნებოდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიას, რაც გამორიცხავდა დავის წარმოებას სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
ამდენად, 2016 წლის 23 დეკემბრიდანაც რომ იქნას ათვლილი ხანდაზმულობის ვადა განსახილველ დავასთან დაკავშირებით, როგორც ეს მოპასუხე მხარეს მიაჩნია, დი---------- ხი----ის მიერ მაინც არის იგი დაცული.
6.9. მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილია აგრეთვე, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, მოპასუხეებზე 1100 ევროს დაკისრება.
სასამართლო აღნიშნავს რომ მართალია, ამა თუ იმ ფორმით სისხლის სამართლებრივი დევნა და მასთან დაკავშირებული საპროცესო მოქმედებები ყოველთვის იწვევს დისკომფორტს, მაგრამ პირი გონივრულ ფარგლებში მაინც ვალდებულია ითმინოს ეს, როდესაც დაცულია გარკვეული სტანდარტები. სისხლის სამართლებრივი დევნა ყველა შემთხვევაში იწვევს სირთულეებს და ნეგატიურ განცდებს.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე დი---------- ხი----ი არ ყოფილა სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტი, რამდენადაც იგი არ გამოდიოდა საქმეში ბრალდებულის სტატუსით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის საგამოძიებო ნაწილის აჭარის ა.რ. საგამოძიებო განყოფილებაში მიმდინარე N0-------- სისხლის სამართლის საქმე აღძრული იქნა ფაქტთან დაკავშირებით და ამოღებული იყო დი---------- ხი----ის კუთვნილი ავტომანქანა, რაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ დაუბრუნდა უკან.
მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ დი---------- ხი----მა საქართველოში გადატანილი ემოციური სტრესი, მიყენებული ზიანი და მიღებული დამცირება ვერ აიტანა, სა---------ში დაბრუნების შემდეგ კი აუცილებელი გახდა მისი სტაციონალური და არასტაციონალური მკურნალობა, რაშიც დახარჯული აქვს 2523 ევრო.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელებული იძულებითი საპროცესო მოქმედებები ყველა შემთხვევაში იწვევს სირთულეებს და ნეგატიურ განცდებს, თუმცა მოცემულ, კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ ნივთის ამოღებით გამოწვეული განცდები დაუკავშირდეს, დი---------- ხი----ის მიერ სა---------ში ჩატარებული მკურნალობის აუცილებლობას. მართალია გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე დიდხანს გრძელდებოდა და მოსარჩელეს არ ჰქონდა შესაძლებლობა, ესარგებლა თავისი კუთვნილი ავტომანქანით, თუმცა ამ მხრივ ფსიქოლოგიური განცდების ნეგატიური მოქმედება დი---------- ხი----ის ჯანმრთელობაზე და ამის შედეაგდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების დამადასტურებელი მტკიცებულებები, საქმეზე არ არსებობს, ხოლო, მხოლოდ განცდილი დისკომფორტი და ნეგატიური განცდა ამ შემთხვევაში ვერ გახდება მორალური (არამატერიალური) ზიანის მოთხოვნის და ანაზღაურების საფუძველი.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლზე, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება ასეთი შემთხვევისათვის, კერძოდ სასამართლოს მიერ კანონიერად ცნობილი საპროცესო მოქმედების შედეგად ამოღებული ნივთის დაზიანების შემთხვევაში, გათვალისწინებული არ არის.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დი---------- ხი----ის სარჩელის ამ ნაწილის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
6.10. მოსარჩელე მხარის მოთხოვნაზე, დი---------- ხი----ის ავტომანქანის ამოღებისას მისთვის უკანონოდ ჩამორთმეული ფულადი თანხის, 5.700 ევროს ანაზღაურების შესახებ, სასამართლო მიუთითებს შემდეგზე: მოპასუხე მხარე არ ადასტურებს ფაქტს, რომ დი---------- ხი----ისაგან სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო მოქმედების სახით იქნა ამოღებული ამ ოდენობის ფულადი თანხა. სასამართლო განმარტავს, მოსარჩელის ავტომანქანის სალონიდან მითითებული ფულადი თანხა თუ მართლაც იქნა უკანონოდ ამოღებული რომელიმე პირის მიერ და ასეთი ქმედება არ უკავშირდება სისხლის სამართლის საპროცესო ნორმებით განსაზღვრულ საგამოძიებო მოქმედებას, შესაბამისი ურთიერთობა ვერ გადაწყდება ადმინისტრაციული დავის ფარგლებში. მოსარჩელეს ასეთი ფაქტის თაობაზე უნდა მიემართა (და შეუძლია მიმართოს) სამართალდამცველი ორგანოსათვის.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 3 000 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს, აჭარის ა.რ. პროკურატურას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა გადახდეს სოლიდარულად დი---------- ხი----ის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის (8505,85 ლარი) 3 %-ის ოდენობით, რაც შეადგენს 255,20 ლარს.
სასამართლო განმარტავს, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილია. ასეთ შემთხვევაში, ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებასთან დაკავშირებით განსხვავებულ წესს არ ადგენს.
მოსარჩელე მხარეს სასამართლოში წარმოდგინილი აქვს 2014 წლის 28 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის თანახმად, დი---------- ხი----ი ადვოკატს პირდაპირი ხარჯების გასაწევად უხდის 1500 ლარს, ხოლო საქმის მის სასარგებლოდ დამთავრების შემთხვევაში დავის საგნის ღირებულების 10 %--.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, განხილული დავის სირთულისა და საქმის მოცულობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მიზანშეწონილია, მოპასუხეებს, აჭარის ა.რ. პროკურატურას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა გადახდეთ სოლიდარულად დი---------- ხი----ის სასარგებლოდ, საადვოკატო მომსახურების ხარჯის სახით, 200 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 24-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დი---------- ხი----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს, ნაწილობრივ:
2. აჭარის ა.რ. პროკურატურას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისროთ სოლიდარულად, მოსარჩელე დი---------- ხი----ის სასარგებლოდ, მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით 8380,60 + 125,25 = 8505,85 ლარის გადახდა, დი---------- ხი----ის სასარგებლოდ.
3. დი---------- ხი----ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
4. მოპასუხეებს, აჭარის ა.რ. პროკურატურას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადახდეთ სოლიდარულად, დი---------- ხი----ის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი, 255,20 ლარის ოდენობით.
5. მოპასუხეებს, აჭარის ა.რ. პროკურატურას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადახდეთ სოლიდარულად დი---------- ხი----ის სასარგებლოდ, საადვოკატო მომსახურების ხარჯის სახით, 200 ლარი.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30/.
მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე