განაჩენი

სისხლის სამართლის 30.07.2019
საქმის ნომერი
330100118002789219
თარიღი
30.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/5692-18

(№------------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

30 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - მაია კვირიკაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ ონიანი, ანნა ქოჩიაშვილი, ნატო დანელია

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ა-------------–-

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ს---------–---

 

ბრალდებული - ვ----–--------–---–-, დაბადებული 1----–-–---------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, გ-–-------------------------------------------------; დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, გ-–----------–---------------------------------------–------

 

კვალიფიკაცია/დისპოზიცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ) 19,25,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები (ძარცვის ორგანიზების მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების ორგანიზების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2018 წლის 8-9 თებერვალს, ვ----–--------–---–- შეხვდა მ-----–-----------, რომელსაც წინასწარ შეუთანხმდა და მისცა მითითება დაზარალებულ ი------------–----- სამ კარატიანი ბრილიანტის ძარცვის ჩადენაზე. 2018 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 17:55 საათზე, ქ. თბილისში, მ--------–---–---------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ----–--------–---–-ს მიერ გაწერილი გეგმის შესაბამისად, მ-----–----------- სცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობის გამოყენებით, რომელიც არ არის საშიში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, აშკარად დაუფლებოდა, ი------------–-- ხელჩანთაში მოთავსებულ 93 000 აშშ დოლარად ღირებულ სამ კარატიან ბრილიანტს. ამ მიზნით მ-----–---------- აშკარად დაეუფლა ი------------–-- ხელჩანთას, მასში მოთავსებული პირადი ნივთებით, რის შედეგადაც ი------------–- მიადგა 28 ლარის მატერიალური ზიანი. ამასთან, ძარცვის მცდელობით, მას შესაძლოა მისდგომოდა 93 000 აშშ დოლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. 2018 წლის 8-9 თებერვალს, ვ----–--------–---–- შეხვდა მ-----–-----------, რომელსაც წინასწარ შეუთანხმდა და მისცა მითითება დაზარალებულ ი------------–----- სამ კარატიანი ბრილიანტის ძარცვის ჩადენაზე. 2018 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 17:55 საათზე, ქ. თბილისში, მ--------–---–---------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ----–--------–---–-ს მიერ გაწერილი გეგმის შესაბამისად, მ-----–----------- სცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობის გამოყენებით, რომელიც არ არის საშიში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, აშკარად დაუფლებოდა, ი------------–-- ხელჩანთაში მოთავსებულ სამ კარატიან ბრილიანტს. ამ მიზნით მ-----–---------- აშკარად დაეუფლა ი------------–-- ხელჩანთას, მასში მოთავსებული პირადი ნივთებით, რის შედეგადაც ი------------–- მიადგა 28 ლარის მატერიალური ზიანი. ამასთან, ძარცვის მცდელობით, მას შესაძლოა მისდგომოდა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ამდენად, სასამართლო მიმოიხილავს და შეაფასებს, რამდენად აკმაყოფილებს საქმეში არსებული მტკიცებულებები, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

3.2. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მ-----–----------- ჩვენებით დგინდება, რომ ვ----–--------–---–---- აკავშირებს რამდენიმე წლიანი ნაცნობობა. 2015 წლიდან 2017 წლამდე თავად იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში, რის გამოც, მასთან კონტაქტი აღარ ჰქონია. დაახლოებით 2018 წლის 8-9 თებერვალს, მას ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდა ვ----–--------–---–-, რომელმაც სთხოვა შეხვედრა. შეხვედრისას ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ ეროვნებით ებრაელი კაცისთვის, რომელსაც სახელად ი------ ერქვა, უნდა წაერთმიათ ბრილიანტი, რომლის ფასი დაახლოებით 100 000 აშშ დოლარს უტოლდებოდა. მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ვ----–--------–---–- ატყუებდა ძვირფასი ქვებით მოვაჭრე პირს, რომ თითქოს ბრილიანტი მისი, როგორც შუამავლის მეშვეობით უნდა შეეძინა თურქი ან სომეხი ეროვნების პირებს. მოწმის განმარტებით, ვ----–--------–---–-- მხარეთა შორის შეხვედრა დაგეგმა 2018 წლის 13 თებერვალს, ქ. თბილისში, მ--------–---–----------- მდებარე ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიასთან, სადაც უნდა შეემოწმებინათ ბრილიანტის ნამდვილობა. გაწერილი გეგმის შესაბამისად, ვ----–--------–---–- ხელში უნდა დაეჭირა ბრილიანტი, რა დროსაც ქუდის მოხდით უნდა ენიშნებინა მისთვის, რომ გადასულიყო მოქმედებაზე - მისულიყო მასთან ხელკეტით და წაერთმია ბრილიანტი. ჩვენების მიცემისას მოწმემ არაერთხელ დაადასტურა, რომ აღნიშნული გეგმა იყო ვ----–--------–---–-ს მოფიქრებული. მიუხედავად წინასწარ მოფიქრებული სცენარისა, საქმე გეგმის შესაბამისად არ წარმართულა - ვ----–--------–---–- ქუდი არ მოუხდია, შესაბამისად თავად მოქმედებაზეც არ გადასულა, სანამ ბრალდებულმა არ დაურეკა. ამ უკანასკნელმა განუმარტა, რომ ბრილიანტი მას არ ჰქონდა. იმ გარემოების გათვალისწინებით კი, რომ ბრილიანტის მფლობელი იმავე დღეს უნდა წასულიყო საქართველოდან, მოუწოდა გადასულიყო სხვაგვარ მოქმედებაზე - გაეტაცა ძცირფასი ნივთის მფლობელისთვის ჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო ბრილიანტი, თავად კი საქმის გაადვილების მიზნით, ბრილიანტის მფლობელს ჩამოაშორებდა პირს, რომელიც თან ახლდა. მოწმემ დაადასტურა, რომ მოქმედებაზე მხოლოდ მას შემდეგ გადავიდა, რაც დაინახა, რომ ვ----–--------–---–-- ი------------–---- მყოფი მამაკაცი განარიდა სიტუაციას. ამ დროს თავად მივიდა ი------------–----, რომელსაც შეშინების მიზნით მოუქნია ხელკეტი და გასტაცა ჩანთა. მანვე დამატებით განმარტა, რომ მის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმის განხილვისას სასამართლოს წინაშე აღიარა ჩადენილი დანაშაული, რათა სასამართლოს სასჯელის შემსუბუქების კუთხით მისთვის შეღავათი გაეწია.

 

3.3. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (11.12.2018) დგინდება, რომ მ-----–----------- მიუთითა ვ----–--------–---–-ს საცხოვრებელ სახლზე და განმარტა, რომ სწორედ მის მიერ მითითებულ მისამართზე იმყოფებოდა იმ დღეს, როდესაც ვ----–--------–---–-- დაგეგმა ი------------–-- ბრილიანტის ძარცვის ფაქტი.

 

3.4. დათვალიერების ოქმით (13.03.2018) დგინდება, რომ ვ----–--------–---–-ს მფლობელობაში არსებული ნომრიდან - 5--------, ზ---------------- მფლობელობაში არსებულ ნომერზე 5-------- ფიქსირდება შემავალი და გამავალი ზარები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები, კერძოდ, 2018 წლის 12 თებერვალს 09:29, 11:37, 12:52, 13:14, 13:54, 13:55, 13:57, 16:39, 16:50 და 17:35 საათებზე, აგრეთვე, 13 თებერვალს 13:27 საათზე. ვ----–--------–---–-ს მფლობელობაში არსებული ნომრიდან - 5-------- შემავალი და გამავალი ზარები დაფიქსირდა მ-----–----------- ნომერზე - 5--------. კერძოდ, 2018 წლის 12 თებერვალს გამავალი ზარები დაფიქსირდა 12:41, 15:08, 16:04, 17:53 და 18:00 საათებზე, ხოლო შემავალი - 14:44 საათზე. 2018 წლის 13 თებერვალს გამავალი ზარები დაფიქსირდა 12:41, 13:15, 15:10, 15:39, 16:24, 17:35 და 17:51 საათებზე, ხოლო შემავალი - 15:49, 17:43 და 17:46 საათებზე.

 

3.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------- განაჩენით მ-----–---------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. კერძოდ, ქ. თბილისში, მ--------–---–---------------- მიმდებარედ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობის გამოყენებით, რომელიც არ არის საშიში სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის, სცადა აშკარად დაუფლებოდა, ი------------–-- ხელჩანთაში მოთავსებულ სამ კარატინიან ბრილიანტს. ამ მიზნით მ-----–---------- აშკარად დაეუფლა ი------------–-- ხელჩანთას. ამ უკანასკნელის ქმედებით ი------------–- შესაძლოა მისდგომოდა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

3.6. საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ იქნა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაზარალებულ ი------------–-- მიერ მიცემული ჩვენება, რომლის თანახმად დგინდება, რომ იგი საქართველოში პარტნიორთან - ზ-------------------- ერთად ეწეოდა ძვირფასი ქვების რეალიზაციას. 2018 წლის 11 თებერვალს, იგი ჩამოვიდა საქართველოში, რათა გაეყიდა სამ კარატიანი ბრილიანტი. აღნიშნულ საქმეში შუამავლის სახით მონაწილეობდა ვ----–--------–---–-, რომელიც მათ დაჰპირდა ბრილიანტის მყიდველის მიყვანას. ბრილიანტის ღირებულება უტოლდებოდა 50 000 აშშ დოლარს. მოწმის განმარტებით, იმისთვის რომ მყიდველი დარწმუნებულიყო ბრილიანტის ნამდვილობაში, თავად, ზ---------------, ვ----–--------–---–- და მისი თანმხლები პირი ნივთის შესამოწმებლად წავიდნენ ქ. თბილისში, მ--------–---–----------- მდებარე საიუველირო მაღაზია „---------–-“. ნივთის შემოწმების შემდეგ, ბრილიანტი დალუქულ მდგომარეობაში გადასცეს მოწმეს. მან თავდაპირველად ბრილიანტი ჩაიდო ჩანთაში, ხოლო შემდეგ, მაღაზიიდან გასვლამდე, კიბეებზე ასვლის დროს, ბრილიანტს შეუცვალა ადგილმდებარეობა და ჩანთიდან გადაიტანა ჯიბეში. ბრილიანტის ადგილმდებარეობის შეცვლის ფაქტი ვ----–--------–---–- არ შეუნიშნავს, რადგან ეს უკანასკნელი მის წინ მიდიოდა. მაღაზიიდან გასვლის შემდეგ, ბრალდებულმა მას უთხრა, რომ მყიდველებს მისვლა აგვიანდებოდათ. იმ დროს, თავად კი ზ-------------------- ერთად წავიდა იქვე მდებარე ბანკში, რათა მოეგვარებინა ბრილიანტის ღირებულების უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდის საკითხი. მას შემდეგ, რაც ზ--------------- თანხას მიიღებდა, მას კონვერტი, მასში მოთავსებული ბრილიანტით უნდა გადაეცა ვ----–--------–---–-------, რომელიც ბრილიანტს თავის მხრივ გადასცემდა ნივთის შემძენს. წასვლის წინ ზ---------------მ ის გააფრთხილა, რომ ყოფილიყო მაღაზია „---------------, რადგან ეგ ადგილი უსაფრთხოდ მიიჩნეოდა. მოწმემ განმარტა, რომ იმ პერიოდში, როდესაც თავად იდგა და ელოდებოდა ზ----------------ა და ვ----–--------–---–-ს დაბრუნებას, უცნობმა მამაკაცმა მყარი ნივთი დაარტყა სახის არეში და გასტაცა ჩანთა. აღნიშნული პირი მალევე დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. მანვე დაადასტურა, რომ შემთხვევამდე ზ-------------------- ერთად, ბრილიანტის შემძენი პირის გასაცნობად მივიდა ვ----–--------–---–-ს სახლთან, რა დროსაც თავად დარჩა ა/მანქანაში, ხოლო ზ--------------- ვ----–--------–---–---- ავიდა სახლში, თუმცა ბრილიანტის შემძენს არც თავად შეხვედრია და არც ზ----------------.

 

3.7. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ზ---------------- ჩვენებით დგინდება, რომ თავის ებრაელ პარტნიორთან - ი------------–---- ერთად ეწევა ძვირფასი ქვების რეალიზიაციას. 2018 წლის 12 თებერვალს ი------------–- ჩამოვიდა საქართველოში, რათა ენახა, თუ როგორ ხდებოდა ნივთის რეალიზაციის პროცესი. მოწმის განმარტებით, მას დაუკავშირდა ვ----–--------–---–-, რომელმაც უთხრა, რომ ჰყავდა კლიენტი, რომელსაც სურდა ბრილიანტის შეძენა. თავდაპირველად უთხრა, რომ კლიენტი იყო თურქი ეროვნების, ხოლო შემდეგ თქვა, რომ შემძენი იყო აზერბაიჯანელი. მხარეთა შორის ბრილიანტის რეალიზაციის მიზნით, რომელსაც უძღვოდა ნივთის შეფასება, 2018 წლის 13 თებერვალს, ქ. თბილისში, მ--------–---–--------------–- მდებარე საიუველირო მაღაზია „---------–-“ შედგა შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ: თავად, ი------------–-, ვ----–--------–---–- და ამ უკანასკნელის თანმხლები პირი, რომელსაც უნდა დაედასტურებინა ბრილიანტის გადაცემის ფაქტი. უშუალოდ ბრილიანტის მყიდველი მას არ უნახავს. ნივთის შეფასების შემდეგ გამოვიდნენ მაღაზიიდან. მან ვ----–--------–---–- უთხრა, რომ მიეყვანა მყიდველი, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი გადავიდა იქვე არსებულ „თიბისი“ ბანკში, პარალელურად საუბრობდა ტელეფონზე. მოწმეს მალევე დაურეკა ვ----–--------–---–-- და უთხრა, რომ მისულიყო „თიბისი“ ბანკში, თუმცა მითითებულ ადგილზე მისვლისას ბრალდებული იქ აღარ დახვდა. მას ვერც ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდა. მოწმემ დაადასტურა, რომ ამ დროს, ქუჩაში მდგარ ი------------–- გასტაცეს ჩანთა. აღნიშნულ ჩანთაში ბრილიანტი არ ყოფილა მოთავსებული. სანამ თავად დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, პოლიციას მძარცველი დაკავებული ჰყავდა. მოწმემ ბრილიანტის ღირებულებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ იყო დაახლოებით 50 000 აშშ დოლარის ღირებულების, რომელიც მან და მისმა პარტნიორმა შეიძინეს 43 000 აშშ დოლარად. ჩვენების მიცემისას ზ---------------მ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებათა ოქმების სისწორე.

 

3.8. დათვალიერების ოქმით (13.03.2018) დგინდება, რომ დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს, მოსამართლის განჩინებით შპს „მაგთიკომიდან“ გამოთხოვილი ზ---------------- მფლობელობაში არსებული ტელეფონის ნომერზე - 5--------, განხორციელებული შემავალი და გამავალი ზარების და მოკლე ტექსტური შეტყობინებების დეტალური ნუსხა, 2018 წლის პირველი თებერვლიდან 16 თებერვლამდე დროის შუალედში. 2018 წლის 1 თებერვალს 18:19 საათზე, ზ---------------- მფლობელობაში არსებულ ნომერზე - 5-------- ფიქსირდება შემოსული ზარი, ვ----–--------–---–-ს მფლობელობაში არსებული ნომრიდან - 5--------. აღნიშნულ ნომრებს შორის კავშირი დგინდება 2018 წლის 2 თებერვალს 18:00 საათზე, 3 თებერვალს 12:52 საათზე, 5 თებერვალს 11:13, 11:37, 13:05, 20:50, 21:11, 21:22, 21:24 და 22:01 საათებზე, 9 თებერვალს 10:43 საათზე, 10 თებერვალს 15:59 საათზე, 11 თებერვალს 18:46 საათზე, 13 თებერვალს 10:48, 17:53, 18:00 და 19:47 საათებზე, 14 თებერვალს 11:08 საათზე. განჩინებაში მითითებული დროის შუალედში ზ---------------- არსებული ტელეფონის ნომრიდან, შემავალი და გამავალი ზარები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები ფიქსირდება, აგრეთვე ვ----–--------–---–-ს მფლობელობაში არსებულ მეორე ნომერზეც - 5--------, კერძოდ, 2018 წლის 12 თებერვალს 09:23, 11:37, 12:52, 13:14, 13:54, 13:55, 13:57, 16:39, 16:50 და 17:35 საათებზე, აგრეთვე 13 თებერვალს 13:27 საათზე.

 

3.9. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ი---------–----–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს სამკაულებისა და ანტიკვარიატის მაღაზია „---------–-“ გენერალური დირექტორის პოზიციაზე. აღნიშნული მაღაზია, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, მ--------–---–-------------–-, აღჭურვილია კამერებით. შესაბამისად, კონტროლდება როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრი. 2018 წლის 13 თებერვალს, თავის სამუშაო ოთახში ყოფნის დროს შემოესმა ხმაური. გარეთ გასვლის შემდეგ შეიტყო ყაჩაღობის ფაქტის შესახებ. დაზარალებული აღმოჩნდა ის პირი, რომელსაც იმავე დღეს, მისივე თანამშრომელ ი------–---------- ნივთი შესაფასებლად ჰქონდა მიტანილი. მოწმემ დაადასტურა, რომ მაღაზიიდან ამოღებულ კამერების ჩანაწერში დაფიქსირებული იყო, თუ როგორ დაარტყა და წაართვა დამნაშავემ მაღაზია „დ--------“ წინ მდგარ პირს კუთვნილი ნივთი.

 

3.10. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ი------–-------- ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს სამკაულებისა და ანტიკვარიატის მაღაზია „---------–-“ ექსპერტ-გემოლოგის პოზიციაზე. მის მოვალეობაში შედის ძვირფასი ნივთების შეფასება. 2018 წლის 13 თებერვალს, მასთან მივიდა რამდენიმე ადამიანი. მათგან ერთ-ერთმა, რომლის სახის დამახსოვრებაც შეძლო, მიაწოდა ბრილიანტი თანდართული დოკუმენტაციით და სთხოვა დაედგინა, რამდენად შეესაბამებოდა დოკუმენტში ბრილიანტის შესახებ ასახული ინფორმაცია სინამდვილეს. მოწმემ დაადგინა ბრილიანტის და დოკუმენტაციის ერთმანეთთან შესაბამისობა. შესაფასებელი ბრილიანტი იყო დაახლოებით სამ კარატიანი, ხოლო მისი ღირებულება შეადგენდა დაახლოებით 93 000 აშშ დოლარს.

 

3.11. ტრასოლოგიური და სასაქონლო ექსპერტიზის №--------------- დასკვნით დგინდება, რომ ტყავის სახელური განცალკევებამდე წარმოადგენდა ჩანთის სახელურის ერთ მთლიან ნაწილს და მასზე არსებული დაზიანება გაგლეჯის სახით, წარმოქმნილია ფიზიკური ზემოქმედების შედეგად; ხელჩანთის, გამადიდებელი ხელსაწყოსა და ულტრაიისფერი განათების მოწყობილობის საბაზრო ღირებულება, ექსპლუატაციაში ყოფნისა და ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს: ხელჩანთა - 10 ლარი, გამადიდებელი ხელსაწყო - 15 ლარი და ულტრაიისფერი განათება 3 ლარი.

 

3.12. პირის ამოცნობის ოქმით (22.11.2018) დგინდება, რომ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ზ---------------მ ამოიცნო მარჯვნიდან პირველი და მარცხნიდან მესამე ადგილზე მდგარი პირი - ვ----–--------–---–-, როგორც ის პირი, ვინც 2018 წლის 13 თებერვალს, ქ. თბილისში, მ--------–---–----------- მდებარე საიუველირო მაღაზია „---------–-“ შეხვდა მას და ი------------–-.

 

3.13. პირის ამოცნობის ოქმით (03.12.2018) დგინდება, რომ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ი------------–-- ამოიცნო მარჯვნიდან პირველი და მარცხნიდან მესამე ადგილზე მდგარი პირი - ვ----–--------–---–-, როგორც ის პირი, ვინც 2018 წლის 13 თებერვალს მასთან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, მ--------–---–----------- მდებარე საიუველირო მაღაზია „---------–-“.

 

3.14. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებლებმა: გ-----------------, მ----------------, ლ-–------–----–---–--, ე-----------------–---–--, ე-----------------–---–--, ი-----–------------- და ვ-–----–---- დაადასტურეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობა და მათი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებათა ამსახველი ოქმების სისწორე.

 

3.15. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა ვიდეოჩანაწერი, რომელიც ასახავდა შემთხვევის დღეს მაღაზია „---------–-“ მიმდინარე მოვლენებს. ვიდეოჩანაწერის გახსნისას მასში განთავსებულია რამდენიმე ვიდეოფაილი. პირველი ფაილის გახსნისას, 17:40 საათზე კადრში ჩნდება ვ----–--------–---–- და მასთან თანმხლები პირი, რომლებიც გადიან მაღაზია „დ--------“ ქვედა სართულის შესამოწმებელი ოთახიდან და კიბით ამოდიან მაღაზიის პირველ სართულზე. დაახლოებით წუთნახევარში მათ მოჰყვებიან ი------------–- და ზ---------------. მეორე ფაილის გახსნისას კადრში ჩნდება ვ----–--------–---–- და მასთან მყოფი პირი, რომელიც ამოდიან მაღაზია „დ--------“ პირველ სართულზე. ვ----–--------–---–- წუთნახევარში ბრუნდება ამოსასვლელი კიბისკენ, სადაც ხედავს ი------------–- და ზ---------------ს, რომლებიც ამოდიან კიბით. ისინი ჩერდებიან მაღაზიის გასასვლელი კარებისკენ, რა დროსაც ვ----–--------–---–-სა და ი------------–- შორის იმართება გარკვეული საუბარი. მესამე ფაილის გახსნისას კადრში ჩანს მხარეთა შორის დიალოგი. ზემოაღნიშნული პირები მალევე გადიან გასასვლელი კარით და დგანან მაღაზიის წინ.

 

3.16. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდებულმა ვ----–--------–---–-- თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ეწეოდა საშუამავლო მომსახურებას. სწორედ საკუთარი საქმიანობა გახდა 2018 წლის 13 თებერვალს, ი------------–---- და ზ-------------------- შეხვედრის საფუძველი. მისი განმარტებით, ბრილიანტი უნდა შეეძინა თურქი და ირანელი ეროვნების მქონე პირებს, რომელთა მისვლა საიუველირო მაღაზია „---------–-“ დაგეგმილი არ ყოფილა. მანვე დაადასტურა, რომ ბრილიანტი შეამოწმეს შესაბამისი ცოდნის მქონე პირთან. მაღაზიიდან გამოსვლის შემდეგ ი------------–-- ბრილიანტი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში გადასცა შემფასებელმა, ჩაიდო ჩანთაში. მან თავის მხრივ, მოუწოდა ი------------–-, რომ ბრილიანტის ამგვარი ფორმით შენახვა საფრთხის შემცველი იყო, რის გამოც, ამ უკანასკნელმა ბრილიანტი ამოიღო ჩანთიდან და გადაიტანა ჯიბეში. მოწმის განმარტებით, აღნიშნული ფაქტი გამორიცხავს მის დაინტერესებას - მიესაკუთრებინა სხვისი კუთვნილი ნივთი.

 

3.17. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა ბრალდებულის მეუღლის - მ-----------–---–-- ჩვენება, რომლის თანახმადაც დგინდება, რომ თავის სახელზე რეგისტრირებული აქვს მობილური ტელეფონის ნომრები: 5----------- და 5-----------. როგორც თავად, ისე მისი მეუღლე ძალიან იშვიათად სარგებლობდნენ მის სახელზე რეგისტრირებული ნომრით - 5-----------. გამოკითხვის ოქმში მოწმემ დაადასტურა, რომ ვ----–--------–---–- სარგებლობდა მობილური ტელეფონის ნომრით - 5-----------. 2018 წლის 13 თებერვალს სარგებლობდა თუ არა მისი მეუღლე მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრით 5-----------, მისთვის უცნობია.

 

3.18. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი - როგორც სანდოობისა და უტყუარობის, ისე ურთიერთშეჯერებულების თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

4. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისას, უპირველესად ხელმძღვანელობს საქართველოს უზენაესი საკანონმდებლო აქტით - საქართველოს კონსტიტუციით, რომლის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“.

 

4.2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/548, 22/01/2015, §41).

 

4.3. სასამართლომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეაფასა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად და დადგენილად მიაჩნია, რომ ვ----–--------–---–-- ჩაიდინა ძარცვის ორგანიზების მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების ორგანიზების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით. სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივ ჭრილში მომიხილვამდე, ყურადღებას გაამახვილებს ძარცვის შემადგენლობის ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმებზე. ძარცვის ობიექტური მხარე აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება, რა დროსაც სხვისი ქონების ანგარებით დაუფლება თვალნათლივ ხდება. ამასთან, დამნაშავეს ძარცვის დროს გააზრებული აქვს მისი დანაშაულებრივი ქმედების მნიშვნელობა და მის მისაღწევად (წინააღმდეგობის გადასალახად) ძალადობის ხერხის გამოყენების შესაძლებლობა, რაც შეიძლება გამოიხატოს, როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ზემოქმედებაში. ძარცვა მატერიალური დანაშაულია. შესაბამისად, იგი დასრულებულია ქონების ფაქტობრივი დაუფლების მომენტიდან, რის შედეგადაც დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, თავისი შეხედულებით გამოიყენოს ან განკარგოს სხვისი ნივთი. სუბიექტური მხრივ დანაშაული განზრახია, იგი შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ პირდაპირი განზრახვით.

 

4.4. ვ----–--------–---–------- ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის მიმოხილვის შემდეგ, სასამართლო თანმიმდევრულად მიყვება და მიმოიხილავს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლო უპირველეს ყოვლისა ყურადღებას გაამახვილებს მოწმე მ-----–----------- ჩვენებაზე, სადაც დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ დაგეგმა ვ----–--------–---–-- საკუთარ სახლში ი------------–-- ძარცვის ფაქტი. მოწმის აღნიშნული განმარტების სისწორეზე მეტყველებს, მისივე მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ოქმი, რა დროსაც მ-----–----------- მიუთითა ვ----–--------–---–-ს საცხოვრებელ სახლზე, როგორც ადგილზე, სადაც ამ უკანასკნელმა გააცნო ძარცვის განხორიციელების გეგმა. ბრალდებულის მიერ მოფიქრებული გეგმა მას აძლევდა დეტალურ მითითებებს, კერძოდ, მას შემდეგ, რაც ვ----–--------–---–- გამოვიდოდა საიუველირო მაღაზია „--------------, მას ხელში უნდა ჰქონოდა ბრილიანტი. სწორედ ამ დროს, ქუდის მოხდით უნდა ენიშნებინა მ-----–-----------თვის, რომ გადასულიყო მოქმედებაზე - მისულიყო მასთან ხელკეტით და წაერთმია ბრილიანტი. მიუხედავად წინასწარ მოფიქრებული სცენარისა, საქმე გეგმის შესაბამისად არ წარმართულა - ვ----–--------–---–- ქუდი არ მოუხდია, შესაბამისად, თავად მოქმედებაზეც არ გადასულა, სანამ ბრალდებულმა არ დაურეკა. მ-----–-----------ა და ვ----–--------–---–- შორის სატელეფონო კავშირის ფაქტი დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ამონაწერით (იხ. პუნქტი 3.4.). ამავე ამონაწერით დგინდება, რომ ბრალდებულსა და მოწმეს შორის სატელეფონო კომუნიკაცია დანაშაულებრივი ქმედების წინა დღესაც (2018 წლის 12 თებერვალს) აქტიურად მიმდინარეობდა.

 

4.5. სასამართლოსთვის განსაკუთრებით საყურადღებოა მოწმე მ-----–----------- ჩვენების ის ნაწილი, როდესაც ის აღწერს შემთხვევის დღეს ვ----–--------–---–---- სატელეფონო საუბარს. ამ უკანასკნელმა მას საიუველირო მაღაზია „-------------- გამოსვლისას დაურეკა და უთხრა, რომ ყველაფერი გეგმის შესაბამისად არ მიდიოდა, კერძოდ, ბრილიანტი მის ნაცვლად ჰქონდა ი------------–-. იმ გარემოების გათვალისწინებით კი, რომ ბრილიანტის მფლობელი იმავე დღეს უნდა წასულიყო საქართველოდან, მოუწოდა გადასულიყო სხვაგვარ მოქმედებაზე - გაეტაცა ძვირფასი ნივთის მფლობელისთვის ჩანთა, რომელშიც მოთავსებული ჰქონდა ბრილიანტი, თავად კი საქმის გაადვილების მიზნით, ი------------–- ჩამოაშორებდა პირს, რომელიც თან ახლდა. მოწმემ დაადასტურა, რომ მოქმედებაზე მხოლოდ მას შემდეგ გადავიდა, რაც დაინახა, რომ ვ----–--------–---–-- ი------------–---- მყოფი მამაკაცი განარიდა სიტუაციას. სასამართლოს მოსაზრებით მ-----–----------- ჩვენება, სადაც დეტალურად და თანმიმდევრულად არის აღწერილი შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები, სრულ შესაბამისობაშია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. კერძოდ, იმ ფაქტს, რომ ვ----–--------–---–-- სიტუაციას განარიდა ზ--------------- ადასტურებს თავად ეს უკანასკნელიც. მისი თქმით, ბანკში „კლიენტის მოსაყვანად“ გადასულმა ვ----–--------–---–-- მალევე დაურეკა მას და უთხრა, რომ მისულიყო ბანკში, თუმცა მითითებულ ადგილზე მისვლისას ბრალდებული იქ აღარ დახვდა. მას ვერც მობილური ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდა. ამის შემდეგ, იგი დაბრუნდა მაღაზია „---------------, თუმცა ძარცვის ფაქტი უკვე მომხდარიყო. სასამართლოსთვის ნათელია, რომ ვ----–--------–---–-ს ქმედება - ზ---------------- ბანკში მოტყუებით მიყვანა, იყო მისივე დანაშაულებრივი გეგმის ნაწილი, რაც თავისი თანამზრახველისთვის ძარცვის განხორციელების გაადვილების მიზნით იყო განპირობებული.

 

4.6. ის ფაქტი, რომ მ-----–----------- ნამდვილად ჩაიდინა ი------------–-- ძარცვის მცდელობა, როგორც ეს თავად აღწერა საკუთარ ჩვენებაში, დასტურდება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------- განაჩენითაც. მ-----–----------- საკუთარი სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის დროსაც, სრული მოცულობით აღიარა ჩადენილი დანაშაული, თუმცა მისი მხრიდან დანაშაულის აღიარებას რაიმე წინაპირობა არ ჰქონია და შესაბამისად, გამომდინარეობდა საკუთარი სურვილიდან - სასამართლოს სასჯელის დანიშვნისას მისი აღიარება გაეთვალისწინებინა შემამსუბუქებელ გარემოებად.

 

4.7. მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა შეფასებისას, სასამართლოსთვის აგრეთვე მნიშვნელოვანია დაზარალებულ ი------------–-- ჩვენება, რომელიც მოწმის სახით თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით დაიკითხა სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, რა დროსაც როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს მიეცა შესაძლებლობა მისთვის დაესვათ კითხვები და მიღებული პასუხები გამოეყენებინათ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად. ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა დეტალურად აღწერა შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები, კერძოდ, შემთხვევის დღეს ზ-------------------- ერთად, საიუველირო მაღაზია „---------–-“ როგორ შეხვდა ვ----–--------–---–- და მის თანმხლებ პირს. მაღაზიაში ნივთის შემოწმების შემდეგ, ბრილიანტი დალუქულ მდგომარეობაში ჰქონდა თავად. მან თავდაპირველად ბრილიანტი მოითავსა ჩანთაში, ხოლო შემდეგ, მაღაზიიდან გასვლამდე, კიბეებზე ასვლის დროს, ბრილიანტს შეუცვალა ადგილმდებარეობა და ჩანთიდან გადაიტანა ჯიბეში. ბრილიანტის ადგილმდებარეობის შეცვლის ფაქტი ვ----–--------–---–- არ შეუნიშნავს, რადგან ეს უკანასკნელი მის წინ მიდიოდა. სასამართლო განმარტავს, რომ დაზარალებულის ჩვენება სრულ შესაბამისობაშია განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან. იმ ფაქტს, რომ ვ----–--------–---–- ნამდვილად არ შეუნიშნავს ბრილიანტის ადგილმდებარეობის შეცვლის ფაქტი, ადასტურებს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერი, რომელიც ასახავს შემთხვევის დღეს მაღაზია „---------–-“ განვითარებულ მოვლენებს. აღნიშნული მტკიცებულებით, რომელიც უტყუარობის მაღალი ხარისხის მატარებელია, ცალსახად დასტურდება, რომ ბრილიანტის შეფასების შემდეგ, მაღაზიის კიბეებზე ქვედა სართულიდან თავდაპირველად ამოდიან ვ----–--------–---–- და მისი თანმხლები პირი, ხოლო შემდეგ ი------------–- და ზ---------------. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ვ----–--------–---–- იყო ზედა სართულზე, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ, შესამოწმებელი ოთახიდან გამოდიან ი------------–- და ზ---------------, რომლებიც კიბით ადიან იმავე სართულზე, სადაც ბრალდებული იმყოფებოდა, შეუძლებელია მას შეენიშნა ი------------–-- მიერ ჩანთიდან ბრილიანტის ჯიბეში გადატანის ფაქტი. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის განმარტებას, რომ თითქოს მან ურჩია ი------------–ს შეეცვალა ბრილიანტის ადგილმდებარეობა. სასამართლოს შეფასებით, ბრალდებულის აღნიშნული განმარტება, რომელიც წინააღმდეგობაშია საქმეში წარმოდგენილ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან, არის თავისი უდანაშაულობის დასაბუთების მცდელობა, რაც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან დახსნის სურვილით არის განპირობებული. იმ ფაქტს, რომ რეალურად ბრილიანტის შემძენი არ არსებობდა, ადასტურებს დაზარალებულის ჩვენება - მიუხედავად არაერთი შეხვედრისა არც მას და არც ზ---------------ს ბრილიანტის შემძენი პირი არ უნახავს.

 

4.8. სასამართლო განმარტავს, რომ დაზარალებული ი------------–- დაიკითხა საქართველოს სსსკ-ის 114-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, რადგან ის დროებით იმყოფებოდა საქართველოში და შესაბამისად, დიდი ხნით ტოვებდა საქართველოს ტერიტორიას. საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს საქართველოს სსკ-ის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, ცალსახად დგინდება, რომ დაზარალებულის დაკითხვა განხორციელდა სისხლის სამართლის კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რა დროსაც დაცვის მხარემ მოახდინა საკუთარი უფლების (დაესვა მოწმისთვის მისთვის სასურველი შეკითხვები) რეალიზაცია. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულება არის იმგვარი ძალის მატარებელი, რაც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიბაში საკმარისია პირის მსჯავრდებისთვის გონივრულ ეჭვს მიღმა.

 

4.9. სასამართლო დეტალურად აღარ მიმოიხილავს დათვალიერების ოქმს, რომელიც ადასტურებს ვ----–--------–---–-ს და ზ---------------- ერთმანეთთან სატელეფონო კავშირს, აგრეთვე ტრასოლოგიური და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნას, პირის ამოცნობის ოქმებსა და სხვა მოწმეთა ჩვენებებს, ვინაიდან ვ----–--------–---–-სა და ზ-------------------- კავშირი, აგრეთვე ი------------–-- ძარცვის ფაქტი, მხარეთა შორის სადავო ფაქტს არ წარმოადგენს.

 

4.10. საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. მაშასადამე, დანაშაულის მცდელობის დასჯადობის წინაპირობას წარმოადგენს: ა) დანაშაულის ჩადენის გადაწყვეტილება, გამოხატული განზრახვაში; ბ) დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების უშუალოდ დაწყება, რომელსაც შედეგი უნდა მოჰყვეს და შედეგი ობიექტური პირობების გამო არ დგება.

 

4.11. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით ვ----–--------–---–-ს ქმედება უნდა შეფასდეს ძარცვის ორგანიზების მცდელობად, რის დასადასტურებლადაც სასამართლო მიმოიხილავს მცდელობის ორივე კომპონენტს უშუალოდ ვ----–--------–---–---- მიმართებაში: ა) დანაშაულის ჩადენის გადაწყვეტილება, გამოხატული განზრახვაში - ვ----–--------–---–-- განიზრახა ი------------–-- კუთვნილი სამ კარატიანი ბრილიანტის მისაკუთრება, რა მიზნითაც 2018 წლის 8-9 თებერვალს შეხვდა მ-----–-----------, რომელსაც წინასწარ შეუთანხმდა და მისცა მითითება ი------------–-- ბრილიანტის ძარცვის შესახებ; ბ) დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების უშუალოდ დაწყება, რომელსაც შედეგი უნდა მოჰყვეს და შედეგი ობიექტური პირობების გამო არ დგება - განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ვ----–--------–---–-- დაურეკა მ-----–----------- და გააცნო ძარცვის განხორციელების სათადარიგო გეგმა. აღნიშნული განპირობებული იყო ძირითადი გეგმის ცვლილებით, რაც თავის მხრივ გამოწვეული იყო გაუთვალისწინებელი გარემოებით. მ-----–---------- ვ----–--------–---–-ს მითითებისამებრ დაეუფლა ი------------–-- ხელჩანთას, თუმცა რეალური მიზანი - დაუფლებოდა მის ბრილიანტს, ვერ მოიყვანა სისრულეში, ვინაიდან დაზარალებულმა გარკვეული დროით ადრე ბრილიანტი ჩანთიდან ამოიღო და გადაიტანა ჯიბეში. სასამართლო მიიჩნევს, რომ არა ძვირფასი ქვისთვის ადგილმდებარეობის შეცვლა, მ-----–---------- დაეუფლებოდა ი------------–-- კუთვნილ ბრილიანტს.

 

4.12. საქართველოს სსკ-ის 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ორგანიზატორია ის, ვინც მოაწყო დანაშაულის ჩადენა ან ხელმძღვანელობდა მის განხორციელებას, აგრეთვე ის, ვინც შექმნა ორგანიზებული ჯგუფი ან ხელმძღვანელობდა მას. მართალია დანაშაულის ამსრულებელი შეუცვლელია, თუმცა ორგანიზატორი, რომელიც ხასიათდება წარმმართველი და ორგანიზატორული ფუნქციით, დანაშაულის განმახორციელებელი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. შესაძლებელია ორგანიზატორი კონკრეტულ შემთხვევაში ასრულებდეს დამხმარის ფუნქციასაც, თუმცა იგი დამხმარედ ვერ გადაიქცევა და ბრალი, როგორც ორგანიზატორს ისე დაედება. საქართველოს სსკ-ის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ორგანიზატორის, წამქეზებლისა და დამხმარის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი იმავდროულად დანაშაულის თანაამსრულებლები იყვნენ. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ვ----–--------–---–-ს როლი, გარდა დანაშაულის დაგეგმვისა, დახმარებაშიც გამოიხატა, კერძოდ, მან ი------------–- საიუველირო მაღაზია „-------------- გამოსვლის შემდეგ, განარიდა მასთან მყოფი პირი, რითაც ძარცვის განხორციელების ხელსაყრელი პირობა შეუქმნა თავის თანამზრახველს - მ-----–-----------. მიუხედავად დამხმარის ფუნქციის შეთავსებისა, ვ----–--------–---–-- სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედების ჩადენისთვის პასუხი უნდა აგოს როგორც ორგანიზატორმა. შესაბამისად, მისი ქმედება დამატებით საქართველოს სსკ-ის 25-ე მუხლზე მითითებას საჭიროებს.

 

4.13. ვინაიდან სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია ვ----–--------–---–-ს მიერ ძარცვის ორგანიზების მცდელობის განხორციელება, მომდევნო ეტაპად მიიჩნევს მისთვის ბრალად შერაცხულ მაკვალიფიცირებელ გარემოებებზე მსჯელობას.

 

4.14. სასამართლო თავდაპირველად ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულისთვის ბრალად შერაცხულ მაკვალიფიცირებელ გარემოებას - ქურდობას ჩადენილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ჯგუფური დანაშაულის განმარტება მოცემულია საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლში, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. განსახილველ შემთხვევაში, ვ----–--------–---–-ა და მ-----–----------- შორის წინასწარი შეთანხმების არსებობა დასტურდება თავად მ-----–----------- ჩვენებითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------- განაჩენით, რა დროსაც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მ-----–----------- მიერ თანამზრახველთან ერთად, ი------------–-- კუთვნილი ბრილიანტის აშკარა მისაკუთრების მცდელობის ჩადენა.

 

4.15. სასამართლო ყურადღების მიღმა არც ძარცვის დიდი ოდენობით მცდელობის ჩადენას დატოვებს და განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში, მოწმე ი------–-------- ჩვენებით დგინდება, რომ მის მიერ შეფასებული ი------------–-- კუთვნილი ბრილიანტის ღირებულება დაახლოებით 93 000 აშშ დოლარს უტოლდებოდა. დაზარალებული ი------------–- და მისი პარტნიორი ზ---------------, ბრილიანტის საბაზრო ფასად 50 000 აშშ დოლარს ასახელებენ. ამასთან, ზ---------------- განმარტებით, აღნიშნული ბრილიანტი, რომელიც სწორედ 50 000 აშშ დოლარად უნდა გაეყიდათ, მან და მისმა პარტნიორმა შეიძინეს 43 000 აშშ დოლარად. სასამართლო სადავო ნივთის ღირებულების შეფასებისას, ზემორე მოწმეების მიერ გაცხადებული ღირებულების პარალელურად, მხედველობაში იღებს სასაქონლო ექსპერტიზის არ ქონას, რომელსაც ზუსტად შეეძლო დაედგინა ბრილიანტის ღირებულება. აღნიშნული გარემოება სასამართლოს უსპობს შესაძლებლობას დაადგინოს დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ზუსტი ოდენობა, თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ძვირფასი ნივთის ღირებულება, გონივრული ვარაუდის ფარგლებში ცდება კანონმდებლის მიერ დადგენილ 10 000 ლარიან ნიშნულს.

 

4.16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა, სასამართლოს უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ ვ----–--------–---–-ს ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 19,25,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური შემადგენლობის ნიშნები, რის გამოც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს.

 

5.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს ვ----–--------–---–-, მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია საუბარი სასჯელის სამართლიანობაზე, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს მოცემული საქმის გარემოებები და მსჯავრდებულების პიროვნება. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ვ----–--------–---–------- ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, სასამართლო თავის დისკრეციას გამოიყენებს მხოლოდ სასჯელის ზომასთან მიმართებით.

 

5.3. სასამართლო სასჯელის კონკრეტული ზომის განსაზღვრისას სამართლიანობის, პროპორციულობის და თანასწორობის პრინციპებთან მიმართებით, ითვალისწინებს ვ----–--------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, მის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია მომეტებული საშიშროების მატარებელი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელიც ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სსკ-ით განმტკიცებულ საკუთრების ხელშეუვალობის უფლებას); ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ვ----–--------–---–- თანამზრახველის მეშვეობითა და საკუთარი აქტიური მონაწილეობით, შეეცადა დღის საათებში, ხალხმრავალ ადგილას დაუფლებოდა ი------------–-- კუთვნილ ბრილიანტს); ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის მტკიცე და ურყევ სურვილს ჩაედინა დანაშაული, რაც გამოიხატა ძარცვის ორგანიზებულ დაგეგმვაში და მის აქტიურ მონაწილეობაში - ამსრულებრილ დახმარებაში, კერძოდ, მას შემდეგაც, რაც სიტუაცია გეგმის მიხედვით არ წარიმართა, ვ----–--------–---–-- შეიმუშავა ახალი გეგმა - დაზარალებულს ჩამოაშორა მასთან მყოფი პირი - ზ---------------, რითაც საკუთარ თანამზრახველს შეუქმნა ძარცვის განხორციელებისთვის ხელსაყრელი პირობები); დამდგარ შედეგს (ვ----–--------–---–-- და მისმა თანამზრახველმა ვერ მოახერხეს საკუთარი განზრახვის სისრულეში მოყვანა); ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (ანგარებით, სხვისი ძვირფასი ნივთის დაუფლებას); დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის პიროვნებას (ვ----–--------–---–- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 11 იანვრის განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „კ“ და „ო“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული განზრახ დანაშაულთა ჩადენისთვის, რის გამოც სახეზეა დანაშაულის რეციდივი); აგრეთვე, ბრალდებულის ქცევას სასამართლო სხდომის დარბაზში.

 

5.4. სასამართლო 5.3. პუნქტში აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ვ----–--------–---–------- კანონიერ, სამართლიან და პროპორციულ სასჯელად მიიჩნევს თავისუფლების აღკვეთას 8 წლისა და 6 თვის ვადით. სასამართლოს მოსაზრებით, ბრალდებულისთვის დანიშნული სასჯელი იქნება მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შესაბამისი, რეალური და პროპორციული საშუალება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის მისაღწევად.

 

6. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ:

· ორი ცალი დისკი, შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

· მ-----–----------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული ხელკეტი და პირბადე უნდა განადგურდეს;

· ჩანთა, ჩანთის სახელური და ჩანთაში არსებული ნივთები უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ვ----–--------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,25,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ვ----–--------–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2018 წლის 21 ნოემბრიდან.

 

ვ----–--------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:

· ორი ცალი დისკი, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

· მ-----–----------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული ხელკეტი და პირბადე განადგურდეს;

· ჩანთა, ჩანთის სახელური და ჩანთაში არსებული ნივთები, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი