გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #340210019003061880
საქმე #2/461-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
21.08.2019 წ. ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე რომან კუპატაძე
სხდომის მდივანი ირინა დათუნაშვილი
მოსარჩელე - სს ,,ლი------------ი“
წარმომადგენელი - გი------------ა
მოპასუხე - ნი----------–-–---–ი
წარმომადგენელი - მა---------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვით
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მოპასუხე ნი----------–-–---–ს მოსარჩელე სს ,,ლი------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 3 605 ლარის გადახდა.
(იხ. სარჩელი (ს.ფ. 2-116) და სასამართლოს 21.08.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 14:11:50-14:12:35 სთ)
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი: სს ”ლი------------სა” და თე----------------–---–ს შორის 2017 წლის 27 თებერვალს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა სესხი 3 500 ლარის ოდენობით, 2010 წლის 27 თებერვლამდე, სარგებლის სახით წლიური 40%-ის დარიცხვით. პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 1%-ის ოდენობით განისაზღვრა. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე ნი----------–-–---–თან თავდებობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც მოპასუხემ ძირითად მოვალესთან ერთად სოლიდარული თავდებობა იკისრა. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა 3 605 ლარს შეადგენს.
ძირითადმა მსესხებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 2018 წლის თებერვლიდან დაირღვა და დავალიანებამ 5 085.76 ლარი შეადგინა, საიდანაც ძირი თანხაა 2 828.18 ლარი, სარგებელი 1 312.58 ლარი და ჯარიმა 945 ლარი. 2019 წლის იანვარში ძირითადი მოვალე გარდაიცვალა. შესაბამისად მოსარჩელემ, სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე ნი----------–-–---–ზე 3605 ლარის დაკისრება მოითხოვა, საიდანაც ძირი თანხაა 2 828.18 ლარი, ხოლო 776.82 ლარი არის სარგებელი.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1 მოპასუხემ სასამართლოს 21.08.2019 წლის სხდომაზე ცნო სარჩელი.
(იხ. სასამართლოს 21.08.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 14:11:50-14:12:35 სთ)
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 სს ”ლი------------სა” და თე----------------–---–ს შორის 27.02.2017 წელს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა სესხი 3 500 ლარის ოდენობით, წლიური 40%-ის დარიცხვით. ვადაგადაცილების პირგასამტეხლო შეადგენს 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების ვადა 27.02.2020 წლამდე განისაზღვრა. თანხის დაბრუნება სესხზე თანდართული დაფარვის გრაფიკის მიხედვით უნდა მომხდარიყო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 27.02.2017 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ.19-25)
3.1.2 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე ნი----------–-–---–თან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხემ სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა ძირითად მოვალესთან ერთად. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა 3 605 ლარით განისაზღვრა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება, 27.02.2017 წლის თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 25-27);
3.1.3. ძირითადმა მსესხებელმა ვალდებულების შესრულება 2018 წლის 27 თებერვლიდან შეწყვიტა. მიუხედავად გაფრთხილებისა, მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულება არც სოლიდარული თავდების მხრიდან მომხდარა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 24);
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 29-30)
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. საქმისათვის მნიშვნელოვანი სადავო გარემოება მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სს ''ლი------------ის'' სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ - სახელშეკრულებო ურთიერთობა და შესაბამისად, დავის გადაწყვეტაც აღნიშნული ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე უნდა მოხდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებით აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
ამავე კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
ამავე კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.
ამავე კოდექსის 466-ე მუხლის თანახმად, სარჩელის შეტანა ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიმართ კრედიტორს არ ართმევს უფლებას შეიტანოს სარჩელი დანარჩენ მოვალეთა მიმართაც.
დადგენილია, რომ სს ”ლი------------სა” და თე----------------–---–ს შორის 27.02.2017 წელს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და გაიცა სესხი 3500 ლარის ოდენობით, წლიური 40%-ის დარიცხვით. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 27.02.2018 წლიდან დაირღვა და მას შემდეგ თანხის გადახდა არ მომხდარა. ძირითადი მოვალე 27.01.2019 წელს გარდაიცვალა. მოპასუხე ნი----------–-–---–თან კი დადებულია თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მან ძირითად მსესხებელთან ერთად სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე. შესაბამისად, მოპასუხე ნი----------–-–---–ი წარმოადგენს პირს, რომელსაც საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე სოლიდარულად აგებს პასუხს, ხოლო მოსარჩელეს აქვს უფლება ვალდებულების შესრულება მისგან მოითხოვოს. ამასთან, მისი პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების მიხედვით 3605 ლარით არის განსაზღვრული.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, თავად განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, სარჩელი ცნო, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ლი------------ის“ სარჩელი დასაბუთებულია და ამდენად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 3605 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მეორე ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებლი იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ სარჩელი მოსამზადებელ სხდომაზე ცნო. მოსარჩელეს სარჩელზე წინასწარ გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 152.58 ლარი, რაც უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სარჩელთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 41-ე, 46-ე, 205-ე, 208-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 2591, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე სს ,,ლი------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ნი----------–-–---–ს მოსარჩელე სს ,,ლი------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 3 605 ლარის გადახდა.
3. მოსარჩელე სს ,,ლი------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 152.28 ლარი (საგადახდო დავალება №5157167668; გადახდის თარიღი 18.06.2019; გადამხდელი ბანკი - სს ,,ლი------------ი“; სახაზინო კოდი 300503150; LB-00057570675).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე რომან კუპატაძე