გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/16267-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
17.09.2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ირაკლი კოპალიანი
სხდომის მდივანი - ნათია ჯანხოთელი
მოსარჩელე - შპს ,,ჯ-------“
წარმომადგენელი - ლ--------–----ი
მოპასუხე - შპს ,,თ---–------------–------------------------------–------------------------–----ა’’
წარმომადგენელი - თ----------------–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე შპს ,,თ---–------------–------------------------------–-----------------------–----ას’’ დაეკისროს მოსარჩელე შპს ,,ჯ-------’’-ის სასარგებლოდ, მიწოდებული სამედიცინო დანიშნულების საქონლის ღირებულების გადახდა 2990 ლარის ოდენობით. მოპასუხეს ასევე დაეკისროს მოსარჩელის მიერ ადვოკატის მომსახურეობისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება 600 ლარის ოდენობით.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
მოსარჩელე შპს ,,ჯ-------’’-მა, N1/109-პ18 ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხე შპს ,,თ---–------------–------------------------------–-----------------------–----ას’’ მიაწოდა სამედიცინო დანიშნულების საქონელი, რაზეც გამოიწერა სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშფაქტურები.
დღეის მდგომარეობით მოპასუხეს გააჩნია მოსარჩელის მიმართ 2990 ლარის ოდენობის დავალიანება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელი ცნო და მიუთითა, რომ მას შპს ,,ჯ-------’’-ისთვის ნამდვილად აქვს ასანაზღაურებული მიწოდებული პროდუქციის საფასური, თუმცა აღნიშნული გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ მათ პროდუქცია მიეწოდათ ვადაგადაცილებით, ასეთ შემთხვევაში კი ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო. შესაბამისად მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის შესაძლებელი იყო ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ხელშეკრულების საფუძველზე, 2018 წლის 27 ივნისს, ასევე ამავე წლის შემოდგომაზე მოსარჩელე შპს ,,ჯ-------’’-მა მოპასუხე შპს ,,თ---–------------–------------------------------–-----------------------–----ას’’ მიაწოდა 2990 ლარის ღირებულების სამედიცინო დანიშნულების საქონელი, რაზეც გამოიწერა სასაქონლო ზედნადებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ.25, 88-89);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (2019 წლის 17 სექტემბრის სხდომის ოქმი).
3.1.2. ხელშეკრულების საფუძველზე, 2018 წლის 27 ივნისს, მოსარჩელე შპს ,,ჯ-------’’-ის მიერ მოპასუხე შპს ,,თ---–------------–------------------------------–------------------------–----ისთვის’’ მიწოდებული 2990 ლარის ღირებულების სამედიცინო დანიშნულების საქონლიდან ნაწილი უკან დაუბრუნდა მოსარჩელეს, შესაბამისად დაკორექტირდა 2990 ლარიანი სასაქონლო ზედნადები და ერთწუთიანი ინტერვალით გამოიწერა ზედნადები, რომლშიც საქონლის ღირებულების ჯამმა შეადგინა 810 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასაქონლო ზედნადები (ს.ფ.58-59);
- შესაგებელი (ს.ფ.44)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (2019 წლის 17 სექტემბრის სხდომის ოქმი).
3.1.3. 2018 წლის 10 და 30 ოქტომბერს მოპასუხეს მიეწოდა სამედიცინო დანიშნულების საქონელი, რომელთა ღირებულებამ (მანამდე მიწოდებულ საქონელთან ერთად) საერთო ჯამში შეადგინა 2990 ლარი, მითითებული საქონლის საფასური კი შპს ,,თ---–------------–------------------------------–-----------------------–----ას’’ მოსარჩელისთვის არ აუნაზღაურებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ.60-61);
- შესაგებელი (ს.ფ.44)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (2019 წლის 17 სექტემბრის სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება სადავოდ არ ქცეულა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 477-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დასახელებული ხელშეკრულების ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება. კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.
განსახილველ საქმეში წარმოდგენილია მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულება ნასყიდობის შესახებ, რომლის თანახმადაც შესყიდვის საგანს წარმოადგენდა სამედიცინო სახარჯი მასალები, რომლებიც შპს ,,ჯ-------ს“ უნდა მიეწოდებინა შპს ,,თ---–------------–------------------------------–------------------------–----ისთვის’’. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, 2018 წლის 27 ივნისს, მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა პროდუქცია, რაზეც გამოიწერა შესაბამისი ზედნადები. თუმცა, როგორც მოსარჩელის წარმომადგენელმა 2019 წლის 17 სექტემბერს გამართულ სხდომაზე ახსნა-განმარტებისას განაცხადა, ზემოაღნიშნულ დღეს მოსარჩელემ ნაწილი პროდუქციისა უკან წაიღო, შესაბამისად გადაცემული საქონლის ღირებულება აისახა დაკორექტირებულ ზედნადებში, ხოლო 2990 ლარის პროდუქცია (საერთო ჯამში მანამდე მიწოდებულ საქონელთან ერთად) მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 2018 წლის 10 და 30 ოქტომბერს, მითითებული თანხა კი მოსარჩელეს არ აუნაზღაურებია. აღნიშნულს დაეთანხმა მოპასუხეც.
შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 2990 ლარის ღირებულების საქონელი, მოპასუხეს წარმოეშვა მოსარჩელისთვის მისი ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება, რაც მას არ შეუსრულებია.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოპასუხის მითითებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელემ მას პროდუქცია მიაწოდა ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გადაცილებით, რის გამოც მას უნდა დაკისრებოდა იმავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შესაბამისად უნდა მოხდეს ამ თანხიდან მიწოდებული საქონლის ღირებულების გაქვითვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელი (განცხადების) შეტანის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოპასუხეს უფლება აქვს მისთვის სარჩელის ასლი ჩაბარების დღიდან, საქმის ზეპირი განხილვისთვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე აღძრას მოსარჩელის მიმართ შეგებებული სარჩელი პირვანდელ სარჩელთან ერთად განსახილველად.
განსახილველ საქმეში აღსანიშნავია, რომ მოპასუხისთვის ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გადაცილებით მიაწოდა მას საქონელი ცნობილი იყო, აღნიშნულ გარემოებაზე მიუთითა მან შესაგებელშიც, თუმცა, მიუხედავად ამისა, მან არც მოგვიანებით მომართა სასამართლოს შეგებებული სარჩელით მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე და 2019 წლის 17 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე ისე დაეთანხმა მოსამზადებელი სხდომის სასამართლოს მთავარ სხდომაში გადაზრდას, რომ შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა არ დაუყენებია.
ვინაიდან, მოცემული დავის ფარგლებში მოპასუხეს საპროცესო ნორმათა დაცვით არ მოუმართავს მოსარჩელისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე შეგებებული სასარჩელო მოთხოვნით, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მითითებულ საკითხზე, მით უფრო მოახდინოს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებულ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სსსკ-ის 38-ე მუხლის ''ა'' ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები) კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.
სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ''ა'' ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 38-ე მუხლის ''ა'', ''ბ'', ''გ'' და ''ე'' ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ,,მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.“
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის 2990 ლარის ოდენობის თანხის დაკისრებას, რომლის 3% შეადგენს 89,70 ლარს, თუმცა საკანონმდებლო დანაწესიდან გამომდინარე სახელმწიფო ბაჟის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 100 ლარზე ნაკლები. ვინაიდან, სასარჩელო მოთხოვნის ოდენობიდან გამომდინარე, დავა მიეკუთვნება მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეების კატეგორიას, მითითებული, სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი მინიმალური თანხა - 100 ლარი უნდა განახევრდეს, შესაბამისად მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით ნაცვლად 107,70 ლარისა, გადახდილი უნდა ჰქონდეს 50 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების საფუძვლები, რომელთაგან ერთერთია მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა. კერძოდ, თუ მოპასუხე მთავარ სხდომაზე ცნობს სარჩელს, ბაჟის ოდენობა ნახევრდება. შესაბამისად, რადგან მოპასუხის წარმომადგენელმა ცნო სარჩელი, სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ნახევარი - 25 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს, მასვე უნდა დაუბრუნდეს 57,70 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი, ხოლო ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულება განსაზღვრულია 2990 ლარით, შესაბამისად, კანონით დადგენილი მაქსიმალური ზღვრის გათვალისწინებით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაღებული წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯი 119 ლარის ოდენობით.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ჯ-------’’-ის სარჩელი შპს ,,თ---–------------–------------------------------–------------------------–----ის’’ მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. შპს ,,თ---–------------–------------------------------–-----------------------–----ას’’ შპს ,,ჯ-------’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2990 ლარის ანაზღაურება;
3. შპს ,,თ---–------------–------------------------------–-----------------------–----ას’’ შპს ,,ჯ-------’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება;
4. შპს ,,თ---–------------–------------------------------–-----------------------–----ას’’ შპს ,,ჯ-------’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 119 ლარის ოდენობით.
5. შპს „ჯ-------’’-ს უკან დაუბრუნდეს, 08/07/2019 წელს, ლ--------–----ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილი - 57,70 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300773150; მიმღები ბანკი/ხაზინა: ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური; ბანკის კოდი: TRESGE22; საგადასახადო დავალება №0.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი კოპალიანი