გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/389-2019
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24.09.2019 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე დ---- ს--------ა
წარმომადგენელი კახაბერ შინჯიაშვილი
მოპასუხე ე---------- მ------–---–ი
წარმომადგენელი ანდორნიკ სარიბეკოვი
დავის საგანი ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნოტარიუს გიორგი გოლოაშვილის მიერ 2018 წლის 7 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება, 2017 წლის 24 მაისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების შესრულებულად აღიარება.
სარჩელის გარემოებები
დაიანა ს--------ასა და ე---------- მ------–---–ის შორის 2017 წლის 24 მაისს დაიდო სესხის, იპოთეკის და ბინათსარგებლობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ მოპასუხისაგანა ისესხა 10 000 აშშ დოლარის ექვოვალენტი 24 000 ლარი ერთი წლის ვადით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა დ---- ს--------ას კუთვნილი უძრავი ქონება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან სამი თვის შემდეგ ე---------- მ------–---–მა მოითხოვა ნოტარიუსისგან სააღსრულებო ფურცელი და მიმართა იძულებით აღსრულების ღონისძიებებს. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე გადასახდელია თანხაა ძირითადი თანხა 24 000 ლარი და პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0,1% 2018 წლის 24 მაისიდან აღსრულებამდე, სულ გადასახდელი თანხაა 26 544 ლარი. აღსრულების დაწყების შემდეგ დ---- ს--------ამ გადაიხადა 24 000 ლარი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ერთი წლის ვადაში მან ე---------- მ------–---–ს გადაუხადა ჯამში 4500 ლარი. აღმასრულებლის წერილის თანახმად, დარჩენილი დავალიანებაა 4 402,08 ლარი, რის გამოც აღსრულება არ შეწყვეტილა. სესხი სრულად დაბრუნებულია, რადგან ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მოვალეს გადახდილი აქვს 4500 ლარი, რის გამოც ამ დრისათვის მას სრულად აქვს შესრულებული სესხის დაბრუნების ვალდებულება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგი გარემოებები: ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ სესხის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა. მსესხებელს სესხის დასაბრუნებლად სააღსრულეო ფურცლის გაცემამდე თანხა არ გადაუხდია, ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 24 მაისს დ---- ს--------ასა და ე---------- მ------–---–ს შორის სანოტარო ფორმის დაცვით დაიდო სესხის, იპოთეკისა და ბინათსარგებლობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე დ---- ს--------ამ ისესხა 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში 24 000 ლარი 1 წლის ვადით. ხელშეკრულების მიხედვით სესხს სარგებელი არ ერიცხება. სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებულია პირგასამტეხლო 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის უზრუნველყოფილია იპოთეკით. იპოთეკით დაიტვირთა დ---- ს--------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - რუსთავი, შარტავას გ------------------ კოდი 0------------------- ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაცემა.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას
– სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 18-21. ტომი 1)
3.1.2. ნოტარიუს გიორგი გოლოშვილის მიერ 2018 წლის 7 სექტემბერს გაცემულია სააღსრულებო ფურცელი № 181088430, რომლის თანახმად კრედიტორის ე---------- მ------–---–ის სასარგებლოდ მოვალე დ---- ს--------ას მიერ შესასრულებელი ფულადი ვალდებულების მოცულობაა სესხის ძირითადი თანხა 24 000 ლარი და პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის 0,1% 2018 წლის 24 მაისიდან აღსრულებამდე. სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებულია იპოთეკის საგნის რეალიზაცია. ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იძულებითი აღსრულების დაწყების შემდეგ დ---- ს--------ამ სესხის ვალდებულების შესასრულებლად 2018 წლის 30 ნოემბერს გადაიხადა 24 000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის ასლი (ს.ფ. 34-37. ტომი 1)
- აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 24 სექტემბრის წერილის ასლი (ს.ფ. 122. ტომი 1 )
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დ---- ს--------ას ჯეროვნად არა აქვს შესრულებული ე---------- მ------–---–ისათვის სესხის დაბრუნების ვალდებულება, მას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ერთ წლიან ვადაში კრედიტორისათვის სესხის დასაბრუნებლად თანხა არ გადაუხდია.
მოსარჩელის განმარტებით, იგი სესხს აბრუნებდა პირადად ე---------- მ------–---–ის ან მისი მამისათვის თანხის გადახდით. თანხას იხდიდა ყოველთვიურად საშუალოდ 350 ლარის ოდენობით. თანხის გადახდის დასადასტურებლად მოსარჩელემ მიუთითა მოწმე გოჩა ქურდაძის ჩვენება, რომელიც არის მოსარჩელის მამა. მოწმის განმარტებით, მხარეები ზეპირად შეთანხმდნენ, რომ მისი შვილი ყოველთვიურად სესხის სარგებელს გადაიხდიდა. ყოველი თვის ბოლო რიცხვებში ე---------- მ------–---–ი სატელეფონო შეტყობინებით ახსენებდა სარგებლის გადახდის ვადას და ითხოვდა დაგვიანებით არ გადაეხადათ. უმეტესად თანხას იღებდა ე---------- მ------–---–ი, ხოლო რიგ შემთხვევაში თანხა აიღო მისმა მამა გურამ გასიშვილი.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რომლის თანახმად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ამ ნორმის თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით მტკიცების ტვირთი აწევს იმ მხარეს, ვინც მითითებულ ფაქტებზე ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ სტანდარტის შესაბამისად მტკიცების ტვირთი ვალდებულებით სამართალში შემდეგნაირად ნაწილდება: მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ხელშეკრულების დადების ფაქტი და ვალდებულების არსებობა ანუ ვალდებულების შესრულების ვადის დადგომა; მოპასუხემ უნდა ამტკიცოს - მის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი ან გარემოებები, რომლებიც გამორიცხავს მისთვის ვალდებულების დაკისრებას.
ფულადი ვალდებულების შესრულების საკითხში მტკიცების ტვირთის განაწილების დროს მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მტკიცების წესი კანონმდებლის მიერ არის დადგენილი და განსაზღვრულია, თუ რა სახის მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს ფულადი ვალდებულების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამავე კოდექსის 430-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი შესრულების თაობაზე უნდა შეიცავდეს მონაცემებს ვალის მოცულობისა და სახეობის შესახებ, მოვალის ან იმ პირის გვარსა და სახელს, რომელიც იხდის ვალს, შესრულების დროსა და ადგილს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი ადგენს ზოგად წესს, რომლის მიხედვით მხარეს შეუძლია მისი პოზიციის დასადასტურებლად სასამართლოში წარმოადგინოს საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის მტკიცებულება. თუმცა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმის მიხედვით, გარკვეული გარემოებები მათი შინაარსის თავისებურების ან კანონის პირდაპირი მოთხოვნით შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ კონკრეტული სახის მტკიცებულებით.
სესხის დაკისრების შესახებ დავაში მოვალემ უნდა დაამტკიცოს, რომ მას სესხის თანხა დაბრუნებული აქვს კრედიტორისათვის. ამ ფაქტის დამტკიცება კი შესაძლებელია სამოქალაქო კოდექსის 429-ე და 430-ე მუხლებით დადგენილი წესით. 429-ე მუხლიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების დასტურად მოვალის მოთხოვნით კრედიტორმა უნდა გასცეს თანხის მიღების დამადასტურებელი საბუთი. ამდენად, ვალდებულების შესრულებას ადასტურებს კრედიტორის მიერ შედგენილი საბუთი, რომლითაც იგი ადასტურებს თანხის მიღებას. ასეთი საბუთის არსებობა მოვალისათვის ხელსაყრელი მტკიცებულებაა, რადგან მოვალე წერილობითი დოკუმენტით შეძლებს ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურებას. 429-ე მუხლი კრედიტორს არ ავალდებულებს ფულადი ვალდებულების შესრულების მიღების დასტურად გასცეს წერილობითი საბუთი თუ ამას არ მოითხოვს მოვალე. სესხის დაბრუნება მოვალის ვალდებულებაა, მისი სამართლებრივი ინტერესია ვალდებულების შესრულება დადასტურდეს შესაბამისი საბუთით, რის გამოც მოვალემ უნდა მოითხოვოს ვალის გადახდის შესახებ საბუთი.
ამდენად, ამ ნორმების საფუძველზე სესხის დაბრუნების დამტკიცება არის მოვალის ვალდებულება, რაც დ---- ს--------ამ ვერ დაასაბუთა.
ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის თანახმად, დ---- ს--------ას მიერ შესასრულებელი ფულადი ვალდებულებაა 24 000 ლარი (ძირითად თანხა) და პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის თანხის 0,1%, რამაც შეადგინა 2544 ლარი. სულ გადასახდელი სესხის თანხაა 26 544 ლარი. მოვალის მიერ გადასახდელია ასევე სააღსრულებო ხარჯი. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე გადასახდელი საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღსასრულებელი მოთხოვნის 7%-ს, გარდა ამ მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამ საქმეზე აღსრულების საფასური შეადგენს 1858,08 ლარი. ამდენად, იძულებითი აღსრულების შედეგად მოვალეს უნდა გადაეხადა ჯამურად 28 402,08 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 388-ე მუხლის თანახმად, მოვალის იმ გადასახდელიდან, რომელიც არ არის საკმარისი მთელი ვადამოსული ვალის დასაფარავად, თავდაპირველად იფარება სასამართლოს ხარჯები, შემდეგ – ძირითადი შესრულება (ვალი) და ბოლოს – პროცენტები. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლის აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეტანისას გადასახდელი საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღსასრულებელი მოთხოვნის 2%-ს და არ უნდა იყოს 50 ლარზე ნაკლები. საფასურის სახით გადახდილი თანხა კრედიტორს უბრუნდება ამოღებული მოთხოვნის პროპორციულად. ამდენად, აღსრულების შედეგად ამოღებული თანხიდან სააღსრულებო წარმოების საფასურის ასანაზღაურებლად კრედიტორს გადაეცემა თანხა ამოღებული მოთხოვნის პროპორციულად და სრულად გადახდილი საფასური არ აუნაზღაურდება. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის ამ ნორმის საფუძველზე აღსრულების შემდეგ გადახდილი თანხით შემდეგი თანმიმდევრობით შემცირდა სესხის დავალიანება: გადახდილად ჩაითვალა აღსრულების საფასურის ნაწილი - 1121,5 ლარი, ძირითადი თანხიდან - 22 878,5 ლარი.
ამდენად, მოვალე დ---- ს--------ამ სესხის დაბრუნების ვალდებულება სრულად არ შეასრულა, მან ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებისათვის განსაზღვრული 7 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ გადაიხადა ვალის ნაწილი 24 000 ლარი, რითიც ვალდებულება სრულად არ შეასრულა. მითითებული ნორმის საფუძველზე ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების გამო გადახდილი თანხით ნაწილობრივ, შესაბამისი პროპორციით გადახდილად ჩაითვალა აღსრულების საფასური 1121,5 ლარი, ხოლო ჯამური დავალიანებაა 4402,08 ლარი.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას
- აღმასრულებლის წერილები (ს.ფ. 29, 122. ტომი 1 )
- მოწმის ჩვენება (24.09.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოსარჩელის მიერ არ არის გადახდილი სარჩელში მითითებული სესხის თანხა, რის გამოც ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელში სწორად არის განსაზღვრული სადაო ფულადი ვალდებულების მოცულობა, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 623–ე მუხლები, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 427-ე, 429-ე, 430-ე მუხლები, 400-ე მუხლის ”ა” პუნქტი, 388-ე, 417–ე მუხლები, 418-ე მუხლის მე-2 ნაწილი,6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადაო ფულადი ვალდებულება წარმოშობილია მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა, იგი დადებულად ითვლება ხელშეკრულების საგნის მხარისათვის გადაცემიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელს ევალება საკუთრებაში გადასცეს მსესხებელს ფული ან სხვა გვაროვნულ ნივთი, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხად მიღებული ქონება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).
361-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს ვალდებულებითი სამართლის უმნიშვნელოვანეს პრინციპს იმის შესახებ, რომ აუცილებელია მოვალემ ვალდებულება ზუსტად ისე შეასრულოს, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და რისი გონივრული მოლოდინიც კრედიტორს ჰქონდა.
ზოგადად, ვალდებულების ჯეროვანი შესრულება წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს და მას უკავშირდება ვალდებულების შეწყვეტა , რადგან 427-ე მუხლის საფუძველზე ვალდებულება წყდება შესრულებით. კანონმდებლობა განასხვავებს ვალდებულების ჯეროვან (სათანადო) და არაჯეროვან (არასათანადო) შესრულებას. არაჯეროვანია შესრულება, როდესაც ვალდებულება მოვალის მიერ მართალია, სრულდება, თუმცა შესრულებას ხარვეზი გააჩნია, რომ იგი არ შეესაბამება ვალდებულების საფუძვლად არსებული გარიგების შინაარსსა და შესრულებით დაინტერესებული პირების მოლოდინს. ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში ვალდებულება არ წყდება და როგორც წესი, შედეგად იწვევს ვალდებულების დამრღვევი პირის პასუხისმგებლობას. ვალდებულების ჯეროვანი შესრულება გულისხმობს მოვალის მიერ იმ მოთხოვნათა განუხრელ დაცვას, რომლებიც დაკავშირებულია თვით შესრულების საგანთან. თუ როგორი შესრულებაა ჯეროვანი, უპირველეს ყოვლისა,ხელშეკრულებით განისაზღვრება.
დ---- ს--------ას სასესხო ვალდებულება შეთანხმებით დადგენილ ვადაში ჯეროვნად შესრულებული არა აქვს, მან სრულად არ გადაიხადა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწნებული თანხა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. მას სესხის თანხა 24 000 ლარი სრულად უნდა გადაეხადა ხელშეკრულების დადებიდან 2014 წლის 24 მაისიდან 1 წლის ვადაში - 2018 წლის 24 მაისამდე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზი იყო ისეთი გარემოება (დაუძლეველი ძალა, მესამე პირთა მოქმედება, კრედიტორის მოქმედება), რაც მოვალის ბრალს გამორიცხავს.
ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მოვალეს სესხის დასაბრუნებლად თანხა არ გადაუხდია, ეს გარემოება მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე კოდექსის 430-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი შესრულების თაობაზე უნდა შეიცავდეს მონაცემებს ვალის მოცულობისა და სახეობის შესახებ, მოვალის ან იმ პირის გვარსა და სახელს, რომელიც იხდის ვალს, შესრულების დროსა და ადგილს.
ამდენად, ამ ნორმების საფუძველზე სესხის დაბრუნების დამტკიცება არის მოვალის ვალდებულება. ამ დავაში მოვალეა დ---- ს--------ა, რომელმაც ზემოთაღნიშნული ნორმებით დადგენილი წესით ვერ დაასაბუთა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ფულადი ვალდებულების სრულად შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლიდან გამომდინარე კრედიტორის მიერ ვალის მიღების შესახებ საბუთის არარსებობის დროს მოვალისათვის არახელსაყრელი, უარყოფითი შედეგით დასრულდება დავა, რადგან კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებით ვერ დაადასტურებს ვალის გადახდას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელში კრედიტორმა ე---------- მ------–---–მა სწორად მიუთითა მის მიმართ შესასრულებელი ფულადი ვალდებულების მოცულობა - სესხის ძირითადი თანხა 24 000 ლარი და პირგასამტეხლო, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ 1 წლიან ვადაში მოვალემ სესხი არ დააბრუნა, რის გამოც კრედიტორს წარმოეშვა ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება, რადგან ხელშეკრულებით პირგასამტეხლო გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის (სამოქალაქო კოდექსის 417-ე 418-ე მუხლები).
ამდენად, სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილია მხოლოდ 24 000 ლარი იძულებითი აღსრულების დაწყების შემდეგ. ასეთ შემთხვევაში მოვალის მიერ გადახდილი თანხა ვალდებულების შესასრულებლად განაწილდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 388-ე მუხლით დადგენილი წესით, რომლის მიხედვით მოვალის იმ გადასახდელიდან, რომელიც არ არის საკმარისი მთელი ვადამოსული ვალის დასაფარავად, თავდაპირველად იფარება სასამართლოს ხარჯები, შემდეგ – ძირითადი შესრულება (ვალი) და ბოლოს – პროცენტები. იძულებითი აღსრულების დაწყების დროისათვის მოვალის დავალიანება იყო სესხის თანხა 26 544 ლარი და აღსრულების საფასური 1858,08 ლარი. შესაბამისად, 24 000 ლარის გადახდით ვალდებულება სრულად არ შესრულებულა, ხოლო ამ თანხით ვალდებულება შესრულებულად ჩაითვალა 388-ე მუხლით დადგენილი პრინციპის დაცვით (აღსრულების ხარჯი განაწილდა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს 38-ე მუხლის მე-7 მუხლით დადგენილი წესით) და საბოლოოდ გადასახდელად დარჩენილია 4402,08 ლარი, საიდანაც აღსრულების საფასურია 205,7 ლარი, ხოლო სესხის თანხა 4196,38 ლარი.
მოსარჩელის განმარტებით, იგი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში იხდიდა შეთანხმებულ სარგებელს. სასამართლომ უკვე აღნიშნა, რომ თანხის გადახდა სათანადო წესით არ დასტურდება. დამატებით სარგებლის შესახებ შეთანხმების საკითხზე სასამართლო განმარტავს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის 31 ნაწილის თანახმად, „კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით“.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლიდან გამომდინარე, სესხის ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს, როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მესაკუთრის იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისათვის გადაცემა და რეალიზაცია ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება რთული წერილობითი ფორმით - (სანოტარო) ფორმით დაიდოს.
მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით სესხის სარგებლობისათვის ფულადი სარგებელი გათვალისწინებული არ არის. სასამართლოს მიაჩნია, რომ 328-ე მუხლის საფუძველზე ხელშეკრულებაში ცვლილება უნდა განხორციელდეს ისეთივე ფორმის დაცვით, როგორც დადებულია თავად ხელშეკრულება. ამ შემთხვევაში ხელშეკრულება დადებულია სანოტარო ფორმის დაცვით, რის გამოც მასში ცვლილება ამავე ფორმის დაცვით დადებული შეთანხმებითაა შესაძლებელი. მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება სესხის სარგებლის გადახდას არ ითვალისწინებს. მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებისათვის სანოტარო ფორმა კანონითაა გათვალისწინებული, რის გამოც შეთანხმებაში ცვლილების განსახორციელებლად, ხელშეკრულების პირობის შესაცვლელად აუცილებელია იგივე ფორმის დაცვა. კანონით დადგენილი სავალდებულო ფორმის არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულებაში ცვლილების განსახორციელებლად აუცილებელია კანონით დადგენილი ფორმის დაცვით შეთანხმების გაფორმება. (მსგავს საკითხზე განმარტება მოცემულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებაში საქმე Nას-712-682-2016). ამდენად, სესხის ხელშეკრულება სარგებლიანი არ იყო, ამასთან, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მოვალეს თანხა 4500 ლარის ოდენობთ არ დაუბრუნებია, რის გამოც ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროისათვის ვალი შემცირებული არ იყო და სრულად გადასახდელი იყო სესხის ძირითადი თანხა, რომელსაც დაერიცხა ვადაგადაცილებისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
ამდენად, მსესხებლის დ---- ს--------ას მიერ მოპასუხისათვის სრულად არ არის გადახდილი ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხა, რის გამოც მას ეკისრება კრედიტორის წინაშე ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ვალდებულება. შესაბამისად, ვალდებულება სრულად შეწყვეტილი არ არის და ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაუქმების საფუძველი არ არსებობს, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო მოსარჩელისათვის სასამართლო ხარჯების ანაზღაურების საფუძველი არ არსებობს.
სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 133 ლარი, ხოლო სარჩელი უზრუნველყოფაის განცხადებაზე 50 ლარი. სასამართლო მიაჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 66,97 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 14-ე მუხლის „ა“ პუნქტის მიხედვით მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს. განსახილველ საქმეში სარჩელი ფასია 4402,08 ლარი, რის გამოც დავა მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. სსსკ 38-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობაა დავის საგნის ღირებულების 3%, რაც ამ საქმეში არის 132,06 ლარი. სსსკ 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ეს თანხა ნახევრდება და შესაბამისად მოსარჩელეს უნდა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი 66,03 ლარი. ასევე ნახევრდება სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი და შეადგენს 25 ლარს. შესაბამისად, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 66,97 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 25 ლარი, ჯამურად - 91,97 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო ამ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1911-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. არ დაკმაყოფილდეს დ---- ს--------ას სარჩელი ნოტარიუს გიორგი გოლოშვილის მიერ 2018 წლის 7 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმების და 2017 წლის 24 მაისის N170564361 სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;
2. დ---- ს--------ას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს კახაბერ შინჯიაშვილის მიერ 2019 წლის 14 მარტს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 66,97 ლარი (საგადახდო დავალება N1) და 2019 წლის 1 მარტს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 25 ლარი (სალაროს შემოსავლის ორდერი N2508339052). თანხა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე - ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის სახაზინო კოდი №30063150
3. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს გიორგი გოლოშვილის მიერ 2018 წლის 7 სექტემბერს გაცემული N181088430 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროში დაწყებული სააღსრულებო წარმოება № 18119560;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი